Menu
RSS

გაქრება თუ არა კორონავირუსი 22 მაისის შემდეგ - აკაკი ზოიძე საგანგებოს გახანგრძლივების მიზეზებს განმარტავს

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. მსუბუქი ავტომობილით გადაადგილების აკრძალვა კი 27 აპრილს მოიხსნება. შეზღუდვების გაგრძელებით ადამიანებს არაერთი პრობლემა ექმნებათ, მაგალითად, მარტოხელა 70 წელს გადაცილებულ პირებს, რომელთაც სახლიდან გასვლის უფლება, პრაქტიკულად, არ აქვთ. ხანდაზმულ ადამიანებთან ოჯახის ახლობლებს საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების მიტანის პრობლემა ექმნებათ, რადგან ქალაქში ავტომობილით გადაადგილება და საზოგადოებრივი ტრანსპორტი აკრძალულია. ამიტომ ჩნდება კითხვა - უნდა დაუშვას თუ არა მთავრობამ, მაგალითად, ტაქსების გადაადგილების შესაძლებლობა თუნდაც იმ პირობით, რომ მხოლოდ ერთი მგზავრის გადაყვანის უფლება მიეცეთ? - ამ კითხვით პარლამენტის ყოფილ წევრსა და ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს, აკაკი ზოიძეს მივმართეთ.

„მთავრობას აქვს დეტალური მონაცემები, ესა თუ ის ზომა როგორ მუშაობს. ექსპერტულად რთული სათქმელია, რა ოპერატიული ინფორმაციაა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ექსპერტულად შეიძლება შეფასდეს ის, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს ეკონომიკაზე, სოციალური ეფექტი, თქვენ რაც ბრძანეთ, თუნდაც ამ ასპექტით, რომ ადამიანებს უჭირთ და მიუხედავად იმისა, რომ მოხალისეები დადიან და ბევრი სხვა ფაქტორია, მაინც შესაძლოა, პენსიონერებს, მარტოხელა ხანდაზმულ ადამიანებს უჭირთ.

 

ყველა ეს ასპექტი შესაფასებელია - რომელი ნაბიჯი გადაიდგას პირველი, მაგალითად, სწავლა შეიძლება, გადაიდოს სექტემბრამდე. ასევე, თუ წესებს დაიცავენ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის საკითხი უნდა შეფასდეს, ოღონდ აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული უსაფრთხოების ზომების დაცვის საკითხი. დისტანციას თუ დაიცავენ ავტობუსში, მეტროს ვაგონებში და ამის კონტროლის ქმედითი მექანიზმი შეიქმნება, ეს უნდა მოხდეს. სასწრაფოდ უნდა აღდგეს მცირე ბიზნესი, მათ შორის, ტაქსებთან დაკავშირებით თუ უსაფრთხოების წესების დაცვა იქნება შესაძლებელი, მსუბუქი მანქანებისა და მათ შორის, ტაქსების დაშვება უნდა აღდგეს. კონკრეტულად რომელი დღიდან, ეს მსჯელობის თემაა.  ყველაფერ ამასთან დაკავშირებით უნდა დაიდოს სამოქმედო გეგმა ანუ რის საფუძველზე მოხდება ამა თუ იმ ზომის შემსუბუქება და გამკაცრება“.

 

აკაკი ზოიძის განმარტებით, საგანგებო მდგომარეობა არ ნიშნავს ყველა ზომის შენარჩუნებას:

„ითქვა კიდეც, რომ 22 მაისამდე გარკვეული ზომები შემსუბუქდება. შეზღუდვები უნდა იყოს მონაცემებზე დაფუძნებული, რომლებიც ნაკლებ ზიანს აყენებს ეკონომიკურად ჩვენს მოსახლეობას და მეორე მხრივ, რომელი ზომა აფერხებს ვირუსის შემცირებას.

22 მაისის მერე რა და როგორ გვექნება, ამაზე ვისაუბროთ 2 კვირის შემდეგ. ჯერჯერობით ვითარდება კეთილსაიმედო სცენარი, თუ ასე გაგრძელდა, წესით, უნდა გვქონდეს შედარებით ნაკლები დანაკარგებით გამოსვლის იმედი. მთლიანობაში, 22 მაისს ვირუსი გაქრებაო, ამას ვერ ვიტყვით, მაგრამ შეგვეძლება, გავაგრძელოთ სიტუაციის მართვა“.

 

ზოიძე ხაზს უსვამს, რომ 22 მაისის შემდეგ მკაცრი ზომების შენარჩუნება შეუძლებელია და უნდა მოხდეს შეზღუდვების შემსუბუქება:

„თუმცა, თუ ერთ დღეში წყალში ჩაგვეყარა ყველაფერი და ის მოხდა, რაც იტალიაში, ესპანეთში ან სამხრეთ კორეაში, ეს ვარიანტიც არ გვაწყობს, ხომ? - ამიტომ უნდა მოხდეს ოპტიმალური სცენარით წასვლა. მივდივართ ციცაბო ბილიკზე, სადაც ნაბიჯი მარჯვნივ ან მარცხნივ შეიძლება, სარისკო და საბედისწერო აღმოჩნდეს“.

 

თათია გოჩაძე

 

 

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში