Menu
RSS

ბეჟუაშვილის „ქოცური“ რეინკარნაცია _ „ჯი პი აი ჰოლდინგის“ საავადმყოფოები სააკაშვილის კლანის ბიზნესმენმა იყიდა

რა ფარული მოლაპარაკება მიმდინარეობს მთავრობასა და მსხვილ კლინიკებს შორის

ამიერიდან, სადაზღვევო კომპანია ,,ჯი პი აი ჰოლდინგი'', მხოლოდ სადაზღვევო ბიზნესსაქმიანობას განაგრძობს, რადგან კომპანიის ჰოსპიტალური აქტივები ყოფილმა დეპუტატმა, მიხეილ სააკაშვილის კლანის ბიზნესმენად მიჩნეულმა, დავით ბეჟუაშვილმა შეიძინა. კერძოდ, ,,ჯი პი აი ჰოლდინგის'' შვილობილი კომპანიის _ ,,ჯეო ჰოსპიტალსის'' კლინიკების ქსელი, ბეჟუაშვილის კუთვნილი შპს ,,ქართულ ჰოსპიტალთა ჯგუფის'' ხელში გადავიდა. „ჯი პი აი ჰოლდინგსა“ და „ქართულ ჰოსპიტალთა ჯგუფს“ შორის გარიგება, 2019 წლის 22 ნოემბერს შედგა.

ტრანზაქციის დეტალების გასარკვევად, ,,ვერსია'' სადაზღვევო კომპანია ,,ჯი პი აი ჰოლდინგის'' საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს, თინა სტამბოლიშვილს დაუკავშირდა. მისი თქმით, კომპანიამ ამგვარი ნაბიჯი ,,ვენის სადაზღვევო ჯგუფთან'' (,,ჯი პი აი ჰოლდინგი'' ამ ჯგუფის წევრია) შეთანხმების შედეგად გადადგა და ეს იმიტომ, რომ ავსტრიელი და სხვა ევროპელი აქციონერები, წლების განმავლობაში მოუწოდებდნენ ქართულ მენეჯმენტს, რომ ბიზნესი მხოლოდ სადაზღვევო საქმიანობისა და მასთან დაკავშირებული მიმართულებებით გაეგრძელებინა. 

„ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი ისაა, რომ ჩვენს ძირითად ბიზნესზე _ სადაზღვევო საქმიანობაზე ვკონცენტრირდეთ და მხოლოდ ის მიმართულებები განვავითაროთ, რაც უშუალოდ, ამ ბიზნესს უკავშირდება. მოხარულები ვართ, რომ ეს გარიგება შედგა, რადგან ახალი მფლობელის შერჩევის პროცესი დიდხანს გაგრძელდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ახალი ინვესტორი ძლიერი პარტნიორი ყოფილიყო. საქართველოში სადაზღვევო სექტორის განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორად, ,,ვენის სადაზღვევო ჯგუფს'', ამ ბიზნესის სხვა სფეროებისგან გამოყოფა და მთავარ საქმიანობაზე ორიენტირება მიაჩნია. ქართული სადაზღვევო ბაზრის ზრდის დიდ პოტენციალს კი ინვესტორები, მოახლოებული საკანონმდებლო ცვლილებებისა და რეფორმის გაგრძელებაში ხედავენ'', _ აღნიშნულია პრეს-რელიზში, რომელიც კომპანიამ გაავრცელა. 

„ჯეო ჰოსპიტალსი“ 2011 წელს დაფუძნდა, რომელიც საქართველოს ხუთ რეგიონში, 17 კლინიკას აერთიანებს. ეს კლინიკები 2010-2011 წლებში აშენდა და განთავსებულია, როგორც ქვემო ქართლში, ასევე, იმერეთში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში. კომპანიაში აცხადებენ, რომ წლების მანძილზე, მათი მთავარი ღირებულება მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა იყო რეგიონების მოსახლეობისთვის. 

,,ვერსის'' კითხვაზე, უკავშირდება თუ არა ,,ჯი პი აი ჰოლდინგის'' გადაწყვეტილება ჰოსპიტალური აქტივების გასხვისების შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის #520 დადგენილებას, რასაც 25 კლინიკის წარმომადგენლები აპროტესტებენ, თინა სტამბოლიშვილმა გვიპასუხა: 

,,ჰოსპიტალური აქტივების გაყიდვასთან დაკავშირებული მოლაპარკებები, დიდი ხანია, მიმდინარეობს. ამიტომ, ასე პირდაპირ, პრემიერ-მინისტრის დადგენილებას არ უკავშირდება, რადგან ,,ჯეო ჰოსპიტალსის'' გაყიდვის გადაწყვეტილება დიდი ხნით ადრე მივიღეთ, თუმცა კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ გარემო არაპროგნოზირებადია''. 

მისივე თქმით, ,,ვენის სადაზღვევო ჯგუფის'' მთავარი ინტერესია, რომ ,,ჯი პი აი ჰოლდინგის'' ბიზნესსაქმიანობა საქართველოში, მხოლოდ მთავარი მიმართულების _ დაზღვევისა და სადაზღვევო პროდუქტების განვითარებით შემოიფარგლოს. 

„ჯი პი აი ჰოლდინგი“ წამყვანი სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც 2018 წლის მონაცემებით, ბაზრის ყველაზე დიდი წილს _ 19%-ს ფლობს და ლიდერია, როგორც კორპორაციული, ასევე საცალო მიმართულებით. ,,ჯი პი აი ჰოლდინგის'' 6 ფილიალსა და 40 რეგიონალურ წარმომადგენლობაში, 830 ადამიანია დასაქმებული და მთელი ქვეყნის მასშტაბით, 250 000 დაზღვეულ მოქალაქეს ემსახურება. თავის მხრივ, „ვენის სადაზღვევო ჯგუფი“, ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე, რომელიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ლიდერი კომპანიაა. ჯგუფი ევროპის 25 ქვეყნის 50 კომპანიაში საქმიანობს. 2018 წლის მონაცემებით, ავსტრიულმა ჯგუფმა 9.7 მილიარდი ევროს პრემია მოიზიდა, ხოლო წმინდა მოგება _ 485 მილიონი ევრო იყო. 

კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი დეტალი, რაც ,,ჯეო ჰოსპიტალსს'' უკავშირდება, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის _ ,,საქსტატის'' მონაცემებია. კერძოდ, 2016 წელს, შპს „ჯეო ჰოსპიტალსი“, ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი კომპანიების ოცეულში დასახელდა. 

აქვე, ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ამ ქსელის რამდენიმე ჰოსპიტალი კლინიკების იმ სიაში მოხვდა, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პირობების დარღვევის გამო, სამინისტრომ 2016, 2017, 2018 წლებში დააჯარიმა. სხვათა შორის, ჯამში 91-მა კლინიკამ და მათ შორის, ,,ჯეო ჰოსპიტალსის'' რამდენიმე კლინიკამაც, სახელმწიფო ბიუჯეტში 13 მილიონი ლარი უნდა დააბრუნოს! 

რაც შეეხება ,,ქართულ ჰოსპიტალთა ჯგუფს'', საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ეს შპს 2019 წლის 1 მარტს, დავით ბეჟუაშვილმა დააფუძნა და 100%-იან წილსაც, თავადვე ფლობს. ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, მილიარდერი ბეჟუაშვილის კომპანია ,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი'' დაინტერესებულია, როგორც ენერგეტიკით, ასევე ბუნებრივი რესურსების მოპოვება-დამუშავებით, საშენ მასალათა წარმოებით, ლოგისტიკური მომსახურებით, დეველოპმენტით, მედიაბიზნესით, საავტომობილო და ნავთობის ბიზნესითაც კი, ვინაიდან ამ ჯგუფში შედის, როგორც „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“, ასევე „საქნახშირი“, „მტკვარი ენერჯი“ და „ნეოგაზი“. 

გარდა ამისა, ,,ვერსიის'' ინფორმაციით, ბეჟუაშვილის ინტერესი იკვეთება იმ კომპანიაშიც, რომელიც თბილისის მოსახლეობას გაზით ამარაგებს. კერძოდ, ყოფილი ,,ყაზტრანსგაზთბილისის'' ახალი მფლობელი ,,თბილისი ენერჯი'', ირიბად, დავით ბეჟუაშვილის სახელს უკავშირდება. მოკლედ, აგვისტოში, ,,ყაზტრანსგაზთბილისის'' 100%-იანი წილი ოფშორში, კერძოდ, მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებულმა შპს ,,ვოლთბეიმ'' შეიძინა, ხოლო ,,თბილისი ენერჯის'' გენერალური დირექტორად მამუკა კობახიძე დაინიშნა, რომელიც მანამდე, თბილისის სატრანსპორტო კომპანიას ხელმძღვანელობდა. 

საჯარო რეესტრის ოფიციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით, ,,ვერსიამ'' გაარკვია, რომ შპს ,,ვოლთბეი'' ბიზნესმენებს _ ხვიჩა მაქაცარიასა და დავითYბეჟუაშვილს ეკუთვნის. 2018 წლის 9 აგვისტოს, საჯარო რეესტრში ოფიციალურად დარეგისტრირდა შპს ,,ვოლტბეი'', რომლის დირექტორი საბერძნეთის მოქალაქე, მიხეილ მავრომატისია. ის ამავე კომპანიაში 50%-იან წილს ფლობს, ხოლო მეორე 50% _ ხვიჩა მაქაცარიას ეკუთვნის. საჯარო რეესტრის 2018 წლის 25 დეკემბრის მონაცემებით კი, შპს ,,ვოლტბეის'' უკვე ორი გენერალური დირექტორი ჰყავს _ დავით ბეჟუაშვილი და ხვიჩა მაქაცარია. კომპანიის 50%-იანი წილი კი ისევ მიხეილ მავრომატისს, ხოლო მეორე 50% _ ხვიჩა მაქაცარიას ეკუთვნის. 

2008 და 2012 წლებში, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' სიით, დავით ბეჟუაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრი, თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი იყო. მანამდე, 1999 წელს _ მეხუთე მოწვევისა და 2004 წელს _ მეექვსე მოწვევის პარლამენტში, ბეჟუაშვილი ,,საქართველოს მოქალაქეთა კავშირის'' საარჩევნო სიით მოხვდა. 

* * * 

,,ვერსიაში'' უკვე ვწერდით, რომ 25 კლინიკის წარმომადგენლებმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის #520 დადგენილების შეჩერება მოითხოვეს, რომლითაც ჯანმრთელობის დაცვის საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში, სხვადასხვა ოპერაციების ტარიფები განისაზღვრა. საპარლამენტო ფრაქცია ,,დამოუკიდებელი დეპუტატების'' თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან კობერიძემ დეტალურად ახსნა ის მოსალოდნელი უარყოფითი შედეგი, რაც ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში მიღებულ ამ დადგენილებას მოჰყვება. 

ეს სტატია ,,ვერსიაში'' უკვე გამოქვეყნდა და ცხადია, მის განხილვას აღარ შევუდგები, თუმცა მას შემდეგ, რაც ბეჟუაშვილმა ,,ჯი პი აი ჰოლდინგის'' ჰოსპიტალური აქტივები შეიძინა, ლევან კობერიძის ინტერვიუდან ერთი პასაჟი გამახსენდა: დეპუტატმა ,,ვერსიას'' განუცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის #520 დადგენილება, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს მსხვილი და ქსელური კლინიკების განვითარებას. 22 ნოემბერს კი ვიგებთ, რომ ,,ჯეო ჰოსპიტალსის'' აქციები, შპს ,,ქართულ ჰოსპიტალთა ჯგუფმა'' შეიძინა. რა თქმა უნდა, 520-ე დადგენილებასა და ,,ჯი პი აი ჰოლდინგის'' გადაწყვეტილებას შორის პირდაპირი კორელაცია არ არსებობს, რადგან კლინიკების ქსელის გაყიდვა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, რაც ,,ვერსიასთან'' საუბრისას, სადაზღვევო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ხაზგასმით აღნიშნა კიდეც. 

მოკლედ, შევთანხმდეთ, რომ 520-ე დადგენილებასა და სამედიცინო სფეროში ამ უმსხვილეს ტრანზაქციას შორის პირდაპირი კავშირი არ არსებობს, მაგრამ თუ ლევან კობერიძის ვარაუდს განვავრცობთ, გამოდის, სწორედ 520-ე დადგენილების გათვალისწინებით, შპს ,,ქართულ ჰოსპიტალთა ჯგუფი'' ბაზრის სხვა მოთამაშეებს (საშუალო და მცირე კლინიკებს) აშკარად შთანთქავს. ,,ვერსია'' კიდევ ერთხელ დაუკავშირდა ლევან კობერიძეს და ამ ერთადერთი კითხვით მიმართა: 

,,არავითარი საფუძველი არ მაქვს, რომ ასე პირდაპირ, ეს ფაქტი, პრემიერ-მინისტრის 520-ე დადგენილებას დავუკავშირო. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ თუ ის 25 კლინიკა, რომელიც ამ დადგენილებას აპროტესტებს, ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევის პროგრამას გამოეთიშება, სავარაუდოდ, არსებობს არაფორმალური მოლაპარაკება სხვა კლინიკებთან. ,,სხვა კლინიკებში'' კი მსხვილ კლინიკებს ვგულისხმობ, იქნება ეს ქსელური, თუ არაქსელური, რათა მთავრობის მიერ დადგენილ ამ ფასებში, გარკვეული პირობებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას მოემსახურონ. მაშინ, როდესაც ხარისხიანი კლინიკების უმრავლესობა ასე აპროტესტებს პრემიერ-მინისტრის დადგენილებას, ხოლო მთავრობა და ჯანდაცვის მინისტრი ჯიუტად იცავენ საკუთარ პოზიციას, საფუძვლიანი ეჭვი მიჩნდება, რომ შესაძლოა, დიდ კლინიკებთან არაფორმალური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა კიდეც''.

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში