Menu
RSS

რა კავშირი აქვს სააკაშვილს მტერ პოროშენკოსთან გიორგი ვაშაძეს

გაერთიანებული ოპოზიციის კულუარები _ რა ელის ექსპრეზიდენტს

ამ დღეებში, მსოფლიოს ყურადღება ჩვენი ორი მეზობლისკენ იყო მიპყრობილი _ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, თურქეთში კი _ ადგილობრივი თვითმმართველობის. შესაძლოა, უბრალოდ, დამთხვევაა და მეტი არაფერი, მაგრამ ორივეგან მოვლენები თითქმის ერთნაირი სცენარით განვითარდა ანუ მმართველმა ძალამ არჩევნები წაააგო. უფრო კონკრეტულად, თურქეთში ოპოზიციამ მეორე ტურის გარეშე მოიგო, უკრაინაში კი ახალი პრეზიდენტის ვინაობა, საბოლოოდ, თვის ბოლოსთვის გახდება ცნობილი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მეორე ტურში უკრაინის პრეზიდენტობისთვის, ჯერ კიდევ მოქმედი პირველი პირი, პეტრო პოროშენკო და უკრაინული და, ზოგადად, მსოფლიო პოლიტიკისთვის სრულიად ახალი სახე, ვლადიმირ ზელენსკი იბრძოლებენ.

ახლა, შეიძლება, ვინმემ თქვას, უკრაინას რას გადავეკიდეთ, სჯობს, ჩვენი მკვდარი ვიტიროთო. კეთილი, მაგრამ ჩვენი „მკვდრის ტირილი“ უკრაინის გარეშე შეუძლებელია. რატომ? იმიტომ, რომ ჯერ ერთი, ეს სახელმწიფო ჩვენი მოკავშირეა, მეორეც, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ქართველი პოლიტიკოსები უშუალოდ არიან ჩართულები. აი, მაგალითად, გიორგი ვაშაძე, რომელიც პოროშენკოს შტაბშიც ნახეს ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გიორგი ვაშაძე, რომელიც გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გახლდათ და ამასთან, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერია, მომხრეა, რომ უკრაინის პრეზიდენტად პოროშენკო დარჩეს. 

ქართული ანდაზაა, კაცია და გუნებაო. ჰოდა, უმცროს ვაშაძესაც აქვს უფლება, ის მოსწონდეს და მხარს იმას უჭერდეს, ვისაც უნდა, მაგრამ აქ არსებობს ერთი „მაგრამ“. 

კერძოდ, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციისთვის „პოლიტიკურ პარაოზად“ ითვლება, პოროშენკოს დაუძინებელი მტერია ანუ მიშას უკრაინის მოქალაქეობა, სწორედ პოროშენკომ ჩამოართვა და საქართველოს ექსპრეზიდენტი იძულებული გახდა, ეს ქვეყანა დაეტოვებინა. ამის გამო, სააკაშვილი ზელენსკის მხარდამჭერია. ყოველ შემთხვევაში, მას უნდა, რომ პოროშენკო პრეზიდენტი ვეღარ გახდეს. 

საქართველოს ყოფილი პირველი პირის მიმართ გარკვეული პოლიტიკური სიმპატიები ზელენსკისაც აქვს. ყოველ შემთხვევაში, პირველი ტურის დასრულების შემდეგ, მან პირდაპირ განაცხადა, რომ სააკაშვილს მოქალაქეობა უნდა აღუდგეს და იმის ალბათობაც დაუშვა, უფრო სწორად, მინიშნება გააკეთა, რომ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი გახდება, მიშამ შესაძლოა, უკრაინის პრემიერის პოსტი დაიკავოს. 

„ვფიქრობ, მთავარი როლი, რომელსაც დღეს მიხეილ სააკაშვილი უკრაინისთვის თამაშობს, არის ევროპაში ქვეყნის დემოკრატიის დაცვა. 

მე ვთვლი, რომ ის ძალიან სერიოზული დიპლომატი და კონსულტანტია ნებისმიერი კანდიდატისთვის, რომელიც პოლიტიკოსობას აპირებს. ასეთ ადამიანს სააკაშვილის დახმარება ნამდვილად დასჭირდება. 

ძალიან ბევრი ადამიანი თვლის, რომ სააკაშვილს შეუძლია საკმაოდ მნიშვნელოვანი პოსტი დაიკავოს უკრაინის ხელისუფლებაში. ვთვლი, რომ თუ ადამიანს ჩამოართვეს მოქალაქეობა, მას აუცილებლად უნდა დაუბრუნონ'', _ განაცხადა ზელენსკიმ მას შემდეგ, რაც ქართველმა ჟურნალისტებმა კითხვა სააკაშვილზე დაუსვეს. 

ამასთან, ზელენსკიმ ქართველ ჟურნალისტებს ისიც უთხრა, რომ საქართველო უყვარს და იქვე იხუმრა, საქართველოდან სამშობლოში რომ ვბრუნდები, რამდენიმე კილოგრამი მომატებული მაქვსო: 

„მე მიყვარს საქართველო. ძალიან მომწონს უკრაინული, ქართული და იტალიური სამზარეულო. საშიშია საქართველოში ჩამოსვლა, რადგან როცა ჩამოვდივარ, მინიმუმ ოთხი კილოგრამით მეტი ვბრუნდები. ძალიან მომწონს თბილისი და მცხეთა. თუ არ ვცდები, საქართველოს ძველი დედაქალაქია“. 

სხვათა შორის, 31 მარტამდე ანუ სანამ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდებოდა, სააკაშვილმა საზოგადოებას ამცნო, რომ პირველ აპრილს, ესე იგი, არჩევნების მეორე დღეს, ბილეთს აიღებდა და კიევში ჩავიდოდა ანუ მიშას, როგორც ჩანს, იმედი ჰქონდა, რომ პოროშენკო პირველსავე ტურში დამარცხდებოდა, მაგრამ პოლიტიკურმა ღმერთებმა სხვა ვერდიქტი გამოიტანეს. ამიტომაც, სააკაშვილმა „ჩვენება შეცვალა“ და კიევში ჩასვლა გადაიფიქრა. 

„მოხარული ვიქნებოდი, რომ მეორე ტურში, პოროშენკოს ნაცვლად, ტიმოშენკო გასულიყო. მაშინ მე თვითმფრინავში ჩავჯდები და ჩამოვალ. თუ პოროშენკო დარჩება, მისი ბრძანება შესრულდება“, _ განაცხადა სააკაშვილმა. 

ერთი სიტყვით, მიშას უკრაინული გასეირნება გადაიდო. როდემდე? _ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ჯერ ნაადრევია ანუ ყველაფერი მეორე ტურის შედეგებზეა დამოკიდებული: თუ პოროშენკო პრეზიდენტის სავარძელს დაკარგავს, მაშინ სააკაშვილი კიევში შესაძლოა, მართლაც ვიხილოთ, მაგრამ თუ ზელენსკი აღმოჩნდება თამაშგარე მდგომარეობაში, მაშინ სააკაშვილი არათუ უკრაინაში ჩავა, არამედ მან საქმე შესაძლოა, გიორგი ვაშაძესაც გაურჩიოს, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, პოროშენკოს შტაბთან არის დაახლოებული. 

ზოგადად, „ვერსიას“ პოლიტიკურ კულუარებში ეუბნებიან, რომ ვაშაძე-უმცროსსა და სააკაშვილს მაინცდამაინც თბილი ურთერთობა არ აქვთ ანუ ვაშაძის ,,ახალი საქართველოს'', 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ნაციონალურ მოძრაობასთან საარჩევნო ბლოკის შექმნაზე უარი უთქვამს. არადა, ამის სურვილი თავად ექსპრეზიდენტს ჰქონია. 

თუ ვაშაძე სამი წლის წინ უარზე იყო, აბა, საინტერესოა, მიშას პარტიასთან ერთად, გაერთიანებული ოპოზიციის წევრი, გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ რატომ გახდა? _ ეს კითხვა, რასაკვირველია, ლეგიტიმურია, თუმცა ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურ, უფრო კონკრეტულად, ოპოზიციურ კულუარებში კარგად ერკვევიან, „ვერსიას“ ეუბნებიან, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინ, გიორგი ვაშაძეს ოპოზიციასთან გაერთიანება სჭირდებოდა. 

ამას გარდა, ის ინფორმაციაც არსებობს, რომ გაერთიანებულ ოპოზიციაში ნაციონალური მოძრაობა ხმათა უმრავლესობით კი არა, ერთი ხმის უფლებით სარგებლობს ანუ შეიძლება, ზოგისთვის დაუჯერებელი იყოს, მაგრამ „ძალა ერთობაშია“, როგორც ჩვენ გვიხსნიან, სააკაშვილის ჭკუაზე არ დადის და ისეც ბევრჯერ მომხდარა, რომ ყოფილი პრეზიდენტის იდეები, თუ ინიციატივები ჩავარდნილა. 

„ამ გაერთიანების „ტვინი“, შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ გიორგი ვაშაძეა“, _ ეუბნება „ვერსიას“ ერთ-ერთი კონფიდენციალური წყარო. 

თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ რატომ უნდა გამოვრიცხოთ, რომ იგივე პოროშენკოს შტაბთან ურთიერთობით, ვაშაძე-უმცროსმა სააკაშვილს კიდევ ერთხელ აგრძნობინა, რომ მისი, როგორც პოლიტიკური „ბეტეერის“ დრო წარსულს ჩაბარდა და ახლა სხვა სიო ქრის, სიო, რომელიც თუნდაც ერთ ბლოკში გაერთიანებულ სხვადასხვა პარტიის ლიდერებსა და წევრებს მოქმედების თავისუფლებას აძლევს. 

ამ ვერსიას რომ გავყვეთ, მაშინ გამოვა, რომ სააკაშვილის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება, რომელიც ნაციონალური მოძრაობიდან მის გადადგომას უკავშრდება, ზუსტად ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ, მით უმეტეს, არსებობს მოარული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ იგივე ნაციონალურ მოძრაობაში, სააკაშვილის სიტყვას ის ძალა აღარ აქვს, როგორიც თუნდაც ერთი წლის წინ ჰქონდა. 

ეს კი არადა, ნაციონალური მოძრაობის რიგითი წევრები პირად საუბრებში იმასაც ამბობენ, რომ სააკაშვილის გაუთავებელი „ფეისბუქლაივებით“ დაღლილები არიან და თუნდაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დროს, მიშას სხვა პიარსტრატეგია რომ აერჩია, „ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის გამარჯვება ეჭქვეშ დადგებოდა. 

მიშას თუ ნაცმოძრაობაში სიტყვა აღარ ეთქმის, აბა, როგორღა მოხდა ისე, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ ზუგდიდის მერობის კანდიდატად მისი მეუღლე, სანდრა რულოვსი დაასახელა? _ ესეც, ბუნებრივია, ლეგიტიმური კითხვაა, თუმცა აქ ცოტა სხვა მოცემულობაა. კერძოდ, ის, რომ გაერთიანებული ოპოზიციის შიდა კვლევებით, როგორც „ვერსიამ“ გაარკვია, ზუგდიდში ნიკა მელიაზე პოპულარული სანდრა რულოვსია ანუ ამ შემთხვევაში, სანდრას კანდიდატურის დასახელების დროს, ყურადღება იმას კი არ მიექცა, რომ ის სააკაშვილის მეუღლეა, არამედ მისი რეიტინგი იქნა გათვალისწინებული. 

ასეა თუ ისე, უკრაინის არჩევნების საბოლოოდ დასრულების შემდეგ, უფრო ნათელი გახდა, რას აპირებს სააკაშვილი. ზოგი ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ გადამწყვეტ მომენტში ზელენსკიმაც, თუ ის გახდება პრეზიდენტი, საქართველოს ყოფილ პირველ პირსა და ყოფილ მთავარსარდალთან თანამშრომლობაზე უარი თქვას და მხოლოდ ზერელე კომუნიკაციით შემოიფარგლოს. ასეთ დროს, სააკაშვილის, როგორც პოლიტიკური ფიგურის დაღმასვლა დაიწყება, რადგან აღარც უკრაინაში ენდომება ვინმეს და საქართველოშიც აღარ ექნება გავლენა, რამეთუ პარტიის თავმჯდომარე აღარ არის. კი ბატონო, საპატიო თავმჯდომარის ტიტული მას შეუნარჩუნდა, მაგრამ გულწრფელები რომ ვიყოთ, ეს ჩვეულებრივი „პოლიტიკური პენსიონერობაა“. 

აქვე, ისიც საკითხავია, გიორგი ვაშაძე, რომელიც თავიდან ბოლომდე ხელმძღვანელობდა გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანიას, სააკაშვილთან რა ფორმატის ურთიერთობას აირჩევს. ახლა, იმის თქმა, რომ ეს ორი პერსონა ერთმანეთს საჯაროდ დაუპირისპირდება, ალბათ, არ შეიძლება, მაგრამ კულუარებში მათ შორის კონფლიქტი, შესაძლოა, გაჩაღდეს. ასეთ დროს გადამწყვეტი სიტყვა გაერთიანებული ოპოზიციის დანარჩენ წევრებს ექნებათ. როგორც ამბობენ, ეს დანარჩენი წევრებიც მომხრენი არიან, რომ „ძალა ერთობაშია“ სააკაშვილის დიქტატის ქვეშ არ იყოს. 

ასე რომ, საინტერესო პროცესების განვითარებას უნდა ველოდოთ და ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ პოლიტიკაში მთავარი მეგობრობა კი არა, ინტერესებია!

ნინო დოლიძე

დაბრუნება დასაწყისში