Menu
RSS

სააკაშვილი „ოცნებასთან“ თანამშრომლობას იწყებს - რა რეაქცია მოჰყვა ექსპრეზიდენტის ახალ ინიციატივას პოლიტიკურ წრეებში

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ოცნებას“ თანამშრომლობას სთავაზობს. კერძოდ, სააკაშვილი „მთავარის“ ეთერში გამოვიდა ინიციატივით, რომ ხელისუფლებამ შემოდგომამდე მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეაჩეროს და საერთაშორისო მოლაპარაკებებში ფინანსური რესურსების მოძიების მიზნით გარკვეული მანდატი მიანიჭოს. მოკლედ, სააკაშვილი მზადაა, მსოფლიოს ძლიერი ქვეყნების ლიდერებთან სასაუბროდ „ოცნების“ დესპანი გახდეს და კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის აღმოსაფხვრელად საქართველოში მილიარდები ჩამოიტანოს. აღნიშნული ინიციატივის დამაჯერებლობისთვის საქართველოს მესამე პრეზიდენტმა 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინ საქართველოსთვის 5 მილიარდნახევარი დოლარი მოიზიდა და ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი აღმოფხვრა. თავისი შეთავაზების ერთ-ერთ არგუმენტად სააკაშვილს ისიც მოჰყავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მას ახლო მეგობრად თვლიდა და ევროპის ქვეყნების ყველა ლიდერს პირადად იცნობს. ამიტომ, მისი თქმით, საქართველოსთვის ახლა კეთილი საქმის გაკეთება შეუძლია და ხელისუფლებას სთხოვს, ამაზე დასთანხმდეს. „ვერსიამ“ აღნიშნული ინიციატივა ექპსერტებსა და სააკაშვილის ყოფილ თანაპარტიელს შეაფასებინა...
 
გია ხუხაშვილი, ანალიტიკოსი: „ვფიქრობ, ეს წმინდა პოლიტიკური სვლააა. სააკაშვილი კი არის ექსცენტრიული, მაგრანც არცთუ სულელია, არ ესმოდეს, რომ ხელისუფლების პასუხი უარყოფითი იქნება, მაგრამ ფიქრობს, რომ წაუგებელ თამაშს თამაშობს, რადგან ხელისუფლება ამაზე უარს რომ იტყვის, ეს ადამიანებში, რომელთაც ძალიან უჭირთ, გამოიწვევს ხელისუფლების მიმართ კითხვებს, რატომ არ იყენებს ასეთ „მშვიდობის მტრედს“? ასე რომ, ეს პოლიტიკური ჭადრაკის თამაშის მცდელობააა. ახლა ხელისუფლება ფიქრობს, კონკრეტულად რა ფორმულირებით უთხრას უარი, რომ ნაკლებად დაზიანდეს. ჩვენ ხომ „ნაც-ქოც ნარატივში“ ვცხოვრობთ, ისინი ავსებენ მთელ სამყაროს და ან ერთმა უნდა გადაარჩინოს სამყარო, ან - მეორემ - ორივეს აქვს ეს მესიანისტური მიდრეკილებები.  ასე რომ, სააკააშვილისგან მოსალოდნელი იყო ასეთი რამ, ხელისუფლების ნეგატიური პასუხიც აბსოლუტურად გასაგებია, უბრალოდ, ფორმულირებას ეძებს. ალბათ, მთელი თავის კრეატივი, შალვა რამიშვილის ჩათვლით, ჩართული ჰყავს ამ საქმეში“.
 
გია ხუხაშვილი გამორიცხავს ვერსიას, რომ სააკაშვილმა ამ ინიციატივით მოსინჯა ფონი ივანიშვილთან რაიმე სახის თანამშრომლობისთვის:
 
„ეს ილუზიაა, ყველას კარგად ესმის, რომ ხიდები დიდი ხანია, ჩატეხილია, ისინი არიან მტრები და მოყვარეებიც. თან ერთმანეთი სძულთ, მაგრამ თან უერთმანეთოდ სიცოცხლე არ შეუძლიათ. ეს არის კლასიკური სიმბიოზი. ბუნებრივი ანტაგონისტები არიან, მაგრამ უერთმანეთოდ ცხოვრება არ შეუძლიათ. მაგალითისთვის მოგიყვანთ ნიანგს და ჩიტ კოლიბრს - ისინი ბუნებრივი ანტაგონისტები არიან, წესით, ნიანგი კოლიბრს უნდა ჭამდეს, მაგრამ არ ჭამს იმიტომ, რომ კოლიბრი ნიანგს კბილებზე აჯდება და გაჩხერილი ხორცისგან უწმენდს. ამიტომ ბუნებრივი ანტაგონისტები არიან, მაგრამ ერთმანეთი სჭირდებათ და ასე ცხოვრობენ - დაახლოებით, ამ ტიპის სიმბიოზია ბიძინა და მიშა“.
პოლიტიკური ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძეც მიიჩნევს, რომ სააკაშვილისა და ხელისუფლების ასეთი თანამშრომლობა გამორიცხულია:
„არც ის მგონია, სააკაშვილს იმხელა ავტორიტეტი ჰქონდეს, რომ მის გამო ტრამპმა გამოყოს თანხა, ეს გამორიცხულია. ტრამპმა თანხაც რომც გამოყოს, შემდეგ კონგრესმა უნდა დაამტკიცოს. თუ საუბარი იმაზეა, რომ ტრამპი თავის ჯიბიდან, ბიზნესიდან ვინმეს დაეხმარება, ეს სხვა საკითხია, თუმცა, არ მგონია, ასეთი რამ მოხდეს. 
მსოფლიოში ფინანსები ჭირს, რადგან ყველგან დიდი უბედურებაა. პროცესი ჯერ არ დასრულებულა და არავინ იცის, რა ვითარება შეიქმნება. ასე რომ, ვფიქრობ, ეს, უბრალოდ, პიარ-შეთავაზებაა და მეტი არაფერი. ხელისუფლება ამ ნაბიჯზე, რა თქმა უნდა, არ წავა“.
 
ძაბირაძის თქმითვე, ემიგრანტების საქართველოში ჩამოყვანის საკითხის მსგავსად, ზემოაღნიშნული ინიციატივაც სააკაშვილის მხრიდან პოპულისტური ნაბიჯია:
"თუ ამ ფულის შეგრივება უნდა, ამინისტირებას კი ნუ ითხოვს, არამედ, შეაგროვოს ეს ფული და შემდეგ გააკეთოს შეთავაზება. ალბათ, სააკაშვილს ჰგონია, რომ ამით პოლიტიკურ ქულებს იწერს, მაგრამ რანდენი ფულიც უნდა შეაგროვოს, არ მგონია, ამან რაიმე შედეგი მოუტანოს, რადგან მის მიმართ დამოკიდებულება ელექტორატში საკმაოდ ჩამოყალიბებულია და ამ დამოკიდებულების შეცვლა ასეთი ნაბიჯებით გამორიცხულია“. 
 
პარტია ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი და სააკაშვილის ყოფილი თანაგუნდელი, სერგი კაპანაძე „ვერსიასთან“ განმარტავს, რომ მსგავს ინიციატივას არსებულ ვითარებაში სერიოზულად ვერ განიხილავენ :
„დღეს ქვეყანაში ისეთი ვითარებაა შექმნილი ივანიშვილის მიერ პოლიტიკურ ოპონენტებთან დამოკიდებულების თვალსაზრისით, სერიოზულად ვერც განვიხილავთ, რომ ივანიშვილი შეთავაზებას გაუკეთებს რომელიმე მნიშვნელოვან ოპოზიციურ ფიგურას - ლიდერს, რათა მისი რესურსი გამოიყენოს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებში. 
ვხედავთ, რომ ივანიშვილის მოდუსი ოპოზიციის იზოლირება, მასზე შეტევა, დაპატიმრება, ქვეყნიდან გაძევებაა და ბოლო წლების განმავლობაში არც ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც ოპოზიციას ჰქონდა ივანიშვილის მიმართ, მათ შორის, კორონავირუსთან დაკავშორებული კრიზისის დროს, მის მიერ გათალვალისწინებული არ ყოფილა, ამიტომ ამის განხილვა სერიოზულად ამ რეალობაში, პრაქტიკულად, შეუძლებელია“.
 
 
თათია გოჩაძე
 

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში