Menu
RSS

მერაბიშვილის ფაქტორი

რატომ ეშინია პოლიტიკურ ელიტას და ჰქონდა თუ არა უდელ ვანოს კავშირი ჩრდილოეთის სპეცსამსახურებთან

არცთუ შორეულ წარსულში ანუ 2013 წლის გაზაფხულის მიწურულს, როცა დაიჭირეს, ვიღაცებმა ჩათვალეს, რომ მის პოლიტიკურ კარიერას წერტილი დაესვა, მაგრამ ვიღაცების ამ პროგნოზმა, როგორც იტყვიან, ჩაილურის წყალი დალია _ შს ყოფილმა მინისტრმა, რომელსაც ნაციონალების ბოლო ჟამს პრემიერის პოსტიც ეკავა, საპატიმრო 6 დღის წინ დატოვა და „მატროსოვის“ კართანვე განაცხადა, პოლიტიკურ აქტიურობას ვაპირებო. მართალია, ვანო მერაბიშვილს ჯერ არ დაუკონკრეტებია, ნაციონალურ მოძრაობაში დაბრუნდება, ევროპულ საქართველოს მიეკედლება, თუ ახალ პარტიას შექმნის, მაგრამ რაც უნდა იყოს, ფაქტია: უდელი ვანო, ქართულ პოლიტიკაში ფაქტორი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდეც იყო, „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც ფაქტორად დარჩა და ახლა, როცა სამარტოო საკანში, ლამის შვიდი წლის გატარების შემდეგ თავისუფლებაზეა, უწინდებურად ფაქტორია. ყოველ შემთხვევაში, ანალიტიკოსთა ნაწილი ამბობს, რომ მისი მთელ პოლიტიკურ სპექტრს ეშინია _ ხელისუფლებიდან დაწყებული, ოპოზიციით დამთავრებული.

რატომ არის მერაბიშვილი საშიში? _ ამ კითხვაზე პასუხი მარტივია ანუ წლების განმავლობაში, ის მხოლოდ ნაციონალების კი არა, მთელი სახელმწიფო მანქანის ხერხემალი იყო და მის თვალს არაფერი გამოეპარებოდა, ესე იგი, ყველას უსმენდა, უთვალთვალებდა და იმაზე ბევრი რამ იცოდა და იცის, ვიდრე საჭიროა. 

დიახ, იცის მერაბიშვილმა, თუ როგორ თანამშრომლობდნენ ახლანდელი „მეოცნებეები“ თავის დროზე ანუ ოპოზიციაში ყოფნისას, სააკაშვილის რეჟიმთან. იცის ისიც, რომ გარკვეული კომუნიკაცია არსებობს „ოცნებასა“ და ახლანდელ ოპოზიციონერებს შორის. 

მოკლედ, მერაბიშვილი, როგორც იტყვიან, მიძინებული ნაღმია, ნაღმი, რომლის აფეთქების შემთხვევაშიც, მთელი პოლიტიკური სპექტრი _ „ქოცებიდან“ დაწყებული, „ნაცებით“ დამთავრებული, ნაფლეთებად იქცევა. მათ ბედს, დიდი ალბათობით, ბურჯანაძეც გაიზიარებს და ბესელიაც. ალბათ, სწორედ ამიტომაც თქვა ამ ორმა ქალბატონმა, მერაბიშვილთან თანამშრომლობას არ ვაპირებთო. ოპოზიციის დანარჩენი ნაწილი, ამ ეტაპზე, დუმილის უფლებას იყენებს. ყოველ შემთხვევაში, მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლას მხოლოდ მიესალმება. აი, ხელისუფლება კი, დედიან-ბუდიანად იმ აზრზეა, რომ მერაბიშვილი ისევ ციხეში უნდა იყოს. 

სხვათა შორის, მერაბიშვილზე თავიდან, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც უცნაური განცხადება გააკეთა, დასასვენებლად წავიდესო, თუმცა მერე, ალბათ, მიხვდა, რომ „მიჰქარა“ და „პლასტინკა ამოატრიალა“, ის ვიგულისხმე, რომ ციხიდან ახალი გამოსულია და ვიდრე პოლიტიკურად გააქტიურდება, სჯობს, ცოტა მოეშვასო. 

ასეა თუ ისე, ქართულ პოლიტიკაში დიდი აჟიოტაჟია, უფრო კონკრეტულად, ყველა იმის მოლოდინშია, თუ რას იზამს მერაბიშვილი. სხვათა შორის, ეს საზოგადოებასაც აინტერესებს და სანამ ამას გავიგებთ, მოდით, ვანოს წარსულს თვალი ერთად გადავავლოთ. 

ოფიციალური დოსიე 

ივანე (ვანო) მერაბიშვილი, როგორც ქართული „ვიკიპედია“ იუწყება, 1968 წლის 15 აპრილს, ადიგენის რაიონის სოფელ უდეში დაიბადა. ისე, იმ დროს, როცა მერაბიშვილი ქვეყანას მოევლინა, 15 აპრილი სიყვარულის დღედ არ იყო გამოცხადებული, მაგრამ ამას მნიშნელობა არ აქვს, ფაქტია: ბოლო წლებია, 15 აპრილს, ჟურნალისტ ბესო ჩუბინიძის ინიციატივით, საქართველო სიყვარულის დღეს ზეიმობს. ჰოდა, ალბათ, ბედის ირონიაა, რომ მერაბიშვილის დაბადებისა და სიყვარულის დღეები, ერთმანეთს ემთხვევა. მათ, ვინც ქართულ პოლიტიკას თვალს ადევნებს, მერაბიშვილის შს მინისტრობა კარგად ახსოვს ანუ მართალია, „ნაციონალურ საქართველოში“ ადამიანების „ტრუსიკ-მაიკით“ დაჭერისა და ქუჩაში დახვრეტის „ტრადიაციას“ საფუძველი ირაკლი ოქრუაშვილის შს მინისტრობის დროს ჩაეყარა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამ ძალოვან უწყებას სათავეში უდელი ვანო ჩაუდგა, ხალხის წამების მეთოდები დაიხვეწა. ყოველ შემთხვევაში, ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სისხლიანი საქმე _ სანდრო გირგვლიანის მკვლელობა, რომელიც პრაქტიკულად, სააკაშვილის მმართველობის დასასრულის დასაწყისად იქცა, სწორედ მერაბიშვილის შს მინისტრობას უკავშირდება. 

2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ინტერნეტში ვიდეო გავრცელდა, რომელიც, სავარაუდოდ, ნაცების მმართველობის დროსაა გადაღებული. ამ ვიდეოკადრებში ვანო მერაბიშვილი მკაფიოდ ჩანს, რომელიც ხელქვეითებს „ორ გვამს“ სთხოვს. ყველაფერ ამის მიუხედავად, ქართულ „ვიკიპედიაში“, მერაბიშვილი „სახელმწიფო და პოლიტიკურ მოღვაწედ“ არის მოხსენიებული. 

ამავე წყაროს მიხედვით, ვიდრე პოლიტიკაში ჩაერთვებოდა, მერაბიშვილი სამეცნიერო საქმიანობას ეწეოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, კერძოდ, 1992-1995 წლებში, მომავალი შს მინისტრი, „გე-პე-ი“-სა და აგრარულ უნივერსიტეტებში ლაბორანტად, უფროს ლაბორანტად, ასისტენტად და უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობდა. 1995 წელს, მერაბიშვილი მეცნიერებიდან არასამთავრობო სექტორში ინაცვლებს და მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციას აფუძნებს, 1996 წელს კი, თავისუფლების ინსტიტუტის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი ხდება. 

საერთოდ, მიწა მერაბიშვილის ბიოგრაფიაში ერთ-ერთი „სუსტი რგოლია“. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, 2001 წლის მაისში, მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია, „ტერა ინსტიტუტთან“ ერთად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით, საქართველოში მიწის ბაზრის განვითარების პროექტს იწყებს, რაც პრივატიზებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას გულისხმობს. ამ დროს, მერაბიშვილი უკვე პარლამენტის წევრია. მის მიერ დაფუძნებულ არასამთავრობოს კი ჯაბა ებანოიძე ხელმძღვანელობს. ისე, მერაბიშვილის აღზევების დროს, ჯაბა ებანოძეც დაწინაურებული გახლდათ. ყოველ შემთხვევაში, მას შემოსავლების სამსახურის უფროსის პოსტი ეკავა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, კერძოდ, 2013 წლის იანვარში, ებანოიძეს ბრალი რამდენიმე მუხლით წაუყენეს ანუ გამოძიება თანამდებობის ბოროტად გამოყენებას, ქონების გადამალვასა და საანგარიშსწორებო დოკუმენტების გაყალბებას ედავებოდა. მაშინდელი მედიის ცნობით, ებანოიძემ ბრალი ნაწილობრივ აღიარა. 

ცნობისთვის: საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის რეფორმა, რომელიც 2.5 მილიონი მიწის ნაკვეთის კერძო საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებდა, 1999 წლის მაისში დაიწყო. მიწის კერძო საკუთრებაში გადაცემისათვის აუცილებელი საკანონმდებლო აქტების მომზადებაში, მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია იმთავითვე აქტიურად იყო ჩართული. 

შეიძლება, უბრალო დამთხვევაა, მაგრამ 1999 წლის მოწვევის პარლამენტში, როცა დეპუტატი გახდა, მერაბიშვილი ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტს ჩაუდგა სათავეში. სწორედ მაშინ ითქვა, რომ მას გარკვეული ინტერესები „ჟინვალჰესთანაც“ ჰქონდა... 

ამ „პატარ-პატარა“ სკანდალების მიუხედავად, თუ „ვაშინგტონ პოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუს არ ჩავთვლით, 2003 წლის მოვლენებამდე, მერაბიშვილის არსებობის შესახებ, ფართო საზოგადოებამ არაფერი იცოდა. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ კი პოლიტიკურმა ღმერთებმა, თუ პოლიტიკური სამოთხიდან განდევნილმა ანგელოზებმა, როგორც ჩანს, მისი მფარველობა გადაწყვიტეს და უდელმა ვანომაც თავბრუდამხვევი კარიერა გაიკეთა: 

2004 წლის 26 იანვარს ანუ ინაგურაციის მეორე დღესვე, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ეროვნული უშიშროების საკითხებში, თავის თანაშემწედ დანიშნა. პარალელურად, მერაბიშვილი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობასაც ასრულებდა. დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ, კერძოდ, 2004 წლის 7 ივნისს, მერაბიშვილი საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი ხდება და ამ თანამდებობას წლის ბოლომდე _ 18 დეკემბრამდე იკავებს, საიდანაც მუშაობას შსს-ში, მინისტრის რანგში აგრძელებს. 

ნაციონალთა კულუარებში გარკვეულები ამბობენ, რომ მერაბიშვილს ბევრი მტრობდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის, პრაქტიკულად, ერთადერთი იყო, რომელმაც „ვარდების მთავრობაში“, სააკაშვილის პრეზიდენტობის ორივე ვადის დროს, სავარძელი მყარად შეინარჩუნა _ მართალია, 2012 წლის შუახანებში შს მინისტრობა დატოვა, მაგრამ უსამსახუროდ არ დარჩენილა _ პრემიერად დაინიშნა და ეს პოსტი 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებამდე ეკავა. 

რატომ უქმნიდა სააკაშვილი მერაბიშვილს სასათბურე პირობებს? _ ეს რიტორიკული კითხვაა... 

ექსხერხემლისა და ნაცმოძრაობის აწ უკვე ყოფილი გენერალური მდივნის ოფიციალური დოსიე სრულყოფილი რომ გამოვიდეს, ხაზს კიდევ ორ დეტალს გავუსვამ: 

ვანო მერაბიშვილი დაქორწინებულია და ორი ვაჟი ჰყავს. ყველაზე გახმაურებულ სკანდალში კი, სწორედ მეუღლის გამო გაეხვა. შეიძლება, ეს დელიკატური თემაა, მაგრამ ამის თაობაზე უკვე იმდენჯერ ითქვა და დაიწერა, რომ დასამალი აღარაფერია. 

მოკლედ, იმ დროს, როცა მერაბიშვილი, პრაქტიკულად, თავისი კარიერის ევერესტზე იმყოფებოდა და, როგორც იტყვიან, ცა ქუდად არ მიაჩნდა, დედამიწა კი _ ქალამნად, ტელეკომპანია „იმედმა“, საზოგადოებას სისხლიანი ამბის შესახებ ამცნო. სახელდობრ, გადაცემა „დროება“ იუწყებოდა, რომ ძალოვანებმა, ოქროყანის სასაფლაოზე, წამებით მოკლეს ახალგაზრდა მამაკაცი, სანდრო გირგვლიანი. ამასთან, სატელევიზიო სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ ინციდენტი შარდენ-ბარში დაიწყო, სადაც დათა ახალიასთან, გურამ დონაძესთან, ვასილ სანოძესა და ოლეგ მელნიკოვთან ერთად, მერაბიშვილის თანამეცხედრე, თაკო სალაყაიაც იმყოფებოდა. მოგვიანებით, გირგვლიანის მკვლელობის მთავარ ფიგურანტად, მაშინდელი ოპოზიცია, სწორედ სალაყაიას დაასახელებს და მისი დასჯის პარალელურად, მერაბიშვილის შს მინისტრობიდან გადაყენებასაც მოითხოვს. 

დღევანდელი ანუ იმ გადასახედიდან, როცა მერაბიშვილი მიშას გაემიჯნა და ნაცმოძრაობის გენმდივნობაზე უარის თქმით, პირდაპირ თუ ირიბად, „ახირებულების“ პოზიცია გაამაგრა, სააკაშვილის საბედისწეროდ შეცდომად შეიძლება ის ჩაითვალოს, რომ გირგვლიანის საქმის გამო, ვანო „კბილებით დაიცვა“. სწორედ ამიტომაც, შს ექსმინისტრი, მთელი ცხოვრება ექსპრეზიდენტის მადლობელი უნდა ყოფილიყო და მისი ნაფეხურებისთვის ეკოცნა, მაგრამ მოგეხსენებათ, პოლიტიკა „სიბინძურის ხელოვნებაა“. მაშასადამე, პოლიტიკაში მუდმივი არც მტრები არსებობენ და არც _ მეგობრები. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ვანომ მიშას „ზურგში მახვილი ჩასცა“?! სააკაშვილს, რომელსაც ფანები საქართველოდან დევნილ პრეზიდენტს უწოდებენ, გული ყველაზე მეტად, ალბათ, სწორედ მერაბიშვილის ტრანსფორმაციამ ატკინა, მაგრამ „ვერსიის“ ხელთ არსებული მასალების მიხედვით, ძაღლის თავი სხვაგანაა დამარხული და ყველაფერი ისე მარტივადაც არაა, როგორც ჩანს! 

დიახ, ინტერვიუ, რომელიც ჩემს პირად ჟურნალისტურ არქივში ინახება, პირდაპირ თუ არა, ირიბად ნათელჰყოფს, რომ ვანო მერაბიშვილმა „ჩრდილოეთელ დემონებს“ სული ჯერ კიდევ ყმაწვილკაცობაში მიჰყიდა! 

არ გჯერათ? _ თქვენი ნებაა, მაგრამ გირჩევთ, მოთმინება გამოიჩინოთ, წინამდებარე წერილი ბოლომდე წაიკითხოთ და დასკვნებიც მერე გააკეთოთ!

მანამდე კი შს ყოფილი მინისტრის ოფიციალური დოსიე ბოლო შტრიხით შევავსოთ. ეს „ბოლო შტრიხი“ კი მერაბიშვილის ტუსაღობაა: 

როგორც აღვნიშნეთ, ვანომ „მატროსოვზე“, სამარტოო საკანში, 6 წელი და 9 თვე გაატარა და ამ ხნის განმავლობაში, თავი რამდენჯერმე გაგვახსენა. ყველაზე გახმაურებული „თავის შეხსენება“ კი ის იყო, როცა უდელმა „რუხმა კარდინალმა“ განაცხადა, საკნიდან ღამე გამიყვანეს, მთავარ პროკურორთან მიმიყვანეს და მაიძულებდნენ, სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მიმეცაო. სხვათა შორის, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მერაბიშვილმა ამ ინციდენტის შეფასება აღარ ისურვა და თქვა, რომ სპეკულაციებს არ აპირებს. ისე, ზოგი არ გამორიცხავს, რომ ამ „გაყვანის“ ინიციატორი, თავად მერაბიშვილი იყო ანუ მთავარ პროკურორთან, ან ვინმე სხვა ძალოვან მაღალჩინოსანთან შეხვედრა იმ მოტივით მოეთხოვა, რომ მისი საკნიდან გაყვანა სათვალთვალო კამერებს დაეფიქსირებინა და მერე, ერთი ამბავი აეტეხა, აი, „ოცნება“ რა ცუდად იქცევაო. 

შს ყოფილ მინისტრსა და, ასევე, ყოფილ პრემიერს ბრალი რამდენიმე მუხლით ჰქონდა წაყენებული. კერძოდ, მერაბიშვილი მოსყიდვაში, გაფლანგვასა და თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, ამასთან, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესა და 26 მაისის აქციის დაშლაშია მხილებული. 2014 წლის 17 თებერვალს, სასამართლომ მერაბიშვილი დამნაშავედ სცნო და თავისუფლება 5 წლით აღუკვეთა. 

სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ, პირველ იანვარს, საქართველოს ერთდიანი ვიზიტით, მაკკეინი ეწვია, რომელიც მანამდე უკრაინაში იმყოფებოდა. მაკკეინის ვიზიტის შემდეგ, „მატროსოვი“ გიგი უგულავამ დატოვა. პოლიტიკურ კულუარებში ამბობენ, რომ ჯერ კიდევ გავლენიან ამერიკელ სენატორს, საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს პირებთან ტეტ-ა-ტეტ საუბარი, სწორედ უგულავა-მერაბიშვილზე ჰქონდა. შეიძლება, უბრალო დამთხვევაა, მაგრამ თვალში საცემია, რომ უგულავა პატიმრობიდან, სწორედ მაკკეინის სტუმრობის შემდეგ გათავისუფლდა, თუმცა ახლა ისევ ციხეშია, ვანო კი _ „სვაბოდაზე“... 

სხვათა შორის, მერაბიშვილს თავის დროზე, თუ გახსოვთ, მეტ-ნაკლებად დადებით კონტექსტში, ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილიც ახსენებდა ანუ ხაზი მის კარგ მენეჯერულ თვისებებს გაუსვა და არც ის დაუმალავს, რომ ნაცებს, სწორედ მერაბიშვილის საშუალებით ეკონტაქტებოდა... ახლა, შეიძლება, ძალიან კონსპირაციულ თეორიაში გადავიდეთ, მაგრამ ის მოსაზრებაც არსებობს, რომ დაპატიმრებით მერაბიშვილი, უბრალოდ, „შეინახეს“(!)... 

უდედან ჩრდილოეთამდე 

ჩემს პირად ჟურნალისტურ არქივში კიდევ ერთი სკანდალური ინტერვიუ ინახება. ამჯერად, რესპოდენტი უშიშროებასთან ასოცირებული პირია, რომელიც ღიად მიანიშნებს, რომ მერაბიშვილს ბმა, შესაძლოა, რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან, ესე იგი, „გრუ“-სთან ჰქონდეს. ამ მოსაზრებას ერთი გარემოებაც ამყარებს, სახელდობრ, მერაბიშვილი, როგორც სახელმწიფო მაღალჩინოსანი, ქართველ და ევროპელ ჟურნალისტებს არა, მაგრამ სამაგიეროდ, რუსულ მედიას სწყალობდა. ახლა, ეს დეტალი შეიძლება, არაფერზე მეტყველებს, მაგრამ მოგეხსენებათ, ეშმაკები, სწორედ დეტალებში სხედან. 

2010 წლის 10 დეკემბერს, ინტერნეტპორტალი „ნეტგაზეთი“ აქვეყნებს სტატიას _ „სად იძებნება ვანო მერაბიშვილი“, რომელშიც ნათქვამია: 

„ვანო მერაბიშვილი – თუკი ამ სახელსა და გვარს რუსულ ენაზე ჩაწერთ Gოოგლე-ის საძიებო სისტემაში, საქართველოს შს მინისტრზე, შესაძლებელია უფრო მეტი გაიგოთ, ვიდრე – ამ სახელისა და გვარის ქართულ ენაზე ჩაწერის შემთხვევაში. 

რუსული „კომერსანტის“ ჟურნალისტი, წლის განმავლობაში, დაახლოებით ორ ინტერვიუს წერს მერაბიშვილთან: „ლენტა.რუ“-ზე ვანო მერაბიშვილის ბიოგრაფიას გაეცნობით, „ეხო მოსკვისა“ და „რია ნოვოსტის“ გვერდზე, შეგიძლიათ წაიკითხოთ ინტერვიუები ვანო მერაბიშვილთან. მოკლედ, მერაბიშვილთან ინტერვიუს არაერთი რუსული მედია აქვეყნებს, თუმცა მათ შორის ყველაზე აქტიური რუსული „კომერსანტია“ (კომმერსანტ.რუ), რომლის ჟურნალისტი ოლგა ალიონოვა, ვანო მერაბიშვილს, 2009-2010 წლებში, რამდენჯერმე ესტუმრა და, შესაბამისად, რამდენჯერმე გამოაქვეყნა მისი ინტერვიუ გაზეთსა, თუ ინტერნეტგვერდზე. 

მერაბიშვილთან სასაუბრო თემა, მცირე გამონაკლისების გარდა, ერთია: რეფორმა, რომელიც შს სამინისტრომ განახორციელა და პოლიციის რეიტინგი საქართველოში, თუმცა კარიერაზე საუბარსა და მის მიერ განხორციელებულ რეფორმებთან ერთად, ვანო მერაბიშილი არ ერიდება პოლიტიკურ შეფასებებსაც. ის პოლიტიკურ განცხადებებსაც აკეთებს. ხშირად ქართული მედია პოლიციაზე სიახლეებს, სწორედ რუსი ჟურნალისტების მიერ აღებული ინტერვიუდან იგებს ხოლმე. 2010 წელს, ვანო მერაბიშვილთან, სულ მცირე ექვსი ინტერვიუ ჩაწერეს ჟურნალისტებმა, აქედან მხოლოდ ერთია ჩაწერილი ქართული მედიის მიერ: „ტელეიმედის“ ეთერში გასულ „სპეციალურ რეპორტაჟში“ (12 ნოემბერი, 2010 წელი), ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ ჩნდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ხშირად რუსულ მედიაში, მერაბიშვილი პასუხობს, რომ ის ამ ფორმით, მისი ქვეყნის პოპულარიზაციას ეწევა. 

საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე, ვანო მერაბიშვილის ბიოგრაფიაში მითითებულია, რომ მინისტრი ფლობს ინგლისურ ენას. რუსული ენის ფლობაზე მთავრობის გვერდი არაფერს ამბობს, თუმცა იმაში დასარწმუნებლად, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი რუსულად საუბრობს, ის ინტერვიუებია საკმარისი, რომლებიც რუსულენოვან მედიებში ვრცელდება. 

იშვიათია ვანო მერაბიშვილის ინტერვიუ ინგლისურ ენაზე. ამერიკულ „ვაშინგტონ პოსტში“, „ნიუ იორკ ტაიმსსა“ და „სი-ენ-ენ“-ზე, 2010 წლით დათარიღებულ მასალებს, მინისტრზე ვერ იპოვით ისევე, როგორც ბრიტანულ „გარდიანსა“ და „ბი-ბი-სი“-ზე. ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“-ს ოფიციალური ინგლისურენოვანი გვერდი, საძიებო სისტემაში ვანო მერაბიშვილს ძებნის, მაგრამ ყველაზე ახალი ინფორმაცია 2009 წლით თარიღდება. ბუშის საქართველოში ვიზიტი, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება, მუხროვანის სატანკო ბატალიონის ინციდენტი და თბილისის მიტინგები ის თემებია, სადაც ვანო მერაბიშვილის კომენტარებს ვხვდებით. დაახლოებით, იგივე მდგომარეობაა „სი-ენ-ენ“-თან, „ნიუ იორკ ტაიმსსა“ და „ვაშინგტონ პოსტთან“ მიმართებაშიც''. 

იმას, რომ მერაბიშვილის ბიოგრაფია ბურუსითაა მოცული, ერთი გარემოებაც მოწმობს: 2005 წლის 3 თებერვალს, სწორედ მერაბიშვილი იყო ის ადამიანი, რომელმაც ყოველგვარი გამოძიებისა და ექპერტიზის გარეშე, საზოგადოებას ამცნო, პრემიერი ზურაბ ჟვანია და მისი თანმხლები პირი, რაულ უსუფოვი, საბურთალოს ქუჩაზე მდებარე სახლში, გაზით გაიგუდნენო. შს მინისტრს, წესით, ასეთი განცხადება არ უნდა გაეკეთებინა და, მინიმუმ, გამოძიების პირველად შედეგს დალოდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ვანოს რაღაც ამოძრავებდა. სწორედ მერაბიშვილის ეს განცხადება გახდა იმის საფუძველი, რომ ჟვანიას შესაძლო მკვლელობაზე ხმა დღემდე არ მინავლებულა. ასევე, საეჭვო იყო და არის მერაბიშვილის როლი ფოტოგრაფებისა, თუ ე.წ. ჯაშუშობის ბრალდებით დაპატიმებული სხვა ადამიანების საქმეებში. ზოგი სპეციალისტი ამბობს, რომ რუსი „ჯაშუშების“ დევნით, ვანო, უბრალოდ, საკუთარი „ჩრდილოეთური ბეგრაუნდის“ დამალვას ცდილობდა. მართლა ასე იყო თუ არა, ამის თქმა მხოლოდ პოლიტიკურ ღმერთებსა და პოლიტიკური სამოთხიდან განდევნილ ანგელოზებს შეუძლიათ. 

სხვათა შორის, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, როცა გაკვრით, საკნიდან გაყვანასა და ფარცხალაძესთან აუდიენციას შეეხო, მერაბიშვილმა ასეთი ფრაზა _ „ჟვანიას მკვლელობა“ ახსენა. ახლა, ეს წამოცდენა იყო, თუ უბრალოდ, რამე მესიჯი, დანამდვილებით ვერ ვიტყვით. 

ახლა კი დაპირებული ინტერვიუ, რომელიც ჩემს პირად არქივში ინახება და რომელშიც აქცენტი ბევრ საინტერესო დეტალზეა გაკეთებული. აქვე, შეგახსენებთ, რომ რესპოდენტი, რომელსაც რამდენიმე წლის წინ შევხვდი, უშიშროების ორგანოებთანაა დაახლოებული: 

„_ საერთოდ, ძალიან რთულია, ადამიანს დაუმტკიცო, რომ რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენელია. ეს დროში გაწელილი პროცესია და ისე არ ხდება, ნაციონალები ადამიანს აგენტობას ერთ დღეში რომ უმტკიცებდნენ. ოპერატიულად საინტერესო პიროვნებაზე მუშაობა, შეიძლება, რამდენიმე წელიც გაგრძელდეს. თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პიროვნებას უცხოეთის სპეცსამსახურებთან კონტაქტი აქვს, მასზე ოპერატიული აღრიცხვის საქმე იქმნება. 

_ „ოპერატიული აღრიცხვის საქმე“ რას ნიშავს? 

_ არ შეიძლება, მკითხველმა დეტალები იცოდეს. 

_ არც იმას მეტყვით, ვანო მერაბიშვილისა და რუსეთის სპეცსამსახურის ურთიერთობაზე საფუძვლიანი ეჭვი პირველად როდის გაჩნდა? 

_ ალბათ, გახსოვთ, მერაბიშვილმა სკანდალური განცხადება ჯერ კიდევ მაშინ გააკეთა, როცა პარლამენტის წევრი იყო და ამ განცხადებით, პრაქტიკულად, მოქკავშირის დაშლა დაიწყო. არ გეგონოთ, რომ მერაბიშვილის მიმართ, პირადი წყენა მაქვს... მერაბიშვილი პოლიტიკური მოღვაწეა და მასზე ოპერატიული ინფორმაცია არ იარსებებდა, მაგრამ სპეცსამსახურის თანამშრომლებს საიმისო ცოდნა აქვთ, რომ ადამიანში ის ნიშნები აღმოაჩინონ, რაც საინტერესოა. 

_ ერთი ნიშანი მითხარით, რომელიც მერაბიშვილის რუსულ სპეცსამსახურებთან ურთიერთობაზე მიანიშნებს... 

_ შეიძლება, დიქცია და გადმოცემის უნარი არ უვარგა, მაგრამ ჯერ კიდევ მოქკავშირში მოღვაწეობისას, საკმაოდ ინფორმირებული იყო. საერთოდ, სხარტი გონების ტიპია და ინფორმაციის მიღება-გადამუშავება, ამასთან, ამ ინფორმაციიდან მთავარის გამოყოფა შეუძლია. 

ისე, იცით, საქართველო რამ დაღუპა და ,,ნაციონალებმა'' ტოტალიტარული სისტემა როგორ შექმნეს? 

_ როგორ? 

_ როგორ და _ ბალანსის დარღვევით. შსს-სა და უშიშროების სამსახურების ერთად ყოფნა არ შეიძლება, რადგან ასეთ დროს, ორივე უწყება ერთიანი აგენტურული ქსელით სარგებლობს, რაც უშიშროების სამსახურს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. ნაციონალებმა, კერძოდ მერაბიშვილმა, უშიშროების სამსახურის, პრაქტიკულად, ლიკვიდაცია მოახდინა და მისი ფუნქცია მხოლოდ იდეოლოგიის შექმნაღა იყო. კონტრდაზვერვამ მეორე პლანზე გადაინაცვლა. არადა, უშიშროება, სინამდვილეში, კონტრდაზვერვაა... 

_ ეს რუსული სცენარი იყო? 

_ რა თქმა უნდა... მნიშვნელოვანი რგოლია სამხედრო კონტრდაზვერვაც, მაგრამ ნაციონალებმა გააუქმეს და ის საბჭოთა სპეცსამსახურებგამოვლილთა ხელში მოაქციეს. 

სხვათა შორის, სააკაშვილის ბიძამ, თემურ ალასანიამ ვანო მერაბიშვილი ვიქტორ შეიმანს დააკავშირა. 

_ შეიმანი ვინაა? 

_ შეიმანი ბელორუსიის უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, საბჭოთა უშიშროების ყოფილი თანამშრომელი და „ეფ-ეს-ბე“-ს ყოფილი ხელმძღვანელის, სერგეი პატრუშევის მეგობარია. შეიმანი, როგორც ვიცი, რუსებთან რუსია, ებრაელებთან _ ებრაელი... 

_ თქვენი ინფორმაციით, თემურ ალასანიამ ვანო მერაბიშვილი შეიმანს რა მიზნით დააკავშირა? 

_ ერთობლივი საქმიანობის ანუ იარაღით უკანონო ვაჭრობის მიზნით. დიახ, ვამტკიცებ, რომ იარაღით უკანონო ვაჭრობაში ვანო მერაბიშვილიც იყო ჩართული. 2009 წლის თებერვალში, „ბელტრეიდინგმა“ შსს-ს ისეთი საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა შემოუტანა, რომელიც შსს-ს არ სჭირდება. მაგალითად, ფეხოსანთა მინები, ასაფეთქებელი საშუალებები... 

_ თუკი ვანო მერაბიშვილი რუსული სპეცსამსახურის თანამშრომელია, აბა, ნაციონალების ანტირუსული კამპანია რითი უნდა ავხსნათ? 

_ არ ვამბობ, რომ თანამშრომელი იყო, თუმცა საამისო ნიშნები არსებობს. რაც შეეხება ანტირუსულ ისტერიას, ფილოსოფიაში, დაპირისპირებულთა ბრძოლისა და ერთიანობის კანონი არსებობს _ იმისთვის, რომ რუსეთმა პოსტსაბჭოურ ქვეყნებში თავისი მიზნები შეასრულოს, შიგნიდან გამაღიზიანებლები სჭირდება. ეს გაღიზიანება კი, რიტორიკაზე უნდა იყოს დაფუძნებული ანუ მტკიცების მიუხედავად, დასავლეთისკენ მივდივართო, ნაციონალები რუსეთის საქმეს აკეთებდნენ... 

_ მაშასადამე, ამერიკული სპეცსამსახურები, მინიმუმ, არაპროფესიონალები არიან, რამეთუ ნაციონალების რუსული თამაშები თავიდანვე ვერ გაშიფრეს... 

_ არსებობს ორი მეგობარი ქვეყანა, მაგრამ არ არსებობს ორი მეგობარი სპეცსამსახური. ისე, გგონიათ, რომ აშშ-ის სპეცსამსახურმა ყველაფერი იცის, რაც დედამიწის ზურგზე ხდება? ისიც საგულისხმოა, რომ აშშ-ის სპეცსამსახური საქართველოში აქტიურად 2004 წლიდან შემოვიდა... 

_ ... ვანო მერაბიშვილს ლევან მაისურაძის სახელზე გაცემული პასპორტი რისთვის სჭირდებოდა? 

_ პიროვნებას, რომელზეც მთელმა მსოფლიომ იცის, რომ საქართველოს შს მინისტრია, ე.წ. შენიღბვითი პასპორტი არ სჭირდება, მაგრამ ამ პასპორტით მერაბიშვილი, მაგალითად, სომხეთსა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, საიდუმლო შეხვედრებზე დადიოდა და არ უნდოდა, რომ საზღვარზე დაფიქსირებულიყო. 

_ მხედველობაში რა საიდუმლო შეხვედრები გაქვთ? 

_ ეს შეხვედრები, შეიძლება, იარაღით უკანონო ვაჭრობასთან იყო დაკავშირებული... საერთოდ, იარაღის უკანონო ბიზნესში ყველა ის პირი იყო ჩართული, ვინც თავდაცვის სამინისტროს, ბოლო 9-10 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, მაგრამ მერე, ერთმანეთს, როგორც ჩანს, ფულის გამო დაუპირისპირდნენ... 

_ მუხროვანის ამბოხის დროს მოკლულ გია კრიალაშვილს იარაღით ვაჭრობასთან რა კავშირი ჰქონდა? 

_ გია უკრაინაში სამხედრო ატაშე იყო. სამხედრო ატაშე ის პიროვნებაა, რომელიც ორი ქვეყნის სამხედრო სტრუქტურებს ერთმანეთთან აკავშირებს. ამიტომ, კრიალაშვილს იარაღით ვაჭრობაზე აბსოლუტური ინფორმაცია ჰქონდა და განაცხადა კიდეც, ბულგარეთიდან შემოტანილი ტყვია-წამალი უხარისხოაო. 

_ გამოდის, რომ ვანო მერაბიშვილს გია კრიალაშვილის ეშინოდა? 

_ დიახ. საერთოდ, მერაბიშვილმა ყველა, ვინც ინფორმირებული იყო, მოიცილა...''

ნინო დოლიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში