Menu
RSS

რატომ ჯიუტობს ეკლესია - კორონათამაშების ახალი რაუნდი

აღდგომამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოში მოვლენები დრამატულად ვითარდება ანუ ისე ჩანს, რომ საკუთარი ძალის დემონსტრირებას ცალკე საერო ხელისუფლება ცდილობს და ცალკე - ეკლესიის ადმინისტრაცია. ამ „ორთაბრძოლას“ კი გამარჯვებული, ცხადია, არ ეყოლება, რადგან სპეციალისტები უკვე ღიად ამბობენ, რომ თუ ადამიანები სახლებში არ დარჩებიან, საქართველოში კუბოებს ვეღარ დავითვლით.

რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობაში, კერძოდ, უნდა დაიხიოს თუ არა უკან ეკლესიამ? - მრევლის ნაწილი ფიქრობს, რომ იგივე ახალი კორონავირუსი უფლისგან მოვლენილი განსაცდელია და ვინაიდან ჩვენ ასი ათასი მოწამის ერი ვართ, კორონას გამო ეკლესიები არ უნდა დავუხროთ და შესაბამისად, სააღდგომო ლიტურგიაც მრევლის თანდასწრებით უნდა ჩატარდეს. კი ბატონო, ეს პოზიცია გასაგებია, მაგრამ რა ვუყოთ იმ არასახარბიელო პროგნოზსს, რომელსაც მედიკოსები აკეთებენ? თავის გაწირვაც გასაგებია, მაგრამ კორონასთან ბრძოლა იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე მართლმადიდებლობას, ან ეროვნებას გვართმევს. შესაბამისად, რისთვის უნდა გაწირონ ადამიანებმა თავი? - აი, ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხს სასულიერო პირები არ სცემენ. 

სამაგიეროდ, სინოდის წევრები უკვე ღიად ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ აღდგომის მერე უამრავი ადამიანი დაინფიცრდება, ამაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებენ. ყოველ შემთხვევაში, ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა გადაჭრით თქვა, რომ პასუხისმგებლობა ყველა ადამიანმა საკუთარ თავზე უნდა აიღოს.

ამ ვითარებაში, საინტერესოა, უნდა მიიღოს თუ არა ხელისუფლებამ უფრო მკაცრი ზომები, მაგალითად, მაქსიმალურად გაამკაცროს კარანტინის ზომები ანუ ადამიანებს შინიდან გასვლა მხოლოდ „ზემდგომ უწყებებთან“ შეთანხმების შემდეგ შეეძლოთ?

ისეთი პირი უჩანს, რომ ყველაფერი სწორედ აქეთკენ მიდის. 

„ჩვენ ომში ვართ დღეს, ეგეთი პანდემია 1918 წლის შემდეგ არ ახსოვს მსოფლიოს. ის ღორის გრიპი არ შეედრება. სიკვდილიანობა ბევრად მეტია. თუ დასაწყისში ჩინეთში სიკვდილიანობის პროცენტი ორსა და სამს შორის მერყეობდა, დღეს ხუთსა და ექვსს შორის მერყეობს. ზოგიერთ ქვეყნებში ისეთი ძლიერი ჯანდაცვის სისტემით, იტალია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, 10 და 12 პროცენტს შორის სიკვდილიანობა. სადაც ძალიან განვითარებული რეანიმაციული სამსახურები აქვთ, სადაც ძალიან განვითარებული ჯანდაცვის სისტემებია, სადაც ჩვენ ვერ შევედრებით. ვერ შევედრებით ჩვენ ბრიტანეთის და საფრანგეთის ჯანდაცვის სისტემას.

ლოქდაუნი გვაქვს ჩვენ, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებულ ქვეყანაში. სრულ კარანტინამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი,“ - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე.

კარანტინის ზომები, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ორ-სამ დღეში ანუ აღდგომამდე გამკაცრდება. ასეთ შემთხვევაში კი, ეკლესიას უნდა თუ არა, სააღდგომო ლოტურგიის ჩატარება ცარიელ ტაძრებში მოუწევს და ამასთან, ყველაფერ ამით ხაზი იმას გაესმევა, რომ საქართველო სეკულარული სახელმწიფოა და მხოლოდ ერი კი არა, ბერიც საერო კანონებს უნდა დაემორჩილოს!

ნინო დოლიძე

 

დაბრუნება დასაწყისში