Menu
RSS

მამუკა არეშიძე: „მდგომარეობა უფრო რთული ყოფილა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს!“

რა ინფორმაცია მიაწოდა 20-21 ივნისის მოვლენებზე შს მინისტრმა ექსპერტებს დახურულ შეხვედრაზე

20-21 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია ექსპერტებს შეხვდა. მართალია, შეხვედრის დეტალები არ ხმაურდება, მაგრამ კავკასიის საკითხების ექსპერტი, მამუკა არეშიძე, რომელიც აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა, ამბობს, რომ ბევრი საინტერესო რამ მოისმინა და მდგომარეობაც იმაზე გაცილებით რთული ყოფილა, ვიდრე გარედან ჩანს.

„შეხვედრაშინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით გაიმართა და საუბრის თემა 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენები გახლდათ. უნდა ითქვას, რომ საკმაოდ საინტერესო რამ მოვისმინე... მდგომარეობა უფრო რთული ყოფილა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. 

შემიძლია გითხრათ, რომ ზოგიერთი ისეთი კითხვა გაჟღერდა, რაც საზოგადოებას აინტერესებს ანუ ვინ გასცა ბრძანება. მინისტრმა ამაზე გვიპასუხა, რომ ბრძანება თვითონ გასცა. ამასთან, გახარიამ შეხვედრაზე ბევრი რამ ახსნა. 

რაც შეეხება სპეცრაზმის მოქმედებას, ტყვიების კატეგორიას, გამოყენების თეორიას და ხარისხს, შემიძლია გითხრათ, რომ ბევრად უფრო სერიოზული ძალა მოქმედებდა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა, რომ ეს სპონტანური აქცია იყო. შეიძლება, სპონტანურობაც იყო, მაგრამ წინასწარ ჩაფიქრებული ნაწილიც არ გამოირიცხება. 

იმ ნაწილზე, რომელზეც ვსაყვედურობთ, რომ სპეცრაზმელების საქმის გამოძიება ინტერესთა კონფლიქტია, მინისტრმა გვიპასუხა, რომ ამ ნაწილში გამოძიებას შსს კი არა, არამედ პროკურატურა აწარმოებს. თავად შსს კი გამოძიებას ძირითადად იმ დანაშაულების შესახებ ატარებს, რომელიც აქციაში მონაწილე ადამიანებმა და ზოგიერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა ჩაიდინა. 

ისე, მე რომ ვყოფილიყავი გახარიას ადგილას, აუცილებლად გადავდგებოდი. 

მაგრამ მას შემდეგ, რაც თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა და გამოძიების შედეგების საზოგადოებისთვის წარდგენა თავისი პრესტიჟის საქმედ აქცია, ვთვლი, რომ ეს სწორი მიდგომაა“, _ აცხადებს მამუკა არეშიძე. 

შს მინისტრთან გამართული შეხვედის კიდევ ერთი მონაწილე, ექსპერტი ნიკოლოზ მეტრეველი კი ამბობს, რომ გიორგი გახარიასთან საუბარი გახსნილი იყო და შს მინისტრმა ექსპერტებს არც ის დაუმალა, რომ 20-21 ივნისის ღამეს, სამართალდამცავთა მხრიდან ადგილი ჰქონდა დაგაცდომებს, რაზეც პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. 

„სხვათა შორის, საუბარი არც ანზორ ჩუბინიძეზე ყოფილა და არც _ სუს-ზე. შს მინისტრმა თქვა, რომ თვითონ მოქმედებდა. ისე, პირადად მე არც გამიკვირდებოდა, თუ იქ სუს-ის წარმომადგენლები, ან თუნდაც, ანზორ ჩუბინიძეც რომ ყოფილიყო. აბა, სად უნდა ყოფილიყო იმ დროს ანზორ ჩუბინიძე? 

რაც შეეხება 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებს, ამ კუთხით ჩემი და გახარიას აზრები ერთმანეთს დაემთხვა ანუ შს მინისტრის თქმით, დროულად რომ არ მომხდარიყო რეაქციის მიცემა, არაადეკვატურად გაშლილი მასის შეჩერება შესაძლოა, ძალიან მძიმე შედეგამდე ანუ სამოქალაქო ომამდეც მივსულიყავით. 

რაც შეეხება 20-21 ივნისის მოვლენების საქართველოს პროკურატურის მიერ სახელმწიფო ამბოხად გადაკვალიფიცირებას, ამ თემაზე შს მინისტრს ჩვენთვის დახურული ინფორმაცია არ მოუწოდებია, თუმცა ერთ დეტალს გაუსვა ხაზი, რაც ჩემთვის არ იყო ცნობილი: 

დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით გაიცემოდა პარლამენტის საშვები... ნაციონალური მოძრაობა გეგმავდა პარლამენტში გამაგრებას და გარკვეული მასის მობილიზებასო. 

საერთოდ, იმ კადრებიდან, რაც ვნახე, ჩანს, თუ რამდენად ორგანიზებულად მოქმედებს ეს ჯგუფი. ეს არ არის სპონტანური მოქმედება, ეს არის კარგად დაგეგმილი. 

ისე, ველოდები მეტი სამხილების ერთობლიობას, რომ საბოლოო დასკვნა გავაკეთო. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების უსუსური მცდელობა,“ _ ამბობს ნიკოლოზ მეტრეველი. 

შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრის მიზანსა და მიზეზებზე პოლიტოლოგი ამირან სალუქვაძეც საუბრობს. მისი თქმით, შეხვედრა საინფორმაციო ხასიათის იყო და მინისტრი 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი პასუხისმგებლობის საკითხსაც შეეხო

,,შეხვედრა საინფორმაციო ხასიათის იყო. მინისტრმა გაგვაცნო ის ნიუანსები, რაც ხდებოდა, როგორც 20-21 ივნისის წინა პერიოდში, ასევე იმ დღეებში – თუ როგორ დაიწყო პროცესები, როგორ განვითარდა და შემდგომში უკვე საპოლიციო ოპერაციის შესახებ. გაგვაცნო ნიუანსები, დეტალები, რაც თითქოს ცნობილი იყო, მაგრამ მინისტრისგან გავიგეთ და იყო პატარა პრეზენტაცია, რაც ეხებოდა, როგორც მომიტინგეთა მხრიდან ქმედებებს და მათ შორის ძალადობრივ ქმედებებს პოლიციის წინააღმდეგ და ასევე, თვითონ პოლიციის მხრიდან განხორციელებულ ზომებს, მათ შორის, გადაცდომებს, ნიუანსებს, რომლებზეც საზოგადოება ელოდება პასუხებს შსს-ს და სხვა უწყებების მხრიდან. 

რაც შეეხება რეზინის ტყვიებს, ამაზეც იყო საუბარი. ჩემთვის ეს სიახლე არ ყოფილა, რადგან ნებისმიერ საშუალებაზე ღიად იძებნება ინფორმაცია. თავშივე იყო ცნობილი, რომ არც ერთი სახეობის, არც მეორე სახეობის რეზინის ვაზნა არ არის უკანონო და ზედმეტად გადაჭარბებული. დათვის საწინააღმდეგო რეზინის ტყვია ვის უნახავს, საერთოდ? _ აბსურდია. ნებისმიერი პოლიციური აღჭურვილობა, ხელკეტი იქნება ეს, ფარი, წყლის ჭავლი თუ რეზინის ტყვია, შესაძლოა, აღმოჩნდეს ლეტალური, მისი არასწორად გამოყენების შემთხვევაში. ეს უნდა იცოდეს სწორად საზოგადოებამ. 

ამიტომ მინისტრი, აღჭურვილობის გამოყენებასთან დაკავშირებით, ცალკეულ შემთხვევებზე დაგვპირდა, რომ ძალიან მოკლე ვადაში იქნება გაცემული პასუხები, რადგან მიმდინარეობს ზღვა ინფორმაციის გადამუშავება და საგამოძიებო პროცედურას აქვს თავისი ვადები. ელემენტარულად, ერთი ადამიანი რომ გამოკითხოთ ამას სჭირდება საათები და ასევე, მთელი მასალების გაანალიზება. როგორც ვიდეო მასალების, ასევე მოწმეთა ჩვენებების და სხვა. აი, ამ კუთხით მივიღეთ ინფორმაცია. 

რაც შეეხება ბრძანების გაცემას, რაც ყველაზე მეტად გაინტერესებთ, მინისტრმა თქვა, რომ დიახ, ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა, ბრძანება, რა თქმა უნდა, გავეცი მე, მაგრამ ბრძანება არ სჭირდება პოლიციას კონკრეტულ სიტუაციებში. საუბარია კონკრეტულ რეგლამენტებზე, პროტოკოლებზე, ინსტრუქციებზე, რომლის თანახმადაც მოქმედებს, როგორც ცალკეული პოლიციელი სპეცრაზმელი, ასევე მთლიანად მთელი ქვედანაყოფები, რომლებიც არიან ჩართულები სხვადასხვა ოპერაციების დროს. როცა სხვა ძალა არ რჩება პოლიციელს, როცა ართმევენ ფარს, ართმევენ ხელკეტს და 300-ზე მეტი ფარი აქვთ წართმეული, არის იმის ალბათობა, რომ შეიძლება მოხდეს გარღვევა, შეჭრა. ასეთ სიტუაციაში, პოლიციელი, სპეცრაზმელი იყენებს იმ საშუალებას, რომელიც გააჩნია, – აცხადებს სალუქვაძე, რომელიც რეზინის ტყვიების შესაძლო აკრძალვაზეც საუბრობს, _ იყო საუბრები, ღირს თუ არა რეზინის ტყვიების აკრძალვა და ა.შ. ჩემი პოზიცია თუ გაინტერესებთ, პოლიციის განიარაღება არ შეიძლება. ჩვენ თუ ამოვიღებთ რეზინის ტყვიებს, მაშინ პოლიციელს რა დარჩება? ცეცხლსასროლი იარაღი? ეს ხომ აბსურდია? ამაზე იფიქრა ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის ევროპულმა ქვეყნებმა და ბოლოს, ეს იყო საფრანგეთში, ცნობილი ყვითელჟილეტიანების გამოსვლების შემდეგ, რომ რეზინის ტყვიების ამოღება არ შეიძლება,'' – ამბობს სალუქვაძე და დასძენს, რომ შს მინისტრი გახარია არ გაურბის პასუხისმგებლობას. 

,,ჩემი პოზიციით, როცა მინისტრი ამბობს, რომ ჩემი პასუხისმგებლობაა ყველაფერი, რაც ხდებოდა, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი, პოლიციური ოპერაციის დაწყებიდან მის დამთავრებამდე, არის მინისტრის პასუხისმგებლობა. მინისტრი რომ ამბობდეს, არ არის ჩემი პასუხისმგებლობა და მე ვარიდებ თავს, მაშინ სხვა თემაა, მაგრამ ის არ გაურბის პასუხისმგებლობას'', – აცხადებს სალუქვაძე.

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში