Menu
RSS

გია ხუხაშვილი: „ოცნების“ მთავარი იმედი ივანიშვილი კი არა, ენზელ მკოიანია!“

„ხელისუფლებამ ხელისუფლება ქუჩაში დააგდო, რომლის აღების თავიც ოპოზიციას არ აქვს!“

 

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დაკვეთით, კვლევითი ორგანიზაცია „იფსოსი“-ს მიერ ჩატარებული კვლევით, ხვალ რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 34% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემს, 29% _ ნაციონალურ მოძრაობას, 10% _ ევროპულ საქართველოს, 6% _ ლეიბორისტულ პარტიას, 5% _ პატრიოტთა ალიანსს, 3% _ გირჩს, 3% _ ალეკო ელისაშვილის სახალხო მოძრაობას, 2% _ ნინო ბურჯანაძის პარტიას. ამავე კვლევით, 1%-1% აქვთ რესპუბლიკურ, კონსერვატორულ პარტიებსა და კახა კუკავას თავისუფალ საქართველოს. 

კვლევის მიხედვით, ხვალ რომ კენჭს ორი სუბიექტი _ გაერთიანებული პროდასავლური ოპოზიცია და „ქართული ოცნება“ იყრიდეს, 55% პროდასავლურ ოპოზიციას დაუჭერდა მხარს, 39% კი _ „ქართულ ოცნებას“. გამოკითხულთა 39.2% ფიქრობს, რომ კოალიციური მთავრობა ქვეყნისთვის სასარგებლოა, 10% კი ამ აზრს ეწინააღმდეგება. 

მნიშვნელოვანია, რომ ივანიშვილის როლს გამოკითხულთა 51% ნეგატიურად აღიქვამს, 43% კი _ პოზიტიურად. მიხელ სააკშვილის როლს ნეგატიურად 44%, პოზიტიურად _ 50% აფასებს. 

გამოკითხულთა 58% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 32% კი პირიქით ფიქრობს. 

არსებული პოლიტიკური სურათის შეფასება „ვერსიამ“ ექსპერტ გია ხუხაშვილს სთხოვა, რომელიც ოპოზიციას, არჩევნებში უპირატესობის მოსაპოვებლად, კონკრეტულ ფორმულას სთავაზობს.

_ ბატონო გია, ხელისუფლების მომხრეები კი ამბობენ, რადგან ეს კვლევა „მთავარმა არხმა“ დაუკვეთა, მიკერძოებულიაო, მაგრამ თუ ოპოზიცია საარჩევნოდ ვერ გაერთიანდება, ხელისუფლება ისევ უმრავლესობით მოვა? 

_ ეს იმ ადამიანების ხმებია, რომელთაც არჩევანი უკვე გადაწყვეტილი აქვთ. ამ ციფრებში არ არის გათვალისწინებული ის ამომრჩეველი, რომელსაც არჩევანი არ გაუკეთებია, ან პასუხს არ იძლევა და რომლის მაჩვენებელიც ძალიან მაღალია. შესაბამისად, ამიტომაცაა ეს ციფრები მაღალი, თორემ რეალურად, უფრო დაბალია ანუ რეალურად 34% კი არა, 22%-ია. ეს ამომრჩეველი რომ გააკეთებს არჩევანს, ყველას პროცენტი დაიწევს, მათ შორის, ოპოზიციისაც. აქედან გამომდინარე, ამ კვლევიდან არ გამომდინარეობს, რომ „ოცნება“ იგებს. „ოცნება“ იგებს მხოლოდ მაჟორიტარების ხარჯზე. მაჟორიტარები პოლიტიკა არაა, ესაა ყიდვა, მიდიან და ყიდულობენ არჩევნებს. 

_ მოკლედ, თუ ოპოზიციის ერთიანობა არ შედგა, „ოცნებას“ ეძლევა შანსი, რომ კვლავ უმრავლესობა მოიპოვოს? 

_ არ მიმაჩნია, რომ ოპოზიციის გაერთიანება საარჩევნოდ სასარგებლოა. პირიქით, ვფიქრობ, ეს ხელისუფლებაზე იმუშავებს. პროპორციულ ნაწილში რაც უფრო გაიშლება ველი და რაც უფრო მეტი პოლიტიკური პარტია მიიღებს მონაწილეობას, მით მეტი პრობლემა ექნება ხელისუფლებას, რადგან ეს იქნება უნაშთო არჩევნები და შესაბამისად, ხელისუფლების რესურსი, ასეთ შემთხვევაში, არ აღემატება 30%-ს. მაჟორიტარულ ნაწილში, კი ბატონო, ოპოზიცია კოორდინირებული უნდა იყოს ანუ არა გაერთიანებული, არამედ, კარგად კოორდინირებული, რომ ერთმანეთს არ ებლანდებოდნენ ფეხებში და აგიხსნით, რატომ... 

მოცემულობა ასეთია: ოლქების უმრავლესობაში იქნება მეორე ტურები და მეორე ტურში გადამწყვეტი მნიშვნელობა იმას ექნება, რომ ოპოზიციამ კონსოლიდირებულად მხარი დაუჭიროს ოპოზიციურ კანიდიდატს ხელისუფლების წინააღმდეგ ანუ რაც შეიძლება, დაქსაქსვა და გამრავალფეროვნება პროპორციულ ნაწილში და რაც შეიძლება, კარგი კოორდინაცია მაჟორიტარულ ნაწილში. 

რა თქმა უნდა, ხელისუფლებას აქვს უპირატესობა, მაგრამ ამ უპირატესობის განმსაზღვრელი მისი რეიტინგი კი არა, არამედ, მაჟორიტარებია, რასაც ისინი ეპოტინებიან. მაჟორიტარების ანუ მაგალითად, ენზელ მკოიანის გარეშე, ხელისუფლებაში ვერ რჩება. მოკლედ, „ოცნების“ გადამრჩენი და მთავარი იმედი ივანიშვილი კი არა, ენზელ მკოიანია! 

_ ოპოზიცია ერთიან მაჟორიტარებზე კი საუბრობს, მაგრამ კულუარებიდან ჟონავს ინფორმაცია, რომ პარტიები კანდიდატებზე ვერ თანხმდებიან. ყველაფერი ეს, წყალს „ოცნების“ წისქვილზე დაასხამს? 

_ რა თქმა უნდა, ამ ტიპის ნებისმიერი შეუთანხმებლობა წყალს ხელისუფლების წისქვილზე დაასხამს. ხელისუფლება საკუთარი ძალების კი არა, ოპოზიციის სისუსტისა და შეუთანხმებლობის იმედადაა და ხელს ყველანაირად შეუწყობს, რომ ოპოზიციაში მეტი გაუგებრობა მოხდეს. არ მაქვს ილუზია, რომ ოპოზიცია ყველა კანდიდატს შეათანხმებს, მაგრამ შეუძლია, სხვა ფორმულით იმოქმედოს. სადაც ვერ შეძლებს კანდიდატების შეთანხმებას, იქ შეთანხმდეს ერთ რამეზე _ მეორე ტურში გასულ კანდიდატს კონსოლიდირებულად დაუჭიროს მხარი. ამ ტიპის კოორდინაციით შესაძლებელია, ოპოზიცია მეტ-ნაკლებად მოგებული დარჩეს. ყველა სხვა შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარებს შეუძლიათ, ამომრჩევლის 20%, უბრალოდ, იყიდონ, რისი დიდი გამოცდილებაც არსებობს, ოპოზიცია ერთმანეთს დაჭამს და ხელისუფლება თავისას აიღებს. 

_ შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციის დაშლის მცდელობა ხელისუფლებას უკვე აქვს, რადგან პარტიებთან ინდივიდუალური მოლაპარაკებები დაიწყო. მაგალითად, თალაკვაძე „გირჩს“ შეხვდა. თავის მხრივ, „გირჩში“ ამბობენ, რომ სხვა პარტიები ჩუმად ხვდებიან ხელისუფლებას. როგორ ფიქრობთ, ხელისუფლება შეძლებს ოპოზიციის დაქსაქსვას? 

_ კი, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რადგან ჩვენ ხომ მარტო ხელისუფლების პრობლემა არ გვაქვს? ოპოზიცია ცალკე უბედურებაა. ოპოზიციაში კიდევ უფრო რთული სიტუაციაა, რადგან გარდა იმისა, რომ ყველა ამბიციურია და მათი შესაძლებლობები ჩამოუვარდება ამბიციებს, მათ ფასეულობათა კონფლიქტიც აქვთ. მაგალითად, ბურჯანაძე და ნაციონალური მოძრაობა ბევრ რამეში, რბილად რომ ვთქვათ, სხვადასხვა ფასეულობას ემსახურებიან. შესაბამისად, რისკები ძალიან მაღალია. 

_ ისე, ოპოზიციური ერთობის განხეთქილების ერთ-ერთი თემა ვანო მერაბიშვილის ფაქტორიც გახდა. მაგალითად, ბურჯანაძემ და ეკა ბესელიამ განაცხადეს, მერაბიშვილთან არ ვითანამშრომლებთო. 

_ ეს არ არის პრაგმატული პოლიტიკური გზავნილი. ეს არის ემოციური მომენტი, ბურჯანაძის აბსოლუტურად მესმის, რადგან მას პირადი ოჯახური მომენტები აქვს, რომ ვანო მერაბიშვილთან მოლაპარკების მაგიდასთან არ დაჯდეს, მაგრამ მეორე მხრივ, პოლიტიკური პასუხისმგებლობის თვალსაზრისით, გაუგებარია, ბოკერიასთან თუ ჯდები, ვანოსთან რატომ არ ჯდები? _ არ მგონია, რომ იმ რეჟიმზე ბოკერიას პოლიტიკური პასუხისმგებლობა ნაკლები ჰქონდეს, ვიდრე _ მერაბიშვილს. შესაბამისად, პირადად ვანო არ უნდა იჯდეს იმ მაგიდასთან ფიზიკურად, თორემ პოლიტიკურად, ფორმულა _ „რადგან ვანოა, ამიტომ არაო“, გაუგებარია, რადგან ფაქტობრივად, იმ მოლაპარაკების მაგიდასთან მიხეილ სააკაშვილია ანუ მაგიდასთან არ ზის, მაგრამ მისი პარტია ხომ მონაწილეობს? შესაბამისად, ნაკლებად ველოდები, რომ ვანო მერაბიშვილი განხეთქილების ვაშლი გახდება, თუ მაინცდამაინც მაგიდასთან მივარდნას არ დაიწყებს. 

ოპოზიციას სხვა პრობლემები აქვს _ როგორც გითხარით, ყველას აქვს იმაზე მეტი ამბიცია, ვიდრე იმსახურებს და ვიდრე მათი ადგილია ამ საზოგადოებაში და ეს ამბიციები, ხშირ შემთხვევაში, არ აძლევთ შეთანხმების საშუალებას. 

_ ამას წინათ, კახა კუკავამ მითხრა, პარტიებმა არაჯანსაღი ამბიციების გამო, დაბლოკებაზე უარი თქვესო. მოკლედ, ველი ისევ პოლარიზებულია და პატარა პარტიები, იმის მაგივრად, რომ გაერთიანდნენ, ან „ოცნებას“ ეკედლებიან, ან ნაციონალებს. ასეა, არა? 

_ დიახ და ცდილობენ, მიიღონ იმაზე მეტი, ვიდრე იმსახურებენ. ჩვენთან სულ ასე იყო _ ერთკაციან პარტიებს აქვთ ამბიცია, რომ 5 კაცი გაიყვანონ სიაში. შესაბამისად, ხელისუფლება ეცდება, ამაზე ითამაშოს და სამწუხაროდ, ისეთი ისტორიული გამოცდილება გვაქვს, რომ ხელისუფლება ყოველთვის ახერხებდა განხეთქილების შეტანას. 

_ 4 აპრილს, ოპოზიცია მასშტაბურ აქციას გეგმავს, რაც უკვე გახდა კრიტიკის მიზეზი. როგორ ფიქრობთ, ეს აქცია რამეს შეცვლის? 

_ რაც უფრო მეტი აქცია იქნება, ეს ხელისუფლების ინტერესშია, რადგან აქციები უკავშირდება გარკვეულ რესურსებს. რაც მეტ რესურსს დახარჯავს ოპოზიცია, ესეც ხელისუფლების ინტერესშია. როგორც ჩანს, ოპოზიციაში ამას ხვდებიან და 4 აპრილის აქცია არაა მხოლოდ საპროტესტო აქცია ანუ ამით იხსნება საარჩევნო კამპანია. მოდით, ასე ვთქვათ, ეს აქცია არის საარჩევნო კამპანიის დასაწყისი და ამ დატვირთვით აკეთებენ ყველაფერს. შედეგს პროცესი გვაჩვენებს. 

ფაქტი ერთია: ხელისუფლებამ ხელისუფლება ქუჩაში დააგდო და ოპოზიციას ამის აღების თავი არ აქვს. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას თავისი რესურსებით მეტი შანსი აქვს, მაგრამ სახალხო ლეგიტიმაცია, მხარდაჭერა აღარ გააჩნია.

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში