Menu
RSS

ზვიად ძიძიგური: „ოცნების“ ლანძღვა-გინებას არ ვაპირებ!“

რა გეგმები აქვს და უშვებს თუ არა ნაციონალების ხელისუფლებაში დაბრუნებას უმრავლესობის ყოფილი წევრი

 

2020 ნაკიანი წელიწადია, რაც იმას ნიშნავს, რომ გაზაფხული ერთი დღის დაგვიანებით მოვა, თუმცა უკვე ჩანს, რომ პოლიტიკურად საკმაოდ მწვავე და დაძაბული იქნება. ვითარება ასეთია: მართალია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კარსაა მომდგარი, მაგრამ პოლიტიკური სპექტრი ჯერჯერობით პოლარიზებულია ანუ ერთ მხარეს „ქართული ოცნებაა“, მეორე მხარეს კი _ ნაციონალური მოძრაობა, თავისი განაყარი თუ შეზრდილი პარტიებით. ამიტომ საინტერესოა, რა გეგმები აქვთ ე.წ. შუაშისტურ პარტიებს, ესე იგი, მათ, რომლებსაც არც ნაციონალებთან უნდათ და ვეღარც „ოცნებაში“ ხედავენ საკუთარ ადგილს. ერთ-ერთი ასეთი კონსერვატიული პარტიაა, რომლის ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა, საპარლამენტო უმრავლესობა პროტესტის ნიშნად, პროპორციული არჩევნების ჩაგდების გამო დატოვა. ძიძიგური იმ პოლიტიკოსთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც პოლიტიკაში ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან ფიგურირებს, ამიტომ გამოცდილების გათვალისწინებით, საინტერესოა, რა გეგმები აქვს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოს მთავარ კონსერვატორს? _ „ვერსია“ ზვიად ძიძიგურს ესაუბრა.

_ ბატონო ზვიად, როგორ პოლიტიკურ გაზაფხულს ელოდებით? 

_ ძალიან დაძაბულს. ვფიქრობ, „ქართული ოცნების“ მთავარი შეცდომა, სწორედ ეს იყო. საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც 6 თვის წინ დაანონსდა და რომელსაც საქართველოს შიგნით თუ გარეთ, ყველა რანგისა და დონის შეხვედრაზე მხარს გულმხურვალედ უჭერდნენ, კონსტიტუციაში აუცილებლად უნდა ასახულიყო, მაგრამ ეს არ მოხდა და სწორედ ამიტომ მივიღეთ სურათი _ ყველა ერთის წინააღმდეგ. ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, პრაქტიკულად, არ დარჩა მოკავშირე „ქართული ოცნებას“, რომელიც წინასაარჩევნოდ, მისი მხარდამჭერი იქნება. ჩვენც, კონსერვატორების ერთმა ნაწილმაც მივიღეთ უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილება, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ჩვენც ავიღეთ პასუხისმგებლობა მოსახლეობასთან, პოლიტიკურ პარტიებსა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ საარჩევნო სისტემას შევცლიდით და რადგანაც ეს ჩავარდა, დავტოვეთ უმრავლესობა. ამით უარი ვთქვით თამაშის იმ წესზეც, რაზეც მოგვიწია შეჩერება ანუ შევთანხმდით, ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს და ვთქვით, რომ გადავდივართ პროპორციულზე და უცებ, ერთ მშვენიერ დღეს, იმ უმრავლესობამ, რომელთანაც შეთანხმებულნი ვიყავით, პირობის შესრულებაზე უარი განაცხადა. ასეთი თამაშის წესები ჩვენთვის მიუღებელია. ამიტომ დავტოვეთ უმრავლესობა და ვფიქრობ, სწორედ ესაა მთავარი შეცდომა, რომ ახლა ის პოლიტიკური სტაბილურობა, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავარი მონაპოვარი იყო, დარტყმის ქვეშ დადგა და ყველა ნიუანსს, დეტალს ოპოზიცია იყენებს, რათა ხელისუფლების მიმართ, თავდასხმისა და კრიტიკის რეჟიმში იყოს. 

_ თქვენც ფიქრობთ, რომ პროპორციულის ჩაგდება ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაა? 

_ ერთ ისტორიას მოგიყვებით: პროპორციული არჩევნების თემა დღეს არ დაწყებულა, ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა იყო სამტრედიის რკინიგზის ცნობილ აქციასთან დაკავშირებით, რომლის გამოც, ლამის მოღალატედ გამომაცხადეს. მაშინ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, კომუნისტებისგან პროპორციულ არჩევნებს ითხოვდა. სწორედ ამიტომ მოხდა 30 წლის წინ რკინიგზის ბლოკირება და მიხაროდა, რომ ის, რაც 30 წლის წინ, ზვიად გამსახურდიამ ნაწილობრივ მოიპოვა, ახლა სრულად იქნებოდა განხორციელებული. ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი, რაც ვერ მოახერხა ვერც ერთმა ხელისუფლებამ და ნამდვილად ამაყი ვიყავი, რომ ხელისუფლება, რომლის წარმომადგენელიც გახლდით, მზად იყო, პროპორციული 2024-ის ნაცვლად, 2020 წელს ჩაეტარებინა. უპრინციპულესი თემაა, ვინაიდან სხვაგვარად, პოლიტიკური მინდვრის პარტიული დივერსიფიკაცია არ მოხდება. ახლა კი ისევ პოლარიზებული არჩევნები გველოდება, რაც იმას გულისხმობს, რომ მთავარი მოთამაშეები, ისევ ნაციონალური მოძრაობის ორი ფრთა და „ქართული ოცნება“ იქნებიან. ეს მაშინ, როცა სავსებით შესაძლებელი იყო, რომ 10-ზე მეტი პარტია შესულიყო პარლამენტში და მეტად განვითარებულიყო, რაც პოლიტიკური კულტურის ასამაღლებლადაა საჭირო. 

_ ბატონო ზვიად, ივანიშვილზე გკითხეთ და არ მიპასუხეთ... 

_ არ ვიცი, რა და როგორ იყო. რაღაც ჭორები მაქვს მოსმენილი, მაგრამ ამის გამეორებას არ ვაპირებ. იმის აღნიშვნა მინდა, რომ მთავარი რეპუტაციული ზიანი ამ საქმისგან ბიძინა ივანიშვილმა მიიღო, რაც ვფიქრობ, არაფერში სჭირდებოდა არც მას და არც „ოცნებას“, ვინაიდან პროპორციული არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, პირველ ადგილზე გასულ პარტიას გაცილებით მეტი შესაძლებლობა ექნებოდა, რომ კოალიცია ჩამოეყალიბებინა. ამიტომ, პრაგმატულად და პოლიტიკურად, პრინციპული შეცდომა იქნა დაშვებული. 

_ წეღან თქვით, საარჩევნოდ, ისევ „ოცნებისა და ნაციონალების ბანაკებად დაყოფილი, პოლარიზებული ველი გვექნება. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, რას აპირებთ საარჩევნოდ, გაერთიანდებით თქვენი იდეოლოგიის პარტიებთან, თუ დამოუკიდებლად გამოხვალთ? 

_ ამ თემასთან დაკავშირებით, ჩვენს პარტიაში ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს. როცა დავასრულებთ, ჩვენი მთავარი კომიტეტი მიიღებს გადაწყვეტილებას და გავასაჯაროვებთ. 

_ თუ ამგვარ გაერთიანებას შექმნით, ვის მოიაზრებთ თქვენს გვერდით, ან ვინაა ისეთი, ვისთანაც არ ითანამშრომლებთ? 

_ ამ თემაზეც კონსულტაციები მიმდინარეობს, ამიტომ ნება მიბოძეთ, საუბარი მომავლისთვის გადავდოთ. 

_ იცით, ამას რატომ გეკითხებით? 2019 წლის სექტემბერში, როცა ჯერ კიდევ ყველას გვქონდა იმედი, რომ პროპორციულ სისტემაზე გადავიდოდით, ამბობდით, ჩემი პარტია დამოუკიდებლად აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, რადგან ეს „ოცნების“ კონსერვატიული ფრთააო. გეგმები შეგეცვალათ? 

_ დიახ, ცალკე მივიღებდით მონაწილეობას, ვინაიდან პროპორციულზე გადასვლის შემთხვევაში, პოლიტიკური ბლოკები არ იყო. არ დაგვიმალავს, რომ „ოცნებასთან“ დაფუძნების დღიდან ვიყავით. უფრო სწორად, „ქართული ოცნება“ მას შემდეგ დაფუძნდა, რაც ბიძინა ივანიშვილმა კოალიცია შექმნა და კონსერვატორები უფრო ადრე ვიყავით იმ დიდ ოპოზიციურ გაერთიანებაში, ვიდრე პარტია „ქართული ოცნება“ ჩამოყალიბდებოდა. ამიტომ, ამ 8 წლის განმავლობაში ვცდილობდით, გუნდის შიგნით დაგვეფიქსირებინა ჩვენი პარტიის მსოფლმხედველობის შესაბამისი პოზიციები ანუ კონსერვატიული, პატრიოტული, ეროვნული თემები იყო ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი. ახლა კი, როცა პარტია ახალი რეალობის წინაშე დადგა, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, მოგვიანებით მოგახსენებთ. 

მოკლედ, უბრალოდ, გული მწყდება, რომ იყო შესაძლებელი, 2020 წლის არჩევნები მშვიდ, წყნარ ვითარებაში ჩატარებულიყო, ყველა პარტიას ამომრჩევლის მხარდაჭერის შესაბამისი ხმა აეღო და შემდეგ, დაკომპლექტებულიყო ახალი პარლამენტი, რომელიც გაუძღვებოდა ქვეყნის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ მოხდა. 

_ მაინც, ვის და რატომ არ აწყობდა მრავალპარტიული პარლამენტი? 

_ ამის ახსნა რომ მომესმინა თუნდაც ერთი ადამიანისგან, ვინც გამოდის „ოცნებიდან“ და ამაზე ლაპარაკობს, სიამოვნებით მივიღებდი, რადგან პროპორციული არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ იყო ცალსახა ფავორიტი... ის ფინანსური რესურსი, რაც „ოცნებას“ აქვს, არც ერთ პარტიას არ გააჩნია. მოკლედ, ის იყო უდავო ფავორიტი, დღეს კი მივიღეთ ის, რომ ყველა თავს ესხმის „ოცნებას“ და ეს არაა ნორმალური მდგომარეობა. როგორ წარმოუდგენია „ოცნებას“, მაჟორიტარებმა როგორ უნდა იმუშაონ ოლქებში, ასეთ პოლიტიკურ ვითარებაში, როცა მუდმივი გნიასი, თავდასხმის რეჟიმი და დაძაბულობა იქნება? ისევ გადავედით რადიკალურად დაპირისპირებული ორი პოლუსის საარჩევნო რეჟიმში. ახლა 2012 წელი არ არის და ვერავინ იტყვის, ვის შეიძლება, წარმატების იმედი ჰქონდეს. ყოველ შემთხვევაში, „ოცნების“ 2012 წლისა და დღევანდელი პოზიციები ერთმანეთისგან საკმაოდ სერიოზულად განსხვავდება. 

_ ანუ რეალურად მიგაჩნიათ, რომ შეიძლება, ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში დაბრუნდეს? 

_ როცა პოლიტიკურ მინდორზე მხოლოდ ორი მოთამაშე რჩება, ერთი ვერასდროს მოიგებს ანუ როცა ის პირველი მოთამაშე წააგებს, მეორე მოდის. თუ გავითვალისწინებთ სხვა პარტიების მიმართ გატარებულ პოლიტიკას, ეს ნიშნავს, რომ შანსს აძლევ ისევ ნაციონალურ მოძრაობას. როცა „ოცნებაში“ მეუბნებიან, იმიტომ არ დავუჭირეთ პროპორციულ არჩევნებს მხარი, რომ ნაციონალური მოძრაობა მობრუნდებოდა, მე პირიქით ვამბობ _ ახლა არის ის, რაც სჭირდებოდა მიხეილ სააკაშვილს. ასეთი პოლარიზაცია, სადაც ის სხვა პარტიებისთვის გადაიქცევა მთავარ ლოკომოტივად, ჩაიბამს ყველა პატარა პარტიას და ისევ ოპოზიციური ლიდერის როლში მოგვევლინება, მის წისქვილზე წყლის დასხმაა, რაც არავითარ შემთხვევაში, არ შედიოდა „ოცნების“ ინტერესში. 

_ წეღან, სამტრედიის რკინიგზის ბლოკირების ცნობილი ფაქტი გაიხსენეთ და 30 წლის შემდეგ, ამ საკითხის გამო, აქციაზე ისევ გახვალთ? 

_ 30 წლის შემდეგ, 55 წლის ვარ, ჩემო კარგო. ვფიქრობ, არსებობს პოლიტიკურ არსენალში ისეთი ფორმები, რითაც მე და ჩემს პარტიას შეგვეძლება, მივიღოთ მონაწილეობა. ჩვენ არ ვართ ოპოზიციაში, არ ვუპირისპირდებით „ქართულ ოცნებას“ და შეუძლებელიცაა იმაზე, სადაც 8 წლის განმავლობაში ვიყავით და რასაც ვაკეთებდით, ხელაღებით უარი ვთქვათ. არ ვაპირებთ, პასუხისმგებლობას გავექცეთ. მიმაჩნია, რომ ჩვენი არჩევნებში მონაწილეობა იქნება მხოლოდ კამპანია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნული თემატიკის გავრცელებას შეეხება. აქვე მინდა, ვთქვა, რომ ჩვენი პარტია არის ევროპული კონსერვატიული ალიანსის სრულუფლებიანი წევრი და დასავლური ვექტორის მომხრე. 

_ რადგანაც აცხადებთ, რომ ოპოზიციაში არ ხართ, თუ პარლამენტში აღმოჩნდებით, შესაძლებელია, რომ ისევ „ოცნებასთან“ ითანამშრომლოთ? 

_ არაფერს გამოვრიცხავთ, უბრალოდ, პოლიტიკური ვითარება და რეალობა რასაც გვაჩვენებს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ვიმსჯელოთ. ახლა ეს მხოლოდ ჰიპოთეტური ვერსიები იქნება. დღესაც გვყავს ფრაქციები საკრებულოებში, ზოგი „ოცნების“ წევრებთან, ზოგიც _ „მწვანეთა პარტიასთან“, მაგრამ იმით, რომ ჩვენ უმრავლესობა დავტოვეთ, კიდევ ერთხელ ვამბობ, არ გადავსულვართ ოპოზიციურ ფლანგზე, საიდანაც უნდა დავიწყოთ „ქართული ოცნების“ ლანძღვა-გინება. ამას არ ვაპირებთ და ამის გამკეთებლები არ ვართ. ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, უმრავლესობის წევრები ვიყავით და შეუძლებელია, ერთი თვის მერე, ჩვენი დამოკიდებულება და ტექსტები შეიცვალოს.

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში