Menu
RSS

სისხლიანი ოკუპანტური თამაშები _ რა ფარულ პროვოკაციას გვიმზადებს კრემლი

ვინ არის და რატომ იცავს მმართველი გუნდი ერეკლე კუხიანიძეს კბილებით

მართალია, ქვემეხები დუმან, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მშვიდობაა. დიახ, ეს არის მშვიდობა, რომელიც ომზე საშიშია. ეს ომი საქართველოს არ დაუწყია. ეს ომი ძალიან დიდი ხნის, კერძოდ, ორი საუკუნის წინ, ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა გამოგვიცხადა და ამ ხნის განმავლობაში იძულებულნი ვართ, კრემლის აგრესიისგან თავი დავიცვათ! ეს თავდაცვა ხან გამოგვდის, ხან _ არა. რა იქნება ხვალ? _ ეს არავინ იცის. უფრო სწორად, კონფლიქტოლოგები და ის ადამიანებიც, რომლებიც რუსული „დერჟავის“ ბუნებას ზედმიწევნით კარგად იცნობენ, ამბობენ, რომ მოსკოვი თავის იმმპერიალისტურ მიზნებზე უარს არასოდეს იტყვის და თუ ძლიერი მფარველი არ გვეყოლება, მუდმივად შეეცდება, რომ საქართველო საკუთარ კლანჭებში მოიქციოს. ვინ შეიძლება ძლიერი მფარველობა გაგვიწიოს? _ ამ კითხვაზე პასუხი უმარტივესია ანუ ნატო და, საერთოდ, ევროატლანტიკური სტრუქტურები, ამ ეტაპზე, ჩვენი ერთადერთი ნავთსაყუდელი და თავშესაფარია.

ახლა, მავანნი იტყვიან, არ გვიღებს ნატო თავის რიგებში და როდემდე უნდა ვეხვეწოთ? ამ სკეპტიკოსების რიტორიკაში, შესაძლოა, ლოგიკა არის, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ვინც ეძებს, ყოველთვის პოულობს. ჰოდა, ადრე თუ გვიან, ჩვენთვის ნატო-ს კარი აუცილებლად გაიღება და ჩრდოლოეთური დათვიც იძულებული გახდება, თავი დაგვანებოს, მაგრამ რა იქნება ამ „კარის გაღებამდე“? _ ამაზე მარჩიელობა საჭირო არ არის, რადგან ყველაფერი პოლარული ღამესავით ნათელია _ კრემლი უკანონო ბორდერიზაციას გააგრძელებს და საკუთარი გავლენის აგენტების მეშვეობით, შეეცდება, რაც შეიძლება მეტად მოახდინოს იმ აზრის კულტივირება, რომ რუსეთი ჩვენი უფროსი ძმა, მეგობარია და ამიტომ, წინააღმდეგობა კი არ უნდა გავუწიოთ, არამედ, „ბაბაია“ უნდა დავუძახოთ. 

ისე, სიტყვამ მოიტანა და, ყველამ ვიცით, რომ ჩვენი ქვეყანა კრემლის გავლენის აგენტებითაა სავსე. ყველაზე დიდი უბედურება კი ის გახლავთ, რომ ჩრდილოეთურ ინტერესებს ზოგი „მოხალისის რეჟიმში“ ატარებს და ამის ნათელი მაგალითია თბილისის საკრებულოს აქამდე უცნობი წევრი, „მეოცნებე“ ერეკლე კუხიანიძე, რომელმაც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, მის ოჯახსა და, აქედან გამომდინარე, ყველა ქართველ პატრიოტს შეურაცხყოფა მიაყენა. კერძოდ, მან სოციალურ ქსელში, სიტყვა-სიტყვით ასე დაწერა: 

„ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით _ როდესაც იცი, იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ... ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება _ ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები, თქვენი დედაც...“ 

ნიშანდობლივია, რომ „მეოცნებე“ კუხიანიძემ, ვაჟა ექიმსა და მის ოჯახს დედა სწორედ მაშინ აგინა, როცა მმართველი გუნდი, თავისუფლების მოედანზე, საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად გახდომას ზეიმობდა. 

ისე, ჩვენთვის რომ ვთქვათ, ვერავინ გაიგო, რა იზეიმმა 14 დეკემბერს „ოცნებამ“ ანუ ევროსაბჭოს წევრი ქვეყნები ამ გაერთიანების თავმჯდომარეები რამე დამსახურებით კი არა, არამედ, ანბანის მიხედვით ხდებიან და ამ პოსტს 6 თვე იკავებენ. ჰოდა, საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობამ, სწორედ ამბანის მიხედვით მოუწია და, აი, მართლაც, საკითხავია, ამის გამო ტაშ-ფანდურის მოწყობა რატომ გახდა აუცილებელი? ამ ლოგიკით, თავისუფლად შეიძლება, რომ ქართველი პოლიტიკოსების, მაგალითად, პარლამენტის წევრების ევროსაბჭოსა, თუ ევროკავშირში ყველა ვიზიტს საერთო-სახალხო ზეიმით გამოვეხმაუროთ და ამით ხაზი გავუსვათ, რომ ჩვენი არჩევანი ევროპაა, თუმცა იმას, რომ საქართველოს დასავლეთს იქით გზა არ აქვს, ზეიმების მოწყობა კი არა, საქმე სჭირდება. საქმე კი აბსოლუტურად სხვანაირია და ამას, მინიმუმ, კუხიანიძის ზემოხსენებული განცხადებაც მოწმობს. 

სხვათა შორის, კუხიანიძის „გამოხტომას“ საზოგადოების ყველა ფენიდან ადეკვატური რეაქცია მოჰყვა, თუმცა „მეოცნებე“ პოლიტიკოსმა, რომლის არსებობაც აქამდე ოჯახის წევრებისა და მეზობელ-მეგობრების გარდა, არავინ იცოდა, აღებული გზიდან არ გადაუხვია და იგივე სოციალურ ქსელში, ვაჟა გაფრინდაშვილზე არანაკლებ შეურაცხმყოფელი ინფორმაციის ტირაჟირება მოახდინა. 

„თბილისის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ერეკლე კუხიანიძე, ოკუპანტების მიერ დაკავებულ ქართველ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით, ამჯერად, ცხინვალის ე.წ. უშიშროების სამსახურის (KGB) ვერსიას ავრცელებს. 

ვერსია თავდაპირველად სოციალური ქსელის მომხმარებელმა, სანდრო ჯამასპიშვილმა გაავრცელა, რომელიც კუხიანიძემ გადააზიარა და წერილის ავტორს მხარი დაუჭირა. 

საუბარია ცხინვალის KGB-ს მიერ, საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციასა და აუდიოჩანაწერებზე. ცხინვალი ამტკიცებს, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს, დე-ფაქტო საზღვრის გადაკვეთა და „კანონდარღვევა“ წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი. 

ცხინვალის KGB-ს განცხადებით, „საზღვრის დარღვევამდე“, ექიმი ესტონეთში იმყოფებოდა ვიზიტით, ხოლო საქართველოში დაბრუნების შემდეგ, საბანკო ანგარიშზე 21 ათასი დოლარი ჩაერიცხა, რის შემდეგაც, „თანამზახველების“ მეშვეობით, ცხინვალის რეგიონში მოხვდა. ცხინვალის ე.წ. უშიშროება, მათ შორის, სირიის მოქალაქესაც ასახელებს. 

ჯამასპიშვილმა მოგვიანებით წერილი კიდევ გამოაქვეყნა, სადაც ვაჟა გაფრინდაშვილი აგენტად მოიხსენია. 

„დაე, დიდხანს აყურყუტონ ეგ კაცი ორმოში'', _ დაწერა ხელისუფლების მხარდამჭერმა'', _ იუწყებოდა 16 დეკემბერს, ქართული ონლაინ-მედია. 

ვინ არის ერეკლე კუხიანიძე? _ მედიაში გავრცელებული ცნობით, ის 59 წლისაა და თბილისის საკრებულოში, „ქართული ოცნების“ კვოტით, გარემოს დაცვის კომისიას თავმჯდომარეობს, თუმცა მხოლოდ პოლიტიკოსობას არ სჯერდება და პერიოდულად, თურმე, მსახიობობს (რამდენიმე ფილმშია გადაღებული) და თავს სიმღერითაც იქცევს ხოლმე ანუ თავის დროზე, ანსამბლების _ „ოროველას“, „ჰელიკონ-იოპერასა“ და „იმედის“ სოლისტი იყო. 

2012 წელს, კუხიანიძე საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ კულტურის ჯგუფის მუსიკალურ განყოფილებას ხელმძღვანელობდა, 2015-2017 წლებში კი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, გამგებლის მოადგილედ მუშაობდა. 

სხვათა შორის, კუხიანიძე ცნობილი ქართველი მსახიობის, ნუცა კუახიანიძის მამაა. შეგახსენებთ, ნუცა თავის დროზე, ჰოლივუდში მოღვაწეობდა. მოგვიანებით, ის საქართველოში დაბრუნდა და ცოლად ვახტანგ და მაია რჩეულილშვილების ვაჟს, გუკა რჩეულიშვილს გაჰყვა, თუმცა ნუცა კუხიანიძე მამას ემიჯნება და ამბობს, რომ მის პოზიციას არ იზიარებს. 

ერეკლე კუხიანიძე პროფესიით ისტორიკოსია და, როგორც ირკვევა, ამილახვრების შთამომავალია. 

„ბავშვობიდან მესმოდა, რომ ჩემი დიდედის ანუ დედაჩემის დედის წინაპრები, ამილახვრები იყვნენ. ამაზე ხშირად არ საუბრობდნენ – ოცდაჩვიდმეტი წლის შიში ჰქონდათ გამოყოლილი და მიუხედავად იმისა, რომ საშიში აღარაფერი იყო, დიდედაჩემი ამის აფიშირებას მაინც გაურბოდა. მოკლედ, მისი დედა ამილახვარი იყო. გვიყვებოდა ხოლმე სახლზე, სადაც გაიზარდა; რომ იქ ძალიან დიდი ოთახები იყო, სასახლეს ჰგავდა ყველაფერი. თვითონ იყო ჩოლოყაშვილი, იმ ცნობილი მევენახის, სოლომონ ჩოლოყაშვილის შვილი, რომელმაც მევენახეობის ინსტიტუტი დააარსა საქართველოში, ცნობილი მეცნიერი იყო. დიდედას პაპა გახლდათ ცნობილი გენერალი, ივანე ამილახვარი, რომელიც 1905 წელს გარდაიცვალა. უმცირესი ჩინიდან დაიწყო და ბოლოს მთელი ბატალიონი ჩაიბარა, სერიოზული მებრძოლი იყო. ჩეჩნეთში დიდი აჯანყება ყოფილა და რუსეთი მის სისხლში ჩახშობას აპირებდა. ივანემ მოახერხა, ჩავიდა და მხოლოდ მოლაპარაკებით, სიტყვით დააწყნარა სიტუაცია. ჩეჩენმა ერმა ძალიან დიდი მადლიერება გამოხატა მის მიმართ, როდესაც გარდაიცვალა. სწორედ ეს ივანე ამილახვარი იყო დიდედას პაპის ძმა. დიდედას პაპა ადრე გარდაიცვალა და ამიტომ დიდედას დედა, პრაქტიკულად, ივანეს სახლში გაიზარდა'', _ ესაა ამონარიდი კუახინიძის ინტერვიუდან, რომელიც ქართულ მედიაში რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნდა. 

რაც შეეხება ერეკლე კუხიანიძის ქონებრივ დეკლარაციას, 2019 წლის 23 ნოემბერს შევსებული დეკლარაციის თანახმად, კუხიანიძის მფლობელობაშია 101 კვ.მ. ფართობის ბინა თბილისში, ტოვსტონოგოვის ქუჩაზე. საანგარიშო პერიოდში, ერეკლე კუხიანიძეს რესპუბლიკა ბანკის მიმდინარე ანგარიშზე ჰქონდა 50 აშშ დოლარი, ლიბერთი ბანკის მიმდინარეზე _ 1 800 ლარი და საქართველოს ბანკის მიმდინარეზე _ 100 ლარი. დეკლარაციის შევსების მომენტში, კუხიანიძეს ნაღდი ფულის სახით ჰქონდა ბინის გაყიდვიდან შემოსული თანხა, ჯამში, 34 000 აშშ დოლარი. 

ამავე დეკლარაციის მიხედვით, კუხიანიძემ 2017 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 30 აპრილის ჩათვლით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის თანამდებობაზე, შემოსავლის სახით, აიღო 4 160 ლარი. იმავე წლის 1 მაისიდან 13 ნოემბრის ჩათვლით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე _ 13 800 ლარი. 

თბილისის საკრებულოში, 2018 წლის განმავლობაში, კუხიანიძემ გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნისას, ანაზღაურების სახით, 37 900 ლარი აიღო. ამავე პერიოდში, მან ბინა 57 000 აშშ დოლარად გაყიდა. 

მოკლედ, კუხიანიძე, როგორც კახეთში იტყვიან, კარგ ბაგაზეა დაბმული და არც უკანონო ბორდერიზაცია ადარდებს და არც ის, რომ ქართველი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც სამოქალაქო გმირობის მაგალითია, თვეზე მეტია, ოკუპირებული რეჟიმის ტყვეობაშია. 

კუხიანიძეს არც ის გაუპროტესტებია, რომ რუსმა ოკუპანტებმა, თავის დროზე, ტატუნაშვილი მოგვიკლეს და ამ ბატონს ხმა არც ოთხოზორიას მკვლელობის დროს ამოუღია. ესე იგი, გამოდის, რომ კუხიანიძე წმინდა წყლის რუსეთუმეა? გვინდა, თუ არა, ფაქტები სწორედ ამაზე მიანიშნებენ, არადა, ქვეყანაში, სადაც ოკუპაციის კანონი მოქმედებს, კუხიანიძეების მსგავსი ადამიანები საჯარო სამსახურებში კი არ უნდა იყვნენ დასაქმებულნი, არამედ, საკუთარი ანტიქართული პოზიციის გამო, პასუხს უნდა აგებდნენ, მაგრამ ასე რომ არ ხდება, ალბათ, სწორედ ესეცაა ერთ-ერთი მიზეზი, რომ ბოლო წლებში, ოკუპანტმა რუსეთმა ე.წ. მცოცავი ოკუაპცია დაიწყო. 

ისე, ჩვენთვის რომ ვთქვათ, რა არის ამ უკანონო ბორდერიზაციის მიზეზი? _ ადამიანი, რომელიც გეოპოლიტიკურ თამაშებში ზედმიწევნით კარგად ერკვევა, „ვერსიას“ ეუბნება, რომ კრემლის მთავარი სამიზნე სამაჩაბლო კი არა, არამედ, აფხაზეთი და, ზოგადად, ენგურის მიმდებარე ტერიტორიაა. 

„რუსეთისთვის ე.წ. ცხინვალის რეგიონი სტრატეგიულად მნიშნელოვანი არასოდეს იყო, თუმცა თუ ბოლო წლების მოვლენებს გავიხსენებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროვოკაციებს ყოველთვის აქედან იწყებდა ანუ გასული საუკუნის 90-იან წლებშიც, ჯერ შიდა ქართლში დაიწყო არეულობა, რასაც აფხაზეთის ომი მოჰყვა. 

შეიძლება, ვცდები, მაგრამ ახლაც ასე მოხდება ანუ ის უკანონო ბორდერიზაცია, რასაც ოკუპანტები, ოკუპირებული ცხინვალის მიმდებარედ ანხორციელებენ, ერთგვარი რეპეტიციაა. მთავარი სპექტაკლი კი აფხაზეთში გათამაშდება'', _ გვეუბნება კონფიდენციალური წყარო, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო, ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს.

მისივე ვერსიით, არსებობს იმის ალბათობა, რომ მომავალ წელს, ოკუპანტებმა იგივე ბორდერიზაცია ენგურის ხიდის გასწვრივ დაიწყონ, რის შედეგადაც, წალენჯიხის ათეულზე მეტი ქართული სოფელი ე.წ. საზღვრის მიღმა აღმოჩნდება და, დიდი ალბათობით, მოვლენები გალის სცენარით განვითარდება. 

რას ნიშნავს „გალის სცენარი“? _ როგორც ცნობილია, გალის რაიონის ოკუპაცია რუსეთმა არა აფახაზეთის ომის დროს, არამედ, მოგვიანებით მოახდინა. „გალის სცენარში“ უკეთ გარკვევის მიზნით, გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან, რომელიც ერთ-ერთ ქართულ ბეჭდვურ მედიაში, რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნდა: 

 

„1995 წელს, არძინბას ხელისუფლებამ, რომელიც ფიქრობდა, რომ გალის რაიონში „ცოცხალი ბუფერის“ არსებობა, საჭიროების შემთხვევაში, ხელსაც აძლევდა, გალის ე.წ. ქვედა ზონის ქართველ მოსახლეობას უფლება მისცა, სახლებში დაბრუნებულიყო. 1998 წლის გაზაფხულისთვის, გალის რაიონში ქართველი მოსახლეობის რაოდენობა 60 000 კაცს შეადგენდა, 32 ქართულ სკოლაში 4 500 ბავშვი სწავლობდა. გააქტიურებული პარტიზანული მოძრაობის გამო, გალის ე.წ. ქვედა ზონას აფხაზები, ფაქტობრივად, ვეღარ აკონტროლებდნენ, ამიტომ ქვედა ზონის სოფლებში, ქართველი პოლიტიკოსების სტუმრობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. დროდადრო, საქართველოს დროშების გალის ქართული სოფლების თავზე აფრიალება, აღარც აფხაზებს უკვირდათ, თუმცა აფხაზური მილიცია რატომღაც ურჩების დასჯაზე არ ფიქრობდა და დროშებს მშვიდად ხსნიდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ქართულმა მხარემ, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების ღონისძიების გამართვა სოფელ ფიჩორში გადაწყვიტა. სპეციალურად მომზადდა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილის მიმართვა გალის ქართველი მოსახლეობისადმი, სადაც არძინბას რეჟიმი ფაშიზმთან იყო შედარებული და ერთგვარი მოწოდებაც იყო ბრძოლისკენ. ღონისძიებაზე სტუმრებისა და მოსახლეობის უსაფრთხოების გარანტი ფიჩორსა და ოტობაიაში განლაგებული პარტიზანული რაზმები უნდა ყოფილიყვნენ. 

1998 წლის 9 მაისს, ფიჩორში გამართულ მარულას, აფხაზეთის მთავრობის წევრები და დეპუტატებიც ესწრებოდნენ, საღამოს კი მთელი საქართველო, ერი თუ ბერი, სიხარულს ვერ მალავდა, მალე გალი ისევ ჩვენი იქნებაო და… აზრადაც არავის მოსდიოდა, რომ ფიჩორში აღმართული ქართული დროშა, საქართველოს უახლოეს ისტორიაში, ყველაზე სისხლიანი პროვოკაციის დასაწყისი გახდებოდა. 

თენგო, ყოფილი პარტიზანი: „_ 10 მაისს, ოტობაიაში შეგვატყობინეს, რომ ვიღაცებს ჩვენი ნახვა უნდოდათ. დათქმულ დროს მივედით ერთი ნაცნობის სახლში. სტუმრები გვიან მოვიდნენ, აფხაზები ყველგან არიან, დაბნელებას ველოდებოდითო, მოიბოდიშეს და თავი უშიშროების თანამშრომლებად გაგვაცნეს. ხელისუფლება გალის რაიონში შესვლას გეგმავს, ყველაფერი კარგად გათვლილი და დაგეგმილია, ჩვენ მხოლოდ დავიწყოთო. თავიდან ვერ გავიგე, რას გულისხმობდნენ დაწყებაში, მერე რომ თქვეს, პარტიზანებმა უნდა დაიწყოთ და ჩვენ წამოგეშველებითო, სიცილი ძლივს შევიკავეთ. რისი დამწყები ვიყავით 15 კაცი?! თქვენ რომ დაიწყებთ, გალის რაიონში არსებული ყველა პარტიზანული დაჯგუფება აგყვებათ, შემდეგ მოსახლეობა და უკვე ხელისუფლებას ხელ-ფეხი ექნება გახსნილი ჯარის შემოსაყვანადო, დაგვამშვიდეს. ყურებს არ ვუჯერებდით, ხუმრობა ხომ არ იყო, გალს ავიღებდით. ვიღაცამ იკითხა, მერე, რუსებიო? მათთან ყველაფერი შეთანხმებულიაო, გენერალ კორობკოს (რუსი სამშვიდობო ძალების სარდალი) ფულს ვუხდითო, თუმცა არ უთქვამთ, რამდენს, ეს იმ დროს არც არავის აინტერესებდა''. 

1998 წლის 18 მაისისთვის, პარტიზანული დაჯგუფებები თავისუფლად მოქმედებდნენ გალის ე.წ. არხის მარცხენა სანაპიროზე, სოფლებში _ პრიმორსკში, ფიჩორში, ზემო ბარღებში, სიდაში, ხუმუშკურში, პარტიზანული მოძრაობა აკონტროლებდა გალის რამდენიმე გადმოსასვლელსაც. გალის რაიონში იყო ყველა პარტიზანული დაჯგუფება: „ტყის ძმები“, „თეთრი ლეგიონი“, „სამურაი“ და ა.შ. ქართული მხარე გალში შესასვლელად საბაბს ელოდა, ასეთი კი 19 მაისს, სოფელი სიდა აღმოჩნდა: შუადღისას, ცნობილი გახდა, რომ სიდაში პარტიზანებსა და აფხაზებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა, მიზეზი ორი ქართველი პარტიზანის მკვლელობა იყო. აფხაზებმა თავი სკოლას შეაფარეს, პარტიზანებს ისინი ალყაში ჰყავდათ. მიუხედავად იმისა, რომ სიდაში სიტუაციას პარტიზანები აკონტროლებდნენ, მდგომარეობა, ნებისმიერ წუთს, შეიძლებოდა გართულებულიყო. ალყაში მოქცეულები დახმარებას ელოდნენ. სანამ ქართული მხარე ზუგდიდში განთავსებულ 5 შტაბში საგანგებოდ თათბირობდა, საღამოს სიტუაცია დაიძაბა, სიდაში აფხაზი მეომრებით სავსე ორი ავტობუსი შევიდა და ახლა პარტიზანები მოექცნენ ალყაში. დაძაბულობა რუსმა სამშვიდობოებმა განმუხტეს და დაპირისპირებულ მხარეებს, სოფელი იმჯერად უსისხლოდ დაატოვებინეს. სოხუმს სიდას ინციდენტი ცუდად ენიშნა. 

„არ არის გამორიცხული, პარტიზანებმა, თუ როგორც ეძახიან, დივერსიული აქტები მოაწყონ აფხაზეთის ტერიტორიაზე. მდინარე კოდორის ხიდი თუ ააფეთქეს, ჩვენ ვერ შევძლებთ ჯარების გადასროლას გალის ტერიტორიაზე. ყოველ შემთხვევაში, შეიძლება რამდენიმე დღე დაგვაგვიანდეს, მერე კი იძულებული გავხდებით, თავდაცვის ზღუდე უკვე კელასურთან გავავლოთ'', _ არძინბა ყურადღებით მისმენდა. ,,ამას ვერ დავუშვებთ!'', _ წამოიყვირა უცებ, _ სასწრაფოდ სადამსჯელო ოპერაცია უნდა დავიწყოთ''. ,,ეს რას მოგვცემს?'' _ ვკითხე მე. 

„ძალიან ბევრს, პარტიზანები დაკარგავენ ერთგულ მოკავშირეს''. „რომელ მოკავშირეს, რუსებს?“ 

ამაზე არძინბას გაეცინა: „არა, ადგილობრივ მოსახლეობას'', _ იხსენებდა ვალერი წკუია, რომელსაც 1998 წელს, აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა. 

1998 წლის 20 მაისს, სოფელ ზემო ბარღებთან გამაგრებული მცირერიცხოვანი პარტიზანული დაჯგუფება, კბილებამდე შეიარაღებული 400-კაციანი აფხაზური დაჯგუფების (ყაბარდოელები, რუსები და ბაგრამიანის ბატალიონი) პირისპირ აღმოჩნდა. როცა პარტიზანებმა მოსახლეობას სოფლის დატოვება შესთავაზეს, მამაკაცებმა უარი თქვეს, შედეგად, სოფელ ზემო ბარღებთან, აფხაზებმა დიდი მსხვერპლის ფასად, პირველი დამარცხება იწვნიეს.… იმავე საღამოს, სოფელ თაგილონში, ქართულმა მხარემ დემონსტრაციულად თათბირი ჩაატარა, სადაც გენერალმა ყურაშვილმა, პრეზიდენტ შევარდნაძეს ტელეფონით ცნობილი სიტყვები უთხრა: ,,გაეცით ბრძანება და ორ საათში გალს ავიღებ''. იქმნებოდა განცდა, რომ გალი უკვე ჩვენი იყო, თუმცა ზეიმი ნაადრევი გამოდგა. ორი საათის შემდეგ, ზუგდიდს დევნილების პირველი ნაკადი მიაწყდა. 

მურმან ჭედია, გალის გამგებელი 1998 წელს: „_ როდესაც გუბერნატორთან თათბირი დამთავრდა და გარეთ გამოვედი, ზუგდიდის მოედანზე უამრავ ხალხს მოეყარა თავი და ეს ავად მენიშნა. 

,,სად არიან თქვენი მინისტრები, აფხაზებს რომ შეგვატოვეთ ხელში!“ _ ყვიროდა ხალხი. 

გადაწყდა, გაგვეღო ყველა საბავშვო ბაღისა, თუ სკოლის კარი და დევნილები დაგვებინავებინა. მძიმე სიტუაცია იყო. მეორე დღეს, როცა წალენჯიხიდან ჩამოვედი, ზუგდიდის მოედანზე ხალხი სიხარულს ვერ მალავდა, ზუგდიდში ქართული ტანკები შემოვიდნენ, მალე სახლებში დავბრუნდებითო. ხალხი უარს ამბობდა სკოლებში დაბინავებაზე და ზუგდიდში, ჯართან ერთად ჩამოსულ დათო თევზაძეს, როგორც მხსნელს, ისე უყურებდა.“ 

ქართული არმია გალში ვერ შევიდა, რადგან ეს, ფაქტობრივად, ომის გამოცხადების ტოლფასი იქნებოდა. თავდაცვის მინისტრი, პრეზიდენტის დავალებით, გენერალ კორობკოსთან მოლაპარაკებას ცდილობდა, რათა ომი შეწყვეტილიყო. დახმარების გარეშე დარჩენილი პარტიზანული ჯგუფები კი, რაღაც მანქანებით, მაინც ახერხებდნენ პოზიციების შენარჩუნებას. 

თენგო: „_ 24 მაისს, ხუმუშკურში ვიყავით. ფაქტობრივად, გალში ომი იყო, ჩვენ კი ჯარისკაცები არ ვიყავით, ომის არაფერი ვიცოდით, არც კავშირი გვქონდა, არც დახმარება, მხოლოდ რამდენიმე ყუთი ტყვია მოგვიტანეს. როდესაც აფხაზების მორიგი შეტევა დაიწყო, ვიცოდით, ვერ გავუძლებდით, მაგრამ ვცდილობდით, ვმდგარიყავით, რათა მოსახლეობას მისცემოდა საშუალება, სოფელი დაეტოვებინა. ბოლოს, ტყვია-წამალიც გვითავდებოდა, ბიჭი გავგზავნეთ, გამოგზავნილი ყუთები რომ მოეტანა, რომ დააგვიანდა, გული შემიწუხდა, ხომ არ მოკლეს-მეთქი და მივვარდი, ის კი იჯდა და ტიროდა. ყუთებში რომ ჩავიხედე, ტყვია-წამლის მაგივრად, ლურსმნებით იყო სავსე... უკან დავიხიეთ''. 

24 მაისს, შუადღისას, პარტიზანები ნაბაკევის, თაგილონისა და ოტობაიის ტერიტორიაზე განლაგდნენ. აფხაზების ცეცხლს გამოქცეულ მოსახლეობას, წინ ახალი განსაცდელი ელოდა _ ხურჩის ხიდი ხის იყო და შესაძლოა, ამხელა დატვირთვისთვის ვერ გაეძლო, ჩანგრეულიყო. მოსახლეობა ენგურზე გადმოსვლას ვერ მოახერხებდა. საღამოს აფხაზებმა პრიმორსკში, ზღვიდან, „გრადებით“ ცეცხლი გახსნეს, პარალელურად, დაიწყო ენგურზე გადმოსასვლელი ყველა ხიდის დაბომბვა. ხურჩის ხიდზე უკვე მსხვერპლი იყო. გენერალი კორობკო მოლაპარაკებას აჭიანურებდა. ამასობაში გადაწყდა, რადგან ქართული შეიარაღებული ნაწილები ვერ შევიდოდნენ გალის რაიონში, სახმელეთო ჯარის ცალკეული ნაწილები (ტექნიკის გარეშე) გადაესროლათ პოზიციებზე პარტიზანების დასახმარებლად და მოსახლეობის უსაფრთხოდ გამოსაყვანად. ლოკალურ ბრძოლებში ჩართული იყვნენ შინაგანი ჯარის ნაწილებიც. სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ მაინც ვერ შეძლო დაკარგული პოზიციების დაკავება და თავდაცვის ზღუდე ე.წ. გალის ზემო ზონაში, სოფ. საბერიოში, დიხაზურგასა და ლეკუხონაში გაავლო. 25 მაისს, დევნილთა რაოდენობამ 40 000 კაცი შეადგინა. იმავე დღეს გადაწყდა, რომ 26 მაისს, 06.00 საათზე, ორივე მხარე დატოვებდა პოზიციებს და შუაში რუსი სამშვიდობოები ჩადგებოდნენ. ამასობაში, გამთენიისას, დიხაზურგა-საბერიოს ე.წ. გადასასვლელზე, ტყიბულის ბატალიონი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ცდილობდა პოზიციის შენარჩუნებას. ექიმები დაღუპულებისა და დაჭრილების გამოყვანას ვერ აუდიოდნენ. 26 მაისს, დღისით, ომი შეწყდა, თუმცა აფხაზები გაჩერებას არ აპირებდნენ. დილის 10 საათიდან, აფხაზურმა მილიციამ და ქალთა ბატალიონმა ქვედა ზონის სოფლების გადაწვა დაიწყეს, პირუტყვს, რომლის წაყვანასაც ვერ ახერხებდნენ, ცოცხლად წვავდნენ. საღამოს 8 საათზე ცნობილი გახდა, რომ აფხაზები პოლკოვნიკ ვალდმერ ბუთბას მეთაურობით, ენგურჰესის ადმინისტრაციულ შენობას მიადგნენ. პარტიზანებმა ჰესის თანამშრომლები და 50-მდე ჯარისკაცი უსაფრთხო ბილიკებით სამშვიდობოს გაიყვანეს. აფხაზებს ეზოში დახვდათ ენგურჰესის დირექტორი, გიორგი მიქავა, რომელმაც უარი თქვა, გაჰყოლოდა თანამშრომლებს. არავინ იცის, როგორ დამთავრდებოდა ბუთბასა და მიქავას შეხვედრა, მოულოდნელად, გალის აფხაზური მხარის გამგებელი, რუსლან ქიშმარია და სამშვიდობოები რომ არ გამოჩენილიყვნენ სიტყვებით: „დამთავრდა ომობანა!“ 

1998 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, საღამოს, აფხაზებმა გალის შესასვლელთან ტრაფარეტს მიაწერეს: 

„2:0, საქართველო მეორედ დამარცხდა“. 

მოკლედ, ღმერთმა არ ქნას, „გალის სცენარი“ კიდევ განმეორდეს, თორემ ეს ჩვენი ქვეყნისთვის დიდი დარტყმა იქნება. არადა, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ოკუპანტი ქვეყანა მსგავსი რაღაცისთვის ემზადება. აბა, სხვას რას უნდა ემსახურებოდეს საქართველოს მოქალაქეების მოტაცებები, თუ მკვლელობები? ჰოდა, ამ ვითარებაში, როცა მშვიდობა მყიფეზე მყიფეა, ერეკლე კუხიანიძეები, როგორც იტყვიან, ცეცხლზე ნავთს ასხამენ და კრემლის ,,გაპრავებას'' ცდილობენ. პარლალელურად, მთელი ხელისუფლება „კუხიანიძეების“ დაცვას კბილებით ცდილობს. 

რატომ? _ აი, ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხი არ არსებობს!

ნინო დოლიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში