Menu
RSS

რეალურია თუ არა ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტი

რა წერია პარლამენტის რეგლამენტში და რა საფრთხის წინაშე დგანან ყოფილი და მოქმედი „ნაცები“

მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესები ძალიან საინტერესო სახეს იძენს. საქმე ისაა, რომ საპარლამენტო უმრავლესობიდან გასული დეპუტატები საფრთხეს უკვე საპარლამენტო უმცირესობას უქმნიან. პრინციპში, რაღას უქმნიან, ოფიციალურად, უმცირესობას არსებობის უფლება აღარ აქვს და ახლა მხოლოდ ქაღალდზეა გასაფორმებელი ის, რაც მოხდა.

ნამდვილად ვერ გეტყვით, რამდენ დეპუტატს აქვს თავიდან ბოლომდე წაკითხული პარლამენტის რეგლამენტი, მაგრამ სწორედ ამ რეგლამენტის თანახმად, „უმცირესობის შექმნა შეუძლიათ ფრაქციებს და მათდამი მიმხრობილ პარლამენტის წევრებს, თუ გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა აღემატება უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა რაოდენობის ნახევარს...“ 

ამ რეგლამენტის მიხედვით, საკმარისი იყო უმრავლესობიდან, ან უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებიდან გასულიყო ექვსი დეპუტატი, რომ ევროპული საქართველოს უმცირესობა ხუხულასავით დაინგრეოდა. მოდით, პარლამენტის რეგლამენტის იმ მუხლებს გაგაცნობთ, სადაც ეს პროცედურა დეტალურად არის გაწერილ-აღწერილი. 

,,მუხლი 56. უმრავლესობისა და უმცირესობის შექმნა 

1. თუ ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა აღემატება პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარს, ფრაქცია მისი მოთხოვნის საფუძველზე იძენს უმრავლესობის სტატუსს. 

2. უმრავლესობის შექმნა შეუძლიათ ფრაქციებს და მათდამი მიმხრობილ პარლამენტის წევრებს, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში, თუ გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა აღემატება პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარს. 

3. უმრავლესობის შექმნის შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას უმცირესობა. 

4. თუ ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა აღემატება უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა რაოდენობის ნახევარს, ფრაქცია მისი მოთხოვნის საფუძველზე იძენს უმცირესობის სტატუსს. 

5. უმცირესობის შექმნა შეუძლიათ ფრაქციებს და მათდამი მიმხრობილ პარლამენტის წევრებს, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში, თუ გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა აღემატება უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა რაოდენობის ნახევარს. 

6. უმრავლესობისა და უმცირესობის შემადგენლობებში განხორციელებული ცვლილებებისა და პოლიტიკურ პლატფორმებსა და დებულებებში შესწორებათა შეტანის შესახებ 3 დღის ვადაში წერილობით ეცნობება პარლამენტის ბიუროს.'' 

ყველაფერი ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახლა ან ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა უნდა გაერთიანდნენ, ანდაც უმრავლესობა, უბრალოდ, აღარ იარსებებს. გაერთიანების ალბათობა ძალიან რეალურია, რადგან ორივე პარტიის ლიდერმა გააკეთა განცხადება, რომ მოლაპარაკებისთვის მზად არის. შედეგად, მივიღებთ საინტერესო სურათს _ მმართველი გუნდის წარმომადგენლებსა და პირადად ბიძინა ივანიშვილს არაერთხელ უთქვამს, რომ ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა ერთი და იგივე სუბიექტია და ისინი ფორმალურად არიან გაყოფილები. მათი გაერთიანების შემთხვევაში, ეს, პრაქტიკულად, დადასტურდება და საინტერესო სანახავიც იქნება. საინტერესო იმ მხრივ, რომ გაყოფის დროს, ოდესღაც ერთი გუნდის წევრებმა გვარიანად ლანძღეს ერთურთი და, ესეც არ იყოს, ევროპული საქართველოს არაერთი ლიდერი დღემდე აქილიკებს მიხეილ სააკაშვილს და მას მასხარასაც კი უწოდებს... 

უმცირესობის სტატუსის დაკარგვასთან ერთად, ოპოზიცია კარგავს ვიცე-სპიკერის პოსტს, კარგავს საპარლამენტო თანამდებობას, რომელიც უმცირესობის ლიდერის რანგშია აყვანილი და კარგავს საზღვარგარეთ დელეგაციებში უმცირესობისთვის აუცილებელი კვოტის გათვალიწინებას ანუ ევროპული თუ ამერიკული ვოიაჟები მორჩა. 

არ გეგონოთ, რომ ეს მხოლოდ ერთი პრობლემაა და თავში საცემად საქმე მხოლოდ უმცირესობას აქვს. პატრიოტთა ალიანსიდან წავიდა დავით ჭიჭინაძე, თუმცა პატრიოტებმა მისი შემცვლელი სასწრაფო წესით იპოვეს და ფრაქცია დაშლას გადაურჩა. სამაგიეროდ, უმრავლესობის ფრაქცია ვერ გადაურჩა დაშლას, რამეთუ „ქართული ოცნება _ სოციალ დემოკრატები“, პრაქტიკულად, დაიშალა. ფრაქცია თავმჯდომარემ, გია ჟორჟოლიანმა დატოვა და ის ახლა უმრავლესობის კიდევ ერთ დეპუტატთან, მირიან წიკლაურთან ერთად, პატრიოტთა ალიანსში გაწევრიანდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრაქციის გარდა, პატრიოტები ავტომატურად შეინარჩუნებენ ვიცე-სპიკერის პოსტს და კიდევ სამ პოლიტიკურ თანამდებობას _ ფრაქციის თავმჯდომარე (გიორგი ლომია), ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე (ადა მარშანია) და ფრაქციის მდივანი (გელა მიქაძე). 

ახალ ფრაქციებს რაც შეეხება, პრობლემა მხოლოდ დეპუტატთა რაოდენობაში არ იქნება. იმავე პარლამენტის რეგლამენტში ფრაქციის შესაქმენალდ წესებია გაწერილი და გარკვევით წერია, რომ „ერთი პარტიული სიით არჩეულმა ერთი პარტიის წევრებმა შეიძლება შექმნან მხოლოდ ერთი ფრაქცია. პარლამენტის წევრს, გარდა მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრისა, თუ მისი პარტიის წევრებმა შექმნეს ფრაქცია, უფლება არა აქვს, იყოს სხვა ფრაქციის წევრი...“ 

თუმცა, აჯობებს, ფრაქციის შექმნისთვის საჭირო წესები სრულად გაგაცნოთ,რომელიც პარლამენტის რეგლამენტის 49-ე მუხლიშია გაწერილი. 

,,მუხლი 49. ფრაქციის შექმნა 

1. ფრაქციის შექმნის უფლება აქვს არანაკლებ 6 პარლამენტის წევრს. 

2. ერთი პარტიული სიით არჩეულმა ერთი პარტიის წევრებმა შეიძლება შექმნან მხოლოდ 1 ფრაქცია. პარლამენტის წევრს, გარდა მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრისა, თუ მისი პარტიის წევრებმა შექმნეს ფრაქცია, უფლება არა აქვს, იყოს სხვა ფრაქციის წევრი. 

3. ფრაქციის შექმნის მსურველი პარლამენტის წევრები შეიმუშავებენ ფრაქციის პოლიტიკურ პლატფორმასა და წესდებას. 

4. ფრაქციის წესდებით წესრიგდება ფრაქციის შიდაორგანიზაციული საკითხები საქართველოს კონსტიტუციისა და რეგლამენტის შესაბამისად. 

5. ფრაქციის წესდებით უნდა განისაზღვროს ფრაქციის შექმნისა და მის შემადგენლობაში ცვლილებების განხორციელების წესი, ფრაქციის ხელმძღვანელი ორგანოების შექმნისა და თანამდებობის პირების არჩევის წესი და მათი კომპეტენცია, ფრაქციის წევრთა უფლებამოსილება, ფრაქციის მიზნები, ამოცანები და სტრუქტურა და წესდების გადასინჯვის პროცედურა. 

6. ფრაქციის თანამდებობის პირები არიან: ფრაქციის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე და ფრაქციის მდივანი. მათი უფლებამოსილება და არჩევის, გადაყენებისა და გადადგომის წესი განისაზღვრება ფრაქციის წესდებით. 

7. ფრაქცია შექმნილად ითვლება მასში გაერთიანებული არანაკლებ 6 პარლამენტის წევრის მიერ ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმისა და წესდების მიღების მომენტიდან. 

8. ახალშექმნილი ფრაქციის რეგისტრაცია სავალდებულოა. ახალშექმნილი ფრაქცია რეგისტრაციამდე ახორციელებს რეგლამენტის 50-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს.'' 

ბარემ, ისიც ვთქვათ, რომ განაწყენებულმა და უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატებმა პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტიც კი დააანონსეს. პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენებას შესაბამისი პროცედურების შემდეგ, უბრალო უმრავლესობა ანუ 150-დან 76 დეპუტატი სჭირდება, თუმცა აქ არის ერთი ძალიან საინტერესო ნიუანსი _ სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ, პარლამენტში, მინიმუმ მაისამდე, 149 დეპუტატი იქნება ანუ უმრავლესობა 75 დეპუტატიც კი გამოდის. თუ გუნდიდან წასულები მოახერხებენ შესაბამისი პროცედურების დაწყებას და საკითხის კენჭისყრამდე მიყვანას, აღმოჩნდება, რომ პარლამენტის რეგლამენტში ხარვეზია. იქ არსად არის ნათქვამი, რომ დეპუტატის გასვლის შემთხვევაში, უმრავლესობის რაოდენობა იცვლება, თუმცა რეალურად, დღეის მდგომარეობით, პარლამენტში უმრავლესობა სწორედ 75 დეპუტატია და არა _ 76. 

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების პროცედურებს, იმავე რეგლამენტის მიხედვით, მისი დაწყება რთული არ არის, ბოლომდე მიყვანა კი... 

,,მუხლი 20. პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის წესი 

1. პარლამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, წერილობით მიმართოს საქართველოს პარლამენტს ან საჯაროდ განაცხადოს გადადგომის შესახებ. აღნიშნულ ფაქტს პარლამენტი ცნობად იღებს უახლოეს პლენარულ სხდომაზე, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით. 

2. პარლამენტის თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება ამის შესახებ წერილობით მიმართვის/საჯაროდ განცხადების მომენტიდან. 

3. პარლამენტის თავმჯდომარე შეიძლება გადააყენოს პარლამენტმა. პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების საკითხი პარლამენტის წინაშე შეიძლება წერილობით დასვას პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მესამედმა. 

4. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 7 დღის ვადაში ამოწმებს პარლამენტის წევრთა ხელმოწერების ნამდვილობას და დასკვნას პლენარულ სხდომაზე წარუდგენს პარლამენტს. 

5. პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს განხილვის გარეშე, საკითხის დასმიდან 15 დღის ვადაში. 

6. პარლამენტის თავმჯდომარე გადაყენებულად ითვლება, თუ მის გადაყენებას მხარი დაუჭირა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობამ. 

7. თუ პარლამენტმა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების შესახებ, პარლამენტის წევრს, რომელმაც ხელი მოაწერა პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების საკითხს, მომდევნო 6 თვის განმავლობაში უფლება არა აქვს, კვლავ მიიღოს მონაწილეობა აღნიშნული საკითხის დასმაში. 

8. პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში პარლამენტი 14 დღის ვადაში, დადგენილი წესით ირჩევს ახალ პარლამენტის თავმჯდომარეს.'' 

დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, განაწყენებული დეპუტატები ახლა თითებზე ითვლიან იმ პარლამენტარებს, რომელთა იმედიც შეიძლება ჰქონდეთ იმპიჩმენტის პროცედურების დაწყების დროს. რეალურად, მთავარი ის კი არ იქნება, მოახერხებენ თუ არა ისინი ირაკლი კობახიძის გადაყენებას, არამედ ისიც დიდ გამარჯვებად ჩაითვლება, თუ ეს საკითხი კენჭისყრაზე საერთოდ დადგება. საამისოდ, როგორც წასულები, ისე დარჩენილები, ყველაფერს გააკეთებენ _ ერთი მხრივ, საკითხის გატანას, მეორე მხრივ, ამ თემის საერთოდ არ განხილვას. 

მოკლედ, მოქმედი პარლამენტი სულ უფრო საინტერესო ხდება და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ყოველ სხდომასა თუ სესიას, უკვე უდიდესი მნიშვნელობა ექნება, რადგან უმრავლესობა კომფორტულად ვეღარ იგრძნობს თავს, უმცირესობა კი უკვე არამხოლოდ ოპოზიციით, არამედ მმართველი გუნდის ყოფილი წევრებით არის გაძლიერებული და ძველი ცოდვებისა და დახურული თემების წამოწევის შანსი, ძალიან, ძალიან დიდია.

ბათო ჯაფარიძე

დაბრუნება დასაწყისში