Menu
RSS

„კომბალთუხუცესის“ დისკრიმინაციული ვნებები ანუ ერთი ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან

აბაშიძიდან ვასაძემდე _ რატომ ითხოვდნენ „ვასაძისტები“ მაინცდამაინც ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებას

ვიცით, რომ ისტორიაში ზოგჯერ რაღაცები მეორდება ხოლმე, მაგრამ თუ ასე წერტილ-მძიმიანად განმეორდებოდა, ნამდვილად ვერ წამოვიდგენდით. ალბათ, იკითხავთ, რა განმეორდაო? რა და, ის კინო, ქალბატონებო და ბატონებო, რომლის პრემიერაც ზუსტად 16 წლის წინ ვნახეთ. ეგაა ოღონდ: მაშინ ამ პოლიტიკური კინოს პრემიერა გვიან შემოდგომაზე გაიმართა, ამჯერად კი, კარგად დავიწყებული „ფილმის“ საზაფხულო „რიმეიკი“ ვიხილეთ. რიმეიკი, რომელშიც რეჟისორმა, თუ რეჟისორებმა, უბრალოდ, მთავარი როლის რამდენიმე შემსრულებელი შეცვალეს ანუ მაშინ, 2003 წლის ნოემბერში, ამ პოლიტიკურ კინოში ანტიგმირის როლს ასლან აბაშიძე თამაშობდა, ამჯერად კი, „გადასაღებ მოედანზე“ ლევან ვასაძე გამოჩნდა, რომელიც სცენარისტებმა, აბაშიძისგან განსხვავებით, შედარებით გააკეთილშობილეს ანუ თუ აჭარის ყოფილი და საქართველოდან გაქცეული ლომი, „პატარა დიქტატორის“ მანტიას ირგებდა, ლევან ვასაძე ლამის ხორცშესხმულ ღმერთად მოგვევლინა. ღმერთად, რომელმაც მიზნად ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის „გარყვნილობისგან“, ცოდვისგან და სხვა მსგავსი რაღაცებისგან გაწმენდა დაისახა მიზნად.

სხვათა შორის, ბოლო დღეების მოვლენების შეფასებისას, რამდენიმე „ფეისბუქმომხმარებელმა“ მოხერხებულად იხუმრა, ღვთისმშობელმა საქართველოდან თავისი წილი გაიტანაო (იმედია, ამ ხუმრობის ტირაჟირებისთვის, რაინდში რეინკარნირებული თანამედროვე კომბლე, კოცონზე არ დაგვწვავს). 

ასე და ამგვარად, ქრისტეშობიდან 2019-ე წელს, საქართველო ისევ მიტინგებმა მოიცვა. მიტინგები მრავალფეროვანია _ ანტიპრაიდული, ანტისაოკუპაციო, ანტირუსთავიორული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ, თუ ივლისის ხვატისგან შინ ჯდომით გაითანგებით და „გულის გადაყოლება“ მოგინდებათ, შეგიძლიათ, ქუჩაში გახვიდეთ და გემოვნების მიხედვით, რომელიმე მიტინგს შეუერთდეთ! 

ისე, ხუმრობა იქით იყოს და, ამდენი „რუზრუზი“ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს უკან რომ სწევს, ცხადზე ცხადია. ამასთან, ისიც ნათელია, რომ ყველაფერ ამის უკან, გარკვეული ძალა დგას. ეს განსაკუთრებით 8 ივლისის მოვლენების დროს გამოჩნდა, როცა პარლამენტის წინამდებარე ტერიტორია, თანამედროვე „ციციკორეებმა“ დაიკავეს. ოფიციალურად, ეს ვასაძისტები იმას აპროტესტებდნენ, რომ „თბილისი პრაიდს“ „ღირსების მარში“ არ ჩაეტარებინა, მაგრამ ჯერ ერთი, ეს „ღირსების მარში“, რომელიც ამ დიდი პროვოკაციის შემადგენელი ნაწილი იყო, რუსთაველზე არ იმართებოდა და ამიტომ, გაუგებარია, თანამედოვე „კომბლეები“ დედაქალაქის მთავარ გამზირზე, ზუსტად იქ, სადაც ბოლო ორი კვირაა ანტისაოკუპაციო აქცია მიმდინარეობს, რატომ გამაგრდნენ? 

კარგი, გამაგრდნენ და საკუთარი აზრი გამოთქვეს, მაგრამ მას შემდეგ, რაც „ღირსების მარში“ შსს-თან ჩატარდა, ვასაძის მიმდევრებმა პარლამენტის წინ დგომა რატომ გააგრძელეს? 

აი, ეს არის ის კითხვები, რომლებზეც პასუხი, ერთი შეხედვით, არ არსებობს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსთაველის გამზირი ოფიციალურმა სტუქტურებმა ყვითელი ავტობუსებით ჩახერგეს, ყველაფერი, მეტ-ნაკლებად გასაგები გახდება. 

დიახ, სწორედ ამ ავტობუსებით დაიწყო 2003 წლის ნოემბრის მოვლენებთან პარალელების გავლება ანუ მას შემდეგ, რაც მაშინდელმა ოპოზიციამ, ცესკო-ს მაშინდელი შედეგების გაპროტესტება რეგიონებში დაიწყო და პირობა დადო, რომ მალე თბილისში, მილიონ გაბრაზებულ ადამიანს ჩამოიყვანდა, სად იყო და სად არა, პარლამენტის წინ აღორძინების წევრები გამოჩნდნენ და ის პოზიციები დაიკავეს, რომელი პოზიციებიც მანამდე, „ვარდოსნებს“ ეკავათ. 

აღორძინების ხალხს, რა თქმა უნდა, კონსტიტუცია აძლევდა უფლებას, რომ შეკრებილიყვნენ და საკუთარი აზრი საჯაროდ გამოეთქვათ, მაგრამ უცნაური ის გახლდათ, რომ ასლან აბაშიძემ შევარდნაძის მთავრობის დაცვა გადაწყვიტა, იმ შევარდნაძის მთავრობისა, რომელსაც დასანახად ვერ იტანდა და იმასაც კი ამტკიცებდა, ოფიციალურ თბილისს ჩემი ლიკვიდაცია უნდა და სამთავრობო ვიდეო-ოპერატორმა, თუ ფოტოგრაფმა საკუთარ აპარატში ჩამოტაჟებული იარაღით უნდა განმგმიროსო. 

პოლიტიკაში, მოგეხსენებათ, მუდმივი არც მტრები არსებობენ და არც _ მეგობრები. ჰოდა, როცა ცხონებულ შევარდნაძეს გაუჭირდა, დასახმარებლად ექსმტერ აბაშიძეს მიმართა და მანაც საკუთარი, კუნთმაგარი მრევლი აფრინა თბილისში, არიქა, „ბაბუ“ განსაცდელშია და უშველეთო. მაშინდელმა შსს-მაც არ დააყოვნა და იმ მოტივით, რეფორმატორები და ასლანისტები ერთმანეთს არ დაერივნენ და სისხლი არ დაიღვაროსო, შუა რუსთაველი ავტობუსებით ჩახერგა ანუ ხელოვნური ბარიკადები ააგო, რამაც ისედაც გაბრაზებული ხალხი, კიდევ უფრო გააბრაზა. 

არავინ იცის, 2019 წლის 8 ივლისს, რუსთაველზე ყვითელი ავტობუსების გამოყვანის იდეა ვის გაუჩნდა, მაგრამ ფაქტია, რომ ერთი მხრივ, კარგი გადაწყვეტილება იყო, რადგან რეალურად არსებობდა საშიშროება, რომ „გეებთან მებრძოლ რაინდებს“ ის ფერადი ახალგაზრდები გადაეთელათ, რომლებიც რუსულ ოკუპაციას აპროტესტებენ და რომლებიც, ამასთან, უპირატესობას შავ ტანსაცმელს, ან „შავლეგოს“ კი არ ანიჭებენ, არამედ ფერადი მაისურებით, დახეული ჯინსებით დადიან და ელტონ ჯონის სიმღერებს უსმენენ. ისე, ვასაძის მიმდევრებს ჰგონიათ, რომ თუ ქართველი, მართლმადიდებელი ვაჟკაცი ელტონ ჯონის მუსიკას მოუსმენს, „ბეზ პიტი მინუტ გაპედარასტდება“ ანუ ეს „სასტავი“ თვლის, რომ განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია, გრიპის ვირუსივით, ჰაერწვეთოვანი გზით გადადის. 

რატომ ჰგონიათ ასე? _ ეს ცალკე საუბრის თემაა და ამ კუთხით მსჯელობას ახლა არ გავშლით, თუმცა რეპლიკის სახით, მხოლოდ ერთს ვიტყვით: დღევანდელმა, თუ ამის შემდეგმა ხელისუფლებამაც, შეიძლება, მეტი ფული უნდა დააბანდოს განათლებაში, რადგან ყველაფერ იმის თავი და თავი, რაც დღეს გვჭირს, სწორედ მწირი განათლებაა! 

აქვე, სამართლიანობისთვის, ისიც უნდა ვთქვათ, რომ რუსთაველის ყვითელი ავტობუსებით „გადატიხვრის“ პარალელურად, შსს-მ საგანგებო განცხადება გაავრცელა: 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვალეობაა, უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა აქციების მიმდინარეობის თითოეულ ადგილზე. აქციების მონაწილეთა მხრიდან, კანონის დარღვევის ფაქტებზე, სამინისტრო შესაბამის რეაგირებას მოახდენს. მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. ამასთან, ვაფრთხილებთ ორივე აქციის ორგანიზატორებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი. 

როგორც ერთი, ასევე, მეორე აქციის მონაწილეთა მხრიდან, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი''. 

განათლებასთან, შესაძლოა, პირდაპირ კავშირში არ იყოს, მაგრამ ქუჩაში გამოსული ულტრამემარჯვენების უმთავრესი მოთხოვნა ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმება გახლდათ და მათ საქართველოს პარლამენტის წევრებს „სტრელკაც“ კი დაუნიშნეს _ სასწრაფოდ ჩვენთან მოდით და გვითხარით თარიღი, როცა ამ მასონურ, ეშმაკისეულ, სოროსისეულ და სოდომ-გომორულ კანონს გააუქმებთო. 

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატები ვასაძის რაზმელებს, ბუნებრივია, არ გამოეხმაურნენ და, უფრო მეტიც, 9 ივლისს, დილიდან, შსს-მ და სხვა შესაბამისმა უწყებებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ულტრამემარჯვენე დაჯგუფებებისგან პირწმინდად გაწმინდეს, მაგრამ რატომ ითხოვდა ვასაძის ხალხი მაინცდამაინც ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებას და რატომ არ მოსვლია აზრად, ვთქვათ, ე.წ. დაგროვებითი პენსიის არცთუ კარგი კანონის, ან სულაც შრომის კოდექსის შეცვლა? 

ამ კითხვაზე პასუხი მარტივად გასცა ანალიტიკოსმა გოჩა მირცხულავამ, რომელმაც სოციალურ ქსელში, ვასაძის გააქტიურების მიზეზს ფარდა ახადა: 

„ვითომც არაფერი _ ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებას ითხოვენ (უვიზო მიმოსვლის ერთ-ერთი წინაპირობის), კანონის, რომელიც არც კი უნდა არსებობდეს, კომბალთუხუცესისა და მისი რაზმის არსებობას ჰიპოთეტურადაც რომ არ ვუშვებდეთ; კანონის, რომელიც მავანთა თვითნებობისგან, რელიგიურ თუ სხვა უმცირესობას და ნებისმიერ ინდივიდს, უმრავლესობის წევრსაც, ჩაგვრისგან იცავს. 

გუშინ, ავლაბარში, ერთი ახმახი ფერადკანიანი მოაბიჯებდა, ამათთვის დამახასიათებელი პლასტიკით, ლაღად, მომცინარი სახით. მკერდზე სპეცრემენში (ზუსტი სახელი არ ვიცი) ულამაზესი, სამი-ოთხი თვის კუდრაჭა ჰყავდა _ ისიც იღიმებოდა. ვერ გავუძელი ცდუნებას. გავაჩერე ეს ახმახი, გაუკვირდა. გოგონას (კაბა ეცვა და ასე მივხვდი) თითი გავუწოდე, უცებ ჩამავლო თავის პუტკუნა თითები და როგორც ელისაბედ მეორეს, ისე დავუხარე თავი და პუტკუნა ხელზე ვეამბორე. 

პატარა მიღიმის, მამამ ქათქათა კბილები გამოაჩინა და სუფთა ქართულით მეუბნება: 

_ მადლობა, ძმაო! 

აი, ასეთი სამოქალაქო სახელმწიფო მინდა მე. აი, ასეთი, როდესაც აქ მცხოვრები ნებისმიერი მოქალაქე, ქართულ ენას ანუ კულტურასა და ტრადიციას სცემს პატივს. 

აი, ასეთი, „ის“ რომ არ შეცბება, როცა მე გავაჩერებ და „მე“ ისეთივე სითბოთი მოვეფერები და გავუცინებ ყველა ბავშვს, როგორც ქართველს. 

აი, ასეთი, როცა მე რასის, ეროვნების, რელიგიური კუთვნილებისა, თუ სხვა მისწრაფებების, სურვილების, იდენტობის მიუხედავად, როგორც „აბორიგენს“, არავის ჩაგვრის სურვილი და უფლება არ მექნება. ხოლო „იმათთვის“ უმთავრესი მოქალაქეობრივი პრიმატი იქნება _ წარმატებული და გამარჯვებული ქართული სახელმწიფო. 

ამ პრინციპებს იცავს ანტიდისკრიმინაციული კანონი. ამ პრინციპების იგნორირებას ითხოვენ რეაქციონერები. 

და მთავარი: მათი სურვილია, ჩვენი თვალსაწიერი იყოს მხოლოდ რუსეთი და ახალი რკინის ფარდა ჩამოგვიფარონ ცხვირწინ. 

რადგან ამ მოთხოვნებს საპატრიარქოს კურთხევით, უერთდება სამღვდელოების ნაწილი, ესეც თვალნათლივ მეტყველებს, რომ არანაირი პროდასავლური ფრთა და ტენდენციები საპატრიარქოში არ არსებობს. 

მოკლედ, „ის“ აქცია, რომელსაც მავანნი „ანტიელგებეტე აქციად“ რაცხავენ, არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდასავლური, ანტიპროგრესული და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წინააღმდეგ. ეს არის წმინდა პრორუსული აქცია, აქცია ოკუპაციის მხარდასაჭერად. 

სულ ეს არის ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმების მოთხოვნის არსი. 

იმედია, მცირედი, მაგრამ მაინც იმედია, რომ ამ მოთხოვნის არსი ესმის ხელისუფლებას. მოსახლეობა ისედაც უნდა მიხვდეს, რაშიც არის რეალური ვითარება. ეს სულაც არ ნიშნავს ვინმეს პოლიტიკურ მხარდაჭერას, ან უარყოფას. ეს ვიწრო პოლიტიკაზე, სიმპათია-ანტიპათიაზე მაღლა დგას ახლა''. 

აი, ასე: რუსთაველის გამზირზე არსებული ვითარება, ძალოვანთა დახმარებით, მეტ-ნაკლებად განიმუხტა ანუ სამათალდამცავებმა სამშაბათს, 9 ივლისს, დილით, დედაქალაქის ცენტრალური ქუჩა ვასაძის მიმდევრებისგან მთლიანად გაწმინდეს და პარლამენტის წინ, კვლავ ანტისაოკუპაციო აქციები გაგრძელდება, ესე იგი, მთლად წარსულში არ დავბრუნდით და ულტრამემარჯვენე ჯგუფებს არც იმ რუსული ნარატივის გატარება გამოუვიდათ, რაც ერთი ნაბიჯით წინ წასული ქვეყნის ორი ნაბიჯით უკან დაბრუნებას გულისხმობდა.

ნინო დოლიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში