Menu
RSS

პროპორციული საარჩევნო სისტემის კრახი ისრაელში

2019 წლის აპრილი, 2019 წლის სექტემბერი _ ეს ისრაელში, ბოლო ექვს თვეში ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თარიღებია და დღეს, მორიგ პოლიტიკურ კრიზისში შესული ქვეყანა, კვლავ მესამე ვადამდელი არჩევნების მოლოდინშია.

ახდენს თუ არა გავლენას მუდმივად დაძაბული საომარი და სამხედრო ვითარება პოლიტიკური მოვლენების მიმდინარეობაზე ისრაელში?! რა თქმა უნდა, ახდენს და პირიქით _ თავის მხრივ, კოალიციური უმრავლესობა პარლამენტში, კოალიციური მთავრობები, კოალიციური მმართველობა, რადიკალურად განსხვავებული შეხედულებების მქონე ლიდერების მყიფე ერთობაც ახდენს გავლენას ქვეყანაში მიმდინარე, როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკურ ვითარებაზე. სწორედ ამიტომ, პროპორციული საარჩევნო სისტემის ნაკლოვანების წარმოსაჩენად, ისრაელი ბოლო წლების საუკეთესო მაგალითია, მიუხედავად ესპანეთის, იტალიის, საბერძნეთისა და მსოფლიოს სხვა წამყვანი ქვეყნების პოლიტიკური კრიზისებისა, რომელიც პროპორციულმა საარჩევნო სისტემამ შექმნა. 

რატომ ისრაელი: ქვეყანა კოალიციური მმართველობის წყალობით, მესამე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოლოდინშია, იმ პირობებში, რომ პირველ ორ ჯერზე, მთავრობა და უმრავლესობა ვერც პირველ და ვერც მეორე ადგილებზე გასულმა პარტიებმა ვერ დააკომპლექტეს. 

ისრაელის პარლამენტი ქნესეთი, ერთპალატიანია და 120 წევრისგან შედგება, რომლებიც კლასიკური, მთლიანად პროპორციული საარჩევნო სიებით აირჩევიან. მარტივი დათვლით, უმრავლესობის ფორმირებას პარლამენტში 61 მანდატი სჭირდება. ამ 61 მანდატის მოგროვება კი, ყოველ მომდევნო არჩევნებზე, უფრო და უფრო მეტად უჭირთ ქვეყნის მთავარ პარტიებს. ამ პარტიებს შორისაა მოქმედი და 2009 წლიდან უცვლელი პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს კონსერვატიული პარტია და წელს, სექტემბერში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, პირველი შემთხვევაა, როცა კოალიციური უმრავლესობის შექმნის პროცესში, ნეთანიაჰუ აღარ მონაწილეობს. 

განსაკუთრებული სიმწვავით, პროპორციული სისტემის ნაკლოვანებებმა ისრაელში თავი 2013 წელს იჩინა, როცა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა და 2013 წლის იანვრის შემდეგ, კოალიციური უმრავლესობა ქნესეთში, რამდენიმე თვეში ერთხელ, დგებოდა დაშლის საფრთხის წინაშე. ქვეყანაში უწყვეტ რეჟიმში ისმოდა ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა. 

2019 წლის აპრილში, ისრაელში, კიდევ ერთი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ამჯერად, კრიზისის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზთაგან, სავალდებულო სამხედრო სამსახურში ებრაელი ორთოდოქსების გაწვევის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა სახელდებოდა. მოქმედი პრემიერის, ნეთანიაჰუს პარტიამ ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ლიბერმანის მხარდაჭერა დაკარგა და მასთან ერთად, კოალიციური მმართველობა ვერ შეძლო. აპრილის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში კი ნეთანიაჰუს მთავარ მეტოქედ, მისი კიდევ ერთი ყოფილი მოკავშირე, გენშტაბის ყოფილი უფროსი, ბენი განცი მოევლინა, პარტიით _ „ლურჯი და თეთრი“. განცი, 2012-2014 წლებში, ღაზას სექტორში სამხედრო ოპერაციებს ხელმძღვანელობდა და მას პრემიერი შესანიშნავ სამხედრო მეთაურად მოიხსენიებდა. არანაკლებ შესანიშნავად იასპარეზა განცის პარტიამ აპრილის ვადამდელ არჩევნებში და მოქმედი პრემიერის პარტიის მსგავსად, ხელში მანაც ქნესეთის 35 მანდატი ჩაიგდო. 

2019 წლის აპრილიდან მოყოლებული, ამავე წლის აგვისტომდე, ორ ლიდერს შორის ინტენსიური მოლაპარაკებები იმართებოდა, მაგრამ განცი და ნეთანიაჰუ ვერ შეთანხმდნენ და წინა ვადამდელი არჩევნებიდან 5 თვის თავზე, 2019 წლის 17 სექტემბერს, ქვეყანაში კვლავ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა. ვითარების განმუხტვის ნაცვლად, მოქმედმა პრემიერმა უარესი შედეგი მიიღო, რაც რიცხვებში ასე გამოიხატა _ მისმა პარტიამ „ლიკუდმა“, 5 თვეში ხმები დაკარგა და ამჯერად, 31 მანდატი აიღო. იგი ორი მანდატით ჩამორჩა მთავარ კონკურენტს _ 33 მანდატის მფლობელ განცს. ჯამში, ნეთანიაჰუს პოლიტიკურმა ბლოკმა ქნესეთში 55 მანდატი დააგროვა, განცის ბლოკმა _ 54. მათ კვლავ რამდენიმე მანდატი დააკლდათ 61-მდე, უბრალო უმრავლესობამდე, რომელიც დაკომპლექტების შემთხვევაშიც კი, ზედმეტად მყიფე იქნებოდა, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით. 

ორმა ძირითადმა პარტიამ კვლავაც თითქმის თანაბარი რაოდენობის მანდატები მიიღო: „ლიკუდმა“ – 31 მანდატი, „ლურჯმა და თეთრმა“ – 33 მანდატი. შესაბამისად, ნეთანიაჰუს ბლოკმა პარლამენტში 55 ადგილი მოაგროვა, განცის ბლოკმა _ 54. უმრავლესობის დაკომპლექტება პარლამენტში კვლავ ვერ მოხერხდა, რადგან ამას 61 მანდატი სჭირდებოდა, ამიტომ ისევ განახლდა უშედეგო მოლაპარაკებები კოალიციური უმრავლესობის დაკომპლექტებაზე. 

მთელი ამ ხნის განმავლობაში, ისრაელის პრეზიდენტმა, რუვენ რივლინმა უმრავლესობის ფორმირების მცდელობის მიზნით, მთავრობის დაკომპლექტების მთავარი მანდატი ჯერ ნეთანიაჰუს გადასცა, როგორც „მეტი შანსის მქონეს“, ხოლო მეორე ჯერზე _ განცს. ნეთანიაჰუს მსგავსად, ამისთვის განცსაც 28 დღე ჰქონდა და ეს ვადაც უშედეგოდ ამოიწურა _ ისრაელს მმართველი უმრავლესობა ისევ არ ჰყავს. 

უკანასკნელი მოლაპარაკებების დროს, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ლიბერმანმა, 2019 წლის ბოლომდე, მესამე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოითხოვნა გააჟღერა _ წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი არც განცისა და არც ნეთანიაჰუს ბლოკების მხარდაჭერაზე არაა თანახმა, რაც ამ უკანასკნელთათვის გადამწყვეტია. 

სწორედ იმიტომ, რომ ქნესეთის 120 ადგილისთვის, მუდმივად, მინიმუმ 30 პარტია იბრძვის, მათგან პარლამენტში 10-მდე პარტია შედის და ამ ათიდან ორი, ან სამი, თითქმის იდენტური რაოდენობის მანდატებს აგროვებს, ერთმანეთთან მოლაპარაკების გარეშე კი 61-მანდატიანი უმრავლესობის დაკომპლექტება უჭირთ. ისრაელის მაგალითი საუკეთესოა, როგორც პროპორციული საარჩევნო სისტემის კრახი თანამედროვე მსოფლიოში. 

კახა ოქრიაშვილი

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში