Menu
RSS

ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გამოძიება _ საარჩევნო პიარსვლა თუ ხელისუფლების პოლიტიკური ნება

ხიბულას ტრაგედიის 26-წლიანი საიდუმლოს ლაბირინთები

ორ ათეულ წელზე მეტია, ეს თემა ძალიან სენსიტიურია. ორ ათეულ წელზე მეტია, ყველა ყაიდისა და მსოფლმხედველობის პოლიტიკოსი პირდაპირ, თუ ირიბად აღიარებს, რომ თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, ის ყველაზე რეიტინგულ და ქარიზმატულ ლიდერად რჩება. შესაბამისად, ზოგი მის ჩრდილს იმ მოტივით ეფარება, რომ საკუთარი რეიტინგი გაზარდოს, ზოგი კი პირიქით _ ცდილობს, მისი ღვაწლი და ხალხის სიყვარული „გააპუსტიაკოს“ და ამით კონკურენტი ჩამოიცილოს. თუმცა არც ერთი ტაქტიკა ამართლებს და არც _ მეორე, რადგან საქართველოს პირველ პრეზიდენტთან ბრძოლა, უბრალოდ, სიგიჟეა და მეტი არაფერი!

ზვიად გამსახურდია შეიძლება მოგწონდეს, ან არა, მაგრამ ფაქტია: რომ არა ზვიად გამსახურდია და მისი სულიერი ძმა, მერაბ კოსტავა, გასული საუკუნის 80-იან წლებში, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ვერ აზვირთდებოდა. ასევე, საქართველოში არც პირველი მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდებოდა და არც _ 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი, რომელზეც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ, მათ შორის, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მცხოვრებლებმაც, ხმა საქართველოს დამოუკიდებლობას მისცეს. 

ამ რეფერენდუმის საფუძველზე კი, 1991 წლის 9 აპრილს ანუ სისხლიანი 9 აპრილიდან ზუსტად ორი წლის შემდეგ, უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობა აღადგინა. 

 

მკვლევარები, რომლებიც ამ თემას ზედმიწევნით კარგად იცნობენ, აცხადებენ, რომ ზვიად გამსახურდიას თავიდან მოცილების „ძაღლის თავიც“, სწორედ რეფერენდუმსა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაშია დამარხული. 

მკვლევარები ამავე კონტექსტში განიხილავენ 1989 წლის 13 ოქტომბრის ტრაგედიას _ მოგეხსენებათ, ამ დღეს, სოფელ ბორითთან ავარია მოხდა, რა დროსაც მერაბ კოსტავა დაიღუპა. 

მართალია, იმთავითვე გაჩნდა ეჭვი, რომ ავარია სპეცსამსახურების მიერ იყო მოწყობილი და მერაბი თავიდან მოიცილეს, მაგრამ 30 წელია, ამ ეჭვის გაქარწყლება ოფიციალურ სტრუქტურებს არ უცდიათ. 

სხვათა შორის, ბორითის ტრაგედიის გამოძიება არც 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველი მრავალპარტიული არჩევნებით ხელისუფლებაში მოსულ „მრგვალ მაგიდას“ დაუწყია და ამ თემაზე, როგორც იტყვიან, სტატუს-ქვო შეინარჩუნა ანუ ძალაში დატოვა საბჭოთა სამართალდამცავი უწყებების ვერსია, რომ მერაბ კოსტავა უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა. 

ამ კუთხით, მერაბ კოსტავას გარდაცვალებასა და ზვიად გამსახურდიას ბურუსით მოცულ აღსასრულს შორის პარალელის გავლება შეიძლება ანუ მიუხედავად იმისა, რომ 2003 წელს, შევარდნაძის ხელისუფლება რევოლუციის გზით შეიცვალა და მთავრობაში მოსულმა ნაციონალურმა მოძრაობამ, რომლის მიმართაც სიმპატია არაერთ ე.წ. ზვიადისტს ჰქონდა, პირველი პრეზიდენტის გარდაცვალებას ნათელი მაინც არ მოჰფინა. არადა, 2004 წელს, კერძოდ, 21 თებერვალს, საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია იქმნება, მაგრამ აღნიშნული კომისია მუაშობას ისე ამთავრებს, რომ ხიბულას ტრაგედიას ნათელი მაინც არ ეფინება. 

ისე, ყურადღება თუ მიაქციეთ, სააკაშვილმა აღნიშნული კომისია 21 თებერვალს შექმნა. მოგეხსენებათ, სააკაშვილს სიმბოლოები უყვარს. ჰოდა, შეიძლება, ჩავთვალოთ, რომ კომისიის შექმნა 21 თებერვალს მიზანმიმართულად და სიმბოლურად დაამთხვია _ 1921 წლის 21 თებერვალს, დამფუძნებელთა კრებამ საქართველოს პირველი დემოკრატიული რეპუბლიკის პირველი კონსტიტუცია მიიღო. 

ზოგადად, თებერვალი ჩვენთვის საკრალურია _ რუსეთის იმპერიამ საქართველოს ოკუპაცია, სწორედ თებერვალში განახორციელა. რამდენიმე ათეული წლის შემდეგ კი, ასევე თებერვალში (1998 წლის 9 თებერვალს), საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს, ედუარდ შევარდნაძეს ააფეთქებენ. გამოძიება ტერაქტის ორგანიზატორებად და შემსრულებლებად ზვიად გამსახურდიას მომხრეებსა და მიმდევრებს გამოაცხადებს და ამ საქმის გამო, არაერთ ცნობილ „ზვიადისტს“ დაიჭერს, მათ შორის, გურამ აბსანძესაც, რომელსაც გამსახურდიას მთავრობაში ფინანსთა მინისტრის პოსტი ეკავა. 

აქვე, ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ 1992 წლიდან მოყოლებული, პრაქტიკულად, ათი წლის განმავლობაში ანუ 2003 წლის „ვარდების რევოლუციამდე“, ხელისუფლება ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერებისგან მტრის ხატს ქმნიდა. ეს კამპანია თავიდან უფრო ძლიერი იყო _ ისტორიას ახსოვს, როცა „ზვიადისტების“ მიტინგებს არბევდნენ, პირველი პრეზიდენტის მიმდევრებს იჭერდნენ და მათ სასტიკი მეთოდებით უსწორდებოდნენ ანუ ყველაფერი ეს იმაზე მიანიშნებდა და მიანიშნებს, რომ ჯაბა იოსელიანი, ორი თენგიზი (კიტოვანი და სიგუა) და რაც მთავარია, ედუარდ შევარდნაძე, გამსახურდიაში საფრთხეს ხედავდნენ. შესაბამისად, ყველანაირად ცდილობდნენ, რომ ე.წ. ზვიადიზმი აელაგმათ, მაგრამ მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო. 

ასევე, უშედეგო აღმოჩნდა ეროვნული ხელისუფლების მომხრეების „სექტად“ წარმოჩენაც. შესაბამისად, მთელი სახელმწიფო მანქანა, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიუხედავად, მის მხარდამჭერებზე ნადირობდა და ამას მოწმობს, თუნდაც აკაკი ელიავას საქმე, ასევე გოჩა ესებუას ე.წ. ამბოხება და ასე შემდეგ. 

რაც შეეხება პირველი პრეზიდენტის გარდაცვალებას, შევარდნაძის ხელისუფლება თავიდანვე იმ აზრს ანვითარებდა, რომ ზვიად გამსახურდიამ თავი მოიკლა. 

უფრო კონკრეტულად, ქართული „ვიკიპედიის“ თანახმად, „1993 წლის ოქტომბრის დამლევს, პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და მისი რამდენიმე მხარდამჭერი იძულებულნი გახდნენ, თავი სამეგრელოს მთიანი ნაწილისათვის შეეფარებინათ. 1993 წლის 31 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტი დაიღუპა ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში. 

ბრიტანული პრესის ცნობით, ცხედარი იპოვეს ერთადერთი ტყვიის ჭრილობით თავში. არსებობს მისი სიკვდილის ახსნის რამდენიმე ვერსია, თუმცა მათი სიზუსტის დადგენა ვერ ხერხდება. 

რუსული მედიის განცხადებით, მისმა მცველებმა გაიგონეს მოგუდული სროლის ხმა მეზობელ ოთახში და შემდეგ ნახეს, რომ გამსახურდიამ თავი მოიკლა „სტეჩკინის“ პისტოლეტით. მოგვიანებით, ჩეჩნეთის ხელმძღვანელობამ გამოაქვეყნა, მისი თქმით, თვითმკვლელობამდე დაწერილი წერილი: 

„ნათელი გონებით, მე ამ ქმედებას ვასრულებ საქართველოს მმართველი რეჟიმის მიმართ პროტესტის ნიშნად, რადგან მე არ მაქვს საშუალება, როგორც პრეზიდენტს, სიტუაცია მოვაგვარო, აღვადგინო კანონი და წესრიგი''. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, გამსახურდია მისმა მომხრეებმა განზრახ მოკლეს, ან ის დაიღუპა მის ყოფილ სამხედრო ხელმძღვანელთან, ლოთი ქობალიასთან შელაპარაკების გამო. 

 

გამსახურდიას სიკვდილი საქართველოს მთავრობამ 1994 წლის 5 იანვარს გამოაცხადა. ზოგიერთი მისი მხარდამჭერი 1994 წლის 15 თებერვლამდე ანუ მისი ცხედრის პოვნამდე, ამას არ იჯერებდა. 

ზვიად გამსახურდიას ნეშტი 24 თებერვალს, გროზნოში დაასაფლავეს. 

2007 წლის 3 მარტს, ჩეჩნეთის ახლადდანიშნულმა პრეზიდენტმა, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ გამსახურდიას საფლავი, რომელიც გროზნოში ომების დროს დაიკარგა, იპოვეს ქალაქის ცენტრში. 

გამსახურდიას ნეშტის იდენტურობა დაადასტურეს რუსმა ექსპერტებმა დონის როსტოვში და ის 2007 წლის 28 მარტს, საქართველოში ჩამოასვენეს. 

გამსახურდიას ნეშტი დაასაფლავეს 2007 წლის 1 აპრილს, მთაწმინდის პანთეონში, სხვა გამოჩენილ ქართველთა გვერდით. მის პატივსაცემად, სვეტიცხოველში ჩატარებულ პარაკლისს ათასობით ადამიანი დაესწრო ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან. 

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილმა კი განცხადა: 

„ჩვენ ვასრულებთ გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებულ იქნა 2004 წელს – დაგვეკრძალა პრეზიდენტი გამსახურდია მის მშობლიურ მიწაზე. ეს არის სამართლიანი და აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება''. 

2013 წელს 26 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ზვიად გამსახურდიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა''.

ისე, სააკაშვილს შეეძლო, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტისთვის გმირის წოდება თავისი პრეზიდენტობის მიწურულს კი არა, მანამდეც მიენიჭებინა, მით უმეტეს, მისი გადაწყვეტილებით, გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებების დამდგენი კომისია ორჯერ შეიქმნა: ერთი, როგორც აღვნიშნეთ, 2004 წელს, მეორე კი _ 2009 წელს. ამ უკანასკნელ კომისიას საგამოძიებო მისია არ ჰქონდა. პრეზიდენტის ვაჟის, კონსტანტინე გამსახურდიას თავმჯდომარეობით მოქმედი ეს კომისია, პარლამენტში ფუნქციონირებდა და მასთან, იგივე მოწმეებს თანამშრომლობა ნებაყოფლობით შეეძლოთ, თუმცა როგორც საქმეში ჩახედულები ამბობენ, ამ კომისიამ უზარმაზარი საქმე გასწია და თუ მაშინდელ, ან მის შემდეგ მოსულ ხელისუფლებას სურვილი ექნებოდა, შეეძლო, პრეზიდენტის გარდაცვალებაზე გამოძიება აქამდეც დაეწყო, მაგრამ ასე არ მოხდა. 

აი, სწორედ ეს გარემოება აჩენს ეჭვს, რომ გამსახურდიას გარდაცვალებით პოლიტიკური ვერტიკალი ადრეც ვაჭრობდა და ახლაც ვაჭრობს ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, ეს თემა ძალიან კარგად იყიდება და შესაბამისად, პოლიტიკურ ძალებს მასებზე ზემოქმედებაც შეუძლიათ. თუ ასე არ არის, მაშინ, უბრალოდ, ჩნდება კითხვა: ჯერ კიდევ სამი თვის წინ, 2018 წლის მიწურულს, ზვიად გამსახურდიას ვაჟებს _ კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებს, ლამის ორკვირიანი შიმშილობა რატომ დასჭირდათ, რომ პროკურატურას გამსახურდიას გარდაცვალების საქმისთვის ე.წ. ხანდაზმულობის ვადა გაეგრძელებინა? 

რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას, პირველი პრეზიდენტის გარდაცვალებისა, თუ მკვლელობის საქმე აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ საგანგებო განცხადება გაავრცელა. ამასთან, ბიძინა ივანიშვილი სოფელ ხიბულაშიც ჩავიდა და ის სახლი მოინახულა, სადაც ზვიად გამსახურდია აღესრულა. 

 

სხვათა შორის, ერთი წლის წინ, ამ ტრაგიკულ სახლს, რომელიც ადრე კარლო ღურწკაიას ეკუთვნოდა და ამჟამად ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლია, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. 

როგორც მაშინ მედია იუწყებოდა, ბრძანებას ხელი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ მოაწერა. 

ბიძინა ივანიშვილის ხიბულაში ჩასვლის შემდეგ კი მედიამ შემდეგი ინფორმაცია გაავრცელა: 

,,სოფელ ხიბულაში, სახლში, სადაც ზვიად გამსახურდია ტრაგიკულად დაიღუპა, ფონდი ,,ქართუ'' საქართველოს პირველი პრეზიდენტის მუზეუმს გახსნის. ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებითვე, მუზეუმის გარშემო გაკეთდება დასასვენებელი პარკი და აშენდება ეკლესია''. 

„ის, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაღუპვის გარემოებები დღემდე გამოუძიებელია, არის ჩვენი ქვეყნის დიდი სირცხვილი. 

ეს საქმე აუცილებლად და დროულად უნდა მივიდეს ბოლომდე და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი. 

როგორ და რატომ მოხდა, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენის გარიჟრაჟზე, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა ერთიანობა, ამ დროს ჩვენ ერთმანეთს დავერიეთ და ქვეყანა დავანგრიეთ. 

არ იქნებოდა სწორი გარეშე მტრისთვის ყველაფრის დაბრალება, მტერი ყოველთვის ისე იქცევა, როგორც მტერი უნდა იქცეოდეს, ჩვენ ჩვენი შეცდომები უნდა გავაანალიზოთ და ის მიზეზები მოვძებნოთ, რაც ამ შეცდომების დაშვებას გვაიძულებს. 

ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ ჩვენს გმირებს და ამასთანავე, სათანადო დასკვნები გამოვიტანოთ წარსულიდან, რათა შევძლოთ, პირნათლად გავუსწოროთ თვალი მომავალს – 31 მარტი არის დაბადების დღე დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, რომელიც შეეწირა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას და რომლის საქმემაც გაიმარჯვა!“ _ ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში, რომელიც „ქართული ოცნების“ პრესსამსახურმა მიმდინარე წლის 29 მარტს გაავრცელა. 

ბიძინა ივანიშვილის ეს განცხადება და ასევე, მისი ხიბულაში ჩასვლა „ანტიოცნებელებმა“ პიარსვლად მონათლეს. შესაძლოა, ყველაფერ ამაში პიარის ელემენტები მართლაც არის, მით უმეტეს, რომ ზუგდიდის არჩევნები კარსაა მომდგარი _ 19 მაისს, ზუგდიდელებმა ქალაქის მერი უნდა აირჩიონ. ამ პოზიციისთვის გაერთიანებული ოპოზიციიდან სანდრა რულოვსი იბრძოლებს, „ქართული ოცნებიდან“ კი _ გიორგი შენგელია. 

დასამალი არავისთვისაა, რომ ზუგდიდი და, ზოგადად, სამეგრელო ქართული პოლიტიკის ღერძია. შორს რომ არ წავიდეთ, ამის ნათელი მაგალითია 2003 წელი _ „ვარდების რევოლუცია“, სწორედ ამ მხარიდან დაიწყო ანუ შევარდნაძეზე განაწყენებულ ხალხს, წალენჯიხიდან მიხეილ სააკაშვილი მოუძღვოდა. 

უფრო ადრე კი, ესე იგი, 90-იანი წლების პირველ დეკადაში, სამეგრელო იყო ის რეგიონი, რომელიც სამხედრო გადატრიალების შემდეგ მოსულ ცენტრალურ ხელისუფლებას გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევდა. ამის გამო, როგორც ამბობენ, „მხედრიონმა“ სამეგრელო არაერთხელ დალაშქრა. 

პრინციპში, გასაკვირიც არ არის, რომ ზვიად გამსახურდიას ყველაზე მეტი მომხრე სამეგრელოში ჰყავდა და, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ახლაც ასეა. შესაბამისად, ზუგდიდელ ამომრჩეველზე კარტოფილით, ხახვით, ან დაშინებით ზემოქმედება არცთუ რეალურია. აი, ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიება კი ყველა იმ ადამიანზე, ვინც არჩევნებში უნდა მიიღოს მონაწილეობა, ემოციურად იმოქმედებს. 

ამას გარდა, არსებობს კიდევ ერთი ფაქტორიც: სხვადასხვა მონაცემებით, სამეგრელოში სანდრა რულოვსი მისაღები ფიგურაა. როგორც „ვერსიას“ ეუბნებიან, სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ ზუგდიდის მერობის კანდიდატად რულოვსი დაასახელა და არა _ ნიკა მელია, რომელზეც თავდაპირველად იყო საუბარი. მართალია, მელიას მეგრული ფესვები აქვს, მაგრამ როგორც ამბობენ, სანდრასთან შედარებით, მისი რეიტინგი არცთუ თვალისმომჭრელად გამოიყურება. 

ის, რომ ყოფილი პირველი ლედი ამ მხარეში პოპულარულია, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც დამტკიცდა _ მაშინ სააკაშვილის მეუღლე მეორე ტურში გავიდა, თუმცა ბოლო მომენტში, მან მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა. ამას ნაციონალები იმით ხსნიან, რომ რულოვსს „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები მოპარა და ამას ჯიხაშკარის არგუმენტით ამყარებენ _ ამ სოფელში, საარჩევნო პროცესი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. 

ყველაფერ ზემოთქმულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ სამეგრელო ქართული პოლიტიკის ჭიპია. ზუგდიდის მერის არჩევნების მოგება კი, როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე ოპოზიციისთვისაც ღირსების საქმეა, თან ისიც გასათვალისიწნებელია, რომ 19 მაისის კენჭისყრა, მომავალი საპარლამენტო არჩევნების გენერალური რეპეტიცია იქნება ანუ გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებში იმ პოლიტიკურ ძალას დარჩება, რომელიც 19 მაისს, ფინიშის ხაზს გადალახავს. ფინიშის ხაზი კი, ამ შემთხვევაში, მთაწმინდაზე ან სხვა რომელიმე იმ რაიონზე კი არ გადის, სადაც შუალედური არჩევნები ტარდება, არამედ ბავშვიც კი ხვდება, რომ ეს ზუგდიდია, რადგან ყველაზე მნიშნელოვანი მისი მოგებაა. 

ამ თვალსაზრისით, მმართველი ძალისგან გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიებაზე საუბრის დაწყება და, პარალელურად, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ხიბულაში ჩასვლა, მართლაც კარგი პიარსვლაა. თუმცა მოდით, ობიექტურები ვიყოთ და ისიც ვთქვათ, რომ პიარის მიღმა, უფრო დიდი საქმეა გასაკეთებელი. 

კერძოდ, თუ მოქმედი ხელისუფლება გამოიჩენს პოლიტიკურ ნებას და გამსახურდიას ბურუსით მოცულ გარდაცვალებას რეალურად გამოძიებს, ეს საუკუნის გამოძიება იქნება, რადგან როგორც წერილის დასაწყისში აღვნიშნეთ, ზვიად გამსახურდიაზე სახელოვანი ეროვნული მოღვაწე, მერაბ კოსტავასთან ერთად, თანამედროვე საქართველოს არ ჰყავს! 

ამიტომ, არამარტო ხალხისთვის, არამედ ისტორიისთვისაც მნიშნელობა არ ექნება, ხიბულას ტრაგედიას „ოცნება“ პიარის გამო მიიყვანს ბოლომდე, თუ მართლა დამნაშავეების დასასჯელად. მთავარი ის იქნება, რომ ერთხელ და სამუდამოდ გავიგოთ, როგორ გარდაიცვალა საქართველოს პირველი პრეზიდენტი _ მოკლეს, თუ თავი მოიკლა? 

იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება დაადგენს, რომ ზვიად გამსახურდიამ თავი მოიკლა, მაშინ პოლიტიკური პროცესები კიდევ უფრო დრამატულად განვითარდება და აი, რატომ: 

ყველამ ვიცით, რომ ზვიად გამსახურდიაზე, მას შემდეგ, რაც ის გროზნოდან საქართველოში დაბრუნდა, დევნა ხორციელდებოდა. კულუარებში იმ ცალკეული ადამიანების ვინაობაც სახელდება, რომლებიც პრეზიდენტის დევნის ოპერაციაში მონაწილეობდნენ. აქედან ზოგი ცოცხალი აღარ არის. ზვიადის მიმდევრები დარწმუნებულები არიან, რომ ეს დევნა შევარდნაძის უშუალო მითითებითა და ბრძანებით დაიწყო. გამოძიებამ ყველაფერი ეს რომ დაადგინოს, შევარდნაძეს ვერ დასჯის _ საქართველოს მეორე პრეზიდენტი რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, მაგრამ სამაგიეროდ, ერს ეცოდინება, რა და როგორ მოხდა. 

რაც შეეხება მეორე სცენარს ანუ იმას, თუ გამოძიება დაადგენს, რომ გამსახურდია კი არ მოკლეს, არამედ თავი მოიკლა. ეს ეროვნული მოძრაობის აურაცხელი გულშემატკივრისთვის ძალიან დიდი სულიერი ტრავმა იქნება, თან უმეტესობა არც დაიჯერებს, რომ ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლე სუიციდით დაამთავრა. შესაბამისად, კითხვები ისევ იარსებებს და, საბოლოო ჯამში, დარტყმები ისვე გამოძიებისკენ წავა, აი, დამნაშავეებს ხელი დააფარაო. 

ასე რომ, საგამოძიებო უწყება დილემის წინაშეა _ ან პრეზიდენტის რეალური მკვლელები უნდა დაასახელოს, ან გამოძიება იქამდე გაწელოს, რომ ეს საქმე ხალხს დაავიწყდეს და ამასობაში, არჩევნებიც გადაგორდება. 

მთელ ამ ამბავში კი ყველაზე უცნაური და კურიოზული ის გახლავთ, რომ ადამიანები, რომლებიც ზვიად გამსახურდიას მომხრეები არასოდეს ყოფილან, ახლა, მოულოდნელად, „ზვიადისტები“ გახდნენ და პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების დადგენას გულმხურვალედ ითხოვენ. არადა, ზოგიერთი მათგანი, თუ გამოძიება ობიექტურად ჩატარდება, შესაძლოა, მკვლელობის თანამონაწილედ თუ არა, ხელშემწყობად მაინც გამოცხადდეს, მაგრამ რას ვიზამთ _ პოლიტიკური კონიუნქტურა ადამიანს ყველაფერს გააკეთებინებს!

ნინო დოლიძე

დაბრუნება დასაწყისში