Menu
RSS

კობა ხაბაზი: „ნაციონალურ მოძრაობაში 99% სააკაშვილის ერთგულია!“

რატომ ტოვებენ ყოფილ მმართველ პარტიას წევრები და რას ემსახურება ექსპრეზიდენტისგან „პირადი შტაბის“ შექმნა

პოლიტიკურ კულუარებში აქტიურად საუბრობენ, რომ ნაციონალურ მოძრაობაში მნიშვნელოვანი რყევები დაიწყო. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გრიგოლ ვაშაძესა და ნიკა მელიას შორის, თითქოს კონფლიქტი მოხდა და ყველაფერი ეს იქამდე მივიდა, ვაშაძემ პარტიის თავმჯდომარეობის დატოვებაც კი გადაწყვიტა. მართალია, ამ ინფორმაციას პარტიაში არ ადასტურებენ და ვაშაძეც პარტიის თავმჯდომარის პოსტის დატოვებას კატეგორიულად უარყოფს, მაგრამ როგორც იტყვიან, კვამლი უცეცხლოდ იშვიათად ჩნდება. ყველაფერ ამას კი წინ, ნაციონალური მოძრაობიდან ზაზა ბიბილაშვილის, მარიკა გერსამიასა და ნინო კალანდაძის წასვლა უძღოდა. სამეულმა პარტიიდან წასვლის მიზეზად „ჭავჭავაძის ცენტრში“ გადასვლა დაასახელა. ყოფილი მმართველი პარტია ორი მოწვევის პარლამენტარმა, ჩიორა თაქთაქიშვილმაც დატოვა... ყველაზე მნიშვნელოვანი განცხადება კი მაინც მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა ანუ მან თქვა, რომ ენმ-გან დამოუკიდებლად, „საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში“ შტაბს ხსნის და არჩევნებისთვის საკუთარი პარტიისგან დამოუკიდებლად მოემზადება. აღნიშნული მოვლენების ფონზე, ჩნდება კითხვა _ ხომ არ იშლება, მთავარ ოპოზიციურ ძალად შერაცხული პარტია? ნაციონალურ მოძრაობაში განვითარებულ მოვლენებზე, „ვერსია“ პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, კობა ხაბაზს ესაუბრა.

 

_ ბატონო კობა, ამბობენ, რომ ნაციონალურ მოძრაობაში რყევები დაიწყო. მიხეილ სააკაშვილი საარჩევნოდ ცალკე შტაბს ქმნის ანუ რა გამოდის _ ენმ-დან წასვლას აპირებს? 

_ პარტიაში არანირი დიდი რყევები მოსალოდნელი არაა. პარტია ცოცხალი ორგანიზმია, მუდმივად ხდება განახლება და ცვლილებები ყოველთვის იქნება, რადგან არიან ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საკუთარი მისია შეასრულეს. პარტიაში განახლება ნამდვილად არის, მაგრამ ამასთან, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას კავშირი არ აქვს. 

_ იცით დეტალები, სააკაშვილის შტაბი რა ტიპის იქნება და როგორ იფუნქციონირებს? 

_ ჩემი ინფორმაციით, ეს იქნება ზეპარტიული ტიპის შტაბი, სადაც მხოლოდ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტიური წევრები კი არა, არამედ, სხვა პოლიტიკური ორგანიზაციებიცა და აპოლიტიკური ადამიანებიც იქნებიან ანუ ყველა ის, ვისთვისაც ივანიშვილი მიუღებელია. ივანიშვილის რეჟიმის ძირითადი პრობლემა ეკონომიკური წარუმატებლობა, ქვეყნის კოლაფსი, ან პროპორციული არჩევნების უკან წაღება კი არა, არამედ, ისაა, რომ საქართველოს საკუთარი ხელისუფლება არ ჰყავს! საქართველოს ჰყავს კრემლის, პუტინის მიერ დასმული მარიონეტი ხელისუფლება. ამის ჩამოცილება აუცილებელია და ასეთ დროს, როცა უპირისპირდები კოლაბორაციონისტულ რეჟიმს, იქ გარკვეული განსხვავებები გადადის მეორე პლანზე. არსებითი ის ხდება, რომ კოლაბორაციონისტული რეჟიმი უნდა ჩამოსცილდეს ხელისუფლებას, ასე მოხდა საფრანგეთში და სხვა უამრავ ქვეყანაშიც. არ იქნება სწორი, სხვა პარტიებს ვუთხრათ, შტაბი შეიქმნება ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში და იქ მოდით-თქო. ეს არ იქნება მისაღები ადამიანებისთვის, რომლებსაც არ უნდათ პოლიტიკური კუთვნილება ჰქონდეთ, სწორედ ამისთვის კეთდება საარჩევნო შტაბი ბიბლიოთეკაში, რაც გააერთიანებს ყველა იმ ძალას, რომლისთვისაც რუსეთის მარიონეტული მმართველობა საქართველოში მიუღებელია. 

_ ე. ი. სააკაშვილს სურს, პოლიტიკური გაერთიანების ცენტრად იქცეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართულ პოლიტიკაში ბრუნდება და შესაძლოა, პოლიტიკური გაერთიანების ლიდერი კიდევ გახდეს? 

_ ეს არაა პოლიტიკური გაერთიანება. ესაა შტაბი, რომელიც დააორგანიზებს ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, არასამთავრობო ორგანიზაციასა და სამოქალაქო აქტივისტს, რომლებისთვისაც ივანიშვილის რეჟიმი მიუღებელია. სწორედ ამ ძალების კონსოლიდირებას მოახდენს შტაბი, რომელსაც აქვს მიზანი, ამოცანა და მის შესრულებაზე იქნება ორიენტირებული, სადაც ნაციონალური მოძრაობაც იქნება თავიდან ბოლომდე ჩართული, სხვებთან ერთად. 

_ ამ შტაბში რომ გუბაზ სანიკიძე იქნება, თავად თქვა, კიდევ რომელი ცნობილი სახე შეუერთდება სააკაშვილს საარჩევნოდ? 

_ ეს სპეციალურად გაკეთდა, რადგან გუბაზ სანიკიძისა და სხვებისთვის რომ გვეთქვა, მოდით ნაციონალურ მოძრაობაშიო, შეიძლება, მათთვის და მათი ელექტორატისთვის გარკვეული უხერხულობა ყოფილიყო. გუბაზ სანიკიძე იქნება, რესპუბლიკური პარტია, ძმები ბერძენიშვილები თუ სხვა, ღია არის კარი, დავდგეთ ერთად და დავასრულოთ ივანიშვილის რეჟიმი. 

_ ანუ ამ პლატფორმაზე, ბერძენიშვილებიც მოიაზრებიან? 

_ არ ვიცი, მიდის მოლაპარაკებები. გაჟღერდა იდეა და კარი ღიაა. ერთ პატარა კორექტურას შევიტან თქვენს კითხვაში, როცა თქვით, მიხეილ სააკაშვილი ბრუნდებაო: მიხეილ სააკაშვილის მასშტაბის პოლიტიკური ფიგურა პოლიტიკაში არ ბრუნდება, ის ყოველთვის იყო პოლიტიკური პროცესების ძირითადი წარმმართველი. 

_ თუმცა, შევთანხმდეთ, რომ რამდენიმე წელია, საქართველოდან წასულია და სანამ არ გააკეთა განცხადება, რომ აქტიურად ჩაერთო არჩევნებში, ზოგმა ისიც ვერ გაარკვია, აპირებდა თუ არა ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას, მაგრამ ეს ცალკე თემაა და მოდით, ის მითხარით, ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით, რა ინფორმაციას ფლობთ? ვრცელდება ხმა, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მერაბიშვილი ნაციონალურ მოძრაობაში აპირებს სააქმიანობის გაგრძელებას. ეს სიმართლეა? 

_ ვანო მერაბიშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი, სული და გული იყო და დარწმუნებული ვარ, ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად, ყველაფერს გააკეთებს ივანიშვილის რეჟიმის დასასრულებლად. როცა გამოვა ციხიდან, ალბათ, შეხვდება პოლიტიკურ ლიდერებს, მიხეილ სააკაშვილსაც, ოღონდ ეს არ იქნება პარტიაში ყოფნა-არყოფნის საკითხი. აქ საუბარი იმაზე იქნება, როგორ, რა ფორმებით მოხდეს ვანო მერაბიშვილის რესურსის სრულად გამოყენება ივანიშვილის რეჟიმის დასასრულებლად. 

_ ანუ შესაძლებელია, რომ სააკაშვილმა და მერაბიშვილმა, გაერთიანებული ძალებით იბრძოლონ საარჩევნოდ? 

_ ვანო მერაბიშვილი, ციხეში ყოფნის დროსაც კი, ჩვენთან ერთად იბრძვის ივანიშვილის წინააღმდეგ. ასე რომ, არანაირი ახალი გაერთიანება არ იქმნება, ეს ახლაც ასეა და მომავალშიც ასე იქნება. 

_ ბატონო კობა, ნიკა მელიამ და გრიგოლ ვაშაძემ მართლა იჩხუბეს? 

_ „ოცნების“ ჭორ-მანქანა ცდილობს, ახალი ვერსიები შეთხზას და კატასტროფული, კრიზისული მდგომარეობიდან ისრების გადატანა სხვაგან მოახერხოს. არანაირი კონფლიქტი ბუნებაში არ არსებობს. 

_ კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება, თან ზაზა ბიბილაშვილმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა, მარიკა გერსამიამ და ნინო კალანდაძემ პარტია დატოვეს. ყველაფერი ეს, უბრალო დამთხვევაა? 

_ ძალიან მიყვარს ბიბილაშვილი, გერსამია, კალანდაძეც. ყველას დიდ პატივს ვცემ. ყოველთვის ვფიქრობ, რომ ჩიორა თაქთაქიშვილი არა მხოლოდ მე, არამედ, ყველა ჩვენგანს რაღაცით გვჯობია _ ღირებულებებით, პრინციპებით, ერთგულებით. ჩიორა და ზაზა ბიბილაშვილი, ორი წელია, პარტიულ საქმიანობას ჩამოშორებულნი არიან. ბიბილაშვილმა „ჭავჭავაძის ცენტრი“ შექმნა, რომელშიც ახალი კადრების მოძიება ხდება ანუ ეს ადამიანები ყველაფერს გააკეთებენ უკეთესი საქართველოსთვის, მათთვის პარტიული კუთვნილება აქტუალური მაშინაა, როცა ხედავენ ამის აუცილებლობას. 

ბიბილაშვილი პარტიაში მაშინ მოვიდა, როცა არჩევნებში დავმარცხდით. ისინი არ არიან პარტიულობაზე მიჯაჭვული „ტიპები“ და ამით, გულწრფელად რომ გითხრათ, ჩემს სიმპატიას იწვევენ. 

ღმერთმა დაიფაროს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომ დაემსგავსოს სექტას, ჩაიკეტოს და არ მოხდეს მუდმივი განახლება. 

რაც შეეხება თქვენს ნათქვამს, კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდებაო, ეს ასე მაშინაა, როცა ნორმალურ ადამიანებთან გვაქვს საქმე, ხოლო როცა რუსული „კაგებეშნიკური“ ჭორების მოქმედებების სტრატეგიაზე აგებული პოლიტიკური ორგანიზაცია გიპირისპირდება, ასე არ არის. 

_ თუ ყველაფერი მართლაც ასეა, მაშინ რატომ დასჭირდა სააკაშვილს ხაზი გაესვა, რომ ქმნის პირად შტაბს ანუ ენმ-ს ლიდერებზე გავლენა დაკარგა? 

_ ეს არ არის მისი პირადი შტაბი. ეს არის შტაბი, რომელმაც ძალთა კოორდინაცია უნდა მოახდინოს. 

_ ისე, ოპოზიციის მსგავსი გაერთიანება, ლეიბორისტების ოფისში უკვე ხომ არსებობს? 

_ დიახ, მაგრამ ისიც ხომ პარტიული კუთვნილებაა? 

_ მოკლედ, ერთმნიშვნელოვნად აცხადებთ, რომ სააკაშვილს პარტიაში პრობლემა არ აქვს? 

_ ნაციონალურ მოძრაობას აქვს სპეციფიკური ნიშან- თვისება, აქ არიან ადამიანები, რომელთაც სჯერათ, რომ გზა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის განვითარებისთვის აირჩია, სწორია და აქედან გამომდინარე, მისდამი ერთგულების ხარისხი ძალიან მაღალია. სააკაშვილს რომ ჰქონდეს პარტიაში რაიმე პრობლემა, დამერწმუნეთ, ამის მოგვარება პარტიაშივე იქნებოდა შესაძლებელი. 

_ ამბობენ, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით, პარტიაში ხმები იყოფა. ზოგი ფიქრობს, რომ ის ერთგვარ ტვირთად იქცა ნაციონალებისთვის... 

_ ეს არის „ქართული ოცნების“ ოცნება, რომ პარტიაში ასე იყოს გაყოფილი მოსაზრება. არ დავკონკრეტდები და მინიშნებით ვიტყვი, რომ რამდენჯერმე გადაწყვიტეს მიხეილ სააკაშვილის დისტანცირება პარტიიდან და პარტიის წევრებმა ცალსახად გასცეს ყველას საკადრისი პასუხი. ამ ეტაპზე, პარტიის 99% სააკაშვილის ერთგულია!

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში