Menu
RSS

საით არის მიმართული „რუსული ანტენა“ _ რატომ არ უკრავს ტაშს კრემლი?!

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) ახალ სტრუქტურასთან თანამშრომლობაზე რუსეთის ხელისუფლებამ უარი თქვა. ახალი სტრუქტურის უფლებამოსილებაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ინციდენტების გამოძიება და მათ მოწყობაში დამნაშავეების იდენტიფიცირება შედის.

აღსანიშნავია, რომ OPCW-ს არსებობის ისტორიაში პირველად _ წელს, აკრძალული ქიმიური ნივთიერებების სიას ახალი ნივთიერება დაემატა. ორგანიზაცია 1997 წელს შეიქმნა და სწორედ მაშინ შედგა აკრძალული მომწამვლელი ნივთიერებების სია, რომელიც აქამდე არასოდეს შეცვლილა. ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის სათაო ოფისში, ჰააგაში, რამდენიმე დღის წინ გამართულ პლენარულ სხდომაზე გადაწყდა, რომ ორგანიზაციამ აკრძალული ნივთიერებების სიაში უნდა შეიყვანოს „ნოვიჩოკი“; ეს არის ნივთიერება, რომელიც საბჭოთა კავშირში შექმნეს და სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლისთვის გამოიყენეს. ამ გადაწყვეტილების მიღებას ორგანიზაციის წევრები აპლოდისმენტებით შეხვდნენ... თითქმის ყველამ დაუკრა ტაში. ვინ არ დაუკრა? რა თქმა უნდა, რუსეთის დელეგაციამ... 

ორგანიზაციის ყოველწლიური პლენარული სხდომა ჰააგაში, 25 ნოემბერს გაიხსნა. ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა დაამტკიცეს ორგანიზაციის ბიუჯეტი 2020 წლისთვის, რომელიც 71 მილიონი ევროს მოცულობისაა. რუსეთმა, ჩინეთმა და სირიამ ამ ბიუჯეტის დამტკიცებას მხარი არ დაუჭირეს. მოსკოვი ბიუჯეტის მიღების დაბლოკვას ცდილობდა, რადგან ახალ ბიუჯეტში ჩაიდო თანხები ერთდროულად კონვენციური და არაკონვენციური საქმიანობისთვის. არაკონვენციური საქმიანობა გულისხმობს საბრალდებო მექანიზმის ამუშავებას, რომელიც ქიმიური შეტევების განმახორციელებლების იდენტიფიცირებას ისახავს მიზნად. 

მართალია, რუსეთი თავისი სახელმწიფოს მნიშვნელობიდან, ამბიციებიდან, მიზნებიდან თუ ინტერესებიდან გამომდინარე, მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის წონიანი წევრია, თუმცა ეს არ უშლის მას ხელს იმაში, რომ პარალელურად, ამ ორგანიზაციების საწინააღმდეგოდ იმოქმედოს... ყველა ხერხით! როგორც ბოლოდროინდელმა მოვლენებმაც ცხადჰყო, კრემლი გამოკვეთილ პარტნიორ ქვეყნებშიც კი ხშირად ბინძურად აფათურებს ხელებს. მსგავს მოქმედებებს ძირითადად ГРУ-ს თანამშრომლების მეშვეობით ახორციელებს. თუმცა, ასევე სულ უფრო და უფრო ხშირად, ამ ქმედებების კვალზე ევროპელი სამართალდამცველები და დამოუკიდებელი მედია გადიან. როგორც არ უნდა ტრაბახობდეს პრეზიდენტი პუტინი თავისი სპეცსამსახურების სიძლიერით, მათი ქმედებების პრევენცია უკვე სულ უფრო და უფრო ხშირად ხდება. მაგალითისთვის, იგივე ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) სერვერებზე თავდასხმის მცდელობის აღკვეთა შეიძლება მოვიყვანოთ. 

2018 წლის აპრილში, ჰააგაში, რუსული სპეცსამსახურის თანამშრომლებმა, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის სერვერების გატეხვა სცადეს. მათი გეგმა ნიდერლანდების ხელისუფლებამ ჩაშალა. დიპლომატიური პასპორტების მქონე 4 რუსი ჯაშუში გაძევებულ იქნა ქვეყნიდან. ამ ქვეყნის სამხედრო დაზვერვამ სავარაუდო რუსი ჯაშუშების ფოტოები და ვინაობაც კი გაასაჯაროვა. ესენი იყვნენ ალექსეი მორენეცი, ევგენი სერებრიაკოვი, ოლეგ სოტნიკოვი და ალექსეი მინინი. არსებული ინფორმაციით, რუსი ჰაკერები, სკრიპალების მოწამვლის საქმეში, რუსეთის როლის შესახებ OPCW-ს მიერ აღმოჩენილი სამხილების ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ. ჰოლანდიის სამართალდამცველების აზრით, ოთხივე მათგანი ე.წ. ГРУ -ს თანამშრომელი იყო. ასევე, გაირკვა, რომ მათი ინტერესის საგანი იყო შვეიცარიაში არსებული ქიმიური ლაბორატორია და ის გამოძიებაც, რომელსაც ჰოლანდია დონბასში, სეპარატისტების მიერ მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე ატარებს. ყველა ის თემა, რომელიც მათი ინტერესის საგანი იყო, უკიდურესად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის _ ეს არის საკითხები, სადაც რუსეთის, როგორც სახელმწიფოს ბრალეულობა იკვეთება. 

ნიდერლანდების კონტრდაზვერვის სამსახურის ცნობით, რუსი ჯაშუშები სპეცსაქმიანობისთვის საკუთარ ავტომანქანებს, ხოლო მობილური სიხშირისთვის კომპიუტერულ სიგნალს იყენებდნენ. დაკავებულებს საბარგულში ტრანსფორმატორი და რამდენიმე ელემენტი აღმოაჩნდათ, ასევე მანქანის სალონში ნაპოვნი იყო ძლიერი მონაცემების კომპიუტერი, ანტენა და სმარტფონები. ჰაკერები მათთვის საინტერესო ადამიანების კომპიუტერებს პაროლებს ხსნიდნენ და საიდუმლო მასალებს იპარავდნენ. ანტენა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციისკენ ჰქონდათ მიმართული. დაკავებამდე რუსეთის მოქალაქეები სამუშაო ტექნიკის, მათ შორის, მობილური ტელეფონების განადგურებას ცდილობდნენ, რის განხორციელებაც ვერ შეძლეს. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ დაკავებული სარგებლობდა ნოუთბუქით, რომლითაც მალაიზიაში, არასანქცირებული გზებით წვდომას ცდილობდა. მომხდარს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. მაშინ სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ნიდერლანდებში დაკავებულ რუსეთის მოქალაქეებს უნდა მოეხდინათ საელჩოს საინფორმაციო სისტემების ტესტირება და მათი ჩასვლა ჰააგაში რუტინული იყო. თუმცა, მას არ განუხილავს ის ფაქტი, რომ „რუსული ანტენა“ მიმართული იყო OPCW-ს შტაბბინისკენ და არა რუსეთის საელჩოსკენ, სხვა სამხილების არსებობაც საჯაროდ არ გაურჩევია. 

ფაქტია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი იყენებს ყველა ხერხს, რათა საკუთარ მიზანს მიაღწიოს; რუსეთი აგრძელებს კიბერშეტევებს, ტროლების ქარხნების ქსელების გაბმას მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმ პირებისა თუ ორგანიზაციების წინააღმდეგ, ვინც მათ მიზნებს ეწინააღმდეგება. ეს ნათლად გამოჩნდა ამ შემთხვევაშიც. მიუხედავად იმისა, რომ მარია ზახაროვამ მომხდარი მეზღაპრე ანდერსონის ზღაპრებს შეადარა, მისი ირონიული რეპლიკები ვერავის მოატყუებს. 

თანაც, უკვე ფაქტია, რომ რუსეთის ხელისუფლების არასანქცირებული, არასამართლიანი, მიუღებელი მოქმედებების შედეგებს თავადვე რუსეთის მოქალაქეები უფრო ხშირად იმკიან. ამის მაგალითია, მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ რუსეთს 4 წლით მსოფლიოს ჩემპიონატებსა და ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება ჩამოერთმევა. მიზეზი კი ის არის, რომ რუსმა სპორტსმენებმა, კრემლის ჩინოვნიკების დახმარებით, სპეცსამსახურების ჩართულობითაც კი, დოპინგით მოახერხეს მსოფლიო სპორტის დაბინძურება. უკვე აღარ დარჩა სფერო თუ საკითხი, სადაც კრემლი საფრთხეს არ ქმნის, სიბინძურეს არ ავრცელებს და მავნებლობას არ ეწევა!

სოფიო უგრეხელიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში