Menu
RSS

მშვიდობა, რომელიც ომზე საშიშია! - აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა

200-წლიანმა რუსულმა ოკუპაციამ ქართველებში თავისუფლებისთვის ბრძოლის ჟინი ვერ ჩაკლა!

ხვალ 8 აგვისტოა... 

ხვალ ოკუპანტი რუსეთი საქართველოს თავს უნდა დაესხას, ქართული სოფლები დაბომბოს, მშვიდობიანი მოსახლეობა დახოცოს და ქართველთა სახლ-კარი მიწასთან გაასწოროს... 

დიახ, ხვალ 8 აგვისტოა, თარიღი, რომელმაც 11 წლის წინ, მთელი პლანეტა შეძრა და თარიღი, რომელმაც მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგი შეცვალა. ყოველ შემთხვევაში, 2008 წლის აგვისტოში ცივილურმა და დემოკრატიულმა სამყარომ საბოლოოდ ირწმუნა, რომ რუსეთი, უფრო კონკრეტულად, კრემლი და მისი ერთპიროვნული მმართველი ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინი პირსისხლიანი მმართველია, მმართველი, რომელთანაც ხუმრობა არ შეიძლება! 

ისე, არავინ იცის, ევროპის ხუთი ქვეყნის პრეზიდენტი საქართველოში რომ არ ჩამოსულიყო, ხუთდღიანი ომი რამდენ ხანს გასტანდა. ამას გარდა, ბოლომდე არც ის ვიცით, რა წერია ე.წ. სარკოზის გეგმაში, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობა გახდა. სხვათა შორის, ის მოსაზრებაც არსებობს, რომ აგვისტოს ხუთდღიანი ომი მსოფლიოს გავლენიანმა პოლიტიკურმა წრეებმა დაგეგმეს და ყველაფერი ეს იარაღის უკანონო ვაჭრობის მიჩქმალვას ემსახურებოდა. გამორიცხული, რასაკვირველია, არაფერია, მაგრამ რაც უნდა იყოს, ფაქტია: 2008 წლის 8 აგვისტო თანამედროვე საქართველოს ისტორიაში კოშმარული თარიღია, თარიღი, რომელმაც არაერთი მანდილოსანი დააქვრია, არაერთი მოზარდი კი დააობლა.

მოსალოდნელი იყო თუ არა აგვისტოს ომი? - ამ კითხვაზე შეგვიძლია, მარტივად ვუპასუხოთ: დიახ, მოსალოდნელი იყო! ყოველ შემთხვევაში, 2008 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული, პოლიტიკურ წრეებში ხმა დადიოდა, რომ კრემლი საქართველოს სერიოზულ პროვოკაციას უმზადებდა. იმაზე, რომ პროვოკაცია იყო მოსალოდნელი, ამერიკელი პოლიტიკოსები და დიპლომატებიც მიანიშნებდნენ, თუმცა რაც მოსახდენი იყო, სამწუხაროდ, მაინც მოხდა.

ამ ომის ქრორნოლოგია კი ასეთია:

1 აგვისტო - სოფელ ერედვში ნაღმზე ქართული პოლიციის მანქანა აფეთქდა, დაიღუპა ერთი ადამიანი;

2 აგვისტო - ცხინვალის მხრიდან ქართული სოფლების მიმართულებით ისვრიან, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი იჭრება. ასევე, ზიანდება საცხოვრებელი სახლები;

3 აგვისტო - რამდენიმე საათის განმავლობაში სროლები შეწყვეტილია;

4 აგვისტო - ოფიციალური თბილისი აცხადებს, ოსებთან ერთად, ქართულ სოფლებს თავს რუსებიც ესხმიან, თუმცა ამას დე ფაქტო ცხინვალსა და ოფიციალურ მოსკოვშიც უარყოფენ;

5 აგვისტო - ოსი სეპარატისტების მიერ ოსურ სოფელ უბეათიდან სოფელ ნულის მიმართულებით ყუმბართმტყორცნიდან ცეცხლი გახსნეს, თუმცა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება ბრალს ქართულ მხარეს უყენებს და ამბობს, რომ ქართველებმა ოსი „სამართალდამცავების“ საგუშაგოები დაცხრილეს. შესაბამისად, ოსების დასახმარებლად ცხინვალის რეგიონში ჩრდილოეთ ოსეთიდან 300 „ბოევიკი“ ჩადის, სეპარატისტებს დახმარებას დონის კაზაკების ბატალიონიც უცხადებს. პარალელურად, ცხინვალსა და მისი შემოგარენიდან ოსები ბავშვებისა და ქალების ევაკუაციის გეგმას ამუშავებს... ცნობილი ხდება, რომ 7 აგვისტოს საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი, იური პოპოვი გეგმავს ჩამოსვლას;

6 აგვისტო - ოსმა სეპარატისტებმა სოფლების - ერედვის, ფრისის, ავნევის, დვანის და ნულის დაბომბვა დაიწყეს.

7 აგვისტო - ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარს ამბობს. უცხოეთში საქართველოს საელჩოები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კონფლიქტის ზონაში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად ქართული მხრიდან 27 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არიან მშვიდობიანი მოსახლეებიც. 

8 აგვისტო - იწყება მასშტაბური საომარი მოქმედებები. ოფიციალური თბილისი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქართული საჯარისო ნაწილები ცხინვალს სრულად აკონტროლებენ. მოგვიანებით ცნობილი ხდება, რომ დაპირისპირებაში რუსეთის საჯარისო შენაერთები, კერძოდ, 53-ე არმია ოფიციალურად ერთვება. ამასთან, რუსი ოკუპანტები თარეშს, პრაქტიკულად, მთელი საქართველოს მასშტაბით იწყებენ, ანუ რუსული სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავი სოფელ შავშვების მიმდებარე ტერიტორიაზე 3-5 ჭურვს აგდებს; რუსული СУ-24 ბომბავს ქარელის რაიონის სოფელი ვარიანს, რომელიც თბილისიდან 75 კილომეტრში, კონფლიქტის ზონის გარეთ მდებარეობს. 6 რუსული ხომალდიდან ორი სამ ჭურვს გორში აგდებს, რომელთაგან ერთი სტადიონთან ახლოს ფეთქდება, მეორე - გორიჯვარის დაღმართზე, მესამე კი - საარტილერიო ბრიგადის მიმდებარე ტერიტორიაზე; რუსული სამხედრო თვითმფრინავები საქართველოს საჰაერო სივრცეში გორის სამხრეთით მდებარე თეძამის მიმართულებიდანაც შემოდიან და ვაზიანის სამხედრო აეროპორტს ბომბავენ; ამასთან, რუსული სამხედრო ავიაცია მარნეულის და ბოლნისის სამხედრო ბაზებსაც ბომბავენ. ინგრევა შენობა-ნაგებობები... არის მსხვერპლიც;

9 აგვისტო - იბომბება ფოთის პორტი, რის შედეგადაც ჩაიძირა ერთი ჰიდროგრაფიული ხომალდი; რუსები სენაკის სამხედრო ბაზაზე მნათობ ჭურვებს ყრიან. იღუპება ერთი სამხედრო მოსამსახურე და 5 რეზერვისტი. ასევე, იბომბება სენაკის რკინიგზის სადგური, სადაც რვა ადამიანი იღუპება. ამავე დღეს დაიბომბა გარდაბნის რაიონის სოფელი გაჩიანი, მაგრამ ნავთობსადენი არ დაზიანებულა;  რუსული სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავები ბომბებს ქუთაისიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ კოპიტნარის აეროდრომზეც ყრიან; ასევე, აგრძელებნ გორის დაბომბვას... რუსეთის საჰაერო ძალები თავს ესხმიან ზემო აფხაზეთის (კოდორის ხეობა) გარკვეულ ადგილებს, მათ შორის, სოფელ ომარიშარას აეროდრომს;

დაიბომბა ქალაქი ონიც.

10 აგვისტო - რუსულმა სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავებმა დაარღვიეს საქართველოს საჰაერო სივრცე დაღესტნის მხრიდან და სამი ბომბი თბილისის საავიაციო ქარხანაში ჩამოაგდეს; რუსული სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავების მიერ ზუგდიდის რაიონის სოფელი ურთა დაიბომბა; ათმა რუსულმა სამხედრო მოიერიშემ ზემო აფხაზეთზე თავდასხმა განახორციელა, ერთი მოიერიშე თვითმფრინავი საქართველოს სამთავრობო ჯარების მიერ ჩამოგდებულ იქნა; რუსულმა თვითმფრინავებმა ქარელის რაიონში სოფელი კნოლევი დაბომბეს; რუსულმა საჯარისო შენაერთებმა და აფხაზმა სეპარატისტებმა ზემო აფხაზეთზე შეტევა განახორციელეს. რუსულმა ავიაციამ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი მაგისტრალის ხიდი დაბომბა. შედეგად, ხიდზე ხანძარი გაჩნდა; რუსეთის ავიაციამ ჭურვები თბილისის სამოქალაქო აეროპორტშიც ჩამოყარა;

11 აგვისტო - რუსები გორის დასავლეთით, სოფელ შავშვებში მდებარე სამოქალაქო მიმოსვლის სარადარო სადგურს ბომბავენ; რუსული ავიაგამანადგურებლები ისევ აგრძელებენ კოდორის ხეობის დაბომბვას; რუსული ბომბები ცვივა ბათუმთან მდებარე სოფლებში - შარაბიძეები, კაპანდიჩი და მახო (საქართველო-თურქეთის საზღვარი). 

12 აგვისტო - რუსულმა მოიერიშე თვითმფრინავებმა გორის ცენტრალური მოედანი და ბაზარი დაბომბეს. 

ამავე დღეს, საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის შუამავლობით, მხარეები ცეცხლის განუახლებლობის შესახებ 6-პუნქტიან ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმდებიან. საქართველოს პარლამენტი კი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ აქტის მზადებას იწყებს.

12 აგვისტოსვე, საქართველო დსთ-ს ტოვებს. 

პარალელურად, საქართველოს მთავრობას ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიაზე 1993-2008 წლებში ჩადენილ ეთნიკური წმენდის ფაქტებზე სარჩელი შეაქვს. აღსანიშნავია, რომ სარჩელი გაერო-ს ადამიანის უფლებათა ხელშეკრულებას ეფუძნება და მასში ნათქვამია, რომ 90-იანი წლებიდან დაწყებული, 2008 წელს განხორციელებული სამხედრო ინტერვენციით დამთავრებული, რუსეთი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სეპარატისტული ძალების მიერ ქართველთა ეთნიკურ წმენდას, იარაღის მიწოდებას, ჯარისკაცების დაქირავებასა და რუსეთის კუთვნილი შეიარაღებული ძალების მიერ პირდაპირი სამხედრო ინტერვენციის განხორციელებას უწყობდა ხელს, რასაც ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულები მოჰყვა. 

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაცია სეპარატისტული რეგიონების - ცხინვალისა და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობას აღიარებს.

2008 წლის 1 სექტემბერს, ქართველებმა, როგორც მთელ საქართველოში, ასევე, ქვეყნის გარეთაც  „ცოცხალი ჯაჭვი“ შეკრეს და ამით კიდევ ერთხელ დაანახეს მსოფლიოს, რომ რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია!

***

აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა, 11 სევდიანი წელი, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცების ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებენ, იმ ხუთდღიანი კოშმარის დავიწყება შეუძლებელია! დიახ, 2008 წლის აგვისტომ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ რუსეთი ოკუპანტია. ისე, ამაში ეჭვი შეტანა არც მანამდე შეიძლებოდა, რადგან ერთმორწმუნე ჩრდილოელმა მეზობელმა ჯერ კიდევ ორასი წლის წინ დაგვიპყრო და მას შემდეგ ყველაფერს აკეთებდა, რათა საქართველო თავის გუბერნიად ექცია, მაგრამ ამ ორი საუკუნის განმავლობაში, დიდი წნეხისა და რეპრესიების მიუხედავად, ჯერ ცარისტულმა და შემდეგ, ბოლშევიკურმა რუსეთმა ქართველებში თავისუფლებისთვის ბრძოლის ჟინი ვერ ჩაკლა და... 2008 წლის აგვისტოში გიორგი ანწუხელიძემ, შინდისის მეომრებმა და სხვებმა მტერთან ბრძოლაში არნახული გმირობა გამოიჩინეს!

****

ხვალ 8 აგვისტოა...

ხვალ ოკუპანტი რუსეთი საქართველოს თავს უნდა დაესხას...

რუსულ-ქართული ომი ხუთ დღეში დამთავრდება და... 11 წელია, მოჩვენებითი მშვიდობაა გამეფებული!

ეს მშვიდობა ომზე უარესია!

დიახ, ომი დამთავრდა, მაგრამ მშვიდობის უნდა გვეშინოდეს და არასოდეს უნდა დავივიწყოთ, რომ რუსეთი ოკუპანტია! 

ნინო დოლიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში