Menu
RSS

„ოცნების“ საარჩევნო პენალტი ანუ რა ელით ერთკაციან პარტიებს

„ძალიან ცუდად გამოიყურებოდით, ბატონებო!“ _ ვის მოსწონს და ვის _ არა პროპოციული სისტემა

ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციას პენალტი დაურტყა, ამას კი არავინ ელოდა ანუ „ანტიოცნებელები“ დარწმუნებულები იყვნენ, რომ მმართველი პარტია და შესაბამისად, მისი თავმჯდომარე მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებდა და პროტესტისთვის „უზარმაზარი“ საბაბი ექნებოდათ, მაგრამ ე.წ. გავრილოვის კრიზისმა მავრის საქმე გააკეთა _ ქართული დემოკრატია ახალ „ლეველზე“ გადავიდა. კერძოდ, ის, რასაც წლების განმავლობაში პოლიტიკური სპექტრი ითხოვდა, მომავალი წლიდან უკვე რეალობა იქნება და შესაბამისად, ამიერიდან საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება, თუმცა ამის მიუხედავად, ოპოზიცია, ყოველ შემთხვევაში, მისი ერთი ფრთა მაინც უკმაყოფილოა. რატომ? _ ამას თავისი ახსნა აქვს და მოდით, ყველაფერს დეტალურად მივყვეთ.

დავიწყოთ იმით, რომ მმართველი პარტიის ინიციატივით, მომავალი არჩევნები საქართველოში პროპორციული სისტემითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარდება. ადამიანები, რომლებიც საარჩევნო ნიუანსებში ზედმიწევნით კარგად ერკვევიან, განმარტავენ, რომ უპირველეს ყოვლისა, „ოცნებამ“ ცნებების აღრევა მოახდინა ანუ საარჩევნო ლექსიკონში, როგორც ირკვევა, ტერმინი _ „ნულოვანი ბარიერი“ არ არსებობს. 

„ის, რასაც „ოცნება“ ნულოვან ბარიერს უწოდებს, სინამდვილეში, ბუნებრივი ბარიერია“, _ განმარტავენ არჩევნების სპეციალისტები და იმასაც ამბობენ, რომ ეს ბუნებრივი ბარიერი დასავლეთის ქვეყნებშიც მოქმედებს. ასე რომ, ამ კუთხით, შეიძლება, საგანგაშო არაფერი იყოს, მაგრამ ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ნულოვან-ბუნებრივი ბარიერიც გარკვეული რისკების შემცველია. 

სხვათა შორის, ამ მეთოდით საქართველოში არჩევნები ერთხელ უკვე ჩატარდა, თუმცა მაშინ ანუ 1992 წელს, ნულოვან-ბუნებრივი ბარიერი, შესაძლოა, გამართლებული იმით იყო, რომ სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, ქვეყანაში ერთი ინსტიტუციაც კი არ არსებობდა, რომელსაც ლეგიტიმაცია ექნებოდა. შესაბამისად, ლეგიტიმაცია არ ჰქონდა ე.წ. სამხედრო საბჭოსაც, ამიტომ მაშინ ერთგვარი გამოსავალი იყო მოსაძებნი, რომლითაც ქვეყანა გადატრიალების ჭაობიდან გამოვიდოდა, რის გამოც იგივე ცივილურმა მსოფლიომ ერთგვარი გამონაკლისი დაუშვა და დასთანხმდა, რომ საქართველოში არჩევნები ე.წ. ნულოვანი ბარიერით ჩატარებულიყო. შესაბამისად, მივიღეთ ისეთი პარლამენტი, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო, პრინციპში, პირობითად ერქვა (ამ თემაზე ვრცელი მასალა ჩვენმა გამოცემამ წინა ნომერში გამოაქვეყნა და ამიტომ „იმელის“ პარლამენტის ანატომიაზე მსჯელობას აღარ გავაგრძელებთ). 

რაც შეეხება „ოცნების“ საარჩევნო პროექტს, რას ნიშნავს პროპორციული სისტემა და რატომ არის ეს ინიციატივა ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლისთვის მიუღებელი? _ მოგეხსენებათ, 1 ივლისს, მმართველმა გუნდმა, „შერატონში“, აღნიშნული საარჩევნო სისტემის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი არ დაესწრო. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია გაერთიანებული ოპოზიციის, ასე ვთქვათ, პასიურობა. უფრო მეტიც, ამ ოპოზიციური გაერთიანების ზოგიერთმა წარმომადგენელმა, მაგალითად, ედპ-ს ლიდერმა, ბაჩუკი ქარდავამ ყველაფერ იმას, რაც „შერატონში“ ხდებოდა, პოლიტიკური მასკარადი უწოდა. 

„ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ არ მიიღო მონაწილეობა იმ მასკარადში, რომელიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ მოაწყო. 

ცალსახად აღვნიშნავ, რომ პროპორციული სისტემა არის იმ საპროტესტო ტალღის მონაპოვარი, რომელიც უკვე 12 დღეა, მიმდინარეობს დედაქალაქში. ეს არის სწორედ ამ აქციებში ჩართული ქართველი ახალგაზრდებისა და ზოგადად, მაღალი პასუხისმგებლობისა და სამოქალაქო შეგნების მქონე საზოგადოების მოთხოვნის შედეგი. ამ პრეზენტაციით, ხელისუფლებამ სცადა, პროპორციული სისტემა წარმოეჩინა თავის კეთილ ნებად და ამ ნაბიჯით ის ცდილობს, საკუთარი შელახული იმიჯი, დემოკრატიულობის თვალსაზრისით, რაღაც დოზით გამოასწოროს, თუმცა 20 ივნისის ღამის შემდეგ, ძალიან გაუჭირდება მმართველ პარტიას რაიმე პოზიტიური იმიჯის შექმნა, თუნდაც იმ ერთ-ერთი მთავარი საკითხის გარეშე, როგორიც არის 20 ივნისის სისხლიანი ღამის ავტორის გადაყენება. 

რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ არასაპარლამენტო პარტია, თუ მოგვეცემა საშუალება, აქტიურად ჩავერთვებით საჯარო განხილვების პროცესში და პროპორციული სისტემის კონსტიტუციურ ნორმად ქცევის კომისიის მუშაობაში, მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს და არ მივცემთ „ქართულ ოცნებას“ საშუალებას, ნებისმიერი საბაბით, იქნება ეს ბუნებრივი ბარიერი, უბლოკო სისტემა და ა.შ. პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირება უკან წაიღოს. ჩვენი ამოცანა, ამ შემთხვევაში, არის მომდევნო არჩევნების მეტ-ნაკლებად სამართლიან გარემოში ჩატარება და ამის საშუალებას ნამდვილად იძლევა პროპორციული სისტემა'', _ განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ, რომელიც „ოცნების“ ღონისძიებაზე მისული ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის განცხადებებსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ზოგიერთი მათგანის სამადლობელი განცხადება ხელისუფლების მისამართით, გაუგებარია, _ ,,მეგონა, მადლობებს მარტო ღარიბაშვილი იხდიდა. 

ისე, „ქოცურ“ პრეზენტაციაზე მისულ ზოგიერთ, ე.წ. ოპოზიციონერს მინდა შევახსენო, რომ მადლობას ქუჩაში გამოსული ახალგაზრდობა იმსახურებს და არა _ „ქოცები“! ვის უხდით მადლობას, თვალების დათხრის ფონზე რომ გესაუბრებიან, იმათ?! ყველას არ ეხება, მაგრამ ზოგიერთი ძალიან ცუდად გამოიყურებოდით, ბატონებო, ძალიან ცუდად!“ 

ვინ არის ის ზოგიერთი, ვინც ბაჩუკი ქარდავას და, ზოგადად, გაერთიანებული ოპოზიციის გადასახედიდან, ძალიან ცუდად გამოიყურება? _ ამ კითხვაზე პასუხი იმის მიხედვით უნდა გავცეთ, თუ ვინ მივიდა „ოცნების“ პროპორციული საარჩევნო სისტემის განხილვაზე ანუ გაერთიანებული ოპოზიციისთვის ცუდად, ალბათ, ალეკო ელისაშვილი, დავით უსუფაშვილი და კიდევ რამდენიმე „ანტიქოცი“ გამოიყურება, თუმცა ეს სხვა საუბრის თემაა. ამიტომ, მოდით, ისევ პროპორციულ სისტემას დავუბრუნდეთ, რასაც, სხვათა შორის, გაერთიანებული ოპოზიციაც ითხოვდა და ამაზე 200 ათასი ხელმოწერაც შეაგროვა. 

„ოცნება“ თანახმაა, რომ შემდეგი არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს. აბა, მაშ, რაღა არ მოსწონს ოპოზიციის ნაწილს? 

საქმე იმაში გახლავთ, რომ ოპოზიცია ითხოვდა, არჩევნები რეგიონალურ-პროპორციული სისტემით ჩატარებულიყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა პარტიას ორი პარტიული სია ექნებოდა. აქედან ერთი სია რეგიონებზე იქნებოდა გათვლილი და ის რეგიონალური ლიდერებით დაკომპლექტდებოდა, მეორე სია კი, როგორც იტყვიან, მთელ ქვეყანას მოიცავდა ანუ უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, რეგიონალურ-პროპორციული სისტემის დროს, მაგალითად, სამეგრელოს პარტიულ სიაში ადგილობრივი სახეები არიან და მათ ხმას მარტო სამეგრელოს მოსახლეობა აძლევს. იმ ვარიანტის მიხედვით კი, რომელიც „ოცნებამ“ წარმოადგინა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ერთი სია იქნება და პარლამენტშიც ის პარტია შევა, რომელიც პროპორციული სისტემით ყველაზე მეტ ხმას მიიღებს. 

აქვე, აღსანიშნავია, რომ ევროპის ქვეყნების უმეტესობაში, სწორედ რეგიონალურ-პროპორციული სისტემა მოქმედებს. აქედან გამომდინარე, ისინი, რომლებიც „ოცნების“ საარჩევნო ინიციატივას არ იზიარებენ, ამბობენ, რომ საქართველოს მმართველი გუნდი ახალი პოლიტიკური წესების დამკვიდრებას ცდილობს, რომლის ერთ-ერთი მიზანიც ოპოზიციის დაქსაქსვაა. 

ის, რომ შესაძლოა, ასეც იყოს, მთლად ფანტაზია არ არის, რადგან როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, „ოცნების“ პროპორციულ სისტემას ოპოზიციის ნაწილი უკვე გაემიჯნა ანუ „ანტინაციონალებში“ გარკვეული ბზარი გაჩნდა. თუმცა თუ ობიექტურები ვიქნებით, აქვე, ისიც უნდა ვთქვათ, ჩვენი ოპოზიცია ერთ მუშტად შეკრული არასოდეს ყოფილა და თუნდაც ის, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, იგივე ევროპულმა საქართველომ მხარი გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირა, მოჩვენებითი მხარდაჭერა იყო და მეტი არაფერი. 

სიტყვამ პრეზიდენტი მოიტანა და იმასაც გეტყვით, რომ „ოცნების“ საარჩევნო ინიციატივას გვიან, მაგრამ მაინც გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილი და თქვა, მზად ვარ, კონსულტაციებში ჩავერთოო. ყოველ შემთხვევაში, ზურაბიშვილმა საზოგადოებას საკუთარი პრესსპიკერის პირით შეუთვალა, საკონსტიტუციო ცვლილებებისა და პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციების დაწყების შესახებ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას მივესალმებიო. 

„ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, პრეზიდენტი ფიქრობს, რომ პოლიტიკური დიალოგი არის გზა შიდა დეესკალაციისა და საზოგადოებრივი თანხმობისკენ. 

სალომე ზურაბიშვილის აზრითვე, საერთაშორისო საზოგადოებამ საქართველოდან უნდა მიიღოს მკაფიო შეტყობინება იმის თაობაზე, რომ საქართველოში, მიუხედავად ეთნიკური კუთვნილებისა, დაცულია ყველა ტურისტისა და სტუმრის უსაფრთხოება. 

20-21 ივნისის სისხლიან ღამესა და მომიტინგეების დაკავებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ კი, პრეზიდენტის პრესსპიკერი ამბობს, რომ ამ ყველაფერს გამოძიება დაადგენს,“ _ ეს ინფორმაცია ქართულმა მედიამ 2 ივლისს გაავრცელა. 

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ მომავალი არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება. ნულოვანი ბარიერი კი მხოლოდ 2020 წელს იქნება ძალაში და შემდეგ, დავიწყებას მიეცემა. 

სხვათა შორის, თავიდან ითქვა, რომ „ოცნებას“ პროპორციულ სისტემაზე პრობლემები, თავად საკუთარ გუნდში შეექმნებოდა ანუ „ოცნების“ მაჟორიტარები ამ ინიციატივას ჩააგდებდნენ, თუმცა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა გვამცნო, რომ ამის საფრთხე არ არსებობს. 

სამაგიეროდ, როგორც ექსპერტთა ნაწილი ამბობს, არსებობს იმის საფრთხე, რომ ნულოვანი ბარიერის პირობებში, იგივე მაჟორიტარებმა, რომელთაც პარლამენტარობა უკვე პროფესიად ექცათ, მომავალი არჩევნებისთვის მინიპარტიები შექმნან და იმ მუნიციპალიტეტების ხარჯზე, სადაც აქამდე მაჟორიტარები იყვნენ, ე.წ. ნულოვანი ბარიერი გადალახონ და დეპუტატის მანდატი მაინც „გაინაღდონ“. 

მოკლედ, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, თავისთავად კარგია, მაგრამ ისეთი პირი უჩანს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით დაწყებული კონსულტაციები ხმაურისა და აჟიოტაჟის გარეშე არ ჩაივლის. ამასთან, ვითარებას ისიც გაართულებს, რომ „ოცნების“ ინიციატივითვე, წინასაარჩევნო ბლოკების შექმნაც აიკრძალება და შესაბამისად, ის წვრილ-წვრილი პარტიები, რომლებიც საარჩევნოდ ბლოკდებოდნენ და უმაღლეს საკანონმდებო ორგანოში ასე შედიოდნენ, დილემის წინაშე აღმოჩნდებიან _ ან თვითლიკვიდაცია უნდა გამოაცხადონ და ერთი პარტიის სახელის ქვეშ გაერთიანდნენ, ან პოლიტიკურ ველზე თამაში არასაპარლამენტო პარტიების სტატუსით გააგრძელონ. ვინ როგორ არჩევანს გააკეთებს, ძნელი სათქმელია, თუმცა იმის შანსი, რომ იგივე გაერთიანებული ოპოზიცია პარტიად გადაკეთდეს, არსებობს, თუმცა ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება და იგივე გაერთიანებული ოპოზიცია „ოცნებასთან“ პაექრობის როგორ სტრატეგიას აირჩევს.

ნათია დოლიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში