Menu
RSS

პუტინის გამბიტი და ბუნტი ოკუპირებულ აფხაზეთში

რისთვის ემზადება ვლადიმერ ვლადიმერის ძე და დაიწყება თუ არა პირდაპირი დიალოგი თბილისსა და სოხუმს შორის

 

ახალი წელი რუსეთმა ფართომასშტაბიანი ცვლილებით დაიწყო. კერძოდ, 15 იანვარს, რუსეთის ფედერაციის მთავრობა გადადგა. აწ უკვე ყოფილმა პრემიერმა, დიმიტრი მედვედევმა მთავრობის გადადგომის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ, ფედერალური კრებისადმი მიმართვის შემდეგ გააკეთა.

„ეს ცვლილებები არსებითად შეცვლის არა მხოლოდ კონსტიტუციის მუხლების მთელ რიგს, არამედ, მთლიანად აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების ბალანსს. ამ კონტექსტში აშკარაა, რომ რუსეთის ფედერაციის მთავრობამ უნდა მისცეს ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს საშუალება, მიიღოს აუცილებელი გადაწყვეტილებები და ამ პირობებში, სწორად მიმაჩნია, რომ რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის 117-ე მუხლის შესაბამისად, მთავრობა ამჟამინდელი შემადგენლობით გადადგეს“, _ განაცხადა გადადგომის შემდეგ მედვედევმა. 

მედვედევის კაბინეტის გადადგომას საქართველოში არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ასე, მაგალითად, საერთაშორისო საკითხების ექსპერტმა, გია ჯაფარიძემ მთავრობის გადადგომა რუსეთის ლიდერის, ესე იგი, პუტინის შესაძლო პოლიტიკურ სიკვდილად მონათლა და განაცხადა: 

 

„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ რუსეთი, როგორც სახელმწიფო, ახლაც ისეთია, როგორიც საუკუნეების განმავლობაში იყო. უბრალოდ, არ არსებულა და არც არსებობს არჩეული ლიდერი. ლიდერი ან უნდა მოკვდეს, ან მემკვიდრეობით უნდა გადასცეს ძალაუფლება. მმართველობის სხვა ფორმას რუსეთი არ ცნობს. რუსეთი იყო და რჩება ავტორიტარულ სახელმწიფოდ და არანაირი სურვილი არ აქვს რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებას, რომ რუსეთი გადაიქცეს სხვა ტიპის სახელმწიფოდ. ეს არის მთავარი გზავნილი, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც იმედი ჰქონდა, რომ 2020-24 წლებში, რუსეთში რაღაც შეიძლება შეცვლილიყო“. 

ამას გარდა, პოლიტიკურ წრეებში იმასაც ამბობენ, რომ მთავრობის გადადგომით, პუტინმა იმ „სანუკვარი მიზნისკენ“, რასაც საბჭოთა კავშირის რეინკარნაცია ჰქვია, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. 

მართალია, ამ მოსაზრებას საქართველოში ბევრი გულშემატკივარი არ ჰყავს, მაგრამ ნათელია, რომ მსოფლიოს კვალდაკვალ, რუსეთიც იცვლება ანუ იგივე აშშ-ს მსგავსად, ჩრდილოეთშიც ლიბერალიზმი უკვე ძველმოდურად მიიჩნევა. სამაგიეროდ, თანდათან უფრო პოპულარული ხდება ნაციონალური იდეები. 

სხვათა შორის, ნიშანდობლივია, რომ რუსი თანამდებობის პირები, პუტინს საჯარო გამოსვლებისას, პრეზიდენტად კი არა, უკვე „ნაციონალურ ლიდერად“ მოიხსენიებენ. ესე იგი, პუტინისგან „ერის მამის“ ხატი იქმნება, რაც ცხადია, კრემლის დაკვეთა და მითითება უნდა იყოს. 

იმ ფონზე, როცა რუსეთში ეკონომიკური სიდუხჭირეა და, პარალელურად, კორუფცია, თუ სხვა სამთავრობო მანკიერებებიც ჰყვავის, ადამიანები ნიჰილიზმის ტყვეები ხდებიან. ასეთ დროს, ყველაზე კარგი გამოსავალი ანუ მოსახლეობაზე ზემოქმედების ყველაზე ოპტიმალური გზა და მეთოდი, ნაციონალური იდეების წინა პლანზე წამოწევაა. 

სხვათა შორის, ეს მეთოდი პუტინს კარგად კი არა, ძალიან კარგად აქვს „დამხეცებული“. ყოველ შემთხვევაში, თავის დროზე, მან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების გულის მოგება ჩეჩნეთის ომებით მოახერხა. 

ანალოგიური ნაბიჯების გადადგმა ახლა წარმატებული აღარ იქნებოდა, რადგან მსოფლიოსთან ერთად, რუსეთიც შეიცვალა. სხვა თუ არაფერი, 90-იანი წლებისგან განსხვავებით, ოპოზიციური აზრი პუტინის სამფლობელოში სუსტად, მაგრამ მაინც ისმის ხოლმე. ამ ფონზე, ჩეჩნეთან ან რომელიმე, სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკასთან ომის გამოცხადება კრემლს ძვირი დაუჯდება. მით უმეტეს, რომ იგივე 2008 წლის აგვისტოს ომისა და ყირიმის აგრესიის შედეგებს, პუტინის ადმინისტრაცია აქამდე იმკის. 

ამიტომ, ისეთი გამოსავლის მოძებნა იყო საჭირო, რომელიც მიზანს გაამართლებდა. ამ ეტაპზე კი, ეს გამოსავალი, როგორც ჩანს, მედვედევის მთავრობის გადაყენება აღმოჩნდა, თუმცა ყველაფერი ეს იმას როდი ნიშნავს, რომ პუტინმა მედვედევი საბოლოოდ გაწირა. 

დიახ, მედვედევი „აბსაითში“ ნამდვილად არ არის _ ის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2024 წელს ანუ მას შემდეგ, რაც პუტინის ამჟამინდელი საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება, ამხანაგი დიმიტრი პრეზიდენტად, ესე იგი, კვლავ პრეზიდენტად მოგვევლინოს. 

სხვათა შორის, ესეც ნაცნობი სცენარია _ 2008 წელს, ვლადიმერ ვლადიმერის ძემ, სწორედ ეს „კარტი“ გაათამაშა, თუმცა ახლა ის უფრო საკითხავია, თუ რა თანამდებობას დაიკავებს თავად პუტინი. 

იმის თქმა, რომ 2024 წელს, პუტინი შინ წავა და რუსეთის პოლიტიკაში არ ჩაერევა, ცხადია, გულუბრყვილობა იქნება. ყოველ შემთხვევაში, ასეთი პროგნოზის საფუძველს, მის მიერ დაანონსებული საკონსტიტუციო ცვლილებები არ იძლევა. 

„ვერ ვხედავ ახალი კონსტიტუციის მიღების აუცილებლობას, რადგან ამჟამინდელი ანუ 1993 წლის კონსტიტუციის პოტენციალი, ჯერჯერობით, არ არის ამოწურული,“ _ აცხადებს ვლადიმერ ვლადიმერის ძე და დასძენს, რომ ამის მიუხედავად, ქვეყნის კანონებში ზოგიერთი ცვლილების შეტანა, მაინც აუცილებელია. 

იმ მოსაზრებას, რომ პუტინი მედვედევს მემკვიდრედ ამზადებს, კიდევ ერთი გარემოება ადასტურებს _ მან სპეციალურად ყოფილი პრემიერისთვის შექმნა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა. 

ცვლილებები კი, რომელთა შეტანასაც პუტინი კონსტიტუციაში გეგმავს, ასეთია: 

გამყარდება რუსეთის კონსტიტუციის პრიორიტეტი საერთაშორისო შეთანხმებებთან მიმართებაში; ჩინოსნებსა და მოსამართლეებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობისა და ბინადრობის ნებართვა აეკრძალებათ; პრეზიდენტად შეიძლება არჩეული იქნას პირი, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობდა რუსეთში და არ ჰქონია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, ან სხვა ქვეყანაში ბინადრობის უფლება. პრეზიდენტობის ვადასთან დაკავშირებით, მუხლიდან ამოღებული იქნება სიტყვა „ზედიზედ“; შეიქმნება ღია მმართველობის სისტემა, რომელშიც შევლენ, როგორც სახელმწიფო მმართველობის, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის უწყებები; მინიმალური ხელფასი და პენსია საარსებო მინიმუმზე ნაკლები არ იქნება; სახელმწიფო დუმას პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის წევრების დამტკიცების უფლება ექნება; ფედერაციის საბჭოს კი მოსამართლეების განთავისუფლების უფლება მიენიჭება. 

ყოველივე ზემოთქმულის გარდა, პუტინი გამოდის ინიციატივით, რომ რუსეთის კონსტიტუცია საერთაშორისო ხელშეკრულებებზე პრიორიტეტული გახდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთი საერთაშორისო ხელშეკრულებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიცავს, თუ ისინი რუსეთის ძირითად კანონთან წინააღმდეგობაში არ იქნებიან. 

„ჩვენს საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს უფლებამოსილება, გადახედოს საერთაშორისო ხელშეკრულებებს კონსტიტუციის შესაბამისად. ასე რომ, შეუძლებელია რატიფიცირებულ იქნას საერთაშორისო შეთანხმებები და ნორმები, რომლებიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას“, _ ასე გამოეხმაურა პუტინის ზემოხსენებულ ინიციატივებს რუსეთის უმაღლესი ეკონომიკის საკონსტიტუციო კათედრის თავმჯდომარე, ილია შაბლონსკი. 

 

მოკლედ, გამოდის, რომ რუსეთის პოლიტიკურ ინსტებლიშმენტს პუტინის ინიციატივებთან შეუთავსებლობა არ აქვს. 

პუტინისგან დაანონსებულ კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს ქართველი ექსპერტებიც აფასებენ. 

„ერთია, როცა კონსტიტუციაში ვწერთ, რომ ჩვენ ვართ საერთაშორისო საზოგადოების ოჯახის წევრი და ვითვალისწინებთ საერთაშორისო კანონმდებლობას და მეორე არის, როცა გამოდიხარ ინიციატივით, სადაც ნათქვამი იქნება, რომ ყველა საერთაშორისო კანონმდებლობა, ხელშეკრულებები და ნებისმიერი საერთაშორისო ორგანო, ეს იქნება საერთაშორისო სასამართლოები, თუ სხვა ორგანოს გადაწყვეტილებები, იმოქმედებს რუსეთის ტერიტორიაზე იმ შემთხვევაში, თუ ის არ იქნება წინააღმდეგობაში და ამ დროს, რუსეთის კონსტიტუციაში ჩაწერენ იმას, რაც წინააღმდეგობაში იქნება საერთაშორისო სამართალთან გარკვეულ საკითხებში“, _ ამბობს ბრიგადის გენერალი, სამხედრო-პოლიტიკური ანალიტიკოსი, ამირან სალუქვაძე და დასძენს, რომ ეს ცვლილებები, შესაძლოა, ადამიანის უფლებების შეზღუდვისთვის იყოს გამოყენებული ანუ საპროტესტო აქციებზე მოთხოვნების გაჟღერების დროს, რუსეთის ხელისუფლება იტყვის, ეს მოთხოვნები არაკონსტიტუციურიაო. 

როგორც ზემოთ ვთქვით, პუტინის ახალი ინიციატივით, 2024 წლიდან, რუსეთის პრეზიდენტობა მხოლოდ მას შეეძლება, ვისაც რუსეთში ცხოვრების, მინიმუმ, 25-წლიანი სტაჟი „ექნება“.

ერთ-ერთი ვერსიით, პუტინის ამ ინიციატივას კონკრეტული ადრესატი ჰყავს და ის ЮКОС-ის ყოფილი აქციონერი და ბიზნესმენი, მიხეილ ხადარკოვსკია, რომელიც რუსეთში გაასამართლეს, შეწყალების შემდეგ კი დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს. 

პუტინის კიდევ ერთ ინიციატივას, რომ მთავრობის შემადგენლობა პრეზიდენტმა კი არა, არამედ, პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, ამირან სალუქვაძე ორი მიზეზით ხსნის. მისი აზრით, ამის პირველი მიზეზი, შესაძლოა, ის იყოს, რომ ბოლო დროს, რუსეთში საპროტესტო აქციები გახშირდა. მეორე მიზეზად კი სალუქვაძე, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს ასახელებს. 

„ერთი ფაქტორი არის რუსეთში, ბოლო პერიოდში მიმდინარე საპროტესტო აქციები, საპროტესტო მუხტი, რომელმაც საგრძნობლად იმატა და ჩვენ ვიხილეთ ასობით ადამიანის დაკავება და მრავალრიცხოვანი აქციები სხვადასხვა ქალაქებში. დღეს თუკი არიან შემორჩენილი პოლიტიკური ლიდერები, ერთ-ერთი, რა თქმა უნდა, არის პუტინი, რომელიც 20 წელზე მეტია, რუსეთის სათავეშია და ძალიან კარგად გრძნობს იმ უკმაყოფილებას, რომელიც საზოგადოებაში დაგროვდა და ამ უკმაყოფილების გარკვეულწილად ჩაცხრობის, იმედების ჩასახვისა და ყურადღების გადატანის მცდელობა არის, როგორც სამთავრობო ცვლილება, ასევე საკონსტიტუციო ცვლილებები, _ ამბობს სალუქვაძე და დასძენს, _ 2024 წელს, პუტინი პრეზიდენტად კენჭს ვეღარ იყრის, თუმცა დიდი ალბათობით, პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს და გარკვეული პოზიციისთვის ემზადება. იმას, ეს რა პოზიცია იქნება, მომავალი დაგვანახებს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ პარლამენტში გადაინაცვლოს, მაგრამ არ მგონია, რომ საკანონმდებლო ინიციატივების საქმიანობით დაკავდეს''. 

სხვათა შორის, რუსეთის მთავრობის გადადგომა, ოკუპირებულ აფხაზეთში დაწყებულ ე.წ. ოპოზიციის ბუნტს დაემთხვა ანუ გაჩნდა ვერსია, რომ ყველაფერი ეს, შესაძლოა, ერთმანეთთან კავშირში იყოს. 

შესაძლოა, არც უამისობაა, თუმცა ქართველ ექსპერტთა უმეტესობა ამ მოსაზრებას არ იზიარებს. 

ამის მიუხედავად, საინტერესოა, რა ხდება ოკუპირებულ სოხუმში და საერთოდ, რატომ აჯანყდა ხალხი ახლა, როცა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გასული წლის სექტემბერში ჩატარდა? 

„რადიო თავისუფლების“ მიხედვით, აფხაზური ბუნტის ქრონიკა ასეთია: 

„ოპოზიციური პარტიების _ „ამცახარა“-სა და „ერთიანი აფხაზეთის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია სოხუმში, 9 იანვარს, დღის პირველ ნახევარში დაიწყო. 9 იანვარს, საღამოს, შეკრებილთა ნაწილი დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრა. ისინი კარ-ფანჯრებს შეძახილებით ამტვრევდნენ და ხაჯიმბას გადადგომას ითხოვდნენ. ამ ჯგუფის განცხადებით, აღარ არის დრო, რომ ხალხი სასამართლოს გადაწყვეტილებებს ელოდოს. თავდაპირველად, რთული გასარჩევი იყო, ოპოზიციური სპექტრის რომელი ძალები ემხრობოდნენ ადმინისტრაციის შენობაში შეჭრას. 

10 იანვარს, დილით, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში, 300-მდე პირი იმყოფებოდა. შენობაში შეჭრილებს კრასნოდარის მხარეში, სოჭში დაბადებული ახრა ავიძბა ხელმძღვანელობდა, რომელიც ამბობდა, რომ რუსეთის მოქალაქეცაა და „აფხაზეთისაც“. 

ავიძბა უკრაინაში, დონეცკელი სეპარატისტების მხარდასაჭერად იბრძოდა. ის 2019 წლის ნოემბერში, სოხუმში მოკლული „კანონიერი ქურდის“, ალხას ავიძბას ბიძაშვილია. 

ახრა ავიძბას განცხადებებით, ხაჯიმბას რეჟიმი ძარცვავს ხალხს, შეკრულია კრიმინალებთან და არჩევნებში დასახმარებლად, მათ საპატიმროებიდან ათავისუფლებს. ახრა ავიძბა, 9 იანვარს მოითხოვდა, რომ „პარლამენტს“ დაენიშნა რიგგარეშე არჩევნები. 

...აფხაზური ოპოზიციური ძალების ბლოკის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ მოსახლეობას მოუწოდა, სოხუმის ცენტრში, „პრეზიდენტის ადმინისტრაციისა“ და „პარლამენტის“ შენობებთან შეკრებილიყო, რადგან იქ მნიშვნელოვანი საკითხები წყდებოდა. 

ასლან ბჟანია, მოსკოვიდან სოხუმში, 9 იანვარს დაბრუნდა. 10 იანვარს, მან სააგენტო „ტასს“ უთხრა, რომ ოპოზიცია მზად იყო, მოლაპარაკება გაემართა რაულ ხაჯიმბასთან. 

...ბჟანია აფხაზური ოპოზიციური ძალების ბლოკის კანდიდატი იყო, თუმცა 2019 წლის გაზაფხულზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სექტემბრის „არჩევნებში“ მონაწილეობა ვეღარ მიიღო. 

ოპოზიციაში დარწმუნებულნი არიან, რომ ასლან ბჟანია მოწამლეს, რადგან არჩევნებში გამარჯვების რეალური შანსი ჰქონდა. ბჟანია ჯერ მოსკოვის, შემდეგ კი გერმანიის კლინიკებში მკურნალობდა. 

დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა, 9 იანვარს, ღამით, თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდა რაულ ხაჯიმბას _ დესტაბილიზაციის გაღრმავების თავიდან ასაცილებლად. 

დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი, მერაბ ქიშმარია აცხადებდა, რომ „არმია“ მოქალაქეების წინააღმდეგ ძალას არ გამოიყენებდა: „ჩვენთან ისედაც ბევრი სისხლი დაიღვარა და ბევრი თანამოქალაქე დავკარგეთ, ამიტომ აფხაზური არმია არასდროს იქნება გამოყენებული თავისი ხალხის წინააღმდეგ“. 

დე ფაქტო თავდაცვის მინისტრმა, ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოუწოდა, კომპრომისი გამოეძებნათ და ხალხს შეუქცევადი შედეგებისკენ ნუ უბიძგებდნენ. 

თავდაპირველად, რაულ ხაჯიმბა გადადგომას არ აპირებდა და ოპოზიციას მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებდა. „პრეზიდენტი“ ფიქრობდა, რომ გადადგომა კიდევ უფრო დაძაბავდა სიტუაციას. 

„პარლამენტის მიმართვას, მიუხედავად მითითებული მიზნისა _ შემდგომი დესტაბილიზაციის თავიდან აცილება, შეუძლია მხოლოდ გაართულოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაცია და გამოიწვიოს შეუქცევადი შედეგები ქვეყნისთვის'', _ ნათქვამი იყო ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ, 9 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

ტექსტში ასევე, აღნიშნული იყო, რომ ოპოზიცია, სასამართლოში შეტანილი მოთხოვნების „უპერსპექტივობის“ გამო, რადიკალურ ზომებზე გადავიდა. 

დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა, დაურ არშბამ ე.წ. პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას მომხრეებს მოუწოდა, ადგილობრივი დროით 15 საათზე, სოხუმის ცენტრში, მთავრობის შენობასთან შეიკრებილიყვნენ. 

„თქვენთვის ცნობილია, რომ პრეზიდენტს გადადგომა შესთავაზეს და იცით მისი პასუხიც. მხარი უნდა დავუჭიროთ ჩვენს პრეზიდენტს“, _ განაცხადა არშბამ. 

2019 წლის 8 სექტემბერს გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში (მეორე ტურში), დე ფაქტო რესპუბლიკის მოქმედმა პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა (47.38%). მეორე ადგილზე გავიდა ოპოზიციური პარტია „ამცახარა“-ს საპრეზიდენტო კანდიდატი, ალხას კვიცინია (46.19%). 

დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა ალხას კვიცინიას მიმართვა შედეგების ბათილად გამოცხადების შესახებ. კვიცინიამ სასამართლოში იჩივლა. 

9 იანვარს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს საკასაციო კოლეგიამ დააკმაყოფილა კვიცინიას ადვოკატის შუამდგომლობა ერთ-ერთი მოსამართლის აცილების შესახებ და საქმის განხილვა გადადო''. 

ოკუპირებულ აფხაზეთში დაწყებული ბუნტი იმით დამთავრდა, რომ 12 იანვარს, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ თანამდებობა დატოვა. ამის თაობაზე ინფორმაცია პირველად, რუსულმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ღIA-მ გაავრცელა, რომელიც წერდა, რომ ხაჯიმბას ამ გადაწყვეტილებამდე, სოხუმში, ვლადიმერ პუტინის თანაშემწე, ვლადისლავ სურკოვი ჩავიდა. 

სხვათა შორის, ხაჯიმბას გადადგომის შემდეგ, ე.წ. აფხაზური ოპოზიციის ნაწილი თბილისთან პირდაპირი დიალოგის ინიციატივით გამოვიდა. ოფიციალურ თბილისს ამ ინიციატივის შემხვედრი ნაბიჯი ჯერ არ გადაუდგამს, თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ პასიური პოზიცია არ უნდა დავიკაოთ და კომუნიკაციის ნებისმიერი ფორმა, მათ შორის, პირდაპირ დიალოგიც უნდა მოვსინჯოთ. 

რა დასკვნის გამოტანა შეიძლება ყოველივე ზემოთქმულიდან? _ ვინც რა უნდა თქვას, ფაქტია, პუტინი საკუთარი მომავლის უზრუნველყოფას ცდილობს და გამბიტის ეს პარტიაც ამიტომ გაითამაშა, თუმცა 2024 წლამდე, ბევრი დროა და ვნახოთ, რა და როგორ იქნება.

ნინო დოლიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში