Menu
RSS

პრემიერობის ახალი კანდიდატი - „ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა ბახტაძის ოთარ დანელიათი შეცვლას ითხოვს

„დანელია, როგორც პრემიერი, ხელისუფლებისთვის სტაბილურობის მომტანი იქნება“ - ხათუნა ლაგაზიძე

მმართველ გუნდში დიდი ვნებათაღელვაა, ანუ პრაქტიკულად, გადაწყვეტილია, რომ შემოდგომაზე, მინისტრთა კაბინეტი უნდა შეიცვალოს. ახლა კამათი, როგორც კონფიდენციალური წყარო გვეუბნება, იმაზე არ მიდის, თუ ვინ დაიკავებს განათლების ან სულაც, შერიგების მინისტის პორტფელს ვინ დაეპატრონება. მთავარი ინტრიგა ის გახლავთ, ვინ გახდება ახალი პრემიერი და ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრი. ბოლო დღეებში მედია აქტიურად ასახელებს პრემიერობის ორ კანდიდატს - გიორგი გახარიასა და მაია ცქიტიშვილს, თუმცა, ჩვენთვის ექსკლუზიურად ცნობილი ხდება, რომ „ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას მოიაზრებს იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილი მათ განსახილველად გიორგი გახარიას კანდიდატურას არ წარუდგენს. უფრო მეტიც, როგორც კარგად ინფორმირებული წყარო გვეუბნება, მმართველი გუნდის დეპუტაცია კატეგორიულად მოითხოვს, რომ ასეთ შემთხვევაში მომავალი პრემიერი არათუ თავად დაასახელოს, არამედ მინისტრთა კაბინეტის ახალი მეთაურის კანდიდატურა საპარლამენტო უმრავლესობის რიგებიდან დასახელდეს.

არის თუ არა უმრავლესობაში ვინმე ისეთი, ვინც შესაძლოა, პრემიერი გახდეს? - ჩვენი წყარო ღიად ამბობს, რომ დიახ, ასეთი კანდიდატურა არსებობს და ის ოთარ დანელიაა, რომელსაც მხოლოდ ეკონომიკური კუთხით მუშაობის ბეგრაუნდი კი არ აქვს, არამედ საერთაშორისო პოლიტიკური თვალსაზრისითაც მომგებიანი იქნება ქვეყნისთვის.

„დანელიას განათლება აშშ-ში აქვს მიღებული, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ის თეთრი სახლისთვის მისაღები იქნება. ამასთან, დანელიას შესწევს უნარი, იგივე კრემლთანაც ხისტი პოზიცია დაიკავოს და ქვეყნის ინტერესები დაიცვას. ამას გარდა, დანელიას სასარგებლოდ ისიც მუშაობს, რომ გაეროში საქმიანობის კარგი გამოცდილება აქვს და იდეალური მენეჯერული თვისებებითაც გამოირჩევა“, - ამბობენ საპარლამენტო უმავლესობაში, სადაც კიდევ ერთ დეტალზე ამახვილებენ ყურადღებას. კერძოდ, დანელია, დავალებების უსიტყვო შემსრულებელი არ არის, ანუ მას შეუძლია, წინააღმდეგობა გაუწიოს იმ პერსონებს, რომლებიც კორუფციულ გარიგებებში არიან შემჩნეულნი. 

რატომ სურთ „ოცნების“ უმრავლესობის წევრებს, რომ ახალი პრემიერის კანდიდატურა მათი რიგებიდან დასახელდეს? - ისინი პირად საუბრებში ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად პასუხისმგებლობა უდევს, ანუ დასამალი არავისთვის არის, რომ წინა პრემიერების შერჩევაში „ოცნების“ დეპუტაციამ მინიმალური მონაწილეობა მიიღო. მიუხედავად ამისა, ყველა პრობლემაზე, რაც თუნდაც მამუკა ბახტაძის პრემიერობისას წარმოიქმნა, მოსახლეობასთან თავის მართლება სწორედ დეპუტატებს უწევთ. ზოგადად, მსგავს გართულებებს ადგილი მომავალშიც რომ აღარ ჰქონდეს, „პოლიტიკური ლოგიკა გვკარნახობს, რომ ახალი პრემიერის დასახელებამდე მმართველი გუნდის ხელმძღვანელმა ბირთვმა კონსულტაციები უმრავლესობის წევრებთან გაიაროს და მხოლოდ ამის შემდეგ დაასახელოს ახალი პრემიერის კანდიდატურა. წინააღმდეგ შემთხვევაში, „ოცნების“ ე.წ. ლიდერშიფი ისევ უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდება“.

 

რას ფიქრობენ დანელიას გაპრემიერებაზე უმრავლესობის წევრები და ექსპერტები? - ჩვენ ამ კითხვით პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელ რომან კაკულიას მივმართეთ. მართალია, კაკულიამ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია ღიად არ დაადასტურა, მაგრამ არც უარყო. ყოველ შემთხვევაში, სატელეფონო საუბრისას შეგვექმნა შთაბეჭდილება, რომ „ოცნების“ საპარლამენტო დეპუტაცია აპირებს, პრემიერის პოსტზე, იმ შემთხვევაში თუ გახარია არ იქნება წარდგენილი, საკუთარი კანდიდატურა დაასახელოს და ეს, დიდი ალბათობით, ოთარ დანელია იქნება.

 

„სიმართლე გითხრათ, ამ სიღრმეებში შესვლა არ მინდა, რადგან ასეთი ტიპის კონსუტაციებში მონაწილეობა არ მიმიღია. ზოგადად, არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ ჯერ პრემიერის გამოსვლას დაველოდებოდი, რომელიც პარლამენტში იგეგმება და აქედან გამომდინარე, არ მინდა, ამ თემაში შევდიოდე, მით უმეტეს, რომ ასეთ კონსულტაციაში მონაწილეობის ფაქტი არ შემდგარა. ამ ეტაპზე კონკრეტულ ადამიანზე კონკრეტული პასუხის გაცემაც არ შემიძლია,“ - გვითხრა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა რომან კაკულიამ.

რაც შეეხება ექსპერტებს, მაგალითად, ხათუნა ლაგაზიძის თქმით, ცალსახად მისასალმებელია, რომ უმრავლესობას თავისი სურვილები გაუჩნდა.

„სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, დღის წესრიგში პრემიერ-მინისტრის შეცვლის საკითხი დადგება თუ არა, მაგრამ ამისგან დამოუკიდებლად, ოთარ დანელიამ ის შეძლო, რაც მისმა ძალიან ბევრმა წინამორბედმა ვერ შეძლო - მიწის კოდექსი მიიღო, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა, მით უმეტეს, რომ მიწის კანონმდებლობა მანამდე დაურეგულირებელი იყო და უამრავ ადამიანს პრობლემას უქმნიდა. მოკლედ, დანელიამ ამ საკითხის მოგვარება შეძლო.

ამას გარდა, ამ ძალიან დაძაბულ პოლიტიკურ ფონზე, დანელია ერთგვარად ნეიტრალური და კონსენსუსური ფიგურაა, რომელზეც არც კორუფციული სკანდალები მახსენდება და არც - ოპოზიციის მხრიდან განსაკუთრებული მიუღებლობა. ამ თვალსაზრისით, სიმშვიდის ბარომეტრს თუ გავზომათ, მისი ფიგურა, როგორც პრემიერის, ხელისუფლება შეიძლება კარგად გამოადგეს.

სხვათა შორის, ამ სიტუაციაში მისი დასავლური განათლებაც ძალიან მნიშვნელოვანია, გაერო-სთან ურთიერთობის გამოცდილებაც აქვს. ერთი სიტყვით, დანელია, შეიძლება, კარგად „გაიყიდოს“ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, დასავლეთშიც, რადგან გარკვეული ბმა დასავლეთთან აქვს. მე არ ვფიქრობ, რომ ჯერ მთავრობის შეცვლის საკითხი დადგება დღის წესრიგში, თუმცა, თუ ცვლილებებზე დაიწყო საუბარი, „ოცნება“ დადგება არჩევანის წინაშე: სტაბილურობა თუ რევოლუციური ძვრები. ამ თვალსაზრისით, ხელისუფლებას დასჭირდება ფიგურა, რომელიც სტაბილურობის მომტანი იქნება იმ ძალიან მძიმე და რთული წლის განმავლობაში, რომელიც „ოცნებას“ ელის“. დანელიას ფიგურამ, შესაძლოა, სწორედ ეს რევოლუციური დუღილი აარიდოს ხელისუფლებას თავიდან“, - აცხადებს გავლენიანი ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე.

ყველაფერ აქედან გამომდინარე, „ოცნებას“ ბევრი ფიქრის დრო აღარ აქვს.

 

 

 

დაბრუნება დასაწყისში