Menu
RSS

დაგვეცემა თუ არა 2020-ში პოლიტიკური მეტეორი

2019 წლის პოლიტსკანდალების ანატომია

დროს თავისი კანონები აქვს ანუ გვინდა, თუ არა, როგორც ერთ სიმღერაშია, დრო არაფერზე ფიქრობს და მიჰქრის. 2019 წელიც ისტორიის კუთვნილება ისე ხდება, რომ არაფერზე დაფიქრებულა. სამაგიეროდ, ბევრი საფიქრალი ჩვენ, ადამიანებს დაგვიტოვა! 

დიახ, ქალბატონებო და ბატონებო, ახლა, როცა ახალ წლამდე ერთი კვირაა დარჩენილი, შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ 2019 წელი, საქართველოს უახლოეს ისტორიაზე, თავის მძიმე კვალს აუცილებლად დატოვებს. 

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, წელს საქართველო რამდენიმე საერთაშორისო სკანდალში გაეხვა. ამ მხრივ კი ყველაზე „მსუყე“, ანაკლიის პორტის გარშემო განვითარებული მოვლენები და „ფეისბუქის“ მიერ, ე.წ. ტროლებ-ბოტების მასშტაბური გამოვლენაა. 

ვინაიდან და რადგანაც ანაკლიის პორტის მოვლენებზე „ვერსიის“ ამავე ნომერში, ჟურნალისტ მაია მიშელაძის წლის ეკონომიკურ მიმოხილვაში ვრცლად წაიკითხავთ, ამ თემაზე აღარ შევჩერდები და პირდაპირ „ტროლების სკანდალზე“ გადავალ.

ისე, მთელი ცივილიზებული მსოფლიო, ლამის მარსზე „გადადის საცხოვრებლად“. ჩვენ კი იმის განხილვაში ვართ, ვიღაც „ბოტმა“, თუ „ტროლმა“ სოციალურ ქსელში რა სისაძაგლე დაწერა. 

„განხილვა“ „ლაითად“ ნათქვამია, რადგან კვირაზე მეტია, სრულიად ქართული მედიისთვის მთავარი ახალი ამბავი, სწორედ ეს საკითხია და იგივე ტელევიზიები, საინფორმაციო გამოშვებებს ისეთი ტრაგიკული ხმით იწყებენ, გეგონება, მესამე მსოფლიო ომი დაიწყო! 

ერთი სიტყვით, ასეთია ჩვენი ბედკრული რეალობა და ვინმემ რეალობის დამახინჯებაში რომ არ დამდოს ბრალი, ამიტომაც, 2019 წლის შეჯამებას მეც „ბოტების სკანდალით“ დავიწყებ. 

 

ზოგადად, ე.წ. ფეიკ-ნიუსის გარეშე, 21-ე საუკუნე წარმოუდგენელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყალბი ინფორმაციის ინდუსტრია მხოლოდ საქართველოში კი არა, არამედ, მთელ მსოფლიოში ყვავის, თუმცა ჩვენთან, საქმე გაცილებით რთულადაა ანუ როგორც „ფეისბუქმა“ გაარკვია, გარკვეული ჯგუფები, გვერდები და ანგარიშები, პირდაპირ მმართველ გუნდთან იყო დაკავშირებული და სოცქსელში მხოლოდ ანტიოპოზიციური განწყობის ფორმირებას კი არ ახდენდა, არამედ, ანტიდასავლურ კამპანიასაც ეწეოდა. 

„სოციალურმა ქსელმა FACEBOOK-მა, 418 ქართული ანგარიში გააუქმა'', _ ამის შესახებ, ქართულმა ონლაინ და ტელე-მედიამ ინფორმაცია 20 დეკემბერს გაავრცელა. 

ამავე ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი, არაავთენტური ქმედება გახდა. 

„როგორც სოციალური ქსელი განმარტავს, 39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 INSTAGRAM-ანგარიში პოზიციონირებდნენ, როგორც ახალი ამბების სააგენტოები და იმიტირებდნენ პოლიტიკურ პარტიებს, საჯარო პირებსა და მედიებს. ამისთვის ისინი შემდეგნაირ სახელწოდებებს იყენებდნენ: DailyInfo, NewsHub.ge, TodayNews.ge  და OnTime.ge. 

გვერდების ადმინასტრატორები, ძირითადად, ადგილობრივ ახალ ამბებსა და პოლიტიკურ საკითხებზე პოსტავდნენ, მაგალითად, არჩევნებზე, სამთავრობო პოლიტიკაზე, მაღალჩინოსნებზე, ოპოზიციისა და ადგილობრივი აქტივისტური ჯგუფების კრიტიკაზე. 

„მიუხედავად იმისა, რომ ამ ანგარიშების უკან მდგომი ადამიანები ცდილობდნენ, დაეფარათ თავიანთი იდენტობა და კოორდინირებული მუშაობა, ჩვენი გამოძიებით, ეს აქტივობები საქართველოში მოქმედ სარეკლამო კომპანია ,,პანდასა'' და ქართული ოცნების ხელისუფლებას უკავშირდება'', _ წერია განცხადებაში. 

გაუქმებული ანგარიშები მოიცავდა ისეთ გვერდებს, რომლებიც ფოკუსირებული იყო სენსაციურ ახალ ამბებზე და მიმების გავრცელებაზე. გაუქმებული გვერდების გამომწერების რაოდენობა, ზოგ შემთხვევაში, 11 000-მდეც აღწევდა. 

DFRLAB-ის ცნობით, გაუქმებული ჯგუფები აქტიურად მუშაობდნენ ადგილობრივი ოპოზიციური პარტიების დისკრედიტაციაზე. ამასთან, ავრცელებდნენ ყალბ ინფორმაციებს 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებითაც'', _ იუწყებოდა ქართული მედია 20 დეკემბერს. 

ისე, წესითა და რიგით, უკეთესი იქნებოდა, 20 დეკემბერს, მედიას და, ზოგადად, საზოგადოებას მსჯელობა „ტროლებზე“ კი არა, გაცილებით საჭირბოროტო საკითხზე დაეწყო. 

აი, მაგალითად, გამართულიყო დებატები იმის თაობაზე, თუ რატომ და ვისი ხელშეწყობით დაიწყო 28 წლის წინ, 1991 წლის 22 დეკემბერს, თბილისში სამოქალაქო ომი, ომი, რომლის შედეგებსაც ახლაც ვიმკით, მაგრამ „ფეისბუქის“ მიერ განხორციელებულმა „სპეცოპერაციამ“, მხოლოდ 28 წლის წინანდელი კი არა, არამედ, სულ ახალი მოვლენებიც გადაფარა. 

ყოველ შემთხვევაში, ოპოზიცია მთლიანად „ტროლების თემაზე“ გადაერთო და იგივე პროპორციული არჩევნები, რომლის გამოც, მთელი ეს ვაკჰანალია დაიწყო, დაავიწყდა, თუმცა სანამ პროპორციულის ჩაგდების პერიპეტიებს გავიხსენებთ, სჯობს, „ტროლების სკანდალი“ ამოვწუროთ. 

ერთი სიტყვით, 2019 წლის მიწურულს, ქართულმა პოლიტიკამ „ტროლებსა და ბოტებზე“ დაიწყო ტრიალი და ყველა, ვისაც არ ეზარება, ამ თემაზე საუბრობს. ამ ამბავს საკრალურობას კი ის სძენს, რომ „ოცნება“ ფეიკ-გვერდებთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს და ყველაფერს „ნაცებს“ აბრალებს. 

ჩვენთვის რომ ვთქვათ, ამ მხრივ სუფთანი არც ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერები არიან ანუ ინტერნეტ-ბულინგსა და ტროლინგს, მხოლოდ „ოცნება“ და მასთან აფილირებული ადამიანები კი არა, ნაციონალებიც მიმართავენ, თუმცა ისე მოხდა, რომ „ფეისბუქი“ მხოლოდ ხელისუფლების ინტერნეტ-ბულინგზე აკეთებს აქცენტს. არადა, თუ სამართალია, ორივე მხარის „ტროლების“ „მზე“ უნდა „ჩაესვენებინა“, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა და ახლაც, როგორც ბოლო 7 წლის განმავლობაში, „ოცნება“ კვლავ თავის დაცვის რეჟიმშია. 

ადამიანური ლოგიკით კი, თავდაცვაში ყოფნა, ყოველთვის წამგებიანია, ესე იგი, ბევრად უკეთესი თავდასხმაა. ჰოდა, ნაციონალებიც დროსა და სიტუაციას არ უშვებენ, რომ „ოცნება“ მიწაში ჩადონ. 

არადა, გულახდილად რომ ვთქვათ, მმმართველ გუნდს, შეიძლება, კარგის გაკეთება უნდა და ბევრ კარგსაც აკეთებს, მაგრამ რად გინდათ? _ ყველაფერს უნიათობის იარლიყი ეწებება. 

სხვათა შორის, „ფეისბუქის“ სკანდალზე, გავლენიანმა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ _ „გამჭვირვალობა საქართველომ“, გამოძიების დაწყება მოითხოვა. 

„20 დეკემბერს, FACEBOOK-მა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კომპანიამ სოციალურ ქსელში არსებული ასობით ყალბი და კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში შემჩნეული გვერდი, ჯგუფი და მომხმარებელი წაშალა, რომლებიც არასამთავრობო სექტორის, სახალხო დამცველის, ოპოზიციისა, თუ სხვადასხვა სამოქალაქო აქტივისტის მადისკრედიტირებელ მასალას აქვეყნებდნენ. ამ ჯგუფების უკან მდგომი პირების ქმედებებში, შესაძლოა, რამდენიმე დანაშაულის ნიშანი იკვეთებოდეს, შესაბამისად, გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. ორგანიზაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გამოძიების პროცესში, მკაცრად უნდა იყოს დაცული ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და კონკრეტულ დანაშაულს შორის. პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა იმ შემთხვევაში უნდა დაიწყოს, თუ ნათლად დადგინდება, რომ ქმედება დანაშაულის ნიშნების შემცველია და არ ექცევა გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროში. 

FACEBOOK-ის გამოძიების შედეგად, ჯამში, 39 ანგარიში, 344 გვერდი და 13 ჯგუფი გაუქმდა. ამავე გამოძიებით დადგინდა, რომ წაშლილი გვერდები პარტია ,,ქართულ ოცნებასთან'' და სარეკლამო კომპანია ,,პანდასთან'' იყვნენ დაკავშირებულები. ამ გვერდებმა, დაახლოებით, 316 000 აშშ დოლარი FACEBOOK-სა და INSTAGRAM-ზე რეკლამაში ანუ პოსტების დასპონსორებაში დახარჯეს. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ ყალბი ჯგუფების ქმედებები, უმეტესად მიმართული იყო საზოგადოებრივად აქტიურ პირებზე ზემოქმედებისა და მათი საქმიანობისათვის ხელშეშლისაკენ. 

გავლენებისგან თავისუფალი საგამოძიებო ორგანოების პირობებში, გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაწყებულიყო. ობიექტური გამოძიების შემთხვევაში, შესაძლოა, გამოიკვეთოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რამდენიმე დანაშაულის ნიშანი'', – ვკითხულობთ „გამჭვირვალობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში, თუმცა ისეთი პირი უჩანს, რომ ამ თემაზე გამოძიება არ დაიწყება. 

ისე, „ტროლების სკანდალის“ გამოძიებას ვინ ჩივის, როცა ბოლომდე, იგივე 20-21 ივნისის გამოძიებაც არ მოსულა. არადა, 20-21 ივნისი, შესაძლოა, ერთგვარ წყალგამყოფად ჩავთვალოთ ანუ წლების განმავლობაში, „ოცნება“ იმით აპელირებდა, რომ წინა ხელისუფლება საკუთარ ხალხს არბევდა. 

20-21 ივნისს კი, თავადაც იგივე საბედისწერო შეცდომა დაუშვა, თუმცა ამ შეცდომას მმართველი გუნდი არ აღიარებს და ამბობს, რომ თავიდან აიცილა სახელმწიფო გადატრიალება. 

კარგი, დავუშვათ, რომ სახელმწიფო გადატრიალების ნიშნები მართლაც, იყო სახეზე, მაგრამ საკითხავია: ამ გადატრიალებას მარტო ნიკა მელია და ირაკლი ოქრუაშვილი აპირებდნენ? 

ისე, თუ ოქრუაშვილი გადატრიალების ბრალდებით გისოსებში გამოკეტეს, იგივე ბედი მელიამაც რატომ არ გაიზიარა, ან თუ მელიას სამაჯური დაადეს, ხომ შეიძლება, „ოქროსთვისაც“ დაედოთ? 

მოკლედ, 20-21 ივნისის საქმეში ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა, თუმცა ამ კითხვებზე პასუხებს, ზერელედ თუ შევხედავთ, ოპოზიციაც არ ეძებს ანუ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ოპოზიციას 20-21 ივნისის მოვლენები სალაპარაკოდ სჭირდება, თორემ სინამდვილეში, სიმართლის დადგენა სულაც არ აინტერესებს. 

მაინც, რა მოხდა 20 ივნისის ღამეს და რატომ გახდა საჭირო ქუჩაში სპეცრაზმის გამოყვანა? 

მოდით, ამ მოვლენების ქრონოლოგია კიდევ ერთხელ გავიხსენოთ: 

17 ივნისს, ევროპული საქართველოს წევრმა, გიორგი კანდელაკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში, 19 ივნისს, იგეგმებოდა მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის ჩატარება, რომელსაც რუსეთის დუმის რამდენიმე დეპუტატი დაესწრებოდა. კანდელაკი ამბობდა, რომ დუმის დეპუტატების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა არასასურველი იყო და ზიანს მიაყენებდა, როგორც ჩვენი საქართველოს სუვერენიტეტს, ასევე, საერთაშორისო ავტორიტეტს. 

ასევე, ცნობილი გახდა, რომ ზემოხსენებულ ასამბლეას დაესწრებოდა სერგეი გავრილოვი, რომელიც რუსეთის კომუნისტური პარტიის წევრი და რუსეთის დუმის მოქმედი დეპუტატია. პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გავრილოვი, აფხაზეთის ომის დროს, ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა. გარდა ამისა, ისიც გახდა ცნობილი, რომ გავრილოვი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას სცნობს. ეს კი საქართველოს სუვერენიტეტის ფარგლებში, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს ეწინააღმდეგება.

მოკლედ, რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, რომელიც აფხაზეთსა და ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად განიხილავს, საქართველოში ვიზიტის დროს, საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის სავარძელი დაიკავა და მართლმადიდებლურ ასამბლეას გაუძღვა. ამან ოპოზიციონერებისა და ქართული საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია, რასაც სამოქალაქო მოძრაობების მხრიდან, აქციების დაანონსება მოჰყვა, ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის წევრების აქტიურობით კი, პარლამენტში ასამბლეა შეწყდა. 

შესვენების შემდეგ, თინა ბოკუჩავამ, ელენე ხოშტარიამ და სხვა პოლიტიკოსებმა გავრილოვს საშუალება არ მისცეს, რომ ხელმეორედ დაეკავებინა ირაკლი კობახიძის სკამი, კაკო ბობოხიძემ კი რუს დეპუტატს წყალი შეასხა. 

რუსი დეპუტატის მიერ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილის დაკავებას, სამოქალაქო მოძრაობების პროტესტი #სირცხვილია მოჰყვა. აქტივისტები საქართველოს პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ და რუსული დელეგაციის ვიზიტი გააპროტესტეს. მათ ხელში ეჭირათ ბანერები _ „სირცხვილი მთავრობას“, „წადი და გაიყვანე რუსული ჯარი“. 

ასამბლეის ჩაშლის შემდეგ, სერგეი გავრილოვი და სხვა რუსი დეპუტატები, საქართველოს პარლამენტიდან, სასტუმრო „რედისონში“ გადაიყვანეს. სამოქალაქო აქტივისტების ნაწილმაც სასტუმროსთან გადაინაცვლა, სადაც პროტესტი გაგრძელდა. ისინი ითხოვდნენ, რომ ასამბლეა შეჩერებულიყო და გავრილოვსა და რუსულ დელეგაციას საქართველო დაეტოვებინათ. 

აქციის მონაწილეების აქტიურობამ შედეგი გამოიღო და გავრილოვმა ჯერ „რედისონის“ შენობა, შემდეგ კი საქართველო დატოვა, თუმცა პროტესტი ამით არ დასრულებულა. ოპოზიციამ კობახიძის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა, სამოქალაქო აქტივისტებმა კი რუსთაველზე, პარლამენტის წინ, ფართომასშტაბიანი აქცია დააანონსეს. 

20 ივნისს, 19:00 საათზე, პარლამენტთან აქცია დაიწყო. მოქალაქეები რუსული დელეგაციის ვიზიტსა და ოკუპაციას აპროტესტებდნენ, პარალელურად კი, მთავარი მოთხოვნები წამოაყენეს, რომელთაგან ერთ-ერთი, ირაკლი კობახიძის გადადგომა იყო. 

აქციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში, რუსთაველზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. სპეციალურად მოწყობილ სცენასთან გამოჩნდნენ პოლიტიკოსებიც, რომლებმაც საზოგადოებას მიმართეს. აქცია რამდენიმე საათის განმავლობაში მშვიდობიანად მიმდინარეობდა, თუმცა საღამოს ათი საათისთვის, სამართალდამცავებს აქტივისტების ნაწილი დაუპირისპირდა, რასაც აქტივისტების პარლამენტში შეღწევის მცდელობა მოჰყვა. მათ წინააღმდეგობა სამართალდამცავებმა გაუწიეს და ვითარების განმუხტვას შეეცადნენ... აქციის მონაწილეებმა პარლამენტში შესვლა კიდევ რამდენჯერმე სცადეს, რის გამოც სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის, შეტაკება განმეორდა. 

ღამის 12 საათისთვის, ძალოვანმა სტრუქტურებმა ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით, აქციის დაშლა გაუფრთხილებლად დაიწყეს. რუსთაველის გამზირზე, საავტომობილო გზაზე მდგარი აქციის მონაწილეები, თავდაცვის მიზნით, ტერიტორიას გაეცალნენ, თუმცა მალევე უკან დაბრუნდნენ. 

ამის შემდეგ, სპეცრაზმმა რეზინის ტყვიების გამოყენებაც დაიწყო, რის გამოც აქციის არაერთი მოქალაქე და მედიის წარმომადგენელი მძიმედ დაშავდა. ორმა აქტივისტმა, სპეცრაზმის მხრიდან ნასროლი რეზინის ტყვიების შედეგად, თვალი დაკარგა, 240-მდე მოქალაქემ კი სხეულის დაზიანებები მიიღო. 

სპეცრაზმი ცრემლსადენ გაზს უშვებდა, დემონსტრანტები კი საქართველოს ჰიმნს მღეროდნენ. 

ოპერაციის დაწყებიდან საათნახევრის შემდეგ, შსს-მ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, პარლამენტის შენობაში შეჭრის, მოქალაქეთა და პოლიციელთა ჯანმრთელობის დაზიანებისა და ფიზიკური დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, გამოიყენეს ,,კანონით გათვალისწინებული იძულების პროპორციული სპეციალური საშუალებები''. 

აქციის დაშლა, თითქმის 8 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, გამთენიისას კი სიტუაცია შედარებით განეიტრალდა. აქციის დაშლა დაკავებებით დასრულდა. 

აქციის მონაწილეთა მოთხოვნა, პრემიერთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა იყო. მათგან მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა. ისიც, აქციის დაშლიდან რამდენიმე საათის შემდეგ, თუმცა ამას წინ უსწრებდა პრესსამსახურის განცხადება, რომ კობახიძე არც თანამდებობას დატოვებდა და არც ვიზიტს შეწყვეტდა, თუმცა ბოლოს, კობახიძე იძულებული გახდა, გადამდგარიყო. 

პარალელურად, ხელისუფლება ფართომასშტაბიან დათმობაზე წავიდა და განაცხადა, რომ თანახმა იყო, კონსტიტუციაში ცვლილებები შეეტანა და 2020 წელს, არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩაეტარებინა, თუმცა შემოდგომის მიწურულს გაირკვა, რომ ეს დაპირება, ჩვეულებრივი „ფეიკი“ იყო ანუ უმრავლესობის წევრი მაჟორიტარები აჯანყდნენ და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩავარდა. 

ჰოდა, ოპოზიციასაც კიდევ ერთი ახალი სუნთქვა გაეხსნა. 

უფრო მეტიც, ერთმანეთის გვერდით ისეთი „ანტიქოცებიც“ დასხდნენ, რომლებიც არცთუ შორეულ წარსულში, ერთმანეთს მკვდარსა და ცოცხალს აგინებდნენ. „ოცნებას“, როგორც ჩანს, სწორედ ეს არ ჰქონდა გათვლილი და იმედოვნებდა, რომ პროპორციულის ჩაგდებას, მხოლოდ ნაციონალები და ევროპული საქართველოს წარმომადგენლები გააპროტესტებდნენ, მაგრამ პოლიტიკურ არენაზე ნინო ბურჯანძე, შალვა ნათელაშვილი და სხვა პოლიტიკოსებიც გააქტიურდნენ. 

როგორ დამთავრდება ე.წ. პროპორციულის კრიზისი? _ ამას უკვე მომავალ წელს გავიგებთ, თუმცა ამთავითვე ნათელია, რომ ამ კანონპროექტის ჩაგდების გამო, მმართველმა გუნდმა დასავლეთის მხარდაჭერა დაკარგა. 

ასევე, დაკარგა ის თანაგუნდელებიც, რომლებიც, იგივე ევროპასა თუ აშშ-ში, „ოცნების“ ინტერესებს იცავდნენ ანუ ყველა პარამეტრით, ამ ეტაპზე, მოგებული ოპოზიციაა, რომელიც „ოცნებასთან“ ნერვების ომს აწარმოებს. 

ხელისუფლებას კი ნერვები ხშირად ღალატობს და ეს თუნდაც იქიდანაც გამოჩნდა, რომ სულ ახლახანს, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ძველი იდეა გააცოცხლა და გამოვიდა ინიციატივით, რომ მედიაცილისწამებაზე, სპეცკანონი შეიქმნას. 

ამას გარდა, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია ერთგვარ ცენზურას აწესებს _ იწყებს გადაცემათა ციკლს, რომელიც მედიას კრიტიკის ქარცეცხლში გაატარებს და ამ გადაცემის სახეები ხელისუფლებასთან აფილირებული ისეთი სუბიექტები იქნებიან, როგორებიც, მაგალითად, ია ანთაძე, ან შორენა შავერდაშვილი არიან. 

ამასობაში კი, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას აფრთხილებს და განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა განამტკიცოს დემოკრატიის პრინციპები, ინდივიდუალური თავისუფლება, კანონის უზენაესობა, პოლიტიკურად მიუკერძოებელი სასამართლო და პროკურატურის სისტემა. 

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას თავის სტატეგიულ პარტნიორთან _ საქართველოსთან, რათა ხელი შეუწყოს კანონის უზენაესობასა და ანგარიშვალდებულ ინსტიტუტებს. 

„ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს უსაფრთხო, წარმატებულ და დემოკრატიულ საქართველოს. ჩვენ მივესალმებით სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის პროგრესს და მხარს ვუჭერთ მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის მიმდინარე დიალოგს საარჩევნო რეფორმის შესახებ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განამტკიცოს დემოკრატიის პრინციპებისადმი, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება პოლიტიკურად მიუკერძოებელი სასამართლო და პროკურატურის სისტემის უზრუნველყოფით. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან, საქართველოსთან მუშაობას, კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების ხელშესაწყობად“, _ ნათქვამია ზემოხსენებულ განცხადებაში. 

ყველაფერ ზემოთქმულიდან, ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება: 2020 წლის იანვარში, საქართველოში პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა დასაშვებ ზღვარს გადასცდება, რაც შესაძლოა, იმის წინაპირობა გახდეს, რომ მმართველმა გუნდმა არათუ ოპოზიციის ახლანდელი მოთხოვნები დააკმაყოფილოს, არამედ, სრულიად ახალი პოლიტიკური თამაში დაიწყოს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. 

აი, თუ ასე მოხდა, მაშინ ნამდვილი „მეორედ მოსვლის“ მომსწრენი გავხდებით! 

და სანამ პოლიტიკური მეტეორი დაგვეცემა, მოდით, პოლიტიკურ ეშმაკებს მივაფურთხოთ და ერთმანეთს მშვიდობიანი ახალი წლის დადგომა მივულოცოთ!

ნინო დოლიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში