Menu
RSS

რატომ არის მნიშვნელოვანი თარიღი 2012 წლის 1 ოქტომბერი

პირველი არჩევნები, რომელშიც მმართველი პარტია დამარცხდა და ხელისუფლება რევოლუციის გარეშე შეიცვალა

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან, 7 წელი გავიდა. რატომ არის ეს არჩევნები მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში, პრაქტიკულად, პირველად მოხდა, როდესაც ხელისუფლება არეულობისა და რევოლუციის გარეშე ანუ მშვიდობინად შეიცვალა. ამასთან, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა მმართველი პარტია დამარცხდა, დამარცხდა იმის მიუხედავად, რომ საარჩევნო გარემო პოლარიზებული იყო. 

ყველაფერი კი 2010 წელს დაიწყო, როცა კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდა და ამით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობა გაზარდა ანუ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მთავრობის დაკომპლექტება მთლიანად პარლამენტის უფლებამოსილებაში უნდა გადასულიყო. სწორედ ამიტომ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება, ჯერ კიდევ 2011 წლის ზამთარში დაიწყო, როცა 8 პოლიტიკური პარტიის გაერთიანება ე.წ. ოპოზიციური რვიანი შეიქმნა და ეს გაერთიანება, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, იმდროინდელ ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა. 2011 წლის ზაფხულში, „რვიანი“ დაიშალა, საარჩევნო კოდექსზე შეთანხმებას კი შემდეგმა პარტიებმა მიაღწიეს _ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, ახალი მემარჯვენეები, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და ,,ჩვენ თვითონ''. 

2011 წლის ოქტომბერში, პოლიტიკური მიზნები და არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც მანამდე, ცხოვრების არასაჯარო სტილით იყო ცნობილი. 11 ოქტომბერს, სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ განაცხადა, რომ ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა. პარალელურად, ივანიშვილმა ჩამოყალიბა პარტია „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველო“ და შექმნა კოალიცია „ქართული ოცნება“, რომელშიც გაერთიანდა 6 პარტია. კოალიცია იქცა მმართველი ძალის ანუ ნაციონალური მოძრაობის ძირითად კონკურენტად. წინასაარჩევნო პერიოდში, ხელახლა დაიწყო მაუწყებლობა ტელეკომპანია „მეცხრე არხმა“, რომლის ფუნქციონირებაც ივანიშვილის სახელთან იყო დაკავშირებული. 2012 წლის ზაფხულში, ხელისუფლებამ დააყადაღა კომპანია, რომელიც „მეცხრე არხის“ მაუწყებლობის გაფართოებას სატელიტური თეფშების საშუალებით გეგმავდა. ამასთან, წინასაარჩევნო პერიოდში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, ამომრჩეველთა მოსყიდვის ბრალდებით, დააჯარიმა ივანიშვილის კოალიციის 100 მომხრე და თავად ივანიშვილს, მრავალმილიონიანი ჯარიმა დააკისრა. სექტემბერში გახშირდა პოლიტიკურად აქტიური ადამიანების დაკავებისა და ადმინისტრაციული პატიმრობის შემთხვევები, რასაც ოპოზიციური პარტიები და უფლებადამცველი ორგანიზაციები პოლიტიკურ დევნად აფასებდნენ. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებით, წინასაარჩევნო გარემო მკვეთრად უთანასწორო იყო. წინასაარჩევნო გარემოს, აგრეთვე, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებიც აფასებდნენ. ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიამ წინასაარჩევნო გარემო შეაფასა, როგორც პოლარიზებული, ორი ძირითადი პოლიტიკური ძალის ქმედებებს კი „კონფრონტაციული და უხეში“ უწოდა. ყველაფერ ამის მიუხედავად, 2012 წლის 1 ოქტომბრის საღამოს ანუ საარჩევნო უბნების დახურვისთანავე გამოქვეყნებულმა ეგზიტპოლის შედეგებმა ნათელჰყო, რომ არჩევნებში „ოცნებამ“ გაიმარჯვა

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში