Menu
RSS

გახარიას ტრიუმფი(?!)

ჰყავს თუ არა გუნდის შიგნით მტრები ახალ პრემიერს და რატომ ჩაუვარდა ოპოზიციას კოვზი ნაცარში

მოხდა ის, რაც მოსახდენი იყო, უფრო სწორად, რის შესახებაც ხმა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გავრცელდა ანუ როგორც კი შს მინისტრად დაინიშნა, პოლიტიკურ წრეებში ითქვა, რომ გიორგი გახარიას „ოცნება“ „პრაიმ მინისტრად“, ესე იგი, მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელად ამზადებდა. ჰოდა, ამ ინფორმაციამ გაჟონა თუ არა, ოპოზიციამაც გახარიაზე შტურმი მიიტანა. ამ მხრივ კი პირველი „ბატალური სცენა“ 2018 წლის გაზაფხულზე, ღამის კლუბ „ბასიანთან“ გათამაშდა. მართალია, „ბასიანის“ სპეცოპერაციამ თბილისის მთელი ახალგაზრდობა, პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, ქუჩაში გამოიყვანა და ოპოზიციასაც შეუქმნა ილუზია, რომ არათუ გახარია „ჩააჩოჩა“ უკანა პლანზე, არამედ, „ოცნების“ ხელისუფლებასაც წყალი შეუყენა, მაგრამ ხომ იცით, ყოველთვის ისე არ წვიმს, როგორც ქუხს. ჰოდა, გახარიას ერთმა ფრაზამ _ „მოდით, დავიწყოთ ბოდიშით“, ვითარება განმუხტა.

მაინც, რა მოხდა „ბასიანზე“? _ მოდით, ჯერ თვალი იმდროინდელ ინტერნეტმედიას გადავავლოთ და მერე ის ვერსიებიც განვიხილოთ, რომელი ვერსიებიც მაშინ და მას შემდეგაც, იგივე სახელისუფლებო კულუარებში მუსირებს. 

მოკლედ, „ბასიანისა“ და „გალერის“ სპეცოპერაციების ქრონოლოგია ასეთია: 

2018 წლის 12 მაისს, შუაღამისას, კლუბებში _ „ბასიანი“ და „გალერი“ სპეციალური დანიშნულების რაზმი შევიდა. 

 

სპეცოპერაციების შემდეგ, პოლიციამ კლუბების მხარდასაჭერად შეკრებილი ადამიანების აქცია დაარბია და ათეულობით მონაწილე დააკავა. შსს აცხადებდა, რომ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა, 12 მაისს, ამ კლუბებში შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა და ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი დააკავა. 

12 მაისის ღამესვე, პარლამენტის შენობასთან დაიწყო აქციები, რომელთა მთავარი მოთხოვნა იყო პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა, ასევე, ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირის დასჯა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. 

პარალელურად, დაიგეგმა და ჩატარდა ულტრანაციონალისტური ჯგუფების რამდენიმე აგრესიული კონტრაქცია. ისინი პარლამენტის შენობასთან მისვლას ცდილობდნენ. შსს-მ ტერიტორიაზე სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანებიც განათავსა. აქციების მონაწილეებს ერთმანეთისგან პოლიციის კორდონი ყოფდა. 

მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთა პირველი განცხადება საქართველოს იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა. ის მიმდინარე პროცესებს 14 მაისს, დღის ბოლომდე არ გამოხმაურებია. გიორგი კვირიკაშვილმა სპეციალური ბრიფინგი გამართა, თუმცა აქციის მოთხოვნებზე ან სპეცოპერაციის ფორმებზე და ვინმეს პასუხისმგებლობაზე არც იქ უსაუბრია. 

პრემიერ-მინისტრმა აქციის მონაწილეებს მისცა პირობა, რომ მათ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არაფერი დაემუქრება. გარდა ამისა, კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ დაუშვებელია რაიმე სახის დაპირისპირება და საზოგადოების გახლეჩვის მცდელობა. 

ამ განცხადების შემდეგ, აქციის მონაწილეების ნაწილს პარლამენტის შენობაში შინაგან საქმეთა მინისტრი შეხვდა. დაახლოებით, ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ გიორგი გახარიამ შეკრებილებს სიტყვით მიმართა, ბოდიში მოიხადა და სამუშაო რეჟიმზე გადასვლისკენ მოუწოდა: 

„იმისათვის, რომ ყველამ მივაღწიოთ ჩვენს მიზანს, რომელიც გახლავთ, რომ ერთობლივად ვიპოვოთ სწორი გამოსავალი იმ საკმაოდ რთული ამოცანებიდან, უნდა გადავინაცვლოთ უფრო სამუშაო რეჟიმში. ამიტომ მე გპირდებით, რომ ხვალ, დილით, 10 საათზე, თქვენს წარმომადგენლებთან ერთად, დეტალურად განვიხილავ პარასკევის ყოველ წუთს და ყველა ის ადამიანი, რომელზეც ერთობლივად შევთანხმდებით, რომ უფლება დაირღვა, რა თქმა უნდა, იქნება უფლებააღდგენილი. მე ასევე, გპირდებით, რომ ჩვენ კონკრეტულ შედეგებს მივაღწევთ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით“, _ თქვა მაშინ გახარიამ. 

ამის შემდეგ აქცია დაიშალა. მონაწილეები ტერიტორიიდან შსს-ს დახმარებით გაიყვანეს, რის შემდეგაც ულტრანაციონალისტურმა დაჯგუფებებმა „გამარჯვება“ იზეიმეს. 

აქციას გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქოც და აღნიშნა, რომ ჩატარებულმა სპეცოპერაციამ საზოგადოების ნაწილში კითხვები გააჩინა, მაგრამ პარლამენტის წინ შეკრებული ახალგაზრდების ნაწილის ქცევამ და განცხადებებმა უარყოფითი მუხტი შემოიტანა და კონტრაქციის ჩატარების საფუძველი წარმოშვა. 

ასე იყო თუ ისე, „ბასიანისა“ და „გალერის“ სკანდალი მინავლდა, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პოლიტიკურ კულუარებში მაშინვე ითქვა, რომ ყველაფერი, რაც მოხდა, ოპოზიციასთან ერთად, ხელისუფლების ცალკეული წრეების კისერზეც იყო ანუ უფრო ნათლად და გასაგებად რომ ვთქვათ, სხვადასხვა ვერსიის თანახმად, გახარიას თავად „ოცნებაშივე“ იმთავითვე ებრძოდნენ და ანტინარკოტიკული სპეცოპერაციის სათავისოდ გამოყენება მისმა „ახლოს მდგომებმა“ სცადეს, თუმცა მაშინ ეს ტრიუკი წარმატებული არ აღმოჩნდა. 

მეორედ, აწ უკვე ყოფილი შს მინისტრი სკანდალში მიმდინარე წლის გაზაფხულზე გაეხვა, როცა ცნობილი გახდა, რომ პანკისის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ სპეცრაზმი იქნა ჩაყვანილი. 

რას აპროტესტებდნენ პანკისელები და რა შუაში იყო სპეცრაზმი? _ ხალხი ჰესის მშენებლობას აღუდგა წინ და, მიუხედავად იმისა, რომ ეს პროტესტი აბსოლუტურად ლეგიტიმური იყო, სად იყო და სად არა, ხეობაში ნიღბიანი სპეცრაზმელები გამოჩნდნენ. 

„დღეს, დილიდან, პანკისის ხეობაში, სოფელ ძიბახევში ადგილობრივი მოსახლეობა მცირე ჰესების სამშენებლო სამუშაოების განახლებას აპროტესტებს. 

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დილით ტრაქტორის ხმაურით მიხვდნენ, რომ ჰესიის მშენებლობა დაიწყეს, რასაც დიდი ხანია აპროტესტებენ. 

ადგილობრივები დილიდან იმ ადგილისკენ გაემართნენ, სადაც ჰესის მშენებლობა განახლდა, თუმცა გზაზე შსს-ს სპეცრაზმი დახვდათ მობილიზებული. 

ადგილობრივებსა და სპეცრაზმს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმს ქვები და ხელკეტები დაუშინეს, რის შემდეგ პოლიციამ მათ წინააღმდეგ, როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. 

დაპირისპირების შედეგად აქციის რამდენიმე მონაწილე და პოლიციელი დაშავდა. 

მიუხედავად ამ დაპირისპირებისა, საპროტესტო აქცია არ შეწყვეტილა. პირიქით, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა იმ ადგილზე გადაინაცვლეს, სადაც ჰესის მშენებლობა განახლდა და ხელისუფლებას მიმართეს სასწრაფოდ შეეჩერებინათ მშენებლობის პროცესი. 

ამის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე კახა საბანაძემ, ხეობაში საპროოტესტო აქციაზე შეკრებილ მოსახლეობას დიალოგისკენ მოუწოდა, თუმცა ვითარება კვლავ დაიძაბა და სპეცრაზმმა აქციის მონაწილეებს რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი ესვროლა. 

ასევე, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმელების მისამრთით ისროლეს ქვები და ხელკეტები“, _ იუწყებოდა 2019 წლის 21 აპრილს „პანკისის სათემო რადიო“. 

ერთი სიტყვით, ამ ვაკჰანალიამ, იგივე ოპოზიციას ახალი სალაპარაკო მისცა, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ყველა, ვისაც არ ეზარებოდა, გახარიას „ქოლავდა“, თან იმით აპელირებდა, აი, პანკისი სენსიტიური თემაა და ასეთი ხისტი მოქმედებებით შესაძლოა, 90-იანი წლების სტატუს-კვო დაბრუნდესო.

მართალია, შსს-მ მკაფიოდ განმარტა, რომ ხეობაში სპეცრაზმი არ შეუყვანია, მაგრამ ამის მიუხედავად, ბრალდებების კასკადი არ წყდებოდა. ამასთან, იმას არავინ, ან თითქმის არავინ აქცევდა ყურადღებას, რომ ჯერ ერთი, ძალოვანი უწყების წარმომადგენელზე ხელის აწევა სისხლის სამართლის დანაშაულია, მეორეც, ვინ სთხოვა შსს-ს, რომ ხეობაში, თუნდაც გაძლიერებული საპოლიციო ძალები შეეყვანა? 

ასე იყო თუ ისე, პანკისის ეს მოვლენებიც წარსულს ჩაბარდა და ზუსტად მაშინ, როცა ოპოზიციას სალაპარაკო აღარაფერი ჰქონდა, „გავრილოვის ღამემ“, როგორც იტყვიან, მაშველი რგოლის ფუნქცია შეასრულა. ჰოდა, „ანტიოცნებელებმაც“ გახარიაზე იერიში ხელახლა მიიტანეს. 

მაინც, რა და რატომ მოხდა „გავრილოვის ღამეს“? _ ამის შესახებ ბევრი ითქვა და დაიწერა, შესაბამისად, ჩვენ დეტალებში აღარ შევალთ, თუმცა ყველაფერ ამაში ერთია საინტერესო: რატომ ითხოვდა ოპოზიცია მარტო შს მინისტრის გადადგომას და არა _ მთელი მთავრობის? 

ამ თემაზე საინტერესო მოსაზრება აქვს ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას, რომელიც აცხადებს: 

„სულ ვკითხულობდი, 20 ივნისის გამო რატომ ითხოვდა ოპოზიცია გახარიას გადადგომას და არა _ მთავრობის? რატომ იქმნებოდა კრიზისი ერთი პერსონის ირგვლივ? ახალგაზრდებისკენ ხელს ნურავინ გაიშვერს. მსუბუქად ვიკითხავ _ შეთქმულებების თეორიებს, ჩემს ვარაუდებსა და ეჭვებს არ განვავრცობ _ ისევ „შეცდა“, თუ „შეეშალა“ ოპოზიციას? 

ვიცი და მესმის, რომ მტკივნეულია ხოლმე ამის მოსმენა. დამოკიდებულებებსაც ვგრძნობ, თავად შეცდომებს უშვებენ, ლამის ყველა საკითხში და მერე, ვინც ამას ამბობს, ან შუაშისტს ეძახიან, ან ქოცს. რატომ? _ მწარეა სიმართლე და იმიტომ! 

კარგი თუ ცუდი, ერთადერთი დრაივი სააკაშვილია, რომელსაც ინფორმირების დონეზეც ატყუებენ და მერე იმაზე „კაიფობენ“, მიშასაც ეშლებაო. ამ დროს, დამოუკიდებლად ელემენტარულ გათვლებსაც ვერ აკეთებენ. არასოდეს აქვთ გეგმა „ბ“. იმის არ იყოს, ყოველი არჩევნების წინ, დავიცავთ ხმებსო რომ იძახიან და არჩევნების მეორე დღეს, სანთლით არიან საძებარნი. 

აი, ახლა რა არის გეგმა „ა“ და გეგმა „ბ“? ბიძინას უძლეველობის მითის პროპაგანდირება? რასაც ხალხის გაგიჟება უნდა მოჰყვეს და მერე, ოპოზიცია აღმოჩნდეს სავარძლებში? მაგრამ, ამ პროპაგანდირებით აპათიის ხარისხს რომ ზრდიან თავიანთ მიმართაც და, პირველ რიგში, სახელმწიფოს მიმართ? რა, ეს ვერ გაიგეს? 

ფაშინიანთან უნდა მქონდეს პრეტენზია, ან ალიევთან _ აქ რატომ არ იბრძვიან? ეს უძლეველი ბიძინას მითიც ოპოზიციის უსუსურობამ, არაორგანიზებულობამ და მავანთა ჩარჩობამ შექმნა. ნურავის დაავიწყდება (ბევრს, ყოველ შემთხვევაში), ჩემი ხელით გამოგიყვანეთ სამზარეულოდან და დაგაბრუნეთ პოლიტიკაში. ჰო, მე _ იძულებითი ინტერვიუებითა და კომენტარებით. 

ახლა? სულაც არ აღვიქვამ პროცესს ისე, რომ ივანიშვილი გვეძალადება, ან გახარია. ისინი საკუთარ გეგმას მიჰყვებიან. ოპოზიციის გეგმა კი არ ჩანს, თუმცა როგორ არ ჩანს _ არ აქვთ! 

ახლა, რაც შეეხება გახარიას, „ოცნებაზე“ გულაცრუებული ცალკეული, არცთუ უმნიშვნელო რაოდენობის ადამიანისთვის ერთგვარად იმედია მისი დანიშვნა. მას მძიმე ტვირთად ექნება პრორუსული იარლიყი და ვნახოთ, რას მოუხერხებს. მით უფრო, ახალი კონფიგურაციის პირობებში. ცხადია, ივანიშვილისგან კარტბლანში ექნება. ჩემი პირადი პოზიცია იყო, რომ ახლა ეს არ შეიძლებოდა შიდა გუნდური ინტრიგების გამო, სხვა ფაქტორები გვერდით რომ გადავდოთ, თუმცა უკვე ფაქტი შემდგარია და ახლა პროცესებს უნდა დავაკვირდეთ. 

ისე, ქვეყანას ნამდვილად სჭირდება ცვლილებები და ამას უნდა ჯანმრთელი პოლიტიკური გონი და არა _ მუდმივი თავდაჯერებული იდიოტიზმი, რომ ოპოზიციამ ყველაფერი იცის. არც მუდმივად იმაზე აპელირება შეიძლება, რომ ვიღაც უძლეველია.“ 

ერთი სიტყვით, როგორც მირცხულავა ამბობს, ფაქტი შემდგარია და ამას ვეღარავინ შეცვლის _ ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, გიორგი გახარია პრემიერია, ასევე, შეცვლილია თავდაცვის მინისტრი _ იზორიას ადგილს ყოფილი პრემიერი და შს ყოფილი მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იკავებს. აი, ახლა სწორედ ღარიბაშვილი იქნება „ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი სუსტი რგოლი. ყოველ შემთხვევაში, უნდა ველოდოთ, რომ ოპოზიცია, გახარიას პარალელურად, წერტილოვან დარტყმებს მასზეც განახორციელებს და ეს უკვე გამოჩნდა „ანტიოცნებურად“ განწყობილი ექსპერტების კომენტარებიდან, რომელიც საინფორმაციო სააგენტო „ჰოთნიუსმა“ გაავრცელა. 

აი, მაგალითად, დიმიტრი შაშკინი, რომელსაც ნაციონალების დროს სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობა ეკავა და ბოლოს, თავდაცვის მინისტრი იყო, „ჰოთნიუსს“ ეუბნება, რომ ღარიბაშვილი ჯარში წმენდას დაიწყებს: 

„მთავრობის ცვლილება არის ერთ ადამიანზე აგებული პროცესი და რა გვარი რომელ თანამდებობაზე იქნება, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. გახარიას პრემიერად დანიშვნა არის აბსოლუტური მკაფიო სიგნალი საზოგადოებისთვის, რომ საერთოდ არ აინტერესებს ბიძინა ივანიშვილს საზოგადოების აზრი. ღარიბაშვილის გაშვება თავდაცვის სამინისტროში იმაზე მიუთითებს, რომ არ ენდობა ხელისუფლება ჯარს. სალომე ზურაბიშვილის დანიშვნის დროს ჯარმა მას ხმა არ მისცა, აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, ცვლილებებს უნდა ველოდოთ, თუ საზოგადოება ამას დაუშვებს შეიარაღებულ ძალებში. ღარიბაშვილი გამოირჩევა სიძულვილის ენით, ის არის ყველაზე არაადეკვატური პოლიტიკოსი, ასეთი ადამიანის ჯარში გაშვება მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება ჯარს არ ენდობა, ჯარმა არ მისცა ხმა სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც ჯარს დააბრალა ცხინვალის დაბომბვა და უნდა ველოდოთ, რომ ღარიბაშვილი დაიწყებს იქ წმენდას. ჯარი არის სპეციფიკური ინსტიტუტი, სადაც მსახურობს ხალხი, რომელიც სიკვდილს ყოველ წუთს უყურებს თვალებში, აქედან გამომდინარე, ამ ხალხის დამონება შეუძლებელია. ამ ხალხს ვერ დაამონებ, ეს ინსტიტუცია შეიძლება დაანგრიო და, სავარაუდოდ, ის ამას იზამს.“ 

კიდევ ერთი ექსპერტი, ნოდარ ხარშილაძე კი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს, ასევე, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი იყო, ამბობს, რომ ღარიბაშვილის მიმართ ამერიკელებს არცთუ კეთილგანწყობილი დამოკიდებულება აქვთ. 

„ღარიბაშვილი საკმაოდ მიუღებელი ფიგურაა. თავდაცვის სამინისტრო „ქართული ოცნების“ გუნდში აქტუალური უწყება აღარ არის, სამწუხაროდ. ძირითადად ნატო-ს და საერთაშორისო ურთიერთობების განხრით იყო აღქმული და აშშ-ს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი უწყება იყო თავდაცვის სამინისტრო. ლევან იზორია ახერხებდა აშშ-თან ნორმალურ ურთიერთობას, ამის ბევრი ფაქტი არსებობს. იზორიას ადვოკატად არ გამოვდგები, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მან შეძლო აშშ-სთან დაბალანსებული ურთიერთობის შექმნა. ღარიბაშვილის პირობებში, რომელიც ამერიკელებისთვის ცოტა უხერხული ფიგურაა, რბილად რომ ვთქვათ, რთულად წარმომიდგენია, როგორ გაგრძელდება ყველაფერი ეს. 

საერთოდ, მოდის ინფორმაცია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან, რომ მალე დასკვნები გამოქვეყნდება და უკვე გადაწყვეტილია, განსაკუთრებით ვაშინგტონში, რომ „ქართული ოცნება“ უნდა წავიდეს. ამის ფარული, მაგრამ საჯარო გზავნილები უკვე იქნება. დაახლოებით, 2011 წელს, როგორც იყო ნაციონალურ მოძრაობასთან მიმართებაში, მანამდე შევარდაძესთან მიმართებაშიც როგორც მოდიოდა გზავნილები, რომ ცვლილებების დრო იყო, ასეთი გზავნილები დაიწყება და ისეთი პროცესი ჩამოყალიბდება,“ _ ციტირებს „ჰოთნიუსი“ ხარშილაძის სიტყვებს. 

რაც შეეხება გიორგი გახარიას ძველ სამსახურს, შს მინისტრის პოსტს სუს-ის ყოფილი უფროსი, ვახტანგ გომელაური დაიკავებს, სუს-ის უფროსი კი გიორგი ლილუაშვილი გახდება, რომელიც ბოლო ორი წელია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. გომელაური და, განსაკუთრებით, ლილუაშვილი ის პერსონაა, რომელზეც ოპოზიციას შეტევის განხორციელება გაუჭირდება ანუ ამ მხრივ „ანტიქოცებს“, როგორც იტყვიან, ხელები შეკრული აქვთ. 

ასეა თუ ისე, სამართლიანობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კარსაა მომდგარი. აქედან გამომდინარე, ის სამთავრობო ცვლილებები, რომლის მოწმენიც ახლა გავხდით, მმართველ გუნდს, რომლის მიმართაც საზოგადოებაში ერთმნიშვნელოვანი კეთილგანწყობა არ არსებობს, ფონს ვერ გაიყვანს ანუ გაცილებით მეტი ქმედებაა საჭირო, ქმედება, რომელიც ქვეყანაში ეკონომიკურ უკუსვლას შეაჩერებს და ხელისუფლებასაც ხალხთან პირისპირ საუბარი უფრო თამამად და გაბედულად შეეძლება. 

ცნობისთვის: პარლამენტი მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობას დღეს, 4 სექტემბრიდან იწყებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, როგორც „ჰოთნიუსი“ იუწყება, საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, დავით ზალკალიანს მოუსმენენ. შემდეგ -განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატს, მიხეილ ბატიაშვილსა და ასევე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატს, ეკა ტიკარაძეს. 

5 სექტემბერს _ შს მინისტრობის კანდიდატს, ვახტანგ გომელაურს, იუსტიციის მინისტრობის კანდიდატ თეა წულუკიანს, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილსა და შერიგიებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატ ქეთევან ციხელაშვილს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროებისა, ასევე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმენენ. დეპუტატები 5 სექტემბერს მოუსმენენ ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატს, ნათია თურნავასა და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატს, ივანე მაჭავარიანს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატს, ლევან დავითაშვილსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატს, მაია ცქიტიშვილს. 8 სექტემბერს -პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილება. 

მოკლედ, ყველაფერი თითქოს გადაწყვეტილია და უმრავლესობას საკუთარი პოზიციების გატანა არ გაუჭირდება, თუმცა კულუარებში სათადარიგო ვერსიის შესახებაც საუბრობენ ანუ არ გამორიცხავენ, რომ პარლამენტის ოპოზიციამ, „ოცნების“ დეპუტატების ხელშეწყობით, მთავრობის ახალი კაბინეტი ჩააგდოს, ესე იგი, არ დაამტკიცოს. თუ ასე მოხდა, მაშინ „ოცნება“ იძულებული გახდება, საზოგადოებას მთელი მინისტრთა კაბინეტისა და მათ შორის, პრემიერობის ახალი კანდიდატი გააცნოს. ასეთ რეზერვად მაია ცქიტიშვილი სახელდება და თუ მეორე მცდელობაც წარუმატებელი აღმოჩნდება, ჩნდება ერთადერთი გამოსავალი _ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. 

ისე, ჩვენთვის რომ ვთქვათ, ვადამდელის დანიშვნა ოპოზიციისთვის გულში ლახვარის ჩარჭობის ტოლფასი იქნება, მით უმეტეს, თუ არჩევნები ძველი კოდექსით ჩატარდება. ასეთ შემთხვევაში, ოპოზიციას გამარჯვების კი არა, ბარიერის გადალახვის მინიმალური შანსი ექნება. სამაგიეროდ, „ოცნება“ საბოლოოდ ჩამოიცილებს იმ იარლიყს, აი, კოჰაბიტაციას გადააყოლა ქვეყანაო. ჰოდა, თუ ეს სცენარი გათამაშდა, მერეც გამოვიდნენ ვიღაცები და იძახონ, ივანიშვილი პოლიტიკოსი არ არისო! 

ასე რომ, „კართან მოდგა შემოდგომა“ და დიდი პოლიტიკური პერეტრუბაციებიც დაიწყო. ზოგი გახარებულია და გახარიას ტრიუმფს ზეიმობს (საკითხავია, ეს რეალური ტრიუმფია თუ მოჩენებითი), ზოგს კი, როგორც იტყვიან, დანა პირს არ უხსნის. ამასობაში კი, ხალხს მთელი ეს პოლიტიკური თამაშები, უკაცრავად ნათქვამია და, სულ ფეხზე ჰკიდია. მოსახლეობას მხოლოდ იმის დარდი აქვს, შიმშილით სიკვდილს როგორ დაემალოს, თორემ პოლიტიკურ დოღში რომელი კლანი დაწინაურდება, ეს სულ არ ანაღვლებს! 

არადა, ხალხი პოლიტიკური ელიტისთვის საშიში სწორედ მაშინ არის, როცა არც ბრაზობს და არც იცინის!

ნინო დოლიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში