Menu
RSS

კოტე კემულარია: „ივანიშვილს კობახიძე და თალაკვაძე კინაღამ გაულახავს და ამიტომ გაიძახიან, ოპოზიცია იტყუებაო!“

ოპოზიცია საპროტესტო აქციებს დისტანციურად ჩაატარებს?

 

კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო და, მათ შორის, ქართული პოლიტიკაც გარკვეულწილად დააპაუზა. ოპოზიცია 4 აპრილისთვის დაანონსებული მასშტაბური აქციის ჩატარებას აღარ აპირებს. პოლიტიკური ტემპერატურა 8 მარტის მემორანდუმმაც დასწია ანუ „ოცნება“ და ოპოზიცია შეთანხმდა, რომ არჩევნები 120/30-ზე სისტემით ჩატარდება. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ამ შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი პირობა პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა, რასაც მმართველი ძალა უარყოფს. შესაბამისად, ჯერჯერობით, ისევ პატიმრობაში რჩებიან ბესიკ თამლიანი, გიორგი რურუა და ირაკლი ოქრუაშვილი. არღვევს თუ არა „ოცნება“ შეთანხმების პირობებს? _ „ვერსია“ „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, კოტე კემულარიას ესაუბრა.

 

_ ბატონო კოტე, როგორ აფასებთ ოპოზიციისა და ხელისუფლების შეთანხმებას, ამ მემორანდუმით ვინ იხეირა? 

_ არ ვფიქრობ, რომ ამას გამარჯვებული ან დამარცხებული ჰყავს, რადგან ეს კომპრომისია. ხალხსა და განსაკუთრებით ახალგაზრდობას, ვისაც 20 ივნისს თვალები დასთხარეს და ვისი სისხლის გუბეებიც დააყენეს, სწორედ ეს მოთხოვნა ჰქონდათ, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარებულიყო. ბოლო 30 წელი მოწმობს, რომ უკლებლივ ყველა, ვინც ხელისუფლებაში შერეული სისტემით მოვიდა, ავტორიტარი გახდა. ამიტომ, ყველა ვხვდებით, რომ ერთადერთი გზა სისტემური ცვლილება ანუ ფორმულის შეცვლაა, რომ არ იყოს ერთი პარტია და ლიდერი. სამწუხაროდ, რა განათლება და სურვილებიც უნდა ჰქონდეს, ეს ლიდერი გარემოცვის ტყვე და სიტუაციის მძევალი ხდება და საბოლოოდ, ავტორიტარულ მმართველობას ვიღებთ, როცა ერთი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას, სწორედ ამიტომ არ ჰყავთ ევროპაში ქარიზმატული ლიდერები. კოალიციურ მმართველობაშიც, რა თქმა უნდა, არის სირთულეები, მაგრამ ამით მხოლოდ ვითარდებიან ანუ ერთი მეორეს აკონტროლებს და როცა კონტროლი და ბალანსია, ისეთ მმართველობას მივიღებთ, საითკენაც მივისწრაფვით. აი, აქედან გამომდინარე, ვთქვით ოპოზიციამ, ჩვენც ისევე უნდა დავთმოთ, როგორც ხელისუფლებამ, რათა პროპორციულთან მიახლოებული არჩევნები მივიღოთო. 

ის, რაზეც შევთანხმდით, ბაზისია, რომ კოალიციური მმართველობა მივიღოთ და ვნახოთ, შემდეგი გადაწყვეტილებები როგორი იქნება. 

_ ისე, მოძრაობები _ „გაბედე“ და „სირცხვილია“ აცხადებენ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნა არ შესრულებულა და შესაბამისად, 8 მარტის მემორანდუმს უნდობლად უყურებენ. 

_ პოლიტიკა კომპრომისებისა და შესაძლებლობების ხელოვნებაა. პროპორციულ არჩევნებს, რა თქმა უნდა, ჩვენც ვითხოვდით, მაგრამ მაშინ შუბლებით უნდა შევეჯახოთ. მოვლენების ამ სცენარით განვითარება კი საქართველოში არავის უნდა, ამიტომ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ. 120/30-ზე ძალიან ახლოსაა პროპორციულ არჩევნებთან, მით უმეტეს იმ ვითარებაში, როცა ხელისუფლება არაფრის შეცვლას აპირებდა და ახლა ჩვენზეა დამოკიდებული, ევროპარლამენტისა და კონგრესის ამხელა ყურადღებას როგორ გამოვიყენებთ. 

_ ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 8 მარტის მემორანდუმი პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც ითვალისწინებს, თუმცა ამას „ოცნება“ არ ადასტურებს. ბატონო კოტე, ამიხსენით, ხელისუფლება და ოპოზიცია პოლიტპატიმრებისა და მათ შორის, ოქრუაშვილის გათავისუფლებაზე შეთანხმდა, თუ ვერა? 

_ ყველამ, ვინც ამ შეთანხმებაში მონაწილეობდა _ ნინო ბურჯანაძემ, გიგა ბოკერიამ, გრიგოლ ვაშაძემ და დათო უსუფაშვილმა მოგვახსენა, რომ გვარებზეც იყო საუბარი ანუ როგორც პატიმრების გათავისუფლებასა და რეპრესიების შეწყვეტაზე, ასევე, საარჩევნო სისტემაზე შედგა შეთანხმება. კობახიძემ და თალაკვაძემ პირობა მისცეს მოდერატორებსაც, რომ ამ გზით უნდა ვიაროთ, მაგრამ მერე, ბიძინა ივანიშვილს კობახიძე და თალაკვაძე კინაღამ გაულახავს, ჩვენები შიგნით აგვიჯანყდებიანო. როცა ელაპარაკებიან აშშ-ის ელჩს, იქ ხდებიან ეს ბიჭები დიპლომატები და ყველაფერზე თავს აქნევენ, მაგრამ გარეთ რომ გამოდიან და ივანიშვილს ელაპარაკებიან, იქ ცოტა სხვა სიტუაცია ხვდებათ. მოკლედ, ივანიშვილმა დატუქსა და ახლა გაიძახიან, ოპოზიცია ტყუილს ამბობსო. 

_ თუ ეს მართალია, მაშინ გამოდის, რომ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან? 

_ მოუწევთ, თუ არადა, ეს უკვე მესამე შემთხვევა იქნება, როცა შეთანხმება არ შეასრულეს. ნახეთ, დასავლეთში რა რეაქციებიც იყო, კომპრომისი შედგაო და ამას ყველა მიესალმა. როგორ ფიქრობთ, ესეც რომ არ შესრულდეს, რაღა რჩება? _ მარტო ივანიშვილი კი არა, არამედ, ყველაფერი ზიანდება _ ჭირს წაუღია მაგის „ოცნება“, ზიანდება ქართული ხასიათი, რომ ვთანხმდებით და მერე, ამ შეთანხმებას არ ვასრულებთ. 

_ საინტერესოა, პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე შეთანხმება წერილობით რატომ არ გაფორმდა? 

_ საუბარია დიპლომატიურ მოლაპარაკებაზე, ელჩი ვიყავი და ვიცი _ დიპლომატების საუბრის დროს, ძალიან ბევრი რამ ისე არ იწერება, როგორც ლაპარაკობენ. ამხელა ქვეყნისა და რანგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ ამ შეთანხმებას და იქ ითქვა, რომ სასამართლო არ უნდა იქნეს გამოყენებული პოლიტიკური მოტივებით, მაგრამ გარეთ რომ გამოვიდნენ, ხუნდაძეები და დაჩი ბერაიები გახდნენ! 

_ კულუარებში ამბობენ, ხელისუფლებამ ოპოზიციას ოქრუაშვილის გათავისუფლება იმ პირობით შესთავაზა, თუ დღის წესრიგიდან საარჩევნო სისტემის ცვლილება მოიხსნებოდა, რაზეც ოქრუაშვილი არ დასთანხმდა. ამაზე რა იცით, ბატონო კოტე? 

_ ოქრუაშვილი გარიგებაზე არ მიდის, იყო მასთან ამის მცდელობები, როცა დაიჭირეს, მაგრამ ნებისმიერ შეთანხმებასა და მოლაპარაკებაზე უარი თქვა. ის, 4 შვილის მამა, ციხეში იმიტომ ზის, რომ საქართველოში უკეთესი სისტემა იყოს და ის, რაც მიღწეულია, სწორედ პოლიტპატიმრებმა და ახალგაზრდებმა მოიტანეს. 

რაც შეეხება გარანტიას, გარანტია ის ხალხი იყო, ვინც ამ შეთანხმებას ესწრებოდა, ასევე, გარანტიაა, რომ თუ ეს შეთანხმება ბოლომდე არ შესრულდა, ოპოზიცია კანონპროექტს ხმას არ მისცემს, რაც ბიძინასა და მის მატყუარობაზე კიდევ ერთი საერთაშორისო დარტყმა იქნება. ის უკვე პირდაპირ ხალხს დაეჯახება! 

_ბატონო კოტე, თუ ოპოზიცია ამ შეთანხმებით კმაყოფილია და იგივე კორონაპანდემიის გამო, 4 აპრილის მასშტაბური აქციაც გაუქმდება, გამოდის, არჩევნები მშვიდად ჩატარდება? 

_ არჩევნებამდე ჯერ კიდევ 6 თვეა, მაგრამ რადგანაც დავეჯახეთ იმ სამწუხარო მოვლენას, რასაც კორონავირუსი ჰქვია, შეკრებას ვერ მოვაწყობთ, ერთი ან ორი ადამიანის ჯანმრთელობას ხიფათს ვერ შევუქმნით. ამიტომ, აქციებზე, რა თქმა უნდა, უარს ვიტყვით და გადავალთ დისტანციურ ურთიერთობაზე ანუ მოვძებნით ელექტრონულ ფორმებს, რომ მუდმივად იყოს ტემპერატურა შენარჩუნებული და დიდი იმედი მაქვს, აპრილის შემდეგ მოგვეცემა საშუალება, ხალხს პირისპირაც შევხვდეთ! 

_ ანუ აქციებს ვირტუალურად ჩაატარებთ? 

_ არა, აქციებისგან თავი შევიკავეთ. გასაგებია, რომ საჭირო და მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაფერს აქვს ღირებულებების შკალა. ამ შემთხვევაში, უფრო ღირებული ხალხის ჯანმრთელობაა. 

_ ისე, ზოგი იმასაც ამბობს, კარგად მოუსწრო კორონავირუსმა ოპოზიციას, რადგან ხალხი ისედაც არ გამოვიდოდა აქციაზეო... 

_ ეს უსინდისო ჭორია! კორონავირუსი მხოლოდ ოპოზიციის კი არა, მთელი ხალხის პრობლემაა. ხელისუფლებას ძალიან ეშინია ახალგზარდების, არც ვაპირებდით 100 და 150 ათასი კაცის გამოყვანას. ძალიან შეგნებული ადამიანები ვართ და არაფრის დამტვრევას ან შენგრევას არ ვაპირებდით! „ოცნებას“ ყველაზე მეტად ახალგაზრდების ეშინია! კიდევ ბევრი „გაბედე“, „შეცვალე“ და „სირცხვილია“ შეიქმნება, რათა დაინახონ, რომ ეს ქვეყანა ახალგაზრდებისაა! 

_ მოკლედ, კატეგორიულად აცხადებთ, რომ თუ გიგი უგულავა, ბესიკ თამლიანი, ირაკლი ოქრუაშვილი და გიორგი რურუა არ გათავისუფლდებიან, ოპოზიცია საარჩევნო ცვლილებას მხარს არ დაუჭერს? 

_ დიახ, მე სრულიად ოპოზიციის აზრს ვამბობ!

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში