Menu
RSS

ვის ეყრდნობოდა და ეყრდნობა ოქრუაშვილი

 

თავდაცვის ექსმინისტრის „გაქოცებული“ თანაგუნდელები და „ოქროს“განქოცებული გარემოცვა 

ის არც რობინ ჰუდია და არც - კავკასიონზე მიჯაჭვული ამირანი. ის ოდიოზური ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური ფიგურაა. ამის მიუხედავად, უკვე ათ წელზე მეტია, ცდილობს, ერის გადამრჩენელის მანტია მოირგოს და ხალხს თავი ისე მოაჩვენოს, რომ თითქოს ბოროტებასთან მებრძოლი ღმერთია, მაგრამ მის ბიოგრაფიას თვალს კარგად თუ გადავავლებთ, მივხვდებით, რომ ამქვეყნიურ ჯოჯოხეთს საფუძველი თავად ჩაუყარა. ყოველ შემთხვევაში, „ვარდების რევოლუციით“ ხელისუფლებაში მოსული ნაციონალებიდან, ის პირველი იყო, რომელმაც ხალხის დაწიოკება დაიწყო - ყველას გვახსოვს, როგორ შევარდა შიდა ქართლის ერთ-ერთ საროსკიპოში და სექსმუშაკები და მათი კლიენტები, სულ „სმირნაზე“ დააყენა. მერე იყო ბონდო შალიკიანის ეპიზოდი, როცა ქუთაისელ „კანონიერ ქურდსა“, თუ „კაი ბიჭს“ საკუთარ სახლში შეეჭრა და... შალიკიანი ტელეკამერების წინ, სულ „ტრუსიკ-მაიკით“ არბენინა. ირაკლი ოქრუაშვილთან ასოცირებული სხვა ძალადობის ფაქტებიც გვახსოვს, თუმცა ამჯერად ეს თემა, როგორც იტყვიან, „დავაქენსელოთ“ და აქცენტი „ოქროს“ ამჟამინდელ და ყოფილ თანაგუნდელებზე გავაკეთოთ.

მაშ ასე, ამჯერად პატიმრობაში მყოფი ირაკლი ოქრუაშვილის სტატუსია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, თუმცა ეს მისი, როგორც დამოუკდიებელი პოლიტიკური მოთამაშის, მესამე რეგალიაა. ჰოდა, ჩვენც მივყვეთ თანმიმდევრობით და ქრონოლოგიურად.

მოკლედ, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილსა და ზოგადად, ნაციონალურ მოძრაობას გაემიჯნა, ოქრუაშვილმა პარტია - მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის დააფუძნა.

ვინ იყვნენ მაშინ „ოქროს“ თანამებრძოლები? ვინ და, იმ დროისთვის ძალიან, ძალიან პოპულარული „ფეისები“. კერძოდ, თავდაცვის ექსმინისტრის გვერდით, „რუსთავი 2“-ის იმჟამინდელი სახეები - ნათია ლაზაშვილი, ნანა ლეჟავა და თამარ რუხაძე გამოჩნდნენ. ამას გარდა, მოძრაობაში იყვნენ: დეპუტატები - თეო ტლაშაძე, კოკა გუნცაძე, გია ცაგარეიშვილი და გია თორთლაძე. ოქრუაშვილის პარტიის მთავარ „მოზგად“ კი ადვოკატი, ეკატერინე ბესელია მიიჩნეოდა. სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც ხანმოკლე პატიმრობის შემდეგ, „ოქრო“ საქართველოდან საფრანგეთში გადაიხვეწა, ბესელია ზემოხსენებული პარტიის თავქალი ოფიციალურად გახდა, თუმცა საბოლოო ჯამში, ბესელია ოქრუაშვილს მაინც გაემიჯნა და, როგორც იმდროინდელ კულუარებში ითქვა, ეს უბრალო გამიჯვნა კი არ იყო, არამედ ბესელიამ და ოქრუაშვილმა  ერთმანეთს „დასცხეს“.

ისე, ნიშანდობლივია, რომ ყველა თანაგუნდელმა ოქრუაშვილი მიატოვა. უფრო მეტიც, დღევანდელი მონაცემებით, ტყვიაველი პოლიტიკოსის მაშინდელი პოლიტიკური და-ძმებიდან უმრავლესობა, მართლმორწმუნე „ქოცია“. აი, მაგალითად, ნათია ლაზაშვილი, არსებული ინფორმაციით, სახელმწიფო კანცელარიაშია დასაქმებული. ნანა ლეჟავა ბოლო წუთამდე, „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი იყო. კოკა გუნცაძე რკინიგზის მაღალჩინოსანია. ასევე, „ოცნების“ მიმართ სენსიტიური დამოკიდებულება აქვს გია ცაგარეიშვილსაც, რომელმაც 2007 წლის შემოდგომაზე, საზოგადოებას თავი ტირილ-ზლუქუნით დაამახსოვრა - დიახ, მას შემდეგ, რაც ნაცებმა ოქრუაშვილი დაიჭირეს, ერთ-ერთ სატელევიზიო გამოსვლაში, „ცაგარამ“ თავი ვერ შეიკავა და ატირდა.

რაც შეეხება ეკა ბესელიას, ეს ქალბატონიც კარგა ხანს „ოცნების“ სახე გახლდათ. უფრო მეტიც, ზოგი იმასაც კი ამბობს, 2012 წელს, ხელისუფლებაში მოსულ „ოცნებას“, ბესელია ოქრუაშვილზე ნეგატიურ ცნობებს სულ ბღუჯა-ბღუჯა აწვდიდა და ნაცმოძრაობის შემცვლელმა, „ოქრო“ ამიტომაც აითვალწუნაო. შეიძლება, ამ მოარულ ხმებს სიმართლესთან კავშირი ჰქონდეს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ „ოცნებასთან“ ბესელია გამიჯნულია, ამ უკანასკნელთან კომუნიკაცია არც ოქრუაშვილს აქვს.

ერთი სიტყვით, თავდაცვის ექსმინისტრის პირველი დამოუკიდებელი თამაში არცთუ წარმატებული აღმოჩნდა და ეს შესაძლოა, იმითაც იყო განპირობებული, რომ იმ ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც გვერდით დაიყენა, პოლიტიკურ თამაშებში მაინცდამაინც გამობრძმედილები არ იყვნენ, თუმცა ოქრუაშვილმა ერთ მდინარეში შესვლა მეორედად მოისურვა და 2010 წელს, ახალი პოლიტიკური გაერთიანება - ქართული პარტია დააფუძნა, სადაც მას მხარს კვლავ უმშვენებდა კოკა გუნცაძე. ამასთან, ქართულ პარტიაში ლევან გაჩეჩილაძეც ვიხილეთ და სოზარ სუბარიც, რომელიც ახალი პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარედ მოგვევლინა.

იქ, სადაც სუბარი იყო, ყოველთვის ჩნდებოდა სოფო ხორგუანიც. ჰოდა, ქართული პარტიის ერთ-ერთ დამრტყმელ ძალად, სწორედ ეს ქალბატონი განიხილებოდა.

ოქრუაშვილის ახალი პარტიის მთავარი გრანტი კი, აწ განსვენებული ეროსი კიწმარიშვილი გახლდათ.

ქართული პარტიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება, ტეროტირიული მთლიანობის პრობლემის გადაწყვეტა და ევროპულ ინსტიტუტებში ინტეგრაცია იყო.

„პარტიის მიზანია, შექმნას და იბრძოლოს კეთილდღეობაზე ორიენტირებული სახელმწიფოსთვის, რაც უნდა დაეფუძნოს - თვითმყოფადობას, უსაფრთხოებას და პროგრესს,“ - აცხადებდნენ პარტიის ლიდერები, თუმცა ქართული პარტიაც, მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის მსგავსად, უდღეური აღმოჩნდა ანუ მიუხედავად იმისა, რომ 2010 წელს, მას ოქრუაშვილის ყოფილი პოლიტიკური გაერთიანება, ესე იგი, მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის შეერწყა და 2014 წლის ადგილობბრივ არჩევნებში, ამ ალიანსმა ხმათა 0.8%-იც მიიღო, ქართული პატია დღეს უკვე ისტორიის კუთვნილებაა.

ზოგადად, ოქრუაშვილს ექსტრავაგანტული გადაწყვეტილებები ახასიათებს და ეს იქიდანაც ჩანს, რომ რამდენიმე თვის წინ, პოლიტიკურ ავანსცენაზე, საკმაოდ ამბიციურად დაბრუნდა ანუ კვლავ ახალი გაერთიანება შექმნა, რომელსაც გამარჯვებული საქართველო დაარქვა. დღეს ყველა, ან თითქმის ყველა, ვისაც არ ეზარება, პარტიას, ან სახალხო მოძრაობას აფუძნებს და აქედან გამომდინარე, არავის გაჰკვირვებია, რომ საკუთარი პარტია თავდაცვის ექსმინისტრმაც შექმნა, მაგრამ გამარჯვებულ საქართველოში ამბიციური და ექსტრავაგანტული სხვა რამეა. კერძოდ, ოქრუაშვილმა გვერდით ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური გემოვნებისა და წარსულის ადამიანები დაიყენა. ავიღოთ, მაგალითად, გუბაზ სანიკიძე, რომელიც თავის დროზე, „ოცნების“ მცველი იყო, დღეს კი მმართველ გუნდს მიწასთან ასწორებს.

ოქრუაშვილის ამჟამინდელი თანაგუნდელია, წარსულში სახალხო პარტიის წევრი მიხეილ ჯიბუტიც, რომელიც კარგ ეკონომისტად ითვლება. ასევე, გამარჯვებული საქართველოს რიგებს ამაგრებს იუსტიციის ექსმინისტრი და ექსნაციონალი კოტე კემულარია. ეს ის კოტე კემულარიაა, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ დღეებში, მოსკოვში წავიდა, უკან დაბურნებულს კი ლავროვი ჩამოჰყვა და, პრინციპში, ცხონებული შევარდნაძის შინ წასვლაც, სწორედ ამ ეპოპეის შემდეგ გადაწყდა.

გამარჯვებულ საქართველოში, ასევე არიან: ცესკო-ს ყოფილი ხელმძღვანელი გურამ ჩალაგაშვილი, ყოფილი ნაცი და გარემოს დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გოჩა მამაცაშვილი, ადვოკატი და პოლიტიკოსი ვალერი გელბახიანი.

ოქრუაშვილის ახალ გაერთიანებაში, ორი ახალი სახეცაა - ნესტან კირთაძის ქალიშვილი ანა რეხვიაშვილი და თეოლოგი ლელა ჯეჯელავა. აღსანიშნავია, რომ რეხვიაშვილსა და ჯეჯელავას, პოლიტიკურად სუფთა წარსული აქვთ ანუ თავიანთი საქმიანობით, შესაძლოა, პოლიტიკასთან ირიბი შეხება აქამდეც ჰქონდათ, მაგრამ რომელიმე პარტიის წევრი არც ერთი მათგანი, არასდროს ყოფილა. ასეთი ადამიანების პოლიტიკაში გამოჩენა ელექტორატზე დადებითად მოქმედებს, რადგან ხალხს გაცვეთილი სახეების, ასე ვთქვათ, ატანა აღარ აქვს, თუმცა გამარჯვებული საქართველოს მთავარი ძარღვი, მაინც ოქრუაშვილია, რომელიც ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება - მას გამოძიება 20-21 ივნისის მოვლენების დროს, ჯგუფურ ძალადობასა და სახელმწიფო გადატრიალების შესაძლო მონაწილეობას ედავება, თუმცა ოპოზიცია ამბობს, რომ ეს მოგონილი ბრალდებაა და, სინამდვილეში, ოქრუაშვილის მეორე „სროკის“ მიზეზი ისაა, რომ მას აქვს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშის კი არა, არამედ თავდაცვის ექსმინისტრისაა.

ისე, ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობა რომ მოიკოჭლებს, ეს ახალი არ არის და იგივე ოქრუაშვილის შემთხვევაშიც, ნათლად გამოჩნდა ანუ დაკავებამდე მან სატელევიზიო ინტერვიუში, პრაქტიკულად, აღიარებითი ჩვენება მისცა და ყველა იმ მანკიერებაზე იუბნა, რასაც წინა ხელისუფლება ჩადიოდა. ჰოდა, წესით, ამ აღიარებითი ჩვენებით მაინც უნდა დაინტერესებულიყვნენ სამართალდამცავები, თუმცა „ოქრომ“ იმთავითვე თქვა, ყველა ამ დანაშაულზე ხანდაზმულობის ვადა მოქმედებსო.

სხვათა შორის, ამ ინტერვიუ-აღიარებაში, ოქრუაშვილმა კიდევ ერთი მინიშნება გააკეთა, კერძოდ, 2007 წლის მოვლენებზე საუბრისას, რამდენჯერმე თქვა, ამერიკელებთან ურთიერთობა დაძაბული მქონდაო. რატომ დაეძაბა თავდაცის ექსმინისტრს ჩვენს ყველაზე მთავარ პარტნიორებთან ურთიერთობა? - ამ თემაზე ჟურნალისტი არ ჩასძიებია, თუმცა ვარაუდის დონეზე, შესაძლოა, ვთქვათ, ოქრუაშვილი ნაციონალებში ე.წ. ომის მებაირახტრედ ითვლებოდა და სწორედ მის სახელთან ასოცირდება იგივე 2004 წლის „ცხინვალის პროვოკაცია“, რომლის დროსაც ქართველი ჯარისკაცები ტყვედ აიყვანეს. ამას გარდა, თავის დროზე, „ვიკილიქსმა“ გამოაქვეყნა მასალები, რომელთა მიხედვითაც, თეთრი სახლი და, კონკრეტულად, კონდოლიზა რაისი სააკაშვილს ურჩევდა, რომ მეტი ყურადღღება გამოეჩინა და კრემლის საომარ პროვოკაციაზე არ წამოგებულიყო, თუმცა 2008 წლის აგვისტოში ის მოხდა, რაც მოხდა.

მართალია, 2008-ში ოქრუაშვილი ხელისუფლებაში აღარ იყო, მაგრამ არ უნდა გამოირიცხოს, რომ აგვისტოს მოვლენები მთელი იმ პოლიტიკის შედეგი იყო, რასაც თავდაცვაში ეს პიროვნება ატარებდა და კრემლს ხან ფეკალიებით ემუქრებოდა, ხან კიდევ იმით, რომ ქართული მხარე ახალ წელს ცხინვალში შეხვდებოდა.

ერთი სიტყვით, ირაკლი ოქრუაშვილის წარსული და დღევანდელობაც ისეთივე იდუმალია, როგორიც მისი ყოფილი, თუ ახლანდელი გარემოცვა. აი, რაც შეეხება გარემოცვას, საინტერესოა, ის ადამიანები, რომლებიც გამოკვეთილად პროდასავლური კურსის მიმდევრები არიან, ოქრუაშვილის გვერდით როგორ დადგნენ, როცა წეღანდელი თქმისა არ იყოს, ქართული პარტიის ერთ-ერთი მთავარი მისია, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება იყო. ამას გარდა, 2012 წლამდე, ის ჩანაწერებიც გვაჩვენეს ნაციონალებმა, რომლითაც გაჩნდა ეჭვი, რომ ოქრუაშვილს კომუნიკაცია რუსეთის სამხედრო მაღალჩინოსნებთან ჰქონდა. ახლა კი რა ხდება? - ოქრუაშვილი 20 ივნისის ანტისაოკუპციო აქციის ერთ-ერთ მთავარ მედროშედ გვევლინება.

ჰოდა, ზურიკელას ოლღა ბებიას სიტყვების უტრირება რომ მოვახდინოთ, ამ პოლიტიკას, მართლაც ვერაფერს გავუგებთ!

ნინო დოლიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში