Menu
RSS

„ჩვენი ექიმები მკითხავები არიან,“ – რეალურად რას ემსახურება საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება

„ჩვენი ექიმების უდიდესი ნაწილი, რომლებიც საჯაროდ გვესაუბრებიან, არიან მკითხავები,“ - ამ სკანდალურ განცხადებას „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია გაზეთ „ვერსიისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აკეთებს. ამასთან, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობა ხელისუფებამ ოპიზიციის მოთხოვნით გამოაცხადა და პარლამენტში ერთი ადამიანიც არ აღმოჩნდა, რომელიც ამ „სიგიჟეს“ გაპროტესტებდა. ხვიჩია იმის შესახებაც საუბრობს, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ საგანგებო მდგომარეობა 10 მაისის შემდეგაც გაგრძელდება ანუ არსებობს ეჭვი, რომ წელს არჩევნების ჩატარება შესაძლოა, ვეღარ მოესწროს.

კორონაპანდემიის გამო პარლამენტი საქართველოში საგანგებო მდგომარეობას ხვალ 10 მაისამდე გააგრძელებს. ამასთან, საუბარია საკარანტინო შეზღუდვების მეტად გამკაცრებაზეც. როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები საგანგებო ვითარების გადავადების გამო ანუ როგორ წარიმართება საარჩევნო კამპანია და რა გავლენას მოახდენს პანდემია არჩევნების შედეგებზე? - ამ საკითხზე „ვერსია“ პარტია „გირჩის“ ლიდერს, იაგო ხვიჩიას ესაუბრა:

- არჩევნები ხელისუფლებამ უნდა ჩანიშნოს და გადადებს თუ არა, არ ვიცით. თუ 10 მაისს მოიხსნა საგანგებო მდგომარეობა, საარჩევნო კამპანია მოესწრება - ამის პრობლემა არ დგას, მაგრამ რაც უეჭველად იქნება, ესაა შიმშილი, რადგან ადამიანებმა საგანგებო მდგომარეობის, მთავრობის ვირუსთან ბრძოლის ტირანული პოზიციის გამო, რომელიც ნაკარნახევი იყო ოპოზიციისა და ოპოზიციური მედიისგან, დაკარგეს სამუშაო და როცა ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, ადამიანები შიმშილობენ იმის გამო, რომ დანაზოგი ამოეწურათ.

 საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება გამოიწვევს შიმშილის გაგრძელებას. ესაა უდიდესი პრობლემა, ნაცვლად იმისა, რომ გაუქმდეს საგანგებო მდგომარეობა და ადამიანები გამოვიდნენ სახლიდან, დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები და შეინარჩუნონ ჯანმრთელობა, რადგან ადამიანი დიდ ხანს საკვები პროდუქტების გარეშე, გაღარიბებული რაციონით ვერ ძლებს, რომ ვირუსს გაუმკლავდეს. გავაღარიბეთ ადამიანების რაციონი, დავასუსტეთ მათი იმუნიტეტი და პიკს, რომლითაც დიდი ხანია, გვემუქრებიან, ვხვდებით დასუსტებული იმუნიტეტითა და ეკონომიკური მდგომარეობით. 

- პაატა იმნაძის თქმით, თუ შეზღუდვებს არ დავემორჩილებით, „კუბოებს ვერ დავითვლით“ და „საქართველოში შესაძლოა, იტალია განმეორდეს“... ამ საგანგაშო განცხადებების ფონზე, თქვენი მოსაზრება რეალობის ადეკვატურია? 

- ჩვენი ექიმების უდიდესი ნაწილი, რომლებიც საჯაროდ გვესაუბრებიან, არიან მკითხავები. მათ წარმოდგენა არასდროს ჰქონდათ, როგორ უნდა ემკურნალათ ამ ვირუსზე. მათ მიერ გატარებული მკურნალობა მოგვეწოდება ისე, თითქოს ეს გმირობაა, არ შეიცავს და არ მოითხოვს განსაკუთრებულ და სპეციფიკურ ცოდნას. მათ წამალიც არ აქვთ, ვირუსს როგორ უნდა უმკურნალონ. მათ არ იციან, რამდენი დაავადებულია კორონავირუსით. არ ვიცით, როდის იქნება პიკი, როდის შემცირდება ან როდის გაქრება ეს ვირუსი ანუ ბრმად დახეტიალობს ქართული სამედიცინო სისტემა და ადამიანებს აპანიკებენ, ნაცვლად იმისა, რომ ექიმი პირიქით იქცეოდეს, გვეუბნებიან, ახლა კი არა, ორ კვირაში იქნება პიკიო, რაც არ მგონია, რამე კავშირში იყოს სიმართლესთან. ეს, უბრალოდ, მოსაზრებებია გამყრელიძის ან სხვისი და არანაირი ლოგიკური ბმა არ არსებობს, როცა ამბობენ, იტალია იქნებაო. იქნებ, იტალია არა და შვეიცარია იყოს? რეალურად, რატომ არაა შემოსული ვირუსი, ჯერ თვითონაც არ იციან. ერთ-ერთი ექიმი ამბობდა, არ ვიცით, რა აფერხებს ვირუსის საქართველოში შემოსვლასო, ის კი არ თქვა, რომ ჯანდაცვის სისტემა აკეთებს რამესო, მაგრამ რომ შემოვიდეს, მათზე უკეთ არავინ იცის, რა კატასტროფაა სამედიცინო სისტემაში და მას შემდეგ, რაც ვირუსი შემოვა და ღმერთმა დაგვიფაროს, ვერ გავუმკლავდეთ, რადგან ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების ნაცვლად, უბრალოდ, ვლაყბობდით და ვერთობოდით, ამისთვის იზღვევენ თავს, რომ თქვან, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და ხალხმა არ დაიჯერა და გამოვიდა ქუჩაშიო. ხალხზე გადასაბრალებლად ხდება ეს სპექტაკლი, სიტუაცია რომ მომზადებული იყოს, როცა ჩავარდება ჯანდაცვის სისტემა, ხალხს გადაბრალდეს და არა - თანამდებობის პირებს.

- საკონსტიტუციო სასამართლოში საგანგებო ვითარების კონკრეტულად რომელი ასპექტი გაასაჩივრეთ?

- საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტანეთ სარჩელები საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში შემოღებული სხვადასხვა შეზღუდვის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით. მაგალითად, ცოლ-ქმარს რომ არ შეუძლია მანქანაში წინ ჯდომა; იმის გამო, რომ სადღაც აღმოჩნდა დაინფიცირებული, 2 ქალაქი რომ გადაკეტეს და ადამიანები გეტოში მოაქციეს; კომენდანტის საათი 9-დან 6 საათამდე რომ უკრძალავს ადამიანებს გარეთ გასვლას მაშინ, როცა სისტემის და მასთან დაკავშირებული ადამიანები თავისუფლად გადაადგილდებიან. 

ეს, უბრალოდ, პოლიტიკური აქტია, დიდი იმედი არ მაქვს, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს საკონსტიტუციო სასამართლო სწრაფად იზრუნებს ადამიანების კონსტიტუციურ უფლებებზე. უბრალოდ, პოლიტიკური აქტი უნდა ყოფილიყო, რომ ამ ქვეყანაში ერთი პარტია მაინც არის საღ აზრზე, რომელიც საყოველთაო ისტერიას არ აჰყვა და ამ ისტერიის დროს ითხოვს, ვირუსს არ შეეწიროს ადამიანობა. 

- განაცხადეთ, რომ ოპოზიციამ უბიძგა საგნაგებო ვითარების შემოღებისკენ ხელისუფლებას, თქვენი აზრით, ეს რა მიზნით გააკეთა?

- ოპოზიციას უნდა გაეკრიტიკებინა ხელისუფლება რაღაცაში. ოპოზიციურმა არხებმა არ ინებეს და არ შეისწავლეს, რა ხდებოდა ამ ვირუსთან დაკავშირებით სამყაროში. „ჩინური გზის“ მხარდამჭერი აღმოჩნდა ყველა, რაც სამყაროში კრიტიკის ქარ-ცეცხლშია მოქცეულია და იმის იმედად, რომ მთავრობა ვერ შეძლებდა, ტექნიკურად უზრუნველეყო მკაცრი კარანტინი, აკრიტიკებდნენ. მთავრობამ კი შეძლო სიმკაცრე, მთელი ქვეყანა გამოკეტა სახლში ხალხის მოთხოვნით, რომ ადამიანებს ეკლესიაში არ ელოცათ, არადა, მაინც ილოცა მან, ვისაც ეს უნდოდა. ადამიანები მედიის და ოპოზიციის მოთხოვნით, არიან გამოკეტილნი სახლში. 

- კარსმომდგარი არჩევნებისთვის არსებული ვითარება ხელისუფლების წისქვილზე ასხმას წყალს თუ ოპოზიციის?

-  არ გამოვრიცხავ, რომ არჩევნებამდე მივიდეთ შიმშილის, ეკონომიკური კრიზისის პირობებში და არ მგონია, ეს ხელისუფლებას აწყობდეს. მეორეს მხრივ, ხელისუფლებას სულ ექნება სათქმელი, რომ მან ოპოზიციასთან კონსენსუსით გააკეთა ეს. ერთი ადამიანი არ აღმოჩნდა პარლამენტში, რომელიც ამ სიგიჟეს შეეწინააღმდეგებოდა, ამიტომ ხელისუფლება და ოპოზიცია ამ საქმეში არიან ერთად, ადამიანების სახლში გამოკეტვა ხელისუფლებამ ოპოზიციის კურთხევით განახორციელა. „გირჩს“ არ ვგულისხმობ, რადგან პარლამენტში არც ყოფილა. კარგი მისვლა არჩევნებამდე იქნება ის, როცა ქართველი ხალხი გამოიღვიძებს და სწორად შეარჩევს ხალხს, რომლის გამოც გაღარიბდა და გამოიკეტა სახლში, თან ამას ჯანდაცვის მხრივ ეფექტი არ ჰქონია, რადგან ვერ ვადგენთ მიზეზ-შედეგობრივ კავშირს 9-დან 6-მდე გარეთ გასვლის აკრძალვასა და ვირუსის გავრცელების შეჩერაბას შორის. როცა ასეთ ლოგიკურ კავშირს ვერ ვხედავთ, ესაა აბსურდი, რაშიც გაგვხვია მთავრობამ, ოპოზიციამ, მედიამ და ექიმებმა - ისინი არიან ამ საგიჟეთის მოწყობაში დამნაშავეები. 

თათია გოჩაძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში