Menu
RSS

რატომ „დასცხეს“ „ანტიოცნებელებმა“ გრიგოლ ვაშაძეს

იყო თუ არა შიდა „რაზბორკები“ ოპოზიციაში და რატომ წაიღო პრეზიდენტობის ექსკანდიდატმა საკუთარი სიტყვები უკან

ოპოზიციას პოლიტიკური კორონავირუსი შეეყარა ანუ საუბარი იმაზეა, რომ წინა კვირას, ლამის მთელი ოპოზიციური სპექტრი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, გრიგოლ ვაშაძეს მიადგა და კინაღამ ცოცხლად ჩადო მიწაში. რა დააშავა ვაშაძემ? _ ამ კითხვაზე პასუხი მარტივია. კერძოდ, ბატონმა ვაშაძემ განაცხადა, რომ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის დაპირება ხელისუფლებამ ნაციონალების ზეწოლის შედეგად გასცა.

 

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მოითხოვა და გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად, გამოგლიჯა ოლიგარქს ხელიდან პროპორციული არჩევნების დაპირება“, _ განაცხადა ვაშაძემ „მთავარ აქცენტებში“, თუმცა მას ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე შეეკამათა, უფრო სწორად, შეახსენა, რომ ეს მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის კი არა, არამედ, სამოქალაქო აქტივისტებისა და ასევე, ოპოზიციის სხვადასხვა აქტორის მოთხოვნაც იყო. 

კვესიტაძის ამ რეპლიკას ვაშაძემ ასე უპასუხა: 

„როგორ არ ყოფილა, მთელი საპრეზიდენტო კამპანია პროპორციულ არჩევნებზე ვლაპარაკობდი. ახალგაზრდები და ყველაფერი ეს შესანიშნავია, დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ მოძრაობაში მონაწილეობს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ: როდესაც ჩვენ დავიწყეთ, ჩვენმა პარტიამ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ კოალიციურ მთავრობასა და პროპორციულ არჩევნებზე საუბარი, ეს კაციშვილს არ უხსენებია და ამის დოკუმენტური მტკიცებულება ძალიან ადვილად მოიპოვება''. 

პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ამ იმპერატიულ განცხადებას ოპოზიცია, ცხადია, უმალ გამოეხმაურა. პირველი, ვინც საკუთარი უკმაყოფლება არ დამალა, „გირჩი“ გახლდათ ანუ ზურაბ ჯაფარიძემ, რომელიც ზოგადად, მკვახე გამოთქმებით გამოირჩევა და პოსტსაბჭოთა პოლიტიკოსის იმიჯს ფეხის ყოველ ნაბიჯზე არღვევს, საზოგადოებას ამცნო, მოლაპარაკების იმ მაგიდასთან, სადაც ნაციონალურ მოძრაობას ვაშაძე წარმოადგენს, ახლოსაც არ გავეკარებითო. 

„ყველას დიდი მადლობა, მაგრამ პროპორციული არჩევნების დადება კონკრეტულად ჩვენი, ნაციონალური მოძრაობის დამსახურებააო, არაფერი შეგეშალოთო. „გირჩი“ გააგრძელებს კონსულტაციებს ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივ ლიდერებთან ისევე, როგორც სხვა პარტიებთან იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა შევცვალოთ ქვეყანა ივანიშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ (როგორ დავშალოთ სისტემა, როგორ მოვახდინოთ ბოლშევიკების მიერ ჩამორთმეული ქონების რესტიტუცია), მაგრამ ჩვენ არაფერზე დაველაპარაკებით გრიგოლ ვაშაძეს. მათ შორის, ოპოზიციის ერთიანი საკონსულტაციო ფორმატის იმ შეხვედრებში, სადაც ეს ადამიანი იქნება ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი და პარტიის პოზიციის გამხმოვანებელი, ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ“, – განაცხადა ჯაფარიძემ, რომელსაც მხარი გიგა ბოკერიას გუნდმაც აუბა ანუ ვაშაძის ზემოხსენებული განცხადება ევროპულმა საქართველომაც დაგმო და საგანგებო განცხადებაც გააშანშალა, რომელშიც ვკითხულობთ: 

„2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება ქართული დემოკრატიისთვის საკვანძო მნიშვნელობისაა. ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ამ პირობის დადება ქართული საზოგადოების აქტიურობისა და სიმამაცის დამსახურებაა; მათ შორის, განსაკუთრებით მათი, ვინც პროტესტი გამოხატა და ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად სამოქალაქო საზოგადოების დიდი სიმტკიცე აჩვენა ხელისუფლებას. 

დღეს პროპორციული არჩევნები მიღწეული არაა. ბიძინა ივანიშვილმა პირობა დაარღვია. ამ ვითარებაში, ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მხრიდან ამ ჯერ არშესრულებული პირობის დადების საკუთარ თავზე მიწერა, რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტული და არასწორია. 

ასევე, შეცდომაა ამ არაკორექტულ განცხადებაზე რეაგირებისას, ოპოზიციის შემდგომი კოორდინაციისთვის რაიმე წინაპირობების დაყენება ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მხრიდან. 

ბუნებრივია, რომ ამ კონტექსტში, მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ მათ, ვისაც მეტი პოლიტიკური წონა აქვთ. მოვუწოდებთ ყველას, ვკონცენტრირდეთ ეროვნულ ამოცანაზე – ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილებაზე. შემდგომი კონკურენციის პირობებში, პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებული ფასეულობითი და სტრატეგიული სხვაობები საჯარო დისკუსიის ბუნებრივი და აუცილებელი ნაწილი იქნება''. 

კიდევ ერთი ოპოზიციური გაერთიანება, რომელმაც ვაშაძეს „დასცხო“, ალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობა იყო. კონკრეტულად, აღნიშნული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა, რომელიც თავის დროზე, მთაწმინდაზე, მაჟორიტარულ არჩევნებში იყრიდა კენჭს, თქვა, რომ მისთვის ვაშაძის ამბიციური განცხადება მიუღებელია: 

„მინდა, გამოვეხმაურო გრიგოლ ვაშაძის გამოსვლას, სადაც მან თქვა, რომ 20 ივნისის საპროტესო აქციები ნაციონალური მოძრაობის ორგანიზებული და მისი მხარდამჭერების მიერ მოწყობილი ყოფილა და თურმე, პროპორციული არჩევნების მოპოვებაც მათი დამსახურებაა. 

ასეთი რამის თქმა, უბრალოდ, სირცხვილია და შეურაცხყოფაა, როგორც ახალგაზრდების, ვინც ამ აქციას ედგა სათავეში, ისე პოლიტიკური სპექტრის და საერთოდ, მთელი საზოგადოების, ნაციონალების მხარდამჭერების გარდა. 

როგორც ჩანს, თქვენ არაფრად მიგაჩნიათ ის ერთობა, რომელსაც ოპოზიციამ მიაღწია პროპორციული არჩევნების მოთხოვნის ირგვლივ, თორემ იმ ოპოზიციურ მაგიდაზე მსხდომ ხალხთან და პარტიების 90%-თან ჩვენ, სამოქალაქო მოძრაობას, არაფერი საერთო არ გაგვაჩნია. 

ასე არ გამოვა, ყველაფერი ნაციონალებმა მიიწეროთ, რასაც მთელი ოპოზიცია აკეთებს ხალხთან ერთად. 

P.S. ისე, ისიც კარგად მახსოვს, საპროტესტო აქციებზე, გრიგოლ ვაშაძეს სიტყვით გამოსვლის უფლება რომ ჩამოართვეს ახალგაზრდებმა და ნაციონალების სხვა წარმომადგენლებს როგორ უსტვენდნენ ქვემოდან. 

პოლიტიკურ გაუმაძღრობასა და ამპარტავნობას თუ არ მოთოკავთ, დარჩებით ისევ თქვენი დიდი ხნის პოლიტიკური მოკავშირეების ამარა, იმ მაგიდაზეც''. 

იოსელიანის პათოსი, თავად ალეკო ელისაშვილმაც გაიზიარა: 

„სიტყვა-სიტყვით ვეთანხმები და ვაზიარებ. გრიგოლ ვაშაძე სანამ რამეს ილაპარაკებს, კარგად დაფიქრდეს ხოლმე, ძალიან კარგად დაფიქრდეს ხოლმე''. 

ვაშაძე ქარ-ცეცხლში, ცხადია, მოძრაობა „სირცხვილიამაც“ გაატარა ანუ ამ მოძრაობის წევრმა, შოთა დიღმელაშვილმა გასული წლის ზაფხული გაიხსენა და თქვა, რომ აქციებზე გრიგოლ ვაშაძე, აქციის ორგანიზატორების დაცვამ არათუ სცენაზე, სცენის უკანაც არ შეუშვა: 

„გადმომცეს, გრიგოლ ვაშაძეს კვესიტაძესთან უთქვამს, ჩემი მოთხოვნილია პროპორციული არჩევნები, არაფერი შეგეშალოთო. შეგახსენებთ, ეს ის კაცია, რომელიც ზაფხულში, აქციებზე, სცენაზე კი არა, სცენის უკანაც არ შემოუშვა ჩვენმა დაცვამ. ორჯერ გამარჯობის თქმას მოსდევს ხოლმე, თავში ავარდნა, რიგ შემთხვევებში. კარგია, რომ ნოდარ რუხაძემ წინდახედულობა გამოიჩინა და შეინახა ის ისტორიული დოკუმენტი, რომელზეც ჩამოვწერეთ 21 ივნისს წამოყენებული 3 მოთხოვნა. 

პარტიებთან პირობა ერთი იყო: ისარგებლებდნენ ჩვენი სცენით, თუ იზიარებდნენ ჩვენს მოთხოვნებს, არაფერს აკლებდნენ და არაფერს ამატებდნენ მათ. აგრეთვე, ყველა პარტიიდან თანაბარი რაოდენობის სპიკერი იქნებოდა და ამ სპიკერებს არა ისინი, არამედ, ჩვენ შევარჩევდით. ძალიან არასწორ ეგოს შეეხო''. 

მთელ ამ აბრაკადაბრაში, ყველაზე მოულოდნელი ის გახლდათ, რომ გრიგოლ ვაშაძეს თანაგუნდელებიც გაემიჯნენ. ყოველ შემთხვევაში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა, თინა ბოკუჩავამ ერთმნიშვნელოვნად აღნიშნა, პროპორციული არჩევნები საერთო მონაპოვარი იყო, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ, ახალგაზრდების დიდი ძალისხმევისა და მრავალთვიანი პროტესტის ფასად მიიღოო: 

„პროპორციული არჩევნები იყო ის საერთო მონაპოვარი, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ, მათ შორის სისხლის ფასად, ახალგაზრდების დიდი ძალისხმევის, მრავალთვიანი პროტესტის ფასად მიიღო. თუმცა, ამ დაპირებაშიც ბიძინა ივანიშვილმა მოატყუა ხალხი, საერთაშორისო საზოგადოება და გადალახა ყველა წითელი ხაზი... 

ახლა, ის ერთობა, რაც შეიქმნა ოპოზიციაში, მიმართულია სწორედ იმისკენ, რომ ბიძინა ივანიშვილს მაინც დავათმობინოთ ის, რასაც ქართველ ხალხს დაჰპირდა – ეს არის სამართლიანი არჩევნები, რომელიც უზრუნველყოფს ხელისუფლების ცვლილებას, რაც ნორმალურ ქვეყნებში მოცემულობაა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ამისთვის გვიწევს ასე განგრძობადად ბრძოლა''. 

ერთი სიტყვით, ოპოზიციაში სკანდალი აგორდა და, როგორც „ვერსიას“ ეუბნებიან, შიდა „რაზბორკებიც“ გაიმართა. 

ჩვენი წყაროები იმასაც გვეუბნებიან, რომ გრიგოლ ვაშაძეს ერთგვარი სასამართლო მოუწყვეს და მოსთხოვეს, საკუთარი სიტყვები უკან წაეღო. ახლა, ოპოზიციონერებმა ეს ინფორმაცია, შეიძლება, უარყონ, მაგრამ ფაქტია: პრეზიდენტობის ყოფლმა კანდიდატმა, საკუთარი ხმაურიანი განცხადების ,,გალაითება'' სცადა ანუ თქვა, რომ საარჩევნო კამპანიისას, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხი, პირველად გაერთიანებულმა ოპოზიციამ დააყენა. 

„მე ვთქვი, რაც სათქმელი მქონდა. ამას კომენტარები გაუკეთეს ისე, როგორც ჩათვალეს საჭიროდ, ჟურნალისტებმა მიიღეს განსახილველი თემა, კრება დარჩა მხიარული. მე არ მითქვამს, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' დამსახურება არის-მეთქი, რაღაც. ვთქვი, რომ ჩვენ, საპრეზიდენტო კამპანიის დროს, პირველებმა დავიწყეთ ამაზე საუბარი-მეთქი. 1990-იანი წლების დამოუკიდებლობის აღდგენიდან, სხვა დანარჩენი პარტიები ამას ითხოვდნენ ყველა ხელისუფლების პირობებში. ჩემთვის ეს პრობლემა არ არის აბსოლუტურად, კონსტიტუციური უფლება აქვს ყველას, ყველაფერზე ილაპარაკოს. სახელმწიფო შესულია საარჩევნო კამპანიაში, ამიტომ ასეთი განცხადებები კიდევ 150 იქნება, მთავარია, ყველამ ისარგებლოს სიტყვის თავისუფლებით“, _ განაცხადა ვაშაძემ ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში. 

ამით კონფლიქტი თითქოს ამოიწურა, მაგრამ ჩვენს ხელთ არსებული ინორმაციით, ოპოზიციაში უთანხმოება კიდევ იფეთქებს. ამას გარდა, ჩვენი წყაროები გვიყვებიან, რომ „ანტიოცნებელთა“ პროგრამა მინიმუმი, ვაშაძის პოლიტიკური არენიდან გაყვანაა. 

ეს კი არადა, ერთ-ერთმა კონფიდენტმა ისიც გვითხრა, რომ გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ, „ოცნება“ და სააკაშვილი შეთანხმებულად მოქმედებენ. ეს ვერსია, ერთი შეხედვით, უტოპიურია, მაგრამ წყარომ განმარტა, რომ იგივე ნაციონალური მოძრაობა, შიდა კლანებად არის დაყოფილი. 

„იმაზე, რასაც ახლა გეტყვით, ხმამაღლა არავინ საუბრობს, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ ნაციონალურ მოძრაობაში რამდენიმე კლანია. ასე, მაგალითად, არსებობს ნიკა მელიას დაჯგუფება, რომელიც უმეტესად, ყოფილი ხელისუფლების ახალგაზრდული ფრთითაა დაკომპლექტებული. ნიკა მელიას და მიხეილ სააკაშვილს გარეგნულად კი აქვთ კარგი და თბილი ურთიერთობა, მაგრამ სინამდვილეში, ისინი ერთად ვერ ძოვენ, რაც ზუგდიდის შუალედურ არჩევნებშიც დადასტურდა _ როგორც გახსოვთ, მაშინ კანდიდატად ჯერ მელია დასახელდა, თუმცა საბოლოოდ, ეს გადაწყვეტილება შეიცვალა და „სტავკა“ სანდრა რულოვსზე დაიდო. 

ამას გარდა, ისიც საყურადღებოა, რომ იგივე თინა ბოკუჩავა, თავიდან ბოლომდე, სააკაშვილის იდეების გამხმოვანებელია. აი, სწორედ ეს მიჩენს პირადად მე, ეჭვს, რომ ვაშაძის ჩაძირვაა დაგეგმილი. 

რაც შეეხება „ოცნებას“, ყველამ კარგად იცის, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, ვაშაძემ სალომე ზურაბიშვილი, ნამდვილად „ბეჭებზე დასცა“. მართალია, მეორე ტურში ხელისუფლებამ ყველა რესურსის მობილიზება მოახდინა და ვაშაძეს არჩევნები წააგებინა, მაგრამ მეორე ტურში გასვლა „ოცნებისთვის“ ერთგვარად ღირსების შელახვა იყო ანუ საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ვაშაძეს შეუძლია, მომავალ არჩევნებში ოპოზიციას იგივე დივიდენდები მოუტანოს. 

აი, სწორედ ამიტომაა ვაშაძე სამთავრობო გუნდისთვის მიუღებელი და იგივე შეიძლება ითქვას ვაშაძე-სააკაშვილის ურთიერთობაზეც _ ესე იგი, საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმა სააკაშვილს დაანახა, რომ მისი, როგორც ერთპიროვნული ლიდერის მზემ ჩასვენება დაიწყო და პოლიტიკურ ავანსცენაზე გამოჩნდა ახალი ფიგურა ვაშაძის სახით, რომელსაც შეუძლია, საზოგადოებას დაელაპარაკოს'', _ უყვება „ვერსიას“ კონფიდენციალური წყარო. 

შესაძლოა, ყველაფერი ისე არ არის, როგორც ხმა ვრცელდება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ცეცხლი უკვამლოდ არ არსებობს. ზოგადადაც, ოპოზიციის გაერთიანება რომ პირობითია, ცხადზე ცხადია. ყოველ შემთხვევაში, საკითხავია, როგორ სხედან მოლაპარაკების ერთ მაგიდასთან ის პერსონები, რომლებიც არცთუ შორეულ წარსულში ერთმანეთს, მინიმუმ, გამარჯობასაც არ ეუბნებოდნენ. ამას გარდა, ისიც ხომ საინტერესოა, რა საერთო შეიძლება ჰქონდეთ პროდასავლური და პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკურ ფიგურებს? 

ამ კითხვაზე ოპოზიციონერთა პასუხი ასეთია _ პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნის უფლება ყველანაირი გემოვნების პოლიტიკურ ძალას აქვს. დავუშვათ, ასეა, მაგრამ რა გარანტია არსებობს, რომ პროპორციულ სისტემას, სხვა საერთო ინტერესებიც მოჰყვეს? 

სხვათა შორის, ასეთი მოულოდნელობები ქართული პოლიტიკისთვის უცხო ნამდვილად არ არის და ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ გვინახავს, როდესაც მტრები მოყვრები გამხდარან და პირიქით _ მოყვრები ერთმანეთს მტრად მოჰკიდებიან. 

ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი კი, იგივე „ოცნებაში“ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებია _ გუშინდელი „ქოცები“, დღეს პირგამეხებული ოპოზიციონერები არიან და ისეთი ტონით აცხადებენ, სისტემა უნდა დაინგრესო, გეგონება, ეს სისტემა ვინმემ სხვამ შექმნა და არა _ თვითონ?! 

ერთი სიტყვით, როცა ოპოზიცია ამერიკელი კონგრესმენების მწვავე წერილებით აპელირებს და ცდილობს, დაგვარწმუნოს, რომ „ოცნებას“ დასავლელ პარტნიორებთან პრობლემები აქვს, ამ დროს ირკვევა, რომ გარკვეული განხეთქილება ოპოზიციის შიგნითაც არსებობს. რითი დამთავრდება ყველაფერი ეს, ამას მომავალი გვიჩვენებს. ამიტომაც, ჩვენ ისღა დაგვრჩენია, დროს დრო მივცეთ და მოვლენათა განვითარებას დაველოდოთ!

ნინო დოლიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში