Menu
RSS

იქნება თუ არა ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიაში და რას ჰკითხავს კიევში ჩასული გუბაზ სანიკიძე სააკაშვილს

„ბიძინას კარზე იყო გარჩევა, გუბაზი და ირაკლი დაუმორჩილებლები არიან, მაგრამ ორივეს დაჭერას აზრი არ აქვსო და ირაკლი ამოარჩიეს“

 

საპატრიარქოს სკანდალმა პოლიტიკური კულუარები მრავალფეროვანი გახადა. ამბობენ, რომ საპატრიარქოს ლუსტრაციას პოლიტიკური ძალები სათავისოდ იყენებენ. კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ ამ `მღვრიე წყალში თევზის დაჭერას~ ყველა პოლიტიკური ძალა ცდილობს. ერთი ვერსიით, საპატრიარქოს სკანდალში ნაციონალების ხელი ურევია... მეორე ვერსიით, ხელისუფლების შტოები იბრძვიან ძალთა გადანაწილებისთვის... ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ეპოქაში, რომელშიც ვცხოვრობთ, მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო _ აეხსნა ტაბუ თემას, რომელზე საუბარიც, რამდენიმე წლის წინ, დიდ ცოდვად ითვლებოდა და მღვდელმთავრებზე აუგის თქმას ცოტა თუ ბედავდა. `ვერსია~ მიმდინარე სკანდალურ მოვლენებზე ისტორიკოსსა და პოლიტიკოსს, პარტია გამარჯვებული საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს, გუბაზ სანიკიძეს ესაუბრა, რომელმაც ცოტა ხნის წინ, კიევში ჩასვლა და მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა დააანონსა. რატომ შეიცვალა პოლიტიკური გემოვნება და ელოდება თუ არა ოქრუაშვილის მსგავსად, 20 ივნისის აქციის პროცესების გამო, დაპატიმრებას? _ გთავაზობთ ინტერვიუს გუბაზ სანიკიძესთან.

_ ბატონო გუბაზ, რა როლს ითამაშებს ქვეყნისთვის ის პროცესები, რომლებიც საპატრიარქოს გარშემო ვითარდება? 

_ მოსალოდნელი იყო, რომ ადრე თუ გვიან, ეს პროცესი დაიწყებოდა, რადგან როგორც საეროში, ისე საეკლესიოშიც გვაქვს პრობლემები. ამ შემთხვევაში, ერი და ბერი, ერთი და იგივეა. როგორც ჩანს, საპატრიარქოს აქვს შიგნით პრობლემები. ზოგადად, ბოლო დროს, საპატრიარქოს ბევრი ოპონენტი ჰყავს და კრიტიკოსები მოუმრავლდა, ბევრი ჰყავს მტერიც, როგორც საპატრიარქოს მიღმა, ისე შიგნითაც. ამიტომ მოსალოდნელი იყო, რომ საპატრიარქოს პრობლემები გამოვიდოდა გარეთ, რადგან საქართველოში არ არის დახურული საზოგადოება, სადაც ყველაფერი ეს, შეიძლება, მუდმივად დაიმალოს და არ გაცხადდეს. ბევრი ამბობს, შოკისმომგვრელი განცხადებები კეთდებაო, ჩემთვის ასე არაა, რადგან ეჭვები გვქონდა, რომ ურთიერთობები ხელისუფლებასა და საპატრიარქოს ერთ ნაწილს შორის, აშკარად იყო. რასაც ვხედავთ, საქმე გვაქვს სახელმწიფოს მიერ უხეშ ჩარევასთან საპატრიარქოს საქმეებში და ასევე, საპატრიარქოს ჩარევასთან სახელმწიფოს საქმეებში. კონკორდატი საერთოდ დახეული და გადაგდებულია. კონკორდატის მთავარი პრინციპი კი ისაა, რომ არ ჩაერიონ ერთმანეთის საქმეებში, მაგრამ როგორც ჩანს, როგორც კონსტიტუცია და რჯულის კანონი, ასევე კონკორდატიც, ფარატინა ქაღალდია და მეტი არაფერი. 

_ ბევრი ამბობს, რომ რუის-ურბნისის კრებაა მოსაწვევი და ერთი გიორგი ჭყონდიდელი არ გვაწყენდა ანუ ხალხი ფიქრობს, რომ უნდა გაიწმინდოს ქართული ეკლესია უღირსი მღვდელმთავრებისგან. როგორ ხედავთ ამ პროცესების დალაგების გზას? 

_ ალბათ, ადრე თუ გვიან, რუის-ურბნისი მოხდება, მაგრამ აქ ინსტიტუციონალური პრობლემა გვაქვს, რადგან საეკლესიო კრების მოწვევის უფლება ჰქონდა ორ ინსტიტუციას საქართველოში _ წმინდა სინოდსა და მეფეს. ჩვენ კი მეფე არ გვყავს. არც პრეზიდენტს, არც პრემიერ-მინისტრსა და არც სხვა საერო თანამდებობის პირს აქვს უფლება, მოიწვიონ კრება. ერთადერთი, ვისაც ამის უფლება აქვს, მონარქია, რომელიც არ გვყავს, მით უმეტეს, არც დავით აღმაშენებელი და გიორგი ჭყონდიდელი გვყავს, სამწუხაროდ... მორწმუნე ადამიანი ვარ და ვიცი, ყველაფერი უფლის ნებით ხდება. უფლის ნებაა, რომ საპატრიარქოში მიმდინარე პროცესები გასაჯაროვდეს და გავიგოთ ყველამ, რა ხდება. ჩვენს თანმოქალაქეებში პანიკური შიშია, რომ დავიღუპეთ, ამოვწყდით, გადავშენდებით, რა გვეშველებაო, მაგრამ ასე არაა. ეკლესიაში ყოველთვის ასე იყო, მართლმადიდებლურშიც და კათოლიკურშიც, მაგრამ ეკლესიაში ყოველთვის იყვნენ მესვეურები, რომლებიც ებრძოდნენ ამ გადახრებს და რჯულის კანონის უხეშ დარღვევებს. ბრძოლა, 2000 წელია, გრძელდება ეკლესიაში და, როგორც ჩანს, გაგრძელდება კიდეც. მინდა, ყველას ვუთხრა, მშვიდად და წყნარად შეხვდნენ ყველაფერს. კიდევ ერთი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი – უნდა გავყოთ საპატრიარქო და ეკლესია, ეკლესია ქრისტეს სხეულია, ხოლო საპატრიარქო, მხოლოდ და მხოლოდ ადმინისტრაციაა. 

_ ბატონო გუბაზ, საპატრიარქოს მოვლენებთან დაკავშირებით, არაერთი ვერსია ვრცელდება. ზოგი ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა ცდილობს საკუთარი პოზიციების გამყარებას, ზოგი კი ამტკიცებს, რომ ხელისუფლების შტოები ებრძვიან ერთმანეთს ძალაუფლებისთვის, არჩევნების წინ. თქვენ რას ფიქრობთ? 

_ ყველაფერი ერთადაა, რა თქმა უნდა იმიტომ, რომ საპატრიარქო ბოლო წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა, როგორც საარჩევნო ორგანიზაცია. საპატრიარქოს მხარდაჭერა მნიშვნელოვნად განსაზღვრავდა ქვეყანაში პოლიტიკურ ვითარებას. მოდის 2020 წლის არჩევნები, დღევანდელ ხელისუფლებას კი ძალიან მძიმედ აქვს მდგომარეობა საარჩევნო თვალსაზრისით. მოტივაცია, რომ `ქართულ ოცნებას~ ადამიანები მხარს დაუჭერენ, ქრება, ამიტომ გარკვეულწილად, ხიფათს წარმოადგენს საპატრიარქოსა და სასულიერო პირების პოზიცია არჩევნებზე. ხელისუფლებისთვის საკმაოდ სახიფათოა, მით უმეტეს, ვიცით, რომ საპატრიარქოშიც და ზოგადად, ქართულ ეკლესიაშიც, წინააღმდეგობა ხელისუფლების მიმართ, ნამდვილად იზრდება, ამიტომ ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეკლესიამ საბოლოოდ დაკარგოს ავტორიტეტი და აღარ ჰქონდეს პოზიტიური, ან ნეგატიური გავლენა არჩევნებზე. ყველაფერი ეს 2020 წლამდე გაგრძელდება და როგორც ჩანს, სიურპრიზები კიდევ გველოდება. 

_ ანუ ფიქრობთ, რომ ხელისუფლება ცდილობს ამ ინსტიტუციის დაშლას? 

_ დაშლას ჩავანაცვლებდი დისკრედიტაციით იმიტომ, რომ ფაქტია, ბიძინა ივანიშვილს ავტორიტეტები არ უყვარს და ისიც ცნობილია, რომ პატრიარქს მზე და მთვარე არასდროს ამოსდიოდა ბიძინა ივანიშვილზე... 

_ პოლიტიკურ ინტერესებსა და ავტორიტეტებზე ვსაუბრობთ და ბარემ აგვიხსენით, რატომ გადაწყვიტეთ კიევში ჩასვლა და სააკაშვილთან შეხვდერა? ყველას ახსოვს თქვენი დაპირისპირება ნაციონალურ მოძრაობასთან და ბევრს გაუკვირდა თქვენი ეს გადაწყვეტილება.… 

_ იმიტომ, რომ გამოსავალი არ არის ქვეყანაში. ბიძინა ივანიშვილი სხვა გამოსავალს არ ტოვებს. ვისაც გაუკვირდა, ალბათ, გასაკვირია, მაგრამ ჩვენთვის, ვინც პოლიტიკაში ვართ, მთავარი პრინციპი უნდა იყოს ქვეყნის ინტერესები. ქვეყანა ვეღარ ვითარდება, არის ჭაობში, აღარ აქვს პერსპექტივა და აქვს ხიფათები. საქართველომ, შეიძლება, რეალურად დაკარგოს თავისი სახელმწიფოებრიობის ინსტიტუტები, ამიტომ ჩემი გადაწყვეტილება ყოველთვის გამომდინარეობს ქვეყნის ინტერესებიდან. დღევანდელი მონაცემებით, შეიძლება, ბევრს ჰქონდეს სურვილი, რომ ეს ხელისუფლება წავიდეს, მაგრამ ამის მექანიზმი არ არსებობს მიხეილ სააკაშვილის პერსონის გარეშე. სააკაშვილი, მოგვწონს ვინმეს თუ არა, არის ძალიან გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში. ცალკე აღებულ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ ფიგურასთან, ვერ მოდის ცალ-ცალკე კი არა, ერთად აღებული, ამიტომ ჩემთვის მთავარია არა სურვილი, არამედ რეალობა. რეალობაა ის, რომ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის გარეშე,Eვერ მოხდება ამ ხელისუფლების ჩანაცვლება და თუ არ მოხდა ამ ხელისუფლების ჩანაცვლება, ყველაფერი ოხრად დაგვრჩება. ბიძინა ივანიშვილი ჩააბარებს რუსეთს საქართველოს. 

_ ბატონო გუბაზ, სააკაშვილმა რომ შემოგთავაზოთ 2020 წლის არჩევნებში საკუთარი პარტიის ანუ ნაციონალური მოძრაობის სიით კენჭისყრა, დათანხმდებით? 

_ ძალიან შორეულ საკითხებზე ვსაუბრობთ. მაინტერესებს სააკაშვილთან პირისპირ შეხვედრა და რამდენადაც ვიცი, მასაც აქვს ეს ინტერესი ანუ ინიციატივა ორმხრივია. მაინტერესებს, გავესაუბრო მას პირადად, შუამავლების გარეშე და მაქვს რამდენიმე კითხვა მასთან. ვიცი, რომ მასაც აქვს ჩემთან კითხვები. ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, რა და როგორ იყოს. 

_ რა მთავარი კითხვა გაქვთ სააკაშვილთან? 

_ მოდით, დავტოვოთ ეს თემა ცალკე. ორი ადამიანის სასაუბრო კითხვებზე, ვფიქრობ, არ ღირს საუბარი, მაგრამ კითხვები, რა თქმა უნდა, ქვეყნის შესახებ იქნება და არა _ პიროვნული. 

_ თქვენი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი ციხეშია. ის პოლიტიკურ მძევლად მიგაჩნიათ? 

_ პოლიტიკური მძევალი, პატიმარი და რაც მთავარია, რეპრესირებულია აბსოლუტურად უსაფუძვლოდ და უსამართლოდ. ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ირაკლი ოქრუაშვილი მისთვის სახიფათოა, მაგრამ უნდა ფიქრობდეს, რა უფრო საშიშია _ ოქრუაშვილი დატუსაღებული, თუ გარეთ. ოქრუაშვილის სტატუსი და მის მიმართ ხალხში სიმპატიები იზრდება და ამას ყველა ვხედავთ. 

_ ნიკა მელია და ირაკლი ოქრუაშვილი, ოპოზიციური პარტიების ლიდერები არიან. გასაგებია, რომ მელია დეპუტატის მანდატით სარგებლობს, მაგრამ თქვენი აზრით, რატომ არ გამოუშვეს ოქრუაშვილი, მელიას მსგავსად, ელექტროსამაჯურით? 

_ ინდივიდუალური მიდგომა აქვს ბიძინა ივანიშვილს ყველას მიმართ. სურვილი შეიძლება, ჰქონდა დაჭერის, მაგრამ ურთულესი პროცესია _ არჩეული დეპუტატია მელია. ოქრუაშვილი უფრო დაისაჯა, არც დეპუტატის მანდატი აქვს და როგორც ჩანს, უფრო სახიფათოა ბიძინასთვის. 

_ 20 ივნისის აქციის პროცესებში თქვენც იყავით ჩართული. ელოდით, რომ თქვენს მიმართაც დაიწყებოდა სამართლებრივი დევნა? 

_ კი, როგორ არა. ვიცი, რომ იყო გარჩევა ბიძინას კარზე, რა ვუყოთ ამ გამარჯვებულ საქართველოს, არის ორი ტიპი _ გუბაზი და ირაკლი, რომლებიც დაუმორჩილებლები არიან, გაკონტროლება რთულია, ამიტომ ორივეს დაჭერას აზრი არ აქვს და ერთ-ერთი ამოვარჩიოთო. ამოარჩიეს ირაკლი. ჩათვალეს, რომ ირაკლი უფრო სახიფათო იყო გარეთ, ვიდრე მე, მაგრამ ვნახოთ, აქ არის საუბარი ბიძინა ივანიშვილის ავადმყოფურ ნება-სურვილზე. ჩავლილი არ არის, შეიძლება ჩემს მიმართაც დაიწყონ დევნა, ამისთვის მზად ვარ, ძალიან მშვიდად ვხვდები ამ საქმეს. ირაკლიც მშვიდად იყო, როცა საფრანგეთში იყო და ვუთვლიდით, რომ ჩამოსვლის შემთხვევაში, მის დაჭერას აპირებდნენ, მშვიდად და წყნარად თქვა, ვერავინ დამიშლის ჩემს ქვეყანაში ჩამოსვლასო. ჩამოვიდა და დაიჭირეს. 

_ ბატონო გუბაზ, 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობა უკვე გადაწყვეტილი გაქვთ? 

_ ბუნებრივია, თავს ვალდებულად ვთვლი, შევიდე პარლამენტში, გავხდე დეპუტატი და გავაგრძელო საქმე, რასაც ვაკეთებდი ჩემი სპეციალობითა და მიმართულებით. ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე მიმაჩნია, რომ ჩემი ცოდნა და გამოცდილება ქვეყანას სჭირდება.

 

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში