Menu
RSS

„იმედის“ დარბევიდან „დოჟდის“ დარბევამდე

რის გამო შეიჭრნენ ტელევიზიაში და რატომ აღარ ახსოვთ ნაციონალებს წარსული

ის მძაფრსიუჟეტიანი პოლიტიკური კინო, რომელიც ჩრდილოეთში ახლახანს „აჩვენეს“, ჩვენ ზუსტად 12 წლის წინ ვნახეთ. მხედველობაში ტელეკომპანია „დოჟდში“ პოლიციის შევარდნა გვაქვს.

„მოსკოვში მიმდინარე არასანქცირებული აქციის დროს, რუსული ტელეკომპანია „დოჟდის“ რედაქციაში პოლიცია შევიდა. სამართალდამცველებმა ტელეკომპანიის მთავარ რედაქტორს, ალექსანდრა პერაპალოვას საგამოძიებო კომიტეტში დაკითხვაზე გამოცხადების უწყება გადასცეს.

სამართალდამცავების თქმით, საქმე ეხება რუსეთის საარჩევნო კომისიებისთვის მუშაობაში ხელის შეშლის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებას.

მოსკოვში მიმდინარე არასანქცირებული მიტინგის მონაწილეები, მოსკოვის საქალაქო დუმის არჩევნებზე, ოპოზიციონერი კანდიდატების დარეგისტრირებას ითხოვენ“, - ეს ინფორმაცია ქართულმა და, შესაბამისად, მსოფლიო მედიამ მიმდინარე წლის 27 ივლისს გაავრცელა. „დოჟდის“ პოლიციურ ოკუპაციას ქართული ოპოზიცია უმალ გამეოხმაურა და პარალელი 20 ივნისის მოვლენებთან გაავლო, თუმცა თუ ობიექტურები ვიქნებით, „დოჟდის“ ოფისში პოლიციის შესვლა 20 ივნისის კი არა, უფრო 2007 წლის 7 ნოემბრის ანალოგი გახლდათ.

რა მოხდა 2007 წლის 7 ნოემბერს საქართველოში? - იმდროინდელი მოვლენების მოკლე ქრონოლოგია ასეთია:

2007 წლის შემოდგომაზე, საქართველოში პოლიტიკური ტემპერატურა ზომაზე მეტად ადუღდა. შესაბამისად, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები დაიწყო.

28 ოქტომბერს, აწ გარდაცვლილმა ბიზნესმენმა, ბადრი პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციას დააფინანსებდა, რათა მას აქციები „ცივილიზებული გზით“ გაემართა. ამასთან, პატარკაციშვილმა თქვა, რომ მთლიანად იზიარებდა ოპოზიციური პარტიების ერთობლივ მანიფესტს, რომელშიც ოპოზიციამ თავისი ხედვა არჩევნებზე, ძალაუფლების გადანაწილებაზე, სასამართლო სისტემაზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე, ადგილობრივ თვითმმართველობაზე, თავისუფალ მედიაზე, საკუთრების უფლებაზე, ბიზნესზე, სოციალურ პოლიტიკაზე, ეროვნულ ღირებულებებსა და საგარეო პოლიტიკაზე ჩამოაყალიბა.

ამავე პოზიციას იზიარებდა ტელეკომპანია „იმედი“, რომლის მფლობელიც პატარკაციშვილი გახლდათ. 

ოპოზიცია ამბობს, რომ 2 ნოემბრიდან, ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს დაიწყებს. ამიტომ, პირველში, რეგიონებიდან დედაქალაქში ათასობით ადამიანი ჩამოდის - „იმედი“ პირდაპირ ეთერში გადასცემდა მანქანებისა და მიკროავტობუსების გრძელ კოლონას, რომელიც თბილისისკენ მიემართებოდა. სხვათა შორის, ანალოგიური კადრები „ვარდების რევოლუციის“ წინ,  „რუსთავი 2“-მა აჩვენა.

2 ნოემბერს, პარლამენტის წინ, ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე, თავს ათიათასობით პროტესტანტი იყრის. საპროტესტო აქციები მომდევნო დღეებშიც გრძელდება, თუმცა საღამოობით, მიტინგზე ხალხი კლებულობს და პარლამენტის წინ, სულ რამდენიმე ადამიანი რჩება ხოლმე. 

7 ნოემბერს, დილით, დასუფთავების სამსახური პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებას გადაწყვეტს და აქციის რამდენიმე წევრსა და სახელმწიფოს წარმომადგენლებს შორის, პირველი შეტაკებაც მაშინ მოხდება ანუ ადგილზე მყოფი ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი რუსთაველის გადაკეტვას შეეცდება, რის უფლებასაც სამართალდამცავები არ მისცემენ. მომხდარის გამო, საზოგადოება დედაქალაქის მთავარ გამზირზე უკვე სპონტანურად იკრიბება. ყველაფერ ამას, პირდაპირ ეთერში „იმედი“ გადასცემს...

რუსთაველზე დარბევა იწყება - „რობოკოპები“ აქციის მონაწილეებზე ნადირობენ, თუმცა ნაცემი ხალხი მაინც არ იშლება და, ოპოზიციის გადაწყვეტილებით, აქცია რიყეზე გრძელდება, სადაც სპეცრაზმიც მიდის, მომიტინგეებს ალყაში აქცევს და იწყება მეორე დარბევა. ხალხი გადაწყვეტს, რომ თავი შეაფაროს სამების ტაძარს.

„იმედი“, ცხადია, ისევ „ლაივში“ მაუწყებლობს და მისი ერთ-ერთი ჟურნალისტი, მომიტინგეებზე დაყრდნობით, პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ სპეცრაზმი თითქოს სამებაში აპირებს შეჭრას. ამის გამო, მოსახლეობის უკმაყოფილება კიდევ უფრო იზრდება.

ერთი სიტყვით, ქალაქში სრული ისტერიკაა. ბინდდება. „იმედი“ ისევ ეთერშია და ამ დროს ცნობილი ხდება, რომ სპეცრაზმი ტელევიზიაში შეიჭრა - ამის შესახებ საზოგადოებას გიორგი თარგამაძემ ამცნო.

მოგვიანებით, ჟურნალისტები იტყვიან, რომ ძალოვანი უწყების წამომადგენლები მათზე ნადირობდნენ და ისე ექცეოდნენ, როგორც დამნაშავეებს.

როგორ ექცეოდნენ „დოჟდის“ ოფისში შესული ძალოვანები ჟურნალისტებს? - ამის შესახებ დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვით, თუმცა „იმედის“ დარბევა აღმოსავლეთ ევროპაში და, ზოგადად, ცივილურ სამყაროში, აშკარად უპრეცედენტო შემთხვევა იყო. ყოველ შემთხვევაში, მანამდე დამოუკიდებელი ტელეკომპანია შტურმით, არც ერთი დემოკრატიული ქვეყნის ხელისუფლებას არ აუღია.

ეს ფაქტი იმითაც გახლდათ უპრეცედენტო, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება, პოსტსაბჭოთა სივრცეში, დემოკრატიის შუქურად მიიჩნეოდა. შესაბამისად, ამ „შუქურისგან“ ასეთ ძალადობას არავინ ელოდა, მით უმეტეს, რომ დღემდე არავინ იცის, რა გახდა „იმედის“ დარბევის საბაბი ანუ მაშინდელი მმართველი გუნდი ამბობდა, რომ „იმედი“, თითქოს ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდაში იყო ჩართული, მაგრამ თუ მართლაც ასე იყო, მაშინ თავისუფლად შეიძლებოდა, რომ ტელევიზიას თავს სპეცრაზმი კი არ დასხმოდა, არამედ მისთვის ლიცენზია შეეჩერებინათ, მაგრამ ნაციონალურმა მთავრობამ სხვა გზა აირჩია და ალბათ, იმიტომ, რომ ძალის დემონსტრირება ეჩვენებინა.

ერთი სიტყვით, ყოველივე აქედან გამომდინარე, „დოჟდის“ ოფისში პოლიციის შესვლასა და 20 ივნისს, თბილისში განვითარებულ მოვლენებს შორის პარალელის გავლენა, რბილად რომ ვთქვათ, არარელევანტურია. კი ბატონო, 20 ივნისს, რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით 30-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა და შესაძლოა, ძალის გადამეტებასაც ჰქონდა ადგილი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერ ამას, მინიმუმ, ორი ტელევიზია პირდაპირ ეთერში გადასცემდა, ხელისუფლებას რომელიმე მედიასაშუალებაში შეჭრა არ უცდია!

ასე რომ, როცა პარალელებზე საუბრობენ, კარგი იქნება, თუ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები წარსულს გაიხსენებენ. სხვა თუ არაფერი, წარსული ის ფუნდამენტია, რომელზეც მხოლოდ დღევანდელობა კი არა, არამედ მომავალიც დგას! 

ნინო დოლიძე  

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში