Menu
RSS

რა გვარია სინამდვილეში და რატომ არ უყვარს სომეხი მამისა და ქართველი დედის შვილს საქართველო

მართალია, ის საქართველოში დაიბადა, მაგრამ საქართველოს მოქალაქე არ არის! ამის მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენებური პოლიტიკის ერთგვარი რუხი კარდინალია. ყოველ შემთხვევაში, ბოლო წლებში, ქართველი თანამდებობის პირები, რომლებიც ჩვენი სამშობლოს მომავალზე გავლენას ახდენენ, მას ხან საერთაშორისო კონფერენციაზე, საპირფარეშოს კართან შემთხვევით ხვდებიან, ხან კი ეს შეხვედრა ნაწილობრივ ოფიციალურია. უფრო მეტიც, ის ინფორმაციაც არსებობს, რომ სალომე ზურაბიშვილს ამ ადამიანთან თანამშრომლობა აკავშირებს ანუ როგორც ჩვენი წყარო გვეუბნება, რამდენიმე ათეული წლის წინ, როცა „მადამ“ ზურაბიშვილი გაერო-ს შეიარაღების კომიტეტში მუშაობდა, ამ კომიტეტს ზემოხსენებული ადამიანი უძღვებოდა და ზურაბიშვილს მისი მოადგილის პოსტი ეკავა. ერთი სიტყვით, თუ ვერ მიხვდით, რებუსებს თავს გავანებებთ და პირდაპირ გეტყვით, „ვერსია“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის X-ფაილს გთავაზობთ.

მოდით, დავიწყოთ იმით, რომ ლავროვი სომხური წარმოშობის „ქართველი“ რუსია ანუ ის თბილისში დაიბადა. უფრო მეტიც, დედამისი ქართველი იყო, თუმცა კრემლის ერთ-ერთ გავლენიან „კარდინალს“ ეს ხელს არ უშლის, რომ საქართველოს ოკუპაციას მხარი დაუჭიროს და პუტინის ანტიქართული განწყობები კიდევ უფრო ხელშესახები გახადოს. 

„ლავროვი, სასკოლო ასაკამდე სოლოლაკში, ჩაიკოვსკისა და იაშვილის ქუჩების კუთხეში ცხოვრობდა. მისი ნამდვილი გვარი კი ქალანთაროვია“, – ეს განცხადება რამდენიმე წლის წინ, ყოფილმა დეპუტატმა, ჟურნალისტმა ვან ბაიბურთმა გააკეთა და დასძინა, რომ 6 წლამდე, ლავროვი თბილისში, ჩაიკოვსკისა და იაშვილის ქუჩების კუთხეში ცხოვრობდა. ბაბუამისი კი თბილისის საკრებულოს წევრი იყო. 

„ვიცი, რომ სერგეი ლავროვის ნამდვილი გვარი ქალანთაროვია. 2005 წლის 17 თებერვალს, ერევნის სლავურ უნივერსიტეტში ყოფნისას, მას სტუდენტებმა ჰკითხეს, თქვენი სომხური წარმოშობა ხელს ხომ არ გიშლითო? მან უპასუხა, მე თბილისური ფესვები მაქვს იმიტომ, რომ მამაჩემი იქიდან არის, მე სომხური სისხლი მაქვს, სხვა სისხლი ჩემში არ ყოფილა. ეს სისხლი ხელს არაფერში მიშლისო. მახსოვს, ასეთი პასუხი გასცა სერგეი ლავროვმა სტუდენტებს და აღიარა, რომ სუფთა სისხლის სომეხია. მისმა ოჯახმა თბილისი მანამ დატოვა, ვიდრე ლავროვი სასკოლო ასაკს მიაღწევდა. ის წარმოშობით კარგი ოჯახიდანაა. მისი ბაბუა თბილისის საკრებულოს წევრი, მამა კი – ინჟინერი იყო. მის მამას, თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი (გეპეი) ჰქონდა დამთავრებული“, – განაცხადა რამდენიმე წლის წინ ბაიბურთმა. 

სხვათა შორის, ლავროვმა, სომხური წარმოშობის მიუხედავად, როგორც ამბობენ, მშობლიური ენა არ იცის. 

ლავროვის დოსიე სრულფასოვანი რომ გამოვიდეს, უპრიანი იქნება, რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთ ბულგარულ გამოცემაში გამოქვეყნებული სტატია მოვიშველიოთ, რომელშიც ნათქვამია: 

„სერგეი ლავროვი თავგადაკლული მწეველია. როდესაც 2003 წელს, გაერო-ს შტაბ-ბინაში მოწევა აიკრძალა, გენერალურმა მდივანმა, კოფი ანანმა ლავროვს შენიშვნა მისცა და სთხოვა, არ მოეწია. ამაზე მან უპასუხა: „ეს სახლი გაერო-ს ყველა წევრს ეკუთვნის, თქვენ კი მხოლოდ დროებით მართავთ მას“... და მოწევა განაგრძო. 

კოფი ანანი ერთადერთი არაა, ვინც ლავროვის მწარე ენით დაზარალდა. დიპლომატი საკუთარი სახლის საუნაში ინახავს სუვენირს _ ქვას, რომელსაც ამშვენებს წარწერა: „აქ, მინისტრმა ლავროვმა შორს გააგზავნა ბრიტანელი კოლეგა, ჯეკ სტრო“. ეს დიპლომატის მეგობრის ნამუშევარია, რომელიც ამ შემთხვევის მოწმე გამხდარა. ალტაის მდინარე კატუნზე, ყოფილ თანაკურსელებთან ერთად, საწყლოსნო ტურიზმისას, ლავროვს სტროსთან დალაპარაკება სდომებია, მაგრამ ამ უკანასკნელს რამდენჯერმე უყურადღებოდ დაუტოვებია მისი ზარი. „ბოლოს, თავაზიანად ვუთხარი კოლეგას, რომ იმ დღეს მასთან საუბარს ვერ შევძლებდი“, _ ამბობს ლავროვი და ამატებს, რომ მეგობარმა მისი სიტყვები საკმაოდ თავისუფალი ფორმით გადააკეთა~. 

ამავე სტატიის თანახმად, სერგეი ლავროვი, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტის აღზრდილი და კარიერული დიპლომატია, რომელმაც საქმიანობა საგარეო საქმეთა სამინისტროში, ყველაზე დაბალი საფეხურიდან დაიწყო და უწყების ხელმძღვანელი გახდა. ეს პოსტი მას უკვე 11 წელია უკავია. ლავროვმა იცის ინგლისური, ფრანგული და სინგალური ენები. ამ უკანასკნელზე, შრი-ლანკაში ლაპარაკობენ, სადაც ლავროვი პირველ უცხოურ მივლინებაში გახლდათ გაგზავნილი. 1994 წელს, ის რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი გახდა გაერო-ში და დაუღალავად შეუდგა კრემლის სტრატეგიული ხაზის გატარებას, რომლისაც თავად ღრმად სწამს: „რუსეთი, როგორც დიდი „დერჟავის“ პოზიციების აღდგენა!“ 

ცნობილია, რომ ლავროვი ეწინააღმდეგება აშშ-ის დომინირებას საერთაშორისო სარბიელზე. ამასთან, მსოფლიოს თავი, ლავროვმა გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოში გამოყენებული უამრავი ვეტოთი დაამახსოვრა, რისთვისაც „მისტერ არა“ შეარქვეს. მისი ერთ-ერთი კერპი, ალექსანდრ გორჩაკოვი გახლავთ, რომელიც რუსეთის იმპერიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ყირიმის ომში დამარცხების შემდეგ ჩაუდგა სათავეში და, დაახლოებით, 30 წელი მართავდა. 

ლავროვის აზრით, გასული საუკუნის 90-იანი წლები რუსეთისთვის დაკარგული დროა, დრო, როცა ქვეყანა დამცირებული იყო. 

„დღეს კი რუსეთს აქვს შინაგანი ძალა, უფრო ძლიერია ეკონომიკურად და წარმატებით აგვარებს სოციალურ პრობლემებს. ამიტომ რუსეთს შეუძლია, თავს უფლება მისცეს და „თავდაჯერებული“ საგარეო პოლიტიკა გაატაროს“, _ მიიჩნევს ლავროვი. 

პუტინის მარჯვენა ხელის აპოლიტიკური პორტრეტის შტრიხები კი ასეთია: გიმნაზია ვერცხლის მედალზე დაამთავრა. დაოჯახდა სტუდენტობისას, კერძოდ, მესამე კურსზე სწავლისას. ჰყავს ქალიშვილი. გატაცებულია სპორტით, განსაკუთრებით, თხილამურებით, ფეხბურთითა და რაფტინგით. ხანდახან ლექსებსაც წერს. ამასთან, უნდა ვიცოდეთ, რომ ლავროვი მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის ჰიმნის ავტორია, უკრავს გიტარაზე და „აგროვებს“ პოლიტიკურ ანეკდოტებს, რომელთა უმრავლესობა ზეპირად იცის. 

რაც შეეხება ქართველი თანამდებობის პირებისა და ლავროვის ურთიერთობებს, ამ მხრივ, სეზონი თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ გახსნა. 

„ირაკლი ალასანიამ, მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. უსაფრთხოების 46-ე კონფერენციაზე, ალასანია სპეციალური სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული.

შეხვედრაზე ევრო-ატლანტიკური ურთიერთობები, ევროპული და გლობალური უსაფრთხოების საკითხები იყო განხილული. 

კონფერენციის ფარგლებში, ალასანიამ ევროპის ქვეყნების მინისტრებთან გამართა შეხვედრები. ის შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, კარლ ბილდტს შეხვდა. როგორც ცნობილი გახდა, ალასანიასგან შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტთან დაკავშირებით, ამომწურავი ინფორმაცია მიიღო. შეხვედრაზე ასევე, განხილულ იქნა საქართველოში არსებული წინასაარჩევნო პროცესი. 

ალასანიას შეხვედრა ჰქონდა გერმანიის თავდაცვის მინისტრთან, კარლ-თეოდორ გიუტენბერგთან, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ფილიპ გორდონთან, სენატორებთან _ ჯოზეფ ლიბერმანთან და ჯონ მაკკეინთან. 

ალიანსის ლიდერმა ასევე, შეხვედრა გამართა ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველთან უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიმს ჯონსსთან. 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა ირაკლი ალასანიამ, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან გამართა. აღნიშნულ შეხვედრებზე საუბარი შეეხო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს და ევროკავშირის ხელშეწყობით ხელმოწერილი, 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულების აუცილებლობას. 

 

ალასანიას განცხადებით, შეხვედრებზე ყველა ქვეყნის წარმომადგენელმა ხაზგასმით განაცხადა, რომ საქართველოში, თვითმმართველობის არჩევნები დემოკრატიის გამოცდაა, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა აკვირდება. მისი თქმით, ასევე ძალიან დიდი ინტერესია ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესების მიმართ, რადგან მიიჩნევენ, რომ მხოლოდ შიდა პროცესების სტაბილურობა და დემოკრატიული რეფორმების გაგრძელება გახდის საქართველოს უსაფრთხოს და ევროპის განუყოფელ ნაწილად აქცევს“, _ იუწყებოდა რამდენიმე წლის წინ, ქართული მედია. 

ალასანიასა და ლავროვის შეხვედრას, ცხადია, ქართულ პოლიტიკურ ველზე დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ამ მხრივ, მნიშნელოვანია ექსპერტ მამუკა არეშიძის განცხადება ანუ არეშიძე უშვებდა იმის ალბათობას, რომ ალასანია-ლავროვის შეხვედრა შესაძლოა, გაერო-ში რუსეთის წარმომადგენელმა, ჩურკინმა უზრუნველყო. 

„ვიტალი ჩურკინის დამოკიდებულება ალასანიას მიმართ რომ განსაკუთრებული იყო, ეს ვიცოდი, როცა ირაკლი ალასანია გაერო-ში მუშაობდა. როცა შევარდნაძე საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, ვიტალი ჩურკინს შევარდნაძე კარიერულ წინსვლაში ძალიან დაეხმარა, ამით იმას კი არ ვამბობ, რომ ჩურკინი ქართველებზე გიჟდება, მაგრამ როცა ალასანია გაერო-ში იყო, მისდამი ჩურკინის დამოკიდებულება ძალიან დადებითი გახ¬ლდათ. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის გამო, ვიტალი ჩურკინს ალასანიამ თავზე დაახურა, ეს იყო აბსოლუტურად სწორი დიპლომატიური აზრთა გაცვლა, მაგრამ ამას გავლენა არ მოუხდენია, რომ ჩურკინს, ალასანიას მიმართ, სიმპათიები შეცვლოდა. 

არ ვიცი, ჩურკინმა ლავროვთან რამდენად დაულაგა ალასანიას ურთიერთობები. უბრალოდ, გაგონილი მაქვს, რომ მიუნხენის ცნობილ კონფერენციაზე მოხდა ალასანიასა და ლავროვის შეხვდრა, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, არ შეიძლება, შენს მტერსა და მოწინააღმდეგესთან რაიმე ტიპის კონტაქტი არ გქონდეს, სტალინსა და ჰიტლერს შორის არსებობდა კონტაქტი, აშშ-ისა და ჰიტლერის ადმინისტრაცია კონტაქტობდა ერთმანეთთან. ასე რომ, რაღაცა ტიპის კონტაქტები უნდა იყოს. 

სააკაშვილის დარეკილზე, კრემლში ყურმილს არავინ იღებდა და ასეთი ზარები, სხვათა შორის, ძალიან ხშირი იყო... როცა სააკაშვილი პუტინთან ძალიან მჭიდროდ კონტაქტობდა, რა, მან არ იცოდა, ვისთან ჰქონდა საქმე?... ქვეყნისთვის აუცილებელია საქმიანი ურთიერთობები და ამ მხრივ, რაღაც არხები უნდა არსებობდეს“, _ აცხადებდა რამდენიმე წლის წინ, მამუკა არეშიძე. 

ისე, საგულისხმოა, რომ ირაკლი ალასანია თავისი პროდასავლური განწყობებითაა ცნობილია. აქედან გამომდინარე, დღემდე გაუგებარია, რა მიზნით შეხვდა საქართველოს თავდაცვის იმჟამინდელი მინისტრი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს? 

აქვე, ჩნდება მეორე კითხვაც: თუ ლავროვთან შეხვედრის გამო, ანათემას ალასანია არ გადავეცით, იგივე ლავროვთან აუდიენციის გამო, კოცონზე საქართველოს საგარეო საქმეთა მოქმედი მინისტრი რატომ უნდა დავწვათ, მით უმეტეს, რომ არსებული ინფორმაციით, ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრა სპონტანურად ანუ საპირფარეშოს შესასვლელში არ მომხდარა. უფრო მეტიც, როგორც ამბობენ, ამ კომუნიკაციის შესახებ, წინმსწრებად ყველა იმ ადამიანისთვის იყო ცნობილი, ვინც ზურაბიშილს გაეროში ვიზიტისას ახლდა. 

„მივიღეთ ბევრი რეკომენდაცია, რომ ასეთი კომუნიკაცია შემდგარიყო“, _ განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა გაეროში, ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრის შემდეგ. 

მისივე თქმით, ქართული მხარის პოზიცია არის ცხადი, რომ მთავარი მიზანია, მოხდეს იმ ვითარების დეესკალაცია, რომელიც არსებობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მის მიმდებარედ. 

„დღეს არსებული ვითარება არის უკიდურესად მძიმე და ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი კარგად ხვდება იმას, რომ საჭირო იყო რაღაც მოქმედება. სწორედ ამ გარემოებებიდან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ ბევრი რეკომენდაცია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან, რომ ასეთი კონტაქტი შემდგარიყო. რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან _ აშშ-სთან, ევროკავშირთან და სხვა მეგობარ ქვეყნებთან. შესაძლებლობებსა და შედეგებზე საუბარი ნაადრევი იქნება. ჩვენ უნდა დაველოდოთ კონკრეტულ განცხადებებს, რომელსაც გააკეთებს საგარეო საქმეთა მინისტრი და შემდგომში ჩვენ გამოვიყენებთ ყველა იმ შესაძლებლობას, რომელიც აუცილებელი იქნება სიტუაციის დეესკალაციისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენი გაცხადებული პოზიციაა, რომ ჩვენ რუსეთთან ურთიერთობაში ვმოქმედებთ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად~, _ განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. პრემიერის მრჩევლის განცხადებით, ნიუ-იორკში შეხვედრის დასრულების შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრი გააკეთებს კომენტარს: „ეს ნიშნავს იმას, რომ კომუნიკაცია შედგა და ეს კომუნიკაცია შედგა საერთაშორისო თანამეგობრობის ფასილიტაციით. ეს არის რეალობა, რომლის წინაშეც ვდგავართ. ამგვარი კონტაქტის აუცილებლობა გამოწვეული იყო იმ დაძაბული ვითარებით, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებობს. რა თქმა უნდა, ჩვენს ინტერესს წარმოადგენს ის, რომ ჟენევის ფორმატში ახალი შესაძლებლობები გავაჩინოთ. ჩვენი ყველა პარტნიორი ცხადად ხედავს, რომ ჟენევის ფორმატი არის პრაქტიკულად შეჩერებული და არანაირი გადაწყვეტილებები არ მიიღება. სწორედ ამის ხელახალი გაძლიერებისთვის გვჭირდებოდა ასეთი კომუნიკაცია. სწორედ ეს იყო მთავარი არგუმენტი, რომელიც ჩვენს პარტნიორებს გააჩნდათ“, _ თქვა ირაკლი ჩიქოვანმა. 

სხვათა შორის, ლავროვთან შეხვედრა მარტო ალასანიას და მის ყოფილ თანაპარტიელ ზალკალიანს კი არა, თავის დროზე, სალომე ზურაბიშვილსაც ჰქონდა. ასე, მაგალითად, 2011 წელს, როცა ზურაბიშვილი პარტია საქართველოს გზას ლიდერობდა, მისმა პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა ზურაბიშვილისა და ლავროვის შეხვედრა: 

„შეხვედრა, რომელიც მოსკოვში შედგება, ირანის თემატიკას შეეხება“, _ იუწყებოდა მაშინ ზურაბიშვილის პრესსამსახური და დასძენდა, რომ ამ აუციენციაზე მხარეები საქართველოს არ ახსენებდნენ. 

სხვათა შორის, ზურაბიშვილი ლავროვს მაშინაც შეხვდა, როცა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა. გასულ წელს ანუ საპრეზიდენტო კამპანიის დროს, ზურაბიშვილმა ეს შეხვედრა გაიხსენა და განაცხადა: 

„ჩემზე ყველაფერს ამბობენ და იგონებენ. დღეს საუბრობენ, რომ ქართული ენა არ ვიცი, მაგრამ არ ახსოვთ, რომ ლავროვს ქართულად ველაპარაკე... მგონი, ჩემს გარდა, არცერთ საგარეო საქმეთა მინისტრს, პრეზიდენტს არც მოლაპარაკებებზე და არც შეხვედრებზე, ქართულად არ ულაპარაკია. შეიძლება, შეცდომით ვსაუბრობ ხოლმე, მე არ მაქვს პრეტენზია, რომ ჩემი ქართული უშეცდომოა, მათ შორის, ჩემი შვილების მეტყველება, მაგრამ ძალიან ამაყი ვარ, რომ ისინი ქართულად საუბრობენ“. 

ზურაბიშვილმა საარჩევნო კამპანიის დროს, ლავროვთან შეხვედრის უცნობი დეტალებიც გააცნო საზოგადოებას და თქვა: 

„როცა პირველი შეხვედრისას ერთი-ერთზე დავრჩით, ასეთი კითხვა დამისვა: „თქვენ გინდათ, რომ რუსეთი რაღაცნაირად დააკნინოთ და აჩვენოთ მსოფლიოს, რომ გაგვყარეთ ქვეყნიდან. ამაზე რას მიპასუხებთ?“ 

მე ვუთხარი, რომ ეს არ არის ჩვენი თვითმიზანი, რომ სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანა ვერ იარსებებს, თუ თავის ტერიტორიაზე ეყოლება უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზები. ეს არის ის, რაც ჩვენ გვამოძრავებს-მეთქი. 

ამის შემდეგ, მეც მივმართე, მეც ვკითხე: თქვენ რას აპირებთ? როგორც წარსულში იყო მუდმივად, ჩვენ გულწრფელად ვაწერდით ხელს ამა თუ იმ ხელშეკრულებას და მერე თქვენ ამას ზურგს აქცევდით და მთავრდებოდა იმით, რომ შემოდიოდით ქვეყანაში. 

ამაზე მითხრა, არა, არაო!“ 

ზურაბიშვილის თქმითვე, 2005 წელს გამართული შეხვედრის შემდეგ, რუსეთმა, პირველ ეტაპზე, მართლაც, შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ანუ საქართველოდან სამხედრო ბაზები გაიყვანა, მაგრამ „მერე მოვიდა 2008 წელი და ისევ შემოგვესივნენ“. 

„ეს არის ძალიან რთული ისტორია, თუმცა ჩვენ რაღაც მომენტში, კვლავ უნდა გავყვეთ მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზას, კიდევ უფრო ფრთხილად და კიდევ უფრო დიდი გამბედაობით“, _ თქვა გასულ წელს ზურაბიშვილმა. 

მოკლედ, შეიძლება, თამამად ვთქვათ, რომ სერგეი ლავროვს, თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში, ზუსტად ისეთივე მისია აქვს, რა მისიაც თავის დროზე, ლავროვის წინმორბედ იგორ ივანოვს ჰქონდა _ ვისაც უახლესი წარსული არ დავიწყებია, ეხსომება, რომ „ვარდების რევოლუციის“ ბედი, სწორედ იგორ ივანოვმა გადაწვიტა ანუ სანამ ცხონებული შევარდნაძე პრეზიდენტობიდან გადადგებოდა და იტყოდა, შინ მივდივარო, თბილისში იგორ ივანოვი ჩამოვიდა, რომელიც აწ განსვენებულმა ზურაბ ჟვანიამ პარლამენტის წინ, მიტინგზე მიიყვანა. ივანოვის თბილისში ვიზიტამდე კი, იმხანად ნაციონალი და ახლა გამარჯვებული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, კოტე კემულარია მოსკოვში იმყოფებოდა. ამბობენ, რომ ივანოვის თბილისური ვიზიტი, სწორედ კემულარიამ, ასე ვთქვათ, დაგეგმა. 

„ვარდების რევოლუციიდან“ რამდენიმე თვის შემდეგ, ივანოვი საქართველოში კიდევ ერთხელ ჩამოვა, თუმცა ამჯერად, მისი „დაშვების ადგილი“ თბილისი კი არა, ბათუმი იქნება და... ბათუმიდან მოსკოვში, ასლან აბაშიძესთან ერთად გაფრინდება. 

ასე და ამგვარად, რაც უნდა ვიძახოთ, რუსეთი ოკუპანტიაო და, მართლაც, ასეა, თვალი იმ რეალობასაც უნდა გავუსწოროთ, რომ ქართველი პოლიტიკოსები, რუსული პოლიტიკის მთავარ მოთამაშეებს საჯაროდ, თუ ფარულად ხვდებიან და, ეშმაკმა უწყის, ამ შეხვედრების „კადრს მიღმა“, რა გადაწყვეტილებები მიიღება!

ნინო დოლიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში