Menu
RSS

ბოკერიას თამაშები

„ამხელა მუხტი ჩერგოლეიშვილის ხლართებს როგორ უნდა გაანადგურებინო?!“

დიდი ხანია, ის ქართული პოლიტიკის რუხი კარდინალია. იყო დრო, როცა ნამდვილი რუხი კარდინალივით მოქმედებდა და პროცესებს კულისებიდან მართავდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ხელისუფლების სადავეები ნაციონალურმა მოძრაობამ აიღო, კულისებიდან სცენაზე, როგორც იტყვიან, ცეცხლითა და მახვილით გამოვიდა და... მიუხედავად იმისა, რომ კარგა ხანია, აღარც ნაციონალები არიან ხელისუფლებაში და აღარც თავადაა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ძმადნაფიცი, ქართული პოლიტიკა მაინც მის გარშემო ტრიალებს. ეს, შესაძლოა, ვინმეს გაზვიადებულ ნათქვამად მოეჩვენოს, მაგრამ ყველამ, ვინც ჩვენებურ პოლიტიკურ ორომტრიალში ჩახედულია, იცის, რომ გიგა ბოკერია მთავარი „მოზგია“, „მოზგი“, რომელიც შემთხვევით სვლებს არასოდეს აკეთებს. სხვათა შორის, ერთხანობას არსებობდა მოსაზრება, რომ ბოკერიას თანამდებობა არ ხიბლავს და მისი ადრენალინი, თითქოს პროცესების მართვაა, თუმცა კულისებში თანდათან აქტიური ხდება ხმა, რომ ადრე თუ გვიან, ევროპული საქართველოს ლიდერი, შესაძლოა, ქვეყნის პრემიერი გახდეს. არ გჯერათ? _ ნება თქვენია, მაგრამ თუ ბოლოდროინდელ მოვლენებს თვალს გადავავლებთ, მივხვდებით, რომ ბოკერია და მისი პოლიტიკური და-ძმები, „გავრილოვის კრიზისის“ მთავარი შემოქმედები არიან.

ეს კი არადა, დღეს, როცა ემოციები მეტ-ნაკლებად დაცხრა, ოპოზიციის ზოგიერთი წამრომადგენელი პირად საუბრებში ღიად მიანიშნებს, რომ ბოკერიას „სასტავი“ ყველაფერ იმიდან, რაც 20 ივნისსა და მას შემდეგ მოხდა, პირადი დივიდენდების მიღებას ცდილობს. ეს დივიდენდები კი, როგორც ამბობენ, დიდი ალბათობით, შესაძლოა, ის იყოს, რომ „ოცნებამ“ ხელისუფლების გარკვეული შტოები „ევროპელებს“ გადააბაროს („ევროპელები“, ევროპული საქართველოს შემოკლებითი სახელია). 

სხვათა შორის, ის, რომ ბოკერიას „ოცნების“ ახალგაზრდულ ფრთასთან, კერძოდ, კობახიძე-ჩუგოშვილთან პოლიტიკური ფლირტი ჰქონდა, ჯერ კიდევ მაშინ გახდა თვალშისაცემი, როცა მმართველმა გუნდმა კონსტიტუციაში შესატანი ფართომასშტაბიანი ცვლილებების საჯარო განხილვები დაიწყო და ამ „სახალხო მოსმენებზე“, „ოცნებელების“ გვერდით, ხან თავად ბოკერია იჯდა, ხან კი _ მისი ზოგიერთი თანამოაზრე. 

აქვე, ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ამის გამო „ოცნებას“ იმ ადამიანებისგან, რომლებიც მმართველი გუნდისადმი მაინცდამაინც ანტაგონისტურად არ გამოირჩევიან, კრიტიკის ქარ-ცეცხლი დაატყდა. ამ მხრივ კი ყველაზე მეტად პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი აქტიურობდა. 

,,კახეთში, სიღნაღში, კონსტიტუციის საჯარო განხილვის დროს, ირაკლი სესიაშვილმა მახსენა და დამადანაშაულა დემაგოგიაში. ირაკლი, შენთვის არავის უსწავლებია, რომ როცა ოპონენტი დარბაზში არაა და პასუხს ვერ გცემს, მისი არყოფნით ბოროტად არ უნდა ისარგებლო? 

ბოკერიას პარტია გვერდით გყავდა და მაინც და მაინც მე რატომ მომწვდი, არ მესმის. არა უშავს, შენგან განსხვავებით, მე მაშინ გაგცემ პასუხს, როცა დარბაზში იჯდები, ან როცა პირადად გნახავ“, _ ციტირებდა ინაშვილის სიტყვებს იმდროინდელი ქართული მედია. 

ზოგადად, პატრიოტთა ალიანსი ის პოლიტიკური გაერთიანებაა, რომლის, ასე ვთქვათ, სამოქმედო პროგრამა ბოკერიას პოლიტიკურ მოუსავლეთში გაშვებაზეა აგებული. ეს ლიტონი სიტყვები რომ არ გამოვიდეს, შეგვიძლია, ინტერნეტის საძიებო სისტემიდან, პატრიოტების ბოკერიას საწინააღმდეგო განცხადებები და ციტატები მოვიშველიოთ: 

მიმდინარე წლის თებერვალში, პატრიოტთა ალიანსმა პარლამენტს ის რეზოლუცია წარუდგინა, რომლითაც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის სააკაშვილ-ბოკერიას რეჟიმად გამოცხადება მოითხოვა. მაშინ ბოკერიამ სიცილით თქვა, რომ ამ რეზოლუციას მხარს ვერ დაუჭერდა, რადგან მასში, მისი გვარიც ფიგურირებდა. ინაშვილმა ბოკერიას ასე უპასუხა: 

„ბატონო გიგა, გარწმუნებთ, ასეთ იუმორისტულ ხასიათზე იქნებით იქ, სადაც მიბრძანდებით, როცა ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში და აღმოჩნდებით საკანში, სადაც ,,ობიექტივი'' გექნებათ ჩართული, სხვათა შორის“. 

უფრო ადრე კი ირმა ინაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თქვა, რომ ევროპულ საქართველოს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობის მორალური უფლება არ ჰქონდა. მაშინ პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, გიგა ბოკერიასაც დაემუქრა და „მატროსოვზე წაბრძანება“ უწინასწარმეტყველა: 

„მორალურ პასუხისმგებლობას „ქართული ოცნება“ გრძნობს იმაზე, რაც დღეს ხდება? მორალური პასუხისმგებლობა გაქვთ თუ არა თქვენ იმის გამო, რომ ეს კომისია ჩააბარეთ არაერთ კონკრეტულ დანაშაულში ეჭვმიტანილ, თუ პირდაპირ მხილებულ ადამიანებს? მკვლელობის საქმეს რომ იძიებდეს კონკრეტული პირი, უნდა ჰქონდეს თუ არა ამ მკვლელობის გამოძიების მორალური უფლება? 

იგივე ბატონ ბოკერიას, ცალი თვალით რომ მიყურებს აქ. ძალიან კარგი, კარგად დამაკვირდით, ისიც ვიცი, რომ გესიზმრებით უკვე, ისე ხართ აკანკალებული და გააგრძელეთ ეს კანკალი იმიტომ, რომ 280 ათასზე მეტი ხელმოწერაა უკვე შეგროვებული თქვენი საქმის აღძვრისა და გამოძიების დაწყების და თქვენი დაპატიმრების მოთხოვნით და სულ ტყუილად იღიმებით აქ. 

ბატონო ანრი და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებო, ჩვენო კოლეგებო, ეს ყველაფერი მარაზმამდე რომ მიდის, ვერ ხვდებით? კომისია რომ შექმენით, ჯერ მაშინ დაარღვიეთ რეგლამენტი _ ეს ერთი, იმიტომ, რომ ჩვენ მეტი წევრი გვეკუთვნოდა, სხვათა შორის, ამ კომისიაში, მაგრამ თქვენი კუთვნილი კვოტები „ქართულმა ოცნებამ“, აჩუქეთ ბატონ ბოკერიას პოლიტიკურ ჯგუფს. ძალიან მაინტერესებს, რატომ ერთი? 

მეორე, ასეთი კომისია რომ იქმნება, კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, მორალური უფლება უნდა ჰქონდეს იმ ხალხს, ვინც კომისიაში უმრავლესობაა, რომ გამოძიება წაიყვანოს? სამარცხვინო მდგომარეობაა დღეს ამ პარლამენტში, რა მაგალითს აჩვენებთ მომავალ თაობას? 

მე, ბატონო გიგა, მაშინ დავამთავრებ გამოსვლას და საზეიმო ნოტაზე, თქვენ რომ წაბრძანდებით მატროსოვზე, აი, მაშინ და გააგრძელებს ეს ქვეყანა ბედნიერ და თავისუფალ ცხოვრებას და გპირდებით დღეს, რომ ეს მოხდება, ძალიან მალე, სხვათა შორის, დანარჩენებიც მოგყვებიან კიდე“. 

გასული წლის დეკემბრის მიწურულს კი, ირმა ინაშვილმა ბოკერიას წინა „ბოროტი ხელისუფლების ტვინი“ უწოდა. 

„ბოკერია იყო ტვინი იმ ბოროტი რეჟიმის და მამოძრავებელი ძალა, განმახორციელებელი იმ ბოროტებისა, იყო სააკაშვილი,“ _ ამ სიტყვებით უპასუხა ირმა ინაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ნაწილის რეკომენდაციას რეზოლუციის სათაურის შეცვლისა და სააკაშვილ-ბოკერიას გვარების, ზოგადად, ნაციონალური მოძრაობით ჩანაცვლების შესახებ. 

უმრავლესობის წევრებმა პატრიოტთა ალიანსის მიერ მომზადებული რეზოლუციის ტექსტის სულისკვეთება გაიზიარეს, თუმცა პერსონიფიცირების ნაცვლად, დოკუმენტისთვის უფრო ზოგადი სახელის დარქმევის იდეით გამოვიდნენ. 

„ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული, მერე შექმნა პოლიტიკური პარტია, თქვენ აღიარეთ ოპოზიციად, დღეს ზის პარლამენტში და თქვენ გეძახით კრიმინალებს. ეს არის პოლიტიკური მარაზმი და მე მოგიწოდებთ, სწორედ ამ რეზოლუციით დავასრულოთ ქვეყანაში პოლიტიკური მარაზმი“, _ განაცხადა ირმა ინაშვილმა უმრავლესობის წევრთა შეთავაზების საპასუხოდ. 

პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა, პარლამენტს იმ რეზოლუციის პროექტი წარუდგინა, რომელიც სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას ითვალისწინებს. პროექტის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღიათ თავად ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან. 

ევროპული საქართველოს წევრებმა კი სხდომის დასაწყისში, საკითხის განხილვის გადადება მოითხოვეს, თუმცა ირმა ინაშვილმა ამ მოთხოვნას უარით უპასუხა,“ _ იუწყებოდა „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ 2018 წლის დეკემბრის ბოლოს. 

ერთი სიტყვით, „ოცნებამ“ წინა ხელისუფლება რეჟიმად გამოაცხადა. ეს კი არადა, დღეს ის სისხლის სამართლის საქმეც აღარავის ახსოვს, რომელიც „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან, ძალიან მალევე აღიძრა და რომელი საქმითაც გიგა ბოკერიას, როგორც ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, სახელმწიფო ქონების გაფლანგვაში ედებოდა ბრალი. 

რატომ მიჩუმათდა ეს საქმე? 

სხვადასხვა ვერსიით, აი, სწორედ ეს საქმე გახდა იმის მიზეზი, რის გამოც ბოკერიამ პოლიტიკური გემოვნება შეიცვალა ანუ იმის შიშით, რომ გისოსებს მიღმა არ აღმოჩენილიყო, „ოცნებასთან“ ფლირტი დაიწყო და იმის პირობაც დადო, რომ ნაცმოძრაობას დაშლიდა. პრინციპში, ასეც მოხდა _ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ბოკერია და მის დაქვემდებარებაში მყოფი პოლიტიკური ფიგურები სააკაშვილს გაემიჯნენ და ახალი პარტია _ ევროპული საქართველო შექმნეს. 

მას მერე მედიასა, თუ პოლიტიკურ წრეებში, პერიოდულად ჩნდება დაუდასტურებელი ცნობა იმის შესახებ, რომ ევროპული საქართველო „ოცნების“ „სახელისუფლებო ზამენაა“. 

ზოგადად, პოლიტიკაში შეთქმულების თეორიები ძალიან კარგად მუშაობს, მაგრამ ის, რაც უკვე ხილული ხდება, შეთქმულების თეორია აღარ არის. 

და მაინც, რა არის ხილული? _ მოდით, ისევ გავრილოვის კრიზისს დავუბრუნდეთ და გავიხსნოთ, ვინ იყვნენ ის დეპუტატები, რომლებმაც რუს კომუნისტ დეპუტატზე იერიში მიიტანეს? 

ვინ იყვნენ და, _ ევროპული საქართველოს წარმომადგენლები. მართალია, მათთან ერთად, ნაციონალი სალომე სამადაშვილიც ბობოქრობდა და თინათინ ბოკუჩავაც, მაგრამ მთელ ამ ორომტრიალში, გამწევი ძალის ფუნქციას ელენე ხოშტარია ასრულებდა. ასევე, გავრილოვის მთავარი გამგდების როლი გიორგი კანდელაკმა მოირგო, რომელიც იმის შიშით, რომ გავრილოვი უკან არ დაბრუნებულიყო, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში გამაგრდა და იქიდან კარგა ხანს ფეხიც აღარ მოიცვალა. 

ყველაფერ ამის შემდეგ რაც მოხდა, ყველამ ვიცით _ ოკუპაციით შეწუხებული საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ქუჩაში გულწრფელად გამოვიდა და გავრილოვის სითავხედე გააპროტესტა, მაგრამ რა მოჰყვა ყველაფერ ამას? _ აქციის დაშლა და რამდენიმედღიანი პროტესტი, რომელიც ახლაც გრძელდება. 

ოფიციალურად, ეს პროტესტი აპოლიტიკურია, თუმცა კულუარებში ლაპარაკობენ, რომ ყველაფერ ამას _ არც მეტი, არც ნაკლები _ ევროპული საქართველო მართავს, კერძოდ, სახელდება გიგა ბოკერიას მეუღლე, თამარ ჩერგოლეიშვილი. ასევე, სხვდასხვა წყარო, კონფიდენციალური საუბრის დროს ამბობს, რომ მთელ ამ აურზაურში, ბოკერიას ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე, ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილია. 

დავუშვათ, ყველაფერი მართლაც ასეა, როგორც კულუარებში ამბობენ, მაგრამ რას თამაშობს და რა მიზანი აქვს ბოკერიას? _ ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ „ოცნებისთვის“, ნაციონალური მოძრაობის გარდა, ნებისმიერი ოპოზიცია მისაღებია. შესაბამისად, თუ გავყვებით ვერსიას, რომ მოქმედი მმართველი გუნდი ხელისუფლების ხავერდოვნად გადაბარების გეგმას ამუშავებს, მაშინ გამოდის, რომ ბოკერიას გუნდი ხელისუფლებაში მოსასვლელად ემზადება, თუმცა ამ კონტექსტში, ძალიან საინტერესო ვერსია აქვს იგივე პატრიოტთა ალიანსს. კერძოდ, პატრიოტი ემზარ კვიციანი, ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში, რომელიც ამ დღეებში გამოქვეყნდა, ანვითარებას მოსაზრებას, რომ ბოკერიას მფარველები რუსეთში არიან და გავრილოვის კრიზისიც, პირდაპირ მისი აღზევებისთვის დაიგეგმა. 

„გავრილოვი შტურმით კი არ მოსულა პარლამენტის ასაღებად. ის ჩვენმა მხარემ, საქართველომ დაპატიჟა და სადაც უთხრეს, აქ დაჯექიო, იქ დაჯდა. მერე, მეორე მხრიდან შემოუვარდნენ და ასეთი ამბები _ წივილ-კივილი ატყდა. ამიტომ, ყველაფერი ეს, ერთი და იგივე ადამიანის და ჯგუფის მიერ იყო დაგეგმილი. ეს იმ ადამიანების მიერ იყო დაგეგმილი, რომლებმაც კოდორის ხეობის ჩაბარება და სამაჩაბლოს მოწინააღმდეგეზე იურიდიულად გაფორმება დაგეგმეს. რუსეთში 8 წელი ვიყავი და ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს _ იქიდან ვინ მართავს საქართველოს და საქართველოში საყრდენი ვინ ჰყავთ. 

ყველაზე საყრდენი ძალა, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურებს ჰყავს, ბოკერიაა და ესეც მაგის გასაძლიერებლად მოიმოქმედეს. 

ისე, ალბათ, გახსოვთ, თავის დროზე, რუსებმა სააკაშვილს რეიტინგი რომ აუწიეს და ჟირინოვსკის დაუსვეს ანუ ჟირინოვსკიმ ჯერ ისეთი განცხადება გააკეთა, რომ თავი მთელ საქართველოს შეაძულა. ამის მერე, სააკაშვილს უჯდება, სააკაშვილი ლანძღავს და მისმა რეიტინგმაც აიწია ანუ ჟირინოვსკიმ, რომელიც, სხვათა შორის, ლიბერალია, ყველაფერი გააკეთა, რათა სააკაშვილი გაეძლიერებინა. 

რამდენიმე წლის შემდეგ, ჟირინოვსკიმ ყველაფერი ეს აღიარა და პირდაპირ ეთერში თქვა, სააკაშვილი ჩვენ მოვიყვანეთ, გავაძლიერეთ და ახლა, ჩვენს წინაღმდეგ იბრძვისო. 

ახლაც იგივე ჩაგვიტარეს და ვინც გამოცდილი არ არის, ამას ვერ მიხვდებოდა, მაგრამ ჩვენ იმ თამაშის, რომელიც მოსკოვიდან იგეგმება, უკვე დიდი გამოცდილება გვაქვს. 

მოსკოვმა ერთი მხარე, შეიძლება ითქვას, გადააგდო ანუ არ მგონია, რომ კობახიძემ საკუთარი თავის წინააღმდეგ იმუშავა. უბრალოდ, ეგენი გადააგდეს, მოატყუეს და ასეთი ჩასაფრება მოუწყვეს. 

2003 წელი ძალიან კარგად მახსოვს და ისიც მახსოვს, ამერიკელები მინისტრებს როგორ აჩერებდნენ _ წვრთვნისა და აღჭურვის პროგრამით, მთელი ძალოვანი სტრუქტურები ხელში ჩაიგდეს, ანუ ყველა ძალოვან უწყებაში მათი სპეცსამსახურის წარმომადგენელი იჯდა. დღესაც იგივეა და არაფერი შეცვლილა, თან ამერიკელები და რუსები ერთობლივად და ერთმანეთში მოლაპარაკებით მუშაობენ. ამიტომ ვერავინ ხვდება, სად როგორ მოგვატყუებენ. 

კარგი საქმე გაკეთდა, რომ მართლმადიდებელ პარლამენტართა საერთაშორისო ასამბლეა ჩატარდა _ საქართველოში 25 ქვეყანა ჩამოვიდა. ახალი არავისთვის არ არის, რომ მთელ მსოფლიოში გლობალიზაციის მთავარი სამიზნე მართლმადიდებლობაა. 

პირველ რიგში, დარტყმა ჯერ მართლმადიდებლობაზე მიიტანეს. 

მეორეც, ქართველები და რუსები ერთმანეთთან ძალიან ახლოს მივედით _ რუსეთიდან ბევრი ტურისტი ჩამოდის. რაც ყველაზე მეტად მსოფლიო მმართველებს აწუხებთ, ეს სახალხო დიპლომატიაა. ალბათ, გახსოვთ, სახალხო დიპლომატიამ აფხაზეთში და იგივე სამაჩაბლოში რასაც მიაღწია _ თითქმის შევრიგდით. იგივე მიდიოდა ახლა რუსებთანაც. ტელევიზიები კი ამბობენ, რომ ქართველებს რუსები თითქოს სძულთ, მაგრამ უკან დაბრუნებულმა რუსმა ტურისტებმა სიმართლე ჩაიტანეს და რუსები ჩვენსკენ შემოტრიალდნენ. ყველაფერი, აი, ამის გათიშვასაც ემსახურებოდა. 

მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი მოწინააღმდეგეები ძალიან ბევრ კურდღელს იჭერენ. ეს არის და ეს. 

მოკლედ, ჩანს, რადგან ოპოზიციაც და ხელისუფლებაც ერთი და იგივე ხელით იმართება''. 

იმართება თუ არა ოპოზიცია, ამ შემთხვევაში, ბოკერია და ხელისუფლება ერთი და იგივე ხელით, ძნელი სათქმელია, მაგრამ როგორც აღვნიშნეთ, თანდათან აქტუალური ხდება მოსაზრება, რომ ბოკერია და ხელისუფლება ერთ თამაშს თამაშობენ. 

ამის შესახებ ოპოზიციის სხვა ფრთის წარმომადგენლები ღიად საუბარს ერიდებიან, თუმცა პარტიის _ „კანონი და სამართალი“ თავმჯდომარემ, თაკო ჩარკვიანმა, როგორც იტყვიან, ნავსი გატეხა და ამ თემაზე საჯარო განცხადებები გააკეთა. კერძოდ, მან სოციალურ ქსელში, თამარ ჩერგოლეიშვილსა და გიგა ბოკერიაზე ორი, სხვადასხვა სტატუსი დაწერა. 

,,ევროებს'' ეს ჩერგოლეიშვილი დამოკლეს მახვილივით ჰყავთ! ეს კარგი და ლამაზი ახალგაზრდები ამდენს შრომობენ, მართლა გულწრფელად და... მღვრიე წყალში ,,თევზის ჭერით'' დაკავებულ ზოგიერთ, მანიაკურად ,,გაერთიანების'' მოწინააღმდეგეს, ანუ სულ ცოტა, ერთი მილიონი კაცის მოწინააღმდეგეს ადგილი უნდა მიუჩინოთ, რომ ერთმა ,,დამაქცევარმა პოლიტიკურმა მოვაჭრემ'', ორმოცდაათი ათასი კაცი სახლში არ გაუშვას. 

ახალგაზრდები მაგრები ხართ, მართლა მაგრები! ვყვირი ხმის ჩახლეჩამდე ეს დღეებია, რომ ,,ძალა ერთობაშია'', ერთობაში! 

პოლიტიკოსების ჩართვა ყოველთვის აუცილებელია, იმაში მეც გეთანხმებით, რომ ნორმალური და მოაზროვნენი უნდა ჩაერთონ, ასეთებიც არიან! კარგები _ იმისტები, კარგები _ ამისტები, მოაზროვნენი! 

სულ 3 ნახევარი მილიონი ვართ! რა ვქნათ, რა ჰქნას ხალხმა მეტი?! რა დროს სასაცილო ,,სელექციაა''?! 

ამხელა მუხტი, ყველას შრომა, ჩვენი შრომა, ახალგაზრდების თავდადებული შრომა _ ,,ჩერგოლეიშვილის ხლართებს'' როგორ უნდა გაანადგურებინო! საქართველოს დასავლეთი _ ევროპა უნდა, ამათი (ზოგიერთ გარიგებულ პოლიტიკოსს ვგულისხმობ) ბიძინასთან გარიგებული ,,ევროები'' კი არა! 

ხალხნო, ძალა ერთობაშია, ერთობაში! 

კოალიციური მთავრობით და კანონის უზენაესობით და კანონებს ,,თვალების დამთხრელების გამპრავებელი'' პარლამენტი კი არ უნდა გვთავაზობდეს, ისევ დამკვეთის როლში ოლიგარქი კი არ უნდა იყოს?! ძალა ერთობაშია, კანონის უზენაესობით! გაერთიანებულ ოპოზიციას, გაერთიანებულ საქართველოს გაუმარჯოს, ,,ევროებზე'' გაყიდული პოლიტიკოსების გარეშე! პოზიცია უცვლელია! ძალა ერთობაშია!'', _ დაწერა ჩარკვიანმა სოციალურ ქსელში, 30 ივნისს. 

მოგვიანებით კი, ის ვიდეო გააზიარა, რომელიც 2007 წლის სისხლიან 7 ნოემბერს არის გადაღებული და რომელშიც გიგა ბოკერია მომხდარს, პრინციპში, ამართლებს და ამ ვიდეოს შემდეგი ტექსტი მიაწერა: 

,,აი, მართლა ნამუსიც კარგი საქონელია, რააა. ამის ცოლი იძახის, მიშა და ნაცები ცუდიაო, ,,პროვოკაცია მოაწყვესო და ფინალში თვალებდათხრილი ხალხი მივიღეთო'' (ერთი-ერთში, ბიძინას და გახარიას მესიჯი). კიდევ კარგად ყოფილა სააკაშვილი და კიდევ კარგად მოუხერხებია ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუციების განვითარება ამათ ხელში. დიახ, მე ვამბობ ამას _ 7 ნოემბრის აქციის მონაწილე! ხალხის დარბევას მაშინ თუ ვაპროტესტებდით, ახლა აღარ აპროტესტებთ, ჩვენი შვილების თვალების დათხრას ზოგიერთი ,,ლაგამამოდებული''? დიდი ქარხანა მუშაობდა მაშინაც და ახლაც საქართველოს განვითარების წინააღმდეგ. ახლა უფრო ნათლად ჩანს ყველაფერი, კიდევ კარგად მოგვიხერხებია ამ ხნის მანძილზე განვითარება, დიახ, იყო დანაშაულებები და იყო განვითარება და შენება (ყოფილი ხელისუფლების დროს)! ახლა მხოლოდ დანაშაულებებია, არანაირი განვითარება, ,,რუსული ჭაობია'' წინ!'' 

მოკლედ, ისეთი პირი უჩანს, რომ ბოკერია და მისი რაზმი ოპოზიციის იმ ნაწილისთვის, რომელიც „ძალა ერთობაშიას“ წარმოადგენს, შესაძლოა, ისეთივე მიუღებელი გახდეს, როგორი მიუღებელიც ხელისუფლებაა. პოლიტიკაში მსგავსი რაღაცები „მოსულა“, მაგრამ როცა თამაში უკვე ნიღბების გარეშე მიდის და ყველასთვის ყველაფერი გასაგებია, ეს უკვე საინტერესო აღარ არის. 

ასე რომ, ქალბატონებო და ბატონებო, ხალხი ბრმა არ არის და ყველაფერს ხედავს!

ნინო დოლიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში