Menu
RSS

„გავრილოვის პროვოკაცია „ოცნებამ“ და ბოკერიას ფრთამ ერთად მოაწყვეს!“

პატრიოტთა ალიანსი ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს იწყებს _ რა სამი მოთხოვნა აქვს თარხან-მოურავ-ინაშვილის გუნდს

პარტია პატრიოტთა ალიანსი 8 სექტემბერს, 16:00 საათზე, სპორტის სასახლეში აქციას გამართავს. 15 სექტემბერს კი, თბილისში, ვარდების მოედნიდან პარლამენტის შენობისკენ საპროტესტო მსვლელობას მოაწყობს. რა მოთხოვნებს დააყენებს საპროტესტო აქციებზე პოლიტიკური ძალა? _ ამის შესახებ „ვერსია“ პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთ ლიდერს, გოჩა თევდორაძეს ესაუბრა. მისი განმარტებით, პარტიას 3 ძირითადი მოთხოვნა აქვს _ წინა ხელისუფლების ანუ ე.წ. ბოკერია-სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებრივ ძალად გამოცხადება; სამხედრო მიუმხრობლობა და რუსეთთან, აფხაზეთსა და ოსეთთან პირდაპირი დიალოგი:

_ 3 სექტემბერს, პარლამენტში წარვადგენთ რეზოლუციის პროექტს და მოვითხოვთ, რომ საშემოდგომო სესიაზე დაუბრუნდეს იმ პროექტის განხილვას, რომლითაც ადრეც ვითხოვდით წინა ხელისუფლების მოღვაწეობისთვის პოლიტიკური შეფასების მიცემას. 

რეზოლუციისთვის 400 000 ხელმოწერა შევაგროვეთ. ამომრჩეველთა 20% კოლოსალური რიცხვია, რათა ხელისუფლებამ ეს საკითხი ყურად იღოს. თავად ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს დანაშაულებრივი და ბნელი ძალაა და თუ ასეა, ყველაფერს პოლიტიკური შეფასება უნდა მიეცეს. 

ვხედავთ, რომ 20 ივნისიდან დაწყებულმა მოვლენებმა რუსეთთან უარესი მდგომარეობა შექმნა, ცუდი ვითარებაა ე.წ. საზღვრებზეც. „გავრილოვის პროვოკაცია“ „ოცნებამ“ და ბოკერიას ფრთამ ერთად მოაწყვეს. ისე, „ოცნებაც“ კითხულობს, რატომ იყო ,,ევროპული საქართველო'' ტრანსპარანტებით მზადო? დამჯდარი არ იყო გავრილოვი იმ სკამზე, რომ 5 წამში, დამზადებული პლაკატებით მივიდნენ. ეს იყო „ოცნებისა“ და ევროპული საქართველოსგან დაგეგმილი პროვოკაცია. 

20 ივნისს, საღამოს კი, მოვლენებში ჩაერთო ნაცმოძრაობა, მათი სცენარი არია და მივიღეთ ეს სავალალო შედეგები. დღეს ხელისუფლება გვესაუბრება მინისტრთა კაბინეტის იმ ხალხით გადახალისებაზე, რომელიც მონაწილე იყო 20 ივნისის პროცესების და, უნითობითა თუ არასწორი ქმედებებით, მივიღეთ ის, რომ 200-ზე მეტი ადამიანი მოხვდა სამედიცინო დაწესებულებაში. 

_ გიორგი გახარიას გაპრემიერებას გულისხმობთ? 

_ დიახ, გახარიას გაპრემიერებასაც და მთავრობის სხვა წევრების პასუხისმგებლობასაც. ხელისუფლებას საკითხების მიმართ არათანმიმდევრული და არაადეკვატური დამოკიდებულება აქვს და ამიტომ ყველა მიმართულებით კრახს განიცდის. ყოველდღე ახალ „ნაღმს დებს“ და შემდეგ ამ „ნაღმზე“ თავად ფეთქდება. 

_ ბატონო გოჩა, როცა პატრიოტთა ალიანსი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ გამოდის, ზოგი ფიქრობს, რომ ხელისუფლებასთან ხართ შეკრული და მის დავალებებს ასრულებთ... 

_ ამას პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები ამბობენ, რადგან დღეს „ოცნების“ რეიტინგი ყოველდღიურად იკლებს და მასთან რომელიმე პოლიტიკური ძალის გაიგივება ნეგატივია. 

ნაციონალური მორაობა ან საერთოდ არ იქნებოდა პოლიტიკურ სივრცეში, ან ამ დოზით ვერ იქნებოდა, რომ არა მასთან „ქართული ოცნების“ კოჰაბიტაცია. შეიძლება ვინმე ფიქრობს, რომ „ოცნებას“ არ უნდა თავად წამოწიოს ეს საკითხი და სხვას აკეთებინებს, მაგრამ წამოვწიეთ და არ დაუჭირა „ოცნებამ“ მხარი _ ე.ი. არაა ეს თეორია რეალური. 

_ ერთხელ ჩააგდო პარლამენტმა აღნიშნული რეზოლუცია, ახლა რისი იმედი გაქვთ, პარლამენტში ხომ იგივე შემადგენლობაა? 

_ ვფიქრობთ, მას შემდეგ მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა. თავად „ქართული ოცნება“ ალაპარაკდა იმაზე, რომ ნაციონალური მოძრაობა არაა ძალა, რომელთანაც კოჰაბიტაცია უნდა ჰქონდეს. 

ჩვენი მეორე მოთხოვნა სამხედრო მიუმხრობლობაა, რომელსაც ყველა აქციაზე ვაჟღერებთ და ამ კუთხით, ხელისუფლებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ვითხოვთ. 

_ სამხედრო მიუმხრობლობაში რა იგულისხმება? 

_ სამხედრო მიუმხრობლობა არ ნიშნავს ნეიტრალიტეტს. ამის მაგალითებია ფინეთი, შვეიცარია, ავსტრია და ა.შ. ავსტრია ევროკავშირის წევრია, ჩვენც ვამბობთ, რომ ევროკავშირისკენ სვლა მძლავრად გავაგრძელოთ, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ ნატო-სთან ურთიერთობა გვქონდეს და მის სამშვიდობო მისიებში ვმონაწილეობდეთ, როგორც ახლა ავღანეთსა და სხვაგან ვმონაწილეობთ, მაგრამ ეს იმას გამორიცხავს, რომ რომელიმე ქვეყნის სამხედრო ბაზა ან წვრთნები ტარდებოდეს ჩვენს ქვეყნაში, თუნდაც ნატო-სი. 

ეს უნდა უნდოდეს ჩვენს ხალხს და უნდა მოხდეს კოლექტიური უსაფრთხოების მექანიზმის შეფასება გაერო-ს ფორმატში. ამაზე პასუხისმგებლობა გაერომ უნდა აიღოს, რასაც რუსეთიც უნდა დაეთანხმოს, აშშ-ც, გერმანიაც, საფრანგეთიცა და ა.შ., ყოველ შემთხვევაში, დიდი შვიდეული მაინც. 

_ ავსტრიის მაგალითი მოგყავთ, მაგრამ რუსეთი ავსტრიის მეზობელი არაა და არც მასთან კონფლიქტი აქვს... 

_ ავსტრიის _ არა, მაგრამ რუსეთი ფინეთის მეზობელია და ამიტომ ეს მაგალითი ყველაზე მორგებულია ჩვენთვის. მით უმეტეს, ვნახეთ, რომ რუსეთისგანაც ამ კუთხით იყო პოზიტიური განწყობები ოფიციალურ დონეზე. 

რუსეთი საფრთხედ იმას აღიქვამს, რომ საქართველოს ნატო-ს წევრობა გამოყენებული იქნება ნატო-ს სამხედრო ბაზების საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებისთვის. ეს გვინდა დავაზღვიოთ. ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ დეკლარირებას, რომ გვსურს ნატო-ს წევრობა, ვამბობთ, რომ კარგია ნატო თავდაცვისუნარიანობისთვის, ეკონომიკის განვითარებისთვის, მაღალი ტექნოლოგიებისთვის, ახალგაზრდა თაობისთვის, მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნების ხელმძღვანელები აცხადებენ, ნატო-ს კარი ღიაა, მაგრამ მზად არაა საქართველოს გაწევრიანებისთვისო. პირდაპირ აკონკრეტებენ, რომ ამისთვის, მინიმუმ, ორი ათეული წელი არ იქნება მზად. 

ყველამ ვიცით, რომ რუსეთი ოკუპანტია და ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული აქვს, მაგრამ „ოკუპანტია, ოკუპანტია“-ს ძახილი ხომ არაფერს გვიკეთებს? _ გამოდის, გულზე მჯიღს ვირტყამთ, ვლანძღავთ და ვაგინებთ რუსეთს და ვიღებთ უკუშედეგს, არავინაა ჩვენი დამცველი. 

ყოველდღე ვხედავთ მცოცავ ოკუპაციას და ჩვენი მხსნელი კაცი არაა იმიტომ, რომ ნატო-ს ამისთვის არ სცალია, რუსეთს ომს ვერ გაუმართავს. ჩვენდამი მტრულად განწყობილი პარტიები _ ნაციონალური მოძრაობა და ,,ევროპული საქართველოც'' აღიარებენ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი გზით. მშვიდობიანი გზა კი დიალოგია. 

ჩვენ სხვას რას ვამბობთ? თუ დიალოგზე ვსაუბრობთ, უნდა იყოს რუსეთთან, აფხაზეთსა და ოსეთთან, მაგრამ როცა ჩვენ ამას ვამბობთ, თურმე ქვეყნის მტრობაა. 

ჩვენი მესამე, უმთავრესი მოთხოვნა სწორედ ესაა _ პირდაპირი დიალოგი რუსეთთან, აფხაზეთსა და ოსეთთან. დიალოგზე უკვე პრეზიდენტიც საუბრობს. 

_ ისე, რა ამის პასუხია და, სამთავრობო ცვლილებებს როგორ აფასებთ? 

_ არ მიგვაჩნია, რომ ამ ცვლილებებით „ოცნებაში“ ვითარება რადიკალურად სასიკეთოდ შეიცვლება. გვარები გამოიცვლება მხოლოდ, თორემ „ოცნება“ რაიმე ღირებულის შექმნას ამ ქვეყნისთვის რომ ვეღარ შეძლებს, დარწმუნებული ვარ, მაგრამ ვცდილობთ, კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი ზომა გამოვიყენოთ _ გავმართოთ აქციები და ხელისუფლებას მივმართოთ წინადადებებით.

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში