Menu
RSS

ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეს - პოლიტიკური დეჟავუ!

დააპატიმრებენ თუ არა „გამარჯვებული საქართველოს“ სხვა წევრებს?

ირაკლი ოქრუაშვილი ისევ დაკავებულია. ოფიციალური ვერსიით, მას ბრალი სახელმწიფო გადატრიალებასა და პოლიციისთვის ჯგუფრი წინააღდეგობის გაწევაში ედება. იღებდა თუ არა თავდაცვის ექსმინისტრი სახელმწიფო გადატიალებაში ან ჯგუფურ წინააღმდეგობაში მონაწილეობას? - ამას გამოძიება დაადგენს, თუმცა „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის დაჭერამ ბევრს ე.წ. პოლიტიკური დეჟავუ გაუჩინა.

კერძოდ, 2007 წლის შემოდგომაზე, როცა პირველად დაიჭირეს, ოქრუაშვილმა ინტერვიუ ინგა გრიგოლიას მისცა. „იმედის“ ამ სკანდალურ პირდაპირ ეთერში ოქრუაშვილმა „ნაციონალების“ შიდასამზარეულოს ახადა ფარდა და ყველაფერზე ისაუბრა - ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებიდან დაწყებული სამთავრობო კორუფციით დამთავრებული. სხვათაშორის, ამ ინტერვიუშივე მან სააკაშვილის ბიძა - თემურ ალასანიაც ახსენა.

ირაკლი ოქრუაშვილი მაშინ საკუთარი პარტიის ოფისში აიყვანეს (სხვათაშორის, მისი ამჟამინდელი მოძრაობის ოფისიც ზუსტად იგივე მისამართზე მდებარეობს, რომელზეც მაშინ). „ოქროს“ დაჭერას სახალხო მღელვარების დაწყება მოჰყვა, ანუ მანამდეც დაანონსებული იყო, რომ 2 ნოემბრიდან ოპოზიცია პარლამენტის წინ პერმანენტულ აქციებს დაიწყებდა, მაგრამ თავდაცვის ექსმინისტრის დაკავებამ ქუჩაში უფრო ბევრი ხალხი გამოიყვანა. ყველაფერ ამას კი სისხლიანი 7 ნოემბერი მოჰყვა.

ყველას გვახსოვს, 12 წლის წინ, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი როგორც განიმუხტა - სააკაშვილი პრეზიდენტობიდან გადადგა და ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა.

რაც შეეხება ოქრუაშვილს, მან ციხეში აღიარებითი ჩვენება მისცა და, „სპორტულებში“ გამოწყობილმა განაცხადა, რომ ყველაფერი, რაც გრიგოლიას ეთერში თქვა, წმინდა წყლის სიცრუე იყო.

მოკლედ, ოქრუაშვილმა „მატროსოვი“ გირაოს სანაცვლოდ დატოვა და, როგორც ცნობილი, აეროპორტში თავად „ნაციონალებმა“ მიაცილეს, რათა საქართველოდან წასულიყო. თუმცა დღემდე ბურუსიდაა მოცული, რა იყო მაშინდელი გარიგების პირობები. დღეს არც ოქრუაშვილი და არც ნაციონალები ამ კითხვაზე არ პასუხობენ.

რა ხდება დღეს? - რამდენიმე დღის წინ, ოქრუაშვილმა სკანდალური განცხადებები ისევ ინგა გრიგოლიას ეთერში გააკეთა. მართალია, ოფიციალურად მისი ახლანდელი დაკავების საბაბი ეს ინტერვიუ არ არის, მაგრამ იურისტების ნაწილი ამბობს, რომ პირდაპირ ეთერში ბევრ რამეზე პირდაპირი ჩვენება მისცა და ამიტომ ოქრუაშვილის განცხადებებით სამართალდამცავები აუცილებლად უნდა დაინტერესებულიყვნენ. ასე რომ, არ არის გამორიცხული, „გამარჯვებული პარტიის“ ლიდერს ბრალი კიდევ უფრო დაუმძიმდეს და მას სხვა მუხლებიც დაემატოს.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, შესაძლებელია „გამარჯვებული საქართველოს“ სხვა წევრებიც დააკავონ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავდაცვის ექსმინისტრის თანამოაზრე მიშა კაჭკაჭიშვილი წერს:

„გუშინ, ზუსტად 13:30 „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი პირისგან, რომელიც ივანიშვილის ახლო გარემოცვად ითვლება, მივიღე შეტყობინების სახით გაფრთხილება, რომ არ მემოძრავა ავტომობილით მარტო, რადგან იყო საუბარი, ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად,  პარტიის სხვა წევრების დაპატიმრებები იგეგმებოდა.

 

რადგან შეტყობინების მიღების მომენტში მე და ირაკლი ოქრუაშვილი ვიმყოფებოდით ერთად, მე ეს შეტყობინება მას წავაკითხე. მას შემდეგ მთელი დღისა და ღამის განმავლობაში ხორციელდებოდა დაუფარავად დევნა და თვალთვალი, რაც პირადად ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავია და არავინ არსად არ დავმალულვართ და არც ხვალ და არც ზეგ არ ვაპირებთ დამალვას.. დღეს ირაკლი სასაცილო ბრალდებით დააკავეს..ციხეს ორი კარი აქვს... ეს მინდა იმ ხალხმა დაიმახსოვროს, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს და ჩემი ინფორმაციით, სხვების დაკავებებსაც აპირებენ.

 

მინდა იცოდეს ხელისუფლებამ, თქვენი დაჭერის არავის არ ეშინია და რაც მეტს დაგვიჭერთ, მით მალე მოვა თქვენი დასასრული“.

 

განმეორდება თუ არა 2007 წლის სცენარი, ანუ გამოვა თუ არა ხალხი ოქრუაშვილის დასაცავად ქუჩაში ან მოვისმენთ თუ არა „ოქროს“ კიდევ ერთ ჩვენებას? - ამას დრო გვაჩვენებს, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, პოლიტიკური დეჟავუს ნიშნები სახეზეა!

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში