Menu
RSS

„რუსთავი 2“-ის პოლიტიკური თამაშები

რატომ ფიგურიებს „გაბუნიას სკანდალში“ შკრიალოვი, რამდენჯერ შეიცვალნენ მფლობელები და რა აკავშირებს ტელევიზიის საკონტროლო პაკეტის მფლობელს რუსეთთან

ვინმეს მოსწონს თუ არა, ფაქტია: ამ ქვეყანაში არათუ ახალ ამბებს ქმნის, არამედ პოლიტიკურ დღის წესრიგსაც ადგენს, თან ყველაფერი ეს ახალი კი არა, დიდი ხნის ამბავია. დიახ, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, „რუსთავი 2“ მთავარი პოლიტიკური მოთამაშეა და ისინიც კი, ვინც პირგამეხებულები ითხოვენ, ეს ტელეკომპანია დაიხუროსო, „კურიერის“ ყველა გამოშვებას გულისფანცქალით ელიან. ეს კი არადა, პირადად მინახავს, სამთავრობო გუნდის წარმომადგენლები საგანგებო ბრიფინგებს 12:00, ან 15:00 საათს როგორ ამთხვევენ, რომ „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში მოხვდნენ. ერთხელ კი, ასეთი ამბავიც მოხდა: მთელი მედია ერთ-ერთ სამთავრობო უწყებას ტრენინგზე ჰყავდა წაყვანილი. მოსაწყენი სჯა-ბაასი დამთავრდა და ვახშმობის დრომაც მოაწია. ჰოდა, მოშიებულებმა, თავი რესტორანში მოვიყარეთ. ამ სამთავრობო უწყების პირველი პირიც შემოგვიერთდა და ის იყო, ლუკმა უნდა გაგვეტეხა, ამ „მეფისტოლა კაცმა“ ყვირილი რომ ატეხა, ცოტა ხანს მოვიცადოთ, წუთი-წუთზე „კურიერი“ იწყება, ახალ ამბებს შევხედოთ და მერე ვივახშმოთო.

მოკლედ, ეს ამბავი იმიტომ გავიხსენე, რომ „რუსთავი 2“ ვიღაცებისთვის იმ ანდაზასავითაა, მელას თავისი მახრჩობელა უყვარდაო. ჰოდა, დღეს „ვერსია“ ამ „პოლიტიკური სიყვარულის“ ერთგვარ ანატომიას შემოგთავაზებთ ანუ ტრადიციულად, საარქივო მასალებზე დაყრდნობით შევეცდებით, „რუსთავი 2“-ის, როგორც ქართული პოლიტიკის აქტორის X-ფაილი შევქმნათ და იმ კითხვაზეც გავცეთ პასუხი, თუ როგორ გახდა ეს სამაუწყებლო კომპანია ასეთი წარმატებული და გავლენიანი. 

ყველაფერი იმ ბნელ და უკუნ 90-იან წლებში, თბილისში კი არა, არამედ სამრეწველო ქალაქ რუსთავში დაიწყო. უფრო კონკრეტულად, აწ განსვენებული ეროსი კიწმარიშვილი, თავის ორ მეგობართან _ დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძესთან ერთად, ტელეკომპანია „გამა%“-ს ფლობდა. ეს ის დროა, როცა საქართველოში „მხედრიონი“ დათარეშობს და სახელმწიფო უწყებები, პრინციპში, არ არსებობს. მართალია, ე.წ. არაფორმალების ეპოქა უკვე დასრულებულია, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც საზოგადოებრივ ცხოვრებაში ეროვნული მოძრაობის ტალღაზე, ან მის პარალელურად მოვიდნენ, პოლიტიკაში საკუთარი სიტყვის თქმას აპირებენ. ამ მხრივ, განსაკუთრებით ყურადღებას იქცევენ უნივერსიტეტის ყოფილი პრესკლუბელები ანუ საუბარია ფიქრია ჩიხრაძეზე, თედო ისაკაძესა და ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილზე. ეს სამეული ტელეკომპანია „თამარიონს“ ფლობს, მაგრამ „თამარიონს“ ეთერში გასვლის პრობლემა ექმნება. ახალგაზრდები გამოსავალს პოულობენ _ კიწმარიშვილის, დვალისა და აქიმიძის ტელეკომპანიას უერთებიან და ასე ჩნდება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, რომელსაც თავისი არსებობის განმავლობაში, ათასი ქარიშხლის გადატანა მოუხდა. სწორედ ეს მოწმობს, რომ „რუსთავი 2“ იმთავითვე მედიაზე მეტი იყო ანუ შეიძლება, ისიც ვთქვათ, რომ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, „რუსთავი 2“ პოლიტიკური ფაქტორია, ფაქტორი, რომელზეც პოლიტიკურ ელიტებს მუდმივად პრეტენზია აქვთ და ამასთან, მუდმივად ცდილობენ, რომ კრიტიკულ ვითარებაში, მასთან ურთერთობას თუ ვერ დაალაგებენ, საერთო ენა მაინც მოძებნონ! 

ისე, სამართლიანობა მოითხოვს, ხაზი ერთ გარემოებასაც გავუსვათ: „რუსთავი 2“-ზე, არაერთ სკანდალურ ჟურნალისტს უმუშავია და ამ ჟურნალისტებიდან ზოგიერთი დღეს პოლიტიკოსიცაა, მაგალითად, გიგა ბოკერია, გივი თარგამაძე, ირმა ნადირაშვილი და ასე შემდეგ, მაგრამ გიორგი გაბუნიას მსგავსი სკანდალისტი და ეპატაჟური თანამშრომელი, ამ სამაუწყებლო კომპანიას არასოდეს ჰყოლია! დიახ, გიორგი გაბუნია, პრაქტიკულად, ერთადერთი ქართველი ჟურნალისტია, რომლის წინააღმდეგაც მთელი რუსული სამთავრობო ვერტიკალი დაირაზმა _ „დუმელები“ ითხოვენ, რომ გაბუნიას რუსეთში ექსტრადირება მოხდეს. რუს პოლიტიკოსებს არც ზოგიერთი ქართველი შავრაზმელი, თუ პროპუტინისტური სახე ჩამორჩება, რაც იმაში გამოიხატება, რომ მაგალითად, საქართველოში, ევგენი პრიმაკოვის ფონდის თანამშრომელი დიმიტრი ლორთქიფანიძე, ჟურნალისტის უმკაცრესად დასჯის მომხრეა. ნინო ბურჯანაძე კი შესაბამისი უწყებებისგან ითხოვს, რომ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტისა და ორი საავტორო გადაცემის _ „არჩევანი“ და „კურიერი P.შ.''-ის ავტორისა და წამყვანის მიმართ, გამოძიება დაიწყოს. 

იმის შესახებ, თუ რატომ გახდა გაბუნია ასეთი აქტუალური, ყველამ ვიცით _ რამდენიმე დღღის წინ, თავის საავტორო გადაცემაში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინის მიმართ, არაკორექტული განცხადებები გააკეთა. გაბუნიას ამ პათოსს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იზიარებს ანუ ჩვეულებრივ სიტუაციაში, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, რომელსაც გააზრებული აქვს, რომ რუსეთი ოკუპანტია, პუტინს, შესაძლოა, დღეში რამდენჯერმე აგინებს და სამ ასოზეც უშვებს, მაგრამ ჯერ ერთი, ტელევიზიის პირდაპირ ეთერში იმ ლექსიკით საუბარი, რომლითაც გაბუნიამ ისაუბრა, მიუღებელია და ჟურნალისტურ სტანდარტებს სცილდება. მეორეც, „გავირლოვის ღამის“ შემდეგ, ქვეყანაში ისედაც მყიფე ვითარებაა და ამ დროს ცეცხლზე ნავთის დასხმა, რაც პრინციპში, გაბუნიამ გააკეთა, დაუშვებელია. 

ამას გარდა, არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: 18 ივლისს, სტრასბურგის სასამართლომ სამაუწყებლო კომპანიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ჰოდა, თავისი არაეთიკური განცხადებით, გაბუნიამ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც ჰგონია, რომ ყველა უბედურება „რუსთავი 2“-ის გამო გვჭირს, ტელევიზიის წინააღმდეგ დარაზმვის საბაბი მისცა. 

ერთი სიტყვით, პუტინის დედაც, მაგრამ გაბუნია ისე არ მოიქცა, როგორც უნდა მოქცეულიყო, თუმცა ზოგი ეჭვობს, რომ პუტინის საგინებელი ტექსტი ჟურნალისტს დაუწერეს და უთხრეს, წაიკითხეო. ისინი, ვინც გაბუნიას იცნობენ, ამ ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავენ და უცხო თვალისთვისაც ნათელია, რომ გაბუნია თავისუფალი „ტიპია“ ანუ იმას, რაც არ სჯერა, ვერავინ გააკეთებინებს, მაგრამ „ტექსტის დაწერის“ ვერსიას, უმეტესად, სამთავრობო წრეებთან დაახლოებული ადამიანები ლობირებენ. ასე, მაგალითად, გოგა ხაინდრავა, რომელიც „ოცნების“ ერთ-ერთ არაოფიციალურ იდეოლოგად მიიჩნევა, არ გამორიცხავს, რომ პუტინის საგინებელი მონოლოგი, ვიტალი შკრიალოვმა დაუწერა. 

ვინ არის შკრიალოვი? _ სხვადასხვა ვერსიით, შკრიალოვი საპრეზიდენტო აჩევნების დროს, გრიგოლ ვაშაძის პიარკამპანიას ხელმძღვანელობდა. ამასთან, „ფორუმ.გე“-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შკრიალოვი „ეძინაია რასიას“ ანუ პუტინის პარტიის პარტნიორია. ამავე მონაცემებით, შკრიალოვი თავის დროზე, გუდკოვთანაც თანამშრომლობდა. ეს უკანასკნელი კი, როგორც ამბობენ, „ეფ-ეს-ბე“-ს გამოცდილი თანამშრომელია. 

ყველაფერი ეს, შესაძლოა, ის ვარიანტია, ენას ძვალი რომ არ აქვს და რასაც უნდა, იმას იტყვის, მაგრამ თუნდაც რუსული პოლიტიკური ვერტიკალის სრული ისტერიკის ფონზე, რატომ არ აქვს იმ ვერსიას არსებობა, რომ საქართველოს ყველაზე გავლენიანი ტელევიზიის ეთერში, ამავე ტელევიზიის ერთ-ერთი, ყველაზე რეიტინგული ჟურნალისტის მიერ, რუსეთის პრეზიდენტის არაკორექტული მოხსენიება, კრემლის ინტერესებში შედიოდა? 

ცხადია, იმის მტკიცება, რომ გაბუნიას განცხადების გამო, რუსეთი საქართველოს დაბომბავს, გულუბრყვილობაა, მაგრამ როგორც ამბობენ, პუტინი გულღრძოა და ასეთ რაღაცებს იმახსოვრებს. ჰოდა, ფაქტია: დაიმახსოვრა და საქართველოს სანქციები, ლამის ოფიციალურად დაუწესა _ რუსეთში ქართული ღვინისა და წყლის ექსპორტის აკრძალვა-არაკრძალვა დადგა დღის წესრიგში, რასაც თან დაერთო ჩვენსა და ჩრდილოეთელ მეზობელს შორის ფრენების შეწყვეტა. სხვათა შორის, ფრენები ოფიციალურად, 8 ივლისს შეწყდა. გაბუნიამ კი პუტინს წინა დღეს ანუ 7 ივლისს აგინა. თუ გავითვალისწინებთ, რომ პოლიტიკაში შემთხვევით არაფერი ხდება, უბრალო დამთხვევად, შეიძლება, არც ბოლოდროინდელი მოვლენები მივიჩნიოთ. 

ამასთან, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გაბუნიას არაკორექტულ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, „თბილისი პრაიდმა“ გადადებული „ღირსების მარშის“ ჩატარება დააანონსა, რამაც ულტრამემარჯვენეების ქუჩაში გამოსვლის პროვოცირება მოახდინა _ ლევან ვასაძე, რომელიც „გავრილოვის ღამის“ შემდეგ აღარავის ახსოვდა, გაცოცხლდა და ლგბტ-ების შემუსვრის სურვილით, კვლავ ქუჩაში გამოენთო. სხვადასხვა ანალიტიკოსი ეჭვობს, რომ „თბილისი პრაიდსა“ და ვასაძეს ერთი, ჩრდილოეთელი პატრონი ჰყავთ. ჰოდა, გაბუნია პუტინს მაშინ აგინებს, როცა ცალკე _ ვასაძე და ცალკე _ პრაიდი იწევენ ქუჩაში. შედეგმაც არ დააყოვნა _ გაბუნიას გადაცემის დასულებისთანავე, ადამიანების გარკვეული ჯგუფი, სავარაუდოდ, ორგანიზებულად, „რუსთავი 2“-ის შენობასთან მიიჭრა და მოითხოვა, რომ გაბუნიას საქართველო დაეტოვებინა. ეს მოთხოვნა თავიდან სასაცილოდ ჩანდა, მაგრამ მოგვიანებით, რუსეთის დუმამ ქართველი ჟუნალისტის ექსტრადირება ოფიციალურად მოითხოვა. 

ერთი სიტყვით, შესაძლოა, დავუშვათ ალბათობა, რომ გიორგი გაბუნია ვიღაცის, ან ვიღაცების პოლიტიკური თამაშების მსხვერპლი გახდა. პოლიტიკური აქტიორები ურთიერთობის დალაგებას, როგორც წესი, ადრე თუ გვიან ახერხებენ ხოლმე. ახლაც, ალბათ, ასე მოხდება და ყველაზე უხერხულ მდგომარეობაში, ჟურნალისტი აღმოჩნდება. ყოველ შემთხვევაში, ვიღაც-ვიღაცები არ გამორიცხავენ, რომ გიორგი გაბუნიას თანაგრძნობა და თანადგომა უფრო სჭირდება და ახლა მისი განკითხვის დრო არ არის! 

ისე, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი პოლიტიკური ბატალიების საბაბი ხდება. მადლობა ღმერთს, ამჯერად ყველაფერი ისე ფატალურად არ დასრულებულა, როგორც თავის დროზე დასრულდა _ 2001 წლის ზაფხულში, გიორგი სანია საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მართალია, მაშინდელმა ხელისუფლებამ გიორგის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად საყოფაცხოვრებო საკითხი დაასახელა და ამ ვერსიის შეცვლა არც „ვარდების რევოლუციით“ მოსულ ნაციონალებს უცდიათ, მაგრამ იმთავითვე გაჩნდა ეჭვი, რომ სანაია მავანთა პოლიტიკურ თამაშებს შეეწირა. ეს მოსაზრება იმანაც გაამწვავა, რომ სანაიას მკვლელობის შემდეგ, „რუსთავი 2“-ის გარშემო, მოვლენები ერთობ უცნაურად განვითარდა _ 2001 წლის შემოდგომაზე, სამაუწყებლო კომპანიაში უშიშროება შედის, შედეგად, თავისუფალი სიტყვის დაცვის მოთხოვნით, ხალხი ქუჩაში გამოდის და, როგორც დღეს, მაშინაც რუსთაველზე, მიტინგი-მიტინგზე იმართება. 

ეს ის დროა, როცა მოქალაქეთა კავშირის ახალგაზრდულ ფრთასა და რეტროგრადებს შორის, სამკვდრო-სასიცოცხლო ომია გამოცხადებული. ქუჩაში გამოსული ხალხის გვერდით, ახალგაზრდა მოქკავშირელები ანუ ჟვანია-სააკაშვილი და სხვები დგანან. აქციის მონაწილეები კახა თარგამაძის გადადგომას ითხოვენ (ყურადღება მიაქციეთ: დღესაც ოპოზიცია შს მინისტრის გადადგომას ითხოვს). შევარდნაძე თარგამაძის გაშვებას არ აპირებს. ვითარება ნელ-ნელა იძაბება და ამ დროს ჟვანია ამბობს, თუ შევარდნაძე თარგამაძეს გაუშვებს, მზად ვარ, პარლამენტის თავმჯდომარეობიდან მეც გადავდგეო. 

შევარდნაძე თარგამაძეს სწირავს, სპიკერის სავარძელს ჟვანიაც ტოვებს, თუმცა აღმასრულებელი ხელისუფლება მაინც რეფორმატორების ხელში რჩება _ სპიკერი ნინო ბურჯანაძე ხდება, რომელიც იმხანად, თავიდან ბოლომდე, ჟვანიას მითითებებით მოქმედებს. 

მოკლედ, „რუსთავმა 2“-მა, 2001 წლის მინი-რევოლუციად სახელდებულ მოვლენებში თავისი სათქმელი ისევე თქვა, როგორც 2003 წელს, „ვარდების რევოლუციის“ დროს, თუმცა ამაში გასაკვირიც არაფერი ყოფილა, რადგან როგორც აღვნიშნეთ, ეს სამაუწყებლო კომპანია, იმთავითვე პოლიტიკური თამაშების მთავარი ფიგურანტი იყო, რასაც პირდაპირ, თუ ირიბად, ერთ-ერთ ქართულ გაზეთში გამოქვეყნებული, ფიქრია ჩიხრაძის ინტერვიუც მოწმობს:

„ეს ამბავი 1994 წელს დაიწყო. მაშინ რუსთავში მაუწყებლობდა პატარა საკაბელო ტელევიზია „გამა%“, რომელსაც პრობლემები შეექმნა მაშინდელ ხელისუფლებასთან. ამ ტელეკომპანიის დამფუძნებლები ჩვენი მეგობრები იყვნენ _ ჯარჯი აქიმიძე, დავით დვალი და ეროსი კიწმარიშვილი. მათ დახმარება გვთხოვეს მე და ჩემს ორ მეგობარს _ თედო ისაკაძესა და ნიკო ნიკოლოზიშვილს. მაშინ ჩვენ უნივერსიტეტის ყოფილი პრესკლუბელები ვიყავით _ ეროვნული მოძრაობიდან მოსული ჯგუფი. ჩვენ ასევე, გვქონდა პირველი, ყოველდღიური გაზეთი „ივერია ექსპრესი“. პარალელურად, გვქონდა ტელეკომპანია „თამარიონი“, რომელიც იმ პერიოდში გაჩერებული იყო, მიზეზი ის იყო, რომ დაიწვა გადამცემი ანძა. გვქონდა გონივრული ეჭვი, რომ ის დაიწვა მაშინდელი უშიშროების მინისტრის, იგორ გიორგაძის დაკვეთით. მაშინ ამ საქმეში ჩართული იყო ჩვენი მეგობარი გია ყარყარაშვილიც, რომელმაც პირადად გვთხოვა, რომ ეს საქმე უყურადღებოდ არ დაგვეტოვებინა და გვეზრუნა ტელევიზიის ხელმეორედ ამუშავებაზე. მაშინ ტელევიზიას ჰქონდა მთავარი სიმდიდრე _ გადამცემი და მე-12 მეტრული სიხშირე, მაშინ ამის გარეშე მთელ საქართველოზე მაუწყებლობა შეუძლებელი იყო. მე-12 მეტრული სიხშირე მაშინ სულ სამ ტელევიზიას ჰქონდა: სახელმწიფო ტელევიზიას, რუსეთის ტელევიზიასა და ჩვენს არხს... ლიცენზიაც გვქონდა. სწორედ ამ ლიცენზიას უკავშირდება შემდგომი პერიპეტიები. ჩვენი მეგობრების ტელევიზია რუსთავში მაუწყებლობდა. მათ სურვილი ჰქონდათ, რომ მაუწყებლობა თბილისშიც გავრცელებულიყო. როდესაც ამ პროცესში მათ ვეხმარებოდით და პარალელურად, ჩვენი ტელევიზიის ხელმეორედ ამუშავებაზე ვმუშაობდით, ასეთი იდეა გაჩნდა, რომ ამ ორ ჯგუფს ერთობლივად დაგვეარსებინა ახალი ტელევიზია. მაშინ არ გვქონდა ჩამოყალიბებული ერთობლივი იურიდიული ჯგუფი, თუმცა სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობდა. ვგეგმავდით ტელევიზიის მიმართულებას, სამაუწყებლო ბადეზე ვმუშაობდით, ვმართავდით მოლაპარაკებებს ჟურნალისტებთან. 

„თამარაიონის“ ლიცენზიას ვადა გასდიოდა და ამ სახელწოდებით მაუწყებლობა აღარ შეგვეძლო. საქმე ის იყო, რომ კანონი ითხოვდა უწყვეტ მაუწყებლობას, ჩვენ კი ანძის აფეთქების შემდეგ, ეთერში არ ვიყავით, ამიტომ „თამარიონის“ ლიცენზია გადავუფორმეთ „რუსთავი 2“-ის ჯგუფს, რომელსაც მაშინ „გამა%“ ერქვა. 

...მოლაპარაკება გვქონდა, რომ კომპანია თანაბარ საწყისებზე უნდა ყოფილიყო დაფუძნებული, რაც გულისხმობდა იმას, რომ წილის 50% ექნებოდათ მათ, 50% კი _ ჩვენ. როდესაც დაინახეს, რომ უკვე ლიცენზიაც და მე-12 მეტრული სიხშირეც მათ ხელში იყო, ჩვენთან შეუთანხმებლად დაიწყეს ეთერში გასვლაზე ზრუნვა. შეიცვალა პირობებიც, გვითხრეს, რომ საკონტროლო პაკეტი ექნებოდათ მათ და ჩვენ მხოლოდ 25%-ს გვთავაზობდნენ, რასაც არ დავთანხმდით. მოკლედ, ვერ შევთანხმდით კომპანიის წილზე, ამიტომ საქმე გადავიდა სასამართლოში. სასამართლო დავა 1995 წელს დაიწყო. სასამართლო დავა მოვიგეთ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოში, მაგრამ უზენაეს სასამართლოში წავაგეთ და საქალაქო სასამართლოში დააბრუნეს საქმე, სადაც ასევე წავაგეთ... ტელევიზია გავიდა ეთერში, რომელსაც ხელისუფლება ებრძოდა. რუსთავში როდესაც მაუწყებლობდნენ, მაშინაც ებრძოდნენ და თბილისში რომ დაიწყეს მაუწყებლობა, მაშინ მის მიმართ ბრძოლა გაორმაგდა. რუსთავში მათ ებრძოდა ლევან მამალაძის ჯგუფი, თან მოხდა ისე, რომ ჩემი მეგობარი თედო ისაკაძე, მაშინ ახალგაზრდობის დეპარტამენტის თავმჯდომარე იყო, შემდეგ მე გავხდი პარლამენტის წევრი და ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა ეს გამოიყენეს და საქმე წარმოაჩინეს ისე, რომ თითქოს ხელისუფლების მხრიდან მათ წინააღმდეგ ბრძოლას ჩვენ ვაწარმოებდით, თან მათ ეხმარებოდა ზურაბ ჟვანია _ ჟვანია მაშინ მოქკავშირის ერთ-ერთი ლიდერი იყო. მე ჟვანიასთან ვმეგობრობდი და როდესაც ხელისუფლებისგან წამოვიდა პრობლემები, მაშინ ბრძოლა ყველამ ერთად გადავიტანეთ. მაშინ ჟვანიას ველაპარაკებოდი ამ თემაზე და ზურასთან მქონდა პრეტენზია, თქვენი გუნდის წევრები ერევიან ტელევიზიის საქმეებში-მეთქი. შევარდნაძესთანაც კი მომიწია მისვლა ამ თემაზე სალაპარაკოდ. მე ვშუამავლობდი ჩემს ყოფილ მეგობრებს ჟვანიასთან და ხელისუფლებასთან, მაგრამ საბოლოოდ, როდესაც მოინდომეს ტელევიზიის ხელში ჩაგდება, დაუმეგობრდნენ მას, ვინც მათ ებრძოდა. გვაქვს ეჭვი იმაზეც, რომ ბოლო ინსტანციის სასამართლოში, საქმე ხელისუფლების დახმარებით მოიგეს. 

ეს პროცესი გრძელდებოდა სამი წელი. ამის შემდეგ ბრძოლა აღარ დაგვიწყია, მით უმეტეს, ტელევიზია ამუშავდა სრულად, მოაწესრიგეს იურიდიული მხარე''. 

„რუსთავი 2“-ის ხელიდან ხელში გადასვლის ტრადიცია, განსაკუთრებით, 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ განახლდა. ამ თემაზე საინტერესო კვლევა აქვს ჩატარებული „გამჭვირვალობა საქართველოს“, რომელიც 2013 წლის აგვისტოთი თარიღდება: 

„2004-2012 წლებში, „რუსთავი 2“-ის მფლობელობა თითქმის 20-ჯერ შეიცვალა. ხშირად ეს საეჭვო გარიგებების შედეგად ხდებოდა, რომლებშიც მიხეილ სააკაშვილსა და ერთიანი ნაცონალური მოძრაობის მთავრობასთან დაკავშირებული პირები მონაწილეობდნენ. დღეს, „რუსთავი 2“ ოპოზიციასთან ასოცირებული, ერთადერთი მსხვილი ტელეარხია. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის უკანასკნელი გამოკითხვის მიხედვით, რესპონდენტთა 47%-ის აზრით, „რუსთავი 2“, სწორედ ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ასახავს. 

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მალევე, „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებმა ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა განაცხადეს, რომ ტელეარხის დაბრუნებას სასამართლოს გზით შეეცდებიან. „ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, „რუსთავი 2“-ში ჩვენი წილების დასაბრუნებლად, რომელიც 2004 წელს, არაკანონიერად წაგვართვეს'', – განუცხადა დავით დვალმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“. 

დამფუძნებლებმა 2004 წლის მოვლენებზე საუბარი, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, 29 სექტემბერს დაიწყეს. ღია წერილში, დვალმა და აქიმიძემ განაცხადეს, რომ ისინი „სახელმწიფო მანქანის მხრიდან ძალადობის ერთ-ერთი, პირველი მსხვერპლი“ არიან. 

1994-დან 2004 წლამდე, „რუსთავი 2“-ის თითოეული დამფუძნებელი – ეროსი კიწმარიშვილი, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, არხის 33.3%-ს ფლობდა... 

2003 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, „რუსთავი 2“-მა ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, არჩევნებში გამარჯვებული მიხეილ სააკაშვილის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იყო, ოფიციალური შედეგების მიხედვით კი სახელისუფლებო ბლოკი ლიდერობდა. „რუსთავი 2“-ის მიერ არჩევნების გაშუქებამ საპროტესტო აქციებს მისცა ბიძგი, რასაც „ვარდების რევოლუცია“ და პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომა მოჰყვა. 

2004 წლის თებერვალში, ეროსი კიწმარიშვილი სავაჭრო პალატის პრეზიდენტად დაინიშნა. რამდენიმე თვეში კი „რუსთავი 2“-ის დირექტორი და 10%-ის მფლობელი ნიკა ტაბატაძე (ტაბატაძემ თითოეული დამფუძნებლისგან 3.33% მიიღო), საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გახდა. 

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, „რუსთავი 2“-ს „გამარჯვებული ხალხის ტელევიზიად“ მოიხსენიებდნენ. დვალი და აქიმიძე კი ამბობენ, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები მათ არხის დათმობას სთხოვდნენ. ყოფილი მფლობელების თქმით, ფსიქოლოგიური ზეწოლის მიუხედავად, მათ „რუსთავი 2” არ დათმეს. „რუსთავი 2“-მა Media Development Loan Fund-დან (MDLF) სესხი აიღო, რისთვისაც მფლობელებმა გარანტიად საკუთარი საკუთრება, მათ შორის, ინტერნეტპროვაიდერ Georgia inline-ის წილები ჩადეს. როგორც დვალმა და აქიმიძემ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განუცხადეს, ამასობაში, მათი ურთიერთობა კიწმარიშვილთან დაიძაბა. 

2004 წლის 11 ივნისს, კიწმარიშვილმა „რუსთავი 2“-ის გაკოტრების პროცედურები წამოიწყო, რასაც წინ უსწრებდა ტელეკომპანიის განცხადება 9.2 მილიონი ლარის ოდენობის ვალის არსებობის შესახებ, საიდანაც 4.6 მილიონი ლარი, ,,რუსთავი 2''-ს სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მართებდა. მთავრობამ კომპანიას ვალის რესტრუქტურიზაცია შესთავაზა. დავით დვალის თქმით, „რუსთავი 2“-ს ასევე გააჩნდა 1.2 მილიონი დოლარის ოდენობის ვალი Media Development Loan Fund-ის მიმართ, რასაც ემატებოდა თიბისი-ს მიმართ არსებული 0.5 მილიონ ლარიანი ვალიც, რასაც დვალის თქმით, კომპანია განრიგის მიხედვით ისტუმრებდა, თუმცა გაკოტრების შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ, დვალისა და აქიმიძის თქმით, მდგომარეობა დაიძაბა – მსესხებლებმა ვალების დაბრუნება მოითხოვეს. იმისთვის, რათა პირადი საკუთრება არ დაეკარგათ, რაც მათ სესხის აღებისას გარანტიად ჩადეს, დვალისა და აქიმიძის თქმით, ისინი იძულებულნი გახდნენ, გაეყიდათ „რუსთავი 2“. Media Development Loan Fund-ის წარმომადგენელმა (MDLF-ი ახლა ასე იწოდება) დაგვიდასტურა, რომ „რუსთავი 2“-მა 2004 წელს, საკუთარი ვალები დაფარა, თუმცა კლიენტთან ურთიერთობის კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, თავი შეიკავა ვალის დაბრუნების პროცესის დეტალების გამჟღავნებისგან. 

„რუსთავი 2“-ის მფლობელობის მრავალჯერადი ცვლილება, სწორედ ამ მომენტიდან იწყება. 2004 წლის 16 ივნისს, პაატა კარსანიძემ, რომლის ბიზნესსაქმიანობაზეც ცნობები არ მოიპოვება, ვალებში მყოფი „რუსთავი 2“-ის 60% შეიძინა (30%-30% ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალისგან), იმავე დღეს კი წილები სრულად ქიბარ ხალვაშს მიჰყიდა. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, კარსანიძემ თითოეულ მფლობელს 100 000 აშშ დოლარი გადაუხადა, ხალვაშს კი წილები 200 000 აშშ დოლარად მიყიდა. ხალვაშის კომპანია შპს „პანორამამ“, ნიკა ტაბატაძის 10% და ეროსი კიწმარიშვილის 30%-იც შეისყიდა. საჯარო დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ტაბატაძემ წილები ნებაყოფლობით დათმო და სანაცვლოდ, 200 ლარის ანაზღაურება მიიღო, რაც მის მიერ საწესდებო კაპიტალში შეტანილი თანხა იყო. ეროსი კიწმარიშვილმა კი თავისი წილების სანაცვლოდ, 50 000 აშშ დოლარი მიიღო. ოქტომბერში კიწმარიშვილმა სავაჭრო პალატის პრეზიდენტის პოსტი დატოვა და აღარც „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობაში ფიგურირებდა. მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, მისი მეგობრული ურთიერთობა პრემიერ ზურაბ ჟვანიასთან დასრულდა. 

გავრცელებული ინფორმაციითვე, ქიბარ ხალვაში ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარი იყო. ოქრუაშვილს, სხვადასხვა დროს, მთავარი პროკურორის (2004), შინაგან საქმეთა მინისტრის (2004), თავდაცვის მინისტრისა (2004-2006) და ეკონომიკური განვითარების მინისტრის (2006) თანამდებობები ეკავა. ხალვაში „პროქტერ & გემბლის“ სადისტრიბუციო ქსელსა და „პეპსის“ ფლობდა. 2007 წლის დეკემბერში, მას მერე, რაც ოქრუაშვილმა სააკაშვილის მთავრობა დატოვა, ხალვაშის კომპანიის საცავები ხანძრის შედეგად დაიწვა. 

2005 წლის დეკემბერში, „საქცემენტმა'', ქიბარ ხალვაშის კომპანია „პანორამასგან“, „რუსთავი 2“-ის 22%, 131 994 ლარად შეიძინა. „საქცემენტის“ 100%-ის მფლობელი, ყოფილი პარლამენტარის დავით ბეჟუაშვილისა (ნაციონალური მოძრაობა) და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის (2005-2008) გელა ბეჟუაშვილის მამა, რობერტ ბეჟუაშვილი იყო. 

დაახლოებით, ერთი წლის შემდეგ, „საქცემენტისგან“ ეს წილები, ისევ რობერტ ბეჟუაშვილის კომპანიამ _ „საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ შეიძინა. ჯგუფს „ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ ფლობს, რომელიც თავის მხრივ, მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია „ჩემექსიმ ინტერნეიშენალის“ მფლობელობაშია. დავით ბეჟუაშვილი, 1999 წლიდან მოყოლებული, თავის დეკლარაციაში აღნიშნავს, რომ იგი „ჩემექსიმ ინტერნეიშენალის“ პარტნიორია, თუმცა ამ კომპანიიდან მიღებული რაიმე შემოსავალი, პარლამენტარის დეკლარაციებში აღნიშნული არ არის. „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ ნახშირის, ენერგეტიკულ და უძრავი ქონების კომპანიებს ფლობს. „ჰაიდელბერგცემენტი საქართველოს“ 25%-იც, ამ კომპანიას ეკუთვნის. 

2006 წელს, ხალვაშმა ტელეკომპანია „მზის“ 78%, ბეჟუაშვილმა კი მისი 22% შეიძინა. „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“, „პირველი სტერეოს“ 65%-საც ფლობდა. 

2006 წლის აგვისტოში, „რუსთავის 2“-ის დირექტორი ნიკა ტაბატაძე, რომელიც მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გადადგა და არხს დაუბრუნდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. იგი კობა დავარაშვილმა ჩაანაცვლა, რომელიც მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, გიორგი არველაძესთან დაახლოებული პირი იყო. არველაძეს კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა ეკავა. 

იმავე წელს, მას შემდეგ, რაც ირაკლი ოქრუშვილმა მთავრობა დატოვა, ქიბარ ხალვაშმა და მისმა კომპანია „პანორამამ“, „რუსთავი 2“-ის 78%, შპს „ჯეო-ტრანსზე“ გაასხვისეს. „ჯეო-ტრანსს“ ბიძინა ნიჟარაძე ფლობდა, რომლის ბიზნესსაქმიანობის შესახებაც საზოგადოებისთვის არაფერია ცნობილი. 

ათ დღეში, „ჯეო-ტრანსმა“ წილების 55%, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებულ კომპანია Dელგადო ღესოურცეს-ს მიყიდა. ამ ოფშორული კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი ლევან ყარამანაშვილი იყო. ყარამანაშვილი საქართველოში რამდენიმე სხვა ოფშორულ კომპანიასაც წარმოადგენდა, მათ შორის, იმ კომპანიებს, რომლებიც ფლობდნენ „კავკასუს ონლაინსა“ და „მობიტელს“ („ბილაინს“), რესტორნების ქსელ GMC-ს და თბილისის რკინიგზის სადგურზე მდებარე სავაჭრო ცენტრს. „ჯეო-ტრანსის“ მფლობელობაში მყოფი დანარჩენი 23% კი, „საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ შეიძინა, რომელიც 22%-ს უკვე ფლობდა. 

2007 წლის დასაწყისში, მარშალის კუნძულებზე დარეგისტრირებულმა კომპანია „ჯეომედია გრუპმა“, რომლის ოფიციალური წარმომადგენელიც ისევ ბიძინა ნიჟარაძე იყო, Dელგადო ღესოურცეს-ის 55% შეიძინა. ამ ორი კომპანიის ბენეფიციარი მფლობელების ვინაობა დღემდე უცნობია. 

2007-2009 წლებში, „რუსთავი 2“-ის დირექტორი ირაკლი ჩიქოვანი იყო, რომელიც შემდგომ, 2009-2013 წლებში, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე გახლდათ. 2008 წელს, ჩიქოვანმა „რუსთავი 2“-ის 30% შეიძინა (15% _ „ჯეომედია გრუპისგან“, 15% კი – „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფისგან“). საჯარო რეესტრის ვებგვერდზე არსებულ არქივის დოკუმენტებში ეს გარიგება ასახული არ არის.

როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც ჩიქოვანი მარეგულირებელი კომისიის წევრი გახდა, თავისი წილები ისევ „ჯეომედია გრუპსა“ და „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს“ მიჰყიდა, თუმცა ელექტრონულად ხელმისაწვდომ ოფიციალურ დოკუმენტებში არც ამ გარიგების შესახებაა ცნობები. „რუსთავი 2“-ის დირექტორი, ჩიქოვანის ბიზნესპარტნიორი, გიორგი გეგეშიძე გახდა. გეგეშიძე Dეგსონ Lიმიტედ-ის (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებულმა ამ კომპანიამ „რუსთავი 2“-ის 70% შეიძინა) ოფიციალური წარმომადგენელი იყო. „რუსთავი 2“-ის დარჩენილი 30%, ბეჟუაშვილების ოჯახის მფლობელობაში დარჩა. („საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ 30%, თავის მფლობელ კომპანია „ჩემექსიმ ინტერნეიშენალს“ მიყიდა.) 

2011 წელს, პარლამენტმა ოფშორული კომპანიების მიერ მაუწყებლების ფლობა აკრძალა და ტელევიზიებსა და რადიოებს ბენეფიციარი მფლობელების გამჟღავნება მოსთხოვა. ცვლილებები ძალაში 2012 წლის დასაწყისში შევიდა, ცოტა ხნით ადრე კი, ლევან ყარამანიშვილმა „რუსთავი 2“-ში, Dეგსონ Lიმიტედ-ის 60% და „ჩემექსიმ ინტერნეიშენალის“ 30% შეიძინა. გიორგი გეგეშიძემ, რომელიც Dეგსონ Lიმიტედ-ს წარმოადგენდა, ოფშორული კომპანიისგან დარჩენილი 10% შეიძინა. 

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ'' საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა, „რუსთავი 2“-ის 40%, დავით კეზერაშვილის კომპანია „მედია ჯორჯიაზე'', 500 000 აშშ დოლარად გასხვისდა. „მედია ჯორჯიამ“, რომელიც ამ გარიგებამდე ერთი დღით ადრე დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში, წილები ხუთ დღეში, გიორგი ყარამანაშვილს იგივე ფასად მიჰყიდა. მიხეილ სააკაშვილმა, ყარამანაშვილი ერთხელ, საკუთარ მეგობრად მოიხსენია. 

2012 წლის ნოემბრიდან მოყოლებული, „რუსთავი 2“ ძმებ ყარამანაშვილების მფლობელობაშია. ლევან ყარამანაშვილი წილების 22%-ს ფლობს, გიორგი ყარამანაშვილი კი _ 18%-ს. „რუსთავი 2“-ის 51%-ს, ტელეკომპანია „საქართველო“ ფლობს, რომლის 60% _ ლევან ყარამანაშვილის, 40% კი _ გიორგი ყარამანაშვილის მფლობელობაშია. დარჩენილი 9% _ გიორგი გეგეშიძეს ეკუთვნის. 

ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში, „საქართველო“ თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული ტელევიზია იყო და მას მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორის ცეზარ ჩოჩელის ძმა, იაგო ჩოჩელი ფლობდა. არჩევნების შემდეგ, სიხშირე „თაბულა თV“-მ შეიძინა''. 

„გამჭვირვალობა საქართველოს“ ამ კვლევის შემდეგ, გადის ზუსტად ხუთი წელი და „რუსთავი 2“-ის მფლობელები ისევ იცვლებიან. კერძოდ, გასული წლის აგვისტოში, ჯერ არაოფიციალურად ითქვა, რომ ძმებმა ყარამანაშვილებმა „რუსთავი 2“-ს საკონტროლო პაკეტი დეპუტატ კობა ნაყოფიას მიჰყიდეს. მოგვიანებით, ეს ინფორმაცია ოფიციალურადაც დადასტურდა. „ლიბერალის“ მიერ გავრცელებულ ახალ ამბავში ნათქვამია: 

„ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქციის დეპუტატის, კობა ნაყოფიას შვილმა, ნიკოლოზ ნაყოფიამ, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2''-ის მფლობელი, შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ 50%-იანი წილი, ძმები ყარამანაშვილებისგან შეიძინა. 

სწორედ „ტელეკომპანია საქართველო“ ფლობს „რუსთავი 2-ის“ 51%-იან წილს. დღეისთვის, „ტელეკომპანია საქართველოში“ გიორგი და ლევან ყარამანაშვილები 25-25%-იან წილს ინარჩუნებენ. 

საერთო ჯამში, „რუსთავი 2-ის“ წილები ასეა გადანაწილებული: ლევან ყარამანაშვილი _ 22%; გიორგი ყარამანაშვილი _ 18%; შპს „ტელეკომპანია საქართველო'' _ 51%; ნინო ნიჟარაძე _ 9%''. 

ცნობისთვის: ნინო ნიჟარაძე, აწ გარდაცვლილი გოგი გეგეშიძის მეუღლეა, რომელსაც „რუსთავი 2''-თან, ქიბარ ხალვაშის მსგავსად, სამართლებრივი დავა აქვს. 

აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ დეპუტატ კობა ნაყოფიას ვაჟი, რომელიც ,,რუსთავი 2''-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელია, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეა, უფრო სწორად, ნიკოლოზ ნაყოფიას საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს და აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სამეწარმეო და არასამეწარმეო სუბიექტების შესახებ, ძირითად მონაცემებშიც იძებნება. 

2012 წლის ნოემბრიდან, „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად, განათლებისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ასევე მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე, ნიკა გვარამია დაინიშნა. 2012 წლის საპალამენტო არჩევნების შემდეგ, გვარამია კორუფციის ბრალდებით დააპატიმრეს, თუმცა 30 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, გაათავისუფლეს. 

რაც შეეხება 18 ივლისს, როცა „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილება უნდა გახდეს ცნობილი, ეს საქმე ევროსასამართლოში მას შემდეგ წავიდა, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია მისი ყოფილი მფლობელის, ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანიის _ შპს „პანორამას“ საკუთრება გახდა. 

ცნობისთვის: ხალვაშმა სასამართლო დავა 2015 წლის აგვისტოში დაიწყო და, როგორც აღვნიშნეთ, საქართველოში ყველა დონის სასამართლომ, მისი სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა, მაგრამ მას შემდეგ, რაც „რუსთავი 2“-მა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა, სტრასბურგმა, მორიგე მოსამართლის წყალობით, გადაწყვეტილების მიღებამდე, მფლობელების შეცვლა შეზღუდა. 

კულუარებში გავრცელებული არაოფიციალური ცნობით, ევროსასამართლო სამაუწყებლო კომპანიას ხალვაშს მიაკუთვნებს. სხვათა შორის, ამ ვერსიას, პირდაპირ თუ ირიბად, იგივე ნიკა გვარამიაც იზიარებს და ამ თემაზე, არცთუ დიდი ხნის წინ, საგანგებო ბრიფინგი გამართა. ჰოდა, ამ ვითარებაში, გაბუნიას ის არაკორექტული განცხადება, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, თავად „რუსთავი 2“-ისთვის იყო წამგებიანი, თუმცა იმ შემთხვევში, თუ „რუსთავი 2“ ხალვაშს გადაეცემა, ამით ბევრი არაფერი შეიცვლება, რადგან ტელევიზიის ამჟამინდელ მენეჯმენტს, როგორც ამბობენ, სარეზერვო გეგმა აქვს და არხის ყველა წამყვანი სახე, სხვა ტელევიზიის სახელის ქვეშ გააგრძელებს მუშაობს. ეს სხვა ტელევიზია კი, შესაძლოა, რომელიმე ის არხი იყოს, რომელიც „რუსთავი 2“-თან ასოცირდება, მაგალითად, „მესამე“, „მარაო“ და ასე შემდეგ. 

მოკლედ, რაც უნდა იყოს და მოვლენები როგორც უნდა განვითარდეს, „რუსთავი 2“-ის გუნდი, „რუსთავი 2“-ისა, თუ სხვა სახელით, მაუწყებლობას მაინც განაგრძობს და ტელევიზია, რომელიც, პრაქტიკულად, პოლიტიკური იარაღია, ქართული პოლიტიკის მთავარ მოთამაშედ მაინც დარჩება!

ნინო დოლიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში