Menu
RSS

რომან გოცირიძე: „ოპოზიცია ჩასაფრებულ მდგომარეობაში არ უნდა იყოს!“

ზღაპარია, რომ ამბობენ, ვისაც ბავშვობაში რაღაც აცრა ჩაგვიტარდა, კორონავირუსი არ ეკარებაო“

 

კორონავირუსის პანდემიამ გავლენა მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკურ კი არა, არამედ, პოლიტიკურ პროცესებზეც მოახდინა ანუ თუ ერთი თვის წინ, ოპოზიციის გეგმა საქართველოში მასშტაბური აქციის გამართვა და საარჩევნო სისტემისთვის ბრძოლა იყო, ახლა ეს პროცესი შეჩერდა და გაურკვეველი ვადით დაპაუზდა. რა აპირებს ოპოზიცია, მით უმეტეს, ახლა, როცა ქვეყანაში, პრაქტიკულად, კომენდანტის საათი მოქმედებს? _ „ვერსია“ ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელს, რომან გოცირიძეს ესაუბრა.

_ ბატონო რომან, საქართველოში კორონავირუსის პანდემია და საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ამ ვითარებაში, როგორია ოპოზიციის პოლიტიკური გეგმა? 

_ ამ ვირუსთან ბრძოლაში მთავრობა და ოპოზიცია ერთიანია. ამ საშინელი კრიზისიდან გამოსვლაში ჩვენი გეგმა ყველა იმ ჯანსაღი ინიციატივის მხარდაჭერაა, რომელსაც ჩვენი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ. რაც შეეხება რჩევებს, ბუნებრივია, არ მოვაკლებთ და, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით. რჩევების გარდა, ზეწოლასაც მოვახდენთ, რომ სასწრაფოდ მიიღონ საგანგებო ბიუჯეტი, რათა იმ ადამიანებს დაეხმარონ ფინანსურად, რომლებიც მალე მშივრები დარჩებიან. ასე რომ, ოპოზიციის როლი, დღეს, ყველა ჯანსაღი ინიციატივის მხარდაჭერაა, მაგალითად, ატეხეს ჟრიამული და წივილ-კივილი, ეროვნული ბანკი ინტერვენციებს რატომ აკეთებსო, მაგრამ არ გაეკეთებინა და დავინახავდით, სად იქნებოდა ლარი! დავუჭირეთ მხარი ამ ინტერვენციას და ლამის ერთადერთი ვიყავი, რომელიც მოვუწოდებდი ეროვნულ ბანკს, არ შეშინებოდა და ეს ფული დაეხარჯა. საერთოდ, რეზერვებში ფული იმიტომ არსებობს, რომ შავ დღეს დახარჯო. ამაზე შავი დღე კი, 90-იანი წლების მერე, საქართველოში არ ყოფილა და სწორადაც მოიქცა, ეს აჟიოტაჟი ჩააცხრო. ლარის კატასტროფული გაუფასურება ახლა იმით კი არ იყო გამოწვეული, რომ ტურიზმმა და გადმორიცხვებმა იკლო, ყველაფერი ეს დროთა განმავლობაში აისახება. იმპორტი გაჩერებულია, ტექნიკა არ იყიდება, იმპორტირებული პროდუქციის შესაძენად ფული არ გადის, გადის მხოლოდ ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიისა და ასეთი მნიშვნელოვანი საქონლის შესაძენად. ეს პრობლემა ანუ სხვაობა ექსპორტსა და იმპორტს შორის, მერე აისახება ლარზე და ამას უნდა შევხვდეთ მომზადებული. ახლა ლარის კურსის ცვლილება პანიკის შედეგი იყო და ასეთი ცეცხლის ჩაქრობის ერთადერთი გზა წყლის დასხმაა, რაც ინტერვენციების სახით, გააკეთა ეროვნულმა ბანკმა. ამიტომ, სადაც საჭიროა, დავუჭერთ მხარს, სადაც შეცდომები იქნება _ მივუთითებთ, ვინაიდან დღეს არ არის კინკლაობის დრო, თუმცა შეცდომების დაშვების შესაძლებლობას არ მივცემთ, რადგან ოპოზიცია სწორედ იმიტომ არსებობს, რომ ხელისუფლება მუდამ ფხიზლად იყოს. 

_ მოკლედ, კორონავირუსმა ოპოზიციის სამოქმედო გეგმა შეცვალა და პოლიტიკური საკითხებიდან, ისევ ეკონომიკაზე „გადაპორტირდით“... 

_ რა თქმა უნდა, დღეს მთავარი საკითხი ხალხის გადარჩენა და როგორმე ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაა, რომლებიც ადამიანებს არსებობის საშუალებას მისცემს. მაგალითად, არ ვეთანხმებით, როცა ამბობენ, რომ აშშ-მა მოგვცეს 2 მილიარდი დოლარი, რაც 6 მილიარდი ლარი ანუ დღეს მიმოქცევაში არსებული ლარის 50%-ია და ამ 6 მილიარდს დავაყრით საქართველოს თავზეო. ასეთ სისულელეს არ ვამბობთ. გვაქვს აბსოლუტურად პრაგმატული შეთავაზებები, რომლებიც გამომდინარეობს საქართველოს ბიუჯეტიდან. მთლიანად უნდა შეიცვალოს ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი, რომელიც სასწრაფო დახმარების პირველწყაროა, თუნდაც ეს იყოს კომუნალური ვაუჩერი, ფულადი დახმარებები პენსიონერებისთვის და შემდეგ, როცა წამოვა საერთაშორისო დახმარებები, აქედან ერთი ნაწილი იქნება ეროვნული ბანკის რეზერვებისა და ვალების გადასავადებლად. ამის შემდეგ უნდა დაიდოს გეგმა, სადაც მიზნობრივი ფულადი დახმარებები გაიცემა ყველა ოჯახზე, რომელსაც 40 000 ლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს. ეს შეთავაზებები, ბუნებრივია, სწორი კალაპოტისკენ უბიძგებს მთავრობას. ასე რომ, ხელისუფლების არასწორი ნაბიჯების დროს, ავტეხავთ განგაშს! 

_ ისე, ზოგიერთი, ოპოზიციის მიერ ხელისუფლების ამ ვითარებაში კრიტიკას ქულების დაწერის მცდელობად აფასებს. 

_ ეს სწორი არაა, ოპოზიციამ თუ თვალი დახუჭა შეცდომებზე, დათვურ სამსახურს გაუწევს ხელისუფლებას. ოპოზიცია არ უნდა იყოს ჩასაფრებულ მდგომარეობაში, კარგი უნდა დაინახოს, შეაქოს და ვაქებ ეროვნულ ბანკს, რომელსაც სულ ვაკრიტიკებდი, რადგან მთავრობის მონა-მორჩილი იყო ამ წლების განმავლობაში და უამრავ შეცდომას უშვებდა, მაგრამ დღეს, როცა სწორი ნაბიჯი გადადგა, დავუდექი გვერდით. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვიყავი და ეს რაღაცას ნიშნავს. მას შემდეგ, რაც მხარი დავუჭირეთ, ექსპერტებმა და პოლიტიკოსებმაც მოსაზრებები შეცვალეს და ინტერვენციას დაეთანხმნენ. რა თქმა უნდა, ბავშვმაც კი იცის, რომ მხოლოდ ინტერვენციებით ლარის კურსს ვერ დაიჭერ, შემდეგ ამას საბიუჯეტო შეზღუდვები უნდა მოჰყვეს და სხვა ნაბიჯებიც უნდა გადაიდგას, მაგრამ ახლა უკიჟინებდნენ, ინტერვენცია რა საჭიროაო. კრიტიკა თანამშრომლობის ერთ-ერთი ფორმა და ოპოზიციის ერთ-ერთი იარაღია, მაგრამ შევარჩევთ ტონსა და დროს... 

_ ანუ ამ კრიტიკული 2-3 კვირის გასვლას ელოდებით? 

_ ახლაც არიან გასაკრიტიკებელნი, მაგრამ ხმას არ ვიღებთ, კრიზისული პროცესები, მეტ-ნაკლებად, ერთი სცენარით მიდის. საქართველო არაა იტალია, იქ, პრაქტიკულად, ჩინური ქალაქები არსებობს და ბერგამოში, ერთ დღეში, 5 000 ჩინელი ჩასულა. საქართველო პერიფერიაა, რაც გვშველის. 

ზღაპრები დადის, ვისაც ბავშვობისას რაღაც აცრა ჩაგვიტარდა, ეს ვირუსი იმას არ ეკარებაო, მაგრამ სინამდვილეში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში იმიტომ არაა იმ რაოდენობის დაინფიცირებული, რომ სამყაროს განაპირა მხარე ვართ. არაა მოძრაობის ეპიცენტრი, მაგრამ სცენარი ყველგან ერთნაირი იქნება _ რაღაც ეტაპის შემდეგ, რა თქმა უნდა, ვირუსი გახდება უკონტროლო და მისი ზრდაც იქნება, მაგრამ ვიცით სხვების გამოცდილება _ კარგიცა და ცუდიც. სხვებთან შედარებით, სამი კვირა გვაქვს დასაფიქრებლად, ამიტომ იმ ნაბიჯებს გადავდგამთ, რაც სხვებმა გადადგეს და რამაც შედეგი გამოიღო, მაგრამ იმ ილუზიას ნუ მივეცემით, რომ დაინფიცირებული ათასი არ იქნება. ყველაფერი ეს დროზეა დამოკიდებული და პრობლემებს, როგორც სამედიცინო, ასევე, ეკონომიკურს, საღი თვალით უნდა შევხვდეთ. ამიტომ მოვლენების კომპლექსური, ჯანსაღი შეფასება და არა პანიკის ატეხვააა ერთ-ერთი მთავარი იარაღი ამ პრობლემასთან ბრძოლაში.

თათია გოჩაძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში