Menu
RSS

რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი „ოცნების“ პროკურორების ცხოვრებიდან

კბილაშვილის „სექსუალური ლტოლვის ადრე ფიზიოლოგიური ეტაპიდან“ _ ფარცხალაძის ბოტასებამდე

„ოცნება“ მთავარ პროკურორებს ისე ცვლის, როგორც ახალშობილს პამპერსს უცვლიან ხოლმე. ახლა, ეს ნათქვამი ვინმემ, შესაძლოა, სკაბრეზულად ჩათვალოს, მაგრამ ფაქტია: 2012 წლის შემდეგ ანუ ხელისუფლებაში მოსვლიდან მერვე წელს, ივანიშვილის გუნდს უკვე მეექვსე მთავარი პროკურორის დანიშვნა მოუწია, თანაც აქ საინტერესო ის დეტალიც გახლავთ, რომ ირაკლი შოთაძე ამ პოსტს მეორედ კი არა, მესამედ იკავებს. კერძოდ, სანამ ქვეყნის მთავარი საგამოძიებო უწყების სრულუფლებიანი უსტაბაში გახდებოდა, ბატონი შოთაძე, მართალია, სულ რაღაც სამი კვირით, მაგრამ მთავარი პროკურორის მოვალეობას მაინც ასრულებდა _ მოვალეობის შემსრულებლად, ოთარ ფარცხალაძის გადადგომის შემდეგ, 2013 წლის 30 დეკემბერს დაინიშნა და 2014 წლის 21 იანვარს, ეს პოსტი ოფიციალურად გიორგი ბადაშვილს გადააბარა. 2015 წლის 19 ნოემბერს კი, შოთაძე სრულფასოვანი მთავარი პროკურორი გახდა და ამ თანამდებობას 2018 წლის 16 ივლისამდე იკავებდა. შესაბამისად, შეცდომაა, როცა შოთაძის მეორედ მოსვლაზე ლაპარაკობენ. სინამდვილეში, შოთაძე ქვეყნის მთავარ საგამოძიებო უწყებაში, უკვე მესამედ ბრუნდება ანუ სახეზე „მესამედ მოსვლაა“.

რაც შეეხება „ოცნების“ სხვა მთავარ პროკურორებს, 2012 წლის შემოდგომაზე, როცა ნაცმოძრაობა ხელისუფლებიდან წავიდა და ქვეყნის მართვის სადავეები „ოცნების“ ხელში გადავიდა, ყველაზე დიდ სკეპტიკოსებსაც კი ჰქონდათ იმედი, რომ ეს უწყება პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლდებოდა. ამ იმედს ისიც ადუღაბებდა, რომ არჩილ კბილაშვილს, რომელიც „ოცნების“ რიგით პირველი, მთავარი პროკურორი გახდა, ე.წ. პოლიციური წარსული არ ჰქონდა ანუ კბილაშვილი, მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება მეოხი, ესე იგი, უფლებადამცველი გახლდათ და საზოგადოებაც იმედოვნებდა, რომ ის სამართლიანი პროკურორი იქნებოდა, მაგრამ ხომ იცით, ყოველთვის ისე არ წვიმს, როგორც ქუხს. ჰოდა, კბილაშვილის სამართლიანობის იმიჯი მალე გაცამტვერდა. უფრო მეტიც, ექსადვოკატი არაერთ სკანდალში გაეხვია. ამ მხრივ კი ერთ-ერთი გახმაურებული, „ღვინის ქარხანა #1“-ის საქმე გახლდათ. ყოველ შემთხვევაში, მედიაში რამდენჯერმე გავრცელდა ცნობა იმის თაობაზე, რომ კბილაშვილი, „ღვინის ქარხანა #1“-ის მფლობელებისთვის, ქონების წართმევას ცდილობდა. 

ამას გარდა, არჩილ კბილაშვილის სახელი ფიგურირებდა ლადო ბედუკაძის წინააღმდეგ საქმის შეწყვეტაშიც. კერძოდ, ოპოზიცია ყოფილ ადვოკატს ბრალს სდებდა, რომ მან პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა და ბედუკაძე, რომელიც ე.წ. ციხის კადრების ერთ-ერთი მთავარი მოწმე, თუ მონაწილე იყო, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა. 

სხვათა შორის, კბილაშვილის დროს მოხდა აჰმედ ჩატაევის შეწყალებაც. მოგვიანებით ანუ 2017 წელს, როცა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გახმაურებული ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა, რა დროსაც მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი ტერორისტი, ჩატაევი იქნა მოკლული, კბილაშვილი საზოგადოების წინაშე გამოჩნდა და თქვა, რომ 2013 წელს, მისი გათავისუფლება სწორი იყო. 

„ყოფილი მთავარი პროკურორი, არჩილ კბილაშვილი, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე, აჰმედ ჩატაევის პატიმრობიდან გირაოთი გათავისუფლებას სწორ გადაწყვეტილებას უწოდებს'', _ იუწყებოდნენ 2017 წლის დეკემბრის პირველ დეკადაში, ქართული საინფორმაციო სააგენტოები და კბილაშვილის სიტყვებსაც ციტირებდნენ, რომლის თანახმადაც, 2013 წელს, ჩატაევის გირაოთი გათავისუფლება საქმის მასალების საფუძველზე მოხდა. 

„ესა თუ ის კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე, მათ შორის ჩატაევის, მე ვიცოდი და პროფესიულად მქონდა შეხება. მის შინაარსზე კომენტარი უნდა გააკეთოს პროკურორმა და არა ყოფილმა პროკურორმა. ჩატაევთან დაკავშირებით, რა მოხდა მისი გათავისუფლების შემდეგ, ამაზე მეტ შეფასებას ვერ გავაკეთებ. 

სასამართლოს მისი გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობით, მივმართეთ სისხლის სამართლის საქმის მასალების საფუძველზე. 

როდესაც არის კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე, პროკურორი უნდა გამოვიდეს საქმეში არსებული მასალებიდან და არა იმ ვარაუდით, რა მოხდება ხვალ, ზეგ და მაზეგ. არავინ ვიცით, რომელი ადამიანი, სისხლის სამართლის საქმის დასრულების შემდეგ, რას ჩაიდენს“, _ აცხადებდა სამი წლის წინ, კბილაშვილი. 

სხვათა შორის, ბერი სალოსის ქუიჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციამდე, კბილაშვილი არსად ჩანდა ანუ მთავარი პროკურორობიდან წასვლის შემდეგ, მას საჯარო განცხადებები არ გაუკეთებია და მაინცდამაინც, არც ახლა აქტიურობს. არადა, ხმა დადის, რომ ის სისტემის მძევალი იყო და ამიტომ იძულებული გახდა, რომ მთავარი პროკურორის პოსტი დაეტოვებინა. უფრო მეტიც, თავის დროზე იმასაც ამბობდნენ, რომ ის გადაწყვეტილებებს ვერ იღებდა და ჩვეულებრივი ბუტაფორია იყო. 

ზოგადად, კვამლი უცეცხლოდ არასდროს ჩნდება ხოლმე. ასე რომ, სავსებით დასაშვებია, კბილაშვილი, მართლაც, ჩვეუელრბივი მარიონეტი ყოფილიყო. 

ისე, კბილაშვილის მთავარი პროკურორობა, მხოლოდ პროკურატურის საიტზეა შემორჩენილი, თორემ საზოგადოების უმეტესობას მისი არსებობაც აღარ ახსოვს. ერთადერთი, რომლითაც ხალხმა ყოფილი მთავარი პროკურორი, შეიძლება, ოდესმე გაიხსენოს, მისი ცოტა არ იყოს, ეროტიკული ფრაზაა ანუ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, კბილაშვილმა, რომელიც იმხანად „ოცნების“ ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა, სიტყვა-სიტყვით თქვა: 

„პოლიტიკაში იმ ასაკში უნდა მივიდეს ადამიანი, როდესაც მისი, თუ გნებავთ, სექსუალური ლტოლვის ადრე ფიზიოლოგიური ეტაპი გადალახულია ანუ მე მოწიფულ ასაკზე გესაუბრებით''. 

ერთი სიტყვით, საქართველომ კბილაშვილის მთავარი პროკურორობის „ადრე ფიზიოლოგიური ეტაპი გადალახა“ და ქვეყნის მთავარი საგამოძიებო უწყების სათავეში ოთარ ფარცხალაძე მოგვევლინა, რომელზეც თავიდანვე ითქვა, რომ დიპლომი არ ჰქონდა. ბოლოს კი, ცნობილი გახდა, რომ ფარცხალაძე, თავის დროზე, ევროპაში, თურმე, ბოტასების ქურდობისთვის იყო ნასამართლევი. ბოტასების გარდა, ფარცხალაძემ სახელი იმითაც გაითქვა, რომ საზკვების ერთ-ერთ ობიექტში, სახელმწიფო აუდიტის მაშინდელ ხელმძღვანელს, ლაშა თორდიას სცემა. 

ყოველივე ამის გარდა, ფარცხალაძე სარდაფებთანაც ასოცირდება ანუ 2018 წლის საპრეზიდემტო არჩევნების წინ, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა საზოგადოებას სკანდალური ინფორმაცია მიაწოდა, რომლის თანახმადაც, ფარცხალაძეს ურჩი ბიზნესმენები, თურმე, სარდაფში ჩაჰყავდა და იქ „აკაჩავებდა“. 

2017 წლის მაისში, ერთ-ერთმა ქართულმა ინტერნეტგამოცემამ, ფარცხალაძეზე ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ვკითხულობთ: 

„მთავარი პროკურორის პოსტის დაკავების შემდეგ, ოპონენტები ფარცხალაძის წარსულის შესახებ, მუდმივად ახალ დეტალებს იხსენებდნენ. მათ შორის, ერთ-ერთი ფარცხალაძის განათლება იყო, რომელიც პროკურატურას, ვებგვერდზე განთავსებულ მის რეზიუმეში ჰქონდა მითითებული. 2014 წლის 28 თებერვალს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ფარცხალაძე 1976 წლის 18 ივნისს დაიბადა. თუმცა 2013 წელს, მთავარმა პროკურატურამ ვებგვერდზე ფარცხალაძის მეორე СV განათავსა, რომელშიც მისი დაბადების თარიღი 1971 წელია. მედიასაშუალებების ინფორმაციით, მიზეზი საზოგადოებაში გაჩენილი კითხვები გახდა, რომელიც ფარცხალაძის СV-ში მითითებულ უნივერსიტეტის დამთავრების თარიღს, 1995 წელს უკავშირდებოდა. თარიღის მიხედვით, 1976 წელს დაბადებულმა ოთარ ფარცხალაძემ, საქართველოს ჰუმანიტარული უნივერსიტეტი 19 წლის ასაკში, 1995 წელს დაამთავრა, რაც არარეალურად ჟღერს. 

აღნიშნულს პროკურატურის პრესსამსახური, თემურ დოლიძე კი იმით ხსნიდა, რომ ოთარ ფარცხალაძემ, 6 წლის ასაკში, წერა-კითხვა უკვე იცოდა, შესაბამისად, სკოლაში სწავლა არა პირველი, არამედ, მეორე კლასიდან დააწყებინეს. 

ოთარ ფარცხალაძის მთავარი პროკურორობის პერიოდში, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ფარცხალაძის დავალებით, ის საკნიდან გაიყვანეს, რის შემდეგაც გახმაურებულ საქმეებზე, მათ შორის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებისა და საქართველოს ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის ფინანსური საქმიანობის შესახებ, ჩვენებების მიცემას აიძულებდნენ. 

ფაქტს თავად ფარცხალაძე უარყოფდა, თუმცა 2016 წლის 14 ივნისს, მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის თაობაზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება 2017 წლის 22 თებერვალს, პროკურატურის გადაწყვეტილების საფუძველზევე შეწყდა, რის მიზეზადაც, ყოფილი პრემიერის მიმართ, დანაშაულის ჩადენის ფაქტის არდადასტურება დასახელდა. 

მედიის ინფორმაციითვე, ოთარ ფარცხალაძე 2008 წლამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, გარდა ამისა, ის საქართველოს პარლამენტის ენერგეტიკის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრიც იყო. ევროპული საქართველოს წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ოთარ ფარცხალაძე, 2001 წლის 16 იანვარს, აუსბურგის სასამართლოს მიერ, გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 249-ე და 252-ე მუხლებით, ყაჩაღური ქურდობისთვისაა ნასამართლევი. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით კი, გერმანიაში ფარცხალაძე, ბოტასის ქურდობის გამო გასამართლდა. 

აღნიშნული სკანდალების შემდეგ, 2013 წლის 30 დეკემბერს, ოთარ ფარცხალაძემ მთავარი პროკურორის თანამდებობა დატოვა, რის შემდეგაც აღნიშნულ თანამდებობაზე, 2014 წელს, საქართველოს პრემიერ-მინიტრმა, იუსტიციის მინისტრის წარდგინებით, გიორგი ბადაშვილი დანიშნა. მიუხედავად თანამდებობის დატოვებისა, ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, ახალ პროკურორს, გიორგი ბადაშვილს, ოთარ ფარცხალაძე მართავდა და მთავარი საგამოძიებო ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებაში, გადამწყვეტ როლს ასრულებდა. 

ოპოზიცია ყოფილი პროკურორის შესახებ სკანდალურ ინფორმაციას 2017 წელსაც ავრცელებს. კერძოდ, ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის ინფორმაციით, რის შესახებაც მან კადრებიც გაასაჯაროვა, ოთარ ფარცხალაძეს სახელმწიფო სტურქტურების კერძო ავტომობილები ემსახურება, რომლებიც ფინანსური პოლიციის საკუთრებაშია, თუმცა საგამოძიებო სამსახური აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს. 

ლაშა თორდიას განმარტებით, ის ფარცხალაძესა და მერიას შორის არსებული კორუფციული გარიგებებით დაინტერესდა, რასაც ყოფილი პროკურორის მხრიდან აგრესია მოჰყვა. თორდია აცხადებს, რომ ფარცხალაძე შემთხვევის დროს, ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდა. 

რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძის ქონებას, ღეგინფო-ს ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძემ 2015-2016 წლებში, შეიძინა თბილისში მდებარე 3 ბინა და 4 კომერციული ფართი, ასევე ბინა ქალაქ ბათუმში, 2 ბინა ბაკურიანში და ტაბახმელაში, სოფელ წავკისში მდებარე მიწის 4 ნაკვეთი. 

არსებული ინფორმაციით, 2016 წლის 29 ივნისს, ოთარ ფარცხალაძემ უძრავი ქონების კომპანია, შპს ,,ბი ეს არ-სი დი ჯი დეველოპმენტის'' 100%-იანი წილიც შეისყიდა. შეძენილი ქონების საერთო ღირებულება კი 1 130 000 აშშ დოლარს შეადგენს. ამასთანავე, სააგენტო, გავრცელებულ ინფორმაციას ფარცხალაძის მიერ დეველოპერული კომპანიის შეძენის თაობაზე, ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო ინფორმაციის ეროვნული სააგენტოდან'' გამოთხოვილი დოკუმენტის გასაჯაროებით ადასტურებს. 

რაც შეეხება მისი ქონების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას, 2014 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ოთარ ფარცხალაძე და მისი მეუღლე თბილისში, ჯანაშიას ქუჩაზე, 150 კვ.მ ფართობის ბინასა და მგალობლიშვილის ქუჩაზე მდებარე 76.28 კვ.მ ფართობის საცხოვრებელ სახლს ფლობდნენ. 

ამავე პერიოდში, ოთარ ფარცხალაძის საკუთრებაში მსუბუქი ავტომანქანა, 1994 წელს გამოშვებული თოყოტა 4-რუნნერ-ი იყო. გარდა ამისა, 2014 წელს, ოთარ ფარცხალაძეს სესხებიც ჰქონდა: პროგრეს ბანკში _ 100 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც უძრავი ქონების შეძენის მიზნით გამოიტანა და ასევე სახელფასო კრედიტი ლიბერთი ბანკში _ 26 350 ლარის ოდენობით''. 

მოკლედ, ფარცხალაძე წავიდა და გიორგი ბადაშვილი მოვიდა. მართალია, ამ უკანასკნელს, მთავარი პროკურორის პოსტი თითქმის ორი წელი ეკავა, მაგრამ მისი პერსონით საზოგადოება მაინცდამაინც არ დაინტერსებულა, რასაც ვერ ვიტყვით მის შემცვლელზე ანუ ირაკლი შოთაძეზე, რომლის მთავარი პროკურობის პირველ ვადას, ბოლო წლების ყველაზე გახმაურებული სკანდალები, მათ შორის, ციანიდისა და მუხთარლის საქმეები, ასევე, ხორავას ქუჩის მკვლელობა და სხვა უკავშირდება.

სხვათა შორის, ხორავას ქუჩის მკვლელობა გახდა იმის წინაპირობა, რომ შოთაძის მთავარი პროკურორობის პირველი „რაუნდი“ დასრულებულიყო და ამ უწყების სათავეში შალვა თადუმაძე მოსულიყო. თადუმაძის გამთავარპროკურორებისთანავე, „ამერიკის ხმამ“, „ოცნების“ პროკურორებზე ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამი იყო: 

„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, რიგით მე-5 მთავარი პროკურორი, 40 წლის შალვა თადუმაძე გახდება. მისი კანდიდატურა მთავრობამ და პარლამენტმა უნდა მოიწონონ, თუმცა დღეს, საპროკურორო საბჭოს წევრების ცალსახა მხარდაჭერა ნათელს ხდის, რომ აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში, მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ყოფილ ადვოკატს პრობლემა არ შეექმნება. 

ახალი მთავარი პროკურორის შერჩევის კამპანია მას შემდეგ დაიწყო, რაც ხორავას ქუჩაზე, ორი მოზარდის მკვლელობის რეზონანსულ საქმეს, ირაკლი შოთაძე გადაჰყვა. მთავარი პროკურორობის სურვილი 18 იურისტმა გამოთქვა. იუსტიციის მინისტრის შვებულებაში ყოფნის გამო, აქედან სამი (შალვა თადუმაძე, შალვა შავგულიძე, ნინო გოგნიაშვილი) კანდიდატურა, მისმა მოადგილემ შეარჩია და საპროკურორო საბჭოს წარუდგინა. 

თეა წულუკიანმა შალვა თადუმაძეს არც კითხვები დაუსვა და არც ხმა მისცა, იუსტიციის მინისტრი, მომავალი მთავარი პროკურორის ბავშვის ნათლიაა. 

დღეს, მას შემდეგ რაც, საპროკურორო საბჭომ უარი თქვა კანდიდატურებთან გასაუბრების პროცესი მედიისთვის გახსნილიყო, საკუთარი კანდიდატურა ადვოკატმა, შალვა შავგულიძემ მოხსნა. შესაბამისად, შალვა თადუმაძის ერთადერთ კონკურენტად, ბევრისთვის უცნობი, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, ნინო გოგნიაშვილი დარჩა. 

 

15-კაციანი საბჭოდან, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარემ და იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, რომელიც თადუმაძის შვილის ნათლიაა. სხდომას არ დაესწრნენ საბჭოში საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის დეპუტატები. საბჭოს დარჩენილმა 12 წევრმა კი თადუმაძეს დაუჭირა მხარი. გოგნიაშვილს ხმა არავინ მისცა. 

შალვა თადუმაძე, რომელიც ბოლო ექვსი წელი, მთავრობის საპარლამენტი მდივანი, ბოლო ოთხი თვე _ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო, ირწმუნება, რომ აბსოლუტურად დამოუკიდებელი მთავარი პროკურორი იქნება: 

„მთავარი პროკურორი არის დამოუკიდებელი და არანაირი პოლიტიკური ინტერესი, მათ შორის, ჩემგან არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის ადმინისტრაციას ვხელმძღვანელობდი, არცერთი პარტიის წევრი არ ვარ და არასდროს ვყოფილვარ. 

პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა არასოდეს მიმიღია, ექვსი წლის მანძილზე, მთავრობას პარლამენტში წარმოვადგენდი, მაგრამ არცერთ ოპონენტთან, პოლიტიკურ დებატში არ შევსულვარ. ყოველთვის კანონით მონიჭებულ უფლებამოსილებას ვასრულებდი და თუ მთავარი პროკურორი გავხდები, ვაპირებ მხოლოდ კანონს დავემორჩილო''. 

შალვა თადუმაძის ბიოგრაფიის მიხედვით, მან 1994-99 წლებში, განათლება ერთდროულად, ორ უმაღლეს სასწავლებელში მიიღო: საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში _ სამთო ინჟინრის, ხოლო თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში _ იურისტის დიპლომი აიღო. 

თადუმაძის პირველი საჯარო სამსახური, 2001 წელს, დავით თევზაძის მინისტრობის დროს, თავდაცვის სამინისტროს კადრების სამმართველოში, იურისკონსულის თანამდებობა იყო. 

2002 წლიდან, თადუმაძემ ასოციაცია „სამართალი და თავისუფლებაში“, ადვოკატად დაიწყო მუშაობა, რომლის დამფუძნებლებიც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ამჟამინდელი თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი და ჟურნალისტი, დავით პაიჭაძე იყვნენ. ეს არასამთავრობო ორგანიზაცია სამხედრო მოსამსახურეების უფლებების დაცვაზე მუშაობდა. თადუმაძე ასოციაციის პროექტებს კოორდინაციას 2012 წლამდე უწევდა. 

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, მცირე ხნით, თავდაცვის სამინისტროში (2003-04) იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაბრუნდა. 2007-08 წელს, „აბგ პროფსერვის გრუპის“ ადვოკატი იყო, სადაც იმ პერიოდში დირექტორად, პოლიტიკური მოძრაობა „გირჩის“ ამჟამინდელი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე მუშაობდა. 

2008 წელს, საკუთარი საადვოკატო კომპანია „შალვა თადუმაძე ბი ელ ფი კონსალტინგი“ დააარსა. 2011 წელს, პოლიტიკაში მოსულ ბიძინა ივანიშვილს დაუახლოვდა. სასამართლოში იცავდა ივანიშვილის, მისი კომპანიებისა და ,,ქართული ოცნების'' ინტერესებს. იგი, ასევე, კახი კალაძის ინტერესებსაც წარმოადგენდა. 

შალვა თადუმაძე, ,,ქართული ოცნების'' ადვოკატის რანგში, 2012 წლიდან გვევლინება. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, მთავრობის საპარლამენტო მდივნად (2012-18), შემდეგ კი მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად (2018 წლის აპრილიდან) დაინიშნა. 

საპროკურორო საბჭოს მიერ, მთავარი პროკურორის კანდიდატად შალვა თადუმაძის შერჩევის შემდეგ, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განმარტა, რატომ არ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა: 

„არ ვიცი, კენჭისყრაში რომ მიმეღო მონაწილეობა, როგორც მამაკაც კანდიდატს, დავუჭერდი თუ არა თადუმაძეს მხარს. ფაქტია, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მივიღე. მთავარი კითხვაა, ხომ არ შევიკავე თავი იმიტომ, რომ ... დიახ! და, ეს მემაყება, მე გახლავართ შალვა თადუმაძის პატარა ქალიშვილის ნათლია, რომელიც დიდი, განათლებული და კარგი ქართველი ქალი დადგება''. 

მიუხედავად მთავარი პროკურატურის კოლექტივის სურვილისა, რომ მთავარ პროკურორად შერჩეულიყო ადამიანი, რომელიც „სტრუქტურისათვის უცხო სხეული არ იქნებოდა“, მმართველმა პარტიამ და მისმა თავმჯდომარემ, პროკურატურის წიაღიდან, პროკურორობის მსურველი კადრები: ირაკლი ნადარეიშვილი და ლევან ძნელაძე, ამჯერადაც დაბლოკა. 

ბოლო ექვსი წლის მანძილზე არჩეული ხუთი მთავარი პროკურორიდან ოთხი: არჩილ კბილაშვილი, ოთარ ფარცხალაძე, გიორგი ბადაშვილი და შალვა თადუმაძე, „სტრუქტურისათვის უცხო სხეულები“ იყვნენ და მხოლოდ ირაკლი შოთაძეს ჰქონდა პროკურატურაში მუშაობის გამოცდილება. 

ერთ-ერთი პირველი რეზონანსული საქმე, რომელზეც ახალ მთავარ პროკურორს ამომწურავი პასუხის გაცემა და ბოლომდე მიყვანა მოუწევს, ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდის საქმეა. ამ საქმემ, წინა მთავარი პროკურორი შეიწირა“. 

თადუმაძემ ხორავას მკვლელობის საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა და ისეთი პირი უჩანს, რომ ამ საქმისთვის წერტილის დასმა, თუნდაც ფორმალურად, შესაძლოა, ისევ შოთაძეს მოუწიოს. ყოველ შემთხვევაში, ამ საქმესთან დაკავშირებით, ბოლო დროს, მოვლენები ცოტა უცნაურად ვითარდება. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, იგივე ზაზა სარალიძეს შოთაძესთან, რომელსაც თავის დროზე მიწაში დებდა, კითხვები აღარ აქვს. 

როგორი იქნება შოთაძის „მეორედ მოსვლა“? _ ამას დრო გვაჩვენებს, თუმცა ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ შოთაძის ერთ მდინარეში მეორედ შესვლის მთავარი მიზანი, პოლიტიკური დაკვეთების შესრულება იქნება. 

ზოგადად, თუ ობიექტურები ვიქნებით, ნებისმიერი ხელისუფლების ნებისმიერი მთავარი პროკურორი, პოლიტიკურ დაკვეთას ღიად, თუ ფარულად შეასრულებს. ამ საფრთხის თავიდან აცილება კი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ მთავარ პროკურორს, მოსამართლეების მსგავსად, ხალხი აირჩევს. სხვათა შორის, ამ ამერიკულ მოდელს, ქართულ პოლიტიკაში რამდენიმე ლობისტი უკვე ჰყავს. ასე, მაგალითად, პარტიის _ „კანონი და სამართალი“ გენერალური დირექტორი, ირაკლი ღლონტი აცხადებს: 

„მიგვაჩნია, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე არჩევა უნდა იყოს ხალხის პირდაპირი უფლებამოსილება, რომელიც თავის მხრივ, არსებითად გამორიცხავს ნებისმიერი მმართველი ძალის ვიწრო პარტიულ ინტერესებს ამ ინსტიტუციაში. უფრო მეტიც, თუკი ხელისუფლებების ვიწრო პარტიული ინტერესები წინააღმდეგობაში მოვა კანონმდებლობასთან და მოსახლეობის ნამდვილ ნებასთან, ხალხის მიერ, პირდაპირი წესით არჩეული გენერალური პროკურორი, მაღალი ლეგიტიმაციის ფარგლებში, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის, მიუკერძოებლობის, ობიექტურობისა და კანონიერების პრინციპების დაცვით განხორციელებს საპროკურორო უფლებამოსილებას. ხალხის მიერ არჩეული გენერალური პროკურორი გახდება იმის გარანტი, რომ საქართველო დაადგება მეტი დემოკრატიის გზას, სადაც ნებისმიერი მაღალჩინოსანი, მათ შორის, მთავრობის მეთაური, მინისტრები, დეპუტატები, მერები, თუ სხვა უწყების წამყვანი თანამდებობის პირები, დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, ვერ აიცილებენ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და ხელისუფლების ცვლილებამდეც მოუწევთ ციხის გისოსებს მიღმა ცხოვრება. ჩვენს მიერ შემოთავაზებული წესი იქნება მაღალი პრევენციის მატარებელიც, ვერცერთი ჩინოვნიკი ვეღარ გაბედავს ხელისუფლების, ხალხის ფულის, ან სახელმწიფო ქონების მიტაცებას. მიგვაჩნია, რომ გენერალური პროკურორის მანდატთან ერთად, ხალხის არჩევითი უნდა გახდეს ბიუჯეტის ფულის მიზნობრივ ხარჯვაზე კონტროლის განმხორციელებელი გენერალური აუდიტორის თანამდებობა, ყველა ქალაქისა და რაიონის პოლიციის ხელმძღვანელები და რეჟიმის ცვლილებისთანვე, უნდა შევქმნათ დამოუკიდებელი ,,ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტო“.

ნინო დოლიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში