Menu
RSS

თაკო ჩარკვიანი: „მე მხოლოდ ღირებულებითა და იდეით ვმოქმედებ!“

რატომ გაემიჯნა ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს _ „კანონი და სამართლის“ ლიდერი რუსულ რბილ ძალას ამხელს!

 

ოპოზიციიურ გაერთიანებას, რომელიც პროპორციული არჩევნების საკითხზე შეიქმნა და ამბობდნენ, „ოცნებამ“ შეუძლებელი შეძლო და სრულიად ოპოზიცია გააერთიანაო, ბზარი გაუჩნდა. ყოველ შემთხვევაში, ამ საკორდინაციო საბჭოს პარტიის _ „კანონი და სამართალი“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი გაემიჯნა. პოლიტიკური „გაყრის“ მიზეზი კი ე.წ. შავი ანუ სანქცირებულთა სია გახდა. საქმე ისაა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა გადაწყვიტეს, შექმნან კანონდამრღვევ ხელისუფალთა სია, რომლებზეც საერთაშორისო საზოგადოებისგან გარკვეული სანქციები დაწესდება. ჩარკვიანის პროტესტი კი იმან გამოიწვია, რომ სიაში არა მმართველი, არამედ, ქვედა რგოლები ანუ რიგითი ჩინოვნიკები შეიყვანეს, რამაც „კანონი და სამართლის“ ლიდერს შეუქმნა განცდა, რომ, სავარაუდოდ, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, გარკვეული გარიგება მოხდა. „ვერსია“ თაკო ჩარკვიანს ესაუბრა.

_ ქალბატონო თაკო, ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს რატომ გაემიჯნეთ? 

_ შეთანხმებას არასოდეს ვარღვევ. შეთანხმება კი ასეთი იყო: მხოლოდ პროპორციულის გამო, ვსხდებოდით ერთად. დავსხედით, რადგან მიმაჩნია, რომ პროპორციული არჩევნების მოთხოვნისა და არჩევნებში მონაწილეობის უფლება ნებისმიერ ვექტორს აქვს. ესეც დიდად არ მსიამოვნებდა, რადგან არ მჯერა ღირებულებების გარეშე შექმნილი გაერთიანების იმიტომ, რომ ნებისმიერი გაერთიანების საფუძელი მაინც იდეა და ღირებულებაა ანუ როცა სახელმწიფოზე ფიქრობ, თუ ვექტორი ისე არ გამოკვეთე, როგორც მაგალითად, ბალტიისპირეთმა გააკეთა, ეს ნორმალური არ იქნება. მოკლედ, ბალტიისპირეთმა წყალგამყოფად აქცია რუსული ვექტორი იმიტომ, რომ მიხვდა, რუსეთი რბილი ძალით შედიოდა ბალტიისპირეთში ანუ ზუსტად ისე, როგორც ახლა აპირებს საქართველოში შემოსვლას. აჩემებული არავინ მყავს. იმ გაერთიანებაში ბურჯანაძე იჯდა და მხოლოდ ამიტომ ვასახელებ და არა იმიტომ, რომ განსაკუთრებულად მივიჩნევ მის ფაქტორს. რუსული ვექტორის დაბალპროცენტიანი, ურეიტინგო პარტიებისთვის დიდ გაერთიანებაში, დასავლურ პარტიებთან ერთად ჯდომა, გარკვეულწილად, რეაბილიტაციას ნიშნავს. რეაბილიტირებული რუსული პარტია კი იოლად მიიღებს რუსულ, ე.წ. პუტინის ფულს. შესაბამისად, ეს ფული რუსულ პარტიებსა და ისეთ ორგანიზაციებში, როგორიცაა, მაგალითად, პრიმაკოვის ფონდი, წავა. სხვათა შორის, ამ ფონდის ხელმძღვანელი, ბურჯანაძის პარტიის წარმომადგენელი, ბატონი დიმიტრი ლორთქიფანიძე გახდა. მოკლედ, ვხედავთ, როგორ შემოდის რუსული თანხა საქართველოში. ეს რუსული ფული, 30 წელია, ამ ფორმით შემოდის _ „გაათეთრებენ“ და არჩევნების დროს, ისევ ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ დაგვიტრიალებენ. ამიტომაც დავდივართ, 30 წელია, ერთ წრეზე. ამასთან, როგორ წარმოგიდგენიათ, ისრაელში, რომელიმე ოპოზიციური პარტია გაქანდეს და მტერს ესაუბროს ხალხის ლეგიტიმაციის გარეშე?! ესენი რა მანდატით დადიან რუსეთში?! თუ ვაპირებთ გასაუბრებას, ეს უნდა გააკეთოს მომავალმა კოალიციურმა მთავრობამ, გამჭვირვალე უნდა იყოს პროცესი და საერთაშორისო არბიტრაჟი ესწრებოდეს, თორემ მტერთან ურიეტინგო პარტიების სირბილი, კოლაბორაციონისტული ჭორაობაა! 

როცა ამ მაგიდასთან, პროპორციულის გარდა, სხვა პოლიტიკური გადაწყვეტილებებიც შემოვიდა, ვიკითხე, რაშია საქმე? ხომ იყო შეთანხმება, რომ მხოლოდ პროპორციულის თემაზე გავერთიანდებოდით-მეთქი? 

რაც შეეხება ე.წ. სანქციების სიას, ოპოზიციონერებისგან ასეთი განმარტება მოვისმინე: მათზე, ვისზეც ეს სანქციები დაწესდება, ოჯახები ზეწოლას მოახდენენო. კი ბატონო, მაგრამ შოთაძე და ბუგიანიშვილი რომ შეგვეყვანა სიაში, მათი ოჯახები არ მოახდენდნენ ზეწოლას? იცით, რა? ხალხი არ მოტყუვდა და ჩემი პოზიციაც დაემთხვა ხალხის პოზიციას, ჩემს პარტიაში ახალგაზრდა იურისტები არიან და ვერ გაიგეს, ეს რა 5-კაციანი სიაა. მერე გაიზრდებაო, რომ ამბობენ, როდის მერე? სიას რომ წარმოადგენ, პასუხისმგებელი ხარ საზოგადოებასთან. მოკლედ, ცუდი თამაშის სუნი ჰქონდა ყველაფერ ამას. ამიტომ ვიკითხე, რატომ ირჩევა სხვა პოლიტიკური საკითხები ამ მაგიდასთან, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ რუსული ვექტორის პარტიებს სურთ რეაბილიტაცია-მეთქი? ამაში მონაწილეობას არ მივიღებ, რადგან ზუსტად ვიცი, საქართველოს ერთ წრეზე ტრიალის მიზეზი სწორედ ისაა, რომ რუსულ ვექტორთან სერიოზული წყალგამყოფი არასოდეს გავავლეთ! 

_ რუსულ ვექტორს, თქვენი აზრით, სხვა პროდასავლური პარტიებიც რატომ არ გაემიჯნენ? 

_ გაერთიანებულ ოპოზიციაში _ „ძალა ერთობაშია“, რამდენიმე დღეში, შეკრება გვექნება და ამ საკითხსაც აუცილებლად გავივლით. როცა ბაგრატის ტაძართან, გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტობის კანდიდატად წარვადგინე, მაშინ გვერდით დავუდექი დასავლურ ვექტორს, რათა ოპოზიცია მოძლიერებულიყო და ამ გადასახედიდან ვრწმუნდები, რომ სწორად მოვიქეცი. ვიცი, „ევროპული საქართველოც“ აპირებს ამ მაგიდას საარჩევნოდ გაემიჯნოს ანუ არ აპირებს რუსულ ვექტორთან ერთად მონაწილეობას, მაგრამ მგონია, რომ დროს აქვს დიდი მნიშვნელობა. გვიანდება გამიჯვნა! მოასწრებენ ისინი რეაბილიტაციას და კიდევ დაიწყებს საქართველო ერთ წრეზე ტრიალს, მაგრამ ამის უდიდესი მოწინააღმდეგე ვიქნები! შეცდომები ხშირად მოგვდის, ემოციური ხალხი ვართ _ პოლიტიკურად ხშირად უპირისპირდებიან ქართველები ერთმანეთს და ყოველთვის, ყველა პრეზიდენტის დროს მოახერხებს რუსული რბილი ძალა, გამოიყენოს ნებისმიერი შეცდომა, როგორც გამსახურდიას დროს იქნა გამოყენებული. მაშინ ადამიანებს შორის დაპირისპირება, რუსულმა ვექტორმა გამოიყენა, ასევე მოხდა სააკაშვილის დროსაც. ამიტომ, სასწრაფოდ უნდა გავემიჯნოთ რუსულ ვექტორს. 

_ NDI-ს კვლევა გამოქვეყნდა, რომელის თანახმადაც, ბურჯანაძის პარტიამ, მართალია, მცირე, მაგრამ 3% მაინც აიღო ანუ თავისი მხარდამჭერები ჰყავს... 

_ ეს პროცენტი სულ ექნება, მაგრამ მეტი _ არასოდეს! ეს ის პროცენტია, რომელიც რუსეთს ემხრობა. გამოკვეთილი ვექტორის პარტიაა _ რუსეთს ემხრობა, გაგანია ბრძოლის დროს, საქართველოს ომის დაწყებას აბრალებენ და პუტინთან დაძრწიან. ეს პროცენტი არაა საშიში, უბრალოდ, მატება არ უნდა მოხდეს, თორემ მეტს ვერაფერს ეღირსებიან. 

_ სხვათა შორის, რუსეთთან კავშირში გრიგოლ ვაშაძესაც ადანაშაულებენ... 

_ ეს აბსოლუტური სისულელეა! 

...მე მხოლოდ ღირებულებითა და იდეით ვმოქმედებ. საქართველოში კიდევ ერთხელ რომ დავინახო რუსეთის ჯარი შემობრუნებული, თავი ცოცხალი არ მინდა, ჩემს ერთ შვილს გეფიცებით! ჩემთვის ეს ამოსავალი წერტილია! 

სხვათა შორის, ახლა ვმუშაობთ მემორანდუმზე, რომელსაც გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში განვიხილავთ. 

_ რა მემორანდუმზეა საუბარი? 

_ საშიში ესა თუ ის პიროვნება კი არა, სისტემაა. საბჭოთა კავშირი დაინგრა, მაგრამ საბჭოური სამართლებრივი სისტემა არ დანგრეულა. მოცემული სამართლებრივი სისიტემის დანგრევის შემთხვევაში, საშიში არაფერი იქნება და როგორმე უნდა მოვახერხოთ, რომ ის სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა გაგრძელდეს, რაც ნაციონალებს უდავოდ შეუძლიათ, მაგრამ ძალოვანებისა და კანონმდებლობის თვალსაზრისით მოვახერხოთ, რომ კანონისა და სამართლის ისეთი სისტემა მივაწოდოთ ამომრჩეველს, რათა ნაციონალური მოძრაობის მმართველობიდან, აღმშენებლობის გარდა, არ აფერი დარჩეს. 

_ ამ ინიციატივით იმიტომ გამოდიხართ, რომ ხალხს ნაციონალური მოძრაობის მობრუნების ეშინია? 

_ დიახ, რა არის დასამალი: ბევრს აქვს ეს შიში, ბევრს აღარ აქვს. ვისაც ისევ ეშინია, მათ ამ მემორანდუმს დამუშავებულად მივართმევთ. ჩვენს პარტიაში ბევრია, ვინც ხმა გაერთიანებულ ოპოზიციას მისცა, მაგრამ ნაციონალური მოძრაობის დროს, ოპოზიციაში იყო. 

_ ისე, ბევრი ამბობს, რომ არჩევანი უნდა გავაკეთოთ ცუდსა და უარესს შორის. თქვენც ფიქრობთ, რომ ცუდი ნაციონალური მოძრაობაა და უარესი _ „ოცნება“, ან პირიქით? 

_ ზუსტად ამაზე ვსაუბრობ, რომ შეცვლილი სისტემის პირობებში, საკითხი ასე აღარ დადგება! ამას წინათ, ბურჯანაძის მომხრეს ვესაუბრებოდი და ვუთხარი, თქვენი ლიდერი ემხრობა საბჭოურ სისტემას-მეთქი. აბა, რუსეთი ვისი სამართლებრივი სისტემაა?! მაინტერესებს: ჩვენ, დასავლეთის მომხრე პარტიები, ვებრძვით ამ სისტემას და რაზე უნდა ველაპარაკო ამ ტიპის ლიდერს, რომელიც ჩემს ქვეყანას სთავაზობს საბჭოურ, ძირგამომპალ, რუსულ სამართლებრივ სისტემას?! 

_ მოკლედ, ისეთი სისტემა შეიმუშავეთ, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას, გარკვეულწილად, ძალაუფლებას გამოაცლის? 

_ მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას კი არა, არამედ, ყველა პარტიას, რომელიც ხელისუფლებაში მოვა. ამ სისტემით, იქნება თავისუფალი პროკურატურა და თავისუფალი სასამართლო. 

_ გასაგებია... 2020 წლის არჩევნებში ნაციონალურ მოძრაობასთან დაბლოკებას აპირებთ?? 

_ ეს ერთადერთი კითხვაა, რასაც ამ წამს პასუხს ვერ გავცემ, რადგან ამაზე მუშაობა ახლა მიდის. 

_ ქალბატონო თაკო, ზოგი თვლის, რომ „ოცნებამ“ კულტურის მინისტრის მოადგილედ არ დაგნიშნათ და ოპოზიციაში ამიტომ ჩაუდექით. 

_ როგორ ფიქრობთ, ამ წლების განმავლობაში, რაიმე თანამდებობაზე ყოფნას ვერ მოვახერხებდი? 

_ ვფიქრობ, მოახერხებდით. 

_ მგონი, ასე ბევრი ფიქრობს (იცინის). ეს იმ „ლაგამამოდებულთა“ მოგონილია, ვისაც არ უნდოდა, ოპოზიციაში წავსულიყავი. იცით, საქმე რაშია? _ საყდრისი ჰქონდათ დასანგრევი და თაკო ჩარკვიანი ამას არ გააკეთებდა... 

სულ მესმის ქველმოქმედებაზე საუბარი, ინტელიგენციას პენსიები დაუნიშნაო. კი, ნამდვილად ასე იყო, მაგრამ ქველმოქმედება არ მოიცავს ანგარებას. შენ თუ პენსია დანიშნე და ამაში მე მომთხოვ სამშობლოს გაყიდვას, ამას ძალიან ცუდი სახელი ჰქვია. 

მამას რომ ჰკითხეს, ომი საქართველომ დაიწყო, თუ არაო, უპასუხა, არა, საქართველოს ომი არ დაუწყიაო. მაშინ თქვა, ქვეყნები საკუთარ ტერიტორიაზე ომს არ იწყებენ და 4 სოფელი გამოიარა მტერმა ჩვენს ტერიტორიაზეო. იხუმრა კიდეც: „ადრე გვებრძოდნენ მუსულმანები, ახლა გვებრძვიან რუსულმანებიო“. ამან განაპირობა დიდი სპექტრის განაწყენება. მომიტევეთ, მაგრამ ვერავის პენსიის გამო, ქვეყანას ვერ გავყიდი! 

_ ბოლო კვლევის მიხედვით, „ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი ეცემა. აქედან გამომდინარე, წლევანდელ არჩევნებში, „ოცნების“ დამარცხება რეალურად მიგაჩნიათ? 

_ დიახ, „ოცნებას“ საქმე უმძიმესად აქვს, რადგან ამ ქვეყანას ნაწილ-ნაწილ შლის!

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში