Menu
RSS

„დუმელები“ გიორგი გაბუნიას ექსტრადირებას ითხოვენ

რატომ „დაუპადერჟკა“ სობჩაკმა პუტინს და რამდენი მილიონით იზარალებს საქართველო გაბუნიას მონოლოგით

ბეჭდვურ მედიაში არის საავტორო გვერდი, სატელევიზიო მედიაში _ საავტორო გადაცემა. ორივე შემთხვევაში, ეს იმას ნიშნავს, რომ გაზეთის გამომცემელი, თუ ტელევიზიის დირექტორი, კონკრეტული ავტორის საქმიანობაში არ ერევა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ავტორს ყველაფრის უფლება აქვს. მით უმეტეს იმის, რაც კვირას, მთელმა საქართველომ გიორგი გაბუნიასგან მოისმინა. გასაგებია, რომ რუსეთი ოკუპანტია და ვლადიმერ პუტინი _ საქარველოს ნომერ პირველი მტერი, მაგრამ იმის უფლება, რაც კონკრეტულმა ჟურნალისტმა გააკეთა, მაინც არ ჰქონდა. გამოჩდნენ სკეპტიკოსები, რომლებმაც თქვეს, რომ თურმე, პუტინის გინებაა აკრძალული ქვეყანაში. არა, ბატონებო, პუტინი კი არა, პატრიარქი უგინებიათ და ეგეც კი არ არის აკრძალული. უბრალოდ, გამოხატვის ფორმა, ზომა და წონა, აშკარად არამართებული იყო. ყველაფერ ამას საქართველოში რაც მოჰყვა, კარგად ვნახეთ. აი, რაც შეეხება რუსეთს...

რამზან კადიროვით დავიწყოთ: ჩეჩნეთის ლიდერი, რომელმაც ზღაპრული ქონება და ძირძველი ჩეჩნების ზიზღი, ერთნაირად, დიდი ოდენობით დააგროვა, საქართველოსადმი კეთილგანწყობით არასოდეს გამოირჩეოდა. ახლაც, როგორც კი შანსი მიეცა, ხელიდან არ გაუშვა და მუქარანარევი ფრაზების კორიანტელი დააყენა. კადიროვის თქმით, საქართველოს ხელისუფლება და ერი ვალდებულია, რუსეთსა და პირადად ვლადიმერ პუტინს, ბოდიში მოუხადოს. ხელისუფლების რა გითხრათ და, მანამდე არაფერი გვეტკინოს, სანამ ერმა პუტინს ბოდიში არ მოუხადოს. იმის მიუხედავად, რომ გაბუნიას მიერ წაკითხული მონოლოგი ეთიკის ფარგლებში არ ჯდება, ეს არ ნიშნავს, რომ პუტინი საქართველოს მტრად არ მიგვაჩნია. ისიც ზუსტად ვიცით, კადიროვს, სწორედ პუტინის ხელის ერთი აქნევა უნდა, ოთხზე რომ დადგეს და ნებისმიერი პროვოკაცია მოაწყოს. ამიტომ, კადიროვის სიტყვები ბევრს არაფერს ნიშნავს. 

პუტინის ერთ-ერთმა, მთავარმა ოპოზიციონერმა ქსენია სობჩაკმა, გაბუნიას გამოსვლა, როგორც „ნიჟე პლინტუსა“ შეაფასა. იმის მიუხედავად, რომ სობჩაკს პუტინი, თავადაც არაერთხელ გაულანძღავს, ხოლო რუსეთის პრეზიდენტს, ყოფილი ტელეწამყვანი და „სვეტსკაია ლვიცა“, არაკორექტულად ხშირად უხსენებია, სობჩაკმა მაინც ის დაიცვა. ისევ გავიმეორებთ, რომ ამის მიზეზი მარტივია _ გაბუნიას მონოლოგი, ოკუპანტების ენაზე რომ ვთქვათ, ძალიან „პახაბნი“ იყო, თუმცა... 

რუსეთის მმართველი პარტიის, „ედინნაია რასიას“ მიერ ინიცირებული აკრძალვები რამდენიმე კომიტეტმა მიიღო. რას გულისხმობდა ეს აკრძალვა? იმას, რომ საქართველოდან რუსეთში აღარც მინერალური წყლები უნდა გასულიყო, აღარც _ ღვინო და აღარც ფულადი გზავნილები განხორციელდება. ექსპერტთა უხეში დათვლით, ეს საქართველოს წლიურად, მინიმუმ, ნახევარი მილიარდი დოლარის ზარალს მოუტანს, ხოლო ფულის გადარიცხვების თემა ჯოჯოხეთური გახდება _ საქართველოში რუსეთიდან ფული, მხოლოდ მესამე ქვეყნის ბანკის გავლით მოხვდება, რაც დამატებით საკომისიოს ნიშნავს _ როცა ბანკი ერთი ქვეყნიდან მეორეში, ფულის მხოლოდ გამტარია, დიდ საკომისიოს აწესებს... 

8 ივლისს აიკრძალა, როგორც სამგზავრო ფრენები, ისე _ ავიაგადაზიდვები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთიდან საჰაერო სივრცით, საქართველოში ხორბალი აღარ შემოვა. საქართველოს ფქვილის შემომტანთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ლევან სილაგავამ უკვე დაადასტურა, რომ პურის ფქვილის 90%, სწორედ იმ ხორბლისგან კეთდება, რომელიც რუსეთიდან შემოდიოდა. მართალია, ტრალიერებით შესაძლებელია ხორბლის შემოტანა, მაგრამ ეს ხორბალზე ფასს გაზრდის, რაც ავტომატურად აისახება პურის ფასზე და მთავარი საკვები პროდუქტი აუცილებლად გაძვირდება. 

გამოდის, რომ გაბუნიას ერთი მონოლოგი, საქართველოს, თითქმის მილიარდი დოლარის ზარალი უჯდება და იმ პირობებში, როცა უცხოური ინვესტიციები სანატრელია და ეროვნული ვალუტა თავისუფალ ცურვაშია გაშვებული, ეს ძალიან, ძალიან დიდი მინუსია, მაგრამ... 

რუსმა დეპუტატებმა ერთ ხმაში მოითხოვეს გაბუნიას დაპატიმრება, რუსეთისთვის გადაცემა და იქაური სასამართლოთი გასამართლება. ვერ გეტყვით, დუმის დეპუტატებს თავში ტვინი არ აქვთ-თქო, მაგრამ ყველაზე კარგად, სწორედ მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს მოთხოვნა არანაირ სამართლებრივ ნორმებში არ ჯდება. არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ საქართველოს საკუთარი მოქალაქე რუსეთისთვის გასასამართლებლად გადაეცა, თუ არ ჩავთვლით ჩეჩნებს, რომლებიც თავის დროზე, შევარდნაძემაც გადასცა რუსეთს, სააკაშვილმაც და მოქმედმა ხელისუფლებამაც, თუმცა ყველა შემთხვევაში, ის ჩეჩნები რუსეთის მოქალაქეები იყვნენ, ბრალი ტერორიზმში ედებოდათ და ამ ამბავს არც არავინ აპროტესტებდა. ეგ კი არა და, გაბუნიას პირდაპირ ეთერში რომ გაეხადა და ვიზუალურად ეჩვენებინა ის, რაც წაიკითხა, მისი გადაცემა მაინც არ მოხდებოდა და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, ყველაზე კარგად ეს, სწორედ რუსმა კანონმდებლებმა უნდა იცოდნენ. 

სხვა საკითხია რუსული მედიის გამოხმაურება, რომლებმაც გაბუნიას მონოლოგის შემდგომ განვითარებული მოვლენები საინტერესოდ შეაფასეს. რუსი ჟურნალისტების აზრით, ქართველები ქუჩაში იმიტომ გამოვიდნენ და იმიტომ შეუტიეს ჟურნალისტს, რომ თურმე, 2008 წლის მოვლენების განმეორებისა და ომის გვეშინია. ვერ გეტყვით, მას შემდეგ, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში გადავიტანეთ, საერთოდ გვეშინია თუ არა რამის, მაგრამ ის, რომ რუსი ჟურნალისტები საკუთარ ხელისუფლებას ომისკენ მიანიშნებენ, ფაქტია. 

თავისი სიტყვა თქვა ვლადიმირ ჟირინოვსკიმაც, რომელმაც სანქციები კი არა, ჩვენი ქვეყნის პირისაგან მიწისა აღგვა მოითხოვა. ჟირინოვსკისგან ეს გასაკვირი არაა, მაგრამ თუ გავისხენებთ 2008 წელს, ეს პოლიტიკური გვამი, იგივე ტექსტით საუბრობდა. 

რა თქმა უნდა, შორს ვართ იმ აზრისგან, რომ რაც უნდა მტრულად იყოს რუსეთი განწყობილი ჩვენს მიმართ, ერთი ჟურნალისტის მონოლოგის გამო, ომს დაიწყებს, მაგრამ ეკონომიკურ წნეხში რომ მოგვაქცევს და გასაქანს არ მოგვცემს, ფაქტია. 

ისიც ფაქტია, რომ ხელისუფლება ასე მალე ვერ გამონახავს ქართული ღვინისა და მინერალური წყლებისთვის ნახევარმილიარდიან ალტერნატიულ ბაზარს. ეს რომ შესაძლებელი ყოფილიყო, წინა ხელისუფლება მოახერხებდა, რამეთუ მაშინ, სწორედ ღვინისა და მინერალური წყლების რეკლამისთვის, ევროპაში 17 მილიონი ლარი დაიხარჯა, მაგრამ სასურველ შედეგამდე ვერ მივედით. გამოდის, რომ ქართული პროდუქციისთვის მთავარ ბაზრად, ისევ რუსეთი რჩება და საუბარი იმაზე, რომ ბალახს შევჭამთ, ვიშიმშილებთ და რუსეთის ბაზარი მაინც არ გვინდა, არასერიოზულია. 

გარდა იმისა, რომ რუსეთში მილიონამდე ქართველი ცხოვრობს, მცირე ბიზნესისთვის რუსული ბაზარი ძალზედ მომგებიანი იყო. მცირე მეღვინეები, რომლებიც მაგალითად, წლიურად 3-4 ათას ბოთლს აწარმოებდნენ და რუსეთში თითო ბოთლს 10-15 ლარად ყიდდნენ, შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ასეთი ადამიანი ათასობითაა, ზუსტად ისე, როგორც ხილის მცირე მეწარმეები, ციტრუსების გამტანები, თუმცა საუბარი იმაზე, რომ ამ ყველაფრის სანაცვლოდ, ერთი კაცი გავიმეტოთ, თუნდაც ის გიორგი გაბუნია იყოს, რომელმაც აშკარად გადაამლაშა, არ შეიძლება. ისიც არ შეიძლება, რომ უშუალოდ ტელეკომპანიამ დაუსჯელად დატოვა თავისი თანამშრომელი, რომლის მონოლოგიც მოტივატორი გახდა იმისა, რომ ჩვენთვის სანქციები დაეწესებინათ. ხომ მარტივი მისახვედრია, ორი თვით ტელეეთერიდან გაბუნიას ჩამოშორება არაფერს ნიშნავს, რადგან ზაფხულში პროექტები მაინც ისვენებს, მაინც ჩერდება და უბრალოდ, გაბუნიაც დაისვენებს და ტელევიზიის ხელმძღვანელობაც ხელს დაიბანს, დამნაშავე დავსაჯეო. 

ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ყველამ რომ გავიზიაროთ, ეგებ, ასეთ დღეში არ ვიყოთ და ეგებ, არც ასარჩევად გვქონდეს საქმე, ქალაქში მიმდინარე რამდენიმე აქციიდან, რომელზე წავიდეთ. იქნებ, საერთოდ არ მინდა ეს აქციები და ეჭვი მაქვს, მალე ქუჩაში ისინიც გამოვლენ, ვინც იტყვის, ყველა აქცია აკრძალეთო. 

აქ მთავარი ის კი არ არის, ვინ დაიღალა და ვინ _ არა, მთავარი ის არის, რომ 30-ე წელია, ერთსა და იმავე წრეზე დავდივართ, ერთსა და იმავე ნაღმზე ვფეთქდებით და ყველაფერ ამას ბოლო არ უჩანს. 

რუსეთი რომ მტერი და ოკუპანტია, ძალიან მარტივი გასაგებია, მაგრამ დედის გინებით, ეს პრობლემა არ მოგვარდება. 

რუსი დეპუტატების საყურადღებოდ კი ვიტყვით, რომ საქართველოს არცერთ მოქალაქეს არ ჩაგაბარებთ ნებით, არ გაგასამართლებინებთ რუსული კანონებით და თუ ძალისმიერად გნებავთ, ეგეც თქვენი საქმეა. მაინდამაინც ნურც იმას დაიჯერებთ, ეშინიათ ქართველებსო. შიშის გრძნობას, სწორედ თქვენთან ჭიდილმა გადაგვაჩვია!

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში