Menu
RSS

„დეპუტატობა მინდა!“ _ რატომ აიცრუა გული „ოცნებაზე“ გია კორკოტაშვილმა

„ბიძინას თუ შეეკამათე, მტერი ხარ... უფრო რევერანსული ტიპები მოსწონს, „ვაზელინისტებს“ ვეძახი მაგათ!“

გია კორკოტაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის აქტიურად ემზადება. კორკოტამ, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო, „ვერსიასთან“ საუბარში განმარტა, რომ ხელისუფლებასა და ხალხს შორის დიდი ხიდჩატეხილობაა და ეს პრობლემა თავად, პარლამენტში შესვლით უნდა მოაგვაროს. რატომ გადავიდა ოპოზიციაში, ვისთან ერთად აპირებს პოლიტიკურ მოღვაწეობას, მიიღებს თუ არა ბიძინა ივანიშვილისგან დაფინანსებას და როგორ აფასებს საპატრიარქოში მიმდინარე სკანდალურ პროცესებს? _ გთავაზობთ ინტერვიუს გია კორკოტაშვილთან. 

_ ბატონო გია, რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში დაბრუნება? 

_ დავაარსეთ საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა „ქართული მისია“, რომლის აღორძინებაც გვინდა. დადგა მომენტი, როცა შეიძლება წვლილი შევიტანო ჩემი ქვეყნის სწორად განვითარებაში, როგორც პარლამენტის მომავალმა დეპუტატმა. 

_ ანუ დეპუტატობა გსურთ? 

_ კი, აუცილებლად. ამაზე ბავშვობიდან არ მიოცნებია და, მეგონა, სხვა ცხოვრებით ვიცხოვრებდი. მართალია, მშენებელი ვარ, მაგრამ იმდენად ახლოსაა ჩემთან ხელოვნება, რომ აქეთ ვაპირებდი ცხოვრებას. ნაციონალების მართვის დროს, რადიოში გადაცემა მქონდა, მაგრამ დახურეს და იმ პერიოდში ჩავერთე პოლიტიკურ მოძრაობებში, თუმცა შინაგანად პოლიტიკოსი ვერასდროს ვიქნები, რადგან პოლიტიკოსს სხვა თვისებები სჭირდება _ მოთმენა, რაღაცების განჭვრეტა... ძალიან ემოციური ვარ პოლიტიკისთვის, რაღაცების მოთმენა არ შემიძლია. 

_ თუმცა, თუ პარლამენტში შეხვედით, მოგიწევთ პოლიტიკოსობა. 

_ დიახ, გეტყვით, რატომ გადავწყვიტე პარლამენტში შესვლა. პარლამენტში ვხედავ ბევრ ადამიანს, ვისაც კანონების შექმნა, მართვა და პროფესიული საქმიანობა შეუძლია, მაგრამ კომუნიკაცია არ აქვს საზოგადოებასთან. არ არიან ისეთი ადამიანები, ვინც გამტარი „ფილტრი“ იქნება საზოგადოებასა და პარლამენტს შორის, იქ ხალხის ტკივილს მიიტანს. შეიძლება, კანონშემოქმედებაში ვერ მივიღო მონაწილეობა, მაგრამ შემიძლია კომუნიკატორი ვიყო იმ ადამიანებისთვის, ვინც დაჩაგრულია, ვისაც ღირსება შეულახეს და ვერ მიდის პარლამენტში. სხვა ინსტიტუცია რომ იყოს, რომელიც ამ სამსახურში ჩადგებოდა, არ მექნებოდა დიდი მოთხოვნილება, აუცილებლად პარლამენტის წევრი ვიყო-მეთქი, მაგრამ ეტყობა, რაღაც „ვირუსია“ პარლამენტში ამპარტავნების, ზემოდან ხედვის, მუცლის ამოყორვის, საკუთარ თავზე ფიქრში გადასვლის... 

_ იმის არ გეშინიათ, რომ პარლამენტში ყველაფერ ამით, თქვენც დავირუსდეთ? 

_ „შიში ვერ იხსნის სიკვდილსა“... ამას წინათ, ბატონ ბიძინასაც მივმართე Facebook-ით, რავა ყველა ადამიანში შეცდი და ჩვენში _ არა, ვინც ღირსებით მოვიტანეთ შენამდე ის, რასაც გამარჯვება ჰქვია-მეთქი. 

_ ბატონო გია, გული გწყდებათ, რომ ივანიშვილმა თქვენზე არ გააკეთა არჩევანი? 

_ გულისწყვეტა მაშინ მეწყება, როცა ვხედავ ჩემს თანამებრძოლებს. ჩვენი თავი და ოჯახები გილიოტინაზე დავდეთ, რადგანაც სერიოზული ძალოვანი სტრუქტურები ჰყავდა მიხეილ სააკაშვილს. დღესაც მომყვება ეს სიტუაცია, ჩემი ოჯახის არც ერთი წევრი არ მუშაობს, ერთადერთი სალომეა რაღაცით დაკავებული. ყველანი თითქოს გარიყულები ვართ. ყველანაირი „სწორდი“ ჩემზეა, სიმართლეს რომ ვამბობ. მთავარია, ვინმემ თავი „დაივაზელინოს“, ბიძინას შეუძვრეს და კარგად იცხოვროს. აღარ მინდა ეგეთ ქვეყანაში ცხოვრება. იმიტომ არა, რომ მე ცუდად ვარ, კარგადაც რომ ვიყო, ყოველთვის იმ ადამიანს დავუდგები, ვინც ცუდადაა. რომ მკითხეთ, მეშინია თუ არა იმ ვირუსით დაავადების, გამორიცხული არაფერია, მე კი არა, რჩეული მთავარანგელოზი დაეცა ამპარტავნებისგან, უბრალოდ, მეტი კონტროლი მეყოლება ხალხის სახით, ვისთანაც სულ მექნება ურთიერთობა, თან ისეთი ხალხის, რომლებიც თქმას არ მოერიდება. ხალხში ვიქნები, პარლამენტარები კი, ვინც ხალხმა აირჩია, სულ მალვაში არიან. მე კი არა, მეფეები დადიოდნენ გადაცმულები თავშეყრის ადგილებში, რომ გაეგოთ, რას ფიქრობდა ხალხი... 

_ ცნობილი სახეებიდან, ვის ვიხილავთ თქვენს პარტიაში? 

_ ეგეთს არავის. ჩემთან ერთად იქნებიან მართლად ნაცხოვრები ავტორიტეტები, რომელთაც პატივს სცემს უბანი, ქალაქი, რაიონი... 

_ ადრე სანდრო ბრეგაძესთან, კოკა მორგოშიასთან ერთად იყავით, მათ რატომ გაემიჯნეთ? 

_ ჩვენ მეგობრები ვართ. პაუზა რომ გავაკეთე, მათ გააგრძელეს ქმედება და იპოვეს საკუთარი თავი იმ ნიშაში, სადაც შეუძლიათ. მათთან თანამშრომლობას არ გამოვრიცხავ, თუ ერთად პარლამენტში შევედით, რადგან მრწამსი ერთნაირი გვაქვს, უბრალოდ, სხვა მეთოდიკა აქვთ. მათ წესიერებასა და ქართველობაში ეჭვი არ მეპარება. 

_ მრწამსი ახსენეთ და საპატრიარქოს სკანდალს, პატრიარქის მიმართ მეუფე პეტრეს განცხადებებს როგორ აფასებთ? 

_ კითხვას ვსვამ: თუ პეტრეს (მეუფედ აღარ მოვიხსენიებ, რადგან აყრილი აქვს წოდება), ამ გარემოში უხდებოდა ყოფნა 17 წელი, 10 წელი მიტროპოლიტი იყო, არ შეეძლო ხმა აღემაღლებინა, თუნდაც ნაციონალური მოძრაობის პერიოდში? _ შეეძლო და არ აიმაღლა, ე.ი. ახლა მოხდა ისეთი რამ, რომ რაღაც ეწყინა და პირადულიდან გამომდინარე... მე ვერ წარმომიდგენია, მიტროპოლიტი პირადულს აყენებდეს წინ. ქართული ეკლესიის უმწიკვლობას ვერ ვიტყვი, მაგრამ საკმაოდ ბევრი მამები არიან, რომლებიც სუფთა ქრისტიანულად, კანონიკურად ცხოვრობენ და, პირველ რიგში, მისაბაძი მაგალითია ჩვენი უწმინდესობა, ილია მეორე. ადვილია, რომ ადამიანი ძლიერს დაუდგეს საორჭოფო საკითხში, აქ სიძლიერე სულიერებით განისაზღვრება და პეტრემ ვერ გამოიჩინა სულიერება. შეიძლება, რაღაც ხდებოდეს არაკანონიკურად, შეიძლება, სამარცხვინო რაღაცებიც ხდებოდეს, ეკლესიაც ცოცხალი ორგანიზმია, ვერ გამოვრიცხავ, მაგრამ შენ თუ კარგი ადამიანი ხარ, მღვდელმთავრობაზე უკვე აღარ ვამბობ, შეგიძლია, ყველაფერი ეს ოჯახში მოაგვარო. 

_ მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ ცდილობდა წმინდა სინოდის ფარგლებში ამ საკითხის მოგვარებას, თუმცა საშუალება არ მისცეს. 

_ და ამიტომ უნდა ეწოდებინა პატრიარქისთვის ასეთი უზრდელი და შეურაცხმყოფელი რამ?! ფაქტობრივად, პატრიარქს კი არა, მთელ საქართველოს უწოდა ეს სიტყვები! 

_ ბატონო გია, პატრიარქის მთელ საქართველოსთან გაიგივება ფეტიშიზმი არ არის? მოკვდავი ადამიანის გაფეტიშება მკრეხელობად არ მიგაჩნიათ? 

_ პირველი მებრძოლი ვარ ფეტიშიზმის წინააღმდეგ, ვისზეც უნდა იყოს ეს. დიდი ხანია, ეკლესიაში ვარ, აღმსარებელიც ვარ, პატრიარქთანაც ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს. კადნიერებაში ნუ ჩამომართმევს მკითხველი და მამა-შვილურ სითბოს ყოველთვის ვგრძნობ მისგან, როცა არ ეცალა, მაშინაც მივუღივარ და მისი ერთი ხელის გადასმით დამთავრებულა ყველაფერი. ფეტიშიზმი არის ყველაზე დიდი ავადმყოფობა, ღმერთი ღმერთია, სამშობლო სამშობლოა, პატრიარქი პატრიარქია, მაგრამ დღეს ქვეყანა არის იმ ადამიანთა კრებული, რომლებიც ისტორიულ პერიოდში ცხოვრობენ, ამიტომ თუ ვინმე აიგივებს რწმენით ამ ამბავს, ეტყობა, იმ თვალსაზირისით, რომ დღეს ყველაზე სუფთა თუ რამე შეიძლება ჩაითვალოს საქართველოში, ჩვენი პატრიარქია, ეს არის ერთადერთი ნათელი წერტილი და ისიც მბჟუტავი, რომლის ჩაქრობაც უნდოდათ. 

_ როგორ გგონიათ, ვის უნდოდა? 

_ კი ამბობს რაღაცებს ტრამპი იქიდან, მაგრამ ფაქტობრივად, გლობალიზაცია მიდის ყველანაირად, მართლმადიდებლობის წინააღმდეგ მიდის ბრძოლა, ლიბერტარიანელებმა რაღაც მომენტი წააგეს, მაგრამ სერიოზული სახსრები და ფულია მათ ხელში. როგორ შეიძლება, ადამიანი ან რუსეთუმე იყოს, ან აშშ-ის გულშემატკივარი და იფიქროს, რომ რომელიმეს უნდა საქართველოს კარგად ყოფნა? ეს ხომ აბსურდია. უბედურება ისაა, რომ ვინც სათავეში მოვიდა, თავისით და ხალხით არ მოსულა, ერთი იყო ზვიად გამსახურდია და სადამდეც მიიყვანეს, კი ვნახეთ. დანარჩენზე მზრუნველობა ან ერთიდან მოდიოდა, ან მეორედან. უბედურება ისაა, რომ საქართველოსთვის თავგანწირული ადამიანი დღეს არის მხოლოდ პატრიარქი. მინდა, ეგეთი იყოს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ის ბევრ რამეზეა დამოკიდებული იმიტომ, რომ შეიძლება გაიღვიძოს და რა სახსრებიც გააჩნია, სრული ბანკროტი იყოს ხვალ. ამ ორ ფრონტს შორის ბრძოლა მისთვის რთულია, ოჯახის ფენომენს უფრო მაღლა აყენებს, რაც არ მიკვირს, მაგრამ არ დააზარალოს ჩემი ქვეყანა, მაგიტომ ვამბობ. 

_ თქვენ ხომ იყავით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, ოპოზიციაში რატომ გადახვედით? 

_ არ ვიცოდი, „ოცნება“ ვინ იყო. ვიცოდი, რომ ჩემიანებმა აირჩიეს ძალა, რომელშიც ვხედავდით, რომ ბიძინა გააკეთებდა იმას იმიტომ, რომ ბიძინას არაფერი აკლდა, არც ფული, არც არაფერი. მოვიდა, მაგრამ რომ ნახა, სხვაგან მოხვდა, ისეთი გარემო დაიყენა გვერდზე, რომ ხალხს არ იცნობდა, დღესაც უდუღებენ ტვინს, მიმნდობია, ვიღაც მოსწონს, ვიღაც _ არა. ალბათ, უფრო რევერანსული ტიპები მოსწონს, „ვაზელინისტებს“ ვეძახი მაგათ. ბიძინას თუ შეეკამათე, მტერი ხარ, ამ პრინციპით აირჩია ორივე პრეზიდენტი და მერე თქვა, შევცდი მათშიო. ეგრე სად არის, შე კაი ადამიანო, აირჩიე, შეცდი... ჩვენ რა გავაკეთოთ ამ დროს, ჩვეულებრივმა მოკვდავებმა? მინდა, თვითონ ბიძინა გაერკვეს და გააკეთოს, რისი გაკეთებაც ყველაზე კარგად შეუძლია, ესაა ქველმოქმედება. მართვა არ იცის, რა არის და საქართველოს სიყვარული არ აქვს ისეთი, ამაშია საქმე. 

_ ბატონო გია, თქვენს პარტიას ვინ დააფინასებს? 

_ ვიღაცას ვერ მივეყიდები და 20 კაპიკს ვერ გამოვართმევ, რომ მერე მათი სახელით ვილაპარაკო. ეს ყველაზე კარგად ივანიშვილმა და ნაციონალებმა იციან, რომლებიც პირდაპირ ყიდულობენ, ლილოს ბაზრობასავითაა, ყიდვა-გაყიდვა მიდის ადამიანების. ზოგი 15 ლარი ღირს, ზოგი _ 17 და ზოგიც _ 18. ესაა ყველაზე დიდი უბედურება. ბატონი ბიძინა რომ მოვიდა, უშიშროებამ დაიწყო ზრუნვა... მიშაც იმ ადამიანებს დაერია, ვისაც შეეძლო, რაღაც რესურსით წინააღმდეგობა გაეწია მისთვის. ასე არის ბიძინა და ალბათ, ყველა მმართველი ასე იქნება. 

_ ივანიშვილმა რომ დაგაფინანსოთ, დასთანხმდებით? 

_ არა მგონია იმიტომ, რომ აბსოლუტურად სხვადასხვა პრინციპები გვაქვს, თუ მორალში არ დავემთხვიეთ, ვიქნები იმ დეპუტატებივით, ივანიშვილმა რომ შეიყვანა და მარიონეტის თოჯინებივით ათამაშებს. ამიტომ მომიწევს, საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭულში მივიდე და ჩემი სიწრფელე ვუთხრა. ბატონი ბიძინა ყოველთვის ეცდება, რაღაც ძალა ნაყიდი ჰყავდეს, ან იღლიის ქვეშ ჰყავდეს ამოდებული, ასე მოიქცევა მმართველი, რომ სიმშვიდე ჰქონდეს. თქვენ როგორ გგონიათ, ნაციონალებთან დადგმული სპექტაკლი გარიგებული არ არის ბიძინასთან? ერთი ორგანიზმია. ორი ვარიანტია: ან გარიგებულია, ან ისეთი პრესის ქვეშაა დასავლეთიდან, რომ ამათ ვერაფერს უშვება. მაშინ რაღა მმართველობა აქვს ბიძინას? _ არავითარი. ეგრე ,ყველა შეიძლება იყოს მმართველი. 

_ პარლამენტში ნაციონალებსა და „ოცნებასთან“ თანაცხოვრება როგორ წარმოგიდგენიათ? 

_ თუ პარლამენტში მოხვდა ნაციონალური მოძრაობა, ე.ი. საზოგადოების რაღაც ნაწილს ჰყავს ის რჩეულად. წინა პარლამენტში როგორ მოხვდნენ, გეტყვით, „ოცნებას“ უნდოდა, ოპოზიციაში ჰყოლოდა ნაციონალური მოძრაობა, რადგან როცა დასჭირდებოდა, მისგან მტრის ხატი შეექმნა და არიან ასე ტკბილად გარიგებულები. რად უნდათ ხმაურიანი კორკოტა?! „ტლიკავენ“ და კისერში კოცნიან ერთმანეთს, რაც დასჭირდებათ, ის გააქვთ. როგორ წარმოვიდგენდი, რომ სადავო მექნებოდა მიწების ყიდვა-გაყიდვის საკითხი, ან ლგბტ-ს პრინციპული საკითხები?! არის ჰუმანური დამოკიდებულება, რის ჩარჩოს იქითაც არ უნდა გახვიდე! იყვნენ ეს ლგბტ წევრები, არავინ არაფერს ვერჩით, მაგრამ პროპაგანდის საშუალებას არ უნდა აძლევდნენ. 

_ ბატონო გია, მკითხველს შეიძლება გაუჩნდეს განცდა, რომ რადგან რაიმე თანამდებობა არ მოგცათ, ამის გამო განაწყენდით „ოცნებაზე“ და ეს წყენა გალაპარაკებთ... 

_ რატომ, ჩემო კარგო? რაც ჩამოგითვალეთ, ყველაფერი ეს ხელისუფლების დამოკიდებულებისგან გამომდინარეობს, ნუთუ? რომ ქართული მიწა არ უნდა გაიყიდოს, რომ ლგბტ-ს პროპაგანდა არ უნდა იყოს, რომ ხალხთან მეტი კომუნიკაცია უნდა იყოს, ეს ჩემი პიროვნულიდან გამოდის, თუ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან? მე განაწყენებული როცა ვიყავი, ვუთხარი და არც თანამშრომლობას ვაპირებ თქვენთან-მეთქი, რადგან იმაზე ვლაპარაკობ, რაც არ მომწონს, მარტო მე კი არა, ფართო საზოგადოებას არ მოსწონს ყველაფერი ეს.

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში