Menu
RSS

რატომ დაიწყო კონფლიქტი ირაკლი ოქრუაშვილსა და მიხეილ ქარელს შორის

ყოფილი მეგობრების კონფლიქტის ანატომია

აქამდე მხოლოდ თეორიულად იყო ცნობილი, რომ პოლიტიკაში არც მუდმივი მეგობრები არსებობენ და არც _ მტრები. ამასთან, ისიც ვიცოდით, რომ პოლიტიკოსების მეგობრობა ჩვეულებრივი ფარსია და მეტი არაფერი. ჰოდა, როგორც ყველა თეორია, ამ დღეებში, ესეც დამტკიცდა ანუ შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ ქარელი, თავის „ძმადნაფიცს“, ირაკლი ოქრუაშვილს, რომელიც წინა ხელისუფლებაში, სხვადასხვა დროს, გენერალური პროკურორის, ასევე, შს და თავდაცვის მინისტრების პოსტებს იკავებდა, უპირისპირდება.

ოქრუაშვილსა და ქარელს შორის დაპირისპირება და უთანხმოება ახლა არ დაწყებულა და ამ „მტრობას“ საფუძველი რამდენიმე წლის წინ ჩაეყარა, თუმცა ამჯერად, საქმე გაცილებით რთულადაა, რაც იმას ნიშნავს, რომ რობაქიძის საქმეში _ არც მეტი, არც ნაკლები _ ქარელის ჩვენება ფიგურირებს, რომლის თანახმადაც, ცნობილი ხდება, რომ შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი, რობაქიძის საქმეში, „ოქროს“ თანამონაწილეობას ადასტურებს, უფრო კონკრეტულად, ამბობს, რომ ოქრუაშვილი რობაქიძის საქმის გაყალბებას ცდილობდა. 

მიმდინარე წლის 29 იანვარს, ქართულმა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამი იყო: 

„ბუტა რობაქიძის საქმეზე, ირაკლი ოქრუაშვილისთვის შეფარდებული პატიმრობა ძალაში რჩება. ეს გადაწყვეტილება მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მიიღო, რომელსაც ოქრუაშვილი და მისი ადვოკატი არ ესწრებოდნენ. 

 

ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა სხდომის დატოვებამდე პროცესის გადადება ითხოვა ბრალდებულთან პოზიციის ჩამოყალიბების მოტივით, თუმცა მისი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. ამის შემდეგ, ადვოკატმა სასამართლოს დარბაზი დატოვა. პროცესი 10 თებერვლისთვის გადაიდო. 

სხდომის გადადების შემდეგ, ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად ბრალდებულის, ძებნილი ზურაბ ადეიშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ, პროკურატურას მტკიცებულებები არ აქვს. ადვოკატის, სულხან კომახიძის თქმით, ადეიშვილის წინააღმდეგ ჩვენებებს მხოლოდ ორი მოწმე აძლევს, ამ საქმეზე ბრალდებული, დიდუბე-ჩუღურეთის ყოფილი პროკურორი, ირაკლი წერეთელი და ყოფილი გამომძიებელი, ნიქაბაძე. 

ამასთან, დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ, საქმის ერთ-ერთმა პროკურორმა, დავით ნეფარიძემ დაადასტურა ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გავრცელებული განცხადება, რომლის მიხედვითაც, ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცა მიხეილ ქარელმა (საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში 2004–2007 წლებში), რომელმაც საგამოძიებო უწყებას თავისი ინიციატივით, განცხადებით მიმართა და დაკითხვა ითხოვა. 

აღნიშნულ საქმეზე, ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს, პროკურატურამ 2019 წლის 19 ნოემბერს წაუყენა ბრალი. გამოძიება მათ ბუტა რობაქიძის და მასთან ერთად ავტომანქანაში მყოფი პირების მიმართ, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება''. 

რაც შეეხება ქარელისა და ოქრუაშვილის კონფლიქტს, ამის თაობაზე, როგორც ვთქვი, პირველი ინფორმაცია რამდენიმე წლის წინ გავრცელდა. შარშან, ზაფხულში კი ქარელმა, ყოფილ მეგობარს უზნეო უწოდა. 

„ვავრცელებ განცხადებას, რათა საზოგადოებისთვის უფრო ნათელი გახდეს ინფორმაცია იმ ფაქტებზე, რასაც მე ვფლობ ირაკლი ოქრუაშვილის მიერ, „რუსთავი 2“-ის ხელში ჩაგდების მიზნით, ქიბარ ხალვაშის ხელმოწერის გაყალბებასთან დაკავშირებით. 

წლების წინ, რაც მე პოლიტიკიდან წავედი და ქვეყნიდან წასვლა მომიწია, ძალიან დიდ ხანს არ ვჩანდი საქართველოს პოლიტიკურ, თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამ პერიოდის განმავლობაში, იმდენი რამ გადავიტანეთ მეც და ჩემმა ოჯახმაც, ჩრდილში ყოფნა ვამჯობინე, თუმცა ვფიქრობ, დღეს უკვე გაჩუმების მორალური უფლება არ მაქვს. რაც დღეს ხდება და რასაც ირაკლი ოქრუაშვილი კადრულობს, ყველანაირ ზღვარს სცდება. 

იმ წლებში, როდესაც მე ოქრუაშვილთან დაახლოებული პირი ვიყავი, იმდენად ფოკუსირებული ვიყავი საქმეზე და ისეთი პოლიტიკური ტემპი იყო ქვეყანაში, რომ ისეთი დეტალები, როგორიც პიროვნების ადამიანური მხარეებია, ჩაიკარგა იმ რიტმში, რასაც ბუნებრივია, დღეს ძალიან განვიცდი და ვხვდები, რომ ისეთი დაბალი ზნეობის ადამიანი, როგორიც ოქრუაშვილია, არ იმსახურებდა არავის მეგობრობას და ერთგულებას. ის მაშინ იყო პოლიტიკურ ზენიტში და არ ჰქონდა ძალაუფლების კრიზისი, შესაბამისად, კრიტიკულ სიტუაციებში, მე ის არასოდეს მყავდა შეფასებული. მას შემდეგ კი, როდესაც ის ძალაუფლების ზენიტიდან ასე დაეცა, ქართულმა საზოგადოებამ ბევრჯერ ნახა მისი მორალური და ზნეობრივი დაცემაც. 

მე არასოდეს მისაუბრია, რა გახდა ოქრუაშვილზე ჩემი შეხედულების რადიკალურად შეცვლის მიზეზი (ეს ის პერიოდია, როდესაც ორივე დევნილობაში ვიყავით), ამჯერადაც თავს შევიკავებ. ერთი რამ შემიძლია განვაცხადო სრული პასუხისმგებლობით – ირაკლი ოქრუაშვილი იმაზე ბევრად უფრო ბინძური და უზნეოა, ვიდრე ჩანს; ირაკლი ოქრუაშვილი ყველაფერს იკადრებს გამორჩენის მიზნით; ირაკლი ოქრუაშვილის სტილია სამარცხვინო ჭორაობა და ბინძური მეთოდებით მანიპულირება. 

მისი ყოვლისშემძლეობის დღეს აღარავის სჯერა, პირადად ჩემთვის კი, ეს მითი, მის ცნობილ სატელევიზიო ჩვენებამდე ადრე დაინგრა. 

რაც შეეხება იმ ე.წ. ხელშეკრულებას და ხელმოწერებს, რომელსაც ოქრუაშვილი აქვეყნებს და რის საფუძველზეც, „რუსთავი 2“-ის საკუთრებაზე პრეტენზიას აცხადებს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ შანტაჟი და მისი მხრიდან მორიგი სარგებლის ნახვის მცდელობა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ეს ხელმოწერები მას გაყალბებული აქვს. როდესაც სატელევიზიო ეთერით ოქრუაშვილის გამოქვეყნებული ფურცლები ვნახე, მაშინვე აღვიდგინე ის დღე, როდესაც მან პარიზში, ქიბარ ხალვაშის ხელმოწერის ნიმუში მოიტანა და იქ მყოფ მის ახლობელ ადამიანებს სთხოვა, კარგად დაკვირვებოდნენ და დაეკოპირებინათ სხვა ფურცლებზე. მათ დიდი ხნის განმავლობაში ივარჯიშეს კიდეც და როგორც ჩანს, ახლა ოქრუაშვილს, სწორედ იმ გაყალბებული ხელმოწერებით სურს, „რუსთავი 2“-ის ხელში ჩაგდება. ეს პრაქტიკა მას არაერთხელ გამოუყენებია და არაერთხელ უცდია სხვისი ქონების მითვისება გაყალბებული ხელმოწერებისა და ცრუ ჩვენებების მიცემის გზით. 

და ბოლოს, მრავალი წელი, რაც დევნილობაში გავატარე, საქართველოში მიმდინარე პროცესებს გულისტკივილით ვადევნებდი თვალს. ბევრი წელი ვიყავი ჩუმად და არ ვჩანდი, თუმცა ჩემს სამშობლოზე ფიქრი არასოდეს შემიწყვეტია. 

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, არავითარი პოლიტიკური ინტერესი არ მამოძრავებს და ამ კუთხით, არანაირი აქტივობა გეგმაში არ მაქვს. მრავალწლიანი სიჩუმის შემდეგ, დღეს თავს ვალდებულად ვთვლი, ვამხილო ირაკლი ოქრუაშვილის ავანტიურა და იმისთვის, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინოს, მზად ვარ ჩვენების მისაცემადაც. 

ერთი მხარეა სამართლებრივი, რაზეც მე განვაცხადე, რომ მზად ვარ გამოძიებასთან ვითანამშრომლო სიმართლის დასადგენად, მაგრამ მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ დაბინძურებულ პოლიტიკაში, უარესად დაბინძურებული აზროვნებით და ხერხებით არ შემოვიდეს ოქრუაშვილი, რომლისთვისაც მორალი არაფერში არ არსებობს და მითუმეტეს პოლიტიკაში“, – ნათქვამია მიხეილ ქარელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც 2019 წლის 24 ივნისით თარიღდება. 

გაცილებით ადრე კი ქარელი ამტკიცებდა, რომ ოქრუაშვილი მას მოკვლით ემუქრებოდა. ერთ-ერთი ქართული ბეჭდვური გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში, ყოფილი გუბერნატორი იმის შესახებაც საუბრობდა, თუ რატომ „გადაეკიდა“ ოქრუაშვილი და ასევე, იმასაც იხსენებდა, თუ ვისი ხლშეწყობით დაინიშნა გუბერნატორად: 

„ჩვენი უთანხმოება რამდენიმე წლის წინ დაიწყო, რისი საფუძველიც ოქრუაშვილის უღირსი ქმედებები იყო. ამ ადამიანს არ შეუძლია რეალობის აღქმა. ყოველთვის მზად იყო, პირადი ინტერესების სანაცვლოდ, სამშობლოც კი გაეყიდა. ოქრუაშვილის სიბეცით, ათეულობით ადამიანი იქცა დევნილად და ათეულობით ადამიანი მოხვდა ციხეში, რომლებიც არც იქ მოუკითხავს და ციხიდან რომ გამოვიდნენ, მაშინაც არ დაურეკავს. ეს ადამიანები ნაწამები არიან, მათ დენზე აერთებდნენ, ჯანმრთელობა შერყეული აქვთ და საჭიროებენ მკურნალობას. ეს ბიჭები ცდილობდნენ ოქრუაშვილთან დაკავშირებას, მაგრამ ის თავს არიდებს. 

ერთ-ერთ ინტერვიუში, ოქრუაშვილმა აღნიშნა, რომ 40 ოჯახს ინახავდა, რაც სრული სიცრუეა. დაასახელოს ერთი ოჯახი მაინც, ვისაც ის ინახავდა, გარდა მის გარშემო მყოფი კრიმინალური ბანდისა, რომელთა გამოყენებით, საკუთარი ბინძური მიზნების რეალიზებას ახდენდა. ოქრუაშვილისთვის მეგობრობა არ არის მნიშვნელოვანი, მისთვის მეგობარი უბრალო ნივთია. ეს „ნივთი“ თუ კი ოდესმე დაზიანდა მისი უგუნური საქციელით და თუ რაიმე პრობლემა შეექმნა, მისთვის ღირებული აღარაა და მოშორებაზე ფიქრობს. 

არ მგონია, ოქრუაშვილმა მუქარა სისრულეში არ მოიყვანოს. უშუალოდ ის ამას ვერ შეძლებს, რადგან ლაჩარია. 

ამბობდა, მოვა დრო, სააკაშვილს თვალებში ჩავხედავო, მაგრამ მან ეს ვერ შეძლო. მეტიც, საქართველოში დაბრუნებულმა ოქრუაშვილმა, სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, ერთი განცხადების გაკეთებაც კი ვერ გაბედა. 

ახალი ხელისუფლების მიმართ უმადურმა ოქრუაშვილმა კი მადლიერების ნაცვლად, რომ საქართველოში დაბრუნების შანსი მიეცა, ირონია არ დაიშურა. 

ოქრუაშვილი იმდენად დახვეწილად თამაშობდა ფარისევლის როლს, რომ ამის შესახებ საფრანგეთში შევიტყვე. ჩემზე და ჩემი მეგობრების მხრებზე გადავიდა მისი გადეპუტატება, როდესაც 2003 წელს, გორის მაჟორიტარი გახდა. არჩევნების დამთავრების შემდეგ, საფრანგეთში ვაპირებდი წასვლას სწავლის გასაგრძელებლად, მაგრამ რევოლუცია მოხდა, ოქრუაშვილმა მთხოვა, არ მიმეტოვებინა. 

სააკაშვილმა თავად დამირეკა, გუბერნატორად დაგნიშნავო. ეს გახდა ჩემი საქართველოში დარჩენის მიზეზი. ვთვლი, რომ ეს იყო უდიდესი შეცდომა''. 

მართალია, ქარელი საკუთარ აღზევებაში „ოქროს“ როლს კატეგორიულად გამორიცხავს, მაგრამ ყველამ იცის, რომ ეს, მინიმუმ, ტყუილია. შესაბამისად, წლების წინ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მოვიდოდა დრო და ქარელი იმ ადამიანს „დაარტყამდა“, რომელმაც „კაცად აქცია“, მაგრამ ჭაბუა ამირეჯიბის გმირის, დათა თუთაშხიას თქმის არ იყოს _ ვისაც ჩავაცვი, იმან გამხადაო. 

ჰოდა, ქარელისა და ოქრუაშვილის შემთხვევაშიც, როგორც ჩანს, ზუსტად ასე მოხდა, თორემ რეალურად რომ ვთქვათ, ოქრუაშვილის გარეშე, ქარელი არასოდეს არავინ ყოფილა და მაშინაც კი არ ბრწყინავდა, როცა გუბერნატორის თანამდებობა ეკავა. ერთადერთი, რითაც ქარელმა მაშინ თავი დაგვამახსოვრა, უცნაური რუსული იყო ანუ გუბერნატორი კაცი, რუს ოკუპანტებს გაურკვეველი რუსულით ესაუბრებოდა და ეუბნებოდა, „განბაჟუიტეო“. 

იმას, რომ ქარელი პირდაპირ ოქრუაშვილზე იყო მიბმული, ერთი გარემოებაც მოწმობს: 2007 წლის ნოემბრის მოვლენებამდე, რაც „ოქროს“ დაჭერით დასრულდა, გისოსებს მიღმა ქარელიც აღმოჩნა. უფრო კონკრეტულად, ქარელი ოქრუაშვილამდე დაიჭირეს. 

2007 წლის 23 სექტემბერს, ქართული ინტერნეტპორტალი „სივილ ჯორჯია“ იუწყებოდა: 

„შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ ქარელი, დღეს, დილით დააპატიმრეს, როდესაც ის საქართველოდან გაქცევას ცდილობდა, _ ამის შესახებ განაცხადა გენპროკურორის მოადგილემ, ნიკა გვარამიამ. 

მისი თქმით, ქარელი ბრალდებულია მექრთამეობასა და უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში. საქმე ეხება გორის მუნიციპალიტეტის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი საწარმოს საქმიანობას, საიდანაც გვარამიას თქმით, ყოფილი გუბერნატორი საწარმოს მოგების 50%-ს ითვისებდა.

გვარამიამ აღნიშნა, რომ პროკურატურა სასამართლოს ქარელისთვის წინასწარი ორთვიანი პატიმრობის შეფარდების თხოვნით მიმართავს''. 

რის გამო დაიწყო მტრობა ირაკლი ოქრუაშვილსა და მიხეილ ქარელს შორის? _ ამ თემაზე საინტერესო მოსაზრებები აქვს საფრანგეთში მოღვაწე ქართველ ჟურნალისტ გიორგი ფოფხაძეს, რომელთანაც ინტერვიუ, რამდენიმე დღის წინ, საინფორმაციო სააგენტო „თაიმერმა“ გაავრცელა: 

„ირაკლი ოქრუაშვილი არა მარტო მეგობარია, ის ჩემი შვილის ნათლიაცაა. ნათელ-მირონები ვართ და ოჯახებით ვახლობლობთ. რა თქმა უნდა, ვიცნობ მიშა ქარელსაც, რომელზეც ირაკლი ოქრუაშვილს ძალიან დიდი ამაგი აქვს _ დაწყებული მისი გუბერნატორად დანიშვნით, დამთავრებული საფრანგეთში ჩამოსვლის ორგანიზებით. მიშამ საფრანგეთში პოლიტიკური თავშესაფარი ირაკლის დახმარებით მიიღო. უჰ, რამდენი რამის გახსენება შეიძლება ამ თემაზე, მაგრამ ეს მერე გავაკეთოთ, როცა ირაკლი ციხიდან გამოვა. 

ქარელი ირაკლის სახლში ცხოვრობდა და მის ოჯახში ყველაზე მიღებული ადამიანი იყო. ქარელს ირაკლის მშობლები საკუთარი შვილივით უვლიდნენ და პატივს სცემდნენ. არ ვიცი, ქარელი ირაკლის რატომ გადაემტერა. 

ერთხელ, ირაკლისთან, სუფრასთან ვისხედით და შეზარხოშებულებს საქართველოს სადღეგრძელოზე, საქართველოში დაბრუნებაზე, სხვადასხვა აზრი გაგვიჩნდა, ვიკამათეთ (ისე, რომ იცოდეთ, მე და ირაკლი სულ ვკამათობთ და ვჯიჯღინებთ, მაგრამ არც მე ვარ ის კაცი, ვინმე პირში ვაქო და არც ოქრუაშვილია ასეთი). ჰოდა, ეს ჩვენი მიშა ქარელი გაიბუტა, გვეჩხუბა. აგინა ოქროაანთ ირაკლის, არც ეს დარჩა ვალში... მიშა ადგა და გაიქცა. ვიფიქრეთ, გამოფხიზლდება და გაუვლისო, მაგრამ არ ვიცი, ყველაფერი ეს რატომ ჩაიხვია და აღარ მობრუნებულა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ოქრუაშვილ-ქარელის განშორება სრულიად ბანალურად მოხდა. ირაკლის, მეც და იმ სუფრასთან მყოფ სხვა ბიჭებსაც არაერთხელ შეგვითვლია ქარელისთვის, ის, რაც გააკეთა, რატომ გააკეთა, მაგრამ პასუხი ერთხელაც არ მიგვიღია, გაწყვიტა კაცმა ჩვენთან ურთიერთობა და მორჩა... 

ირაკლი მიშას ძალიან ენდობოდა, მაგრამ არ შეიძლება იმის დაშვება, რომ ადგა და სადღაც რესტორანში მოუყვა, ბუტა რობაქიძის საქმე როგორ უნდა გაყალბებულიყო და მიშას რა როლი უნდა ეთამაშა ყველაფერ ამაში. სხვათა შორის, თუ ასე მოხდა, მაშინ ქარელია გასასამართლებელი დანაშაულის დაფარვის მუხლით, აქამდე იცოდა და არ თქვაა? _ ეს უკვე სერიოზული კრიმინალია, მაგრამ რაც არ ყოფილა, რას მოყვებოდა. 

ჩემთვის, მართლაც, ამოუცნობია, რატო ყვება ქარელი ამ ზღაპრებს. ერთ პატარა დეტალს გავიხსენებ: ირმა ინაშვილმა და დათო თარხან-მოურავმა, ბრიუსელში ჩამოიყვანეს „ნაცების“ რეჟიმის დაზარალებულები, მათ შორის, როინ შავაძის ქვრივი, ვახო მაისაიას მუღლე და ქალბატონი ია მეტრეველიც. ეს შეხვედრები საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ევროსტრუქტურებში და მერე, პრესკონფერენცია ბრიუსელის საერთაშორისო პრეს-კლუბში მე მოვამზადე და მოვაწყვე. ჰოდა, მაშინ გვქონდა მე და ქალბატონ იას იმ თემაზე საუბარი, რასაც ახლა ირაკლი ოქრუაშვილს ედავებიან. 

ჩვენი საუბრის შემდეგ, ჩავჯექი მანქანაში, წავედი ირაკლი ორუაშვილთან და ვუთხარი, ირაკლი, თუ შენ რამე შეხება გქონდა ბუტას მკვლელობასთან, ჩათვალე, რომ ამ წუთიდან ჩვენი მეგობრობა და ნათელ-მირონობაც დასრულებულია-მეთქი. მიპასუხა, ქალბატონ იას წერილს მივწერ და რაც ახლა ჩვენ ვილაპარაკეთ, იმას მოვუყვებიო. ვიცი, რომ ეს წერილი ნამდვილად მისწერა და ქალბატონმა იამაც მიიღო. 

რაში უნდა დასჭირვებოდა ირაკლი ოქრუაშვილს მიშა ქარელის დახმარება, ვერ ვხვდები, ქარელი, რა, გამომძიებელი იყო, პროკურორი, გენერალური ინსპექციის წარმომადგენელი, თუ სასამართლოს ექსპერტი? ამიტომ, რასაც მიშა ყვება, სრული ბოდვაა! თუ რამის გაყალბება უნდოდა ოქრუაშვილს, მთელი სახელმწიფო მანქანა ჰქონდა ამის გასაკეთებლად და ეს ის პერიოდია, „ნაცებს“ ცა ქუდად რო არ მიაჩნდათ და დედამიწა _ ქალამნად. ასე რომ, ვისი ტიკი-ტომარა იყო მიშა ქარელი?! 

... როდესაც ეროსი კიწმარიშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი და ქიბარ ხალვაში გერმანიში შეხვდნენ და ის ცნობილი ხელშეკრულება გააფორმეს, რაზეც დღეს კამათი და გამიშვი-გამატარეა, მიშა ქარელი უკვე გაქცეული იყო ირაკლი ოქრუაშვილის სახლიდან. ამიტომ, ძალიანაც რომ სდომებოდა, მიშა ქარელი იმას ნახავდა, რასაც ბჟოტიალობს, რომ თურმე, ოქრუაშვილი ვიღაცებს ავარჯიშებდა ქიბარის ხელმოწერის გაყალბებაში. არა, ეს უკვე სასაცილოც აღარაა! არ და ვერ ჩავერევი ქიბარისა და ირაკლის საქმეში და არც მაქვს ამისი უფლება, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი: ის, რაზეც შეთანხმდნენ ირაკლი, ქიბარი და ეროსი, ამ დოკუმენტის ერთი ასლი ოქრუაშვილმა და კიწმარიშვილმა პარიზში ადვოკატებსაც დაამოწმებინეს. ეს ნამდვილად ვიცი და მახსოვს, მაგრამ რა წერია ამ დოკუმენტში, რატომ, რისთვის ან ვისთვის, ეს არ ვიცი და არც დავინტერესებულვარ''.

ნინო დოლიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში