Menu
RSS

„ოცნების“ კრიტიკული ნოემბერი

ძირს ლენინი ანუ რატომ არის გიორგობისთვე ქართული პოლიტიკისთვის საკრალური

დიდი ხანია, ვიცით, რომ ნოემბერი ქართული პოლიტიკისთვის საკრალური თვეა, თუმცა თუ ისტორიას გადავხედავთ, მივხვდებით, რომ გიორგობისთვე მხოლოდ ქართულ კი არა, მთელი რეგიონის პოლიტიკურ ელიტას ცუდად აქვს დაცდილი. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ვლადიმერ ილიას ძე ლენინმა, მეფე ნიკოლოზი, სწორედ 7 ნოემბერს ჩამოაგდო ტახტიდან. ჰოდა, მას შემდეგ, ნოემბერში პოლიტიკური პროცესები მუდამ დრამატულად ვითარდება ხოლმე. ამ „მეინსტრიმს“ ფეხს, ცხადია, საქართველოც უწყობს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2000-იანი წლებიდან მოყოლებული, ჩვენს ქვეყანაში ყველა, ან თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა, სწორედ ნოემბერში მოხდა.

დავიწყოთ 1988 წლის ნოემბრის აქციებით, როცა პარლამენტის წინ, პირველი მრავალპარტიული არჩევნების მოთხოვნით, ხალხმრავალი შიმშილობის აქცია გაიმართა და კომუნისტური ხელისუფლება იძულებული გახდა, დათმობაზე წასულიყო... ჩატარდა კიდეც _ 1990 წელს და ხელისუფლებაში „მრგვალი მაგიდა _ თავისუფალი საქართველო“ მოვიდა... და ნოემბრის შიმშილობით მოპოვებულმა საარჩევნო სისტემამ პოლიტიკურ მოუსავლეთში გაისტუმრა კომუნისტური რეჟიმი... 

„ვარდების რევოლუციამ“ მარიამის წილხვედრი ქვეყანა აბსოლუტურად განსხვავებული რეალობის წინაშე დააყენა. რა და როგორ მოხდა 16 წლის წინ, ანუ 2003 წლის 23 ნოემბერს? _ ამის თაობაზე ბევრი თქმულა და დაწერილა. შესაბამისად, დეტალებზე საუბარს აზრი არ აქვს, რადგან ყველას ყველაფერი ისედაც ახსოვს, მაგრამ აქ ერთი ნიუანსია საინტერესო. კერძოდ, შევარდნაძის მოქკავშირის მსგავსად, ნოემბერი ივანიშვილის „ოცნებისთვისაც“, შესაძლოა, პოლიტიკურ ეპიტაფიად იქცეს. ახლა, იმას არ ვამბობთ, რომ „ოცნება“ პოლიტიკური არენიდან საერთოდ გაქრება, მაგრამ თვალნათელია, რომ არსებულ პოლიტიკურ კრიზისს მმართველი გუნდი თავს დანაკარგების გარეშე ვერ დააღწევს. მართალია, „ოცნება“ არ იმჩნევს, მაგრამ ყველა, ვინც პოლიტიკურ იწილო-ბიწილოსა და არითმეტიკაში კარგად ერკვევა, ხვდება, რომ თამარ ჩუგოშვილის, სოფო ქაცარავასა და თამარ ხულორდავას წასვლა, გუნდისთვის სერიოზული დანაკარგია. ეს დანაკარგი კი ყველაზე ზუსტად, ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ შეაფასა, ყველამ, ვინც ინგლისური და კომპიუტერი იცოდა, „ოცნება“ დატოვაო. ინგლისური ენა შესაძლოა, „ოცნებაში“ დარჩენილებსაც „ეხერხებათ“, მაგრამ ამის მიუხედავად, ალბათ, გაჭირდება ისეთი დეპუტატის მოძებნა, რომელიც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს ანუ დეპუტატი კი მოიძებნება, ვისაც ამის ამბიცია ექნება, მაგრამ ეს კომიტეტი რიგითი არაა და შესაბამისად, დიდწილად მასზეა დამოკიდებული, თუ როგორი იმიჯი ექნება არათუ ქვეყანას, არამად, იგივე მმართველ გუნდს მსოფლიოსთან. ჰოდა, იმ ფონზე, როცა „ოცნების“ რეიტინგის დაცემას საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტებიც ადასტურებენ, ზემოხსენებული კომიტეტის თავმჯდომარის შერჩევა, მართლაც, ძალიან საპასუხისმგებლო იქნება. 

„ვერსიას“ კი კულუარებში ეუბნებიან, რომ ამ დილემის გადაჭრა „ოცნებას“ ძალიან გაუჭირდება, რადგან საგარეო პოლიტიკაზე ზერელე წარმოდგენა არც დაჩი ბერაიას აქვს და არც _ დიმიტრი ხუნდაძეს. რატომ ვახსენეთ ბერაია და ხუნდაძე? _ იმიტომ, რომ სწორედ ამ ადამიანებმა დაიწყეს ბუნტი, ბუნტი, რომელმაც ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისამდე მიიყვანა და ეს პოლიტიკური კრიზისი, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, დიდი ალბათობით, სახელმწიფოებრივ კრიზისშიც გადაიზრდება. 

ბერაია-ხუნდაძის გარდა, „ოცნების“ სხვა მაჟორიტარებიც აბუნტდნენ, მაგრამ იგივე ნინო წილოსანზე, ენზელ მკოიანისა თუ ირაკლი შიოლაშვილის პოლიტიკურ პერსონებად განხილვა, ცოტა არ იყოს, უხერხულია. 

დიდი პოლიტიკოსობით მაინცდამაინც არ დაჩი ბერაია გამოირჩევა, მაგრამ მას ერთი გამორჩეული თვისება მაინც აქვს _ ქართული მედიის მონაცემებით, ბერაია ათ ყველაზე სექსუალურ პარლამენტართა რიცხვშია. ამას გარდა, გაზაფხულზე ბერაიამ თავი იმითაც გამოიჩინა, რომ ოთარ კახიძეს საქმე გაურჩია _ მაშინ კონფლიქტის მიზეზი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატები გახდნენ და საქმე ლამის ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მივიდა. საქართველოს პარლამენტში მუშტი-კრივი არავის უკვირს და ისიც ვიცით, თუ კი ვინმემ ოდესმე საკანონმდებლო ორგანოში ხელ-ფეხი ერთხელ მაინც გაიქნია, ცნობადი გახდა. აქედან გამომდინარე, ბერაიაზეც შეიძლება ითქვას, რომ ოთარ კახიძესთან „ხიპიშით“, წარმატების გზას დაადგა. აი, არჩევნების პროპორციული სისტემის კანონპროექტის ჩაგდებით კი პატივცემულმა დაჩიმ „ხანმოკლე პოპულარობა“ აშკარად „ჩაიჯიბა“. 

რაც შეეხება ხუნდაძეს, თანამედროვე ლენინი ვერც მისგან დადგა, მაგრამ აი, მავრის ფუნქცია კი აშკარად შეასრულა. ჰოდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ხუნდაძეც, როგორც ყველა მავრი, საქმის გაკეთების შემდეგ, თამაშგარე მდგომარეობაში დარჩება. ყოველ შემთხვევაში, რაც უნდა მოხდეს, ექიმი ხუნდაძის პოლიტიკურ კარიერას დიდი დრო აღარ უწერია და აი, რატომ: „ოცნებამ“ ოპოზიციის მოთხოვნა რომ არც დააკმაყოფილოს ანუ ვადამდელი არჩევნები არ დანიშნოს, ძნელი წარმოსადგენია, რომ 2020-ში, ხუნდაძე ან რომელიმე ე.წ. ამბოხებული, ამჟამინდელი მმართველი პარტიის სახელით მაჟორიტარობის კანდიდატად ვიხილოთ. ამის თქმის საფუძველს კი ის კულუარული ხმა იძლევა, რომლის თანახმადაც, ბუნტის შემდეგ, ივანიშვილმა მაჟორიტარები სერიოზულად „გატისკა“. 

ზოგადად, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მაჟორიტარების ბუნტი ივანიშვილმა დაგეგმა, თუმცა ის მოსაზრებაც არსებობს, რომ მომხდარის შესახებ „ოცნების“ ლიდერმა პოსტფაქტუმ გაიგო და მცდელობა არ დააკლო, ამბოხებულები „ჭკუაზე მოეყვანა“, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ისე, თუ კარგად დავაკვირდებით, იმან, რაც ჯერ 14 და შემდეგ 18 ნოებერს მოხდა, ყველაზე დიდი დარტყმა სწორედ ივანიშვილს მიაყენა _ ალბათ, გახსოვთ, ზაფხულიდან მოყოლებული, მთელი „ოცნება“, შინ თუ გარეთ, ერთმანეთს ეჯიბრებდა იმის დემონსტრირებაში, აი, როგორი დემოკრატები ვართ, ქართული საზოგადოების მრავალწლიანი მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ და არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადავდივართო. პარალელურად, გაერო-ს ტრიბუნიდან ამ თემით, ბუნებრივია, მმართველი ძალის დავალებით, სალომე ზურაბიშვილმაც მოიწონა თავი. ჰოდა, ახლა რა გამოდის? _ „ოცნებამ“ მხოლოდ ადგილობრივი კი არა, საერთაშორისო საზოგადოებაც მოატყუა. ყველაფერი ეს კი, შესაძლოა, სანქციების საბაბი გახდეს, თან თუ საქმე აქამდე მივა, სანქციები, დიდი ალბათობით, მხოლოდ ქვეყანას კი არა, პირადად ივანიშვილსაც დაუწესდეს _ ცნობილია, რომ მას აქტივების უდიდესი ნაწილი, სწორედ დასავლეთში აქვს. 

ყველაფერ აქედან გამომდინარე, ცხადია, ჩნდება ლოგიკური კითხვა _ რატომ წავიდა ისედაც გამწვავებული ვითარების კიდევ უფრო გამწვავებაზე ხელისუფლება და რატომ გადაწყვიტა, რომ 18 ნოებერს ანუ ზუსტად მაშინ, როცა ყველა რჯულისა და ყაიდის პოლიტიკური ლიდერი დიპლომატებთან შეხვედრებს იწყებდა, რუსთაველზე სპეცრაზმი გამოეყვანა და აქციის მომიტინგეები, თუნდაც წყლის ჭავლის გამოყენებით დაეშალა? 

„ოცნების“ განმარტებაში, ხელისუფლება არალეგიტიმურად არ მოქცეულა და კანონი დაიცვაო, ლოგიკა, რა თქმა უნდა, არის ანუ სააკაშვილის მმართველობის დროს მიღებული კანონით, საჯარო დაწესებულებების ბლოკირება იკრძალება. ოპოზიციას კი სწორედ პარლამენტი ჰქონდა ბლოკირებული. ჰოდა, წესით, ხელისუფლებას კანონი არ დაურღვევია, მაგრამ ამის მიუხედავად, კარგი იქნებოდა, „ოცნებას“ პოლიტიკური დღის წესრიგი გაეთვალისწინებინა და ისეთაც დაძაბული ვითარება კიდევ არ დაეძაბა. 

ასე იყო თუ ისე, 18 ნოემბერს ის მოხდა, რაც მოხდა, მაგრამ მაინც, საინტერესოა, რისი მომსწრენი გავხდით _ მინი რევოლუციის თუ იმის, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციას მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის საშუალება არ მისცა? ამ კითხვას პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ დამფუძნებლის, ისნის დამოუკიდებელი მაჟორიტარის, დავით ჭიჭინაძის განცხადება პასუხობს ანუ ჭიჭინაძე პირდაპირ ამბობს, რომ ნაციონალებმა ოპოზიციის მოლაპარაკება დაარღვიეს და პროტესტის რევოლუციაში გადაზრდა დააპირეს. 

„მიუხედავად იმისა, რომ მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა გადაწყვიტა, ერთობლივად გამოეხატა პროტესტი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისევ მოახერხა ამ საერთო კონტექსტიდან ამოხტომა, მოლაპარაკებების პირობა დაარღვია და საკუთარი დაბადების დღის მოწყობა გადაწყვიტა. 

დღეს სიმშვიდე სჭირდება ქვეყანას. ზამთრის პირას არეულ-დარეულობა და კიდევ უფრო ჩამოქცეული ეკონომიკა, არ მგონია, რომ ადამიანებს ცხოვრებას უადვილებდეს. 

მე პროტესტს შევუერთდი, მაგრამ პირდაპირ გეტყვით: ამ უაზრო, ქუჩის დაუსრულებელ აქციას გამართლება არ აქვს. ნაციონალურმა მოძრაობამ ის შიდა მოლაპარაკებები, რაც არსებობდა, რომ ყოფილიყო საერთო პროტესტი, დაარღვია, მიუხედავად იმისა, რომ მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა გადაწყვიტა, ერთობლივად გამოეხატა პროტესტი. ვფიქრობ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ისევ მოახერხა ამ კონტექსტიდან ამოხტომა და საკუთარი დაბადების დღის მოწყობა გადაწყვიტა. ეს უკვე არ იყო საერთო ოპოზიციური პროტესტი, ეს იყო მათი პროტესტი. სამწუხაროა, რომ პროტესტის ჩამქრობი ისევ და ისევ გვევლინება ნაციონალური მოძრაობა. 

ვერ გაიგეს ამ ადამიანებმა, რომ მათ საზოგადოებაში მხარდაჭერა არ აქვთ და მათი მოსვლა გამორიცხულია! ისინი მითიური თარიღებით _ 23 ნოემბერი ახლოვდება და „მიშა მაგარიას“ დაკვრებით შეურაცხყოფას აყენებენ ყველა იქ მყოფ ადამიანს, ვისაც კავშირი არ აქვს ნაციონალურ მოძრაობასთან, ასევე, მთელ საზოგადოებას! 

პროტესტის გამოხატვის ფორმა არსებობს, მაგრამ არა _ რევოლუცია. ვფიქრობ, რევოლუცია და ნაციონალურო მოძრაობის გამარჯვება საზოგადოებას ნამდვილად არ უნდა. „ქართულ ოცნებას“ დასაყრდენი საზოგადოებაში, პრაქტიკულად, აღარ აქვს, მაგარამ ამით ვერასოდეს ისარგებლებს ნაციონალური მოძრაობა,“ _ აცხადებს ჭიჭინაძე. 

ასეა თუ ისე, ალბათ, დროა, ყველამ ანუ მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა _ მემარცხენემაც და მემარჯვენემაც ერთხმად დაგმოს პროლეტარიატის ბელადი და ნოემბრის ბუნტებზე ერთხელ და სამუდამოდ უარი თქვას, რადგან ნათელია, რომ ნოემბერში პოლიტიკოსები ოლიმპოს ვერ იპყრობენ, ან შეიძლება იპყრობენ, მაგრამ ოლიმპოდან ნოემბერშივე ვარდებიან ხოლმე და ამას 2007 წლის სისხლიანი 7 ნოემბერიც მოწმობს _ მართალია, სააკაშვილი ნოემბერში აღზევდა, მაგრამ მისი დაცემაც ნოემბერში, კერძოდ, 7 ნოემბრის შემდეგ დაწყო და პრეზიდენტის კარიერა როგორც დაამთავრა, ყველამ კარგად ვნახეთ. 

აი, როგორ დასრულდება „ოცნების“ ნოემბერის კრიზისი, ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ამ ეტაპზე პოლიტიკური ღმერთები უფრო ოპოზიციას სწყალობენ, რადგან პოლიტიკის დაუწერელი კანონია: ქვეყანაში მიმდინარე ყველა მოვლენაზე პასუხს ოპოზიცია კი არა, ხელისუფლება აგებს, თან ისიც სათქმელია, რომ „ოცნებას“ ნერვებმა უმტყუნა და კიდევ ერთი შეცდომა დაუშვა, შეცდომა, რომელიც წინ აუცილებლად დახვდება!

 

ნინო დოლიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში