Menu
RSS

„ჩერჩეტი“ ბოკერია, რომელმაც საქმე ეშმაკთანაც გაიფუჭა

რატომ არ აპროტესტებდა ლოზუნგს _ „ყველანი ციხეში“ და რა არის „ბოკერიას ამნისტიის“ ნამდვილი მიზანი

ყოფილი თუ მოქმედი ნაციონალები ერთმანეთს გაკეთილშობილებაში ეჯიბრებიან: ჯერ იყო და, ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გვამცნო, მეო, ისეთი დიდმორწმუნე და დიდმოწამე ვარ, რომ ჩემი პრეზიდენტობის დროს, 600 ეკლესია ავაშენე, მათ შორის, ბაგრატიცო.

მიშას ეს „რეჩი“ რომ მოისმინა, ყოფილმა ნაციონალმა და აწ უკვე „ევროპელმა“ გიგა ბოკერიამ, რომელიც თავის დროზე, მიხეილ სააკაშვილის მთავარ იდეოლოგად ითვლებოდა, გულში გაივლო, თხა-თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამოსო და ყოფილ თანამებრძოლს, როგორც იტყვიან, „აბაროტი აუღო“ და ისეთი ინიციატივით გამოვიდა, რომ ალბათ, თავად სააკაშვილიც კი დაიშოკა. 

შესაძლოა, იცით, თუ რა თქვა ისეთი ბოკერიამ, რის გამოც სრულიად ნაციონალური მოძრაობა და მისი ყველა მიმდევარი „კანიდან გამოვიდა“, მაგრამ ხომ იცით, გამეორება ცოდნის დედაა. ჰოდა, ამიტომაც, გიგას სიბრძნეს გაგახსენებთ. 

მოკლედ, ბოკერიამ ბევრი იფიქრა, თუ ცოტა, გვამცნო, როგორც კი ჩემი პოლიტიკური გუნდი, ესე იგი, ევროპული საქართველო ხელისუფლებაში მოვა, ე.წ. პოლიტიკურ ამნისტიას გამოვაცხადებთო. ეს „პოლიტიკური ამნისტია“ კი, როგორც გაირკვა, იმას ნიშნავს, რომ ბოკერია, თუ სასწაული მოხდა და ამ ქვეყნის მართვის სადავეები ჩაიგდო ხელში, არც ერთი იმ თანამდებობის პირის დასჯას არ აპირებს, რომლებიც კორუფციასა, თუ სხვა ფინანსურ მაქინაციაშია ეჭვმიტანილ-მხილებული. 

„ივანიშვილი ციხეში“ _ ამ ლოზუნგის წინააღმდეგი ვარ“, – განაცხადა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „მთავარი არხის“ ეთერში და დასძინა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის ბედი, თავად ივანიშვილის გადასაწყვეტი იქნება. 

„ერთხელ უნდა მოხდეს საქართველოში, რომ ხელისუფლების შეცვლას არ მოჰყვეს მასობრივი პოლიტიკური დევნა, თორემ ეს არანორმალურ პოლიტიკურ ციკლში ამყოფებს მთელ ქვეყანას. ჩვენ არ გვაქვს არც პროკურატურა და სასამართლოც არ გვყავს ისეთი, რომელიც პოლიტიკური ფიგურების დევნისას მოგვცემდა განცდას, რომ არის მიუკერძოებელი. დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა არის ყველაზე რთული ამოცანა. 

 

ხელისუფლებათან ერთად, მთელი სასამართლოს გაშვება არის სასამართლოს ტრადიციის კიდევ ერთხელ დანგრევა. მე მომხრე ვარ, რომელიმე ღრმა ლიბერალური ქვეყნის უზენაეს სასამართლოსთან მიბმის დროებით და ნაფიცი მსაჯულების და არა _ მოსამართლეების გაყრის“, – განაცხადა ბოკერიამ და დასძინა, რომ გიორგი გახარია დამნაშავედ მიაჩნია „გავრილოვის ღამეში“, თუმცა პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღრევა არ უნდა მოხდეს. 

„სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიტიკური დანაშაულების გამო არ უნდა იყოს. უნდა იყოს ამნისტია ყველასი, გარდა მკვლელობის და წამების“, – თქვა გიგამ და ისიც განმარტა, რომ ქონების ხელახალ გადანაწილებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. 

ამასთან, როგორც გაირკვა, ბოკერია არც ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის გასამართლების მომხრეა. 

ერთი სიტყვით, ბოკერიამ, მეო, სავლე კი არა, უკვე პავლე ვარო და რაის დაჭერები და დასჯა, „ძველ ფერმაში“, ესე იგი, ღვთისმშობლის წილხვედრში, ყველამ ერთად, ბედნიერად უნდა ვიცხოვროთო. 

ჩვენთვის რომ ვთქვათ, ადამიანის დასჯა ვინმეს თვითმიზანი არ უნდა იყოს, თუმცა აქ არსებობს ერთი „მაგრამ“, რომლის თაობაზეც ცოტა ქვემოთ ვისაუბრებთ, მანამდე კი იმას გეტყვით, რომ ბოკერიას „პავლედ გარდაქმნამ“, მხოლოდ გაერთიანებულ ოპოზიციაში კი არა, არამედ, თავად „ოცნებაშიც“ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. 

აი, მაგალითად, უმრავლესობის წევრ ნუკრი ქანთარიას, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, გულზე მოეშვა, რადგან დარწმუნდა, რომ ბოკერია არ დაიჭერს. 

„გულზე მომეშვა და მინდა, „ოცნების“ წევრებსაც ეს სასიხარულო ამბავი მივულოცო, რომ თურმე, ბატონი ბოკერია მოდის ხელისუფლებაში და არ დაგვიჭერს, მეგობრებო! 

ეს ძალიან დიდი ამბავია. იმიტომ კი არ დაგვიჭერს, რომ დანაშაული არ გვაქვს, ან ვეცოდებით, არა, პოლიტიკურად ეს, თურმე, ძალიან სწორი იქნება და რაც მთავარია, ბიძინა ივანიშვილსაც არ დაიჭერს არავითარი დანაშაულის გამო! არადა, მთავარი დანაშაული ჩვენი ის არის, რომ თქვენ და თქვენისთანები „დასრიალებთ“ ისევ პოლიტიკურ ველზე. თითქოს მშვიდობის მტრედებო... 

სტაბილურობის გარანტი ვერ გახდებით, მოსახლეობასაც ვერ დააჯერებთ, რადგან ჩვენმა მოსახლეობამ კბილები, დიდი ხანია, მოიცვალა. ჯერ ერთი, თქვენ დააძრეთ კბილები 2012 წელს, ეს მინდა გაგახსენოთ. ბატონო გიგა, ვითომ ამ მიმტევებლური განცხადებით, ეშმაკთანაც იფუჭებთ საქმეს. იმ პარტიას და პოლიტიკურ ჯგუფს, მართლა, ჩემდათავად, რა ვუთხარი, თქვენი მისატევებელი რომ გახდება“, _ განაცხადა ქანთარიამ ბოკერიას „წყალობის“ შემდეგ. 

რაც შეეხება ოპოზიციას, ამ ფრთიდან ყველაზე მძაფრი შეფასება „ძალა ერთობაშიას“ წევრმა, პარტიის _ „კანონი და სამართალი“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა გააკეთა და ბოკერიას „ჩერჩეტი“ უწოდა. 

„დედა, ეს გიგა ბოკერია, ისე „აჭრა“ სააკაშვილმა, სულ ჩერჩეტი გამოჩნდა. მართლა დავრწმუნდი, რომ თუ რაიმე აღმშენებლობა იყო სახელმწიფოებრივი ყოფილი ხელისუფლების დროს, მართლა სააკაშვილის ფლანგიდან კეთდებოდა მხოლოდ (დიახ, გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“, სწორ გზაზე დგას). აბა, ეს ძალაუფლებისთვის „მებრძოლი წურბელა“, ხელს თუ შეუშლიდა საერთო საქმეს, თორემ რისი გამკეთებელიც არის, კი გამოჩნდა! იმაზე ჩერჩეტი ყოფილა ბოკერია, ვიდრე მე მეგონა, მიდი, გიგა, გენაცვალე, „გიგანტური“ ნაბიჯებით „ოცნებისკენ''. აკი ვამბობდი, ა, ბატონო, რა ჰქნას მეტი, რითი დაამტკიცოს, გაერთიანებული ოპოზიციის ხსენება არ უნდა, რადგან სწორედ ეს არის ივანიშვილის მიზანი, აბა, ცალკე ერთ პარტიას თვლის, რომ მოერევა, ამიტომაც მომიხსენია ბიკერიამ „ნაცმოძრაობის“ სპიკერად და არა _ გაერთიანებული „ძალა ერთობაშია“-ს სპიკერად. „უსრულებს“ ბიძინას! 

თუ ივანიშვილის (რუსეთზე მომუშავე) ხელისუფლების გაშვება უნდა, მაშინ, იმ ძალას _ „ძალა ერთობაშია“, გაერთიანებულ ოპოზიციას, რომელმაც დიდი დარტყმა მიაყენა ივანიშვილის ხელისუფლებას, რაღა იმ ძალას ებრძვი და ესვრი ტალახს?! 

დიახ, გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“, სჭირდება საქართველოს, რა თქმა უნდა, პარტია _ „კანონი და სამართლით“, რომლის თავმჯდომარეც ვარ უმაგრეს ადამიანებთან ერთად და ბოლომდე მივიყვანთ დიდ სახელმწიფოებრივ საქმეს! 

საქართველო ძლიერი სახელმწიფო იქნება „კანონით და სამართლით'', _ დაწერა სოციალურ ქსელში ჩარკვიანმა. 

ექსპერტმა გია ხუხაშვილმა კი ბოკერიას ე.წ. ამნისტიას „კლასიკური პოპულიზმი“ უწოდა. 

„ეს არის კლასიკური პოპულიზმი იმიტომ, რომ ვინმეს მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას წყვეტს კანონი. ეს არ შეიძლება იყოს პოლიტიკური შეხედულებებისა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების საგანი. დიდი ბოდიში, მაგრამ თუ ჩინოვნიკს ჩადენილი აქვს დანაშაული, შესაბამისად, არ მგონია, რომ „ევროპული საქართველო“, თუნდაც ხელისუფლებაში იყოს, პოლიტიკურად წყვეტდეს იმ საკითხს, ვინ დასაჯოს და ვინ შეიწყალოს. ეს არის წმინდა პოლიტიკური განცხადება და გზავნილი დღევანდელი ჩინოვნიკებითვის, თუ თქვენ ლოიალურები იქნებით ჩვენს მიმართ, ჩევენგან საფრთხე არ გემუქრებათო, რაც ჩემი აზრით, საკმაოდ სუსტი გზავნილია. ისინი ახლა ცდილობენ, რომ რაღაცნაირად გაემიჯნონ სააკაშვილის რიტორიკას, ცდილობენ, რომ საკუთარი სეგმენტი დაიჭირონ ამომრჩევლის. მოგეხსენებათ, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ელექტორალური ბაზა, ჯერჯერობით, არ არის მკაცრად გაყოფილი. ჩემი თვალთახედვით, დიდი აზრი ყველაფერ ამაში არ დევს'', _ უთხრა ხუხაშვილმა საინფორმაციო სააგენტო „ჰოთნიუსს“.

 

ამავე სააგენტოსთან საუბრისას, ბოკერიას ინიციატივას პოპულისტური უწოდა ექსპერტმა, ლევან ალაფიშვილმაც. 

„ჩემი ვარაუდით, საუბარია ამნისტიაზე, რასაც ყოველთვის თან სდევს უსამართლობის განცდა იმ ადამიანებში, რომლებმაც მანამდე ჩაიდინეს ეკონომიკური დანაშაული, თუმცა ყველა ქვეყანაში ამნისტიას, როგორც ერთჯერად აქტს, ასეთი განცდა ყოველთვის ახლავს. ზოგადად, ამნისტია სამართლიანობის კონტექსტში ამიტომაც არ განიხილება, რადგან ესაა ერთჯერადი აქტი და არა _ პოლიტიკური გადაწყვეტილება. თუ ეკონომიკურ დანაშაულთან მიმართებაში, პოლიტიკის ცვლილებაზეა საუბარი, მაშინ უფრო მეტი და დამატებითი ინფორმაცია გვჭირდება ინიციატორისგან. მაგალითად, როგორია ხედვა, რა ტიპის ეკონომიკურ დანაშაულებს შეეხება საკანონმდებლო ცვლილება, რადგან ეკონომიკური დანაშაული, როგორც ცნება, საკმაოდ ფართოა და ეს ეხება, როგორც საფინანსო სფეროს, ასევე ქონების მითვისება-გაფლანგვასაც, რასაც ელემენტად ახლავს ფინანსური, ან ეკონომიკური ნაწილი. შესაბამისად, ამაზე ახლა ვერ ვიმსჯელებ, მაგრამ გიმეორებთ, თუ ინიციატორი ამნისტიას გულისხმობს, ეს ერთჯერადი აქტი იქნება... 

ზოგადად, წინასაარჩევნოდ, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის განცხადება, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ეკონომიკური დანაშაულის გამო არავინ დაისჯება, რა თქმა უნდა, პოპულიზმის ელემენტებსაც შეიცავს და გარკვეულ აუდიტორიაზეა გათვლილი. თუ რეალურად დავუფიქრდებით, ამნისტიის კანონის მიღებას, არჩევნებში გამარჯვება და საპარლამენტო უმრავლესობით ხელისუფლებაში მოსვლა სჭირდება, ამიტომ არ მგონია, რომ უახლოეს პერიოდში ეს შესაძლებელი იყოს, მით უმეტეს, 2020 წლისთვის. რეალურად, ეს არის კონკრეტული სამიზნე აუდიტორიისთვის გადადგმული წინასაარჩევნო ნაბიჯი, გნებავთ, ლოზუნგი“, _ უთხრა ალაფიშვილმა „ჰოთნიუსს“. 

ბოკერიას ინიციატივა უპასუხოდ, რასაკვირველია, არც „მაღალმა“ დატოვა. 

„ჯუნგლები მართლა არ გვინდა. შურისძიება დაუშვებელია, მაგრამ ივანიშვილი, გახარია, ფარცხალაძე, წულუკიანი... პასუხს აგებენ კანონის მთელი სიმკაცრით. 

ხალხისგან მაღალი თანამდებობის პირების მიერ მოპარული ქონება უნდა დაუბრუნდეს ხალხს და ყველაფერი ეს უნდა გადაწყვიტოს არა რომელიმე კონკრეტულმა გვარმა და სახელმა, არამედ, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული საერთაშორისო სასამართლოს უცხოელმა მოსამართლეებმა. 

შეწყვიტეთ ყველამ ინდულგენციების გაცემა ხალხის დაჩქარებულ ძარცვაზე და ეროვნული დოვლათის განიავებაზე. 

თქვენ პირად ქონებას რომ შეხებოდნენ, იგივე დაპირებას გასცემდით? აბა, ხალხმა რა დააშავა?“ _ დაწერა მიშამ სოციალურ ქსელში. 

ასე და ამგვარად, ყოველივე ზემოთქმულმა კიდევ ერთხელ ნათელყო, რომ ყოფილი და მოქმედი ნაციონალები, ან მათთან აფილირებული პოლიტიკური ჯგუფები ერთმანეთს დასანახად ვერ იტანენ, თუმცა ის მოსაზრებაც არსებობს, რომ ყველაფერი ეს მიშა-გიგას პოლიტიკური თამაშია ანუ მათ შორის უთანხმოება, რეალურად, არ არსებობს და ერთმანეთს საჯაროდ მხოლოდ ხალხის თვალის ასახვევად „ეშპილკავებიან“. შესაძლოა, არც უამისობაა, თუმცა ამჯერად მსჯელობას ამ კუთხით არ გავაგრძელებთ და იმ „მაგრამს“ გავშიფრავთ, რომელიც სტატიის დასაწყისში ვახსენეთ. საამისოდ კი აუცილებელია, რამდენიმე წლის წინანდელი მოვლენები გავიხსნოთ. 

მოკლედ, გასული საუკუნის 90-იანი წლების მიწურულია. ასპარეზზე უკვე ჩანს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მაშინდელი მმართველი გუნდის, ესე იგი, მოქკავშირის ლიდერად ევლინება საზოგადოებას. პარალელურად, აქტიურდება „თავისუფლების ინსტიტუტი“, რომლის სათავეებთან, სწორედ გიგა ბოკერია დგას. ეს არასამთავრობო ორგანიზაცია ზომაზე მეტად აგრესიულია, განსაკუთრებით კი მამა ბასილის მრევლს ერჩის და ამასთან, ითხოვს, რომ ყველა კორუმპირებული თანამდებობის პირი სათანადოდ დაისაჯოს. 

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, „თავისუფლების ინსტიტუტი“, გარკვეულწილად, კულისებში გადადის, სამაგიეროდ, ბოკერია და ასევე, გივი თარგამაძე ხდებიან ნაციონალური მოძრაობის, უფრო კონკრეტულად, მიხეილ სააკაშვილის მთავარი მრჩევლები ანუ ყველამ გადასარევად იცის, რომ პოსტრევოლუციურ საქართველოში, ყოფილი თანამდებობის პირების დაჭერებსა თუ ქონებების ჩამორთმევის პოლიტიკას, სწორედ ეს ადამიანები ატარებდნენ. უფრო ზუსტად, სახელდებოდა ხუთამდე ადამიანი, რომელიც ყველა არასასურველი სუბიექტის დასჯას აძლევდა მწვანეს. 

ეს ადამიანები იყვნენ: ზურაბ ადეიშვილი, ვანო მერაბიშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი, გოგა ბოკერია და გივი თარგამაძე. ამას გარდა, როგორც მაშინ ამბობდნენ, კიდევ იყო ერთი ადამიანი, რომელიც პირდაპირ ძალადობას ქადაგებდა, თუმცა ეს სუბიექტი კულისებიდან მოქმედებდა. 

ვინ იყო ეს პიროვნება? _ ლევან რამიშვილი, რომელიც „თავისუფლების ინსტიტუტს“ ხელმძღვანელობდა და ბოკერია-თარგამაძის უახლოეს მეგობრად ითვლებოდა. 

სხვათა შორის, რამიშვილი ბოლო დროს, პრაქტიკულად, არ ჩანს, გივი თარგამაძემ კი, ნაციონალური მოძრაობა, გოგა ბოკერიასთან ერთად დატოვა და ამჟამად, ევროპული საქართველოს სახეა. 

გივი თარგამაძის აგრესიულობაზე კი ყველაზე მკაფიოდ, მის მიერ, 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ ნათქვამი ფრაზა _ ,,სულს ამოგხდით!'' მეტყველებს! 

მოკლედ, მთელი ეს პრეისტორია ნათელყოფს, რომ ბოკერია არცთუ შორეულ წარსულში, აგრესიის კულტივირებას ახდენდა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მას სააკაშვილის თუნდაც ის სკანდალური გამოსვლა არ გაუპროტესტებია, როცა მაშინდელმა პრეზიდენტმა, პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, ყველანი ციხეშიო! 

მიშას ამ ფრაზამ მერაბიშვილის პოლიციას მწვანე შუქი აუნთო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ძალოვანი უწყებები ყველას _ აქლემისა, თუ ნემსის ქურდს ერთნაირი სიმკაცრით სჯიდნენ და საპყრობილეში უშვებდნენ! 

უფრო მეტიც, სააკაშვილის ეს ფრაზა, როგორც იმდროინდელი ოპოზიცია აცხადებდა, იმის წინაპირობა გახდა, რომ პოლიციას ადამიანები ქუჩებში ჩაეცხრილა და ეს ვანდალიზმი დანაშაულთან ბრძოლითა, თუ ე.წ. გადაუდებელი აუცილებლობით „გაეპრავებინა“! 

ყოველივე აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, ჩნდება ლოგიკური და ლეგიტიმური კითხვა: როდის იყო ბოკერია გულწრფელი _ მაშინ, როცა ყველას ციხეში გაშვებას უჭერდა მხარს, თუ ახლა, როცა ფართომასშტაბიანი ინიციატივით გამოდის და ამბობს, რომ არავინ უნდა დაისაჯოს? 

ამას გარდა, ასევე, საკითხავია, ბოკერია ამ ინიციატივით იმიტომ ხომ არ გამოდის, რომ ეშინია, შემდეგმა ხელისუფლებამ ძველი საქმეები არ ამოქექოს ანუ კოჰაბიტაციაზე უარი თქვას და იგივე ბოკერიას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს? 

ბოკერიას ამნისტია სხვა კითხვებსაც აჩენს. მაგალითად, ასეთს: იმ ადამიანებმა, რომლებმაც ბოკერიასა და მისი ყოფილი, თუ ახლანდელი თანამოზარეების წყალობით, ჯოჯოხეთი გამოიარეს, პასუხი ვის უნდა მოსთხოვონ ანუ ბოკერიამ პასუხი ყველაფერ იმაზე, რასაც 2003-დან 2012 წლამდე „აპრავებდა“, მინიმუმ, მორალური პასუხი არ უნდა აგოს? 

მოკლედ, ეს არის კითხვები, რომლებზეც პასუხები არ არსებობს. უფრო მეტიც, ამ კითხვებს ბოკერიას არც არავინ უსვამს და მხოლოდ იმაზე ამახვილებენ ყურადღებას, რომ ზემოხსენებული ინიციატივით, ევროპული საქართველო წყალს „ოცნების“ წისქვილზე ასხამს. არადა, თუ ბოკერიას ინიციატივას ჩავუღრმავდებით, პრობლემა იმაზე უფრო დიდი და ყოვლისმომცველია, ვიდრე ბოკერიას მიერ, „ოცნების“ წისქვილზე წყლის დასხმა! ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ე.წ. ბოკერიას ამნისტია ჩვეულებრივი, ორმაგი სტანდარტია, სტანდარტი, რომელსაც პოპულიზმთან ერთად, საკუთარი ტყავის გადარჩენის სუნი ასდის!

ნინო დოლიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში