Menu
RSS

კობა ხაბაზი: „სააკაშვილს პირად საუბრებში ვეუბნები, რომ ამ ეტაპზე, საქართველოში არ უნდა ჩამოვიდეს!“

შეხვდება თუ არა ციხიდან გამოსული ვანო მერაბიშვილი ექსპრეზიდენტს და რატომ ამბობს უარს საარჩევნო სიაზე „თავისუფალი ზონის“ დამფუძნებელი

 

2 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ნიკანორ მელიასა და იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის მიმართ, „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე, გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. ადეიშვილს თავისუფლების აღკვეთა 5 წლით მიესაჯა, მელიას კი ფინანსური ჯარიმა დაეკისრა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ უკანასკნელს დეპუტატის უფლებამოსილება შეუჩერდება, რადგან მოსამართლის გადაწყვეტილებითვე, მელიას ორ წელზე მეტი ხნით, საჯარო თანამდებობის დაკავება აეკრძალა. აქვე, შეგახსენებთ, რომ წლებია, სასამართლო „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე მსჯელობს, მაგრამ განაჩენი სწორედ მაშინ დადგა, როცა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია. ამიტომ, ზოგმა ჩათვალა, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. რა საპასუხო ნაბიჯებს გეგმავს ოპოზიცია, როგორ გაგრძელდება პროტესტი და მოვლენების როგორ განვითარებას უნდა ველოდოთ? _ „ვერსია“ „თავისუფალი ზონის“ დამფუძნებელს, ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრ კობა ხაბაზს ესაუბრა:

_ ბატონო კობა, როგორ აფასებთ სასამართლოს გადაწყვეტილებას ზურა ადეიშვილისა და ნიკა მელიას მიმართ? 

_ ეს გადაწყვეტილება აბსურდულია. ამ საქმეზე ბევრ ადამიანს გაუკეთეს განრიდება და მხოლოდ ზურა ადეიშვილი და ნიკა მელია დატოვეს. ადეიშვილს რომ განაჩენს გამოუტანდნენ, წინასწარ იყო ცნობილი. რაც შეეხება მელიას, სავარაუდოდ, ფიქრობდნენ, რომ მის გაკონტროლებას შეძლებდნენ. ეს საქმე დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა და მელიას მიმართ, შანტაჟის ხასიათს ატარებდა. ბრალდებაში ეწერა თანამდებობის გამოყენება ქონების მითვისების მიზნით, არადა, საქმეში ლაპარაკია სახელმწიფოს სასარგებლოდ ქონების ჩამორთმევაზე. ივანიშვილი არა მხოლოდ მძიმე გადაწყვეტილებებს იღებს, არამედ, ცდილობს, თავის სიბინძურეში სხვებიც ჩაითრიოს. ასევე, ცდილობს, ხელი პარლამენტს შეაწმინდოს და მელიასთვის უფლებამოსილება შეაჩერებინოს. ივანიშვილს უნდა, გვერდით ჰყავდეს მონები. ჯერ პარლამენტს მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილებას შეაწყვეტინებს და ამით ხელ-ფეხს გაუხსნის პროკურატურას დანარჩენ საქმეებში. განგრძობით პროცესში, ნიკა მელიას განეიტრალებას ცდილობენ. 

_ ანუ, ჯერ მელიას დეპუტატის იმუნიტეტს მოუხსნიან და შედეგ, 20 ივნისის მოვლენების გამო, დააპატიმრებენ? 

_ ამ ეტაპზე, ივანიშვილი ცდილობს, მელიას შეუჩეროს საპარლამენტო იმუნიტეტი და ეცდება, ბოლომდე გასვაროს თანაგუნდელები, რადგან მის გარდა, სხვა გზა აღარ დარჩეთ. 

_ თუ ეს განაჩენი პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიგაჩნიათ, ოპოზიციას რა შემხვედრი ნაბიჯები ექნება? 

_ ივანიშვილმა ბოლო ინტერვიუში, ტვ „ნადეჟდაზე“, ფაქტობრივად, დააანონსა, რას აპირებს. პირდაპირ თქვა, რომ საქართველო უნდა გახდეს ჩემი ბოსტანიო, ასევე, ისიც, ზოგი ცოტა, ზოგი კი დიდი ხნით წავა ციხეშიო, რადგან ის თავისუფლების მოყვარულ ადამიანებს არათუ ვერ ეგუება, არამედ, საერთოდ ვერ უგებს. 

რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, ოპოზიციას აქვს ერთადერთი არჩევანი _ შეურიგებელი წინააღმდეგობის მოძრაობა ივანიშვილის რეჟიმის მიმართ. რეჟიმი ვერ გაიმარჯვებს, რადგან ის ოპოზიციის კი არა, ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ იბრძვის და ასეთ ბრძოლაში ყველა დამარცხებულია. მესმის, ეს პროცესი დროში გაწელილია, მაგრამ თვე ისტორიისთვის, ერთი წამია. ივანიშვილის რეჟიმი დაასრულებს ძალიან ცუდად, ოღონდ რამდენად მალე მოხდება ეს, იმაზეა დამოკიდებული, რამდენად შეურიგებელი ვიქნებით ამ რეჟიმის მიმართ. ოპოზიციური პარტიები, პოლიტიკური ლიდერები როგორ მივიტანთ ხალხამდე და როგორ მოვახერხებთ ხალხის დაორგანიზებას, რომ მალე დავასრულოთ ივანიშვილის რეჟიმი. 

_ ბატონო კობა, ხალხს შეიძლება, არ მოსწონს ხელისუფლება, მაგრამ არც ოპოზიცია მოსწონს... ოპოზიციამ ხომ ვერ შეძლო ხალხის ქუჩაში მასობრივად გამოყვანა და საპროტესტო მუხტის აგორება? 

_ ვინც ამბობს, ხალხის ბრალია, რომ ქუჩაში არ გამოდისო, ჩემთვის ყველაზე მიუღებელია... რაც შეიძლება, პოლიტიკურმა ლიდერმა თქვას. ხალხი არასდროსაა დამნაშავე, პირველ რიგში, ეს ჩვენი ბრალია, ჩვენ ვერ შევძელით... მნიშვნელოვანია, საკუთარი ხედვის სწორი მიწოდება მოსახლეობისთვის და შემდეგ, კარგი დაორგანიზება. რომელში მოვიკოჭლებთ? ჩემი აზრით, მეორეში, რადგან მოსახლეობა რეალურად ხედავს, რომ ეს კრიმინალური, დამნაშავე რეჟიმია. თუ ხალხი ვერ გამოგვყავს, ეს ჩვენი ბრალია. ოპოზიციას მხარს უჭერს 900 000-მდე ადამიანი, ნაციონალურმა მოძრაობამ 600 000 ხმა აიღო ბოლო არჩევნებში და თუ ვერ შევძელით ხანგრძლივი მრავალრიცხოვანი პროტესტის შექმნა, ე.ი. ორგანიზაციული ხარისხი გვაქვს შესაცვლელი. ამაზე აქტიური მსჯელობა მიდის პარტიაში და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე შევძლებთ წინააღმდეგობრივი მოძრაობის შექმნას, რომელიც ივანიშვილის რეჟიმს საბოლოოდ დაასრულებს. 

_ ანუ, ნაცმოძრაობაში საკადრო ცვლილებები იგეგმება? 

_ არა, ეს პარტიის სტრუქტურული ორგანიზებაა. თანამედროვე ტექნოლოგიებმა, სოციალურმა მედიამ იმდენად შეცვალა ჩვენი ცხოვრება, რომ ადეკვატურად უნდა გადაეწყოს პოლიტიკური ორგანიზაცია, თუ პრეტენზია აქვს ქვეყნის მართვაზე. 

_ ბატონო კობა, კულუარულად და ღიადაც ვხედავთ ოპოზიციის დაპირისპირებას გავლენების განაწილებისთვის. ოპოზიციის ერთიანობა ხელისუფლების შესაცვლელად მნიშვნელოვნად არ მიგაჩნიათ? 

_ 2016 წელს, პარტიაში ყველა მეუბნებოდა, ვყოფილიყავი საარჩევნო სიაში, მიმეღო არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ თავიდანვე ვთქვი, რომ არანაირი დეპუტატობა და თანამდებობა არ მინდა. ჩემთვის ამოსავალი წერტილი ივანიშვილის რეჟიმის დასრულებაა. 

_ არც 2020 წლის არჩევნებში აპირებთ მონაწილეობის მიღებას? 

_ არანაირ არჩევნებში არ მივიღებ მონაწილეობას, რადგან მინდა, ყველას და განსაკუთრებით, ახალგაზრდებს დავანახო, რომ თანამდებობა კი არა, ის მინდა, რომ საქართველოს უკეთესი მომავალი ჰქონდეს. რეჟიმის დასასრულებლად კი აუცილებელია ერთიანობა და წვრილმანი კინკლაობა უნდა გადავიდეს მეორე პლანზე, თუმცა დიდი ხანია, ჩართული ვარ პოლიტიკურ პროცესებში და ვხვდები, რომ ასე მარტივი არაა ეს საკითხი, რადგან გარდა საერთო ხედვისა, ყოველთვის ერთვება პარტიების, პიროვნებების ინტერესები. ასე რომ, იდეალისტი არ ვარ და ვხვდები, რომ ასე არ ხდება. ყველა უნდა გავერთიანდეთ ერთი ღირებულების წინააღმდეგ, მაგრამ საერთო ღირებულების ერთი მარცვალი უნდა იყოს მხოლოდ დადებითი. ცუდის გამო გაერთიანება არ უნდა ხდებოდეს, თორემ სიძულვილისა და ბოროტების გაერთიანებამ რა შედეგიც მოუტანა საქართველოს, 2012 წელს ვნახეთ, როცა ზიზღის ნიშნით გაერთიანდნენ. 

_ ადრე მითხარით, რომ სააკაშვილთან პირადი ურთიერთობა გაქვთ. საინტერესოა, საქართველოში ჩამოსვლას აპირებს, თუ არა? 

_ შეიძლება მისი მომხრეების რისხვა დამატყდეს, მაგრამ პირად საუბრებში ყოველთვის ვეუბნები სააკაშვილს, რომ ამ ეტაპზე, არ უნდა ჩამოვიდეს საქართველოში. სააკაშვილის პატიმრობა-არპატიმრობა კი არა, მთავარი ისაა, სად და როგორ უფრო მეტი სარგებელი მოაქვს _ თავისუფლებაზე, თუ პატიმრობაში. მიმაჩნია, რომ მას ახლა მეტი სარგებელი მოაქვს. თუ პარტია ორგანიზაციულად მზად იქნება, რომ ჩამოვიდეს სააკაშვილი და არ მისცეს ივანიშვილის რეჟიმს მისი იოლად დაპატიმრების საშუალება, მისი ჩამოსვლის მომხრე ვიქნები. მას აქვს უდიდესი საერთაშორისო წონა და ავტორიტეტი, ამიტომ მისი გამოყენება ეფექტურია თავისუფლებაზე. 

_ ე.ი. ფიქრობთ, რომ ნაციონალური მოძრაობა არის სუსტი, რათა დაიცვას სააკაშვილი? 

_ ნაციონალური მოძრაობა არის ძალიან ძლიერი, მაგრამ ორგანიზებულობის ხარისხით, ბევრი გვაქვს შესაცვლელი. 

_ საპატიმროს თებერვალში დატოვებს ვანო მერაბიშვილი, ხომ არ იცით, რომელ პარტიაში გააგრძელებს აქტიურობას? 

_ ის ვიცი, რომ გათავისუფლების შემდეგ, ვანო მერაბიშვილი აუცილებლად შეხვდება მიხეილ სააკაშვილს, პოლიტიკურ ლიდერებს და მიიღებს გადაწყვეტილებას, სად იქნება. ვისურვებდი, ვანო მერაბიშვილის ავტორიტეტი, შესაძლებლობები სრულად იქნეს გამოყენებული ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად. ასე რომ, ნაკლებად ვფიქრობ, სად წავა, ის რეჟიმის დასასრულებლად ყველაფერს გააკეთებს. 

ხშირად ვსაუბრობთ ვანო მერაბიშვილზე, ბაჩო ახალაიაზე, მაგრამ გული მტკივა ერთ ადამიანზე _ რომა შამათავაზე, რომელიც ისრაელში რომ ყოფილიყო, გმირი, ლეგენდა იქნებოდა, ისეთი საოცრებები აქვს გაკეთებული. 2013 წლიდან დღემდე ციხეში, რუსეთის სპეცსამსახურების დავალებითაა და ჩემი ბრძოლის ერთ-ერთი სტიმული ყოველთვის რომა იქნება. 

_ ბატონო კობა, ამასწინათ წერდით, ვეღარ ვითვლი, რუსთაველზე მერამდენედ ვშლი კარავსო. ამ გამოცდილებით, როგორ ფიქრობთ, ეს პროცესები რა შედეგს მოიტანს? 

_ 10-დან 9 მოქალაქე, ივანიშვილის მიმართ, მტრულადაა განწყობილი, რადგან ადამიანების ყოფა დამძიმდა და გაუარესდა, მაგრამ როცა ადამიანი უკმაყოფილოა, არ ნიშნავს, რომ მოქმედებს. არსებობს ადამიანის ტიპი, რომელიც ტელევიზორთან ზის, ან კითხულობს თქვენს გაზეთს, გაბრაზებულია. მეორე ტიპის ადამიანი კი საპროტესტოდ გამოდის ქუჩაში. ესაა ბოლო ეტაპი, რომელიც ასრულებს ნებისმიერ ხელისუფლებას. ეს ეტაპი, ფაქტობრივად, ფინალისკენ მიდის და აქ უკვე ჩვენი, პოლიტიკური ორგანიზაციების როლია მნიშვნელოვანი, რომ სწორად დავაორგანიზოთ. ივანიშვილის, ისევე, როგორც ასლან აბაშიძის, შევარდნაძის რეჟიმის დამარცხება არაა მარტივი საქმე. ბეწვის ხიდზე გავლას ვადარებ, რადგან ერთ მხარესაა რეჟიმის გახანგრძლივება, მეორე მხარესაა სისხლი და ის, რაც არ უნდა მოხდეს. ამ ხიდზე გავლა ჩვენი ამოცანაა და ეს სწორი ორგანიზებით უნდა შევძლოთ. 

_ როცა ძალადობრივ რეჟიმზე საუბრობთ, შეგახსენებთ, ნაციონალურ მოძრაობას სწორედ იმიტომ უთხრა ხალხმა უარი, რომ სისხლიან და ძალადობრივ რეჟიმად მიაჩნდა. „ციხის კადრები“ იყო ამ ყველაფრის კულმინაცია და როგორ ფიქრობთ, ამის შემდეგ, ხალხი ისევ ხელისუფლებაში მოგიყვანთ? 

_ „ციხის კადრებსა“ და რაფალიანცის ტრაგედიას რაც შეეხება, დარწმუნებული ვარ, ეს არც ნაციონალური მოძრაობის და არც „ქართული ოცნების“ შემოქმედება არ ყოფილა. ეს იყო რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დადგმული სცენარი, რომელიც ჩვენი ხელისუფლების დასამარცხლებად შექმნეს და გამოიყენეს. 

იყო თუ არა მკაცრი ხელი და ძალაუფლების გადამეტება? _ როცა „ვარდების რევოლუცია“ მოხდა, სახელმწიფო აღარ გვქონდა. იმ ჭაობიდან ამოსვლასა და სწრაფ განვითარებას სჭირდებოდა საკმაოდ მკაცრი მმართველობა, თუმცა მიმაჩნია, 2007 წლიდან შეგვეძლო, დაგვეწყო ლიბერალური მიდგომები არა მხოლოდ ეკონომიკაში, არამედ, კანონთან მიმართებაშიც. მაგალითად, ღვედის შეკვრას კანონი მოითხოვს, მაგრამ თუ ადამიანმა 20 მეტრი გაიარა და დაავიწყდა გაკეთება, არაა აუცილებელი, დააჯარიმო, შეიძლება, გაფრთხილებით შემოიფარგლო... 

_ უკაცრავად, მაგრამ ღვედის შეკვრაზე დაჯარიმება რა მოსატანია იმ საქმეებთან, რის გამოც ხალხი ნაცმოძრაობას დაუპირისპირდა! გკითხეთ, თუ გაქვთ ილუზია, რომ იმ სისტემური ძალგადამეტების საქმეებს ხაზს გადაუსვამს საზოგადოება და ისევ დაგიჭერთ მხარს? 

_ ჩვენი ამოცანაა, კიდევ ერთხელ დავარწმუნოთ ხალხი, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებაშიც ვიყავით და ოპოზიციაშიც. ასე რომ, კარგად ვიცით, რა უნდა ვაკეთოთ ქვეყნის სასიკეთოდ, როცა ხელისუფლებაში მოვალთ. ჩვენზე უკეთესად არავინ იცის, რა კანონებია შესაცვლელი უკეთესი საარჩევნო გარემოსთვის. 

როცა ხელისუფლებაში ვიყავით, ვფიქრობდით ხელისუფლების სასარგებლო კანონები მიგვეღო, დღეს კი ვხედავთ, რომ ასე არ შეიძლება, რადგან ნებისმიერი ხელისუფლება შეიძლება აღმოჩნდეს ოპოზიციაში და უნდა შეეძლოს თავისუფლად მოქმედება.

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში