Menu
RSS

პუტინმა საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მხარი არ დაუჭირა

რატომ ვერ გვიწესებს რუსეთი ეკონომიკურ სანქციებს

რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მხარი არ დაუჭირა. სხვათა შორის,Pძალიანაც რომ მოენდომებინა, პუტინი ეკონომიკურ სანქციებს მაინც ვერ დაგვიწესებდა და იმიტომ კი არა, რომ რუსეთში ქართულ ღვინოსა და მინერალურ წყლებზე აბოდებთ. არც იმიტომ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პუტინს მოუწოდა, სისულელეებს არ აჰყვეო. საქართველოს წინააღმდეგ სანქციების არ და ვერ დაწესების ძაღლის თავი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაშია დამარხული ანუ იქ, სადაც რუსეთი მის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეკომენდაციის შედეგად მიიღეს!

საწყენია, რომ ამის შესახებ საქართველოს მთავრობა დუმს, ცალკე საუბრის თემაა, რომ ეს არც ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტმა იცის. 

საერთოდ, ბოლო პერიოდში ანუ 20 ივნისსა და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს თუ გადავავლებთ თვალს, ადვილად დავრწმუნდებით, რომ ქვეყნის ხელისუფლება პიარ-ტექნოლოგიებში სერიოზულად მოიკოჭლებს. სხვაგვარად, შეუძლებელია იმის ახსნა, რატომ დაუშვა ხელისუფლებამ, რომ ორი დღის განმავლობაში _ 7 და 8 ივლისს საზოგადოება და ბიზნესი დაზაფრულიყო _ ანტირუსული პროვოკაციების გამო, რუსეთი ეკონომიკურ სანქციებს დაგვიწესებს და საქართველოს ეკონომიკა დაზარალდებაო. 

სინამდვილეში, რუსეთის დუმამ „საქართველოში ანტირუსულ პროვოკაციებთან დაკავშირებით, ეკონომიკური ზომების შემოღების შესახებ“ დადგენილებას მხარი, მართლაც დაუჭირა და ეს შეთავაზება ვლადიმერ პუტინსაც გადაუგზავნა. 

8 ივლისს, რუსეთის დუმის საგარეო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა მმართველი პარტიის _ „ედინაია რასიას“ ფრაქციის წინადადებას, რომელიც საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის შეზღუდვასა და ორ ქვეყანას შორის ფულადი გზავნილების აკრძალვას ითვალისწინებდა. 

რუსი დეპუტატების ეს ინიციატივა 7 ივლისს, სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2'' -ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მონოლოგს მოჰყვა. გადაცემის დასაწყისში, ტელეწამყვანმა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს მისსავე ენაზე... აგინა... 

ტელეწამყვანის ამგვარი რეაქცია ჟურნალისტური ეთიკის საზღვრებს სცდება. რეალურად, ეს იყო უგემოვნო, უხამსი და მდარე პერფორმანსი, რაც არც ,,რუსთავი 2''-ს და, მით უმეტეს, მის მაღალრეიტინგულ წამყვანს არ ეკადრებოდა, თუმცა საზოგადოების ერთი ნაწილის რეაქცია, რაც გაბუნიას გინებას მოჰყვა, კიდევ უფრო უარესი და მძიმე სანახავი გახლდათ. 

8 ივლისს, თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე _ ტელეკომპანია ,,რუსთავი 2''-თან, თავისუფლებისა და რუსთაველის მოედნებზე, პუშკინის სკვერში, ერთდროულად, რამდენიმე აქცია-მიტინგი გაიმართა, თანაც სხვადასხვა მოთხოვნებით: ,,გახარია გადადექი'', ,,გახარია არ გადადგე'', ,,გაბუნია წადი'' (ოღონდ, საიდან უნდა წავიდეს, არ აკონკრეტებენ) და ასე შემდეგ. 

ამ ისტერიას ხელი იმანაც შეუწყო, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებმა, ერთმანეთის მიყოლებით, დაგმეს გაბუნიას საქციელი. არადა, ამის ნაცვლად, უკეთესი იქნებოდა, საზოგადოებისთვის აეხსნათ, რატომ ვერ გაბედავს რუსეთი ეკონომიკური სანქციების დაწესებას. 

პრინციპში, არც დაუწესებია, რადგან პუტინმა დუმას რჩევა არ გაითვალისწინა და იმიტომ არა, რომ საქართველოს მიმართ კეთილი ნება გამოიჩინა. 

ექსპერტმა ლევან ალაფიშვილმა ,,ვერსიას'' დეტალურად განუმარტა, თუ რატომ ვერ და არ დააწესებდა რუსეთი ეკონომიკურ სანქციებს: 

,,ამ საკითხზე მსჯელობისას არცთუ დიდი ხნის წინანდელი ისტორია უნდა გავიხსენოთ, როდესაც ლამის მთელი მსოფლიო გვეხვეწებოდა, რომ ჩვენ, საქართველოს, რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შეგვეშვა. 

სხვათა შორის, ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება საკმაოდ ძვირი დაუჯდა რუსეთს და იმასაც შეგახსენებთ, რომ ამას დიდი ხნის განმავლობაში გვთხოვდა. 

ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ამ ორგანიზაციაში რუსეთი უპირობოდ არ მიუღიათ. რაც მთავარია, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში სანქციების დაწესება ადვილად არ ხდება, ამას შესაბამისი პროცედურები და სანქციები მოსდევს. 

დღესაც, აშშ და სხვა დიდი ქვეყნები, საკმაოდ მძიმე პირობებში არიან და მათ მიმართ სხვადასხვა პროცედურა წარმოებს სანქციების გამო. ამდენად, ჩვენ სწორად უნდა წარმოვიდგინოთ, რასთან გვაქვს საქმე, მხოლოდ პოლიტიკურ კონტექსტში ვერ ვისაუბრებთ. 

აქ საუბარია ორი ბაზრის ურთიერთმიმართებაზე და თავის თავში ბაზარი მოიცავს მომხმარებელსაც და ბიზნესსაც. ამდენად, ეს ცალმხრივი პროცესი არაა და სწორედ ეს უდევს საფუძვლად მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას. 

აქედან გამომდინარე, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში, რუსეთი სანქციებს არ და ვერ გამოიყენებს და ასეთ აქტს ბუნებაში ვერ იპოვით! 

სხვა საკითხია, რას შეეცდება რუსეთი არალეგალურად და ეს გაუვა თუ არა, მაგრამ ის, რომ სანქციები დააწესოს, მით უმეტეს, დუმის გადაწყვეტილებით, უბრალოდ, წარმოუდგენელია!''

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში