Menu
RSS

დატოვებს თუ არა გიგი უგულავა „ევსაქებს“ _ დიდი ,,რაზბორკები'' ბოკერიას პარტიაში

„ძალიან გული დამწყდა, როდესაც უგულავა დადგა მელიას მხარეს“, _ რა პრეტენზიები აქვს ოთო კახიძეს თბილისის ექსმერთან

ნაცები და ევრონაცები ერთმანეთს ახალი შემართებით დაერივნენ. ზოგადად, მიშას მიმდევრებსა და მათ განაყოფებს იდეალური ურთიერთობა არც აქამდე ჰქონიათ და ამ მხრივ, განსაკუთრებით, თავს გიგა ბოკერიას მეუღლე, თამარ ჩერგოლეიშვილი იჩენდა ხოლმე, მაგრამ ახლა ისეთი პირი უჩანს, რომ ევროპულ საქართველოში გარკვეული პრობლემები, შესაძლოა, გიგი უგულავას ანუ იმ ადამიანს შეექმნას, რომელიც თავის დროზე, ნაცმოძრაობის დაშლის საბაბი გახდა _ ალბათ, გახსოვთ, ჯერ კიდევ საპატიმროში მყოფმა, თბილისის ყოფილმა მერმა ვრცელი წერილი გაავრცელა, სადაც მიხეილ სააკაშვილს ურჩევდა, რომ პარტიის თავმჯდომარეობაზე უარი ეთქვა და გზა ახალგაზრდებისთვის დაეთმო. მაშინ მიშამ ეს შეგონება არ გაითვალისწინა და მოხდა ის, რაც მოხდა _ ნაციონალური მოძრაობა ორად გაიყო. ისე, როცა ყოფილი მმართველი გუნდი იშლებოდა, ალბათ, ვერავინ, ან თითქმის ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ყველა ის ადამიანი, რომლის პოლიტიკურ არენაზე გამოჩენა ექსპრეზიდენტს უკავშირდებოდა, მიშას ზურგს აქცევდა და გიგას კალთას გამოეკერებოდა, მაგრამ პოლიტიკაში, მოგეხსენებათ, ყველაფერი „მოსულა“. ჰოდა, ირმა ნადირაშვილის, ხათუნა გოგორიშვილის, გოკა გაბაშვილისა და სხვების მსგავსად, სააკაშვილი, გიგი უგულავამაც „სამჯერ დაგმო“, თუმცა ახლა ისეთი პირი უჩანს, რომ შესაძლოა, უგულავა ნაციონალურ მდინარეში მეორედ შევიდეს. დატოვებს თუ არა თბილისის ექსმერი „ევსაქებს“ და საერთოდ, რას ერჩიან ბოკერიას პოლიტიკური და-ძმები გიგის?

ყველაფერი რამდენიმე დღის წინ დაიწყო, უფრო სწორად, საჯარო გახდა, თორემ მანამდე ევროპულ საქართველოში, შესაძლოა, შიდა „რაზორკები“ გაიმართა. ისე, ნიშანდობლივია, რომ სახალხოდ უგულავას, ოთარ კახიძემ „დაარტყა“. რატომ არის ეს ნიშანდობლივი? _ იმიტომ, რომ კახიძე იმთავითვე ყოფილი მთავარი პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის კადრად მიიჩნეოდა. ადეიშვილსა და სააკაშვილს შორის კი, ბოლო დროს, როგორც ამბობენ, არცთუ ძმური ურთიერთობაა. 

ერთი სიტყვით, რამდენიმე დღის წინ, დეპუტატმა კახიძემ, სოციალურ ქსელში, სიტყვა-სიტყვით, შემდეგი დაწერა: 

„სოფო ვერძეული აანალიზებს 20 ივნისის ღამეს და „მიუკერძოებელი დამკვირვებლის“ სტატუსით, სიმართლედ გვასაღებს მთავარ სახელისუფლო ჰედლაინს, რომ „აქცია, დაახლოებით, 10 საათიდან გახდა ძალადობრივი“. 

სინამდვილეში, აქცია იყო მრავალათასიანი, ხოლო პოლიციასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა, დაახლოებით, ასამდე (შეიძლება ოდნავ მეტი) მომიტინგე. მხატვრის სახლთან და გამზირზე მდგომ ადამიანებს, არათუ ძალადობრივი განზრახვა არ ჰქონიათ, არამედ არც კი იცოდნენ, თუ რა ხდებოდა ზემოთ. არ ისმოდა რუპორის ხმა, არ იყო დამონტაჟებული მიკროფონი, ეკრანი და დინამიკები. 

თუ დავიჯერებთ, რომ აქცია ძალადობრივი გახდა, მაშინ ხელისუფლებას მართლაც ჰქონია ლეგიტიმური უფლება, დაეშალა მომიტინგეები. მაშინ გახარიას გადადგომის მოთხოვნა (რომელსაც „ობიექტურობისთვის“ აყენებს სტატუსის ავტორი), კიდევ უფრო სადავო ხდება. 

სინამდვილეში, რეალობა არის შემდეგი: 

1. ხელისუფლებას უნდა გაეცნობიერებინა სპონტანური პროტესტის სიმძაფრე და უნდა გადაეყენებინა თანამდებობიდან პარლამენტის თავმჯდომარე; 

2. შსს-ს არ უნდა გამოეყვანა საპოლიციო დანაყოფები პარლამენტის რკინის ღობის გარეთ და ამით არ უნდა მოეხდინა მომიტინგეებთან ფიზიკური შეხების პროვოცირება; 

3. ნაცმოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ნიკა მელიას არ უნდა გაეკეთებინა პროვოკაციული და სრულიად უპასუხისმგებლო მოწოდება პარლამენტის ეზოში „მშვიდობიანად შესვლის“ თაობაზე; 

4. ხელისუფლებას არ უნდა დაერღვია პირობა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან მოლაპარაკების შესახებ და ცრემლსადენი გაზი არ უნდა ესროლა მიტინგის უკანა რიგებში, საიდანაც არავითარი ძალადობრივი საფრთხე არ მოდიოდა; 

5. პოლიციას არ უნდა დაეწყო მიტინგის დაშლა კანონით გათვალისწინებული სავალდებულო გაფრთხილების გარეშე; 

6. პოლიციას არ უნდა გამოეყენებინა ისეთი ტყვიები, რომლებიც აღწევს სხეულში და იწვევს ადამიანის დასახიჩრებას; 

7. პოლიციას არ უნდა ესროლა რეზინის ტყვიები თავის არეში, თვალებში და ახლო მანძილიდან; 

„ობიექტურობის“ საბურველში, სახელისუფლო პროპაგანდის მესიჯბოქსი ვერ შეინიღბება''. 

კახიძის ამ „ფეისბუქსტატუსს“, როგორც იტყვიან, ფეხი თავად გოგა ბოკერიამაც აუწყო ანუ „შეფის“ საგანგებო განცხადება, ევროპული საქართველოს პრესსამსახურმა გაავრცელა. განცხადებაში ვკითხულობთ: 

,,მიმაჩნია, რომ მელიას მიმართ წაყენებული ბრალდებები სამართლებრივად არის სრული აბსურდი, პოლიტიკურად კი უტიფარი მცდელობა, მოიხსნან პასუხისმგებლობა, რაც მთლიანად ივანიშვილის ხელისუფლებას და, პირველ რიგში, გახარიას ეკისრება, მაგრამ ამავდროულად, მთლიანად ვიზიარებ ოთარ კახიძის პოზიციას, რომ მელიას განცხადება პოლიტიკურად უპასუხისმგებლო იყო. ამ ტიპის განცხადებები, სხვა ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, სულ მცირე, ივანიშვილს უადვილებს პროპაგანდას. ჩემი აზრით, ნაციონალური მოძრაობა ამ სამართლიან კრიტიკას უნდა შეეგუოს, ან არ შეეგუოს და აწარმოოს ამაზე დისკუსია... 

ვთვლი, რომ ოთომ ზუსტად დასვა ყველა აქცენტი. 

1. კრიზისის განსამუხტად, იმ დღესვე უნდა გადამდგარიყო პარლამენტის თავმჯდომარე; 

2. პარლამენტში შეჭრის აღსაკვეთად, სპეცრაზმის მომიტინგეების პირისპირ, პარლამენტს გარეთ დაყენება გაუგებარი და გაუმართლებელია. სპეცრაზმი უნდა მდგარიყო ალაყაფს შიგნით და დაეკავებინა ყველა, ვინც შეჭრას შეეცდებოდა; 

3. რა თქმა უნდა, მომიტინგეები უნდა გაეფრთხილებინათ მკაფიოდ და გარკვევით ადგილზე, თუ ძალადობრივად შლიდნენ აქციას; 

4. პრინციპულად არასწორია ქალბატონი ვერძეულის შეფასება, რომ რამდენიმე ათეული პირის ძალადობრივი ქმედება, ათიათასკაციან მიტინგს აქცევდა ძალადობრივად; 

5. ის, რომ გამოყენებული ძალა დანაშაულებრივად დისპროპორციული იყო, ამაზე სრული კონსენსუსია''. 

კახიძე-ბოკერიას ოკესტრირებული შეტევა ნაციონალებს, ცხადია, არ გამოჰპარვიათ და თანაგუნდელყოფილებს უმალ უპასუხეს. უფრო ზუსტად, ბოკერიას გუნდს ეპისტოლარული პასუხი, თავად მელიამ გასცა: 

„საზოგადოებისთვის ცნობილია ოთო კახიძის განცხადება, სადაც ის წერს, რომ ნიკა მელიას არ უნდა გაეკეთებინა პროვოკაციული და სრულიად უპასუხისმგებლო განცხადება პარლამენტის ეზოში „მშვიდობიანად შესვლის“ თაობაზე. შემდეგ, ოთო კახიძის პათოსი სრულად გაიზიარა გიგა ბოკერიამ. 

ოთო კახიძეს, რომელმაც პროვოკატორად გამომაცხადა უაპელაციოდ, პასუხი გუშინვე გავეცი ერთ-ერთ პოსტის კომენტარებში და ვინაიდან მეტად აღარ ვაპირებ პასუხი გავცე მათ განცხადებებს, თქვენი ნებართვით, გავიმეორებ იმას, რაც გუშინვე მოვახსენე ბატონ კახიძეს. 

დიახ, მე რა განცხადებებიც ვაკეთე იმ დღეებში, სრულიად მაქვს გააზრებულიც და გასიგრძეგანებულიც. მათი განცხადებები კი, როცა საარჩევნო პერიოდი არაა და ერთმანეთის პირდაპირ კონკურენტებს არ წარმოვადგენთ, როგორღაც პარტიულ კბენებზე უნდა ამაღლდეს და მეტიც, ბანს არ უნდა აძლევდეს და ექოსავით არ უნდა იმეორებდეს იმას, რასაც ეს ხელისუფლება გაიძახის. 

ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ცალკე მწვადის, ცალკე შამფურის გაფრთხილებაში, თეთრი ხელთათმანები არ გაგვემუროს. 

ვწერდი, რომ იმ პირველ დღეებში, ხშირად ვამბობდი იმას, რომ 9 აპრილის შემდეგ, კომპარტიის პროპაგანდა ეროვნული მოძრაობის ლიდერებს აბრალებდა სწორედ უპასუხისმგებლო, პროვოკაციული განცხადებების კეთებას და შესაბამისად, სისხლისღვრას-მეთქი. ოთო კახიძეს დავუწერე კიდეც, „ცოტაც და შენზეც იმავეს მათქმევინებ. უბრალოდ, ის კომპარტია იყო და შენ ოპოზიციაში ხარ“. 

დღეს ეს, ოთოს გარდა, უკვე სხვებსაც ეხება, სამწუხაროდ. 

დიახ, უწყვეტი კადრების გამოქვეყნების შემდეგ, ხელისუფლებას პროპაგანდა დაენგრა და ჩემს დასაჭერად სხვა საყრდენებს ეძებს და სამწუხაროა, რომ ჩემი კოლეგები, თავისი განცხადებებით, ამ შემთხვევაში, მაშველ რგოლებად (იმედია და მჯერა, მართლაც, უნებლიედ) ევლინებიან ბიძინას რეჟიმს. 

მეტ კომენტარს მე ამ თემაზე არ გავაკეთებ! ისრების გადატანა არასწორია _ დღეს მთავარი სამიზნე ივანიშვილია და ეს ყველას უნდა ესმოდეს“, _ დაწერა ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში. 

აქვე, შეგახსენებთ, რომ ენმ-ს პოლიტსაბჭოს მდივანს, ხელისუფლება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, ან მასში მონაწილეობის მუხლით ედავება. 

ერთი სიტყვით, კახიძე-ბოკერიას პათოსი, ევსაქების აბსოლუტურმა უმრავლესობამ გაიზიარა. ერთადერთი, რომელმაც მელიას მიმართ სოლიდარობა გამოხატა და კახიძე-ბოკერიას, პრინციპში, გაემიჯნა, გიგი უგულავა გახლდათ: 

„9 აპრილის დარბევამდე, ყველაზე დიდი ოვაცია ეროვნული მოძრაობის ლიდერების დაპატიმრების მოწოდებას მოყვა. „აბა, რა, ეგრე, რა, მაგის გარეშე როგორ შეიძლება“, _ ისმის ხმები ფოფხაძის პარალელურად. 9 აპრილის შემდეგაც, პირველი ოფიციალური ხაზი იყო ეროვნული მოძრაობისთვის, მათი ლიდერებისთვის გადაბრალება, ამ მიმართულებით, დისკუსიების გადატანა. აქედან დაწყებული, ეგ ნაცადი ხერხი გახდა. პროტესტის მოტივისგან დამოუკიდებლად, მუდმივად იყო რუსთაველის პერიპეტიების ოპოზიციაზე გადაბრალების მცდელობები (ზოგჯერ ლეგიტიმური საფუძვლებითაც), მაგრამ არასდროს არაფერი გამოვიდა. რუსთაველზე დარბევაზე და მის მიზეზებზე, საზოგადოებას ყოველთვის ერთი დამნაშავე ჰყავდა და ეს ხელისუფლება იყო. ახლაც ასე იქნება. პოლიტიკოსები ყველაფერზე ვკამათობთ, თუმცა სანამ ხალხისთვის 20 ივნისის ტრაგედია ჯერ ძალიან ღია ჭრილობაა, როცა მთავრობა ჯერ კუდიანებზე ნადირობს, კინკლაობა და ხელის გაშვერა ძალიან ცუდად გამოიყურება. ამ დისკუსიის დროც მოვა, მაგრამ არა _ ახლა“, _ განაცხადა უგულავამ. 

თბილისის ექსმერის ამ განცხადებამ, სათავე ახალ ეპისტოლეებს დაუდო ანუ ოთარ კახიძემ კიდევ ერთი პოსტი „გამოაცხო“ და ამჯერად, ღიად თუ ირიბად, უკვე უგულავას „დაარტყა“: 

„დიდი ამბები გამოუწვევია ჩემს გუშინდელ სტატუსს, სადაც სოფო ვერძეულს ვპასუხობდი „გავრილოვის ღამის“ მისეულ ანალიზზე. 

მთავარი თავდასხმა ნაცმოძრაობის მომხრეებისგან მივიღე მესამე პუნქტზე, რომელიც მელიას მოწოდებას ეხება. 

„ქართული ოცნება“ ამბობს, რომ აღნიშნული მოწოდება იყო დანაშაული, რაშიც არ ვეთანხმები, რადგან ძალადობისკენ მელიას არ მოუწოდებია, ამბოხი და გადატრიალებაც სრული ნონსენსია სამართლებრივად. 

ჩემი ეს პოზიცია ნათლად დავაფიქსირე იურიდიული და საპროცედურო კომიტეტების სხდომაზე, სადაც მელიას იმუნიტეტის მოხსნის საკითხი განიხილებოდა. 

ასევე, დავაფიქსირე სასამართლოში, სადაც ვიყავი მელიას თავდები და ვისაუბრე წარდგენილი ბრალდების აბსურდულობაზე, მაგრამ ბუნებრივია, მაქვს ჩემი აზრი და მისი ქმედების პოლიტიკური შეფასება. 

მე ვამბობ, რომ მელიას მოწოდება იყო პოლიტიკურად უპასუხისმგებლო, მიზანშეუწონელი, შეცდომა და არასწორი საქციელი ლიდერის მხრიდან. როგორც მინიმუმ, ხელისუფლებას ამით მისცა საბაბი, რომ ოპოზიცია დესტრუქციულ ქმედებებში დაედანაშაულებინა.

და ნაცმოძრაობის პოზიცია როგორია? 

პარლამენტში, მომიტინგეების „მშვიდობიანად“, „ხელაწეული“ შესვლის მოწოდება მისაღებია? და ამას ვინც არ ეთანხმება, ბიძინას მოსყიდულია? 

კატეგორიულად ვემიჯნები ახლაც და სხვა დროსაც გავემიჯნები მსგავს, უპასუხისმგებლო მოწოდებებს და ვერანაირი პარტიული კონიუნქტურა ვერ მაიძულებს, სიმართლის ნაცვლად, ტყუილი ვილაპარაკო. 

„გავრილოვის ღამის“ მოწყობაში დამნაშავეა ივანიშვილის ხელისუფლება და მინისტრი გახარია. მელიას მოწოდება კი არის უპასუხისმგებლობა და მძიმე პოლიტიკური შეცდომა. 

„მე, თუ გინდა, თავიც მომჭრან, ტანი გახდეს გასაბერად, 

ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად“. 

ამასთან, კახიძემ სატელევიზიო გამოსვლისას განაცხადა: 

„ძალიან გული დამწყდა, როდესაც გიორგი ბარამიძემ ნაცმოძრაობიდან, მოითხოვა ჩემი ამ პოზიციის შეფასება და გიგი უგულავა დადგა არა ჩემს, არამედ ნიკა მელიასა და გიორგი ბარამიძის მხარეს. ეს ჩემთვის გულდასაწყვეტი იყო. პარტიის დატოვებაზე საუბარი არ არის. არსებობს გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღოს პოლიტსაბჭომ. პარტიამ უნდა იმსჯელოს. პარტია არ არის არც გიგი უგულავა, არც _ ოთო კახიძე, არც _ გიგა ბოკერია... 

მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსები ხშირად უშვებენ შეცდომას. ასეთი რაღაცები ხდება ხოლმე. მაგალითად, ჩვენმა პოლიტსაბჭომ ერთხელ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ შევერთებოდით ნაცმოძრაობის დაანონსებულ მიტინგს, მაგრამ გიგი უგულავა ინდივიდუალურად დაესწრო ამ მიტინგს. ჩემი აზრით, ეს იყო შეცდომა მისი მხრიდან. ახლაც ვთვლი, რომ შეცდომას უშვებს, როდესაც პარალელს ფოფხაძესთან ავლებს, როდესაც ბოკერიასა და კახიძეზეა საუბარი და „ნაცმოძრაობის მხარეს იჭერს, როდესაც ისინი, ამ შემთხვევაში, მართლები არ არიან. 

მე ნაცმოძრაობის ლიდერებისგანაც, სხვათა შორის, ბატონი რომანისგან (გოცირიძე) მართლა მაინტერესებს _ მისაღებია, ასეთი ტიპის მოწოდება? ნორმალურია, რომ პარლამენტში მშვიდობიანად შევიდეთ?! ხომ არ ვამბობ, რომ ეს დანაშაულია?! დანაშაული არ ყოფილა, მაგრამ ნორმალური მოწოდებაა?! პასუხისმგებლიანი მოწოდებაა, თუ შეცდომაა?! დიდი ბოდიში, თუ თვლიან, რომ ეს შეცდომა არ არის და ნორმალური მოვლენაა, ამაზე ვერ დავეთანხმები... კატეგორიულად ვერ დავეთანხმები ვერც რომან გოცირიძეს, ვერც _ მელიას, ვერც _ გიგი უგულავას და ვერავის იმიტომ, რომ ჩემს სიმართლეში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული და ამ სიმართლეს დავიცავ ბოლომდე“. 

ოთარ კახიძე თავის სიმართლეს უეჭველად დაიცავს, რადგან მის მხარეს ევსაქების შეფი, გიგა ბოკერია დგას. აი, გიგი უგულავას კი, ადრე თუ გვიან, პარტიაში, შესაძლოა, პრობლემები შეექმნას და, მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ოთარი ირწმუნება, პარტიის დატოვებაზე საუბარი არააო, გამორიცხული არაა, იძულებული გახდეს, „ევროპელებს“ გაემიჯნოს და თავისი პოლიტიკური კარიერია ისევ ნაციონალებთან გააგრძელოს.

ნინო დოლიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში