Menu
RSS

რა დროს ინიშნება ვადამდელი და რას ნიშნავს არჩევნების „გერმანული მოდელი“

მამუკა კაციტაძის პასუხები ხალხის კითხვებზე

 

ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ გამწვავდა, რაც მმართველმა ძალამ პარლამენტში პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. არადა, საარჩევნო სისტემის შეცვლის პირობა საზოგადოებას რამდენიმე თვის წინ, კერძოდ, 20-21 ივნიის მოვლენების შემდეგ, თავად ბიძინა ივანიშვილმა მისცა, თუმცა პირობა პირობად დარჩა და პარლამენტში ვერ მოგროვდა საკმარისი 113 ხმა, რათა ეს საკონსტიტუციო ცვლილება განხორციელებულიყო. ამ გადაწყვეტილებამ ძვრები ხელისუფლებაშიც გამოწვია _ საპარლამენტო უმრავლესობა 15-მდე დეპუტატმა პროტესტის ნიშნად დატოვა, ოპოზიციამ და საზოგადოების ნაწილმა კი პარლამენტთან რიგგარეშე არჩევნების პროპორციული, კერძოდ, გერმანული მოდელით ჩატარების მოთხოვნით, აქციები დაიწყო. 

რას ნიშნავს საარჩევნო სისტემის გერმანული მოდელი; რა პროცედურებია საჭირო ვადამდელი არჩევნების დასანიშნად და როდის შეიძლება, რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს? _ „ვერსია“ ახალი მემარჯვენეების ლიდერ მამუკა კაციტაძეს ესაუბრა, რომელიც ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელობა არ აქვს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, თუკი საარჩევნო სისტემა არ შეიცვლება:

„აქედან გამომდინარე, პირველ ნომრად რიგგარეშე არჩევნების დაყენება არ არის სწორი. ეს ვთქვი ოპოზიციური ერთობის დროსაც და იმის მერე გამოიყენება ტერმინი _ „პროპორციული რიგგარეშე არჩევნები“, რაც რიგგარეშე არჩევნების პროპორციულის წინსწრებით შესაძლო განხილვას ნიშნავს. ხაზგასმით ვამბობ, თუ ასე არ იქნა, ხელისუფლებამ ჩასჭიდა ხელი მხოლოდ რიგგარეშეს და დააიგნორა პროპორციული, ეს აბსოლუტურად მიუღებელი იქნება სრულიად ოპოზიციური სპექტრისთვის. მინდა, ყველამ დაიმახსოვროს ოპოზიციის მოთხოვნა, რომ რიგგარეშე არჩევნები უაზრობაა პროპორციული მოდიფიკაციის გარეშე“. 

მამუკა კაციტაძე, ასევე, დეტალურად ხსნის, რას ნიშნავს გერმანული მოდელი ანუ ის, რასაც ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების აუცილებელ პირობად მიიჩნევს: „კონსტიტუციის შესაბამის მუხლში წერია, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის, საქართველოს პარლამენტი ირჩევა 150 დეპუტატით. აქედან 77-ს პროპორციული, 73-ს კი მაჟორიტარული სიით იღებს ის პოლიტიკური პარტია, ან ბლოკი, რომელმაც გადალახა 3%-იანი ბარიერი. ასევე, წერია, რომ არჩევნებში მონაწილეობის წესსა და პირობებს, მანდატების განაწილების წესს ადგენს საარჩევნო კოდექსი. ვინაიდან უცებ აღმოცენდა 40 „დამოუკიდებელი“ მაჟორიტარი და ვერ მოაგროვა „ქართულმა ოცნებამ“ საკმარისი ხმები, მიუხედავად ოპოზიციის სრული დახმარებისა, ამიტომ საკონსტიტუციო შეცვლის ილუზია ოპოზიციას აღარ აქვს და არც იმის ილუზია აქვს, რომ ეს მხოლოდ ამ 40 დეპუტატის ბრალი იყო. პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იყო მიღებული ივანიშვილის მიერ. შესაბამისად, ოპოზიცია სთავაზობს ხელისუფებას, რომ ავირჩიოთ 73 მაჟორიტარი ჩვეულებრივად, როგორც გვაქვს დადგენილი და როგორც კონსტიტუციის შესაბამის მუხლშია მითითებული, დანარჩენი 77 კი გადავანაწილოთ 3%-იან ბარიერგადალახულ პარტიებზე ისე, როგორც კონსტიტუციაშია მითითებული, ოღონდ როცა დავიწყებთ პარტიებისთვის მანდატების განსაზღვრას მიღებული ხმების მიხედვით და დავთვლით, რომელ პარტიას რამდენი მანდატი ეკუთვნის, ამ პროპორციულად განაწილებული მანდატების შევსება დავიწყოთ მაჟორიტარებით ანუ პარტიამ, პირობითად, თუ მიიღო 30%, რომლითაც 150-დან ეკუთვნის 45 მანდატი და გაიყვანა 20 მაჟორიტარი, იმ 45-დან ჯერ შეივსება 20 მაჟორიტარით და შემდეგ პროპორციული სიიდან დავამატოთ 25. ჯამში, გამოვა 45 მანდატი ანუ მიიღებს პროცენტულად იმდენივე მანდატს, ამომრჩევლების რამდენმა პროცენტმაც დაუჭირა მხარი და ეს იქნება სამართლიანი და საქართველოს პარლამენტში აისახება საზოგადოების განწყობის ზუსტი ლანდშაფტი, ვინ რას ფიქრობს 3%-გადალახულ პარტიებზე. 

აი, ეს არის გერმანული მოდელი და ამას არ სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილება. 113 კი არა, 76 ხმა სჭირდება ანუ კონსტიტუციას ხელს არ ვახლებთ, კონსტიტუციურ ჩანაწერს _ „73 მაჟორიტარი, 77 პროპოციული“, სრულად ვახორციელებთ. 

კონსტიტუციაში, ასევე, წერია, რომ არჩევნებში მონაწილეობის წესსა და პირობებს, მანდატების განაწილების წესს ადგენს საარჩევნო კოდექსი, აქედან გამომდინარე, არანაირი წინააღმდეგობა არ ხდება კონსტიტუიცასთან, დაკმაყოფილებულია ოქრიაშვილ-ხუნდაძის რევოლუციონერთა ბრიგადა, დაკმაყოფილებულია პოლიტიკური ოპოზიცია და „ქართული ოცნების“ გაწბილებული, იმედგაცრუებული ნაწილიც ივანიშვილის თამადობით და 2020 წლისთვის, ვიღებთ კომპრომისულ, შეჯერებულ, შეიძლება ცოტა უარესს, ვიდრე მთლიანად პროპორციულია, მაგრამ მაინც კონსენსუსზე დაფუძნებულ მოცემულობას. 

აბსოლუტური უვიცობა, ან დემაგოგიაა კობახიძის, ვოლსკის, „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლების განცხადებები, რომ ჩვენი შეთავაზება არ შეესაბამება კონსტიტუციას. ეს არის ფარსი, დემაგოგია, ან უვიცობა. მე და ოპოზიციის ბევრ წარმომადგენელს შეგვიძლია, ყველაფრი ეს ცხადად და ნათლად, კონსტიტუციონალისტების, საერთაშორისო საზოგადოებისა და მედიის თვალწინ დავუღეჭოთ და როგორც ულუფა, ისე მივართვათ კონსტიტუციურად“. 

მამუკა კაციტაძის განმარტებით, საარჩევნო კოდექსში აღნიშნული ცვლილების განხორციელებას პოლიტიური ნების პირობებში, დაახლოებით, 3 კვირა სჭირდება ანუ 2019 წლის ბოლოს, შეიძლება, ყველაფერი ეს კანონში აისახოს. 

რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნების პროცედურულ საკითხს, მამუკა კაციტაძე ასეთ განმარტებას აკეთებს: 

„აშკარაა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისული მომენტები გახშირდა არა მხოლოდ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, არამედ, თავად ხელისუფლებაში. კვირაში ხან 5, ხან 20 დეპუტატი აკლდება და „შაგრენის ტყავივით“ მცირდება ჩვენი „ძლევამოსილი“ ხელისუფლება. მოქმედ კონსტიტუციაში, რიგგარეშე არჩევნების ერთი გზა არსებობს, ეს არის პარლამენტის დამოკიდებულება მთავრობისადმი. მთავრობას შეუძლია, დააყენოს საკუთარი თავისადმი ნდობის საკითხი პარლამენტში. შეიძლება, იგივე საკითხი დააყენოს პარლამენტმა დამოუკდებლად და თუ ვერ იქნა მოხვეჭილი ნდობა, შემდეგ ერთკვირიანი ვადა აქვს პარლამენტს, წარმოადგინოს ალტერნატივა ანუ მთავრობის სხვა შემადგენლობა და თუ ეს არ გააკეთა პარლამენტმა, შემდეგ, მაქსიმუმ, 2 კვირის განმავლობაში, საქართველოს პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები. 

რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა პრეზიდენტს შეუძლია უნდობლობის გამოცხადებიდან, არაუადრეს 45 დღისა და არაუგვიანეს 60 დღისა ანუ დაახლოებით, 3-კვირიანი პროცედურაა პარლამენტში ნდობის გამოცხადებასთან დაკავშირებით და შემდეგ, დაახლოებით, 45-60 დღიანი ლუფტი აქვს პრეზიდენტს. 

ყველაფერი ეს, ჯამურად რომ ავიღოთ, მინიმუმ, 65 დღე და მაქსიმუმ 80 დღეა _ კრიზისის დაფიქსირებიდან არჩევნების დღემდე. ძალიან უხეშად რომ ვთქვათ, ყველაზე ადრე, თებერვალში შეიძლება გაიმართოს რიგგარეშე არჩევნები, თუ ხვალ გამოცხადდება კრიზისი“. 

კაციტაძე აღნიშნავს, რომ რიგგარეშე არჩევნები პრიორიტეტული არ არის, მით უმეტეს, 2020 ისედაც საარჩევნო წელია და 7 თვით აქეთ იქნება, თუ არა, ეს ამინდს დიდად არ შეცვლის: 

„პრიორიტეტულია ცვლილება საარჩევნო სისტემაში, ჩემს მიერ აღწერილი მოდელის შესაბამისად. იმასაც ავხსნი, თუ რატომაა მნიშვნელოვანი ოპოზიციისთვის საარჩევნო სისტემის შეცვლა: დღეს მოქმედ პარლამენტში, შევიდა ხელისუფლება 48%-იანი მხარდაჭერით და მანდატების 76% მიიღო მაჟორიტარების ხარჯზე ანუ 28% პარლამენტართა მანდატებისა მოიპარა, მიისაკუთრა და ყველაფერი ეს, ამ მახინჯმა სისტემამ გააკეთა. კონსტიტუიაში დიდი ასოებით ვწერთ, რომ ხელისუფების წყარო ხალხია, მაგრამ ხალხის ნება გაქრა, ხალხმა თქვა, მე 48%-ით ვენდობი „ოცნებასო“ და „ოცნებამ“ მოიპარა ეს მანდატები, ჯიბეში ჩაიდო და თქვა, საკონსტიტუციო უმრავლესობა ჩემია, მიუხედავად იმისა, რომ 48%-იანი ნდობა მაქვსო. პარლამენტის მანდატების ნახევარი პროპორციულად ნაწილდება, მაგრამ მეორე ნახევრის უდიდესი ნაწილი მიაქვს ხშირად ხელისუფლებას, რაც იწვევს დისბალანსს და ეს არაა მარტო „ქართული ოცნების“ უბედურება, ეს იყო კომუნისტების, შვარდნაძის, სააკაშვილის უბედურება, რომელთაც ასევე, არ დათმეს მაჟორიტარული სისტემა. იმ სამს რაც დაემართა, კარგად მოგეხსენებათ და ივანიშვილიც ამ გზას ადგას“.

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში