Menu
RSS

რა გავლენას მოახდენს პოლიტიკური რყევები ქვეყნის ეკონომიკაზე

გიორგი ისაკაძე: „ნუ ელოდებით ინვესტიციებს!“

ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია. ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომლითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, ოპოზიციისა და საზოგადოებრივი აქტივისტების საპროტესტო აქციები მოჰყვა. მეტიც, იმის გამო, რომ უმრავლესობამ პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდო, მმართველი პარტიის ერთი ნაწილიც აღშფოთდა. შედეგად, საპარლამენტო უმრავლესობა მისმა რამდენიმე წარმომადგენელმა დატოვა. როგორ აისახება ქვეყანაში განვითარებული მოვლენები ეკონომიკასა და იმ საერთაშორისო პროექტებზე, რომლებიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს? _ ,,ვერსიას'' ჟურნალ ,,ფორბსის'' მთავარი რედაქტორი, გიორგი ისაკაძე ესაუბრა, რომელთან ინტერვიუც სწორედ ამ მთავარი კითხვით დავიწყეთ:

 

_ რომ არ მოგატყუოთ, ჯამში, ამ საერთაშორისო პროექტებს ვეღარც ვხედავ. რეალურად, თუ რამემ გამოიწვია ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის შემცირება, სწორედ ამ საერთაშორისო პროექტების დასრულება და მათი სრულფასოვნად ამოქმედებაა, ვგულისხმობ, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენსა და მრავალ სხვა პროექტს. მშპ-ს კლების ობიექტურ მიზეზებს შორის ერთ-ერთი, ცალსახად ესაა. მეორეა ის, რაც ისედაც ვიცოდით ანუ ის, რომ პირობითად, 2019 წლისთვის, ეს პროექტები დასრულდებოდა და მყისიერად აისახებოდა მშპ-ზე, რითი ჩავანაცვლეთ ეს პროექტები?! ამიტომ გადავდივარ თქვენი შეკითხვის მეორე ნაწილზე, სად არის ის საერთაშორისო პროექტები, რომლებიც შეიძლება ჩამნაცვლებელი ყოფილიყო ისეთი მეგა-პროექტების, რომლებსაც ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი?! 

არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ალბათ, ასეთი პროექტი შეიძლებოდა ყოფილიყო სხვადასხვა სარკინიგზო პროექცია, როგორიცაა ყარსი-ახალქალაქის პროექტი, რომელიც ახლა გაყინულია იმიტომ, რომ გაუგებარი სტატუსი აქვს და რუსეთი ხელებს საკმაოდ აქტიურად აფათურებს. ასეთივეა ანაკლიის პროექტიც, მაგრამ აქაც აბსოლუტურად გაუგებარი სტატუს-კვო გვაქვს. მეტიც, ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით, აშკარად ჩანს სუბიექტივიზმი და სრულიად გაუგებარი პოლიტიკური მოტივაცია, როდესაც პროექტის მთავარი სპონსორებისა და სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კონსორციუმის უკან მდგომი ბიზნესმენების ინკრიმინირება ვიხილეთ ანუ სრულიად დაუსაბუთებელ საკითხში _ ფულის გათეთრებაში დასდეს ბრალი. გამოვიდა, რომ ერთი მხრივ, სახელმწიფო დარჩა მომთხოვნის რეჟიმში _ ანაკლიისთვის მოიზიდეთ 2 მილიარდ დოლარზე მეტი მაშინ, როდესაც საწყის ეტაპს მხოლოდ და მხოლოდ 400 მილიონზე მეტი არ სჭირდება და, მეორე მხრივ, იგივე ხალხს, ოღონდ სხვა სტრუქტურების საშუალებით, ეუბნება, ცუდი ბიჭები ხართ, ფულის გათეთრებით იყავით დაკავებულნი 11 წლის წინო! 

ამდენად, საერთაშორისო პროექტებსა და ისეთ თემებს, რომლითაც საერთაშორისო რუკაზე უნდა ვიყოთ და საკმაოდ სერიოზულად განვიხილებოდეთ ბიზნესისა და ეკონომიკის თვალსაზრისით, სამწუხაროდ, ვერ ვხედავ. სჭირდება თუ არა ამას შესაბამისი განწყობები ანუ პირდაპირ აისახება თუ არა არსებული პოლიტიკური ვითარება ეკონომიკისა და ბიზნესის განწყობებზე? _ გპასუხობთ, რომ დიახ, აისახება, რადგან ყველა შემთხვევაში, პოლიტიკური კრიზისის ერთ-ერთი მდგენელი ყოველთვის იყო, არის და ნებისმიერ ფორმაციაში იქნება დამოკიდებულებები და ურთიერთობები, რაც საბოლოო ჯამში, განსაზღვრავს ნდობას. ანაკლიის პროექტიდან გამომდინარე, მხოლოდ და მხოლოდ ერთი ეპიზოდი ვახსენე, მაგრამ მაშინ, როდესაც გადაწყვეტილების მიმღებთან დაკავშირებით ნდობა და პატივისცემა არ არსებობს, მისი საპირისპირო, ყველაზე მძიმე ურთიერთობა ყალიბდება, რაც ბიზნესზეც ისახება და ესაა უნდობლობა, ასევე, უნდობლობიდან წამოსული კითხვის ნიშნები მოჭარბებული რეგულაციებისა და ბიუროკრატიის ფონზე, რასაც პრემიერ-მინისტრი ბიუროკრატიულ საცობებს უწოდებს. ფაქტობრივად, სახელმწიფოსგან, უკვე პრემიერ-მინისტრის დონეზეც, მრავალი ბიუროკრატიული საცობია აღიარებული, ხოლო პრემიერ-მინისტრი, ახალი ბიზნესომბუდსმენის სახელით გვპირდება, რომ მზადაა, ეს საკითხები ონლაინ-რეჟიმში გადაწყვიტოს. ბიუროკრატიული საცობი თავისით არ იქმნება, ამ საცობს ადამიანები ქმნიან, რომლებიც კონკრეტულ თემებსა და მიმართულებებზე აგებენ პასუხს ისევე, როგორც სრული მითია, რომ კონკრეტული ადამიანების ჩარევის გარეშე, მონოპოლია შეიქმნას! თავშიც და ბოლოშიც, ყველგან, ნებისმიერი კეთილი, კარგი, წარმატებული თუ ჩავარდნილი გადაწყვეტილების უკან ადამიანი დგას. შესაბამისად, თქვენი კითხვის მთავარ ფაქტორამდეც მივედით _ რეალურად, პოლიტიკური კრიზისი წარმოიქმნა სწორედ ამ დამახინჯებული ურთიერთობების გამო, როგორც პოლიტიკურ კლასს შორის, ასევე, პოლიტიკოსებს შორის. მეტიც, პოლიტიკოსებსა და ბიზნესს შორის არსებული მახინჯი ურთიერთობის გამოც კი, როდესაც ბიზნესი მხოლოდ დაფინანსების წყაროა, სახელმწიფოსთვის _ ბიუჯეტის შემავსებელი, ხოლო პოლიტიკოსებისთვის _ მათი შესაძლო დამფინანსებელი! ამიტომაც მივედით იქამდე, სადამდეც მივედით. 

ამასობაში, უმთავრესი გამოგვრჩა _ ბიზნესმა რომ ძალიან მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყანაში მეტი ფული გაკეთოს, ამაზე არავინ ზრუნავს, რადგან ამისთვის საჭიროა მეტი გახსნილობა, მეტი საინვესტიციო მიმზიდველობა და მეტი ავტორიტეტი. ავტორიტეტისთვის ანუ საერთაშორისო რეიტინგებში ჩვენ ,,არა უშავს რა'' პოზიცია გვაქვს, თუმცა ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რათა ელიტური ადგილები შევინარჩუნოთ ამ რეტინგებში. უკაცრავად, მაგრამ ბოლო წლებია, არაფერს ვაკეთებთ საიმისოდ, რომ რეიტინგებში ჩვენი პოზიციები გავზარდოთ, ან უფრო მეტიც, შევინარჩუნოთ, თუ არ ჩავთვლით იუსტიციის სამინისტროს რამდენიმე აქტიურ მიმართულებას ამ მხრივ, ვგულისხმობ, გაკოტრების შესახებ კანონს, ასევე ელექტრონულ მმართველობას. შესაბამისად, ბიზნესი ვერ იღებს იმ დადებით იმპულსებს, რომ სახელმწიფო ვითარდება გამჭვირვალე გზით, გამჭვირვალეობაში ვგულისხმობ პროგნოზირებადობას. მესმის, ძალიან დევალვირებულია სიტყვა _ ,,პროგნოზირებადი გარემო'', მაგრამ რა ვუყოთ, თუ ბიზნესს არ აქვს იმის განცდა, რომ ქვეყანას, რომელიც ბოლო წლებია მიდის რეგულაციებისა და ბიუროკრატიული საცობების შექმნის გზით, არანაირი ნათელი და გამოხატული ხედვა არ აქვს! ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ბიზნესიც მოლოდინის რეჟიმში გადავა და საბოლოოდ, ეს გამოიწვევს იმას, რაც მივიღეთ _ ესაა დაპაუზებული, არასრული ეკონომიკური ზრდა, მოლოდინის რეჟიმში მყოფი ბიზნესი და ყოველდღიური რუტინის მინელებულ რეჟიმში მყოფი სახელმწიფო ბიუროკრატია, რომელიც ფაქტობრივად, ახალს არაფერს ქმნის! სწორედ ამ რთული პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის მაყურებლის როლში გადავიდა ყველა და ამას უყურებენ ყველგან _ ვიღაცები აქციაზე მისვლით, დანარჩენები _ ინტერნეტით, სხვა ნაწილი _ ტელევიზიებით, ყველა რაღაცის მაყურებელია. საბოლოოდ, ისინი იმ ინერციული განვითარების მაყურებლები არიან, რომელსაც აუცილებლად აქვს ბოლო, რადგან ინერციული განვითარება არასდროს იძლევა რაიმე პოზიტიურ ინდიკაციას, ის აუცილებლად, სადღაც მთავრდება. 

_ გიორგი, ვინაიდან პოლიტიკური კრიზისის ეკონომიკურ მდგენელებზე ვსაუბრობთ, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც უკვე ახსენეთ, დეტალურად განვიხილოთ. ბიუროკრატიული საცობით დავიწყოთ: ერთი მხრივ, ამ 7 წლის მანძილზე, ხელისუფლება ხაზგასმით გვეუბნება, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს ხელს უწყობს, მაგრამ მეორე მხრივ, იღებს რეგულაციებს, რითაც წნეხში აქცევს არა მარტო მცირე და საშუალო, არამედ მსხვილ ბიზნესსაც, ფაქტობრივად, განვითარებაში უშლის ხელს და აქ საბანკო რეგულაციებსაც ვგულისხმობ. რა არის ეს ბიუროკრატიული საცობი, ხელისუფლების ორმაგი სტანდარტი? 

_ მგონია, რომ საქმე გვაქვს არათანმიმდევრულობასთან. მაინც ვერ გავიგე, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშესაწყობად რითი დავეხმარეთ ადამიანებს, რომლებსაც გადაწყვეტილებების მიმღებთან ანუ მთავრობასა და პარლამენტთან ურთიერთობისთვის, არც შესაბამისი ფინანსური განათლება აქვთ და არც _ ადამიანური რესურსი? ვერ ვხედავ რაიმე ხელშესახებ მექანიზმებს, რომლებითაც მცირე და საშუალო ბიზნესს ყოფა შეუმსუბუქდა. მეტიც, მცირე და საშუალო ბიზნესს, რომელსაც ერთადერთი ამბიცია აქვს, რაც ჯანსაღი ამბიცია და დანიშნულებაა, რათა პერსპექტივაში, მსხვილ ბიზნესად იქცეს, პირიქით, განვითარების საშუალებას არ ვაძლევთ, თანაც მსხვილ ბიზნესთან ერთად! ეს იმიტომ, რომ ბიზნესი ვერ იღებს სწრაფ პასუხს სამშენებლო პროექტებთან დაკავშირებით, ვერ იღებს ნებართვებს სწრაფად სხვადასხვა ლიცენზიასთან დაკავშირებით, არ აქვთ არანაირი განცდა იმიტომ, რომ მეორე მხრივ, სახელმწიფოს არ აქვს ხედვა! როდესაც გინდა რაღაცის აშენება და აქ მაგალითისთვის წარმოვიდგინოთ გორი, ან ქუთაისი, არაა აუცილებელი, ეს მშენებლობა თბილისში იყოს, ბიზნესმა არ იცის, რომ 100 ათასის, ან მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელების შემთხვევაში, რეალურად ჯდება თუ არა სახელმწიფოს კონკრეტულ ხედვაში, ან კვლევაში ანუ ვგულისხმობ თამაშის წესებს, რაც არ გვაქვს! ამიტომ, ამ შემთხვევაში, ვერ დავაშორიშორებდი მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს. შესაძლოა, მცირე და საშუალო ბიზნესი უფრო მეტად იმიტომ მტკივა, რომ მათ გაცილებით მეტი გამოწვევა აქვთ, ვიდრე _ მრავალმილიონიან ბიზნესებს. საბოლოოდ, ვისზე ვსაუბრობთ ე.წ. მსხვილ ბიზნესთან დაკავშირებით? როგორც ,,ფორბსის'' მთავარი რედაქტორი, გეტყვით, რომ ჯამში, საუბარია 100- დან 150 კომპანიაზე და ესაა ჩვენი პრობლემა. რეალურად, ესენი არიან ის კომპანიები, რომლებსაც ინაწილებენ ბანკები, იურიდიული და აუდიტორული კომპანიები, ნოტარიუსები, დალაქები... ჩვენი პრობლემა ისაა, რომ 150 კომპანიის ნაცვლად, 300, 400 და 450 კომპანია უნდა გვქონდეს, მეტი მდიდარი ადამიანითა და არა ცალკეული გამონათებებით, რისთვისაც ჩემი მოსაზრებით, ვერანაირი წინაპირობა ვერ შევქმენით. მეტიც, ვერ შევქმენით მოტივაცია, რომ ეს კომპანიები გაიზარდონ... 

_ იმას გულისხმობთ, რომ განვითარების საშუალებას არ ვაძლევთ? 

_ დიახ, განვითარების მეტი საშუალება არ მივეცით იმიტომ, რომ ეს ადამიანები არაფერს არ ითხოვენ განსაკუთრებულსა და იმაზე მეტს, ვიდრე ფინანსურ რესურსებზე წვდომაა. თუ შენ ფინანსურ რესურსებზე წვდომას არ უშლი, მაგრამ მეორე მხრივ, რაღაცებს ზღუდავ, იგივე საბანკო რეგულაციებით, გამოდის, რომ ხელს უშლი! ათასჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გეტყვით, ეროვნული ბანკის რეგულაციებთან დაკავშირებით შემდეგი დამოკიდებულება მაქვს: ცალსახად, მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით, ეს იყო მნიშვნელოვანი, ფინანსურად პასუხისმგებლიანი დაკრედიტების თემაც მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ თუ ცალსახად მხარს ვუჭერ ეროვნულ ბანკს რეზერვების შევსების ნაწილში, აქ მიჭირს ბოლომდე მხარდაჭერა, რადგან მიმაჩნია, რომ ერთგვარად, მაინც გადააჭარბეს ზღავრს, რაოდენობებს, მოცულობებს, უფრო მეტად მოუჭირეს იმ თემებს, რაშიც შეიძლებოდა მეტი თავისუფლება ყოფილიყო. მესმის მათი დამოკიდებულებაც, რომ შესაძლოა, ბანკები და საფინანსო სტრუქტურები გადიოდნენ ე.წ. ზეჭარბ მოგებაზე, მაგრამ აქაც გაორებული დამოკიდებულება მაქვს, რადგან მინდა, ქვეყანაში ალტერნატიული ფულის წყაროებიც არსებობდეს ანუ კაპიტალის ბაზარიც უნდა ვითარდებოდეს, რათა მცირე და საშუალო ბიზნესმა მხოლოდ ბანკებიდან, ან მევახშეებისგან არ მოიზიდონ თანხები! სამწუხაროდ, დღეს, ეს მესამე, რეალისტური წყარო არ არსებობს და ამ მიმართულებით, ხელისუფლების გადადგმულ ნაბიჯებსაც ვერ ვხედავ. მესამე ათეული წელი დაიწყო, რაც საფონდო ბირჟის განვითარებაზე ვსაუბრობთ, რომელიც საკუთარი, რამდენიმე ათეული კომპანიის სტატისტადაა ქცეული და რეალურად, ამ მხრივ, არაფერი ვითარდება. შევქმენით საპენსიო ფონდი, რომელმაც საბოლოოდ, საკმაო ოდენობის თანხას _ თითქმის 100 მილიონამდე მოუყარა თავი, მაგრამ სად მიდის ყველაფერი ეს, ან როგორ უნდა განვითარდეს საპენსიო ფონდი, არ ვიცით! ახლა იმ რეგულაციების ნაწილი ჩამოვთვალე მხოლოდ, რაც თქვენი კითხვიდან მომდინარეობდა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველაფერი ეს ერთმანეთზე გადაბმულია _ როცა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პირობებში, გამკაცრებული ნორმატივების გამო, უნდა გასცე სესხი, რათა პირობითად, ახალი უთო შეიძინოს მსესხებელმა, უნდა ვიცოდეთ, რომ მთლიან პოლიფონიაში, რაღაცა აქტივობას ერთი პატარა აკორდი უკვე მოაკლდა! ვიმეორებ, ყველა შემთხვევაში, გარკვეული თემები იყო გასატარებელი ისევე, როგორც დოლარიზაციის მაღალი ხარისხი, რაც ცალსახად პრობლემურია ჩვენი ეკონომიკისთვის, მაგრამ მგონია, რომ დოზაში გადავაჭარბეთ. 

_ როდესაც ხელისუფლებისა და ბიზნესის დამოკიდებულებაზე, მით უფრო, მათ შორის არსებულ კრიზისზე ვსაუბრობთ, ეს ანაკლიის პროექტის კონტექსტში უნდა განვიხილოთ. საბოლოოდ, მივიღეთ ის, რომ ორი ძალიან წარმატებული, მაგრამ ხელისუფლებაზე გაბრაზებული ბანკირი _ მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე, ბადრი ჯაფარიძე ბიზნესიდან პოლიტიკაში გადაბარგდა, თანაც ოპოზიციის ფლანგზე... 

_ მაინც მგონია, რომ ანაკლიის პროექტი არ გვაქვს და თუ იმ დათქმებიდან გამომდინარე არ გვაქვს, რაც ნელ-ნელა ამოდიოდა ზედაპირზე, უკაცრავად, მაგრამ ეს პირველ რიგში, ისევ სახელმწიფოს პრობლემაა, რომელსაც დისკრეციული თანამესაკუთრეობა აქვს ამ პროექტში! ეს სახელმწიფოს გამოცხადებული ტენდერი იყო, მისი დადგენილი თამაშის წესებით და თუ გზაში რაღაცები იცვლებოდა, კეთილი ენებათ და ეთქვათ! საბოლოოდ, ცალსახად სუბიექტური დამოკიდებულება მივიღეთ ორი წარმატებული ბიზნესმენის მიმართ, რომელთა პორტფოლიოში ძალიან ბევრი წარმატებული ინსტიტუციაა, რომლებიც მართლაც, ჩვენს თვალწინ ამოიქოქა და ამ ძალიან მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყანაში მილიარდიანი ინდუსტრიები შექმნა! რეალურად, დღეს გვყვანან კედელთან მიყენებული ადამიანები, რომლებსაც არ დაუტოვეს სხვა გზა, იმის გარდა, რომ საკუთარი ხედვებიდან და დამოკიდებულებიდან გამომდინარე, შეძლონ და სისტემური ცვლილებები გაატარონ ქვეყანაში. მე და თქვენ, როგორც ბიზნეს-ეკონომიკის ჟურნალისტებმა, დავკარგეთ ძალიან მაგარი რესპოდენტები, ბიზნესმა დაკარგა ფასდაუდებლად მნიშვნელოვანი მოთამაშეები, რომლებიც გარკვეულ სტანდარტებს ქმნიდნენ და პოლიტიკაში მივიღეთ ახალი სახეები, რაზეც ასევე, იყო მოთხოვნა. ვადასტურებ, რომ ჯერჯერობით ამ ყველაფრით მოგებული არავინაა, ქვეყანამ აშკარად წააგო, ყველაზე მეტად წააგო მთელი ამ პროცესითა და იმით, რომ ანაკლიაში არ მიდის არავითარი სამშენებლო სამუშაოები ამ გაუთავებელი ქიშპობის გამო. შედარებით გრძელვადიან პერსპექტივაში, რამდენად დარჩება მოგებული ქვეყანა ,,ლელოს'' დაფუძნებითა და ახალი გუნდით, ამას 2020 წლის არჩევნები გვიჩვენებს. 

_ უკაცრავად, მაგრამ ამ სიტუაციაში სად ჩანს, რომ ანაკლია სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი პროექტია? 

_ არ ვამბობ, რომ სახელმწიფოსთვის უმნიშვნელო პროექტია, მაგრამ ორ მაგალითს მოვიყვან: თუ სახელმწიფო, როგორც დღეს ბრძანებს, გარკვეულ პრეფერენციებს აკეთებდა ანაკლიასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ, ამიხსნათ, რატომ არ იყო ეს პრეფერენციები ცნობილი საზოგადოებისთვის? მეორე კითხვაც მაქვს: გამაგებინეთ, რომელ სახელმძღვანელოში ამოიკითხეს, რომ ანაკლიის მესვეურებს, ერთი და იგივე პირებს, შეიძლება დაავალო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინვესტიციების მოზიდვა და იმავე მთავრობამ ინკრიმინირება გაუკეთოს ერთ-ერთ, ყველაზე მძიმე დანაშაულში, რაც კი ბიზნესის ისტორიაში არსებობს, ვგულისხმობ ფულის გათეთრებას! თუ აქ ვინმე ლოგიკას დამანახებს, მზად ვარ, ყველანაირ კითხვას გავცე პასუხი. სახელმწიფოს იმ თანმიმდევრულობას, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ კონკრეტული ბიზნეს-ჯგუფის მიმართ ვნახე, თავისი წილი უარყოფითი გავლენა მოჰყვა საინვესტიციო გარემოზე, რომელიც დღეს გაუარესებულია. როდესაც შენს საკუთარ, თან წარმატებულსა და ამავდროულად, საერთაშორისო ბიზნესის წარმომადგენლებს ასე ექცევი, ცხადია, ეს პოლიტიკურ კლიმატზეც აისახება. 

_ ფაქტია, რომ ერთი მუჭა მაჟორიტარების ზეწოლის შედეგად, ჩავარდა კანონპროექტი, რის გამოც ხალხი ქუჩაში გავიდა. ეს მაჟორიტარები ჩვენ ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის დროს გავიცანით, მერე ისინი ,,მემკვიდრეობით'' სააკაშვილის ხელისუფლებას ერგო, ახლა კი _ ,,ქართულ ოცნებას''... სამწუხაროდ, სწორედ ეს მაჟორიტარები არიან ნებისმიერი მმართველი პარტიის ,,მეწველი ძროხები'', რომლებმაც პოლიტიკური კრიზისი შექმნეს, არ მეთანხმებით? 

_ პირველ რიგში, ყველა მაჟორიტარი, რომელიც ახლა პარლამენტშია, მდიდარი არაა, მხოლოდ მათი ნაწილია მდიდარი, მეორეც, არასდროს, არცერთი მთავრობა მათთან ვალში არ დარჩენილა. მათი ნებისმიერი კონტრიბუცია არჩევნებში, მათ შორის, ფინანსური თუ სხვა ტიპის, არჩევნების შემდეგ, ყოველთვის დაბრუნებულა სხვადასხვა ტენდერით, უფრო მეტი შემოსავლითა და ბარაქით. მესამე, შეიძლება, გაცილებით მეტად გავუგო იმ გულწრფელ მაჟორიტარებს, თუ არ ვცდები, სულ ოთხ კაცს, რომლებიც თავიდანვე არ უჭერდნენ მხარს პროპორციულ სისტემას, ვიდრე იმ ოთხ ათეულზე მეტ დეპუტატს, რომლებმაც ჯერ მხარი დაუჭირეს, შემდეგ საჯაროდ დააფიქსირეს ეს და ბოლოს, ,,ქართული ოცნების'' ხელმძღვანელებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს იმ პოლიტიკურ ფარსში, რის გამოც 2020 წელს, პროპორციული არჩევნები არ გვექნება. საუბარი ერთი, მნიშვნელოვანი თემით დავიწყეთ და სწორედ, ამით მინდა დავასრულო _ ესაა ,,ბიზნეს-ქონფიდენსი'' ანუ ნდობა ბიზნესში. როდესაც ასეთ მაგალითებზე ვსაუბრობთ, როცა არსებობდა არა მხოლოდ ვიწროპარტიული, არამედ ფართო, საზოგადოებრივი კონსენსუსი, რომ პროპორციული არჩევნები იყო გამოსავალი, რათა განემუხტა სიტუაცია და ქვეყანა წინ წასულიყო, მაგრამ ასე ურცხვად, ორკესტრირებული ,,შაპიტოთი'' ცვლი პოზიციას, ცხადია, გაცილებით მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოგვიწევს. ერთადერთი სურვილი მაქვს, რომ ამას არ გადაჰყვეს და კიდევ უფრო მეტად არ დაზიანდეს ქვეყანა, თორემ ის, რომ ესეც ერთ-ერთი მდგენელია იმ უნდობლობისა, რომელიც შემდგომ, მთელი სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ ნდობას ანგრევს, ამას თქმა რად უნდა, ეს ხომ ორჯერ ორი ოთხივითაა! 

რეალურად, როდესაც ასეთ დონეზე არ ვასრულებთ პირობებს, ხომ წარმოგიდგენიათ, სადამდე შეიძლება წავიდეს ყველაფერი ეს? შესაბამისად, ნუ ელოდებით ინვესტიციებს იქ, სადაც უნდობლობაა და დავრჩეთ მხოლოდ ადგილობრივი ინვესტორების ამარა, როგორც ამას ეკონომიკის სამინისტრო გვაუწყებს ხოლმე _ რა მოხდა, თუ საერთაშორისო ინვესტიციები შემცირდა, აგერ, ადგილობრივი ინვესტიციები გაიზარდაო, რაც ჩვეულებრივი ტყუილია. უცხოური ინვესტიციები მხოლოდ თანხებისთვის კი არ გვჭირდება, უცხოურ ინვესტიციებს მოაქვს ცოდნა, გამოცდილება და ახალი ტექნოლოგიები.

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში