Menu
RSS

„იმის თქმა, რომ ფეხები მიკანკალებს და გამოძიების მეშინია, სასაცილოა!“

პარლამენტში მოწყობილი „ფეკალიების ტერაქტში“ ეჭვმიტანილი, ლელა ქებურია ბრალდებას უარყოფს!

 

2019 წლის 12 დეკემბერი ისტორიაში, როგორც იტყვიან, დიდი ასოებით ჩაიწერა _ ამ დღეს, პარლამენტმა სასამართლოს უმაღლესი ინსტანციის უვადო მოსამართლეები დაამტკიცა. სამოქალაქო სექტორი, ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს და აცხადებს, რომ უვადოდ გამწესებული მოსამართლეები ე.წ. კლანის წარმომადგენლები არიან და ყველა ხელისუფლების დავალებებს ასრულებენ. ისე, მოსამართლეთა დამტკიცება იმ დღეს უცნაურმა შემთხვევამ გადაფარა _ პლენარულ დარბაზში, ფეკალიების სუნის გამო, ევაკუაცია გამოცხადდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ვიღაცამ დარბაზში, სავარაუდოდ, პრეპარატი „აცდ“ მოასხა, რის გამოც ძალიან მძიმე სუნი დადგა და ზოგ დეპუტატს, მაგალითად, ენძელა მაჭავარიანსა და სვეტლანა კუდბას ალერგიული შეტევა დაემართა. მოკლედ, მოსამართლეების დამტკიცება ვიღას ახსოვდა, პანიკამ მმართველი ძალის თითქმის ყველა დეპუტატი მოიცვა. „ოცნებამ“ ეს პერფორმანსი უმწვავესად შეაფასა. არჩილ თალაკვაძემ კი თქვა, რომ პარლამენტზე ქიმიური შეტევა განხორციელდა, თუმცა მოძრაობა „სირცხვილიამ“ განმარტა, პრეპარატი ჯანმრთელობისთვის საშიში არაა და მას მხოლოდ მძაფრი სუნი აქვსო. ასე იყო თუ ისე, „ფეკალიების ტერაქტში“, „ოცნებამ“ეჭვმიტანილად ევროპული საქართველოს დეპუტატები _ ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი გამოაცხადა და... საქმეზე გამოძიება ჯანმრთლების განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობის მუხლითაც დაიწყო. „ვერსია“ პერფორმანსში ერთ-ერთ ეჭვმიტანილს, დეპუტატ ლელა ქებურიას ესაუბრა.

_ ქალბატონო ლელა, პარლამენტში ის სითხე მართლა თქვენ მოასხით? 

_ „ქართული ოცნების“ მტკიცებულებების მიხედვით, სრულიად შესაძლებელი იყო, დაჩი ბერაიასაც მოესხა. ასე რომ, ამ ბრალდებას სერიოზულად კი არა, ცინიკურად ვუპასუხებ, რადგან არ მინდა, სერიოზული პასუხი გავცე. რაც შეეხება იმას, თუ ვინ შეასრულა ტექნიკურად ეს აქტი, რომელიც საზოგადოების უმრავლესობის გზავნილი იყო და ის სუნი, რომელიც იმ წუთას პარლამენტში დადგა, სიმბოლურად დიდი ხანია, ქვეყანაში დგას. ეს სუნი შეიძლება, ვიგრძნოთ პროკურატურაში, სასამართლოში, ეკონომიკის სამინისტროში და თითქმის ყველგან, სადაც „ოცნების“ უფლებამოსილება ვრცელდება. ასე რომ, ამ ალეგორიულ გამოხატვასა და პერფორმანსს, პოლიტიკურად აბსოლუტურად ვიზიარებ და, მეტსაც გეტყვით, პოლიტიკურად ვარ ყველაფერ ამის თანამონაწილე. რაც შეეხება სამართლებრივ ფაქტს, ამაზე მხოლოდ შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენის შემდეგ ვისაუბროთ. 

_ როგორც ვიცით, გამოძიება დაიწყო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების მცდელობის მუხლით... 

_ დიახ, სრული პანიკა და ისტერიკა იყო. ვინც ეს ტექნიკურად შეასრულა, მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა, ეს საჯაროდ გაეკეთებინა, მაგრამ ამ პერფორმანსის შინაარსი სწორედ ის იყო, რომ ყველაფერ ამაშიც გამოჩენილიყო ცინიზმი და სარკაზმი. ვნახეთ სრული პანიკა, ხან ქიმიური შეტევა უწოდეს, ხან _ ბირთვული, ტერორისტულ აქტსაც შეადარეს ანუ ძალიან სამარცხვინო პანიკა ატყდა, მხოლოდ გაანალიზების შემდეგ მიხვდნენ ამ კომიკურობას და შემდეგ ცოტა უფრო დალაგებული განცხადებები გააკეთეს. ბევრჯერ გვინახავს, რომ გამოძიება იწყება და უსასრულოდ გრძელდება. რომელი მუხლითაც დაიწყო გამოძიება, ესეც ერთ-ერთი კომიკური ჟანრიდანაა, რადგან ეს პერფორმანსი აბსოლუტურად უწყინარი, დისკომფორტის შემქმნელი იყო, მაგრამ საზოგადოების გზავნილი სწორედ ისაა, რომ დისკომფორტი შეექმნას „ქართულ ოცნებას“ და ეს წითელი ხაზები თვითონ გადაკვეთა, როცა უკან წაიღო პროპორციული არჩევნები. დღეს ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კლიმატზე პასუხისმგებელი „ქართული ოცნებაა“ და თვითონ გამოიწვია ის რადიკალიზმი, რომელიც საპროტესტო ელექტორატსა და ხელისუფლებას შორის მიმდინარეობს. ყველაფრის მიუხედავად, ხელისუფლებას არ აწუხებს, რომ მერამდენე თვეა, ახალგაზრდები ითხოვენ სამართლიანი არჩევანის უფლებას, რომელიც კონსტიტუციურად აქვს გარანტირებული ყველა მოქალაქეს. ეს უფლება წაართვა ივანიშვილმა თაღლითურად, დაცინვით და ამით გადაიკვეთა წითელი ხაზები. როგორც პოლიტიკოსს, მეჩვენება, რომ არასაფრთხის შემცველი კანონის ფარგლებში, პროტესტის გამოხატვის ნებისმიერი ფორმა ლოგიკური და მისაღებია. სამი თვის წინ, ვინმეს ჩემთვის რომ ეთქვა, ასეთი რამ პარლამენტში მოხდაო, შეიძლება, მეც აღვშფოთებულიყავი, მაგრამ დღეს პროტესტის გამოხატვის ნებისმიერი, თუნდაც ასეთი რადიკალური ფორმა ლოგიკურია. მათ არ აწუხებთ, რომ პოლიციის კორდონებით გადაადგილდებიან და მთელი პოლიცია გაწყდა წელში, რეგიონებიდან დაჰყავთ, რომ ჩაანაცვლონ. არც ის ადარდებთ, რომ „ზონდერი“ თანამდებობის პირები, წიხლებს ურტყამენ სახეში ახალგაზრდებს. იმ შემთხვევაში არ დაწყებულა გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებაზე, მგონი, დაკითხულიც არაა ის პირი, რომელიც იდენტიფიცირებადია და უწყინარ პერფორმანსზე ამბობენ, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მუხლით უნდა აღიძრას საქმეო. ძალიან მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ არ მომწონს, როცა ქილიკობენ ადამიანებზე, რომლებიც, ერთი შეხედვით, ცუდად გახდნენ ამ შემთხვევის შედეგად. ნამდვილად არ მინდა, ვიღაც დავადანაშაულო სიმულაციაში. თუ ვინმეს მიმართ შეიძლება სიმპათია მქონდეს „ოცნებაში“, ეს ენძელა მაჭავარიანია. ვერ დავაბრალებ, რომ ბოროტია და რაღაცის გაფუჭება შეუძლია. მორჩილი, უმრავლესობის ტიპური წარმომადგენელია დადებითი ადამიანური თვისებებით. მესმის, ამ პანიკის დროს, შეიძლება, ვინმეს შიშის გამო ჰქონდა შეტევა, ენძელა ამბობს, სუნზე მაქვს ალერგიაო, თუმცა პრეპარატის ანოტაციას გავეცანი და წერია, რომ შესაძლებელია, ალერგიული შემთხვევები გამოწვეული იყოს პირდაპირი კავშირის შედეგად. არადა, არც ერთ დეპუტატთან პირდაპირი შეხება არ ყოფილა. 

_ მოკლედ, არც აღიარებთ, რომ ეს თქვენ ჩაიდინეთ და არც გამოძიების გეშინიათ, არა? 

_ „შიში ვერ იხსნის სიკვდილსა“ (იცინის)... „ქართული ოცნებისგან“ გამოძიების დაწყება არ მიკვირს, გიორგი ვაშაძე ზებრა-გადასასვლელზე გადასვლის გამო დააკავეს. გიგი უგულავას საქმეც ცინიზმითაა სავსე _ როცა თავს გესხმიან და აღმოჩნდება, რომ შენ ხარ მოძალადე და ამის გამო, შეიძლება, პასპორტი ჩამოგართვან... ასეთი სასაცილო და აბსურდული ამბები ხდება ჩვენს ქვეყანაში. იმის თქმა, ფეხები მიკანკალებს და ძალიან მეშინია ამ გამოძიების-მეთქი, უბრალოდ, სასაცილოა, რადგან ამას სჭირდება შესაბამისი მტკიცებულებები. 

_ ამ პერფორმანსის მიზეზი უვადო მოსამართლეთა დამტკიცება გახდა, თუ ეს პროპორციული არჩევნების ჩაგდების ერთგვარი გამოძახილი იყო? 

_ „ოცნების“ დაპირება ხელისუფლებაში მოსვლის დროს ის იყო, რომ ქვეყანას უნდა ჰქონოდა პროპორციული არჩევანი და ისიც, რომ სასამართლოში არსებული მძიმე ვითარება გამოსწორებულიყო. წინა ხელისუფლების ძალიან დიდი ჩავარდნა ის იყო, რომ ადამიანის უფლებებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, სასამართლოში ძალიან მძიმე მდგომარეობა სუფევდა. ახლა კი, უვადოდ აირჩიეს მოსამართლეები, რომლებიც არაკომპეტენტურები არიან. მათი 99%, კეთილსინდისიერებისა და დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, მინიმალურ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს და მივიღეთ მოსამართლეები, რომლებიც კრებსითი „მურუსიძე და ჩინჩალაძე“ არიან. მივიღეთ უდიპლომო და უცოდინარი მოსამართლეები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის დავალებების შემსრულებლები არიან. ივანიშვილი ხვალ და ზეგ ხელისუფლებაში არ იქნება, მაგრამ ისინი ნებისმიერი ხელისუფლების დავალებებს შეასრულებენ და ესაა ყველაზე მთავარი პრობლემა. 

_ ქალბატონო ლელა, მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალურ მოძრაობაში 2014 წელს შეხვედით, ფაქტია: ეს სასამართლო სისტემა, სწორედ წინა ხელისუფლების დროს შეიქმნა და ამიტომ ზოგი ამბობს, ამორალური და უსამართლოა, როცა ნაცმოძრაობა და მისი განაყარი პარტია კლანის არსებობას აპროტესტებსო. 

_ ეს მანკიერი სისტემა მაშინ კი არა, გაცილებით ადრე შეიქმნა და ეს საბჭოთა მემკვიდრეობის პირმშოა. რაც შეეხება იმას, ცვლილებებზე საუბრის უფლება ვის აქვს და ვის არა, ეს „ქართული ოცნების“ მიერ დაწესებული სტანდარტია. სინამდვილეში, სწორედ წინა ხელისუფლებამ იწვნია საკუთარ თავზე ყველაზე მეტად, თუ რას ნიშნავს მართული სასამართლო სისტემა. ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აქვს კონკრეტული ხედვა, როგორ უნდა გაჯანსაღდეს სასამართლო სისტემა. 

_მაინც არ მიპასუხეთ, რატომ უნდა გენდონ ადამიანები სიტყვაზე, როცა ხელისუფლებაში ყოფნისას, ამ პრობლემის მოსაგვარებლად, მინიმუმ, არაფერი გააკეთეთ? 

_ ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას ენდობა, თუ არა, ეს უნდა გადაწყვიტოს საზოგადოებამ და ეს ჩვენს მარიფათზეცაა დამოკიდებული, რამდენად დავარწმუნებთ, ვართ სანდო, თუ არა. სწორედ ისაა ჩვენი აღშფოთების საგანი, რომ ივანიშვილმა საზოგადოების დარწმუნებისა და სამართლიანი თამაშის წესების უფლება წაგვართვა. სწორედ ამან გამოიწვია ის რადიკალზიაცია, რაც ქვეყანაშია. „ოცნების“ დეპუტატები ნიშნის მოგებით ამბობენ, რატომ გეშინიათ, „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წელს, სწორედ ამ სისტემით მოიგო არჩევნებიო, სიმართლე გითხრათ, არ მეგულება საარჩევნო სისტემა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვების შესაძლებლობას მისცემს, მაგრამ საქართველოს გამოცდილებამ აჩვენა, რომ ეს მოდელი საშუალებას აძლევს გამარჯვებულს, ჰქონდეს შეუზღუდავი ძალაუფლება. თქვენ წინა ხელისუფლების შეცდომებზე საუბრობთ და გვახსოვს, როგორც დაამთავრა წინა ხელისუფლებამ ანუ საუბარი კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაზე კი არა, იმაზეა, რომ მისი დამარცხების შემდეგაც უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება. ამიტომ, ისევ მორიგი „მონსტრით“ ჩანაცვლდება ეს ხელისუფლება, რომელიც ისევ შემოიკრებს ძალაუფლებას და ხალხის სურვილების იგნორირებას მოახდენს. 

_ ხალხი ოპოზიციასაც საყვედურობს, რადგან პარტიებმა ვერ შეძლეს პროტესტის მასშტაბურობაში გადაზრდა. ამასთან, ოპოზიციის არაერთი სახე აღიზიანებთ ადამიანებს ანუ ოპოზიციას ხალხის სათანადო მხარდაჭერა აქვს? 

_ კიდევ ერთი სასაცილო ამბავი დაამკვიდრა „ოცნებამ“, რომ აქციებზე თავებს ითვლის და ამის მიხედვით აფასებს... 

_ ისე, ირაკლი კობახიძე ხშირად იყენებს ტერმინს _ „200 ნაცი“... 

_ დიახ, ასეა. „ქართულ ოცნებას“ აქვს არჩევნების მოგების ერთადერთი ხერხი, რომ როგორმე, საზოგადოება ორ ნაწილად _ „ნაცებად“ და „ქოცებად“ გაყოს. რატომღაც ჰგონია, რომ თვითონ უპირატეს მდგომარეობაშია და ყოველთვის მოიგებს არჩევნებს, მაგრამ ეს მეთოდიც აღარ იმუშავებს, რადგან „ქართული ოცნება“ არის სრულიად მარტო და მეორე მხარესაა მთელი პოლიტიკური სპექტრი. კრიტიკულ მომენტებში საზოგადოებას, ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს გვაქვს უჩვეულო უნარი გაერთიანებისა, რათა ერთობლივი ძალებით გადარჩეს ქვეყანა, ამიტომ თავების დათვლა სასაცილოა. 

რაც შეეხება იმას, რომ წინა ხელისუფლების „გაცვეთილი“ სახეები აღიზიანებს ხალხს, ესეც „ოცნების“ პიარის ნაწილია და ყველაფერი ეს, საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად კეთდება, რომ საზოგადოებაში კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების მიმართ, თითქოს სიძულვილია, მაგრამ არც ეს უშველის „ოცნებას“. ამას წინათ, „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ კვლევა ჩაატარა, სადაც ჩანს, რომ მილიონებითაა გაზრდილი პიარ-სამსახურების დაფინანსება და ეს ფული იხარჯება Fაცებოოკ-„ტროლებისა“ და „ბოტების“ აქტიურობაში ანუ ცხოვრობენ შემოსაზღვრულ წრეში, შეგრძნებები დაჩლუნგებული აქვთ, არ აინტერესებთ, რას ფიქრობს საზოგადოება. მოცემულობა კი ასეთია _ ქვეყანაში არც ერთი პოლიტიკური პარტია არ ენდობა, სამოქალაქო სექტორი უფრო და უფრო კრიტიკული ხდება, არ ენდობა პოლიტიკური სიმპატიებისგან დაცლილი საზოგადოებაც. „ქართული ოცნების“ რღვევა მიდის ყოველ დღე _ „ოცნებას“ დეპუტატები ტოვებენ. რაც შეეხება ქვეყნის გარეთ არსებულ დამოკიდებულებას, ხედავთ, რომ კრიტიკა ყოველდღე მძაფრდება. სასამართლოსთან დაკავშირებით, აშშ-ს დეპარტამენტმა შემაშფოთებელი განცხადება გააკეთა. 

_ ანუ, შესაძლოა, რომ უმრავლესობა დაიშალოს და რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს? 

_ როგორც ჩანს, ეს მოლოდინი თავადაც აქვთ და თავის დაზღვევის მცდელობა იყო „ოცნების“ ბოლო ბრიფინგი. არაფერს გამოვრიცხავ, როცა კრიზისი შეექმნება, რა სიგიჟეზე წავა ივანიშვილი. 7 წელია, ვცდილობ, ჩავწვდე „ოცნების“ ლოგიკას და ვერასდროს „გავარტყი“. ყოველთვის ისეთ სიგიჟეს მოიფიქრებს ხოლმე, რაც ჩემს ფანტაზიას აღემატება.

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში