Menu
RSS

მიშას სუშიდან სალომეს ლობიომდე

როგორ დაიგეგმა პოლიტიკური კრიზისი და რა კავშირი აქვთ ქვეყანაში განვითარებულ პროცესებთან საპატრიარქოს მრჩევლებს _ სკანდალური კულუარები

საგიჟეთი არც აქამდე გვაკლდა, მაგრამ 14 ნოემბრის ანუ მას შემდეგ, რაც პარლამენტმა არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო, ნამდვილ ფსიქიატრიულში ვცხოვრობთ. აქციები, სპეცრაზმი, დაშლა-დარბევა... დაშლა-დარბევა, სპეცრაზმი, აქციები _ აი, ესაა ჩვენი რეალობა, რეალობა, რომელიც სალომე ზურაბიშვილის „ლობიო-ფართმა“ დააგვირგვინა. ზოგადად, ქართულ პოლიტიკაში ლობიო ერთობ აქტუალურია _ ალბათ, გახსოვთ, ჯერ კიდევ ცხონებულმა ჯაბა იოსელიანმა როდის თქვა, დემოკრატია ლობიოობა არ არისო. ჰოდა, ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტმა ჯაბას მხატვრული ნათქვამი რეალობად აქცია და ზუსტად მაშინ, როცა პარლამენტის წინ ოპოზიციის არცთუ მცირერიცხოვანი აქცია იმართებოდა, სალობიეს ესტუმრა. ახლა იმ აზრისგან შორს ვართ, რომ თანამდებობის პირი არ უნდა იკვებებოდეს, მაგრამ ლობიო, როგორც ამბობენ, მძიმე საჭმელია. ჰოდა, ადამიანს რატომ უნდა გაგიჩნდეს სურვილი, შუაღამისას სალობიეში გაიქცე და მამა-პაპურად „გამოიბუსკნო“? ამ კითხვაზე ობიექტურ პასუხს ვერავინ გასცემს, რადგან ჯერ ერთი, გემოვნებაზე არ დაობენ, მეორეც, ჩვენ თავისუფალ ქვეყანას ვაშენებთ. აქედან გამომდინარე, ვისაც როდის მოუნდება, ლობიო კი არა, შეუძლია, კარტოფილი, ან სულაც, სუში მიირთვას.

მოკლედ, ასეა თუ ისე, ფაქტია: ჭამა პოლიტიკოსებისთვისაც სიამოვნებაა, თან ისეთი სიამოვნება, რომ მასზე უარს უმაღლესი მთავარსარდლებიც კი ვერ ამბობენ, როცა ქვეყანაში სახელმწიფოებრივი კრიზისისკენ მიდრეკილი პოლიტიკური კრიზისი მძვინვარებს. დიახ, ქალბატონებო და ბატონებო, ასეა ეს და ამას მხოლოდ ზურაბიშვილის ლობიოობა კი არა, არამედ, რამდენიმე წლის წინანდელი მოვლენებიც მოწმობს ანუ უფრო ნათლად და გასაგებად რომ გითხრათ, თავის დროზე, ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილს სუშის ბარებში უვარდებოდა. მაშინ პოლიტიკურ კულუარებში ხუმრობდნენ კიდეც, სააკაშვილს სუში გადაიყოლებსო. როგორც დამთავრდა მიშას კარიერა, კარგად მოგეხსენებათ. თუ გავითვალისწინებთ, რომ ისტორია მეორდება, შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ ზურაბიშვილი ლობიოს, როგორც ცხონებული ბებიაჩემი იტყოდა, ანაწერა გახდეს. 

ისე, ხუმრობა იქით იყოს და, წყალი არ გაუვა: თუ „ოცნება“ ხელისუფლებიდან წავა, ახალი მმართველი გუნდი პირველი, რასაც გააკეთებს, ალბათ, ის იქნება, რომ ზურაბიშვილის იმპიჩმენტს დაიწყებს. ჰოდა, ასე სევდიანად დამთავრდება „გაფრანგული ქალბატონის“ პოლიტკარიერა. 

რა იქნება მანამდე 

რა იქნება და, მოვლენები ერთობ დრამატულად ვითარდება. კერძოდ, ოპოზიცია საკუთარი ულტიმატუმების შეცვლას არ აპირებს. ხელისუფლებაც გახისტებულია და აზრადაც არ მოსდის, რომ „ამბოხებულებს“ რამე დაუთმოს. 

უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ ქუჩაში რამდენიმე პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერია გამოსული, „ოცნება“ უწინდებურად მიშას ებრძვის და აცხადებს, ნაციონალების ნარატივით ვერ ვიმოქმედებო. 

დავუშვათ, მთელი ეს ვაკჰანალია, მართლად, ნაციონალებმა მოაწყვეს, მაგრამ უბრალოდ, საინტერესოა, ნინო ბურჯანაძე, შალვა ნათელაშვილი, ან ეკა ბესელია ნაციონალები როდიდან გახდნენ? კარგი, შეიძლება, დავიჯეროთ, რომ ბურჯანაძე და ნათელაშვილი ყოველთვის მიშას გავლენის ქვეშ იყვნენ, მაგრამ ნუთუ, ბესელიაც მიშას „დაკრულზე ცეკვავს“? 

აი, თუ რომელიმე „მეოცნებე“ გამოვა და იტყვის, დიახ, ეკაც სააკაშვილის აპეკუნიაო, მაშინ მმართველი გუნდი თავს უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩაიგდებს, რადგან, მინიმუმ, გაჩნდება კითხვა _ თუ ბესელია სააკაშვილის მსტოვარი იყო, აბა, მთელი შვიდი წელი „ოცნება“ საკუთარი კალთის ქვეშ რატომ იფარავდა? 

ზოგადად, კარგი იქნება, თუ „ოცნება“ სიტყვა „ნაციონალის“ უარყოფით კონტექსტში გამოყენებას მოეშვება, რადგან ექს თუ ფარული ნაცი, იგივე მმართველ გუნდშიც არაერთია. ავიღოთ, მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, რომელიც თავის დროზე, როგორც ამბობენ, მიშას ახალგაზრდული ბანაკების კოორდინატორი ყოფილა. გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს კი, სანდრა რულოვსმა ბატონ თალაკვაძეს წამოაძახა, ჩემი თანამშრომელი რომ იყავი და ჩემი რეკომენდაციით გრანტებს გაძლევდნენ, დაგავიწყდაო? 

ერთადერთი, რომელსაც ლატენტურ ნაციონალობაში არავინ ამხელს, პარლამენტის ექსთავმჯდომარე ირაკლი კობახიძეა, თუმცა „კულულას“ (ეს მეტსახელი კობახიძეს ხალხმა შეარქვა) სხვა იმდენი ცოდვა აქვს, რომ ამ ცოდვებთან შედარებით, ექსნაციონალობა, ნამდვილად „ბაირამობაა“. 

მაინც, რა ცოდვა ადევს კობახიძეს? _ ამ ცოდვების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ამიტომ, საკმარისია ოკუპანტი გავრილოვის თბილისში ვიზიტი და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასკუპებაც გავიხსენოთ. 

საერთოდ, რომ არა გავრილოვის ვოიაჟი, ქართული პოლიტიკური ცხოვრება მეტ-ნაკლებად მშვიდად გაგრძელდებოდა, მაგრამ „ბედის ბორბალმა“ წაღმა ტრიალი სწორედ მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსი ბოლშევიკების სულიერმა მემკვიდრე გავრილოვმა ფეხი მრავალტანჯული საქართველოს მიწაზე დადგა. 

რა და როგორ მოხდა გავრილოვის კრიზისის დროს, ამის გახსენებით აღარ მოგაცდენთ და მხოლოდ ერთ რამეს გეტყვით: მაშინდელი კრიზისისთვის თავი რომ დაეღწია, „ოცნება“ იძულებული გახდა, ხალხი პროპორციული არჩევნებით დაეშოშმინებინა, მაგრამ როგორც ახლა ირკვევა, ეს დაპირება ნაჩქარევი იყო. 

რატომ იყო ნაჩქარევი? _ ამ თემაზე ქართულმა საინფორმაციო სააგენტო „ჰოთნიუსმა“ საინტერესო ცნობა გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

„ოცნება“ ცაიტნოტშია ანუ მმართველი გუნდი არსებული პოლიტიკური კრიზისიდან მძიმედ, ან საერთოდ ვერ გამოძვრება. 

რატომ ჩაიგდო „ოცნებამ“ თავი ამ გამოუვალ მდგომარეობაში? _ ამ კითხვაზე სხვადასხვა პასუხი არსებობს, თუმცა წყარო „ჰოთნიუსს“ სკანდალური კულუარების შესახებ უყვება და ეუბნება, რომ ყველაფერი ის, რაც ხდება, სამი ადამიანის _ ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძისა და არჩილ თალაკვაძის კისერზეა. 

მოკლედ, კულუარული ამბავი ასეთია: 

„ოცნების“ ზემოხსენებული „ტროიკა“ კარგად ხვდება, რომ თუ 2020-ში არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება, ისინი საკანონმდებლო ორგანოში ვერ მოხვდებიან და, შესაბამისად, დიდ ფინანსურ, თუ პოლიტიკურ გავლენებსაც დაკარგავს. 

ამიტომ, როგორც წყარო გვეუბნება, იწყება გამოსავალის ძებნა. ჰოდა, კობახიძეს, გარე კონსულტანტების დახმარებით, უჩნდება იდეა, რომ მაჟორიტარების საშუალებით, პროპორციული სისტემის დაპირება ჩავარდეს. 

ამის შემდეგ კი, როგორც „ჰოთნიუსს“ უყვებიან, მოვლენები ასე ვითარდება: 

„ტროიკა“ ანუ კობახიძე-თალაკვაძე-მდინარაძე „შუშის სასახლეში“ მიდიან და ბიძინა ივანიშვილს მწუხარე სახით ეუბნებიან, ასე და ასეა საქმე, ჩვენი რეიტინგი თანდათან ქვემოთ ეცემა და ამ ვითარებაში არჩევნებს პირწმინდად წავაგებთ. ამიტომ, აუცილებელია, პროპორციულის დაპირება ჩავაგდოთო. 

ივანიშვილი კითხულობს: 

_ კი, მაგრამ საჯაროდ ვთქვი, რომ პროპორციულზე გადავდივართ და ეს რომ ჩავარდეს, ოპოზიცია „მეორედ მოსვლას“ მოაწყობს! 

კობახიძე „ბოსს“ პასუხობს: 

_ ოპოზიციასთან (იგულისხმება „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ _ რედ.) ყველაფერი „მოყომარებულია“, ბევრი-ბევრი, ორი-სამი აქცია გამართონ ზრდილობისთვის და მერე დაშოშმინდებიანო. 

_ თუ ასეა, მაშინ გააკეთეთ, რაც გინდათო, _ „დაბროს“ აძლევს ივანიშვილი. 

„შუშის სასახლიდან“ „ტროიკა“ გახარებული ბრუნდება და იწყება მაჟორიტარების დამუშავება. ამასობაში კენჭისყრის დროც მოდის. ჰოდა, კანონპროექტი ვარდება. თავიდან ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, მაგრამ მოულოდნელად, არენაზე „ლეიბორისტები“ და ბურჯანაძის გუნდი ჩნდება და სიტუაციაც იჭრება. 

ამის შემდეგ ივანიშვილი ზემოხსენებულ „ტროიკას“ თავისთან იბარებს და ეუბნება, როგორც არიეთ ვითარება, ისე დაალაგეთო. 

„ტროიკა“ მხრებს იჩეჩავს, ყველაფერი ვცადეთ, მაგრამ დალაგებას ვერ ვახერხებთო. ვერ ახერხებთ და თქვენი დანახვაც არ მინდაო, პასუხობს, თურმე, ივანიშვილი თალაკვაძე-მდინარაძე-კობახიძეს.

„ეს არის მთელი ამ ამბის ალია-ბალია“, _ ეუბნება „ჰოთნიუსს“ კარგად ინფორმირებული წყარო, რომელიც იმ მინიშნებასაც აკეთებს, რომ იმ ამბებით, რაც ახლა ხდება, ივანიშვილზე შური, შესაძლოა, ეკლესიამაც იძია, თუმცა ამ თემის განვრცობისგან, ამ ეტაპზე, თავს იკავებს“. 

ეკლესიის მრჩეველთა პოლიტიური ვნებანი 

რა შუაშია ამ პოლიტიკურ აბრა-კადაბრაში ეკლესია? _ ამის გარკვევას „ვერსია“ შეეცადა და გაარკვია, რომ ეკლესია, უფრო კონკრეტულად, საპატრიარქო და მასთან დაახლოებული პოლიტიკური ადამიანები თვლიან, რომ ე.წ. საეკლესიო სკანდალი „ოცნებამ“ ააგორა ანუ ის, რაც მეუფე პეტრემ პატრიარქთან დაკავშირებით სინოდის სკანდალური სხდომის შემდეგ განაცხადა, პირდაპირ ხელისუფლებისგან იყო ინიცირებული და ამას ერთადერთი მიზანი ჰქონდა _ მომხდარიყო უწმინდესის იმიჯის შელახვა და ამ ფონზე ხელისუფლებას მისთვის სასურველი ადამიანი აეყვანა საპატრიარქო ტახტზე. 

შესაძლოა, ხელისუფლებაში ეს სცენარი, მართლაც, მუშავდებოდა და ერთმნიშვნელოვნად არც იმის თქმა შეიძლება, რომ ჭყონდიდის ყოფილმა ეპისკოპოსმა წყალი ხელისუფლების წისქვილზე არ დაასხა, მით უმეტეს, ცნობილია, რომ არცთუ შორეულ წარსულში, მეუფე პეტრე ბიძინა ივანიშვილს ორჯერ შეხვდა (ამ შეხვედრების შესახებ „ვერსია“ უკვე წერდა) და მათ ერთმანეთის მიმართ გარკვეული სიმპათიაც კი გაუჩნდათ. ყოველ შემთხვევაში, როგორც წყარო გვიყვება, მეუფემ და „ოცნების“ ლიდერმა, აუდიენციის დასრულების შემდეგ, თითქმის ერთხმად თქვეს, ცუდია, ერთმანეთს აქამდე რომ არ ვიცნობდითო. 

 

სხვათა შორის, მეუფე პეტრემაც, პირდაპირ თუ ირიბად, დაადასტურა, ივანიშვლმა მთხოვა, 2020 წლამდე აქტიურობა შეწყვიტე, რადგან არჩევნები მოდის და არ მინდა, ეკლესიამ „ოცნებაზე“ გული აიცრუოსო. 

თუ კარგად გავიხსენებთ, 20-21 ივნისის მოვლენებამდე, პეტრე ცაავა საჯარო განცხადებებს, პრაქტიკულად, აღარ აკეთებდა, თუმცა ე.წ. გავრილოვის ღამემ დღის წესრიგი შეცვალა ანუ მეუფე პეტრემ ისევ ოპოზიციის პოზიციების გამაგრება დაიწყო და ამასთან, ეკლესიასაც უწინდებურად დაარტყა. 

სხვათა შორის, საქმეში ჩახედულთა თქმით, ყველა ელოდა, რომ სინოდის ბოლო სხდომა ზუსტად ისე დამთავრდებოდა, როგორც დამთავრდა ანუ პრაქტიკულად, არავისთვის ყოფილა მოულოდნელი ის განცხადებები, რაც მეუფე პეტრემ გააკეთა. 

ისე, სიტყვამ მოიტანა და, საკითხავია, ექსჭყონდიდელი ვითარების გამწვავებაზე რატომ წავიდა, მით უმეტეს მაშინ, როცა სინოდმა პირველ საკითხად დეკანოზ მამალაძის შეწყალება განიხილა ანუ მეუფე პეტრეს მთავარი მოთხოვნა სწორედ ეს იყო. ჰოდა, გაუგებარია, ამ მოთხოვნის, ასე ვთქვათ, დაკმაყოფილების შემდეგ, რა აუცილებლობას წარმოადგენდა ეკლესიაში არსებულ „სოდომის ცოდვაზე“ ისრების გადატანა? 

ეს კითხვა „ვერსიამ“ იმ ანალიტიკოსებს დაუსვა, რომლებიც ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობაში მეტ-ნაკლებად კარგად ერკვევიან. ჩვენმა რესპოდენტებმა თავი მხოლოდ ვინაობის გამხელისგან კი არა, იმისგანაც შეიკავეს, თემა გაეშალათ, თუმცა გვითხრეს, რომ ყველაფერი ის, რაც ბოლო დროს ხდება, ერთ კონტექსტშია განსახილველი. 

ამასთან, ჩვენმა ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინაპერიოდი გაიხსენა და ორაზროვნად გვკითხა: 

„გახსოვთ, ეკლესიამ ხელისუფლება მარიხუანას „ბარიგობაში“ რომ დაადანაშაულა?“ 

_ რა თქმა უნდა, გვახსოვს, _ მივუგეთ კონფიდენტს. 

_ ჰოდა, ყველაფერი სწორედ მაშინ დაიწყო. 

_ ეს როგორ? 

_ როგორ და, საპატრიარქოსთან დაახლოებულ პირებს სურვილი ჰქონდათ, რომ თუ ე.წ. მარიხუანას კანონპროექტი გავიდოდა, მაშინ ამ ბიზნესზე კონკორდატი გავრცელებულიყო. 

_ ანუ? 

_ ანუ ის, რომ თუ გახსოვთ, მაშინ იმაზე იყო ლაპარაკი, რომ მარიხუანას პლანტაციების გაშენება სამედიცინო ბიზნესისთვის იყო საჭირო. ჰოდა, გარკვეული ადამიანები, რომლებიც ეკლესიის ადმინისტრაციაში გარკვეულ პოლიტიკურ თემებს ალაგებენ, მიხვდნენ, რომ აქედან „მოშნი მაყუთის“ შოვნა შეიძლებოდა და სახელმწიფოსთან დაიწყეს ვაჭრობა -თუ გინდათ, ამ კანონპროექტს პრობლემები არ შეექმნას, მაშინ მარიხუანას ბიზნესის ერთგვარი ლობი საპატრიარქო უნდა იყოს ანუ გადასახადებისგან გათავისუფლდესო, მაგრამ ხელისუფლება ამაზე არ წავიდა და აი, აქედან დაიწყო, რაც დაიწყო. 

_ ესე იგი, რა გამოდის? 

_ არ ვიცი, შეიძლება, ვცდები, მაგრამ ალბათ, მიაქციეთ ყურადღება ერთ დეტალს. 

_ რომელს? 

_ აი, 14 ნოემბერს, სანამ პარლამენტი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს კენჭს უყრიდა, ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას რამდენჯერმე ახსენა ეკლესია ანუ ნაციონალებს ბრალი დასდო, რომ ისინი ეკლესიის დისკრედიტაციას ცდილობდნენ. მაშინ ვერ მივხვდი, მაგრამ მოგვიანებით, როცა გარკვეული ინფორმაციები მოვიპოვე, ყველაფერი თავის ადგილას დალაგდა. 

_ მაინც, რა დალაგდა? 

_ მოკლედ, ჩემი ვერსია ასეთია: კობახიძეს პოლიტიკურ რჩევებს ის ადმაიანები აძლევენ, რომლებიც ეკლესიის ადმინისტრაციასთან არიან დაახლოებულნი. ჰოდა, ჩემი ვერსიით, „ოცნების“ ნოემბრის კრიზისი ყველაზე მეტად ხელს ამ ადამიანებს აძლევს ანუ ისინი არსებულ სტატუს-კვოს შენარჩუნებას ცდილობენ. 

_ როგორ? 

_ როგორ და, ამ „ტიპებს“, ვეჭვობ, ცალკეული მაჟორიტარებისგან ფინანსური დაინტერესება აქვთ. ჰოდა, ახლა, წარმოიდგინეთ, მაჟორიტარული სისტემა რომ გაუქმდეს, მათ ფულს ვინ მისცემს?“ 

კითხვა, რომელსაც ჩვენი კონფიდენტი სვამს, ცხადია, ლოგიკურია. 

ამას გარდა, ფარული რესპოდენტის მონათხრობიდან კიდევ ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება. კერძოდ, იმ ადამიანებმა, რომლებიც ეკლესიის სახელით ფულს შოულობენ, ხელისუფლებაზე შურისძიება გადაწყვიტეს და შესაბამისად, ირაკლი კობახიძის დახმარებით, მოახერხეს და ივანიშვილს პროპორციული სისტემის კანონპროექტის ჩაგდების იდეა „შეუგდეს“. 

თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ გამოდის, რომ ადგილიბრივი და საერთაშორისო საზოგადოება ივანიშვილმა კი არ „გადააგდო“, როგორც ამას ოპოზიცია ამტკიცებს, არამედ, „ოცნების“ ლიდერს საკუთარი პარტიის ლიდერ-შიფი ატყუებს. 

სად არის გამოსავალი 

ისე, ამ თემაზე მინიშნება ანალიტიკოსმა გოჩა მორცხულავამაც გააკეთა, რომელმაც ამას წინათ, სოციალურ ქსელში დაწერა: 

„ჩვენ გვაქვს ვითარება, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების” პარტიული ელიტის ცინგლიანი, ავადმყოფური ფობიებითა და კომპლექსებით შეპყრობილი მანიაკალური პერსონების ამბიციებს შეწირულია სახელმწიფო ინტერესები. 

გამოსავალი არის? _ დიახ! გამოუვალი ვითარება არ არსებობს! 

უფრო კონკრეტულად გეტყვით, ბიძინა ივანიშვილის პიროვნულ მხარდამჭერებს. ურემი რომ გადაბრუნდება და ივანიშვილი გკითხავთ არა ცინგლიანებს, არამედ, მის ახლობლებს: 

,,_ თუ ვიღუპებოდით და ამას ხედავდით, რატომ დუმდით?'' 

რას უპასუხებთ ამ კითხვაზე, რა პასუხს გასცემთ? უსაყვედურებთ, რომ არსაიდან მოსული კობახიძე და სხვა პოლიტმანიაკები თქვენ დააწინაურეთ ბატონო ბიძინა და ჩვენ რა გვექნაო? ვერ ეტყვით, რადგან თუ რამე სათქმელს იტოვებთ სამომავლოდ, ის ახლა უნდა თქვათ... რამოდენიმე დღის წინ დავწერე აქ -ის კი არ არის მთავარი, რას ამბობენ ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, არამედ ის, რას ამბობენ და იტყვიან მსოფლიოს დედაქალაქებში. ხალხის განწყობები რომ არ გაინტერესებთ და მათი უმძიმესი მდგომარეობა, ეგ ვიცი. 

იცით, რეალურად რა არის ,,ოცნების''პრობლემა? _ პარტია მერვე წელია, ,,ცხოვრობს'', ,,არსებობს'' პოლიტიკოსების გარეშე, უფრო სწორად, დაბრალებული პოლიტიკოსებით. სხვა ნებისმიერი უარყოფითი სენი _ სიჯიუტე (პრინციპულობაში არ აგერიოთ), ვირეშმაკობა (ალღოსა და მოხერხებულობასთან საერთო არაფერი აქვს), უტიფრობა (გონიერება და სიმამაცე რომ ჰგონია ზოგიერთს) იმ 

მინიმალურ სიკეთეებსაც აცამტვერებს, რაც ქვეყანამ ბოლო რვა წლის განმავლობაში მიიღო. 

ახლა ბიძინა ივანიშვილს მივმართავ... 

ბატონო ბიძინა, სახელმწიფო არ არის თალაკვაძე და კობახიძე, გახარია თუ ღარიბაშვილი, გნებავთ, ვაშაძე ან ბაქრაძე, არც ლომჯარია... სახელმწიფო ვართ მე და ამ ქვეყნის მოქალაქეები. ზემოთ ჩამოთვლილები კი ჩვენი დაქირავებულები არიან. დღეს, პოლიტიკური გუნდი, რომელიც სახელმწიფოს მართავს, შეცდომას შეცდომაზე უშვებს. ეს პოლიტიკური არაადეკვატურობა, რომელსაც თვალ-ყურს ვადევნებთ, სახელმწიფოს და მის იმიჯს, ავტორიტეტს აზიანებს. ეს იმაზე მეტად მნიშვნელოვანია, თუნდაც რომელიმე პოლიტიკური პარტიის, ლიდერისა თუ ცალკეული პოლიტიკოსის სამომავლო ინტერესები. მხოლოდ ამის გააზრებაც კი საკმარისია პროცესების ნორმალურ კალაპოტში დასაბრუნებლად. სხვა შემთხვევაში, ჩვენ დავკარგავთ სახელმწიფოს, თორემ ქვეყანა _ საქართველო, არსებობას ნამდვილად არ შეწყვეტს. გთავაზობთ წინადადებას, იქნებ სახელმწიფოსთვის ამ მეტად რთულ ვითარებაში ისეთ ადამიანებს დაელაპარაკოთ, რომლებიც საუბარს ვინმეს, გნებავთ, თქვენი ქებით არ დაიწყებენ და დაასრულებენ. დაელაპარაკოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც “ოცნების” ან გნებავთ თქვენი არაფერი მართებთ. დაელაპარაკოთ არა როგორც ოპონენტებს, არამედ როგორც ამ სახელმწიფოსა და ქვეყნისთვის მზრუნველ და გულატკივებულ პერსონებს. მერწმუნეთ, ეს ბევრად სწორ პოლიტიკურ დასკვნებს გაგაკეთებინებთ, ვიდრე თქვენი პარტიული ელიტის მლიქვნელი წარმომადგენლების რჩევები.“ 

ერთი სიტყვით, ძნელი სათქმელია, როგორ დამთარდება ეს აბრა-კადაბრა. ფაქტი კი ერთია: ისტორია შთამომავლობას ერთი მაჟორიტარის სახელსაც არ შემოუნახავს. სამაგიეროდ, გავა თვეები, წლები, საუკუნეები და ადამიანებს მიშას სუში და სალომეს ლობიო ისევ ემახსორებათ!

ნინო დოლიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში