Menu
RSS

„ოცნებასთან“ დადებული რა გარიგება დაარღვია გიგი უგულავამ

მესამედ დაჭერილი თბილისის ექსმერის ცხოვრების უცნობი დეტალები

მესამედ დაჭერილი თბილისის ყოფილი მერი, თანამოაზრეებმა და თანაგუნდელებმა, ციხის კარამდე სულ ტაშ-ფანდურით მიაცილეს. თავად უგულავასაც ისეთი მშვიდი სახე ჰქონდა, რომ მისმა შემხედვარე ჩემმა ერთმა მეგობარმა იხუმრა, ამას, მგონი, „კამერის ლომკა“ აქვსო. „ლომკისა“ რა მოგახსენოთ, მაგრამ ყოფილი ნაციონალი და აწ უკვე ევროპული საქართველოს ლიდერი, ყველანაირად ცდილობდა, რომ სიმშვიდე შეენარჩუნებინა ანუ თავი ისე მოეჩვენებინა, თითქოს ციხეში უფრო თავისუფალი იქნება, ვიდრე _ თავისუფლებაზე. ასეა თუ ისე, მომავალი სამი წელი, უგულავას ისევ სამარტოო საკანში მოუწევს გატარება, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ წლევანდელ არჩევნებზე ხელისუფლება შეიცვალა, უგულავაც „სვაბოდაზე“ გამოვა და შესაძლოა, ქართველ „ნელსონ მანდელობაზეც“ გაუჩნდეს პრეტენზია. ისე, გულწრფელად რომ ვთქვათ, უგულავას მესამედ დაჭერით, „ოცნებამ“ ის ტოტი მოიჭრა, რომელზეც ზის, თუმცა საქმეში ჩახედულები ასე არ ფიქრობენ. აი, მაგალითად, პოლტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ დამფუძნებელი დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ თავის დროზე, უგულავას ციხიდან გამოშვება გარკვეული გარიგების შედეგი იყო, ახლა კი, სწორედ ეს გარიგება დაირღვა და უკან ამიტომაც შეაბრუნეს. არსებობის უფლება, ცხადია, ყველა და ამ ვერსიასაც აქვს. რა შეიძლება ყოფილიყო უგულავასა და „ოცნებას“ შორის დადებული ფარული გარიგების საგანი? _ თუ გახსოვთ, ნაციონალური მოძრაობის რღვევა, სწორედ უგულავას ციხიდან გამოგზავნილი წერილით დაიწყო. ჰოდა, რატომ უნდა გამოვრიცხოთ, რომ გარიგება, სწორედ ყოფილი მმართველი პარტიის დაშლასა და ამავდროულად, იმასაც შეეხებოდა, რომ ნაციონალებიდან წამოსულები, „ოცნების“ წინააღმდეგ რადიკალურ განცხადებებს არ გააკეთებდნენ? პრინციპში, ევროპული საქართველო, ბოლო დრომდე, რადიკალიზმით მაინცდამაინც არც გამოირჩეოდა, მაგრამ არსებობს ერთი მაგრამ ანუ პროპორციულის ჩაგდების შემდეგ, გიგი უგულავამ „ქართული ოცნების“ ლიდერებს დედა აგინა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. სხვათა შორის, მესამედ დაჭერის შემდეგ, სანამ ციხეში შევიდოდა, თავად უგულავამაც თქვა, სწორედ ამ გინების გამო მიჭერენო.

ასეა თუ ისე, თბილისის ყოფილი მერის მესამედ დაჭერამ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური რეალობა შეცვალა. ყოველ შემთხვევაში, ოპოზიცია, იგივე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომაზე უარს ამბობს და იმის ალბათობაც გაიზარდა, რომ პროცესებმა ქუჩაში გადაინაცვლოს. მოხდება თუ არა ვითარების რადიკალიზაცია, ამას დრო გვიჩვენებს. მანამდე კი „ვერსია“, უგულავას ერთგვარ დოსიეს გთავაზობთ ანუ გაგახსენებთ, ვინ არის, საიდან მოდის და საერთოდ, მის ანგარიშზე რა ცოდვა-მადლია! 

დავიწყოთ იმით, რომ უგულავა იმთავითვე, ზომიერად სიმპატიური და ასევე, ზომიერად აგრესიული გახლდათ. მართალია, საბჭოთა საქართველოში დაიბადა და შანსი ჰქონდა „წითელი ვირუსით“ „დაავადებულიყო“, მაგრამ პოლიტიკურმა ღმერთებმა, თუ პოლიტიკური სამოთხიდან განდევნილმა ანგელოზებმა ლიბერალობისთვის „გაწირეს“, თუმცა მიუხედავად ამისა, ზოგი ამბობს, რომ პავლიკ მოროზოვის ჰიბრიდი ანუ მოდერნიზებული კომკავშირელია, რომელიც კარიერული მწვერვალების დასაპყრობად, უკან არაფერზე იხევს. ახლა, ეს შესაძლოა, გადაჭარბებული შეფასებაა, მაგრამ არავინ ელოდა, რომ „მამა-მარჩენალს“, ესე იგი, მიხეილ სააკაშვილს ზურგს აქცევდა და იმის თქმასაც არ მოერიდებოდა, მიშა ჯართიაო. იმ დროს, როცა საქართველოს ექსპრეზიდენტი ჯართს შეადარა, მის თავზე უკვე წისქვილის ქვა იყო დატრიალებული. ყოველ შემთხვევაში, „მატროსოვის სიმარტოვე“ გამოცდილი ჰქონდა. ამბობენ, საპყრობილეში ადამიანს ფიქრისთვის თავზე საყრელი დრო აქვსო. ჰოდა, ალბათ, საკანში ბევრი იფიქრა თუ ცოტა, მიხვდა, რომ მიშასთან მეგობრობის გაგრძელება ხეირს აღარ მოუტანდა და ზურგი ამიტომაც აქცია, მაგრამ ეს „ზურგის შექცევა“ არ დაუფასდა _ ისევ ციხეში მოხვდა. 

სხვათა შორის, პირველი „სროკის“ მოხდის შემდეგ, უგულავამ ხონისა და ვანის მაჟორიტარული ოლქის შუალედურ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და, ცხადია, ვერ გაიმარჯვა. 

„მინდა, ყველაფერი თავიდან დავიწყო“, _ განაცხადა მაშინ, მაჟორიტარად წარდგენისას უგულავამ და პირობაც დადო, ცვლილებების მედროშე და ავანგარდი ვიქნებიო, თუმცა მის გულწრფელობაში ბევრს ეჭვი შეეპარა. 

გასუფთავებული ბიოგრაფია 

„გიგი უგულავა 1975 წლის 15 აგვისტოს, თბილისში დაიბადა. 2005-2014 წლებში, თბილისის მერი იყო. უგულავა განათლებით ფილოსოფოსია, ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს. სხვადასხვა დროს, მუშაობდა რელიგიის ისტორიის მასწავლებლად, ჟურნალისტად, კონსულტანტად. 2003 წლიდან, ეწევა პოლიტიკურ მოღვაწეობას, ჰყავს სამი შვილი. 

2013 წლის 23 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გიგი უგულავას, დაკავების გარეშე, წარუდგინა ბრალი დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვასა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ საქმეებზე. თბილისის მერმა ბრალდებებს აბსურდული უწოდა. 2014 წლის 3 ივლისს, სამართალდამცავმა ორგანოებმა გიგი უგულავა თბილისის აეროპორტში დააკავა'', _ მხოლოდ ამ მშრალ ინფრომაციას გვაწვდის ქართული „ვიკიპედია“ უგულავას ბეგრაუნდზე. არადა, ექსმერისა და საააკაშვილის ექსმეგობრის წარსული, არაერთი საინტერესო ფაქტითაა „დახუნძლული“, თუმცა როგორც ჩანს, „ვიკიპედიაში“ ვიღაცამ ინფორმაცია მიზანმიმართულად „გაფილტრა“ და იმის აღნიშნვაც დაავიწყდა, რომ სანამ ევროპული საქართველოს ლიდერი გახდებოდა, უგულავა მგზნებარე ნაციონალი იყო. მეტიც, ის „ვარდოსანთა“ ერთ-ერთ მთავარ იდეოლოგადაც ითვლებოდა. ყოველ შემთხვევაში, იმ ყბადაღებული 9 წლის განმავლობაში ისინი, რომლებიც, ნაცკულუარებში კარგად ერკვეოდნენ, ირწმუნებოდნენ, მიშა, უგულავასთან შეთანხების გარეშე, ერთ გადაწყვეტილებასაც არ იღებსო. ეს კი არადა, ის ცნობაც არსებობდა, რომ ყველა ან თითქმის ყველა გახმაურებული დაჭერისა და ქონების წართმევის საქმეში, უგულავა „პირველი ვიოლინოს“ თუ არა, „ზონდერების“ უსშტაბაშის როლს ასრულებდა. 

ეს, შესაძლოა, ხალხური მითოსია და მეტი არაფერი, მაგრამ ფაქტია: „ვარდების რევოლუცია“ დასრულდა თუ არა, უგულავამ უშიშროების სამინისტროში მაღალი თანამდებობა მიიღო. ერთხანობას, სამგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორიც იყო და პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც საქმიანობდა. მერე კი, თბილისის „მოურაობა“ გადაწყვიტა და სანამ თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევნები გაიმართებოდა, სააკაშვილმა დედაქალაქის თავად დანიშნა. ინტერვიუ, რომელიც ჩემს პირად ჟურნალისტურ არქივში ინახება, სწორედ მაშინდელია. მახსოვს, თბილისის მერს, ძველი მერიის შენობაში შევხვდი და 13 უხერხული კითხვა დავუსვი. ჩვენი საუბარი, ცხადია, სტენოგრაფიული სიზუსტით გამოვაქვეყნე. მართალია, მას შემდეგ, ლამის 15 წელი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ წინამდებარე ინტერვიუ უგულავას დოსიეს, როგორც იტყვიან, დამატებით შტრიხებს შესძენს: 

„_ ბატონო გიგი, სანამ მთავარზე გადავალ, ერთი მითხარით, ახალ ამპლუას უკვე შეეგუეთ? 

_ ნელ-ნელა ვეგუები... მართალია, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და თბილისის პრობლემები განსხვავებულია, მაგრამ მმართველობა, ზოგადად, ერთნაირია და აქაც მოსახლეობასთან გაქვს კავშირი. ასე რომ, შეგუება რთული არ არის, თან ამ საკითებთან შეხება მაშინაც მქონდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი რომ ვიყავი... 

_ თქვენს მერულ კარიერაში, პირველი კვირა დღეა. ჰოდა, გადაკეტილ რუსთაველზე გაისეირნება უკვე მოასწარით? 

_ დიახ და ეს მრავალფეროვნება ძალიან მომწონს... 

_ მრავალფეროვნების საწინააღმდეგო მეც არაფერი მაქვს, მაგრამ იცით, დედაქალაქის მთავარი პროსპექტის გადაკეტვას რომელი კანონი ითვალისწინებს? 

_ საამისოდ, მერიის შესაბამისი გადაწყვეტილება არსებობს და პარლამენტის მხრიდან დამატებითი საკანონმდებლო აქტის მიღება არ სჭირდება. 

_ შეიძლება, მაგრამ მოჭიდავეების ინციდენტის მერე, თუ არ ვცდები, ელენე თევდორაძემ განაცხადა, კვირაობით, რუსთაველის გადაკეტვით, სახელმწიფო კანონს თვითონ არღვევს და არ მესმის, მოჭიდავეებს რას ერჩიანო... 

_ ელენე თევდორაძე, სამწუხაროდ, ცდება, რადგან რუსთაველის გადაკეტვა მერიის აქტით რეგულირდება, თან გზის გადაკეტვა, თუ შესაბამისი პროცედურები დაცულია, აკრძალული არაა. ამ შემთხვევაში, პროცედურები დაცულია და ელენე თევდორაძემ, სჯობს, იმ საკითხებს მიხედოს, რომელიც მას პირდაპირ ეხება. 

_ გიგი ბატონო, ჯერ ერთი კვირაც არაა, მერი ხართ და ხელისუფლების წარმომადგენელთა მისამართით, უკვე დიდაქტიკურ განცხადებებს აკეთებთ. მაშასადამე, უნდა ველოდოთ, რომ თბილსის რევოლუციონერი თავი, სხვა რევოლუციონერებთან კონფლიქტს არ მოერიდება? 

_ მე ყველაფრისთვის მზად ვარ. შეიძლება, ბევრი ცილისწამება და კრიტიკაც იყოს, მაგრამ თანამდებობის პირისთვის ეს ძალიან ჩვეულებრივია და ყველაფერს ღიმილით შევხვდები, თუმცა თუ კრიტიკა განსაკუთრებული იქნება, კანონის ფარგლებში გავითვალისწინებ... 

_ ხმა დადის, რომ მიხეილ სააკაშვილის დედის ნათესავი ხართ და პრეზიდენტიც, თურმე, ამიტომ არ გიცილებთ... 

_ (აუღელვებლად) პრეზიდენტის დედის ნათესავი არ ვარ და ქალბატონი გიული საჯარო შეხვედრებზე, სულ ერთი-ორჯერ ვნახე. ეს მორიგი ჭორია და სიმართლესთან კავშირი არ აქვს... მიხეილ სააკაშვილი 1999 წელს, ვაკის არჩევნების დროს გავიცანი. მაშინ მე ჟურნალისტი ვიყავი... არასამთავრობო სექტორში რომ გადმოვედი, საქმიანი შეხვედრები გვქონდა ხოლმე. 

_ საზოგადოების ერთ ნაწილი იმანაც გააღიზიანა, რომ მამათქვენი უნივერსიტეტში, ერთ-ერთი გაერთიანებული ფაკულტეტების ხელმძღვანელად დაინიშნა. ყოველ შემთხვევაში, უსამსახუროდ დარჩენილ პროფესორ-მასწავლებლებს არ სჯერათ, რომ მამათქვენის დაწინაურებაში, თქვენი ხელი არ ურევია... 

_ ამ თემაზე ლაპარაკს არ ვაპირებ... 

_ რატომ? 

_ პირველად თქვენგან გავიგე, რომ პრეზიდენტის ნათესავი ვარ და ამ სისულელეზე საუბარი რომ გავაგრძელოთ, სერიოზული ადამიანები არ ვიქნებით. 

_ ბატონო გიგი, უნივერსიტეტში მიმდინარე რეფორმები მამათქვენს არ შეხებია და სისულელე ისაა, ხალხს რაღაც ეჭვები რომ გაუჩნდა? 

_ მამაჩემი ფიზიკა-მათემატიკის პროფესორია და ამ ფაკულტეტზე არ დაბადებულა, თორემ 35 წელიწადია, უნივერსიტეტში მუშაობს... შეგიძლიათ, დაიჯეროთ ან არ დაიჯეროთ, მაგრამ გაერთიანებული ფაკულტეტების დეკანად მისი დანიშვნა ჩემი იდეა არ ყოფილა და ამის შესახებ, ტელევიზიით გავიგე. მამაჩემის სამსახური ჩემთვის ხელის შემშლელი არაა და როგორც შვილმა, ვურჩიე, რომ ეს მხოლოდ მისი თავის ტკივილია და მეცნიერებისთვის დრო აღარ დარჩება... 

_ ბატონო გიგი, ახლა, მეტყვით, ეს ჭორიც თქვენგან პირველად მესმისო, მაგრამ სამთავრობო წრეებიდან გამოსული ხმის თანახმად, არც ერთი ,,ნაციონალური სასტავის'' წევრი არ ხართ. იმასაც ამბობენ, პრეზიდენტს სიმართლეს მხოლოდ უგულავა ეუბნებაო... 

_ ჯერ ერთი, პრეზიდენტის გარემოცვაში სიმართლის მთქმელი ძალიან ბევრია. მეორეც, ტყულის თქმას აზრი არ აქვს, რადგან მიხეილ სააკაშვილი, წინა პრეზიდენტისგან განსხვავებით, ახალგაზრდა, ენერგიული ადამიანია და ყოველთვის აქვს შესაძლებლობა, რომ ნებისმიერი ინფორმაცია სხვადასხვა ადამიანთან გადაამოწმოს. ასე რომ, რაღაცის შელამაზებას, პრაგმატიზმიდან გამომდინარე, აზრი არ აქვს... 

_ ეს გასაგებია, მაგრამ კითხვის პირველ ნაწილს თავი რატომ აარიდეთ? 

_ აბა, მითხარით, რა ,,სასტავები'' არსებობს? 

_ წესით, ეს ჩემზე უკეთესად უნდა იცოდეთ, მაგრამ რახან ასეა, გეტყვით: კულუარული ცნობით, თქვენ არც ,,ნაცმოძრაობის'' ,,თავისუფლების ინსტიტუტის'' ფრთის წევრი ხართ, არც _ მერაბიშვილის დაჯგუფების და არც _ ოქრუაშვილის. ისე, თქვენი წინამორბედის მოღვაწეობაც ნათელჰყოფს, რომ რევოლუციონერები ერთმანეთს ვერ იტანენ... 

_ რომელ წინამორბედს გულისხმობთ _ აქ, თუ ადმინისტრაციაში? 

_ რა, არ იცით, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილი ნაცმოძრაობის სახეებსა, თუ მათი ოჯახის წევრებს დაუპირისპირდა? ისე, საინტერესოა, ,,ჭიას'' პრაქტიკას თუ გააგრძელებთ და იმ დარღვევების ამოქექვას დაიწყებთ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობას უკავშირდება? 

_ მიწების საკითხი სააკაშვილის საკრებულოს თავმჯდომარეობას არ ეხება და ჭიაბერაშვილმა ის საკითხი გააგრძელა, რომელიც სააკაშვილმა დაიწყო, მაგრამ საკრებულოდან წამოსვლის მერე, გარკვეული ვაკუუმი იყო და ამ თემების ,,გაპრავება'', სწორედ მაშინ მოხდა.

რაც შეეხება გუნდის წევრობას, ეს ძალიან გადაჭარბებული შეხედულებაა, თუმცა როცა ერთიანი დიდი ორგანიზმია, შეიძლება, ვიღაცას ვიღაცა არ მოსწონდეს და ეს ჩვეულებრივია, მაგრამ მთავარია, რომ ეს მუშაობაზე არ მოქმედებს. რაღაცები, შეიძლება, მოხდეს, მაგრამ ეს საჯარო განხილვის თემა არასოდეს გახდება, რადგან ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ დავსხდეთ და ეს ურთიერთობითი პრობლემები შიგნითვე გადაიჭრას... ისე, მეგობრობა სხვა საკითხია და შეიძლება, ვინმესთან თანამშრომლობდე და არ მეგობრობდე, მაგრამ ამაში პრობლემას ვერ ვხედავ... სახელმწიფო სამსახურში წამოსვლის გადაწყვეტილება 2004 წლის იანვარში მივიღე, ჯერ ზურა ადეიშვილთან ვმუშაობდი, მერე _ ვანო მერაბიშვილთან... ირაკლი ოქრუაშვილიც ჩემი მეგობარია, ზურა ნოღაიდელიც და ურთიერთობის პრობლემა არ გვაქვს... 

_ მართალია, რევოლუციის დროს ძალიან აქტიურობდით და, როგორც მერე გაირკვა, ,,კმარას'' კონსულტანტიც იყავით, მაგრამ მაინც გაუგებარია, არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებაზე რატომ გაცვალეთ? 

_ იმ პროცესში, რომლის დაგვირგვინებაც ,,ვარდების რევოლუცია'' იყო, აქტიურად ვიყავი ჩართული და ჩავთვალე, რომ პასუხისმგებლობა ბოლომდე უნდა ამეღო, თან ძველი ხელისუფლება რომ წავიდა, ვაკუუმი შეიქმნა, თითქმის არც ერთი ინსტიტუტი არ მუშაობდა და ეს დიდი მონაპოვარი საფრთხის წინაშე დადგებოდა, ბევრ ადამიანს სახელმწიფო სექტორში წამოსვლის გადაწყვეტილება რომ არ მიეღო. 

_ ჰო, მართლა, თვქენმა სიმაღლემ ოპოზიციაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. აკაკი ასათიანმა ისიც თქვა, მერებს სიმაღლის მიხედვით თუ ნიშნავენ, მე უგულავაზე მაღალი ვარო. მოკლედ, სიმაღლეში რამდენი ხართ? 

_ კაკო ასათიანს არ დავტოლებივარ, თუმცა როცა ვნახავ, დავეტოლები... ისე, მეტრი და 92 სანტიმეტრი ვარ...“ 

მოსკოვური ,,პაესტკა'' 

მართალია, 2005 წელს, უგულავა პირობას დებდა, რომ კორუფციას „ცეცხლითა და მახვილით“ შეებრძოლებოდა ანუ ვერავინ გაბედავდა, რომ მისთვის, ვთქვათ, ძვირადღირებული საათი ან სხვა ნივთი ეჩუქებინა, მაგრამ დღე დღეს მისდევდა, თვე _ თვე, წელიწადი _ წელიწადს და „კმარელყოფილი“ მერის „კორუფციულ ვნებებსა“ და შემოსავლებზე ფანტასმაგორიული ამბები ვრცელდებოდა. პარალელურად, იმასაც ამბობდნენ, სააკაშვილი უგულავას თავის შემცვლელად ამზადებსო. 2010 წელს, ერთ-ერთ ქართულ გაზეთში წერილი _ „ვიპიმ ზა ბუდუშეგო პრეზიდენტა გრუზიი, გიგი უგულავა“ _ გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამი იყო: 

„უგულავას მშრალი ბიოგრაფიული სტატისტიკა, თითქოს, არაფრის მთქმელია, მაგრამ დაკვირვებული ადამიანის თვალსა და გონებას, დამეთანხმეთ, რომ არ გამოეპარება მისი იერარქიული აღმასვლის უკან მდგომი „ვიღაც“ უჩინარი, რომელიც მართალია, ჩრდილშია, მაგრამ დროდადრო, გიგის თავზე მოგროვილ შავ ღრუბლებსაც უმალ ფანტავს და მის კარიერულ „წარმატებებსაც“ ასევე, უმალ უზრუნველყოფს. და მაინც, ვინ არის გიგი უგულავა ისეთი, სააკაშვილი მისი ქოჩრიდან ბეწვსაც რომ ვერ აგდებს, მიუხედავად მრავალი მიზეზისა? თბილისში ბევრი ამბობს, რომ გიგი უგულავა არის კაცი არსაიდან, მაგრამ საქმეში უფრო ღრმად ჩახედული ადამიანები ამბობენ, რომ იგი არის კაცი „ვიღაცისგან“ ანუ კაცის კაცი, რომელიც გარკვეული დირექტივებით იმართება და კაცი, რომელსაც ვერავინ ფეხებს ვერ მოსჭამს, მათ შორის, ვერც მიხეილიო. და მაინც, ვინ არის თეთრი პირსახის, ტანადშემცრობილი, მაგრამ ამბიციამომატებული, ბრიყვული გამომეტყველების, დღევანდელი თბილისის მერი? სამღვდელოების წარმომადგნლებს ,,შე ჩემას'' დონეზე რომ ეურთიერთება და ეშმაკთან ძმაკაცობს? 

... გიგი უგულავამ, როცა მიწაზე ვერ ნახა თავისი ადგილი, „ზეცას შეერკინა“ და სასულიერო სემინარიაში, კობა სუბელიანსა და მამუკა ახვლედიანთან ერთად (ეს ორი პიროვნება, მოგვიანებით, მოადგილეებად გაიხადა) სცადა ჭეშმარიტებასთან მიახლოება, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში, პატრიარქის პირადი სტიქაროსანი იყო, თავხედობის მოთოკვა მაინც ვერ ისწავლა და რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთი წირვის შემდეგ, პატრიარქთან მიახლოებულ მანდილოსანს სახეში სთხლიშა, აქაოდა, მის უწმინდესობასთან ასე ახლოს მისვლა მხოლოდ ჩვენ შეგვიძლიაო! ამის გამო (სტიქაროსანი უგულავას ამაზრზენ ქმედებას მრავალი ადამიანი შეესწრო), სტუდენტი გიგი სემინარიიდან გარიცხეს... საკუთარი თავის რწმენა მხოლოდ „თავისუფლების ინსტიტუტში“ იპოვა და „ენჯეოშნიკი“ გიგიც, მთელი სიგრძე-სიგანით წარსდგა საქართველოს მოსახლეობის წინაშე, როგორც პირველი „კმარელი“... 

მას შემდეგ, რაც თბილისის მერად დანიშნა, სააკაშვილმა გიგი მოსკოვს გააგზავნა „გამოცდილების“ მისაღებად და აი, აქ კი, შესაძლოა, სააკაშვილმა დიდი შეცდომა დაუშვა.…რატომ? რატომ და, ტანად და სახით შესახედი უგულავა, მოსკოვური პოლიტელიტისათვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა და თანაც იმიტომ, რომ მის უკეთ წარმოჩინებაზე, რუსეთში მოღვაწე ერთ-ერთმა ქართველმა მილიონერმა იზრუნა, რაც დიდ მიღებასა და პურ-მარილში გამოიხატა! „ვიპიმ ზა ბუდუშეგო პრეზიდენტა გრუზიი“ _ შესთავაზა მილიონერმა მასპინძელმა რუსეთის გავლენიან პოლიტიკოსებს უგულავას, როგორც მომავალი პრეზიდენტის სადღეგრძელო და დარცხვენილი, ლოყებღაჟღაჟა გიგიც თავდახრილი, მაგრამ ბედნიერი იხდიდა მადლობებს ხან მარჯვნივ და ხან _ მარცხნივ! ამის შემდეგ, რამდენიმე დღეში (დაახლოებით, 7-8 დღეში), „ბუდუში პრეზიდენტი“ სამშობლოში დაბრუნდა და კუდში მოიყოლა ზურაბ წერეთლის ერთ-ერთი „შედევრი“, წმინდა გიორგისთან მებრძოლი გველეშაპის ქანდაკება, რომელიც _ არც მეტი, არც ნაკლები _ თავისი კაბინეტის მოპირდაპირედ, თავისუფლების მოედანზე, მაშინდელი მერიის წინ დაიდგა, „კარგი და ღირებული“ მოგონებების აღსანიშნავად! 

დიახ, სწორედ ზურაბ წერეთელმა გამართა დიდი ნადიმი გიგი უგულავას მოსკოვში ჩაბრძანებასთან დაკავშირებით და სწორედ ზურაბ წერეთელმა მიიპატიჟა რუსი და ქართველი გავლენიანი პირები თავის სახლში, „პატარა გიგის“ უკეთ გასაცნობად! 

გიგის მერად არჩევას მთელი ნაცმოძრაობა კი არა, ოპოზიციაც მიესალმა, ხელიც ჩამოართვა ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვებულ სახელისუფლებო კანდიდატს და დემოკრატიული ანტურაჟიც შეუქმნა ქალაქის საკრებულოში, მრავალპარტიულობის თვალსაზრისით. 

თბილისის საკრებულოში შესვლისთანავე, რესპუბლიკურმა პარტიამ დოკუმენტების მთები დააყენა მერიის მიერ, არამიზნობრივად გახარჯული მილიონობით ლარის შესახებ, მაგრამ „კორუფციასთან მებრძოლმა“ სააკაშვილ-მერაბიშვილ-ადეიშვილმა, ისევ სიბრმავის, სიყრუისა და სიმუნჯის პოზა დაიჭირეს... გიგი უგულავა, ამგვარი დუმილით ,,გაგულავებული'', დიდი ცელით ცელავს ქალაქის ისედაც გაღატაკებული ოჯახების ფინანსებს და არც არავისი ეშინია. არა, განა იმიტომ არ ეშინია, რომ გულადი და უშიშარია? არამედ იმიტომ, რომ „კაცის კაცი“ და „საქართველოს მომავალი პრეზიდენტია“. 

... სამარშრუტო ტაქსების ბიზნესიდან, ელიტური კორუფციის წყალობით, ისედაც შედიოდა „წილი“ მერიაში, მაგრამ უკვე დღეს, მერიის სატრანსპორტო განყოფილება თავად ლობირებს ევროპიდან შემოყვანილი „ყვითელი მარშრუტკების“ ბიზნესს და „ვარდების რევოლუციის“ „შთაგონების ერთ-ერთი წყაროს“, ბათუმელი თენგიზ ასანიძის ვაჟთან, დათო ასანიძესთან ერთად, მგზავრობის 80 თეთრის საფასურის გაზრდით, თურმე, ნუ იტყვით და, მხოლოდ ერთ თვეში, 13 მილიონ ლარამდე მოგებასაც ნახულობს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნებისმიერი თბილისელი, საკუთარ სახლში დამპალი ფანჯრის გამოსაცვლელად, ქალაქის მერიაში უნდა მივიდეს და ფანჯრის გამოცვლის ნებართვაშიც 50 ლარი გადაიხადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში (იგულისხმება თვითნებობა), 10 000 ლარით დაჯარიმდება და ეს ფულიც ქალაქის ბიუჯეტის სასარგებლოდ იქნება გადახდილი! მერიის ზედამხედველობის სამსახურში კი _ არც მეტი, არც ნაკლები _ უკვე რიგები დგას... 

... კომუნისტურ ეპოქაში ასფალტს, ხუმრობით, „ჩორნაია იკრას“ ეძახდნენ და ამაში ის იგულისხმებოდა, რომ ამ საქმეში ძალიან დიდი ფული იშოვებოდა! დიახ, „ჩორნაია იკრასა“ და მოპირკეთებით სამუშაოებს არც დღეს დაუკარგავს აქტუალობა პირადი შემოსავლის გაზრდის კუთხით და ვითომ ხალხისთვის დაგებულ ასფალტში, დარგულ ყვავილებში, „გაკრასკულ“ ფასადებში, უზარმაზარ მოგებას ნახულობენ, როგორც უგულავა, ასევე მისი ხელშეწყობით, ტენდერებში „გამარჯვებული“, საეჭვო ფირმების მესვეურებიც''. 

ავსტრიული სკანდალი 

ერთ-ერთი გახმაურებული ამბავი, რომელიც უგულავას მერობას უკავშირდება და რომელმაც საზოგადოების უმეტესობა აღაშფოთა, იმხანად სააკაშვილის მეგობრის, ესე იგი, გიგის მაშინდელი მეუღლის მშობიარობა იყო. კერძოდ, 2011 წელს, ქართულ ბეჭდვურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უგულავას მეუღლის ავსტრიაში მშობიარობა, ქალაქის ბიუჯეტს 12 ათასი ლარი დაუჯდა. 

„დედაქალაქის მერის ქონებრივ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ უგულავას ცოლის მშობიარობა 12 000 ლარი, ხოლო შვილების სწავლა _ 5 555 ლარი დაუჯდა. 

დეკლარაციის მიხედვით, უგულავას ოჯახის საკუთრებაში მხოლოდ ერთი უძრავი ქონებაა _ მისი მეუღლის, ლელა კილაძის კუთვნილი ბინა წყნეთის გზატკეცილზე, რომელიც 50.0 კვ.მ. ფართობისაა. 

მერის ოჯახს საკუთარებაში არ გააჩნია 10 000 ლარზე მეტი ღირებულების მოძრავი ქონება. მერის ოჯახს არც ფასიანი ქაღალდები აქვს საკუთრებაში და არც სამეწარმეო საქმიანობას ეწევა. 

უგულავას ოჯახის წევრებს, შარშან, 500 ლარზე მეტი ღირებულების საჩუქარი არ მიუღიათ. 

დედაქალაქის მერს, დეკლარაციის შევსების მომენტში, თიბისი ბანკის ანგარიშზე, მხოლოდ 185 ლარი ჰქონდა, საქართველოს ბანკში კი _ 10 000 ლარი. მის მეუღლეს, ლელა კილაძეს კი საქართველოს ბანკის ანგარიშზე 14 000 ლარი აქვს. დეკლარაციაში, ლელა კილაძის კუთვნილი ნაღდი ფული _ 5 000 ლარიც არის აღნიშნული. 

რაც შეეხება სახელფასო შემოსავალს, გიგი უგულავამ შარშან, ხელფასის სახით, 92 362 ლარი მიიღო, მისმა მეუღლემ ლელა კილაძემ კი, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კულტურული ღონისძიებების სამსახურის უფროსია, _ 40 023 ლარი'', _ ნათქვამია „ნიუსში“, რომელიც 2011 წლის 10 მაისით თარიღდება. 

სხვათა შორის, მოგვიანებით, თბილისის მერიის მაშინდელმა პრესსამსახურმა ზემოაღნიშნული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ უგულავას მეუღლის ავსტრიაში მშობიარობა დედაქალაქის ბიუჯეტიდან არ დაფინანსებულა. 

ასე იყო თუ ისე, უგულავა ნაცმოძრაობის არამცთუ „რუხი კარდინალი“, არამედ, ის იდეოლოგი გახლდათ, რომელიც მუდამ აქტიურობდა. მეტიც, იგივე 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიან ომში, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, უგულავას, თურმე, ლოგისტიკა ებარა. ამასთან, პერიოდულად ვრცელდებოდა ხმა, რომ თბილისის მერი, სოსო თოფურიძესთან ერთად, საპატრიარქოსთან ურთიერთობასაც ალაგებდა და სინოდის სხდომებსაც ესწრებოდა. 

ბრძოლა ,,ოცნებასთან'' და მიშასთან გამიჯვნა 

უგულავას აქტიურობა არც 2012 წლის არჩევნების შემდეგ შეუწყვეტია, რაც იმას ნიშნავდა, რომ ხალხზე მზრუნველი ოპოზიციონერი ჩინოვნიკის როლი მოირგო და „ოცნებას“ სისხლს უშრობდა. ამ მხრივ კი ყველაზე დასამახსოვრებელი, უგულავას კანცელარიაში მისვლა და მთავრობის სხდომაზე შეჭრა გახლდათ. 

ბოლოს, ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ უგულავა ჯერ მერობიდან გადააყენეს, მერე კი, საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების საბაბით დაიჭირეს. დაკავების დროს, უგულავა ნაცმოძრაობის მერობის კანდიდატის, დავით ბაქრაძის საარჩევნო შტაბის უფროსი გახლდათ. 

არავინ იცის, ციხეში რა მოხდა, მაგრამ სწორედ უგულავა იყო ის პირველი „მერცხალი“, რომელმაც ციხიდან „უსტარი“ აფრინა. „უსტარში“ მიხეილ სააკაშვილი არცთუ თბილად იყო ნახსენები. ეს კი არადა, ტუსაღი უგულავა, უკრაინას თავშეფარებულ მიხეილს ურჩევდა, ნაცმოძრაობის თავმჯდომარეობა დატოვეო. ამავე წერილით ნათელი გახდა, რომ უგულავა პარტიულ ლიდერობაზე უარს ამბობდა ანუ ნაცმოძრაობის ერთ-ერთი რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობიდან გადადგა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ყოფილი მმართველი პარტიის დაშლა-დაქუცმაცება, სწორედ ამ წერილით დაიწყო. 

ციხიდან გამოსვლის შემდეგ, გიგი უგუალვამ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ყოფილი მეგობარი და ლიდერი სააკაშვილი, ჯართს შეადარა და, სხვებთან ერთად, ნაცმოძრაობას გაემიჯნა. დღეს, უგულავა ევროპული საქართველოს ლიდერია და, როგორც ამბობს, ყველაფრის დაწყებას თავიდან აპირებს, თუმცა ნათქვამია, ერთ მდინარეში ორჯერ არ შედიანო. არც იმის პირი უჩანს, რომ პოლიტიკური ღმერთები თბილისის მერყოფილს ისევ გაუღიმებენ და ხელისუფლებაში მოიყვანენ, თუმცა რამის ხელაღებით გამორიცხვა შეუძლებელია. 

სხვათა შორის, მაშინ, როცა თბილისის თავი იყო, უგულავა საკუთარ ფიგურაზეც ზრუნავდა _ იმხანად მთელი თუ არა, ნახევარი თბილისი „უგულავას დიეტაზე“ „იჯდა“. გიგის კილოგრამები საპყრობილემაც დააკარგვინა და მესამე ,,სროკიც'' წონას, ალბათ, კიდევ დააკარგვინებს.…

ნინო დოლიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში